English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ მურმან კვარაცხელია
ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი საქართველოში

რეზიუმე

საბაზრო ურთიერთობების განვითარების გამოცდილება მოწმობს, რომ მნიშვნელოვანია ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის ამაღლება. ეს ერთ-ერთ არსებით ფაქტორად გვევლინება არჩევანის თავისუფლების კუთხითაც. საზოგა¬დოების ძირითადი ეკონომიკური ისეთი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა სრული დასაქმება, ფასების სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდის ნორმალური ტემპების მიღწევა და, რაც მთავარია, სიღრიბის დაძლევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია ეკონომიკური თავისუფლების გარეშე. ამ მხრივ განვითარებულ და განვითრებადი ქვეყნების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება თავის ასახვას პოულობს ეკონომიკურ თავისუფლებაში. რაც გამოიხატება ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში. აღსანიშნავია, რომ ბევრი განვითრებადი ქვეყანა ეკონომიკური თა¬ვისუფლების მხრივ ბევრად უწსრებს განვითარებულ ქვეყნებს. მათ რიცხვშია საქართველოც.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური თავისუფლება; ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი; ეკონომიკური თავისუფლების კომპონენტები. 

შესავალი

ღია ეკონომიკის პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის მიხედვით ქვეყნების კატეგორიების დადგენას. ეს გაიან­გარიშება ინდექსის საშუალებით, რომელიც მსოფლიოში რეგიონების მიხედვით განსხვავებულია, თუმცა მათ შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მთავარი იდეა სწორედ არჩევანის თავისუფლებაში გამოიხატება.

ამ თვალსაზრისით მსოფლიოში ქვეყნები შეიძლება დაიყოს ორ კატე­გორიად, ყველაზე თავისუფალი  და ყველაზე დახურული ეკონომიკის ქვეყნებად. ყველაზე თავისუფალი ეკონომიკების პირველი ხუთეულში შედის ჰონკონგი - 89,8 ქულა, სინგაპური -88,6ქულა, ახალი ზელანდია - 83,7 ქულა, შვეიცარია- 81,5 ქულა და ავსტრალია -81 ქულა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ამ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით ზრდადი ტენდენციით ხასიათდება[1].

საინტერესოა, ასევე, ყველაზე დახურული ეკონომიკის ხუთეულის ქვეყნების მაჩვენებლები, რომელიც ასე გამოიყურება: ჩრდილოეთ კორეა - 4,9 ქულა; ვენესუელა - 27 ქულა, კუბა - 33,9 ქულა, კონგოს რესპუბლიკა - 40 ქულა და ერიტრეა - 42,2 ქულა[2]. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ამ ქვეყნებში ძირითადად კლების ტენდენცია შეინიშნება.

მსოფლიო მასშტაბით ჩამოყალიბებული საერთო ტენდენციების მიხედვით ირკვევა, რომ 2017 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსმა 103 ქვეყანაში, რომლებიც ნაკლებად განვითარებულნი ან განვითარებადნი არიან, ეს მაჩვენებელი ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. აქედან 49 ქვეყანაში მიაღწია უმაღლეს დონეს. მათ რიცხვში აღმოჩნდა რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა[3]

*    *    *    *

ეკონომიკურ თავისუფლებას ექსპერტ-ეკონომისტები ზოგადად 12 რაო­დე­ნობრივი და თვისებრივი ფაქტორების საფუძველზე აფასებენ. მათი დაჯგუფება შეიძლება ოთხ სხვადასხვა კატეგორიად. ესენია:

ა) კანონის უზენაესობა, რომელშიც შედის საკუთრების უფლებები და მისი დაცვა, ქვეყნის მთავრობის ერთიან პლატფორმაზე დგომა და სასამართლოს ეფექტურობა.

ბ) მთავრობის ზომა, სადაც „მცირე მთავრობის“ კონცეფციას დიდი მნიშვნე­ლობა ენიჭება. აქ საყურადღებოა მთავრობის ხარჯების მოცულობა, საგადასახა­დო ტვირთის სიმძიმე, რეალურად არსებული ფისკალური მდგომარეობა.

