English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ მაია გრიგოლია
ფისკალური მულტიპლიკატორის გაანგარიშება დანახარჯები-გამოშვების ცხრილების საშუალებით საქართველოსთვის

რეზიუმე. სტატიაში მოცემულია საქართველოში ფისკალური პოლიტიკის მაკროეკონომიკური ეფექტის შეფასება ფისკალური მულტიპლიკატორის მეშვეობით. შემოთავაზებული ფისკალური მულტიპლიკატორის დათვლის მეთოდოლოგია განსხვავდება კლასიკური განმარტებისგან და იყენებს მცირე, ღია ეკონომიკისთვის დამახასიათებელ ფისკალური მულტიპლიკატორის განმარტებას, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს იმპორტის ინტენსივობას და ახდენს მის ელიმინაციას. იმპორტის ინტენსივობის დადგენა მოხდა დანახარჯები-გამოშვების ცხრილის მეშვეობით. საქართველოსთვის იმპორტის ინტენსივობით გათვალისწინებული ფისკალური მულტიპლიკატორი 1.35 მივიღეთ (2016 წ.).

საკვანძო სიტყვები: ფისკალური პოლიტიკა, ფისკალური პოლიტიკის მულტიპლიკატორი, დანახარჯები-გამოშვების ცხრილი, ეკონომიკური კრიზისი.

შესავალი

მსოფლიოს ბოლო, 2008-2009 წლების ეკონომიკურმა კრიზისმა ფისკალური და ზოგადად მაკროეკონომიკური პოლიტიკის გადახედვა და ხელახალი გააზრება გამოიწვია (Blanchard, O., Romer, D., Spence, M., Stiglitz, J. E. 2012). თუკი კრიზისამდელ პერიოდში მონეტარულ პოლიტიკას როგორც ეკონომიკის მასტიმულირებელ საშუალებას უფრო ხშირად მიმართავდნენ, ფინანსური კრიზისის შემდგომ ეკონომისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ რიგ საკითხებში ფისკალური პოლიტიკა უფრო ეფექტიანია და რწმენა იმის შესახებ, რომ მონეტარული პოლიტიკა უფრო მოქნილია და ადვილად შეიძლება იყოს დაცული პოლიტიკური წნეხებისგან, თანდათან გაქარწყლდა (Blanchard, O., Rajan, R. G., Rogoff, K. S., Summers, L. H. 2016). კრიზისი, რომელიც 2008 წელს განვითარდა იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ეკონომისტების უმრავლესობა ვარაუდობდა და თანდათან ცხადი გახდა, რომ მაკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის შესახებ შეხედულებები უფრო ღრმა შესწავლასა და გამოკვლევას საჭიროებდა.

ფისკალური პოლიტიკის შესაძლო ეფექტიანობის დათვლა, ანუ მთავრობის დანახარჯების ზრდის ან გარკვეული გადასახადების შემცირების ეკონომიკური შედეგების დათვლა  ხდება ფისკალური მულტიპლიკატორების გაანგარიშებით (Samuelson 1948). მაკროეკონომიკის კლასიკური შეკითხვაა, რა ზომისაა სახელმწიფო დანახარჯების მულტიპლიკატორი?  ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა ვერ ხერხდება. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ფისკალური მულტიპლიკატორების შეფასების არსებული მეთოდებით გაანგარიშებულ მნიშვნელობებს დიდი მერყეობა ახასიათებთ, გვხვდება როგორც უარყოფითი მაჩვენებლები, ასევე შეიძლება ვნახოთ კვლევები, რომლებიც დიდ დადებით მაჩვენებელს იღებს შედეგად.

***

კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურაში ვხვდებით სხვადასხვა დასკვნებს მულტიპლიკატორის ზომის შესახებ. ისეთი ცნობილი მეცნიერი, როგორიცაა რობერტ ბარო (Barro 1981), ამბობს, რომ ფისკალური მულტიპლიკატორი დაახლოებით 0.8-ის ტოლია, მაშინ როდესაც რამის (V. A. Ramey 2010) გაანგარიშებით, მულტიპლიკატორი 1.2-თან არის ახლოს, ხოლო ჰოლმა დაასკვნა, რომ  სახელმწიფო შესყიდვების მცირედით უარყოფითი გავლენა  აქვს გამოშვებაზე (Hall 1986). განსხვავებული შედეგების მიზეზების გასაგებად განვიხილოთ რა განსხვავებული მოდელებით შეიძლება შეფასდეს ფისკალური მულტიპლიკატორი.

