English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ რამაზ აბესაძე
ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პრობლემები საქართველოში

ანოტაცია

ნაშრომში გამოთქმულია ზოგიერთი მოსაზრება საქართველოს ეკონომიკის შემდგომი განვითარების შესახებ. ყურადღება გამახვილებულია ეკონომიკური განვითარების ინოვაციურ გზაზე, ასევე თანამედროვე ეტაპზე არსებულ მწვავე პრობლემებზე, ისეთებზე როგორიცაა: უმუშევრობა და სიღარიბე, მდგრადი განვითარება, ენერგეტიკული პრობლემა, ეროვნული ვალუტის კურსი, უარყოფითი სავაჭრო სალდო და სხვ.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური ზრდა, ინოვაციები, განვითარების სტრატეგია, ენერგეტიკა, მცირე ბიზნესი.

შესავალი

მეოთხედ საუკუნეზე მეტია, რაც საქართველოში დაიწყო ეკონომიკის ტრანსფორმაცია, მაგრამ სრულყოფილი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა, რისი მიზეზიც ობიექტურ გარემოებებთან ერთად არის დაშვებული სუბიექტური შეცდომები, კერძოდ: საწყის ეტაპზე სახელმწიფოს მიერ გატარებული არასწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკა; ეკონომიკური რეფორმების არაკომპლექსურობა და არასისტემურობა; რეფორმების განხორციელების არასწორი გზის არჩევა, მაგალითად, შოკური თერაპიის მოუმზადებლად დაწყება, საერთოდ უგულებელყოფილი იქნა ეკონომიკის ინოვაციური განვითარების გზა და სხვ.; გარდამავალი ვალუტის - კუპონის შემოღების შემდეგ არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება; მცირე ბიზნესის განვითარებისადმი უყურადღებობა; წლების განმავლობაში სოფლის პრობლემების უგულებელყოფა; კერძო საკუთრების (რომელიც საბაზრო ეკონომიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს) ხელშეუხებლობის პრინციპის ხელყოფა; დიდი ხნის განმავლობაში დამნაშავე ელემენტებთან ბრძოლის არაეფექტიანი ზომების გატარება; ლიბერალური პოლიტიკის არასწორი აღქმა და განხორციელება; მნიშვნელოვანი საერთაშორისო დახმარებების არაეფექტიანად გამოყენება; პრივატიზაციის დროს დაშვებული შეცდომები და სხვ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის, რომ დღეისათვის განუვითარებელია საბაზრო ინფრასტრუქტურა (სასაქონლო, საფონდო და შრომის ბირჟები, სადაზღვევო სერვისი, საინვესტიციო ინსტიტუტები, მარკეტინგული, ინჟირინგული, კოლსანტინგური და საინფორმაციო სამსახურები და სხვ.), არაპროგრესულია, როგორც ეკონომიკური (განუვითარებელია სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოება, დაბალია მცირე ბიზნესის განვითარების დონე, ექპორტს რამდენეჯერმე აღემატება იმპორტი და ა.შ.), ისე სოციალური სტრუქტურა (ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ძლიერი საშუალო ფენა, საკმაოდ დიდია უმუშევრობისა და სიღარიბის დონე და ა.შ.) [აბესაძე რ. 2016].

ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური ზრდა

თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტერმინებს “ეკონომიკურ განვითარება”-სა და ''ეკონომიკურ ზრდა''-ს ჩვენ განვიხილავთ, როგორც პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ეკონომიკაში და არა როგორც ეკონომიკურ დისციპლინებს, რომლებიც შეისწავლიან ამ პროცესებს.

მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიებს „ეკონომიკურ განვითარებასა“ და „ეკონომიკურ ზრდას“ ეკონომიკურ ლიტერატურაში (დაწყებული ჯოზეფ შუმპეტერიდან) ერთმანეთისაგან განასხვავებენ, პრაქტიკაში (და ხშირად ნაშრომებშიც) მაინც, თითქმის, ერთნაირი გაგებით იხმარება – თუ ეკონომიკურ ზრდას აქვს ადგილი, ითვლება, რომ ეკონომიკურ განვითარებასაც აქვს ადგილი და პირიქით, თუ ეკონომიკურ დაქვეითებას აქვს ადგილი, მაშინ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარიც კი ზედმეტია, რაც არასწორია, ვინაიდან ეკონომიკური ზრდა ნიშნავს ეკონომიკის მასშტაბების რაოდენობრივ გადიდებას, ეკონომიკური განვითარება კი მის თვისებრივად ახალ, უფრო სრულყოფილ მდგომარეობაში გადასვლას. მაგალითად, მობილური ტელეფონების რაოდენობის მატება ეკონომიკური ზრდის, ხოლო სულ უფრო ახალ თაობათა ტელეფონების ათვისება ეკონომიკური განვითარების გამომხატველია. მიუხედავად მნიშვნელოვანი განსხვავებისა, ამ ორ პროცესს შორის დიდი ურთიერთკავშირი არსებობს – ეკონომიკური განვითარება ეკონომიკის არა მხოლოდ თვისებრივი სრულყოფის, არამედ მისი შემდგომი რაოდენობრივი ზრდის განუსაზღვრელ პირობებს ქმნის. ეკონომიკური ზრდაც ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ფაქტორია. მაგრამ, ისინი შეიძლება ერთმანეთის გარეშეც არსებობდნენ. ამის კარგი მაგალითებია ინდუსტრიალიზაციამდელი ანუ ტრადიციული ეკონომიკური სისტემა და პოსტკომუნისტური ტრასფორმაცია. პირველ შემთხვევაში ეკონომიკის მასშტაბების გადიდება ანუ ეკონომიკური ზრდა, ათასწლეულების მანძილზე, თითქმის, ეკონომიკაში თვისებრივი ცვლილებების ანუ ეკონომიკური განვითარების გარეშე ხდებოდა. მეორე შემთხვევაში, პოსტკომუნისტური ქვეყნების უმრავლესობაში, არათუ ეკონომიკური ზრდის მუდმივობის, არამედ ეკონომიკური დაქვეითების პირობებშიც კი ადგილი ჰქონდა ეკონომიკურ განვითარებას, ვინაიდან არსებული ეკონომიკური სისტემა იცვლებოდა უფრო პროგრესული სისტემით (საბაზრო ეკონომიკის თვალთახედვიდან გამომდინარე), შემოდიოდა ახალი ინსტიტუციები ფიზიკური და ადამიანისეული კაპიტალი, ტექნოლოგიები და ა.შ.