გ) ეფექტიანი რეგულირების კრიტერიუმები, რაც გულისხმობს ბიზნესის, შრომისა და ფულად თავისუფლებას.

ე) ღია ბაზრების არსებობის მაღალი დონე, რაც გულისხმობს ვაჭრობის, ინვესტიციებისა  და ფინანსურ თავისუფლებას.

ადამიანის თავისუფლებასთან ერთად ეკონომიკური თავისუფლებაც ადა­მიანის ფუნდამენტური უფლებაა საკუთარი შრომისა და საკუთრების გაკონტრო­ლებისათვის. საზოგადოებაში ადამიანები თავისუფლები არიან მუშაობაში, წარ­მოების პროცესში,  ინვესტიციების მოხმარებასა და მის განხორციელებაში მათი სურვილის შესაბამისად. ეკონომიკურად თავისუფალ საზოგადოებაში თავისუფ­ლად უნდა იმოძრაოს შრომამ, კაპიტალმა და საქონელმა, რაც ადამიანთა კეთილ­დღეობის საწინდარიც არის. აქედან გამომდინარე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ასახავს პოზიტიურ კავშირს ეკონომიკურ თავისუფლებასა და სხვადასხვა სოციალურ და ეკონომიკურ მიზნებს შორის. ზოგადი პარამეტრებით თუ ვიმსჯე­ლებთ, თვით ეკონომიკური თავისუფლების იდეა გულისხმობს ჯანსაღი საზოგა­დოების არსებობას, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, ერთ სულ მოსახლეზე კაპიტალის რაოდენობის ზრდას, დემოკრატიის განვითარებასა და სიღარიბის აღმოფხვრას.

ეკონომიკური თავისუფლება იზომება 12 რაოდენობრივი და თვისებრივი ფაქტორების საფუძველზე. ინდექსის გამოანგარიშებისათვის საჭიროა ქვეყნების მიხედვით ამ ფაქტორების შეფასება სათანადო ქულებით. ეკონომიკური თავისუფ­ლებისგან სარგებლის მისაღებად ყველა კომპონენტი მნიშვნელოვანია. საყურად­ღებოა ის ფაქტი, რომ ქვეყნები, რომლებიც ორინეტირებული არიან მუდმივ განვითარებაზე და ხშირად ახორციელბენ სხვადასხვა სახის რეფორმებს, შანსი ეძლევათ ქულების მიხედვით რომელი მაჩვენებლები საჭიროებენ გაუმჯობესებას. ეს არის გარკვეული ორიენტირი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაჩქრების­თვის.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ინსტრუმენტი მეტად ფართოა მისი გათვითცნობიერების თვალსაზრისით. ის მიზნობრივი ინსტრუმენტია მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის ეკონომიკის გასაანალიზებლად. ის 12 ინსტრუმენტი და მისი ისტორიული, წარსული პერიოდის მონაცემები იძლევა პრინციპებისა და ფაქტების სრულყოფილ პაკეტს, რაც წმინდა საფუძველს ქმნის ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის საფუძვლების გასაცნობიერებლად. აქედან ცხადია, რომ ეს მაჩვენებელი ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკის ფუნდა­მენტური შეფასების პროცესში.

საინტერესოა იმ ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მაჩვე­ნებლები, რომლებიც პირველ ხუთეულში იმყოფებიან. ამ მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილს ბოლო ორი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ჰონ-კონგი. მისი ინდექსია 90,2. ამ მაჩვენებლის ასეთი სტაბილურობა განაპირობა იმან, რომ გაი­ზარდა ვაჭრობის თავისუფლების, ფულადი თავისუფლებისა და მთავრობის მთლია­ნობის მაჩვენებლები. უნდა აღინიშნოს, რომ აზია და წყნარი ოკეანის რეგიონების 43 ქვეყანას შორის ჰონ-კონგი პირველ ადგილზეა და მისი საერთო ქულა აჭარბებს რეგიონულ და მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლებს. ამ ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი მოქნილი ეკონომიკა გააჩნია. მთავარია, რომ აქ მოქმედი მაღალი სამართლებრივი ჩარჩო უზრუნველყოფს საკუთრების უფლების ეფექტურ დაცვას და იცავს კანონის უზენაესობას. ამასთან ერთად, მთავრობის მთლიანობის ხარისხიც მაღალია.