მაგალითისთვის, ახალი კეინზიანური ლიტერატურა სახელმწიფო დანახარჯების ეფექტიანობას გამოშვებაზე დინამიური ზოგადი წონასწორობის მოდელით აფასებს, სადაც  ფასები და/ან ხელფასები ხისტია. ასეთი  კვლევებია, მაგალითად, რომელიც იყენებს ვექტორულ ავტორეგრესიის მოდელს (VAR) მულტიპლიკატორის შესაფასებლად. ახალი კეინზიანური მოდელების მიხედვით, რომელშიც მომხმარებლის ლიკვიდურობა არ არის შეზღუდული, ფისკალური ექსპანსია ზრდის გამოშვებას, ინფლაციასა და რეალური სარგებლის განაკვეთს, მაშინ როდესაც გავლენა ინვესტიციებზე უცნობია და დამოკიდებულია მოდელში შემავალი პარამეტრების კალიბრაციასა და დაშვებებზე. შესაბამისად, ასეთი მოდელით გაანგარიშებული მულტიპლიკატორები 1-ზე ნაკლებია. გალი და სხვები (Gali, J., Lpez-Salido, J., Valls, J. 2007) აჩვენებენ, რომ თუ მომხმარებლის ლიკვიდურობა საკმარისად მაღალია და შეზღუდული არ არიან საკუთარი განკარგვადი შემოსავლების მართვაში, მოხმარება შეიძლება გაიზარდოს სახელმწიფო დანახარჯების ზრდის საპასუხოდ და მულტიპლიკატორიც მნიშვნელოვნად მაღალი იქნება 1-ზე. გალის მიხედვით (Gali, J., Lpez-Salido, J., Valls, J. 2007), მაგალითად თუ დავუშვებთ, რომ მომხმარებლის ლიკვიდურობის შეზღუდვა აღწევს 50%-ს, მაშინ მულტიპლიკატორი 1.8-ს ტოლია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტი შეფასება იმისა თუ რამდენია ლიკვიდურობის შეზღუდვა და შესაბამისად, სახელმწიფო დანახარჯების ზრდა გამოდევნის თუ პირიქით, ზრდის მოხმარებას, ჯერ კიდევ საკამათოა და შედეგები ურთიერთგამომრიცხავია.

აღსანიშნავია, რომ დაბალი ნომინალური სარგებლის განაკვეთები (Zero Lower Bound-ZLB) მონეტარული პოლიტიკის გავლენის მნიშვნელოვანი შემზღუდველი ფაქტორია განვითარებული ქვეყნებში. მოკლევადიანი დაბალი მონეტარული განაკვეთები ეკონომიკაში იწვევს ლიკვიდურობის ხაფანგს და ზღუდავს ცენტრალური ბანკების შესაძლებლობებს ეკონომიკის სტიმულირების პოლიტიკის გატარებაში. ასეთ დროს ფისკალური პოლიტიკის როლი ეკონომიკაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ქრისტიანომ და სხვებმა (Christiano, L., Rebelo, S., Eichenbaum, M. 2009) აჩვენეს, რომ მონეტარული პოლიტიკის ასეთი პოზიციონირების დროს, ფისკალური პოლიტიკის ეფექტი უფრო ძლიერია და მულტიპლიკატორი 1-ზე მეტია. სახელმწიფო დანახარჯების ზრდა იწვევს გამოშვებისა და ინფლაციის ზრდას, შედეგად მცირდება რეალური სარგებლის განაკვეთი და დადებით გავლენას ახდენს მოხმარებასა და ინვესტიციებზე. მაგალითად, დინამიური სტოქასტური ზოგადი წონასწორობის (Dynamic Stochastic General Equilibrium-DSGE) მოდელის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დაბალი ნომინალური სარგებლის განაკვეთის (ZLB) დაშვებით, რომელიც ვრცელდება 8 კვარტლის მანძილზე, მულტიპლიკატორი მერყეობს 1.9-დან 3-მდე (Christiano, L., Rebelo, S., Eichenbaum, M. 2009).

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული გლობალური ინტეგრირებული მონეტარული და ფისკალური მოდელით (Global Integrated Monetary and Fiscal Model (GIMF)), ფრიდმანი (Freedman, C., Kumhof, M.L.D.M.D.M.S. 2009) ადასტურებს, რომ საკმარისად ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის მქონე ქვეყანაში სახელმწიფო ხარჯების მულტიპლიკატორი შეიძლება იყოს 2 ან უფრო მეტი. ანალოგიური შედეგი მიიღეს ბერნანკემ (Bernanke, B.S., Gertler, M., Gilchrist, S. 1999) და ქრისტიანომ (Christiano, L., Motto, R., Rostango, M. 2010), მათაც აჩვენეს, რომ როდესაც მონეტარული პოლიტიკა შეზღუდულია მცირე ნომინალური სარგებლის განაკვეთით (ZLB), ფინანსური აქსელერატორების შემოღებით იზრდება როგორც მულტიპლიკატორი, ისე გამოშვების რეაგირების მდგრადობა.

