English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ პაატა კოღუაშვილი ნიკოლოზ ჩიხლაძე
„სოფლად ნუ ჩაკლავ სიცოცხლეს, ქალაქი წაგიხდებაო“

რეზიუმე.

უკანასკნელ წლებში ქართული სოფელი გატარებული არასწორი სოცია­ლურ-ეკონომიკური პოლიტიკის გამო უაღრესად დაკნინებულია. ასეთ პირობებში აგროსექტორის კრიზისიდან გამოსვლა და განვითარება გარედან დახმარების გარეშე პრაქტიკუ­ლად შეუძ­ლებელია. აუცილებელია აღდგეს სოფლის ადმინისტრაციული ორგანო, როგორც მუნიციპალურ თვითმმართველობაში სასოფლო თემის მონაწილეობისა და ჩართულობის ეფექტიანი ინსტრუმენტი. არსებულ პირობებში მოსახლე­ობის მასობრივი მიგრაცია გარდაუვალია. თუ დღეს მოქმედი უარყოფითი ტენდენციები შენარჩუნდა, მოკლე ხანში არც სოფლის მეურ­ნეობა გვექნება, და არც სოფელიც.

საკვანძო სიტყვები: გლეხკაცი, თემი, სოფლის განვითარება, აგრარული პოლიტიკა, ტერიტორიული ერთეული. 

შესავალი

ფსიქოლოგიურად და კულტურულად სოფელი და ღონიერი გლეხკაცი ერის თვითმყოფადობის (ვინაობისა და რაობის) შენარჩუნების ერთ-ერთი მძლავრი იარაღია. გლეხკაცი, ძალიან ხშირად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლად მიაჩნიათ, თუმცა, მისი როლი სცილდება ამ ჩარჩოებს. სინამდვილეში ის აუცილებელია სოფლისთვის, უფრო მეტიც, გლეხკაცი სოფლის მაცოცხლებელი და გარდამქნელია. მას მოფრთხილება, თანადგომა და შესაფერისი დაფასება სჭირდება.               

სიტყვა ,,გლეხი’’ არ არის სინონიმი  არც ,,უსწავლელის“, არც „ტლუსი“, არც  ,,დაბალი ღობისა“. იგი სინონიმია ,,ქვეყნის პირველი ნომერი მარჩენალისა“, ,,საკუთარ ფეხზე მდგომისა“, „ერის ფესვისა და რეზერვისა“.

გლეხკაცი, განსაკუთრებით საქართველოში, ვერ განიხილება, როგორც საშუალება რაღაც მიზნისთვის – იგი უნდა განვიხილოთ მხოლოდ, როგორც მიზანი. გლეხკაცის მოწოდება და დანიშნულება არ არის მხოლოდ ის, რომ მოხნას, დაბაროს, გასხლას, მოუაროს პირუტყვს, მოიყვანოს მარცვლეული, მწვანილი, ხილი თუ ყურძენი. მისი პირველი მოწოდებაა – იყოს ღირსეული, ჯანსაღი, ყოველმხრივ გამართული ადამიანი, ქართველი ბავშვების გამზრდელი, ქართველი ერის ხერხემალი, საზოგადოების გამომკვებავი, საქართველოს დემოგრაფიის დამცველი, მისთვის ოფლისა და სისხლის დამღვრელი და საქართველოს მიწის ყოველი გოჯის შემნახავი ასიათასობით პოტენციური „სტუმრის“ პირისპირ.

ქართული სოფელი უკანასკნელ წლებში გატარებული არასწორი სოცია­ლურ-ეკონომიკური (მ.შ. აგრარული და სოფლის განვითარების) პოლიტიკის გამო უაღრესად დაკნინებულია. ასეთ პირობებში სოფლებიდან მოსახლეობის გაძლიერებული მიგრაციის შეჩერება და  აგროსექტორის კრიზისიდან გამოსვლა და შემდგომი განვითარება შესაბამისი დაცვითი (მარეგულირებელი) მექანიზმებისა და გარედან დახმარების გარეშე პრაქტიკუ­ლად შეუძ­ლებელია.[კოღუაშვილი და ზარდიაშვილი, 2016:23]

გვჭირდება სოფლის განვითარების პოლიტიკა

სოფლად მოსახლეობის რეალური დასაქმებისა და შედარებით მოკლე დროში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სათანადო დონის მიღწევა მხოლოდ სისტემური ცვლი­ლებებითა და კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებითაა შესაძ­ლე­ბელი. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ადამიანთა რესურსების სამეწარ­მეო აქტივობის ამაღლება.

