English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ოთარ სოსელია
შრომის ანაზღაურების სისტემის ორგანიზაციის სრულყოფის ზოგიერთი საკითხი საქართველოს სამშენებლო სექტორში

რეზიუმე

სტატიაში განხილულია საქართველოს სამშენებლო სექტორში ფინანსური მდგრადობის მისაღწევად  სტრატეგიული ანალიზის ერთერთი მეთოდის გამოყენების  და მის საფუძველზე შრომის ანაზღაურების ეფექტიანი სისტემის ორგანიზაციის შესაძლებლობები.

საკვანძო სიტყვები:  CVP ანალიზი, მარგინალური შემოსავალი, რენტაბელობის ზღვარი, სამეწარმეო (ოპერაციული) ბერკეტი, სიმტკიცის მარგინალური ზღვარი.

შესავალი

ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის წარმართვისას თითოეულ ეტაპზე მნიშვნელოვანია ბიზნესმენმა საკუთარი კომპანიის სტრატეგიის ჩამოყალიბებისას უპასუხოს კითხვებს - რა მოგებას ნახავს კომპანია გარკვეული დონის გაყიდვების მიღწევისას, ასევე, როგორია ისეთი მინიმალური გაყიდვების მოცულობა, რომელიც აუცილებელია ორგანიზაციის მომგებიანი, სტაბილური და მზარდი ფუნქციონირებისათვის.

სტრატეგიული ანალიზის ერთერთ ეფექტიან მეთოდს CVP (Cost-Volume-Profit) ანალიზი წარმოადგენს. აუდიტორთა და ექსპერტთა უმრავლესობა მას კომპანიის მუშაობის ფინანსური შედეგების უფრო ღრმა შეფასებისათვის და უფრო დასაბუთებული რეკომენდაციების (ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიის  შესახებ) გასაცემად იყენებს.

 CVP ანალიზის ერთერთი ამოცანაა ორგანიზაციის მუდმივი და ცვლადი ხარჯების ისეთი ოპტიმალური პროპორციის განსაზღვრა, რომ სამეწარმეო რისკი მინიმალური იყოს.

ვინაიდან როგორც მუდმივი, ასევე ცვლადი ხარჯების  მნიშვნელოვანი ნაწილი შრომის ანაზღაურებაა (სხვადასხვა ფორმით), ანალიზის  ამოცანას კომპანიაში შრომის ანაზღაურების მოქნილი სისტემის ორგანიზაცია წარმოადგენს.

CVP ანალიზის საკვანძო ელემენტებია:

  • მარგინალური შემოსავალი (marginal income) – საწარმოს პროდუქციის (სამუშაო, მომსახურება) გაყიდვისას შემოსავალსა და ცვლად ხარჯებს შორის სხვაობა;
  • რენტაბელობის ზღვარი (break-even point) - მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს პროდუქციის რეალიზაციის ისეთ მოცულობას, როდესაც საწარმოს შემოსავალი პროდუქციის (სამუშაო, მომსახურება) გაყიდვებიდან მისი ერთობლივი ხარჯების ტოლია (ანუ გაყიდვების ის მოცულობა, როდესაც საწარმო არც მოგებაშია და არც ზარალში);
  • სამეწარმეო (ოპერაციული) ბერკეტი (operational leverage) - პროდუქციის (სამუშაო, მომსახურება) რეალიზაციის მოცულობის ცვლილებიდან გამომდინარე საწარმოს მოგების მართვის მექანიზმია;
  • სიმტკიცის მარგინალური მარაგი (margin of safety) - პროდუქციის (სამუშაო, მომსახურება) გაყიდვების ფაქტობრივი შემოსავლის რენტაბელობის ზღვრიდან გადახრის პროცენტული გამოსახულება.[1] 

როგორც აღინიშნა, რენტაბელობის ზღვარი (BEP) პროდუქციის რეალიზაციის მოცულობისა და მასზე გაწეული დანახარჯების შესახებ მონაცემების საფუძველზე განისაზღვრება. გაანგარიშებისას აუცილებელია ხარჯების ცვლად და მუდმივ ხარჯებად დაყოფა. ცვლადი ხარჯები (ნედლეული. მასალები, სანარდო ხელფასი და სხვა) პროდუქციის წარმოების მოცულობის პროპორციულად იცვლება. მუდმივი ხარჯები (დანადგარებისა და შენობა-ნაგებობების რემონტისა და შენახვის ხარჯები, საიჯარო და სალიზინგო გადასახადები, კომუნალური მომსახურების ხარჯები, დროითი შრომის ანაზღაურება და სხვა) არ არის დამოკიდებული წარმოების მოცულობაზე.

