![]() ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი ![]() |
|
|
ჟურნალი ნომერი 4 ∘
ნანა შონია ∘
ლია კილაძე ∘
გლობალიზაციას, მიგრაციას, მრავალფეროვან სამუშაო ძალასა და მდგრად განვითარებას შორის კავშირები ანოტაცია. მიგრაციის საკითხის უკეთ გააზრება პოლიტიკურ დონეზე და მიზნობრივი ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის წარმოება პირდაპირპროპორციულია ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასთან. მაგალითად, დასაქმების მიზნით მიგრაცია პირდაპირ უწყობს ხელს მერვე მდგრადი განვითარების მიზნის (ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა) და მისი ქვემიზნების მიღწევას, ხოლო ირიბად გავლენას ახდენს სხვა მიზნებზე (არ არის სიღარიბე, შიმშილი, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხარისხი. განათლება, გენდერული თანასწორობა, შემცირებული უთანასწორობა, ქალაქებისა და დაბების მდგრადი განვითარება). გლობალიზაციის შედეგად ყოველდღიურად მატულობს იმიგრანტთა რაოდენობა და პარალელურად იზრდება ფულადი გზავნილების რაოდენობა, რაც აუმჯობესებს ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და უსაფრთხოებას. თუმცა ეს იწვევს ოჯახების ნგრევას, ფსიქოლოგიურ დაძაბულობას და გაუცხოებას ბავშვებსა და მშობლებს შორის. ბევრი ქართული ოჯახისთვის ფულადი გზავნილები შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ეს შემოსავალი აძლევს ოჯახებს სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ინვესტირების პერსპექტივას, მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და უკეთესი ჯანმრთელობისა და განათლების სერვისების წვდომას. მეორე მხრივ, ფულადი გზავნილები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში, რაც ხელს უწყობს უცხოური ვალუტის რეზერვების შევსებას, რაც აუცილებელია იმპორტირებული საქონლის შესაძენად. შედეგად, მიღწეულია მდგრადი განვითარების მიზნის 8-ის პირველი ქვე-მიზანი (ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება ეროვნული გარემოებების შესაბამისად, განსაკუთრებით მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 7 პროცენტი წლიური ზრდა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში). ქვეყნის მდგრადი განვითარების მე-8 მიზნის მეხუთე ქვემიზანი (ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა) არის სრული და პროდუქტიული დასაქმების, ასევე ღირსეული შრომისა და თანაბარი ღირებულების შრომის მიღწევა 2030 წლისთვის ყველა ქალისა და მამაკაცის, ახალგაზრდებისა და ადამიანების ჩათვლით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. საქართველოში არსებული ყველა ტიპის ორგანიზაცია (საჯარო და კერძო) არღვევს სამართლიანი კომპენსაციის უფლებას. ამ საკითხის გადასაჭრელად ჩვენ არსებითად მივიჩნევთ სამუშაო ძალის მრავალფეროვნებისა და ორგანიზაციული კულტურის პრინციპების დანერგვას და განვითარებას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. გარდა ამისა, დასაქმების მაჩვენებლების მიმდინარე ნელი და არათანაბარი პროგრესი საჭიროებს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის გადაფასებას, რომელიც მიმართულია სიღარიბის აღმოფხვრაზე. ჩვენი გამოკითხვის შედეგები საშუალებას გვაძლევს დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ დღევანდელ გლობალურ ბიზნეს გარემოში მრავალფეროვან მუშახელზე მოთხოვნა შეუქცევადი ტენდენციაა. მრავალფეროვან სამუშაო ძალასთან დაკავშირებული რეკრუტირების, მენეჯმენტისა და ინკლუზიის საკითხების ცოდნა თანამედროვე მენეჯერებისთვის აუცილებელი კომპეტენციაა. ორგანიზაციები, რომლებსაც ესმით კავშირი გლობალიზაციას, მიგრაციას, მრავალფეროვან სამუშაო ძალასა და მდგრად განვითარებას შორის და აღიარებენ მრავალფეროვნების მნიშვნელობას, რჩებიან ეფექტურები და კონკურენტუნარიანები ბაზარზე. საკვანძო