საქართველოს მოსახლეობის 41,3% სასოფლო დასახლებებში ცხოვრობს. ბოლო წლებში კლების ტენდენციით გამოირჩევა მშპ-ში სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, ნადირობისა და თევზჭერის ხვედრითი წილის დინამიკა: თუ იგი 2015 წელს 9,1%-ს შეადგენდა, 2018 წელს კიდევ უფრო შემცირდა და 7,7%-ს მიაღწია. [საქართველოს სოფლის...2019:17]

როგორც წესი, სახელმწიფო რეგულირებით უნდა განხორციელდეს ის ფუნქ­ციები, რომლებიც არაა უზრუნველყოფილი თვითრეგულირების საბაზრო ბერკეტე­ბით. საერთაშო­რისო პრაქტი­კა ადასტურებს, რომ აგროპროდუქციის წარმოების სფერო, იმყოფება რა სახელმწიფოს მუდმივი მზრუნველობის ქვეშ და ფინანსდება მიზნობრივი პროგრამებით, ქმნის ფერმერული მეურნეობებისა და მათი კოოპერაციული გაერთიანებების­თვის მდგრა­დი განვითარების პირობას.

მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ შრომითი რესურ­სების სამეწარმეო გააქტიურება ყველაზე კარგად სოფლად კოოპერაციული მოძრა­ობის განვითარებითაა შესაძლებელი. ეს პროცესი ყველგან სახელმწიფოს აქტიური მაორიენტი­რებელი, მაორგანიზებელი როლითა და ხელშეწყობით წარიმართა.

სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული მეურნეობრიობის ახალი ფორმების დამკვიდრებას ავტომატურად მოსდევს სოფლის მოსახლეობის მასობრივი დასაქმე­ბა, მათი შემოსავლების მკვეთრი ზრდა, აგრარული შრომის ავტორიტეტის ამაღლე­ბა და სოფლის კომპლექსური და დაჩქარებული განვითარება. ესაა ცნების „ჯანსა­ღი საშუალო ფენა“ რეალური შინაარსი.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის საზოგადოების ეკონომიკური დედაბოძი ყოველთვის  გლეხკაცი იქნება, მისთვის სრულფასოვანი საცხოვრებელი არეალის შექმნა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის ფორმირება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა, სხვა ყველა ამოცანასთან ერთად (მი­წას­თან მა­რა­დი­უ­ლი ურ­თი­ერ­თობა, სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფა და სხვ.), არის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მოფრთხილებისა და საზოგადოების გამოსაკვებად მისი შრომის სტიმულირების პოლიტიკაც [კოღუაშვილი, 2016:45]. ასეა ჯანსაღ ქვეყნებში - ნაკლებ განვითარებულიდან დაწყებული და ყველაზე განვითარებული დე­მო­კრატიებით დამთავრებული. მათ იციან, რომ წააგებს ყველა, ვისაც არასწორი სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების   პოლიტიკა აქვს. ამიტომ ერთიან სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკასთან ერთად, საჭიროა შემუშავდეს და ამო­ქმედდეს სოფლის განვითარების პოლიტიკაც. სოფლის განვითარება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე სოფლის მეურნეობის განვითარება. მისი მიზანია სოფელსა და ქალაქს შორის სოციალურ-კულტურული განსხვავებების შემცირე­ბა, რასაც სოფლად მოსახლე­ო­ბის შენარ­ჩუნებისა და აგროპროდუქციის წარმოების გადიდებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელო­ბა აქვს.

