English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ხათუნა თაბაგარი
კავკასიის ეკონომიკური მნიშვნელობა უახლოეს მომავალში(ნავთობისა და ბუნებრივი აირის მაგალითზე)

რეზიუმე: მოცემული ნაშრომის მიზანია განსაზღროს ნახშირწყალბადებთან დაკავშირებული ეკონომიკური, ენერგო და პოლიტიკური საკითხები და, აქედან გამომდინარე, კავკასიის რეგიონის მნიშვნელობა უახლოეს მომავალში.

კავკასიის რეგიონი მუდმივად მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენდა ეკონომიკური, ენერგეტიკული და პოლიტიკური თვალსაზრისით. მისი როლი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ამ რეგიონში მდებარე ქვეყნებში, განსაკუთრებით საქართველოს ტერიტორიის გავლით, დაიწყო აზერბაიჯანული ნახშირწყალბადების მიწოდება ევროპისათვის, რასაც მხარს უჭერენ ევროპული ქვეყნები, თურქეთი, აშშ და სხვ. რადგან ევროპა რუსულ ენერგორესურსებზეა დამოკიდებული, ის ცდილობს ნახშირწყალბადების საიმპორტო ქვეყნების დივერსიფიცირებას, აქვე თუ გავითვალისწინებთ, რომ მოთხვონა ნავთობსა და გაზზე მინიმუმ 2040 წლამდე კიდევ უფრო გაიზრდება და აზერბაიჯანულ ნედლეულს “შეეშველება” ირანული ირანის ენერგორესურსები, მაშინ საქართველო და, ზოგადად, კავკასია, მნიშვნელობას მინიმუმ ამ ვადამდე შეინარჩუნებს.

საკვანძო სიტყვები: ენერგო რესურსები, სატრანზიტო ტერიტორია, კავკასიის რეგიონი, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგები.

შესავალი

ისტორიულად დადასტურებული ფაქტია, რომ კავკასიის მნიშვნელობა დროთა განმავლობაში არ იცვლებოდა, არამედ პირიქით: მასზე ბატონობას, გავლენის მოხდენას ან მოკავშირეობას ცდილობდა და ცდილობდნენ რუსეთი, თურქეთი, აშშ, ევროკავშირი და სხვა ქვეყნები სხვადასხვა მიზეზებითა და მიზნებით (Brzezinski, Z., 2016, 47,88,125,128,136,140,150,203) (Tvalchrelidze, A. & Kervalishvili, P. 2015, 90).

 საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონები ეკონომიკური, ენერგეტიკული და პოლიტიკური მოტივით მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცნენ: კავკასია – თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, ხოლო კასპიის ზღვის რეგიონი კი – ნახშირწყალბადებით მდიდარი მარაგების გამო (Kakachia, K., K., 2011, 15). ნახშირწყალბადების სიმდიდრით გამოირჩევა ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და აზერბაიჯანი (BP 2018) (იხ. ცხრ.: 1). რადგან ამ პერიოდში რუსეთში და, ზოგადად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მძვინვარებდა ეკონომიკური კრიზისი (Tvalchrelidze, A. & Kervalishvili, P. 2015, 90).

ცხრილი 1: რუსეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგები და მათი % წილი მსოფლიო ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგებში 2017 წელს (BP 2018)

ქვეყანა

ნავთობის მარაგები, მლრდ ტონა

ნავთობის მსოფლიო მარაგების % წილი

გაზის მარაგები, ტრლნ მმ3

გაზის მსოფლიო მარაგების % წილი

რუსეთი

14.49

6.3

35

18.1

ყაზახეთი

4.09

1.8

1.1

0.6

აზერბაიჯანი

0.95

0.4

1.3

0.7

თურქმენეთი

0.08

0.03

19.5

10.1

უზბეკეთი

0.08

0.03

1.2

0.6

ამ მიზეზის გამო კასპიის ზღვას სპარსეთის ყურესაც უწოდებენ; სწორედ ამიტომ რუსეთი ცდილობს ამ ქვეყნებზე გავლენის შენარჩუნებას: ნავთობის მილსადენებით რუსეთს უკავშირდებიან ჩამოთვლილი რეგიონებიდან ყაზახეთი და აზერბაიჯანი (ნოვოროსიისკის პორტი, თუმცა, ამჟამად, ნავთობი არ მიეწოდება რუსეთს), რაც შეეხება ბუნებრივ აირის მიწოდებას, ამას უზრუნველყოფენ  უზბეკეთი, თურქმენეთი და, ასევე, ყაზახეთი ისევ რუსეთის მიმართულებით (Kubicek, P., 2013, 172). რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები რუსეთზე დამოკიდებული არიან: ისინი ევროპას რუსეთის გვერდის ავლით ვერ მიაწვდიან ნავთობსა და გაზს.