სიტყვები: გლობალიზაცია, მიგრაცია, მრავალფეროვანი სამუშაო ძალა, მდგრადი განვითარება, ღირსეული სამუშაო, ეკონომიკური ზრდა, ფულადი გზავნილები, ორგანიზაციული კულტურა. **** გაზრდილი მიგრაცია გლობალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ასპექტია. იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი რომლებიც გადაადგილდებიან სხვა ქვეყნებში დასაქმებისა და ცხოვრების პირობების უკეთესი შესაძლებლობების საძებნელად. მიუხედავად იმისა, რომ მიგრაცია ჩვეულებრივ პრობლემური საკითხების ჩამონათვალში განიხილება, ამავე დროს ის ხელს უწყობს მდგრადობასა და განვითარებას. შესაბამისად, პოლიტიკურ დონეზე მიგრაციის საკითხის უკეთ გააზრება და მიზანმიმართული ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის წარმოება პირდაპირპროპორციულად აისახება მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაზე. მაგალითად, დასაქმების მოტივით მიგრაციას პირდაპირ წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მერვე მიზნის - ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა - და მისი ქვემიზნების მიღწევაში, ხოლო ირიბ გავლენას ახდენს სხვა დანარჩენი მიზნების მიღწევაზე (არა სიღარიბეს, არა შიმშილს, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა, შემცირებული უთანასწორობა, ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება). იმ ქვეყნებში, სადაც მცირე შემოსავლიანი მოსახლეობა ცხოვრობს, ოჯახებისთვის გაწეული ფულადი გზავნილები აუმჯობესებს ადგილობრივ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და უსაფრთხოებას. ხშირად, ფულადი გზავნილები ოჯახებისთვის შემოსავლის ერთადერთი გზაა. შედეგად ოჯახებს უჩნდებათ პერსპექტივა გააკეთონ ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში ან არასასოფლო სამეურნეო საქმიანობაში, ან გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები, მიიღონ უკეთესი ჯანდაცვისა და განათლების სერვისები. მეორე მხრივ, ფულად გზავნილებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ქვეყნის ეკონომიკაში, კერძოდ ის ქვეყანას უცხოური ვალუტის რეზერვების შევსებაში ეხმარება, რაც აუცილებელია იმპორტირებული საქონლის შესაძენად. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, მიგრანტების მიერ განხორციელებული ფულადი გზავნილების სახით 4 146,5 მილიარდი დოლარი დაფიქსირდა[1], რამაც ყველა განვითარებადი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3 % და დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მთლიანმა შიდა პროდუქტმა 5,6 % შეადგინა. გზავნილების 96,8% მოდის 25 უმსხვილეს ქვეყანაზე და მხოლოდ 2023 წლის დეკემბრის თვეში თითოეული ქვეყნიდან მილიონ დოლარზე მეტი გადმოირიცხა. 2022 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ფულადი გზავნილები ლათინური ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში დაფიქსირდა (25,3 %), სუბ-საჰარის აფრიკაში (14,1 %), ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (7,8 %), ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში (7,6 %), სამხრეთ აზიაში (6,9 პროცენტი). აღმოსავლეთ აზიასა და წყნარ ოკეანეში ფულადი გზავნილები შემცირდა 3,3 პროცენტით; შემცირება არ აისახა ჩინეთზე, სადაც ფულადი გზავნილების ნაკადი პირიქით, 2,5 პროცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან დღემდე ჩინეთისთვის შემოდინებული ფულადი ნაკადები გარე დაფინანსების ყველაზე დიდი წყაროა. 2021 წელს ფულადი გზავნილების მიმღები ქვეყნები იყო ინდოეთი, მექსიკა, ჩინეთი, ფილიპინები და ეგვიპტე. ფულადი გზავნილები მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე მაღალ წილს შეადგენდა შემდეგ ქვეყნებში: ლიბანი (54 %), ტონგა (44 %), ტაჯიკეთი (34 %), ყირგიზეთის რესპუბლიკა (33 %) და სამოა (32 %) (KNOMAD/World Bank, 2022[2]). ფულადი გზავნილების საკითხი აქტუალურია საქართველოსთვისაც, ვინაიდან მისი მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს ეროვნული ბაკის მონაცემებით, 2021 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.2 მლნ აშშ დოლარი (627.