დასკვნები ფისკალური მულტიპლიკატორის ზომის შესახებ ასევე დამოკიდებულია იმ მეთოდებზე, თუ როგორ განვასხვავებთ ერთმანეთისგან დანახარჯების ჭეშმარიტად მოულოდნელ შოკს, ეკონომიკური აგენტების მიერ მოსალოდნელი დანახარჯებისაგან. მიდგომა, რომელიც ამჯობინეს ბლანშარმა და პეროტიმ (Blanchard, O., Perotti, R. 2002) და გალიმ (Gali, J., Lpez-Salido, J., Valls, J. 2007) ეყრდნობა გადასახადებზე, ტრანსფერებსა და დანახარჯებზე ინსტიტუციურ ინფორმაციას. მათ ნახეს, რომ კერძო მოხმარება იზრდება ფისკალური ექსპანსიის საპასუხოდ და მულტიპლიკატორი მერყეობს 0.87-დან 2.5-მდე. ამის საპირისპიროდ, რამმა და შაპირომ 1998-ში (Ramey, V. A., Shapiro, M. 1998) და შემდგომ რამმა 2010-ში (V. A. Ramey 2010) გამოიყენეს „ომის მონაცემები“ და ინფორმაცია დანახარჯების შესახებ მოაგროვეს ბიზნეს ჟურნალ-გაზეთებიდან, რათა მოეხდინათ თავდაცვის დანახარჯების არაპროგნოზირებადი ნაწილის იდენტიფიცირება. მათ აჩვენეს, რომ სახელმწიფო დანახარჯების ზრდა გამოდევნის კერძო მოხმარებას და ტიპური მულტიპლიკატორი 1-ზე ნაკლებია.

ამრიგად ორივე, გამოყენებითი თეორიულიც და ემპირიული ლიტერატურაც აჩვენებს, რომ ზოგადი ეკონომიკური სიტუაციაცა და მონეტარული პოლიტიკის პოზიციონირებაც გავლენას ახდენს ფისკალურ მულტიპლიკატორზე. იმის მიხედვით, თუ რა იქნება მონეტარული პოლიტიკის საპასუხო რეაქცია (ფისკალური ექსპანსიით გამოწვეული ინფლაციის საპასუხოდ გაზრდის ნომინალურ სარგებლის განაკვეთებს თუ შეინარჩუნებს ნომინალური სარგებლის განაკვეთს მოცემულ დონეზე და ამით საშუალებას მისცემს რეალური სარგებლის განაკვეთს რომ შემცირდეს), სარგებლის განაკვეთის მიმართ მგრძნობიარე კერძო დანახარჯები შეიძლება გამოიდევნოს ან პირიქით გაიზარდოს. ამ კვლევაში გამოყენებული ფისკალური მულტიპლიკატორის შეფასებისას ვიგულისხმებთ, რომ სარგებლის განაკვეთის მიმართ მგრძნობიარე კერძო დანახარჯები და ინვესტიციები არის მუდმივი (კონსტანტა). აქედან გამომდინარე, სტატიაში წარმოდგენილი მეთოდოლოგია ფისკალური მულტიპლიკატორის კონსერვატიულ შეფასებაა ღრმა მოთხოვნის შოკით გამოწვეული რეცესიის დროს. რა თქმა უნდა, ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ეკონომიკის დასტაბილურებისკენ მიმართული მოქმედება ყველაზე მეტადაა საჭირო. უფრო მეტიც, ჩვენ დავითვლით ფისკალურ მულტიპლიკატორს ღია ეკონომიკისთვის და ძირითად ყურადღებას მივმართავთ იმპორტისადმი მიდრეკილების სწორად გაანგარიშებაზე (Laski. K., Osiatynski, J., Zieba, J. 2010).

ფისკალური მულტიპლიკატორის ტრადიციული გაგება მოცემულია შემდეგი ფორმულით:  dY/dG = 1/(1 – CP + m), სადაც C= C/Y და m = M/Y (Samuelson 1948). თუმცა, ფორმულის სიზუსტე ხშირად ხდება დებატების საგანი, როდესაც მისაღებია გადაწყვეტილება რა პოლიტიკური შედეგები ექნება დამდგარ ან მოსალოდნელ კრიზისთან ბრძოლისთვის სახელმწიფო ვალით დაფინანსებულ საბიუჯეტო დანახარჯების ზრდას, რამდენად მოახდენს ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა ეკონომიკის გამოცოცხლებას და ბიზნესის სტიმულირებას. ამ ფორმულას რამოდენიმე ნაკლოვანება აქვს. მაგალითად, m კოეფიციენტი, რომელსაც მთლიან ეკონომიკაში იმპორტის ინტენსივობას ვუწოდებთ, განსაზღვრულია, როგორც ფარდობა მთლიანი იმპორტის მოცულობასა (M) და მშპ-ს შორის (Y). მცირე ზომის, ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის გამოდის, რომ იმპორტის ინტენსივობა არის 0.7-0.8 და მეტი. სამართლიანი იქნება თუ განვითარებადი ქვეყნისთვის ვივარაუდებთ, რომ Cp (მოხმარების წილი მშპ-ში) დაახლოებით 0.6-ია, 1 - Cp  გამოდის 0.4 და ჯამი (1 - Cp) მარტივად არის 1-ზე მეტი. ე.ი. მცირე, ღია ეკონომიკისთვის ფისკალური მულტიპლიკატორი თითქმის ყოველთვის გამოდის 1-ზე ნაკლები (Laski. K., Osiatynski, J., Zieba, J. 2010).