ისტორიულად, ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლებაში, თავდაპირველად გადამწყვეტი მნიშვნელობა ეკონომიკურ ზრდას ენიჭებოდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ეკონონომიკაში მნიშვნელოვანი თვისებრივი ცვლილებები იწყება, ეკონომიკური ზრდის როლი მცირდება და ეკონომიკური განვითარების როლი იზრდება, განსაკუთრებით თანამედროვე ეტაპზე. შესაძლებელია ჩამოვაყალიბოთ შემდეგი კანონზომიერება: ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლება სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ეკონომიკურ განვითარებაზე, ანუ პროგრესულ თვისებივ ცვლილებებზე ეკონომიკაში და არა ეკონომიკურ ზრდაზე, ეკონომიკური ზრდის დაბალი ან, თუნდაც, ნულოვანი ტემპების არსებობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია საზოგადოების კომფორტის, მისი სარგებლიანობის ზრდა. ეკონომიკური განვითარება ცვლის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობას. ჩამოყალიბდა შემდეგი კანონზომიერება: ერთი და იგივე ღირებულების პროდუქციას (მშპ, მეპი) მიმდინარე წელს მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, ვიდრე წინა წლებში. ყოველივე ამას განაპირობებს: არსებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების, მოძველებული პროდუქციისა და ტექნოლოგიების მოხმარებიდან ამოღებისა და პროდუქციისა და ტექნოლოგიების ახალი, მანამდე უცნობი სახეობების მოხმარებაში შემოსვლის სულ უფრო და უფრო სწრაფი ტემპები. ასევე შეიმჩნევა ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კანონზომიერება: ეკონომიკური განვითარების თანმდევი პროცესი ეკონომიკურ ზრდასთან ერთად არის ეკონომიკური კლება. იგი თავდაპირველად, ტრადიციული ეკონომიკის დროს, გამოიხატებოდა, ძირითადად, მხოლოდ მოძველებული ტექნიკისა და სამომხმარებლო პროდუქციის ჩამოშორებაში (ხის, ქვისა და ლითონის მოძველებული იარაღები და ტექნიკა და ა. შ.), შემდეგ კი ამ კანონზომიერებას ასევე განაპირობებს: კონკურენცია, რომელიც აიძულებს მეწარმეებს, აამაღლონ მწარმოებლურობა და გააიაფონ პროდუქცია; წარმოების პროცესში პროდუქციის ფიზიკური მახასიათებლებიის ცვლილება, წარმოებული პროდუქციის მასა ხდება უფრო “მსუბუქი” (მაგალითად, ლითონის დეტალების შეცვლა პლასტმასის დეტალებით და ა.შ.); ხშირ შემთხვევაში რამდენიმე ხელსაწყოს ერთ ხელსაწყოდ გაერთიანება (მაგალითად, ქსეროქსის, სკანერისა და პრინტერის ერთ კომბაინში გაერთიანება, და მრავალი სხვ.); არსებული რესურსების შეზღუდულობა, რაც მოითხოვს არაგანახლებადი ბუნებრივი წყაროები გამოვიყენოთ რაციონალურად, რათა შევძლოთ, რაც შეიძლება დიდი ხნით შევინარჩუნოთ ისინი (პროდუქციის მასალა და კაპიტალტევადობის, ენერგოტევადობის შემცირება და ა. შ.); მდგრადი ეკონომიკური განვითარება. საზოგადოების ბუნებასთან ურთიერთკავშირი მოითხოვს, ეკონომიკის ზრდა შესაბამისობაში იყოს ბუნებაში მიმდინარე კვლავწარმოების პროცესებთან; დედამიწის ჭარბი მოსახლეობა და ქალთა ემანსიპაციის გაძლიერება, რასაც შედეგად მოსდევს შობადობისა და, შესაბამისად, მოსახლეობის ზრდის ტემპების შემცირება და სხვ. ყველა ეს პროცესი იწვევს ეკონომიკურ კლებას, რაც, თავის მხრივ, მიმართულია ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებისაკენ.განსაკუთრებით კომპიუტერის გამოყენება ეკონომიკაში იწვევს პროდუქციის ერთეულზე რესურსების მნიშვნელოვან შემცირებას. რასაკვირველია, ეკონომიკური კლება არ ნიშნავს საბოლოოდ ეკონომიკური ზრდის შეჩერებას. ეკონომიკური განვითარება წარმოშობს ეკონომიკური ზრდის ახალ-ახალ შესაძლებლობებს. პერსპექტივაში ეკონომიკური განვითარების ამ ორ პროცესს შორის თანაფარდობა დამოკიდებული იქნება ბუნების ახალ შესაძლებლობათა გამოვლენაზე და მათ ტექნიკასა და ტექნოლოგიებში გამოყენებაზე.

ეკონომიკურ განვითარებას, საბოლოო ანგარიშით, უნდა მოჰყვეს საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლება, რაც გამოიხატება არა მხოლოდ მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლის ზრდაში, არამედ მოსახლეობის ფენებს შორის შემოსავლების თანდათან გათანაბრებასა და კომფორტის ზრდაში.

საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითადი მიმართულება

მაშასადამე, თანამედროვე ეტაპზე ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლებას უფრო მეტად განაპირობებს ეკონომიკური განვითარება, ვიდრე ეკონომიკური ზრდა. თუმცა, ეკონომიკური ზრდაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში. თუმცა, აქაც შეინიშნება გრკვეული დადებითი კანონზომიერება: განვითარებად ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებში არსებული კეთილდღეობის დონის მისაღწევად გაცილებით ნაკლები დროა (და ეკონომიკური ზრდის ნაკლები ტემპები) საჭირო, ვიდრე ეს დასჭირდათ განვითარებულ ქვეყნებს, ვინაიდან მათ მზამზარეულად შეუძლიათ გამოიყენონ ის პროდუქცია, ტექნიკა და ტექნოლოგიები, რომელთა შექმნასა და განვითარებას დიდი დრო დასჭირდა. მთავარია, ქვეყანამ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და გეზი ეკონომიკურ განვითარებაზე აიღოს. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ წარმატებას მიაღწიეს იმ ქვეყნებმა, რომელთაც შეძლეს თვისებრივი ცვლილებების განხორციელება და ინოვაციური ეკონომიკის ჩამოაყალიბება, ხოლო რომელთაც ეს ვერ შეძლეს, აქვთ განუვითარებელი ეკონომიკა, ცხოვრების დაბალი დონით. მათ შორისაა საქართველოც.

საქართველოს ეკონომიკაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა და სწორ გზაზე გასვლა ვერ მოხერხდება უბრალოდ ინერციით სვლის შედეგად. როგორც განვითარებული და დაწინაურებული პოსტკომუნისტური ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მთავარი ყურადღება ეკონომიკის თვისებრივ სრულყოფაზე, ანუ ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობაზე უნდა გადატანილიყო. მაგრამ, დღეისათვისაც კი ამ მიმართებით მდგომარეობა მეტად არასახარბიელოა. კერძოდ: სავალალო მდგომარეობაშია ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალი: მიუხედავად გარკვეული ზრდისა, მცირეა მეცნიერთა ხელფასი, რის გამოც საგანგაშოდ შემცირდა მეცნიერთა რაოდენობა და არაპრესტიჟული გახდა მეცნიერების სფერო; განუვითარებელია საგრანტო სისტემა, ცუდ მდგომარეობაშია მეცნიერების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ა.შ.; სერიოზულ გარდაქმნას მოითხოვს საშუალო, უმაღლესი, პროფესიული მომზადებისა და უწყვეტი განთლების სისტემა; დაბალგანვითარებულია სამეცნიერო კვლევების მომსახურებისა და კვლევის შედეგების წარმოებაში გადაცემის სისტემა; არ არსებობს ტექნოლოგიების დიფუზიის ხელშემწყობი მექანიზმები; დაბალია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დონე. არ არსებობს მცირე საწარმოთა მხარდამჭერი ინფრასტრუქტურა და ინოვაციური მცირე საწარმოები; არ არსებობს შესაბამისი სრულყოფილი ინსტიტუციური ბაზა და ინოვაციების განვითარების მასტიმულირებელი სისტემა, წამახალისებელი საფინანსო, საგადასახადო და სხვა მექანიზმები; განსაკუთრებით უგულებელყოფილია რეგიონული საინოვაციო საქმიანობა; არ ხდება დონორების მიერ პროექტების განხორციელების შემდგომი მხარდაჭერა, რასაც ნულამდე დაჰყავს მათი საქმიანობა; თითქმის არ არსებობს კავშირი მეცნიერებას, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის, რაც ინოვაციური ეკონომიკის მთავარი მოთხოვნაა; თითქმის არ არსებობს სახელმწიფოსა და ბიზნესის მხრიდან შეკვეთები სამეცნიერო კვლევებზე; თითქმის არ ხორციელდება საკუთარ კვლევებზე დაფუძნებული ინოვაციები, ინოვაციების იმპორტი შედარებით ხორციელდება მხოლოდ კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში; არსებობს ახალი ტექნოლოგიების შემოტანის დამამუხრუჭებელი მრავალი ფაქტორი - ცოდნის უქონლობა, პოლიტიკური ნებისა და ინსტიტუციური მხარდაჭერის არარსებობა, ფინანსური რესურსების სიმწირე, პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობა.

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად შეიძლება დახასიათდეს, როგორც არაინოვაციური ეკონომიკა. ქვეყანაში არ არსებობს გამოკვეთილი საინოვაციო პოლიტიკა - შესაბამისი სტრატეგია და სახელმწიფო რგულირების მექანიზმები და სხვა.

საზოგადოების პროგრესი განუყრელადაა დაკავშირებული ინოვაციებთან. მან განაპირობა არნახული პროგრესი ადამიანთა საქმიანობის ყველა სფეროსა და ყოფაცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური განვითარების პროცესი, ეს არის ინოვაციათა განხორციელების პროცესი ეკონომიკური სისტემის ყველა ელემენტში. ინოვაციური ეკონომიკა ეფუძნება ცოდნას, ინოვაციების ნაკადს, ტექნოლოგიების, ინფორმაციის, ინსტიტუციების, ადამიანისეული კაპიტალის, წარმოების ორგანიზაციის, პროდუქციისა და ა.შ. გამუდმებულ სრულყოფას, მეცნიერთა და ნოვატორთა ინტელექტუალურ შრომას და არა უბრალოდ კაპიტალს.

რა არის საჭირო ინოვაციური ეკონომიკ¬ის ფორმირებისათვის? უპირვალეს ყოვლისა, აუცილებელია შემუშავდეს „საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების სტრატეგია“ და ამის საფუძველზე „საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების გეგმა“.