კავკასიაში ინფრასტრუქტურა კარგად არის განვითარებული, მათ შორის იგულისხმება ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენთა სისტემა (იხ. ცხრ.: 2).

ცხრილი 2: მილსადენთა სისტემა ადგილმდებარეობის მიხედვით (Tvalchrelidze, A. & Kervalishvili, P. 2019, 29)

ქვეყანა

მილსადენის სიგრძე

ნავთობი

გაზი

კონდენსატი

სულ

სომხეთი

0

2.233

0

2.233

აზერბაიჯანი

1.424

3.361

1

4.786

საქართველო

1.258

1.596

0

2.854

სულ

2.682

7.190

1

9.873

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის უკრაინისა და მოლდოვის შემდეგ, კავკასიაში, ასევე, კარგად არის განვითარებული გზებისა და რკინიგზის სისტემა, უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლისთვის დასრულდება ახალი გზის მშენებლობა სახელწოდებით ბაქო-გაზახი-თბილისი-სამტრედია-ბათუმი-სარფი (თურქეთის საზღვარი), პირველი სამგზავრო მატარებელი უკვე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მოძრაობს, ეს მოვლენა კი ხელს უწყობს დიდი რაოდენობის  ტვირთისა, მათ შორის ნახშირწყალბადებისა, და მგზავრთა ნაკადის დროულ გადაყვანას (Mehdiyev, M., 2019).

კავკასიის რეგიონზე გადის რამდენიმე საერთაშორისო მილსადენი (ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაცია 2019) (ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაცია 2019):

ნავთობსადენებია:

  • ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი (Baku-Tbilisi-Ceyhan – BTC);
  • დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი (West Root Export Pipeline – WREP);

ხოლო გაზსადენებია:

  • სამხრეთ-კავკასიური (South Caucasus Pipeline – SCP);
  • ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი (North-South Gas Pipeline – NSGP);

აღნიშნული მილსადენების საშუალებით აზერბაიჯანული და რუსული  ნახშირწყალბადებით მარაგდებიან სომხეთი, საქართველოს, თურქეთი და ევროპის ქვეყნები. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საშუალებით, ასევე, მცირე მოცულობით გადაიზიდება ყაზახური ნავთობი. აზერბაიჯანული ნედლეულის მიწოდებას მხარს უჭერს ევროკავშირი და აშშ, მაგალითად, ევროკავშირი ცდილობს მეტ-ნაკლებად რბილი პოლიტიკა გაატაროს კავკასიაში, რათა ენერგორესურსები მას სტაბილურად და უსაფრთხოდ მიეწოდოს (Nuriyev., E., 2007, 2), ამასთან, ამ რეგიონში მდებარე ქვეყნებისთვის საშინაო და საგარეო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიქმნა ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (European Neighbourhood Policy – ENP) (Nuriyev., E., 2007, 1) (the European External Action Service (EEAS) 2016). რეგიონის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია რამდენად კარგი ურთერთობა აქვთ ქვეყნებს ერთმანეთთან, ამ თვალსაზრისით, საქართველოს გააჩნია ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობა თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან, მაგრამ სომხეთს არავითარი კავშირი აქვს თურქეთთან და აზერბაიჯანთა, ხოლო რაც შეეხება ამ ორ უკანასკნელ ქვეყანას, მათ შორის არსებობს აღნიშნული ურთიერთობები (Tvalchrelidze, A. & Kervalishvili, P. 2015, 89). საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ოფშორულ ზონასთან აქვს კავშირი საზღაო პორტების საშუალებით, რაც კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანს ხდის კავკასიას და, განსაკუთრებით, საქართველოს (Tvalchrelidze, A. & Kervalishvili, P. 2019, 34).

2008 წლის რუსეთ-საქართველოს 8 აგვისტოს ომის დროს მისი მიზანი იყო საქართველოს გავლით ევროპის მიმართულებით აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის მიწოდებისთვის ხელის შეშლა და იმის ჩვენება, რომ კავკასიის, ამ შემთხვევაში, საქართველოს სატრანზიტო ტერიტორიაზე გავლენის მომხდენი რუსეთია; შედეგად ევროპა უფრო მეტად გახდებოდა დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსზე და მას ნაკლებად ექნებოდა ნახშირწყალბადების საიმპორტო წყაროების დივერსიფიცირების შესაძლებლობა (Kakachia, K., K., 2011, 16-17).  ამასთან, რუსეთი ევროპას აწვდის ბუნებრივ აირზე ევროპული ქვეყნების გაზზე მოთხოვნის 40%-მდე (BP 2018). ევროპას კი სურს რომ 2006 და 2009 წლების ცივი ზამთრების ისტორიების გამეორება თავიდან აირიდოს (Stern, J., 2006, 2) (Kovacevic, A., 2009, 2). ამიტომ ევროპა ცდილობს გაზის საიმპორტო წყაროების დივერსიფიცირებასაც.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ენერგიის მსოფლიო მოხმარების სტატისტიკის მიხედვით  (იხ. ნახ.: 1), ნავთობის სტაბილურად ზრდადი ტენდენცია შენარჩუენული იქნება და ბუნებრივი აირის მოხმარების მკვეთრი მომატებაა მოსალოდნელი 2040 წლისთვის წლებში, ნახშირზე მოთხოვნა თავდაპირველად უცვლელი იქნება, თუმცა სამომავლოდ შემცირებას დაიწყებს დაახლებით 2035 წლიდან, ხოლო ჰიქდოელექტროენერგიის მოხმარება სტაბილურად მცირე მოცულობით იქნება ზრდადი.