როგორც ანალიზიდან ირკვევა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა სინგაპური.  ამასთან ეს მაჩვენებელი ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. აქ სწრაფად იზრდება ვაჭრობის თავისუფ­ლებისა და მთავრობის მთლიანობის მაჩვენებლები. მთავარი, რაც დამახასია­თებელია ამ ქვეყნისთვის ის არის, რომ მთავრობა განაგრძობს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას აქტიური ინდუსტრიული პოლიტიკის საშუალებით, რომე­ლიც მიზნად ისახავს ფისკალურ სტიმულს, ზრდის სახელმწიფო ინვესტიციებს, ხელს უწყობს უცხოელი ინვესტორების მიმზიდველობას. საკუთრების უფლების დაცვის ხარისხი მაღალია, რაც მეწარმეობის ზრდის მასტიმულირებელი ფაქტორია შრომის მწარმოებლურობის ამაღლების კვალობაზე.

ჩვენთვის საინტერესოა თუ როგორ და რა მაჩვენებლებით აღწევენ ეს მოწინავე ქვეყნები ეკონომიკური თავისუფლების მაღალ ქულებს. ამ მხრივ მსოფლიოში მესამე ადგილზეა ახალი ზელანდია, რომლის მაჩვენებელია 84,4 ქულა[4]. ამ შემთხვევაში მისი ზრდადი ტენდენცია განაპირობა ვაჭრობის თავისუფლებისა და შრომის თავისუფლების დონის ამაღლებამ, რაც ბევრად აღემატებოდა სასამართლო პროცესების ეფექტურობასა და ფულადი თავისუფ­ლების ვარდნას. ამ ქვეყნის ქულა ბევრად მეტია რეგიონული და მსოფლიო სა­შუალო მაჩვენებლებზე. აქ მთავარია აღინიშნოს იმის შესახებ, რომ ეს ქვეყანა მიჰყვება გრძელვადიან ბაზარზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. ეს შეიძლება ბევრი ქვეყნისთვის გამოდგეს მოქმე­დების მაგალითად.

ახლა გავეცნოთ თუ რა მდგომარეობაა საქართველოში. ამ მხრივ საინტე­რესოა ეკონომიკური თავისუფლების მნიშვნელობა და მისი პირდაპირი თუ ირიბი ზეგავლენა სიღარიბის დაძლევაზე, რაც ქვეყნისთვის მეტად მტკივნეულ პრობ­ლემას წარმოადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, ბოლო 2019 წლის მონაცემებით საქართველო მსოფლიოში მე-16 და ევროპაში კი მე-8 ადგილ­ზეა[5].

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულის შემცირება ამ პერიოდ­ში 0,3-ით ძირითადად გამოწვეულია სასამართლო ეფექტურობის მკვეთრი ვარდ­ნით. საინტერესო მაჩენებლებით ხასიათდება ეს მონაცემები ცალკეული კომპო­ნენტების მიხედვით. ასე, საკუთრების უფლებები - 65,9-ია, მთავრობის მთლია­ნობა - 58,8, სასამართლო ეფექტურობა - 54,6, ბიზნესის თავისუფლება-85,8, შრომის თავისუფლება - 76,6, მონეტარული თავისუფლება - 76, მთავრობის ხარჯები - 73,6, საგადასახადო ტვირთი - 87,1, ფისკალური მდგომარეობა - 93,9, ვაჭრობის თავისუფლება - 88,6, ინვესტიციის თავისუფლება - 80, ფინანსური თავისუფლება - 70[6].

მეტად საინტერესო ანალიზის საშუალებას იძლევა 1 და2 ცხრილი, სადაც მოცემულია საქართველოს რეიტინგი 2012-2019 წლებში და ქულები კომპონენტების მიხედვით.