ეს ამოცანა, თავისით, რა თქმა უნდა, არ შესრულდება. ამ მიზნით საჭი­როა განისაზ­ღვროს და შემუშავდეს:

1. საქართველოს ძირითადი მიზანი და ამოცა­ნა სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელიც, ჩვენი აზრით, შეიძლება იყოს ორი მიმარ­თულების: პირველი, სოფლის, როგორც ტერიტო­რიული ერთეულის შენარჩუნება-განვითარება (ამ ამოცანაში შედის კულტურული და ველუ­რი ლანდშაფტების დაცვაც) და მეორე, სასურსათო უშიშროების უზრუნველმყო­ფე­ლი სოფლის მეურნეობის სტრუქტუ­რის ჩამოყალიბება.

2. პრინციპულად ახალი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა და აგრო­სასურსათო სექ­ტო­რის განვითარების მიზანმიმართული სტრატეგია  (რომელიც მოიცავს სისტემას, სტრუქ­ტურას, სტრატეგიას, ტაქტიკას, კადრების ნებას, კადრების სწავლე­ბას), რომელ­შიც გათვალისწინებული იქნება ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც, საბოლოო ანგარიშით, სოფლად სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და აგრარული შრომის მოტივაციის ამაღლებას უკავშირდება.

ამჟამად სასოფლო ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ღრმად დეპრესიულია და სრული დაცლის საფრთხე - პრაქტიკულად უკვე გარდაუვალი. სოფლად მოსახლეობის  (1990 წლის 2424.7 ათასიდან 2016 წლის 1591.9 ათასამდე, ანუ 34.7 პროცენტით) შემცირებას  თან სდევს მისი  ეკონომიკური და დემოგრაფიული  ხარისხობრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესება. მოსახლეობის 2014 წლის აღწერამ საქართველოში დააფიქსირა 223 გაუკაცრიელებული სოფელი -  ეს 61 სოფლით მეტია 2002 წლის აღწერით დაფიქსირებული გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობასთან შედარებით.[1]სოფლად მცხოვრები ეკონომიკურად აქტიურ ასაკში მყოფი მოსახლეობის დიდი ნაწილი ზემოხსენებული მიზეზების გამო მასობრივად ტოვებს თავის საცხოვრისს და უკეთესი პირობების საძიებლად მიემართება ქალაქებში ან  უცხოეთში, ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაოს შესასრულებლად.

უფლებააყრილი და, შესაბამისად, ვალდებულებებისგანაც დაცლილი სოფელი, რომელსაც სამართლებრივად თავისი ადმინისტრაციული ორგანოც კი აღარ შერჩენია, დე იურეცა და დე ფაქტოც - მოკლებულია საკუთარ სამკვიდროს: სოფლის სასიცოცხლო სივრცე - სათემო მიწა (თუნდაც საძოვარი და სათიბი მაინც, მაგრამ - არა მარტო), სათემო ტყე, წყალი, ადგილობრივი მნიშვნელობის სხვა ბუნებრივი რესურსები, საერთო სარგებლობის სამეურნეო თუ კომუნალური ინფრასტრუქტურა და სხვ. და სხვ. რაც თემის საერთო მფლობელობასა და სარგებლობაში უნდა იყოს, უმრავლეს შემთხვევაში მუნიციპალურ საკუთრებაშიც კი არ არის. ტრადიციული ქართული სამართლის თვალსაზრისით, სოფლის დღევანდელი მაცხოვრებელი, ვინაიდან მას ყოველგვარი სათემო უფლება აყრილი აქვს, საკუთარი ბედის გამომჭედავი სოფლის ქედმოუხრელი და ამაყი მკვიდრი გლეხკაცი კი არა, არამედ ოდენ სხვისი ხელის შემყურე,  და ბეჩავი, ამიტომაც, უპასუხისმგებლო - ხიზანია!

სასოფლო ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ღრმად დეპრესიულია და სრული დაცლის საფრთხე - პრაქტიკულად უკვე გარდაუვალი! დღევანდელი ამოცანა და სასოფლო პოლიტიკის მთავარი მიზანიც, თუკი საბოლოოდ არ ვამბობთ უარს სოფელსა და სასოფლო პოლიტიკაზე, ჯერ მისი ხიზნობიდან, ანუ სამოქალაქო სიკვდილისგან დახსნაა! რაიმე განვითარება სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნება, თუკი სოფელი, როგორც უფლებრივი და ამავდროულად, რაც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეკონომიკური და სამეურნეო სუბიექტიც, ფაქტობრივად მკვდრეთით არ აღსდგა! 