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ იმპორტის ინტენსივობა კლასიკურად განიმარტება როგორც იმპორტის დამოკიდებულება მთლიანი შიგა პროდუქტის მიმართ (m = M/Y). ეს განმარტება ნიშნავს იმას, რომ იმპორტი არის ადგილობრივი მოხმარების პროპორციული, ე.ი. C+I+G-ის პროპორციული და წმინდა ექსპორტის (X-M)  პროპორციული.  C, I და G სამივე წარმოადგენს საბოლოო საქონელსა და მომსახურებას: მათ შორის ნაწილი არის ადგილობრივი წარმოება, ნაწილი კი იმპორტირებულია. ასევე იმ ნაწილში, რომელიც ადგილობრივად არის წარმოებული, წარმოებისას გამოყენებულია იმპორტირებული შუალედური საქონელი. X-M არ არის საბოლოო საქონელი და მომსახურება, რადგან იმპორტის გარკვეული ნაწილი შუალედური საქონელია, რომელიც გამოიყენება ადგილობრივ წარმოებაში (ე.ი. ადგილობრივ მოხმარების და საექსპორტო საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად). გაუგებარია, რატომ უნდა იყოს იმპორტირებული შუალედური საქონლისა და მომსახურების რაოდენობის განმსაზღვრელი წმინდა ექსპორტი და არა მხოლოდ ექსპორტი, რომელიც საბოლოოა. ე.ი. იმპორტის ის ნაწილი, რომლის ზრდა გამოწვეულია ადგილობრივი წარმოებით, უნდა იყოს ქვეყანაში წარმოებული საბოლოო საქონლისა და მომსახურების პროპორციული (Pusch, T., Rannenberg, A. 2011).

ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, მცირე ზომის ღია ეკონომიკისთვის მეტად თავსებადია შემდეგი მულტიპლიკატორის გამოყენება: dY/dG = (1 - mDA)/(1 - CP(1 - mDA), სადაც, MDA = MDA/DA  თავის მხრივ DA = C+I=G (ადგილობრივი მოთხოვნა), ხოლო MDA არის იმპორტის ის ნაწილი, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ადგილობრივ მოთხოვნას ემსახურება. დასაწყისისთვის, მულტიპლიკატორის გავიანგარიშებთ იმ დაშვებით, რომ რომ იმპორტის ინტენსივობის კოეფიციენტები ადგილობრივი მოთხოვნის სამივე კომპონენტისთვის თანაბარია: mC = mI = mG = mDA. მოგვიანებით ამ დაშვებას მოვხსნით და შევძლებთ დავიანგარიშოთ ცალ-ცალკე კომპონენტებისთვის (მათ შორის G-სთვის). შემოთავაზებული ფისკალური მულტიპლიკატორის ფორმულის მრიცხველი და მნიშვნელიც 1-ზე ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ შედეგად მიღებული სახელმწიფო დანახარჯების მულტიპლიკატორი შეიძლება იყოს 1-ზე ნაკლებიც და 1-ზე მეტიც (Laski. K., Osiatynski, J., Zieba, J. 2010).m კოეფიციენტისგან განსხვავებით, mDA−ის დათვლა შეუძლებელია პირდაპირ ეროვნული ანგარიშებიდან. მის გასაანგარიშებლად საჭიროა დანახარჯები-გამოშვების ცხრილები (Input-Output Table, IOT), რომელიც მიიღება რესურსებისა და გამოშვების ცხრილების[1] მატრიცული გარდაქმნებით (Leontief 1986).

დანახარჯები-გამოშვების ცხრილის (IOT) შედეგად მიღებული ეკონომიკის სტრუქტურული მატრიცები გვეხმარება იმპორტით გამოწვეული ექსპორტის შეფასებაში (Mx) რომელიც მონაწილეობს MDA -ის (და შესაბამისი ინტენსივობის კოეფიციენტის mDA -ის)  გაანგარიშებაში. mDA-ის დასაანგარიშებლად პირველ ეტაპზე განისაზღვრება ექსპორტით გამოწვეული წარმოება ქვეყნის შიგნით. ეს კეთდება ლეონტიეფის შეუღლებული მატრიცის გამრავლებით ადგილობრივი წარმოების ექსპორტზე (Pusch, T., Rannenberg, A. 2011):   

       Yx = (I - A)-1 * X

სადაც, X არის ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ექსპორტის ვექტორი, Yx არის ექსპორტით გამოწვეული მთლიანი წარმოების ვექტორი, A არის ადგილობრივი წარმოების დანახარჯები-გამოშვების კოეფიციენტების მატრიცა, (I - A)-1 აღნიშნავს ლეონტიეფის შებრუნებულ მატრიცას, რომელშიც I არის ერთეულოვანი მატრიცა. ექსპორტით გამოწვეული იმპორტის დასაანგარიშებელი ფორმულა მიიღება შემდეგი ტოლობიდან X = Yx - AYx, რომელიც გვიჩვენებს, რომ ადგილობრივი წარმოების ექსპორტი ტოლია ექსპორტით გამოწვეული მთლიან წარმოებას გამოკლებული ამ წარმოებისთვის საჭირო შუალედური პროდუქტის ღირებულება, რომელსაც გვაძლევს  ნამრავლი AYx(Laski. K., Osiatynski, J., Zieba, J. 2010) (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2016).