სტრატეგიამ უნდა განსაზღვროს ქვეყნის ინოვაციური პოლიტიკა და ინოვაციური სისტემის განვითარების მიმართულებები. ეს მიმართულებებია: 1. სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება; 2. განათლების სფეროს სრულყოფა; 3. მჭიდრო და მუდმივი კავშირის დამყარება მეცნიერებას, ბიზნესსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის 4. სამეცნიერო კვლევების მომსახურების სისტემის სრულყოფა 5. ცოდნის ეკონომიკის ფორმირება 6. ინოვაციური ინფრასტრუქტურის (უნივერსიტეტები; სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები; ტექნოპარკები; ბიზნეს-ინკუბატორები; კლასტერები, მცირე ინოვაციური საწარმოები; ინოვაციური ტექნოლოგიური ცენტრები; კონსალტინგური ფირმები; სატელეკომუნიკაციო ქსელები; ფინანსური ინსტრუმენტები, მათ შორის, ვენჩურული კაპიტალი და სხვ.) განვითარება; 7. რეგიონული საინოვაციო საქმიანობის გამოცოცხლება და განვითარება; 8. ინოვაციების განხორციელებისათვის წამახალისებელი (შეღავათები, საგადასახადო შეღავათები, რისკების დაზღვევა და სხვ.) გარემოს შექმნა; 9. დონორების მიერ განხორციელებული პროექტების შედეგების დანერგვის მხარდაჭერი მექანიზმების შექმნა; 10. უცხოური კრედიტებისა და დახმარებების წარმოების სფეროში გამოყენების სისტემის ფორმირება; 11. კონკურენტუნარიანი მეწარმეობის განვითარებისათვის ხელშემწყობის მექანიზმების შექმნა; 12. მაღალი ტექნოლოგიების (hi-tech) შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოყენება და სხვა მიმართულებები, რომლებიც გამოიკვეთება სტრატეგიაზე მუშაობის დროს.

ქვეყნის ინოვაციურმა სისტემამ უნდა შეძლოს ინოვაციების გენერირება ან იმპორტი. თავდაპირველად უპირატესობა უნდა მიენიჭოს ინოვაციების იმპორტს, ხოლო შემდეგ საკუთარ კვლევებზე დაფუძნებული ინოვაციების განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის კონკურენტუნარიანობა ყოველთვის დაბალი იქნება, რაც განაპირობებს უარყოფით სავაჭრო ბალანსს, და საფრთხეს უქმნის ეროვნულ ვალუტას.

„საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების გეგმა“ უნდა შედგეს პერიოდების მიხედვით, რომელშიც გამოკვეთილი იქნება მოცემულ ეტაპზე ინოვაციური განვითარების პრიორიტეტები, შემსრულებლები და ინსტრუმენტები.

აღსანიშნავია, რომ ასეთი სტრატეგიები და პროგრამები შემუშავებული აქვს თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას.

სტრატეგია რომ საჭირო და ქმედითუნარიანი იყოს, ის უნდა შემუშავდეს არა ერთი ან რამდენიმე პირის მიერ, არამედ მასში ჩართული უნდა იყოს ქვეყნის მთელი შესაბამისი პოტენციალი: ცენტრალური და ადგილობრივი სამთავრობო ორგანოები, უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, ბიზნესის წარმომადგენლები. შემუშავებას უნდა ხელმძღვანელობდეს მთავრობა.

ბუნებრივია, სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს საბაზრო პრინციპების განუხრელ დაცვას, საბაზრო მექანიზმის შემდგომ სრულყოფას და მასში ასახული იყოს მსოფლიო ეკონომიკის თანამედროვე პროცესები, უპირველეს ყოვლისა, მდგრადი განვითარების, „მწვანე“ და „წრიული“ ეკონომიკის მოთხოვნები.

დადებითია, რომ დღევანდელი მთავრობა აღიარებს ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობის აუცილებლობას და დგამს ნაბიჯებს ამ მიმართულებით, მაგალითად: მიღებული იქნა კანონი ინოვაციების შესახებ; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეიქმნა საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიის სააგენტო; დაფუძნდა კვლევისა და ინოვაციების საბჭო; საქართველო პირველი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, სადაც გამოჩნდა ფაბლაბები; გაიხსნა პირველი ტექნოლოგიური პარკი და ა.შ.

მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება განათლების სფეროს (სადაც მოიაზრება მეცნიერებაც) დაფინანსების გაზრდის შესახებ, მაგრამ ამ სფეროს დაფინანსების ნებისმიერი ზრდა შედეგს ვერ გამოიღებს. იგი უნდა განხორციელდეს სტრატეგიასა და გეგმაში გამოკვეთილი პრიორიტეტების მიხედვით. ამის მწარე გამოცდილება აქვთ განვითარებად ქვეყნებს, რომელთაც მილიარდები დახარჯეს განათლების სფეროში, რამაც დიპლომიანი ადამიანების რაოდენობა გაზარდა, მაგრამ ეს ეკონომიკას არ დატყობია, ვინაიდან განათლების სფეროს დაფინანსების ზრდა განხორციელდა ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის, მისი განვითარების პერსპექტივების გათვალისწინების გარეშე. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ მეცნიერება არ არის განათლების სფერო, ის დამოუკიდებელი დარგია - პროგრესის საფუძველთა საფუძველი. მართალია, განათლება ზრდის კადრებს, ადიდებს ქვეყნის ადამიანისეულ კაპიტალს, მაგრამ იგი არ ქმნის ახალ ცოდნას. ახალ ცოდნას ქმნის მეცნიერება. აღმოჩენები ხდება მეცნიერებაში, რომელთა შედეგები გამოიყენება ადამიანთა საქმიასნობის ნებისმიერ, მათ შორის, განათლების სფეროში და რაც მთელი საზოგადოების არნახულ პროგრესს განაპირობებს. ამდენად, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მეცნიერებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური განვითარების პროცესს საფუძველი გამოეცლება და შედეგი ვერ მიიღება.

ასევე მნიშვნელოვანია ქუთაისში საერთაშორისო ინსტიტუტის აშენება, რომელიც უპასუხებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და განათლების თანამედროვე მოთხოვნებს, მაგრამ ასეთი უნივერსიტეტები წარმატებით ფუნქციონირებენ ინოვაციურ ეკონომიკის დროს, მთელ ქვეყანაში შესაბამისი ინოვაციური ინფრასტრუქტურის არსებობის პირობებში. თუ ეკონომიკა არ არის შესაბამისი, მაშინ ასეთი დაწესებულებები აღზრდიან სპეციალისტებს სხვა ქვეყნებისათვის, აქ შექმნილი სამეცნიერო მიღწევებიც გამოყენებული იქნება სხვა ქვეყნების მიერ და ა. შ.

ინოვაციური ეკონომიკის ფორმირებას თუ მხოლოდ ფრაგმენტული და არა კომპლექსური ხასიათი ექნა, წარმატება მიღწეული ვერ იქნება.