რენტაბელობის ზღვარი შემდეგი ფორმულით გამოიანგარიშება:

 

რენტაბელობის ზღვრის დაბალი მაჩვენებელი არის კომპანიის წარმატების ნიშანი, ხოლო მისი ზრდა კომპანიის მდგომარეობის გაუარესებაზე მეტყველებს. თუმცა, ამის მტკიცება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც კომპანიის მასშტაბები უცვლელია, ვინაიდან გაყიდვების მოცულობის ზრდა მუდმივი ხარჯების ავტომატურად ზრდას იწვევს. ამრიგად, რენტაბელობის ზღვარი არ წარმოადგენს კომპანიის წარმატებულობის ოპტიმალურ მაჩვენებელს. იგი გვიჩვენებს როგორი უნდა იყოს გაყიდვების მინიმალური მოცულობა, რომ კომპანიამ ზარალის გარეშე იმუშაოს, თუმცა ყოველთვის ვერ ასახავს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაძლიერებას ან შესუსტებას.  ამისათვის არსებობს სხვა მაჩვენებელი, კერძოდ, სიმტკიცის მარგინალური მარაგი, რომელიც შემდეგი ფორმულით გამოიანგარიშება:

 

სიმტკიცის მარგინალური მარაგი მიუთითებს იმაზე, თუ რამდენი პროცენტით სავალდებულოა რეალიზაციის მაჩვენებლის გაზრდა კომპანიის ზარალის გარეშე მუშაობისათვის. რაც მეტია აღნიშნული მაჩვენებლის პროცენტული გამოსახულება, მით უფრო მყარია კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და იგი ნაკლებად დამოკიდებულია ბაზრის რყევებსა და ხარჯების ზრდაზე.

წარმოდგენილი ფორმულების საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ცვლადი ხარჯების ზრდასთან ერთად იზრდება რენტაბელობის ზღვარიც, თუმცა მცირდება კომპანიის სიმტკიცის მარგინალური მარაგი. ამრიგად, კომპანიის ცვლადი ხარჯების (რომლის ძირითად ნაწილს სანარდო ფორმის ხელფასი წარმოადგენს) ზრდის პირობებში უარესდება კომპანიის ფინანსური მდგრადობა.

როდესაც მიღწეულია რენტაბელობის ზღვარი, წარმოიქმნება პირველი მოგება, ხოლო კომპანიის მენეჯმენტი ინტერესდება მისი ზრდის ტემპით. აღნიშნულის დასახასიათებლად სამეწარმეო ბერკეტს იყენებენ, რომელიც პროცენტებში აისახება და შემდეგი ფორმულით გამოიანგარიშება:

 

სამეწარმეო ბერკეტის სიდიდეს ხარჯების სტრუქტურა (ცვლად და მუდმივ ხარჯებს შორის ფინანსების გადანაწილება) განსაზღვრავს. რაც უფრო მაღალია მუდმივი ხარჯების წილი საერთო ხარჯებში, მით მაღალია სამეწარმეო ბერკეტი. დაბალი სამეწარმეო ხარჯების მქონე ორგანიზაციებში ცვლადი ხარჯები დომინირებს.