1-ლი ცხრილის მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2012 წელს საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით 34-ე პოზიციაზე იმყოფებოდა, ხოლო შვიდი წლის შემდეგ მე-16-ზე  გადმოვიდა ანუ 18 პოზიციით წინ წაიწია. ამ მაჩვენებლის ასეთი სწრაფი ცვლილება გამოწვეულია სათანადო კომპონენტების გაუმჯობესებით, რომელიც მოცემულია მე-2 ცხრილში. უნდა აღინიშნოს, რომ რეიტინგის მიხედვით  ქვეყნები მთლიანად იყოფა ოთხ ნაწილად, ესენია: თავისუ­ფალი -100-80, უმეტესად თავისუფალი - 79,9-70, ზომიერად თვისუფლალი - 69,9 -60 და უმეტესად შეზღუდული -59,9-50. ამ კრიტერიუმების მიხედვით საქართველო უმეტესად თავისუფალ ზონაში იმყოფება, რაც უდაოდ დადებით ტენდენციად უნდა ჩაითვალოს. ამასთან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყნის ახალი სამთავ­რობო პროგრამა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებლებს, რაც თავის ასახვას ჰპოვებს ქვეყნის საერთო რეიტინგზე.

ცხრილი 1

 

წყარო: 2019 Index of Economic Freedom.  http://www.heritage.org/index/book/chapter-1 

ცხრილი 2

 

წყარო: 2019 Index of Economic Freedom.  http://www.heritage.org/index/book/chapter-1 

მე-2 ცხრილის მონაცემები გვიჩვენებს თუ როგორ შეიცვალა კომპონენტების მიხედვით ქულები 2018-2019 წლებში საქართველოში. აქედან ნათლად ჩანს, რომ მათი  მიხედვით თავისუფლების ინდექსი გაიზარდა. ესენია: საკუთრების უფლება, გადასახადების ტვირთი, მთავრობის დანახარჯები, ფისკალური სიჯანსაღე, საინვესტიციო გარემოს თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ საერთო ჯამში ამ ინდექსის გაუმჯობესების ტენდენცია გვაქვს ქვეყანაში, რაც თავის ასახვას პოულობს სიღარიბის პრობლემის გადაწყვეტაშიც.

თუ გადავხედავთ ცხოვრების დონის მაჩვენებლებს ვნახავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში მისი დინამიკა ზრდადი ტენდენციით ხასაითდებოდა. ასე, მაგალითად, სიღარიბის  აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2017 წელს თუ იყო საქართველოში 21,9 %, 2018 წელს -20,1%-მდე დაიწია [Kim A. B., Miller T., 2013]. სტატისტიკური  მონაცემები გვიჩვენებს, რომ ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 2010 წელს იყო - 37,3%, რაც გამოწვეული იყო 2008 წლის ცნობილი მოვლენების შედეგებით.

ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლების მიხედვით შემდეგი სურათი გვაქვს: მედიანური მოხმარების 60%-ს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი საქართველოში 2017 წელს იყო 22,3%, ხოლო 2018 წელს - 20,5 %. რაც შეეხება მედიანური მოხ­მარების 40%-ს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილს,  შესაბამისად შეადგენდა - 8,5 % და 7,6 %-ს [Kim A. B., Miller T., 2013.].

საინტერესო დინამიკით ხასიათდება ჯინის კოეფიციენტის მაჩვენებელი. საანალიზო პერიოდში ეს მონაცემები საგრძნობლად გაუმჯობესებულია, როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების მიხედვით,  საშუალოდ 0,03 კოეფიციენტით [Kim A. B., Miller T., 2013.].

ზემოთ გაკეთებული ანალიზიდან ნათლად ჩანს, რომ თავისუფლების ინდექ­სის დინამიკის დადებითი ტენდენციები ბევრწილად განპირობებულია ცხოვრების დონის პარამეტრების ზრდის შედეგებით.

ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესება  დადებითად აისა­ხება ქვეყნის ისეთ გლობალურ  მიმართულებებზე, როგორიცაა:

ა)   სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელიც  კეთილდღეობის მნიშვნე­ლო­ვანი საზომია;

ბ)   განათლება, რომელიც  მოსახლეობისთვის უფრო ეფექტური ხდება თა­ვი­სუფალი ეკონომიკის პირობებში;

გ)   გარემოს დაცვა.