ზემოთ მოყვანილი მსჯელობის მრავალი დამადასტურებელი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი. მაგალითად, იაპონიამ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე დაიწყო ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობა, რაც ხასითდებოდა აქტიური სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტექნიკური პოლიტიკით. ამასთან, თავდაპირველად ქვეყნის ინოვაციური სისტემა ეფუძნებოდა საზღვარგარეთის სამეცნიერო-ტექნიკურ მიღწევებს, ტექნოლოგიების მასიურ შემოდინებას (ლიცენზიების შეძენა, ერთობლივი საწარმოების შექმნა, მონაწილეობა საერთაშორისო კვლევით პროექტებში და სხვ.). პარალელურად მიმდინარეობდა საკუთარი სამეცნიერო კვლევების აქტიური განვითარება, თანდათან მცირდებოდა უცხოური სამეცნიერო ტექნიკური მიღწევების გამოყენება. უკვე XX საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო მსხვილმასშტაბნიანი სამეცნიერო ტექნიკური პროექტების განხორციელება სახელმწიფოს, ბიზნესისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მონაწილეობით. 1977 წელს მიღებული იქნა პროგრამული დოკუმენტი – “კომპლექსური სამეცნიერო-ტექნიკური საფუძვლების შესახებ ხანგრძლივი პერსპექტივისათვის”, რომელიც ითვალისწინებდა: სამთავრობო, სამეცნიერო და ბიზნესწრეებს შორის ურთიერთობებისა და სამეცნიერ-ტექნიკური საქმიანობის დაფინანსების გაძლიერებას; სამეცნიერო კადრების მომზადებასა და ფუნდამენტური მეცნიერების სტიმულირებას; მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებას ადგილებზე; საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობის გაძლიერებასა და სხვ. XX საუკუნის 80-იანი წლებიდან კურსი აღებული იქნა სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობისა და ინოვაციების მაქსიმალური თვითუზრუნველყოფისაკენ, რათა ეკონომიკური სიძლიერის საფუძველი გამხდარიყო საკუთარი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი და რაც იაპონიამ წარმატებით განახორციალა. დღეისათვის იაპონიაში მიღებულ ყველა სამეცნიერო-ტექნიკურ პროექტში გამოკვეთილია შემდეგი მიდგომები: მეცნიერება, ტექნიკა და ტექნოლოგიები წარმოადგენენ არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ კაცობრიობის განვითარების საფუძველს; ჰარმონიის უზრუნველყოფა მეცნიერებას, ბიზნესს, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის; მეცნიერებასა და ტექნიკის სფეროში დასაქმებულთა მხარდაჭერა, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ქვეყნიდან „ტვინების გადინება“; სამეცნიერო-ტექნიკური პროექტების დაფინანსების ზრდა; სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარება; მეცნიერთა ორიგინალური აზროვნებისა და შემოქმედების სტიმულირება; საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის ინტენსიფიკაცია; ქვეყნის პერიფერიული რაიონების სამეცნიერო-ტექნიკური გავითარების მხარდაჭერა; კომპანიათა უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან ურთიერთკავშირების აქტივიზაცია; როგორც სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის, ისე ინოვაციური პოტენციალის გაზრდა [Авдокушин 2017].

დღეისათვის იაპონია ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა სამეცნიერო-ტექნიკური და ინოვაციური პოტენციალისა და ეკონომიკის ჰუმანიზაციის მიმართულებით. იგივე პროცესებს ჰქონდა ადგილი ყველა განვითარებულ ქვეყანაში და იგივე პროცესებს აქვს ადგილი იმ განვითარებად ქვეყნებში, რომლებიც ინოვაციურ ეკონომიკას აშენებენ, მაგალითად ჩინეთში.

საქართველოს ეკონომიკაში არსებული სხვა მწვავე პრობლემები

სიღარიბისა და უმუშევრობის პრობლემა. განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყველაზე სწრაფი გზა ამ პრობლემის გადაჭრისა არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რომელიც შეუძლებელია სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე. რასაკვირველია, ამ პრობლემის გადაჭრაში მსხვილი ბიზნესი, თავისთავად, დიდ როლს თამაშობს, მაგრამ იგი გაცილებით მეტ კაპიტალდაბანდებებს მოითხოვს და მისი განფენილობის არე შედარებით მცირეა - ყველა სოფელში დიდ საწარმოს ვერ ავაშენებთ. ასევე მსხვილ საწარმოებში ავტომატიზაციის დონე თანდათან იზრდება და დასაქმებულთა რაოდენობა კაპიტალის ერთეულზე მცირდება, ამიტომაა, რომ მცირე და საშუალო საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა განვითარებულ ქვეყნებში უკვე აჭარბებს მსხვილ ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობას, მასზე მოდის ასევე წარმოებული პროდუქციის ნახევარზე მეტი.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ხელს უწყობს:

დასაქმებას; საშუალო ფენის ჩამოყალიბებასა და ამით სოციალური თანასწორობის დამყარებას; ქვეყნის სამეწარმეო უნარის გამოვლენასა და სამეწარმეო პოტენციალის ზრდას; მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას; მსხვილ საწარმოებთან შედარებით მისი ქვეყნის ტერიტორიაზე განფენილობის ფართო მასშტაბების გამო. მცირე საწარმო შესაძლებელია დაფუძნდეს ყველგან, მსხვილი კი არა; ეკონომიკურ სტაბილიზაციას; ეკონომიკურ განვითარებას მცირე ინოვაციური საწარმოების მეშვეობით; ეკონომიკურ ზრდას.
საბაზრო ძალებისადმი მისი სისუსტე (რესურსული და ფინანსური სისუსტე, ინვესტიციების მიღების სირთულე და სხვ.) განაპირობებს მისადმი სახელმწიფო მხარდაჭერის ქმედითი მექანიზმის არსებობის აუცილებლობას. მცირე ბიზნესის მხარდაჭერის აუცილებლობის შესახებ მოსაზრებას დღესდღეობით საბაზრო ეკონომიკის მრავალი მკვლევარი და სახელმწიფო მოღვაწე ეთანხმება. აზრთა სხვადასხვაობას მეცნიერებს შორის მცირე ბიზნესის სახელმწიფო მხარდაჭერის მხოლოდ ფორმები და მასშტაბები იწვევს.