შემდეგ, ვიყენებთ დანახარჯები-გამოშვების (IOT) ცხრილიდან მიღებული ეკონომიკის სტრუქტურულ მატრიცას იმპორტირებული საქონლისთვის B, რათა დავადგინოთ იმპორტის ინტენსივობა ექსპორტში, ანუ იმპორტის ვექტორი, რომელიც გამოიყენება ექსპორტით გამოწვეული პროდუქტის შესაქმნელად. იმპორტის ინტენსივობა ექსპორტში დაითვლება შემდეგნაირად (Ludwig, U., Brautzsch, H. U. 2008):

               μx = BYx

μx ვექტორის ელემენტების დაჯამებით მივიღებთ Mx-ს, იმპორტირებული პროდუქტის ჯამურ ღირებულებას, რომელიც გამოიყენება საექსპორტო პროდუქტის წარმოებაში. ამის შემდეგ შევძლებთ დავთვალოთ ფისკალური პოლიტიკის მულტიპლიკატორისთვის საჭირო Mda კოეფიციენტი: mDA - MDA/(C + I + G), არომელშიც MDA = M - Mx - MRX, ხოლო MRx არის რეექსპორტი, რომლის მოცულობაც ცნობილია დანახარჯები-გამოშვების (IOT) ცხრილიდან.

საქართველოს 2016 წლის მონაცემების მიხედვით MX რომელიც ექსპორტით გამოწვეულ ადგილობრივ წარმოებაში იმპორტის დონეს გვიჩვენებს, მივიღეთ 1,624 მილიონი ლარი. საბოლოოდ კი დავთვალეთ MDA რომელმაც 13,652 მილიონი ლარი შეადგინა. შესაბამისად, ავტონომიური დანახარჯების მულტიპლიკატორი კი გამოვიდა:dy / dG = 1.13 , რომელშიც 2016 წლის ეროვნული ანგარიშების მიხედვით: CP = 0.6462. გამოდის, რომ ეკონომიკაში ადგილობრივი მოთხოვნის მიერ დახარჯული ერთი ერთეულის შედეგად დამატებით ადგილობრივ წარმოება 1.13 ერთეულით იზრდება.

ტრადიციულად დათვილი მულტიპლიკატორი, როგორც ზემოთ ვიმსჯელეთ უნდა გამოვიდეს უფრო მცირე, რადგან საქართველოში იმპორტი საკმაოდ მაღალია და შესაბამისად იმპორტის ინტენსივობის როგორც პირდაპირი ასევე არაპირდაპირი გზით (არა პირდაპირში ადგილობრივ წარმოებაში გამოყენებულ იმპორტირებულ შუალედურ საქონელს ვგულისხმობთ) გათვალიწინება ზრდის მულტიპლიკატორის მნიშვნელობას. კლასიკურად დათვლილი მულტიპლიკატორი საქართველოსთვის, dy/dG = 1.05  მივიღეთ. 

საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების ზოგადი დანახარჯების მულტიპლიკატორები შედარებულია პირველ ცხრილში. ზოგადი დანახარჯების მულტპილიკატორის სიდიდეზე ორი კოეფიციენტი მოქმედებს. ქვეყნებში, სადაც მაღალია მოხმარებისადმი მიდრეკილება (CP), მულტიპლიკატორიც უფრო მაღალია და ასევე, სადაც უფრო დაბალია ადგილობრივი მოხმარებით გამოწვეული იმპორტის ინტენსივობა (MDA), მულტიპლიკატორი ასევე უფრო მაღალია. ქვეყნები, რომლებსაც უფრო მეტად განვითარებული აქვთ ადგილობრივი წარმოება და ნაკლებად ხდება მულტიპლიკატორის ეფექტების გადინება, მულტიპლიკატორის სიდიდე უფრო მაღალია. მაგალითად, ასეთი ქვეყნებია გერმანია და საფრანგეთი, სადაც იმპორტის ინტენსივობის კოეფიციენტები 0.19 და 0.18-ია შესაბამისად. გაცილებით მაღალია მულტიპლიკატორი საბერძნეთში, სადაც მულტიპლიკატორის მაღალი მაჩვენებელის ამხსნელი ადგილობრივი მოხმარებისადმი მაღალი მიდრეკილებაა (Cp მაღალია).

ცხრილი 1: იმპორტისინტენსივობადაზოგადიდანახარჯებისმულტიპლიკატორები, ევროკავშირისქვეყნებიდასაქართველო

 

 

სახელმძღვანელო

DA-ს გამოყენებით

 CP

 m

მულტ.

mDA

მულტ.