ქვემოთ მოცემული გრაფიკი 1[7] გვიჩვენებს დადებით ტენდენციებს ეკო­ნომიკური თავისუფლების  ნიშნით.

მეტად მნიშვნელოვანია ეს მიმართულებები.

მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი კეთილდღეობის მნიშვნე­ლოვანი საზომია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით სი­ცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში 2000-დან 2016 წლამდე გაიზარდა 5,5 წლით,  რაც ყველაზე სწრაფი ზრდაა 1960-იანი წლებიდან დაწყებული.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ 2019 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ტოპ ხუთი სწრაფი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში გაცილებით მეტია მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ვიდრე რეიტინგის მიხედვით ბოლო ადგილზე მყოფ ქვეყნებში.

ეკონომიკური თავისუფლება ნიშნავს თავისუფალი განათლების მიღების შესაძლებლობას, რითაც  უმჯობესდება განათლების ხარისხი.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ სიღარიბის შემცირება პირდაპირ კავშირშია უმაღლესი განათლების მიღებასთან. უმრავლეს შემთხვევაში უმაღლესი ხარის­ხიანი განათლების მქონე პირები ცხოვრობენ ნაკლებ სიღატაკეში, რაც პრაქ­ტიკითაა დადასტურებული. ასეთი შედეგი განპირობებულია ადამიანის კრიტი­კული აზროვნების განვითარებით და ღირებული უნარ-ჩვევების შეძენით, რაც მას ხდის მეტად კონკურენტუნარიანს ბაზარზე.

ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას განსაკუთრებული როლი ეკისრება თანამედროების ისეთი საკაცობრიო პრობლემის გადაწყვეტაში, როგორიცაა გარემოს დაცვის უზრუნველყოფა. 1-ლი გრაფიკიდან ჩანს, რომ ეკონომიკური თავი­სუფლება მნიშვნელოვან კორელაციაშია გარემოს დაბინძურების მაჩვენებელთან.

აქედან ცხადია, რომ ქვეყნები, რომლებიც ხელს უწყობენ ეკონომიკურ თა­ვისუფლებას უფრო მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდებიან ისეთი მნიშვნელოვანი პარამეტრებით, როგორიცაა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, განათლებისა და გარემოს დაცვა. ამ მხრივ ჩაკეტილი ეკონომიკის ქვეყნები ბევრად ჩამორჩებიან განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს. 

გრაფიკი 1.