პრაქტიკულად, ყველა განვითარებულ ქვეყანაში მცირე საწარმოების სახელმწიფო რეგულირების თავისებურებები ასახულია (თავმოყრილია) სპეციალურ საკანონმდებლო აქტებში: ,,წვრილი ბიზნესის შესახებ აქტი” (აშშ); ,,ძირითადი კანონი მცირე და საშუალო საწარმოების შესახებ” (იაპონიაში); ,,კარტელური უფლება” (გერმანია) და ა.შ. მცირე ბიზნესთან მიმართებაში, საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები ძალზე ახლოსაა ერთმანეთთან. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცირე ბიზნესის არსებობის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს მისი მხარდამჭერი თავისებური ქსელის ჩამოყალიბება, რომელიც შეიცავს: ფინანსურ, მატერიალურ-ტექნიკურ, საინფორმაციო და საკონსულტაციო მხარდაჭერას. აქ მცირე და საშუალო ბიზნესის სახელმწიფო მხარდაჭერის პრინციპები ჯერ კიდევ დიდი დეპრესიისაა და მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბდა. ფედერალური პროგრამები, რომელიც ეხება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას 1932 წლით თარიღდება. სწორედ მცირე ბიზნესი განაპირობებდა იმ დროს სამუშაო ადგილების შექმნას. 1942 წელს მიღებული იქნა კანონი მცირე ბიზნესის შესახებ, ხოლო 1953 წელს შეიქმნა სახელმწიფო ორგანო – მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია (The U.S Small Business Administration), რომელიც დღემდე არსებობს და იცავს მცირე ბიზნესის ინტერესებს. მის საქმიანობას აფინანსებს ფედერალური მთავრობა, მოქმედების სფერო, ფილიალების მეშვეობით, ვრცელდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მასში მონაწილეობენ კონგრესის კომიტეტები და მრავალი სპეციალური ორგანო სამინისტროებში, უწყებებსა და ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში. მის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს: დახმარების გაწევა ბიზნესის საწარმოებლად კრედიტის მიღებაში და მასზე გარანტიის გაცემა; საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერა; მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება და სუბსიდირება საკუთარი ბიუჯეტიდან [Государственная...,2012] არა ერთი პროგრამის ოპერირება; სახელმწიფო შესყიდვების მიღებაში დახმარების გაწევა, რისთვისაც იძლევა შესაბამის სერტიფიკატებს (ეს თავისებური საბუთია, რომელიც უჩვენებს მცირე ბიზნესის უფლებებს სახელმწიფო შეკვეთის შესრულებაზე); უფასო კონსულტაციების გაწევა და სემინარების ჩატარება; ბიბლიოთეკით, კომპიუტერებით, ინტერნეტით, სხვადასხვა ცნობარებით სარგებლობა; ბიზნესინკუბატორებითა და ქალთა ბიზნესცენტრით მომსახურება; პროდუქციის რეალიზაციაში დახმარება; მცირე ბიზნესის ინოვაციური აქტიურობის სტიმულირება; ვენჩურული ფინანსირება და ა.შ. [აბესაძე 2008] გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატებში არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი არაერთი სახელმწიფო პროგრამა, ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა საგადასახადო შეღავათი.

დასაქმების გასაზრდელად აუცილებელია დასაქმების სახელმწიფო სამსახურის არსებობა. დღეისათვის შრომის ბაზარი საქართველოში უკიდურესად სტიქიურია: არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც მის ფუნქციონირებასთანაა დაკავშირებული. ასეთ პირობებში შეუძლებელია, უმუშევრობის რეალური სურათის დადგენაც კი.

ენერგეტიკული პრობლემა. უპირველეს ყოვლისა, მთავარი ყურადღება უნდა გამახვილდეს ქვეყნის მდიდარი ჰიდრო- და არატრადიციული ენერგორესურსების ათვისებაზე. არავითარ შემთხვევაში ხელაღებით არ უნდა ვთქვათ უარი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების აშენებაზე. ამ საკითხების გადაჭრის დროს გარკვეულ ეკოლოგიურ დათმობაზე წასვლა აუცილებლად მოგვიწევს. გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და სათბობი ენერგიის მარაგები კი მსოფლიოში თანდათან იწურება. რასაკვირველია, ასევე გასათვალისწინებელია ეროვნულ ფასეულობათა შენარჩუნების მტკივნეული მოთხოვნები.

საქართველოში კარგი პირობებია ქარისა და მზის ენერგიის, ასევე გეოთერმული ენერგიის ასათვისებლად. პერსპექტივაში შესაძლებელია გამოყენებული იქნეს შავი ზღვის ენერგეტიკული რესურსები. აქ ქიმიურ და ჰიდროლოგიურ რესურსებთან ერთად ენერგეტიკული რესურსები წარმოდგენილია ზღვის წყალში გახსნილი საწვავი აირების – გოგირდწყალბადის, მეთანისა და პროპანის სახით. მეტად საინტერესოა ენერგეტიკის განვითარების სინერგიული კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ენერგიის სახეობათა კომბინირებულ გამოყენებას, რათა მივიღოთ უფრო მეტი ენერგოეფექტი, ვიდრე მათი ცალ-ცალკე გამოყენების შემთხვევაში.

დიდი რეზერვებია საქართველოში ენერგიის ეფექტიანი გამოყენების სფეროში.

მდგრადი განვითარების პრობლემა. „მწვანე“ და „წრიული“ ეკონომიკის ჩამოყალიბების პრობლემა (განსაკუთრებით არაგანახლებადი რესურსების ამოწურვისა და განახლებადი რესურსების შენარჩუნების პრობლემა), როგორც მთელი მსოფლიოსათვის, ისე საქართველოსათვისაც უმნიშვნელოვანესია. იგი მოითხოვს სრულიად ახალ მიდგომებს, ძირეულ ცვლილებებს ეკონომიკური სისტემის ყველა ელემენტში. ამის განხორციელება კი შეუძლებელი იქნება საკუთარი ინოვაციური სისტემის გარეშე, ვინაიდან ყველა ქვეყანა ამ მხრივ განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება.