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 49.5%-ით (62.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ხოლო 2023 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 438.4 მლნ აშშ დოლარი (1134.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 127.1%-ით (245.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღსანიშნავია ისიც, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენამ მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად შეამცირა ფულადი გზავნილების ნაკადები 2019-2020 წლებში, თუმცა 2021 წელს იგივე მაჩვენებელმა რეკორდული სისწრაფით, 8,6 პროცენტით აღდგენა განიცადა. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის (ოფიციალური ვაშინგტონის) განცხადების თანახმად მიერ ნავარაუდევია, რომ 2022 წლისთვის ფულადი გზავნილების ნაკადები დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში (LMICs) 4.2 პროცენტით გაიზრდება და მიაღწევს ექვსას ოცდაათ მილიარდ აშშ დოლარს (KNOMAD/World Bank, 2022). მდგრადი განვითარების მე-8 მიზნის 8.1. ქვემიზანი ითვალისიწინებს - ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას ეროვნული გარემოებების შესაბამისად, განსაკუთრებით, მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 7 %-იან წლიურ ზრდას ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემებით, 2019 წლის მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარისთვის საარსებო წყაროს დღეში ორი აშშ დოლარის ექვივალენტი წარმოადგენს. გლობალური უმუშევრობის მაჩვენებელი 5,4 %-ია და მოსახლეობის ნაწილისთვის სამუშაოს ქონა ჯერ კიდევ არ არის სიღარიბისგან თავის დაღწევის გარანტია. დასაქმებულთა რიცხოვნობის არსებული ნელი და არათანაბარი პროგრესი მოითხოვს იმ ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის გადაფასებას, რომელიც სიღარიბის აღმოფხვრისკენ არის მიმართული. ღირსეული სამუშაოს ნაკლებობა, არასაკმარისი ინვესტიციები და არასაკმარისი მოხმარება წინ უძღვის დემოკრატიული საზოგადოების იმ ფუძემდებლური ძირითადი პრინციპის მოშლას, რომელიც გულისხმობს, რომ პროგრესი ყველას უნდა შეეხოს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ზრდა ყოველწლიურად ფიქსირდება, ჯერ კიდევ არსებობენ განვითარებადი ქვეყნები, რომლებიც 2030 წლისთვის დაგეგმილ 7%-იანი ზრდის მაჩვენებელს ვერ მიაღწევენ. შრომის ნაყოფიერების შემცირებასთან ერთად იზრდება უმუშევრობის მაჩვენებელი და ამასთანავე, ხელფასების შემცირების გამო უარესდება მოსახლეობის ცხოვრების დონე. მდგრადი ეკონომიკური ზრდა საზოგადოებისაგან ისეთი პირობების შექმნას მოითხოვს, რომ ხალხს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო, რომელსაც ეკონომიკის მასტიმულირებელი ეფექტი ექნება და ამასთანავე, ზიანს არ მიაყენებს გარემოს. სამუშაო ადგილების შექმნა საჭიროა ყველა ასაკის ადამიანისათვის. ხოლო ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მნიშვნელოვანია შემოსავლების სათანადოდ მართვის, აქტივების დაგროვების და პროდუქტიული ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით. აღსანიშნავია ისიც, რომ ლეგალურ მიგრანტებს, რომლებიც გადასახადებს იხდიან, წვლილი შეაქვთ მასპინძელი ქვეყნის საპენსიო და ჯანდაცვის სისტემების მხარდაჭერაშიც. მდგრადი განვითარების მე-8 მიზნის - ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, ქვემიზანი 8.5. - 2030 წლისთვის ყველა ქალისა და მამაკაცისათვის, მათ შორის ახალგაზრდებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, სრული