სოფლის განვითარების პოლიტიკის ძირითადი ამოცანები

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ისევე, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, საქართველოშიც ჩამოყალიბდეს სისტემური მიდგომა ზოგადად ტერიტორიების და განსაკუთრებით, სასოფლო ტერიტორიების  მიმართ, რაც შესაბამისი პოლიტიკის კონცეპტუალურ, პროგრამულ თუ სამართლებრივ უზრუნველყოფას უნდა დაეყრდნოს. [კოღუაშვილი, 2013:65]

როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალური სასოფლო პოლიტიკის საწარმოებლად არსებითია, სინამდვილეს თვალი გავუსწოროთ და სწორად შევაფასოთ: ამ სავალალო მდგომარეობაში სასოფლო პოლიტიკის მიზანი ჯერ „განვითარება“ კი არა, არამედ სოფლის გადარჩენა უნდა იყოს!

სოფლის გადასარჩენად უპირველესი ამოცანა ამ ეტაპზე სასოფლო თემის, როგორც სრულფასოვანი სამართალსუბიექტის, აღდგენაა. სოფელში ჯერ 2005 წელს მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობა გაუქმდა, ხოლო 2013 წლის „თვითმმართველობის კოდექსით“ - მას უკვე საკუთარი ადმინისტრაციული ორგანოც კი აღარ ჰყავს; მდგომარეობა კურიოზული და უპრეცენდენტოა - სოფელი ფორმალურად შენარჩუნებულია, როგორც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული, მაგრამ თავისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და კიდევ უარესი - საერთოდაც საკუთრივ სოფლის ადმინისტრაციული ორგანოს გარეშე. ეს კურიოზული მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. [ჩიხლაძე და ჭიჭინაძე, 2013:55]

უწინარეს ყოვლისა, სოფელში უნდა აღდგეს სოფლის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც მუნიციპალურ თვითმმართველობაში სასოფლო თემის მონაწილეობისა და ჩართულობის ეფექტიანი ინსტრუმენტი იქნება. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გამსხვილებით, მისი მუნიციპალიტეტის (ყოფილი რაიონის) დონეზე „ატანით“  არა თუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელი  იყო სოფლის, როგორც მუნიციპალურ თვითმმართველობაში მოქალაქეთა და თემის მონაწილეობითი პირველადი ადმინისტრაციული დონის, შენარჩუნება და ამ პირველადი ადმინისტრაციული,  დონის არათუ ფაქტობრივი გაუქმება, არამედ პირიქით - მისი გაძლიერება.

 კარგი და მისაბაძი მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ლიეტუვა, სადაც ასევე მართვის ეფექტიანობის მიზნით ანალოგიურად გამსხვილდა ადგილობრივი თვითმმართველობა. მაგრამ იქ სასოფლო თემი („სოლნცესტვო“) მუნიციპალური თვითმმართველობის ადმინისტრაციულად მკაფიოდ გაფორმებული მონაწილეობითი დონეა და სოფლის ადმინისტრაცია არა მხოლოდ მუნიციპალური თვითმმართველობის, არამედ უშუალოდ მოსახლეობის, ადგილობრივი თემის წინაშეა ანგარიშვალდებული.

ჩვენში კი, სასოფლო თემი მთლიანად უფლებააყრილია და რაიმე სამოქალაქო ურთიერთობაში. გამონაკლისია - ე.წ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც იმდენად ფრაგმენტული და მცირე მასშტაბისაა, რომ სავალალო მდგომარეობას ვერ შეცვლის)   სუბიექტს დიდი ხანია, აღარ წარმოადგენს;