ეკონომიკის ინოვაციური განვითარების აუცილებლობასთან არის ასევე დაკავშირებული სავალუტო კუსის პრობლემა, ვინაიდან თუ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა არ ამაღლდა, მისი სავაჭრო ბალანსი უარყოფითი დარჩება და ეროვნული ვალუტის დევალვაციის საფრთხე ყოველთვის იარსებებს. ხშირად გამოითქმება მოსაზრება, რომ ეროვნული ვალუტის სიმყარე დამოკიდებულია მხოლოდ ეროვნულ ბანკზე ან მხოლოდ მთავრობაზე, რაც არასწორია. ეროვნული ვალუტის სიმყარე დამოკიდებულია როგორც ერობნულ ბანკზე, ისე მთავრობაზე. ეროვნულ ბანკზე სწორი მონეტარული პოლიტიკის გატარებით, ხოლო მთავრობაზე უცხოური ივესტიციების მოზიდვით და ექსპორტის გადიდების ხელშეწყობით, რაც ისევ და ისევ ინოვაციური ეკონომიკის ფორმირებასა და განვითარებასთანაა დაკავშირებული.

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გადაუჭრელ პრობლემად რჩება სოფლის ეკონომიკის განვითარების პრობლემა. დღეისათვის საქართველოში არის ძირითადად ნატურალური, დაბალმექანიზებული და ამიტომ დაბალმწარმოებლური, განუვითარებელი ინფრასტრუქტურის მქონე სოფელი. უაღრესად მძიმე პირობების გამო, სოფლად მცხოვრებს არ შეუძლია ყველა სიძნელის გადალახვა და განვითარებული სასოფლო წარმოების ჩამოყალიბება. ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან სოფლისადმი ქმედითი დახმარება აუცილებელია. მაგრამ, ეს არათუ უნდა ასუსტებდეს ფერმერის სტიმულებს, არამედ უნდა აძლიერებდეს მას. ბუნებრივია, მთავარი აქცენტი გადატანილი უნდა იყოს იმაზე, რომ ფერმერი ზრდიდეს წარმოებას, ნერგავდეს ახალ ტექნოლოგიებს, რათა რაც შეიძლება მალე გარდაიქმნას წარმოება თანამედროვე სასაქონლო ფერმად. საჭიროა, ადგილობრივი ბიზნესის დაინტერესება (გარანტიები, შეღავათიანი კრედიტები, შეღავათიანი საგადასახადო პირობები დას ხვ.). ეროვნულ კომპანიებს შეუძლიათ შეიძინონ ფერმები და დააბანდონ ინვესტიციები [აბესაძე 2016]. მრეწველობის განვითარება ყველა სხვა დარგის განვითარების საფუძველია. პერსპექტივაში ორიენტაცია აღებული უნდა იქნეს მრეწველობის უპირატესად მეცნიერებატევადი დარგების განვითარებაზე.

დასკვნები

1. მეოთხედ საუკუნეზე მეტია, რაც საქართველოში დაიწყო ეკონომიკის ტრანსფორმაცია, მაგრამ სრულყოფილი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა, რისი მიზეზიც ობიექტურ გარემოებებთან ერთად, არის დაშვებული სუბიექტური შეცდომები.

2. თანამედროვე ეტაპზე ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლება სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ეკონომიკურ განვითარებაზე, ანუ პროგრესულ თვისებრივ ცვლილებებზე ეკონომიკაში და არა ეკონომიკურ ზრდაზე, ეკონომიკური ზრდის დაბალი ან თუნდაც ნულოვანი ტემპების არსებობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია საზოგადოების კომფორტის, მისი სარგებლიანობის ზრდა.

3. ერთი და იმავე ღირებულების პროდუქციას (მშპ, მეპი) მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია მიმდინარე წელს, ვიდრე წინა წელს.

4. ეკონომიკური განვითარების თანმდევი პროცესი ეკონომიკურ ზრდასთან ერთად არის ეკონომიკური კლება.

5. განვითარებად ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებში არსებული კეთილდღეობის დონის მისაღწევად, გაცილებით ნაკლები დროა (და ეკონომიკური ზრდის ნაკლები ტემპები) საჭირო, ვიდრე ეს დასჭირდათ განვითარებულ ქვეყნებს, ვინაიდან მათ მზამზარეულად შეუძლიათ გამოიყენონ ის პროდუქცია, ტექნიკა და ტექნოლოგიები, რომელთა შექმნასა და განვითარებას დიდი დრო დასჭირდა. მთავარია, ქვეყანამ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და გეზი ეკონომიკურ განვითარებაზე აიღოს.

6. საქართველოს ეკონომიკაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა და სწორ გზაზე გასვლა ვერ მოხერხდება უბრალოდ ინერციით სვლის შედეგად. როგორც განვითარებული და დაწინაურებული პოსტკომუნისტური ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მთავარი ყურადღება ეკონომიკის თვისებრივ სრულყოფაზე, ანუ ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობაზე უნდა გადატანილიყო. მაგრამ, დღეისათვისაც კი, ამ მიმართებით მდგომარეობა მეტად არასახარბიელოა.

7. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად შეიძლება დახასიათდეს, როგორც არაინოვაციური ეკონომიკა. ქვეყანაში არ არსებობს გამოკვეთილი საინოვაციო პოლიტიკა - შესაბამისი სტრატეგია და სახელმწიფო რგულირების მექანიზმები.