 წყარო: 2019 Index of Economic Freedom.http://www.heritage.org/index/

დასკვნები 

  • ეკონომიკური თავისუფლების არსებობა ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა, რომლის გარეშეც ეკონომიკური ზრდის მიღწევა შეუძლებელია.
  • საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლები ცალკეული კომ­პონენტების მიხედვით უმეტეს შემთხვევაში გაუმჯობესდა, რაც დადებითად აისახა ხალხის  ცხოვრების დონეზე. ესენია: საკუთრების უფლება, გადა­სახადების ტვირთი, მთავრობის დანახარჯები, ფისკალური სიჯანსაღე, საინვესტიციო გარემო, ფინანსური თავისუფლება.
  • ეკონომიკური თვაისუფლების მხრივ მოწინავე ქვეყნების გამოცდილება ადას­ტურებს, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა სახელმწიფო დონეზე ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისათვის უნდა განახორციელონ აქტიური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ფისკალურ სტიმულს, სახელმწიფო ინვესტიციების ზრდასა და უცხოური ინვესტორების მოზიდვას. ასევე მთავა­რია საკუთრების უფლების დაცვის მაღალი ხარისხი, რაც მეწარმეობის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორია.
  • სიღარიბის შემცირება პირდაპირ კავშირშია უმაღლესი განათლების მიღე­ბასთან. უმრავლეს შემთხვევაში უმაღლესი ხარისხიანი განათლების მქონე პირები ცხოვრობენ ნაკლებ სიღატაკეში, რაც პრაქტიკითაა დადასტურებული. ასეთი შედეგი განპირობებულია ადამიანის კრიტიკული აზროვნების განვი­თარებით და ღირებული უნარ-ჩვევების შეძენით, რაც მას ხდის მეტად კონ­კურენტუნარიანს ბაზარზე.
  • მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექ­სის მიხედვით, ტოპ ხუთი სწრაფი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში გაცილებით მეტია მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ვიდრე რეი­ტინგის მიხედვით ბოლო ადგილზე მყოფ ქვეყნებში.
  • ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის ამაღლებას განსაკუთრებული როლი ეკისრება გარემოს დაცვის უზრუნველყოფაში, რომელიც მნიშვნე­ლოვან კორელაციაშია გარემოს დაბინძურების მაჩვენებელთანაც.
  • საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლება განპირობებულია კერძო საკუთრების არსებობით, რაც არჩევანის თავისუფ­ლებას ზრდის, ხელს უწყობს თავისუფალ კონკურენციას და თავისუფალ გაცვლას ბაზარზე.
  • საბაზრო ეკონომიკის პირობებში რეალური ეკონომიკური თავისუფლე­ბი­სათვის საჭიროა გვქონდეს დომინირებადი კერძო საკუთრება. რადგან კერძო საკუთრების დომინირების პრინციპზეა აგებული საბაზრო ეკონომიკა.
  • ზოგადად, ეკონომიკური თავისუფლებისათვის, ისევე როგორც მთლიანად ეკონომიკური სისტემისათვის უმნიშვნელოვანესია რომ ბაზარი იყოს კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული, სადაც ადამიანები გარიგებებს დებენ საკუთარი სარგებლის მაქსიმიზაციიდან გამომდინარე, ყოველგვარი ჩაურევლობის გარეშე მესამე მხარის მიერ. კერძო გარიგებები არის კონკურენციის საფუძველი, ხოლო კონკურენცია ხარისხის და პროგრესის მთავარი პირობაა. ბაზ­რი­ს არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ამ ბაზარზე თავისუფალი გაცვლა ხორციელდება, თუნდაც ის კერძო ბაზარი იყოს. კერძო ბაზრის თავისუფლება დამოკიდებულია, დამოუკიდებელ და ნებაყოფილებით გაცვ­ლაზე, გარიგებებზე რომლებზეც ზეგავლენას არ ახდენს არასაბაზრო სხვა გარემოება.
  • სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვის შემთხვე­ვაში, კლებულობს ადამიანთა კეთილდღეობა და შესაბამისად მცირდება საზო­გადოების შემოსავლები, მცირდება მათი თავისუფლების დონე და ზოგადად საზოგადოება ნაკლებად მსყიდველობითუნარიანი ხდება, აღნიშნული უარ­ყოფით ზეგავლენას ახდენს მთელ რიგ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, განსაკუთრებით კი დანაზოგებზე.
  • სახელმწიფო საკუთრება, რომელიც ამოვარდნილი ბაზრიდან, აქვეითებს ეკო­ნომიკურ თავისუფლებას, ზღუდავს თავისუფალი ბაზრის და თავისუფალი კონკურენტული ფასების არსებობას. ამრიგად კერძო საკუთრების დაცვასთან ერთად ძალზე მნიშვნელოვანია კერძო საკუთრების ფორმირების დონე.
  • ეკონომიკური თავისუფლება, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ ბაზარ­ზე (თავისუფალ გაცვლასა და ფასწარმოქმნაზე), დადებითად მოქმედებს ეკო­ნომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და ზრდის საზოგადოებრივ კეთილდღეობას, როგორც წმინდა ეკონომიკურ მახასიათებლებში, ასევე ცხოვრების ზოგად საზოგადოებრივ სიკეთეთა კრიტერიუმებითაც.
  • ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური თავისუფლების ინდექსების დამოკი­დებულების შესწავლამ გვიჩვენა, რომ საქართველოში ეკონომიკური თავისუფ­ლების ინდექსები ბოლო პერიოდში გაუმჯობესებულია, რაც სამწუხაროდ ეკონომიკურ ზრდაზე შესაბამისად არ აისახება. მაშასადამე, ვერ აისახება კეთილდღეობის და ეკონომიკური წარმატების მთავარ უტყუარ ინდიკატორზე - რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე. ეს გამოწვეულია მისი გაანგარიშების გაუმართავი მეთოდოლოგიის არსებობით.
  • ფაქტობრივად მთლიანობაში კერძო და სახელმწიფო ქონების პროპორციული ურთიერთდამოკიდებულებაზე დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს. ამრი­გად, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსების გაანგარიშების აპრობი­რებული მეთოდები და მაჩვენებლები რეალობას სრულყოფილად ვერ ასახავენ და ეკონომიკური თავისუფლების დონის შესახებ არასრულ წარმოდგენებს ქმნიან (ზოგჯერ გადაჭარბებულად დადებითს და ზოგჯერ პირიქით).
  • საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების მაღალი ქულები ცალკეული კომპონენტების მიხედვით მიღწეულია ბიზნესის, შრომისა და მონეტარულ თავისუფლებაში, საგადასახადო ტვირთების მიხედვით, ფისკალური მდგომა­რეობის გაუმჯობესებით, ვაჭრობისა და ინვესტიციის თავისუფლებით. შედა­რებით დაბალი ქულებით ხასიათდება სასამართლო ეფექტურობისა და მთავრობის მთლიანობის მაჩვენებლები, რომლებიც მოითხოვს სათანადო ღონისძიებების გატარებას სახელმწიფოს მხრიდან მისი გაუმჯობესების კუთხით.
  • შჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისეთი განვითარებადი ქვეყნები­სათვის, როგორიც საქართველოა, უმნიშვნელოვანესი იქნება ოქროს შუალე­დის მოძებნა ეკონომიკურ თავისუფლებასა და სახელმწიფო რეგულირებას შორის. სახელმწიფოს მხრიდან სწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა ეკონო­მიკური სისტემის გაჯანსაღებისა და ბაზრის სუბიექტების რაციონალური ქცევის სტიმულირების მიმართულებით შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითა­მაშოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისათვის. თავის მხრივ, ეკონომიკური თავი­სუფლების განვითარება ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას. კონკურენცია კი წარმოშობს პროგრესს.