ავსტრია

0.57

0.48

1.10

0.25

1.30

ბელგია

0.51

0.74

0.81

0.28

1.13

ჩეხეთი

0.49

0.69

0.83

0.34

0.97

გერმანია

0.58

0.33

1.32

0.19

1.53

ესპანეთი

0.61

0.30

1.44

0.21

1.54

ესტონეთი

0.60

0.81

0.82

0.39

0.97

საფრანგეთი

0.57

0.26

1.46

0.18

1.55

საბერძნეთი

0.76

0.30

1.85

0.22

1.90

უნგრეთი

0.57

0.67

0.91

0.29

1.18

ირლანდია

0.45

0.70

0.81

0.30

1.03

იტალია

0.60

0.25

1.54

0.18

1.62

ლიეტუვა

0.65

0.65

1.00

0.32

1.24

პოლონეთი

0.64

0.36

1.37

0.24

1.49

პორტუგალია

0.67

0.36

1.45

0.24

1.58

რუმინეთი

0.70

0.44

1.34

0.29

1.42

შვედეთი

0.47

0.37

1.12

0.22

1.22

სლოვენია

0.58

0.63

0.95

0.33

1.11

საქართველო

0.65

0.593

1.05

0.3467

1.13

წყარო: (Pusch, T., Rannenberg, A. 2011)[2], ავტორის გაანგარიშება

იმისათვის, რომ გავიგოთ უშუალოდ სახელმწიფო დანახარჯებს რა გავლენა აქვს გამოშვებაზე, მოდელში უნდა მოვხსნათ დაშვება იმპორტის ინტენსივობის კოეფიციენტების ტოლობის შესახებ. ანუ: mCP ≠ mI ≠ mG. შესაბამისად შეიცვლება მულტიპლიკატორის ფორმულაც.

mG წარმოადგენს იმპორტის ინტენსივობას სახელმწიფო დანახარჯებში (სახელმწიფოს მიერ მოხმარებულ საბოლოო საქონელსა და მომსახურებაში იმპორტის წილი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს იმპორტის იმ ნაწილს, რომელიც სახელმწიფო მოხმარებით გამოწვეულ ადგილობრივ წარმოებაში მონაწილეობს), ხოლო მულტიპლიკატორის შესაბამისი ფორმული გამოვა:  (Laski. K., Osiatynski, J., Zieba, J. 2010).

დანახარჯები-გამოშვების ცხრილის (IOT) ცხრილის საშუალებით დავითვალეთ, იმპორტის ინტენსივობის ჩაშლა ადგილობრივი მოხმარების კომპონენტებისა და ექსპორტისთვის, ასევე შესაბამისი იმპორტის ინტენსივობის კოეფიციენტები (იხ. ცხრილი 2). ჯამში 2016 წელს, 20,188 მილიონი ლარის იმპორტი განხორციელდა. როგორც მოსალოდნელი იყო იმპორტის ყველაზე დიდი წილი შინამეურნეობების მოხმარების კომპონენტზე მოდის (43.4%), შემდეგი კომპონენტი, რომელიც ჯამური იმპორტის 32.4%-ის ითვისებს არის ექსპორტი, მესამე ადგილზე იმპორტის ათვისებით არის ინვესტიციები (18.8%) და ბოლოს, სახელმწიფო მოხმარება, რომლიც ჯამური იმპორტიდან 5.4%-ს ითვისებს.

ადგილობრივი მოთხოვნით გამოწვეული ადგილობრივი წარმოება წარმოშობს მოთხოვნას იმპორტზე (ძირითადად შუალედურ საქონელსა და მომსახურებაზე). IOT-ის მეშვეობით დავთვალეთ, რომ შინამეურნეობების მიერ იმპორტის ათვისების 74% არის საბოლოო საქონლისა და მომსახურების სახით, ხოლო დანარჩენი 26% არის ადგილობრივ წარმოების მიერ იმპორტირებული შუალედური საქონელი. ექსპორტის მიერ ათვისებული იმპორტის 75.2% პირდაპირ რეექსპორტის სახით გავიდა საქართველოდან (4,912 მილიონი ლარი), ხოლო 24.8% მოხმარდა საექსპორტო საქონლისა და მომსახურების წარმოებას. ინვესტიციების სექტორი ათვისებული იმპორტის 45%-ს შუალედური სახით მოიხმარს. და ბოლოს, სახელმწიფო სექტორი მთლიანი ათვისებული იმპორტის 45.5%-მა მოიხმარა საბოლოო საქონლისა და მომსახურების ფორმით, ხოლო სახელმწიფოს მოხმარებით გამოწვეული იმპორტის 55.5% იმ ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად, რომელიც სახელმწიფომ მოიხმარა.