აღსანიშნავია, რომ გაყიდვების თანაბარი ზრდის პირობებში მაღალი სამეწარმეო ბერკეტის მქონე კომპანიის მოგების ზრდა ვითარდება  სწრაფი ტემპებით, თუმცა, გაყიდვების ვარდნის შემთხვევაში მაღალი სამეწარმეო ბერკეტის მქონე კომპანიაში ასევე სწრაფი ტემპებით მცირდება მოგების მიღების პროცესიც.[2,3]

ნათელია, რომ კომპანიისათვის რიგ შემთხვევაში მაღალი საწარმოო ბერკეტი, ანუ მუდმივი ხარჯების მაღალი წილი საერთო ხარჯებში არ არის მიზანშეწონილი. ეს ნიშნავს, რომ სახელფასო ფონდში შრომის ანაზღაურების დროითი ფორმის დომინირება რიგ შემთხვევაში კომპანიისათვის საზიანოა.

EY Georgia-ს 2013 წლის საქართველოს ზოგადი ინდუსტრიის სახელფასო კვლევის მიხედვით, კომპანიების 88%-ში შრომის ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად ცვლად კომპონენტებსაც იყენებენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ თანამშრომელთა შეფასების ისეთი სისტემა, რომელიც ხელმძღვანელობის ცვლადი კომპენსაციის ოდენობის ობიექტური განსაზღვრის საშუალებას იძლევა, კომპანიების მხოლოდ 41% აქვს დანერგილი. საინტერესოა, რომ ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ცვლადი ანაზღაურების წილობრივმა შეფარდებამ რიგით მომუშავეებში 12%, ხოლო საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებში 15% შეადგინა.[4]

2013 წლიდან დღემდე საქართველოში სამშენებლო სექტორში შეინიშნება ბრუნვის მოცულობის სტაბილური ზრდა და ასევე აღნიშნულ სფეროში შრომითი დანახარჯების მატებაც.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის სამშენებლო სექტორში ბრუნვა 2013 წლის 3,2 მილიარდი ლარიდან 2016 წელს 6,5 მილიარდ ლარამდე, ანუ 203%-ით გაიზარდა.

 

რაც შეეხება დარგში შრომით დანახარჯებს ფულად გამოსახულებაში, ისინი 2013 წლის 682,8 მილიონი ლარიდან 2016 წლის 1 079,1 მილიონ ლარამდე, ანუ 158%-ით გაზრდილია.

 

საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 2013 წელს 869.9 ლარს, ხოლო 2016 წელს 1290.7 ლარს შეადგენდა, რაც 148%-იან ზრდას გულისხმობს.[5]

 

ამრიგად, სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, რომ სამშენებლო სექტორში ბრუნვის მოცულობის ზრდის ტემპი უსწრებს საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებისა და საერთო შრომითი დანახარჯების ზრდის ტემპებს. ანუ, სახელფასო ფონდის სტრუქტურაში დროითი ხელფასის შემადგენელი მიმდინარე ეტაპზეც პრევალირებს.

დასკვნა

საქართველოში სამშენებლო სექტორში ხარჯების პოლიტიკის ჩამოყალიბებისას საჭიროა სახელფასო ფონდში შრომის ანაზღაურების დროითი და სანარდო ფორმების ისეთი თანაფარდობის დაცვა, რომ გაყიდვების არასტაბილური დინამიკის პირობებშიც კომპანიამ ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება შეძლოს. ოპტიმალური იქნება ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისათვის ე.წ. გრეიდების სისტემის გამოყენება, ხოლო მშენებლებისათვის (მუშები, ოსტატები და სხვა) სანარდო შრომის ანაზღაურების ერთერთი სახის - აკორდული შრომის ანაზღაურების გამოყენება, რაც ცვალებადი გაყიდვების პირობებში ხელფასის ყველაზე მოქნილი ფორმაა.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Breakeven Analysis: The Definitive Guide to Cost-Volume-Profit Analysis, Michael E. Cafferky and Jon Wentworth, Business Expert Press, 2010, pp 89-93
  2. Управленческий учёт, М.К. Санин, Спб ГУ ИТМО, 2014, стр. 33-49
  3. Финансовый инжиниринг, Бочаров В.В., Спб Питер, 2004, стр. 68-74
  4. „შრომის ბაზარი საქართველოში“, თ. კაჭახიძე, ჟურნალი „Forbes“, 2014, მაისი
  5. www.geostat.com