გარდა ამისა, ამ სამართალსუბიექტმა - სასოფლო თემმა, აუცილებლად უნდა დაიბრუნოს უპირობო და წარუვალი უფლება საკუთარ სამკვიდროზე; ეს, უწინარეს ყოვლისა, იმას ნიშნავს, რომ საერთო, სათემო  სარგებლობის  მიწა - საძოვარი, სათიბი,  სათემო ტყე, წყლის ფონდის მიწა, ტყის ფონდის მიწა იურიდიულად უნდა დაბრუნდეს თემის მუდმივ და უსასყიდლო მფლობელობასა და სარგებლობაში. დღეს ამ თვალსაზრისით მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სოფლის ტერიტორიული საზღვრებიც კი სრულიად ბუნდოვანი და გაურკვეველია. ეს მიწა არა სახელმწიფო, არამედ მუნიციპალური საკუთრებისა უნდა იყოს და თემის, რომელიც მისი ერთადერთი ლეგიტიმური მფლობელი და მოსარგებლეა, დაუკითხავად შეუძლებელი უნდა გახდეს ამ მიწის, ე.ი. სოფლის სამკვიდროს, სამართლიანი და ეფექტიანი მართვა - მისი განკარგვა, რაციონალური გამოყენება, სასოფლო-სამურნეო წარმოების თუ მიწის, როგორც ძირითადი საწარმოო საშუალების გამოყენებით სოფლის ტერიტორიაზე სხვა ეკონომიკური საქმიანობის სწორედ ორგანიზება, საბოლოო ანგარიშით  - სასოფლო სამკვიდროს დაცვა და სოფლის გადარჩენის შემდეგ მის განვითარებაზე ზრუნვა;

მუნიციპალური თვითმმართველობის ეფექტიანობა არსებითად, სასიცოცხლოდ არის დამოკიდებული მოქალაქეთა და ადგილობრივი თემის უშუალო, პირდაპირ  მონაწილეობაზე. ასეთი, თანამედროვეობის შესაბამისი მონაწილეობითი ინსტრუმენტები მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ადგილობრივ სასოფლო თემში აუცილებლად უნდა შეიქმნას და სწრაფად განვითარდეს;

ამ თვალსაზრისით უმიშვნელოვანესია, რომ თავად თემს, პირდაპირი, უშუალო დემოკრატიის სხვადასხვა ფორმით მიეცეს შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში შემავალი ადგილობრივი მნიშვნელობის სასოფლო საკითხები თავადვე გადაწყვიტოს და ამ მიზნით ძირითად ინსტრუმენტად გამოიყენოს მის წინაშე ანგარიშვალდებული სასოფლო ადმინისტრაცია; სასოფლო თემი, როგორც სრულფასოვანი სუბიექტი, რომელიც უფლებებს დაიბრუნებს და ამ გზით თავადვე გახდება უმთავრესი პასუხისმგებელი საკუთარ განვითარებაზეც. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მუნიციპალური თვითმმართველობა და სახელმწიფო სოფლის განვითარებაზე პასუხისმგებლობას მოიხსნის, პირიქით - მათი ვალდებულებაა სუბსიდიარობის დაცვით სოფლის განვითარების სწორად დაგეგმვა და, რაც ყველაზე მთავარია, ეფექტიანი ინსტრუმენტების შექმნა, თავად თემის ეკონომიკური თუ სოციალური აქტივობისათვის.

სასოფლო თემის ეკონომიკური გამოცოცხლების, დეპრესიული მდგომარეობიდან გამოყვანის, ხოლო შემდგომ მისი ეკონომიკური განვითარებისა და აქტივობის გასაძლიერებლად საუკეთესო (შესაძლოა, ამჟამად ერთადერთიც!) გზაა სასოფლო-სამურნეო კოოპერაციის ყოველმხრივი წახალისება, მხარდაჭერა და სწრაფი განვითარება. ასევე, უმნიშვნელოვანესი იქნება სოციალური დახმარებებისა და ე.წ. საარსებო შემწეობების პოლიტიკის კარდინალური გადასინჯვა. ეს პოლიტიკა, განსაკუთრებით სოფლად, ამჟამად პირდაპირ მიმართულია სოციალურ-ეკონომიკური დეპრესიის კიდევ უფრო გაღრმავებისა და სიღატაკის წახალისებისკენ[კოღუაშვილი და ჩიხლაძე, 2017:72].