8. საქართველოში ეკონომიკ¬ის ფორმირებისათვის აუცილებელია:


1. შემუშავდეს „საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების სტრატეგია“ და ამის საფუძველზე „საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების გეგმა“. სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები უნდა იყოს: 1. სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება; 2. განათლების სფეროს სრულყოფა; 3. მჭიდრო და მუდმივი კავშირის დამყარება მეცნიერებას, ბიზნესსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის 4. სამეცნიერო კვლევების მომსახურების სისტემის სრულყოფა 5. ცოდნის ეკონომიკის ფორმირება 6. ინოვაციური ინფრასტრუქტურის (უნივერსიტეტები; სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები; ტექნოპარკები; ბიზნეს-ინკუბატორები; კლასტერები, მცირე ინოვაციური საწარმოები; ინოვაციური ტექნოლოგიური ცენტრები; კონსალტინგური ფირმები; სატელეკომუნიკაციო ქსელები; ფინანსური ინსტრუმენტები, მათ შორის, ვენჩურული კაპიტალი და სხვ.) განვითარება; 7. რეგიონული საინოვაციო საქმიანობის გამოცოცხლება და განვითარება; 8. ინოვაციების განხორციელებისათვის წამახალისებელი (შეღავათები, საგადასახადო შეღავათები, რისკების დაზღვევა და სხვ.) გარემოს შექმნა; 9. დონორების მიერ განხორციელებული პროექტების შედეგების დანერგვის მხარდამჭერი მექანიზმების შექმნა; 10. უცხოური კრედიტებისა და დახმარებების წარმოების სფეროში გამოყენების სისტემის ფორმირება; 11. კონკურენტუნარიანი მეწარმეობის განვითარებისათვის ხელშემწყობის მექანიზმების შექმნა; 12. მაღალი ტექნოლოგიების (hi-tech) შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოყენება და სხვ.
ქვეყნის ინოვაციურმა სისტემამ უნდა შეძლოს ინოვაციების გენერირება ან იმპორტი. თავდაპირველად უპირატესობა უნდა მიენიჭოს ინოვაციების იმპორტს, ხოლო შემდეგ საკუთარ კვლევებზე დაფუძნებული ინოვაციების განხორციელებას. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მეცნიერებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური განვითარების პროცესს საფუძველი გამოეცლება და შედეგი ვერ მიიღება.

9. დადებითია, რომ დღევანდელი მთავრობა აღიარებს ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობის აუცილებლობას და დგამს ნაბიჯებს ამ მიმართულებით. მაგრამ, ინოვაციური ეკონომიკის ფორმირებას თუ მხოლოდ ფრაგმენტული და არა კომპლექსური ხასიათი ექნა, წარმატება მიღწეული ვერ იქნება.

10. განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყველაზე სწრაფი გზა ამ პრობლემის გადაჭრისა, არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რომელიც შეუძლებელია სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე. დასაქმების გასაზრდელად ასევე აუცილებელია დასაქმების სახელმწიფო სამსახურის არსებობა.

11. ენერგეტიკული პრობლემის გადაჭრისას, უპირველეს ყოვლისა, მთავარი ყურადღება უნდა გამახვილდეს ქვეყნის მდიდარი ჰიდრო- და არატრადიციული ენერგორესურსების ათვისებაზე.

12. მდგრადი განვითარების, „მწვანე“ და „წრიული“ ეკონომიკის ჩამოყალიბების პრობლემა (განსაკუთრებით არაგანახლებადი რესურსების ამოწურვისა და განახლებადი რესურსების შენარჩუნების პრობლემა), როგორც მთელი მსოფლიოსათვის, ისე საქართველოსთვისაც უმნიშვნელოვანესია. იგი მოითხოვს სრულიად ახალ მიდგომებს, ძირეულ ცვლილებებს ეკონომიკური სისტემის ყველა ელემენტში. ამის განხორციელება კი შეუძლებელი იქნება საკუთარი ინოვაციური სისტემის გარეშე, ვინაიდან ყველა ქვეყანა ამ მხრივ განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება.

13. ეკონომიკის ინოვაციური განვითარების აუცილებლობასთან არის ასევე დაკავშირებული სავალუტო კურსის პრობლემა, ვინაიდან თუ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა არ ამაღლდა, მისი სავაჭრო ბალანსი უარყოფითი დარჩება და ეროვნული ვალუტის დევალვაციის საფრთხე ყოველთვის იარსებებს.

14. სახელმწიფოს მხრიდან სოფლისადმი ქმედითი დახმარება აუცილებელია. მაგრამ, ეს არათუ უნდა ასუსტებდეს ფერმერის სტიმულებს, არამედ უნდა აძლიერებდეს მას. ბუნებრივია, მთავარი აქცენტი გადატანილი უნდა იყოს იმაზე, რომ ფერმერი ზრდიდეს წარმოებას, ნერგავდეს ახალ ტექნოლოგიებს, რათა რაც შეიძლება მალე გარდაიქმნას ეს წასმოება თანამედროვე სასაქონლო ფერმად. საჭიროა, ადგილობრივი ბიზნესის დაინტერესება (გარანტიები, შეღავათიანი კრედიტები, შეღავათიანი საგადასახადო პირობები და სხვ.). ეროვნულ კომპანიებს შეუძლიათ შეიძინონ ფერმები და დააბანდონ ინვესტიციები.

15. მრეწველობის განვითარება ყველა სხვა დარგის განვითარების საფუძველია. პერსპექტივაში ორიენტაცია აღებული უნდა იქნეს მრეწველობის უპირატესად მეცნიერებატევადი დარგების განვითარებაზე.

ლიტერატურა

1. აბესაძე რ., კაკულია ე. მცირე ბიზნესის მაკროეკონომიკური რეგულირების მექანიზმი საქართველოში. თბ. პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა.

2. აბესაძე რ. 2014. ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური რეგრესი. თბ. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა.

3. აბესაძე რ. 2016. საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის ეტაპები და განვითარების ზოგადი მიმართულებები. “ეკონომისტი”, № 4.

4. Авдокушин Е. Ф. 2017. Национальная инновационная система Японии. Энциклопедист.
http://www.nitpa.org/nacionalnaya-innovacionnaya-sistema-yaponii-e-f-avdokushin-3/.

5. Государственная поддержка малого и среднего бизнеса в промышленно развитых странах. 2012.
https://studbooks.net/1755227/ekonomika/gosudarstvennaya_podderzhka_malogo_srednego_biznesa_promyshlenno_ razvityh_stranah