და პროდუქტიული დასაქმების და ღირსეული სამუშაოს, ასევე თანასწორი ღირებულების სამუშაოსთვის თანასწორი ანაზღაურების მიღწევაა. მიგრაციასთან კავშირში ეკონომიკური მოტივები ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევა, თუმცა ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ქალებისთვის, მიგრაცია ფართო სამყაროს შეცნობისა და ახალი გამოცდილების მიღების საშუალებაც არის. ისინი არამხოლოდ ფინანსური დამოუკიდებლობისკენ, არამედ ოჯახის წევრებისაგან, საზოგადოებისაგან მოშორებით ყოფნის შესაძლებლობებს ეძებენ. მიგრაციას ხელს უწყობს ინფორმაციაზე გაუმჯობესებული წვდომა. დღეს ციფრული ტექნოლოგიების დამსახურებით ბევრად გაადვილებულია სამუშაოს მოძიება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ქალები და ახალგაზრდები, რომლებსაც კულტურული ტრადიციების გავლენით თანაბარი წვდომა არ გააჩნიათ ქონებასთან დაკავშირებით, უმრავლეს შემთხვევაში საარსებო წყაროების მიმართ მოწყვლადები არიან. შესაბამისად, მიგრაციასა და შემოსავლების გაჩენას მათთვის არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური უფლებების დაცვის წინაპირობა უდევს საფუძვლად. ხოლო, მერვე ქვემიზანი - შრომითი უფლებების დაცვა და უსაფრთხო და დაცული შრომითი გარემოს შექმნა ყველა მომუშავე პირისთვის, მათ შორის მიგრანტი მუშაკებისთვის, განსაკუთრებით კი მიგრანტი ქალებისა და არა საიმედოდ დასაქმებულებისათვის. ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკა უნდა უზრუნველყოფდეს მიგრაციის შედეგების მდგრადი განვითარებისკენ მიმართვას, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ნაცვლად მიგრაციის შეკავებისა აქცენტი გადატანილ უნდა იქნას მიგრანტების უფლებების დაცვაზე, მათ მიერ ეროვნული კეთილდღეობის სისტემებით სარგებლობასა და პროდუქტიულობის გაზრდაზე, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ მასპინძელი ქვეყნისა და თემის განვითარებაში. ასევე მნიშვნელოვანია მიგრანტთა მხარდაჭერა სახელმწიფო ენის შესწავლისა და განათლების მიმართულებით, ვინაიდან ამით მათ გაეზრდებათ წვდომა უკეთეს სამუშაო ადგილებსა და მეტი შემოსავლის მიღებაზე. ეკონომიკურად გაძლიერებულ მიგრანტებს ასევე ეზრდებათ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების, ინვესტიციების გაკეთების და შეძენილი ახალი უნარების მის მშობლიურ ქვეყანაში გამოყენების პერსპექტივა. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელმისაწვდომია კვლევები, რომელთა თანახმად ფულადი გზავნილები პოზიტიურად არ აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, ვინაიდან ყოველთვის არ ხდება შემოდინებული რესურსების ინვესტირება პროდუქტიულად. პოლიტიკა, რომელიც შექმნილია საერთაშორისო მიგრაციის შეზღუდვისკენ, როგორც წესი წაახალისებს არალეგალურ მიგრაციას, რითაც კონტრაბანდისტები და დამსაქმებლები სარგებლობენ. ისინი ქმნიან აღურიცხავი შემოსავლების მქონე არალეგალურად დასაქმებულთა ნაკადს. მაგალითად „იატაკქვეშა ეკონომიკა“ ან არაფორმალური სექტორი მიჩნეულია არალეგალურ მიგრანტთა ყველაზე დიდ დამსაქმებლად. ამ სექტორს ძირითადად ტექსტილის/ტანსაცმლის მცირე საწარმოები და სამშენებლო/საინჟინრო მრეწველობა მიეკუთვნება, რომლებიც უმთავრესად მსხვილი კომპანიების ქვეკონტრაქტორებს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ ,,აუთსორსინგი“ კერძო სექტორისთვის ეფექტიანი გზაა მაღალი ხარისხის იაფი სერვისის/პროდუქტის მისაღებად, ის ამავე დროს დიდ რისკებს შეიცავს მცირე საწარმოების მიერ ხარჯების შემცირების მიზნით არაფორმალური შრომის ბაზრების ჩამოყალიბების, არასათანადო შრომის პირობების, არასამართლიანი ანაზღაურების და კეთილდღეობასა და გადასახადებთან დაკავშირებული მანკიერი პრაქტიკების დანერგვის თვალსაზრისით. დღის წესრიგში მუდმივად დგას, ასევე, არალეგალური მიგრანტების ჯანმრთელობის დაცვასა