თემის სოციალური აქტივობისათვის სათანადო ინსტრუმენტების შესაქმნელად წარმატებული საწყისი გამოცდილება საქართველოში უკვე არსებობს და ესაა სოფლებში „საზოგადოებრივი ცენტრების“ შექმნა და განვითარება. ასეთი ცენტრი ამჟამად სულ 50-მდე მოქმედებს. იგი წარმოადგენს თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებით საუკეთესოდ აღჭურვილ, პროფესიულად განსწავლული პერსონალით დაკომპლექტებულ მაღალტექნოლოგიურ ოფისს, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო და მუნიციპალურ მომსახურეობებს; მისი მეშვეობით შესაძლებელია როგორც უშუალო, პირდაპირი ჩართვა და მონაწილეობა მუნიციპალურ თვითმმართველობაში, ასევე სათემო ეკონომიკური, სამოქალაქო თუ თემზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების მაღალი ეფექტიანობით განხორციელება. სწორედ სახელმწიფოს ვალია, რომ ეტაპობრივად, ყველა მუნიციპალურ ადმინისტრაციულ ერთეულს (და არა მხოლოდ მათ მცირე ნაწილს) შეექმნას ეს თანამედროვე შესაძლებლობა.

დასკვნა

სოფლის განვითარება არის მრავალგანზომილებიანი, მრავალდონიანი, მონაწილეთა ფართო სპექტრის ჩართულობით მოქმედი პროცესი და ეს ყოველივე მიუთითებს მის სირთულეზე, შესაბამისად, არ არსებობს მკაფიოდ შემოსაზღვრული პარადიგმა ამ თემაში.

ბუნებრივია, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოცკულტურული და ეკონომიკური მდგომარეობა დიდად იქნება დამოკიდებული ქვეყანაში განსახორციელებელ ეკონომიკურ (მ.შ. აგრარულ) და სოფლის განვითარების პოლიტიკა­ზე, მიწის კონსოლიდაციაზე, სათემო კოოპერაციის სტიმულირებაზე, სოფლად საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სხვა აუცილებელი პროექტების განხორციელებაზე (მ.შ. სპეციალიზებული  კოოპერაციული  აგროსაკრედიტო  სისტემის შექმნაზე).   

სოფლის, როგორც ტერიტორიული და სოციალური ერთეულის განვითარების  გარე­შე, ქართულ სოფელს დაცლა, ანუ მოსახლე­ობის მასობრივი მიგრაცია ემუქრება. თუ დღეს მოქმედი უარყოფითი ტენდენციები შენარჩუნდა, მოკლე ხანში აღარ გვექნება არა მარტო სოფლის მეურ­ნეობა, არამედ თვით სოფელიც კი. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. კოღუაშვილი  პ., ზარდიაშვილი დ., 2016, ქართული სოფლის სტატუსის შესახებ. ჟ.: „სოციალური ეკონომიკა – XXI საუკუნის აქტუალური პრობლემები“, N5, გვ.23.
  2. კოღუაშვილი პ.,  2016, ქართული სოფელი მარადიულია. ჟ.: „ეკონომიკა”, N11-12, გვ 45.
  3. კოღუაშვილი პ., 2013, რა ემართება და რა ჰმართებს ქართულ სოფელს. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის შრომათა კრებული,N11, თბილისი, „უნივერსალი“, გვ. 65.
  4. კოღუაშვილი პ., ჩიხლაძე ნ.,2017, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი - სამეწარმეო მობილიზაციის ეფექტური ფორმა.ჟ.: „ბიზნეს ინჟინერინგი“, №3, გვ.72.        URL:https://drive.google.com/file/d/1DaMoBMpC4lqEC9dGrO87ERCpII4WXZuX/view
  5. „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2018”, 2019, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, გვ.17. URL:https://www.geostat.ge/media/24487/soflis-meurneoba_2018.pdf
  6. ჩიხლაძე ნ., ჭიჭინაძე ბ., 2013, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების თანამედროვე პრობლემები საქართველოში. ჟ.: „ახალი ეკონომისტი“, N4, გვ. 55. URL:http://loi.ge/media/pdf/eko-2013-4_jIIys9f.pdf


[1]„დემოგრაფიული ვითარება საქართველოში 2018“ გვ.34 სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, https://www.geostat.ge/media/27214/demograpia-2018.pdf