ცხრილი 2: იმპორტისჩაშლა 2016 , დანახარჯები-გამოშვებისცხრილის (IOT)მიხედვით

საბოლოო მოხმარების კომპონენტები

იმპორტი (მილიონი ლარი)

იმპორტის ნაწილი, რომელიც ემსახურება შესაბამისი მოხმარების კომპონენტს

იმპორტის ინტენსივობის კოეფიციენტები საბოლოო მოხმარების კომპონენტებისთვის

ადგილობრივი წარმოებით გამოწვეული

საბოლოო საქონელი და მომსახურება

 MCP

2275.61

6477

8752.61

  MCP = 0.398

 MI

1718.39

2081

3799.39

M= 0.341

 MG

598.82

501

1099.82

M= 0.176

 MX

1624.02

4912

6536.02

M= 0.442

 

 

 

იმპორტისულ

20188

MDA = 0.347

წყარო: ავტორის გაანგარიშება

იმპორტის ინტენსივობის კოეფიციენტების გაანგარიშების შემდეგ კი შეგვიძლია ვნახოთ სახელმწიფო დანახარჯების მულტიპლიკატორი : dY / dG = 1.35 . სახელმწიფო მიერ დახარჯული ერთი ერთეული, ადგილოვრივი წარმოების ზრდას დაახლოებით 1.35 ერთეულით იწვევს.

საქართველოსა და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნისათვის მულტიპლიკატორებისა და კოეფიციენტების შედარებით ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებაა იმპორტის ინტენსივობებს შორის შინამეურნეობების მოხმარებაში (იხ. ცხრილი 3). საქართველოში იმპორტის ინტენსივობის კოეფიციენტი როგორ პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ სახელმწიფო მოხმარებაში 0.18-ია, როდესაც გერმანიაში იგივე მაჩვენებელი 0.08 და საფრანგეთში 0.09. შესაბამისად, მოსალოდნელიც არის რომ იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო მოხმარებაში იმპორტს ნაკლები წილი უკავია, მულტიპლიკატორიც უფრო მაღალი იქნება, სახელმწიფოს მიერ დანახარჯებს ადგილობრივ წარმოებაზე უფრო დიდი გავლენა ექნება იმ ქვეყნებში, სადაც იმპორტის მონაწილეობა შედარებით დაბალია. შესაბამისად, გერმანიისა და საფრანგეთის ფისკალური მულტიპლიკატორები უფრო დიდია (1.71 და 1.69 შესაბამისად), ვიდრე საქართველოს მულტიპლიკატორი, რომელიც 1.35-ია. საქართველოს მაჩვენებელი დაახლოებით იგივეა რაც ესტონეთის, სადაც სახელმწიფო მოხმარებაში იმპორტის ინტენსივობა ასევე 0.18-ია.

ცხრილი 3: იმპორტისინტენსივობა, მოხმარებისადმიმიდრეკილებადასახელმწიფომოხმარებისმულტიპლიკატორი

 

 

G-მულტიპლიკატორი

 CP

 MG

მულტ.

ავსტრია

0.57

0.12

1.57

ბელგია

0.51

0.12

1.39

ჩეხეთი

0.49

0.19

1.21

გერმანია

0.58

0.08

1.71

ესპანეთი

0.61

0.11

1.72

ესტონეთი

0.60

0.18

1.34

საფრანგეთი

0.57

0.09

1.69

საბერძნეთი

0.76

0.09

2.26

უნგრეთი

0.57

0.15

1.44

ირლანდია

0.45

0.14

1.27

იტალია

0.60

0.07

1.81

ლიეტუვა

0.65

0.13

1.54

პოლონეთი

0.64

0.09

1.82

პორტუგალია

0.67

0.09

1.85

რუმინეთი

0.70

0.18

1.74

შვედეთი

0.47

0.11

1.40

სლოვენია

0.58

0.15

1.43

საქართველო

0.65

0.18

1.35

წყარო: (Pusch, T., Rannenberg, A. 2011), ავტორის გაანგარიშება

დასკვნა

საქართველოსთვის, როგორც მცირე ზომის ღია ეკონომიკისთვის, იმპორტის გათვალისწინება მაკროეკონომიკური ფაქტორების შეფასებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით სტატიაში გამოყენებულია ფისკალური მულტიპლიკატორის შეფასების ის მოდელი, რომელიც ადგილობრივ მოხმარებასა და ექსპორტში იმპორტის ინტენსივობას ითვალისწინებს. დანახარჯები-გამოშვების ცხრილზე დაყრდნობით ვაჩვენეთ, რომ 2016 წლის იმპორტის 43.3% შინამეურნეობები მოიხმარენ, ხოლო 32.4% გადის  ექსპორტზე. იმპორტის ათვისების შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს ინვესტიციებს (18.8%) და  სახელმწიფო მოხმარებას (5.4%).  ამასთანავე, შინამეურნეობების მიერ იმპორტის ათვისების 74% არის საბოლოო საქონლისა და მომსახურების სახით, ხოლო დანარჩენი 26% არის ადგილობრივ წარმოების მიერ იმპორტირებული შუალედური საქონელი. ექსპორტის მიერ ათვისებული იმპორტის 75.2% პირდაპირ რეექსპორტის სახით გავიდა საქართველოდან, ხოლო 24.8% მოხმარდა საექსპორტო საქონლისა და მომსახურების წარმოებას. ცხადია, რომ მაღალი იმპორტის მქონე ქვეყნებისთვის ერთობლივი მოთხოვნის წასახალისებლად გაზრდილი სახელმწიფო დანახარჯების მიერ შექმნილი ეფექტების გადინება ხდება. ამ გადინების გათვალისწინებით მივიღეთ რომ საქართველოში წმინდად ადგილობრივ წარმოებაზე ფისკალური პოლიტიკის გავლენის კოეფიციენტმა 1.35 შეადგინა. რაც უფრო მაღალია ვიდრე ჩეხეთში (მოხმარებისადმი მიდრეკილების დაბალი მაჩვენებლის გამო) და უფრო დაბალია ვიდრე საბერძნეთში (სადაც მოხმარებისამი მიდრეკილება გაცილებით მაღალია). ასევე, საქართველოსთან შედარებით მაღალი მულტიპლიკატორი ახასიათებთ ქვეყნებს, სადაც განვითარებულია ადგილობრივი წარმოება. ასეთი ქვეყნებია მაგალითად გერმანია, საფრანგეთი და ავსტრია (1.71, 1.69 და 1.57 შესაბამისად).