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. ბალცეროვიჩი ლ., 2005. "საკუთრებითი უფლებების ანალიზი", თავისუფლების ბიბლიოთეკის კრებულის III წიგნი, ლიბერალიზმი და საკუთრება, თბ.
  2. ბლანშარი ო., 2010, "მაკროეკონომიკა", მე-5 გამოცემა;
  3. ლოკი ჯ., საკუთრეების შესახებ "მეორე თხზულება სამოქალაქო ხელისუფლების შესახებ, თავისუფლების ბიბლიოთეკის კრებული III. "საკუთრება და თავისუფლება".
  4. მექვაბიშვილი ე., 2012, "თანამედროვე მაკროეკონომიკური თეორიები".
  5. ღაღანიძე გ., “ეკონომიკური ინდექსები და ეკონომიკური რეალობა”, “თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი”, სამეცნიერო შრომების კრებული, თბ., 2010.
  6. Kim A. B., Miller T., 2013. ,,Economic Freedom: Global and Regional patterns”
  7. 2019 Index of Economic Freedom.  http://www.heritage.org/index/book/chapter-1
  8. 2019 Index of Economic Freedom.http://www.heritage.org/index/
  9. სემინარი ეკონომიკური თავისუფლება, რეფორმები და ზრდა. 2015.  http://avtok.blogspot.com/2010/05/blog-post_1427.html

[1] 2019 Index of Economic Freedom.  http://www.heritage.org/index/book/chapter-1

[2] 2019 Index of Economic Freedom.http://www.heritage.org/index/

[3] 2019 Index of Economic Freedom.  http://www.heritage.org/index/book/chapter-1

[4] სემინარი ეკონომიკური თავისუფლება, რეფორმები და ზრდა. 2015.  

[5] http://www.doingbusiness.org/

[6] http://www.doingbusiness.org/

[7] სემინარი ეკონომიკური თავისუფლება, რეფორმები და ზრდა. 2015.