 

ნახაზი 1: ნავთობის, გაზის, ნახშირისა და ჰიდროელექტროენერგიის მოხმარების დინამიკა და პროგნოზი 1990-2040 წლებში (BP 2018)

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპაში ნავთობსა და გაზზე მოთხოვნა, ალტერნატიული ენერგიის წყაროები ვერ ანაცვლებენ ნახშირწყალბადებს, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მარაგები არ არის საკმარისი, რომ გახდეს რუსული გაზის კონკურენტი, ამიტომ ირანიდან შეიძლება შემოტანილ იქნას დამატებითი ნედლეული ევროპული ქვეყნებისთვის მისაწოდებლად; ცხადი ხდება, რომ კავკასიის რეგიონი, განსაკუთრებით საქართველოს, როგორც ენერგორესურსების გამტარი ქვეყნის, მნიშვნელობა არათუ შენარჩუნებული იქნება, არამედ გაიზრდება მინიმუმ 2040 წლამდე. მით უმეტეს, რომ ამ თანამშრომლობას მხარს უჭერს ევროკავშირი.

დასკვნა

ირანი-კავკასია(საქართველო)-ევროკავშირის ენერგოსექტორში  თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგო და ეკონომიკურ ჰაბად გადაქცევასა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში, რომელიც განპირობებული იქნება მსოფლიო, მათ შორის ევროკავშირის, ნავთობსა და გაზზე მზარდი და სტაბილური მოთხოვნით, ნავთობისა და გაზის ჩამნაცვლებლის არარსებობითა და კავკასიის რეგიონთან მდებარე ნახშირწყალბადებით მდიდარი ქვეყნის სიახლოვით (ირანი). 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. BP. 2018. „BP Statistical review of world energy 2018 June.“ London.
  2. Brzezinski, Z.,. 2016. THE GRAND CHESSBOARD - American Primacy and Its - Geostrategic Imperativs. Basic Books.
  3. Kakachia, K., K.,. 2011. „Challenges to the South Caucasus regional security aftermathof Russian–Georgian conflict: Hegemonic stability or new partnership?“ Journal of Eurasian Studies, January: 15-20.
  4. Kovacevic, A.,. 2009. „The Impact of the Russia–Ukraine Gas Crisis in South Eastern Europe.“ March. წვდომილი 2019 წლის 3 February. https://www.oxfordenergy.org/publications/the-impact-of-the-russia-ukraine-gas-crisis-in-south-eastern-europe-2/.
  5. Kubicek, P.,. 2013. „Energy politics and geopolitical competition in the Caspian Basin .“ Journal of Eurasian Studies 171-180.
  6. Mehdiyev, M.,. 2019. Caspian News. 30 March. წვდომილი 2019 წლის 5 September. https://caspiannews.com/news-detail/1st-passenger-coach-rolls-on-baku-tbilisi-kars-railway-2019-3-29-1/.
  7. Nuriyev., E.,. 2007. „EU policy in the South Caucasus A view from Azerbaijan.“ CEPS thinking ahead for Europe. July. წვდომილი 2019 წლის 7 July. http://aei.pitt.edu/7544/1/272.pdf.
  8. Stern, J., . 2006. The Russian-Ukrainian gas crisis of January 2006. Oxford: Oxford Institute for Energy Studie.
  9. the European External Action Service (EEAS). 2016. European Neighbourhood Policy (ENP). 12 December. წვდომილი 2019 წლის 7 July. https://eeas.europa.eu/diplomatic-network/european-neighbourhood-policy-enp/330/european-neighbourhood-policy-enp_en.
  10. Tvalchrelidze, A. & Kervalishvili, P. 2015. „Energy security of the Southern Caucasus: opportunities and challenges.“ Nanotechnology Perceptions 88-105.
  11. —. 2019. „Economic security of the southern Caucasus: opportunities and challenges.“ Nanotechnology Perceptions, April: 21-47.
  12. ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაცია. 2019. ბუნებრვიგაზი. წვდომილი 2019 წლის 14 June. https://www.gogc.ge/ka/page/activities-fields/bunebrivi-gazi/6.
  13. —. 2019. ნავთობი. წვდომილი 2019 წლის 14 June. https://www.gogc.ge/ka/page/activities-fields/oil/7/.