გამოყენებული ლიტერატურა

1. Almunia, M., Benetrix, A., Eichengreen, B., O’Rourke, K., Rua, G. 2010. "From great depression to great credit crisis: similarities, differences and lessons." Economic Policy (Economic Policy) 219-265.

2. Auerbach, A. J., Gorodnichenko, Y. 2010. Measuring the output responses to fiscal policy. NBER working paper.

3. Barro, R. 1981. "Output effects of government purchases." Journal of Political Economy 1086-1121.

4. Bernanke, B.S., Gertler, M., Gilchrist, S. 1999. "The financial accelerator in a quantitative business cycle framework." In Handbook of Macroeconomics, by Woodford, M. Taylor J. B., 1341-1393. Elsevier.

5. Blanchard, O., Perotti, R. 2002. "An empirical characterization of the dynamic effects of changes in government spending on taxes and output." Quartarly Journal of Economics 1329-1368.

6. Blanchard, O., Rajan, R. G., Rogoff, K. S., Summers, L. H. 2016. Progress and Confusion, the State of Macroeconomic Policy. London: The MIT Press.

7. Blanchard, O., Romer, D., Spence, M., Stiglitz, J. E. 2012. In the Wake of Crisis. London: MIT press.

8. Christiano, L., Motto, R., Rostango, M. . 2010. Financial factors in economic fluctuations. ECB working paper N. 1192.

9. Christiano, L., Rebelo, S., Eichenbaum, M. 2009. When is the government spending multiplier large? NBER working paper 15394.

10. Freedman, C., Kumhof, M.L.D.M.D.M.S. 2009. Fiscal Stimulus to the rescue? short-run benefits and potential long0run costs of fiscal deficits. IMP working paper 09/255.

11. Gali, J., Lpez-Salido, J., Valls, J. 2007. "Understanding the effects of government spending on consumption." Journal of the European Economic Association 227-270.

12. Hall, R. E. 1986. "The role of consumption in economic fluctuations." The American Business Cycle: Continuity and Change.

13. Laski. K., Osiatynski, J., Zieba, J. 2010. The Government Expenditure Multiplier and its Estimates for Poland in 2006-2009. Vienna: The Vienna Isntitute for International Economic Stadies.

14. Leontief, V. 1986. Input-Output Tables. New York: Oxford University Press.

15. Ludwig, U., Brautzsch, H. U. 2008. "Has the International Fragmentation of German Exports Passed its Peak?" Intereconomics 176–179.

16. Pusch, T., Rannenberg, A. 2011. "Fiscal spending multiplier calcuations based on Input-Output tables-with an application of EU members." Halle Institute for Economic Research (IWH).

17. Ramey, V. A. 2010. "Identifying government spending shocks: It’s all in the timing." The Quartarly Journal of Economics.

18. Ramey, V. A. 2010. "Identifieng governmrnt spending shocks: It's all in the timing." The Quartarly Journal of Economics.

19. Ramey, V. A., Shapiro, M. . 1998. "Costly capital reallocation and the effects of governement spending." Carnegie Rochester Conference Series on Public Policy.

20. Samuelson, P. A. 1948. "The simple mathematics of income determination." In Income, employment and public policy : essays, by Metzler L. A. New York: W. W. Norton.

21. საქართველოსსტატისტიკისეროვნულისამსახური. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/291/resursebisa-da-gamoqenebis-tskhrilebi.

 


[1] https://www.geostat.ge/ka/modules/categories/291/resursebisa-da-gamoqenebis-tskhrilebi

[2] მსგავსი მეთოდით დათვლილი მულტიპლიკატორები ხელმისაწვდომია ევროკავშირის ქვეყნებისთვის 2005 წლისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარების განაწილება მშპ-ს კომპონენტებზე მნიშვნელოვნად არ მერყეობს საშუალოვადიან პერიოდში, დასაშვებად მივიჩნიეთ ამ მონაცემების საქართველოს 2016 წლის მონაცემებთან შედარება.