და სხვა სერვისებით სარგებლობის საკითხი. ხშირად, პოლიტიკის შემქმნელები უბრალოდ უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ მობილობა არის ადამიანების ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი და შესაბამისად, არ იღებენ ზომებს შრომის ბაზრების მოქნილობის ხელშემწყობი პოლიტიკის გატარებისთვის. დღევანდელ გლობალურ ბიზნეს გარემოში მრავალფეროვან სამუშაო ძალაზე მოთხოვნა შეუქცევად პროცესს წარმოადგენს. მათი დაქირავებისა, მართვისა და ინკლუზიის საკითხების ცოდნა თანამედროვე მენეჯერების ერთ-ერთ აუცილებელ კომპეტენციას წარმოადგენს. ორგანიზაციები, რომლებიც კარგად იცნობენ თემას და აღიარებენ მრავალფეროვანი სამუშაო ძალის მნიშვნელობას, ინარჩუნებენ ეფექტიანობას და კონკურენტუნარიანობას ბაზარზე. საქართველო, მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საინტერესო ბაზარს წარმოადგენს უცხოური ინვესტორებისთვის. ამას ემატება ქვეყანაში იმიგრანტთა მზარდი ტენდენცია და მრავალფეროვანი სამუშაო ძალის დასაქმების პოტენციალი. კერძოდ საქართველოს სტატისტიკის სამსახურის 2021 წლის მონაცემებით, სულ 184,629 ათასი კაცია იმიგრანტის სტატუსით ქვეყანაში შემოსული (რუსეთიდან - 95,281; საბერძნეთიდან - 15,310; უკრაინიდან - 14,978; გერმანიიდან - 7,875; სომხეთიდან - 6,986; აზერბაიჯანიდან - 6,847; თურქეთიდან - 5,681; ამერიკის შეერთებული შტატებიდან - 3,309; ყაზახეთიდან - 3,259; ესპანეთიდან - 2,414; სხვა - 22,689). აღნიშნული მონაცემები მიუთითებს შრომის ბაზრის მოსალოდნელ ცვლილებებზე, რასაც დამსაქმებელი სექტორისა და სახელმწიფოს მხრიდან კომპეტენტური რეაგირება სჭირდება. ამასთანავე, საქართველო მრავალფეროვანი მოსახლეობით დასახლებული სახელმწიფოა, სადაც ისტორიულად სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური ეთნოსები და კულტურული ჯგუფები ცხოვრობენ. მოსახლეობის უკანასკნელი აღწერის მიხედვით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა, მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 13,2 პროცენტი ეთნიკურმა უმცირესობამ შეადგინა. რაოდენობით ყველაზე მსხვილ ჯგუფებს აზერბაიჯანელები (6,2 %) და სომხები (4,5 %) წარმოადგენენ, რომლებიც ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში არიან კომპაქტურად ჩასახლებულნი. რაც შეეხება რელიგიურ მრავალფეროვნებას საქართველოში, მას შემდეგი ძირითადი რელიგიური ჯგუფები ქმნიან: მართლმადიდებლები (83,9 პროცენტი), მუსლიმები (9,9 %), სომხური სამოციქულო ეკლესის წევრები (3,9 %), კათოლიკე (0,8 %), იუდეველი (0,1 %), სხვა (0,8 %), არც ერთი (0,6 %). აღნიშნული მონაცემების თანახმად, საქართველოში არსებული ძირითადი (მართლმადიდებელი) და ტრადიციული (კათოლიკე, სომხური სამოციქულო ეკლესია, იუდეველი და მუსლიმი) რელიგიური ჯგუფები მოსახლეობის 98 %-ს შეადგენს. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 15 %-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ და თითქმის 12,5 % იძულებით გადაადგილებული პირია. ამას ემატება ისიც, რომ ყოველწლიურად იზრდება ქვეყანაში სამუშაო თუ საგანმანათლებლო მიზეზით ემიგრირებულ პირთა რაოდენობა. ასევე სწრაფი ტემპით იზრდება ქვეყნიდან გასული ემიგრანტების მაჩვენებელი. შესაბამისად, დღის წესრიგში აქტიურად დგება შრომის ბაზარზე წარმოქმნილი დეფიციტის მრავალფეროვანი სამუშაო ძალით შევსების საკითხი. ცხადია, რომ მრავალფეროვანი სამუშაო ძალა დღევანდელი შრომის ბაზრის რეალობაა და მისი იგნორირება საკითხის აქტუალურობას არ შეამცირებს. თუმცა საკითხი ასე მარტივადაც არ დგას, ვინაიდან მრავალფეროვანი სამუშაო ძალა თავისებურებებით გამოირჩევა და მისი მართვა სათანადო ცოდნას, გამოცდილებას, ყურადღების დათმობასა და საკითხის მიმართ სათანადო დამოკიდებულების ჩამოყალიბებას მოითხოვს, არამხოლოდ ორგანიზაციის, არამედ ქვეყნის პოლიტიკის დონეზე. |