English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ანი კალანდია
ბიზნესის კეთების სიმარტივის 2020 წლის რეიტინგი

რეზიუმე

ბიზნესის კეთება მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური ანგარიშის ნაწილია. ეს არის ბიზნესის რეგულირების რაოდენობრივი მაჩვენებელი და საკუთრების უფლების დაცვა. მოხსენებაში განხილულია რეგულაციები, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნეს საქმიანობას. სტატიაში განხილულია კრიტერიუმები, რომლითაც არის შეფასებული ქვეყანა. ძირითადი აქცენტი კეთდება ბიზნესის კეთებაზე, ბიზნესის დაწყების გზებზე, ბიუროკრატიული ზომების, რეფორმების, რესტრუქტურიზაციის მექანიზმების, გადასახადების, კორუფციის დონის, ფინანსური სისტემების სიძლიერეზე. სტატიაში ხაზგასმულია ბიზნესის კეთების, როგორც ძლიერი ინსტრუმენტის მნიშვნელობა, რომელსაც მთავრობები იყენებენ მარეგულირებელი პოლიტიკის შესაქმნელად, სტრუქტურული რეფორმებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას. 

მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად ადგენს რეიტინგს და ავრცელებს ინფორმაციას ბიზნესის წარმოების მდგომარეობის შესახებ. რეიტინგი კეთდება მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის. ბოლო ათწლეულის  მანძილზე საქართველომ ელვისებური სისწრაფით მოახდინა წინსვლა. მაშინ როცა 2006 წელს რეიტინგში  112-ე ადგილის იკავებდა, 2019 წლის მონაცემებით ის საპატიო მე-7ადგილზეა.

საქართველოს ასეთი წარმატება მით უფრო თვალსაჩინოა, რომ ამ მაჩვენებლით იგი ლიდერია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 23 სახელმწიფოს შორის.

ბიზნესის კეთების ინდექსი მოიცავს 10 ძირითად კომპონენტს,  რომელთა შეჯამება ქვეყნის საბოლოო ქულას და რეიტინგს გამოსახავს. საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა (99.3) და ადგილი (მე-2 ადგილი მსოფლიოში) ბიზნესის დაწყების სიმარტივის კომპონენტში აქვს.

ზოგადად, ბიზნეს გარემო მეტად კომპლექსურია და ბიზნესის კეთების ინდექსის კომპონენტების ერთობლიობით მისი შეფასება საკმაოდ რთულია. ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას გასათვალისიწინებელია ის, რომ  ქვეყნის ცხოვრების ნებისმიერი კომპონენტი ბიზნესგარემოა, გავლენების სხვადასხვა დონით. მაგალითად, 2017-2018 წლებში მსოფლიოს დაახლოებით 200 ქვეყანას შორის ყველაზე სწრაფად ეთიოპიის, კოტ-დ’ივუარისა და ბანგლადეშის ეკონომიკები გაიზარდა. ამ დროს, ბიზნესის კეთების რეიტინგში, 190 ქვეყანას შორის, ეთიოპია - 159-ზე, კოტ დ’ივუარი - 122-ზე, ხოლო ბანგლადეში - 176-ე ადგილზეა. ეს მაგალითი იმის მაჩვენებელია, რომ ზემოთ აღნიშნული ქვეყნები ჩვენზე მეტად ღარიბია და სამუშაო ძალა იქ გაცილებით იაფია, უცხოური ინვესტიციების მათთან შედინებაც არაა გასაკვირი. აღნიშნულ ქვეყნებში ის მხარეებიც რომ მოწესრიგებული იყოს, რაც ბიზნესის კეთების რეიტინგში აისახება, კიდევ უფრო სწრაფად განვითარდებოდნენ.

ამგვარად,  ბიზნესის კეთების ინდექსში შემავალ კომპონენტებში მაღალი პოზიცია შეიძლება ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარების გულისხმობდეს, თუმცა ეს ფაქტორი არასაკმარისია ეკონომიკური ზრდისთვის. საქართველოსთვის მე-7 ადგილი, რასაკვირველია, დიდი მიღწევაა, მით უფრო, რომ უშუალოდ მის წინ ამ ინდიკატორით  აშშ-ია, ხოლო მის შემდეგ - გაერთიანებული სამეფო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას სხვა ძირეული პრობლემები აქვს, რისი გათვალისწინებაც აღნიშნულ ინდექსში არ ხდება. ინდექსს აქვს გამიზნული დანიშნულება - შეაფასოს ბიუროკრატიული პროცედურების, იმავე რეგულაციების ტვირთი ბიზნესის კეთებაზე. ინდექსი არ ითვალისწინებს სხვადასხვა გარემოებებს, როგორიცაა: პოლიტიკური სტაბილურობა, საფრთხე ოკუპანტი ქვეყნიდან, კორუფციის და განათლების დონე, კანონის უზენაესობა და სხვა.

იმისთვის, რომ ბიზნესი გააკეთო, კარგია რომ მოწინავე პოზიციაზე ხარ, თუმცა ადგილობრივად უნდა არსებობდეს კვალიფიცირებული მუშახელი, რომლის გამოყენებაც ქვეყანას შეეძლება. როგორც ზემოთ აღნიშნული ინდექსი გვეუბნება, არაადეკვატურად მომზადებული სამუშაო ძალა არის ნომერ პირველი პრობლემა ჩვენ ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის. 

საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება გადახდისუუნარობის და ბიზნესის დახურვის მექანიზმების სრულყოფაზე, რაზეც რეიტინგში დაკავებული ბოლო პოზიცია მიანიშნებს. იმისათვის, რომ ბიზნესმა ეფექტურად ფუნქციონირება შეძლოს და აამაღლოს კონკურენტუნარიანობა, ბიზნესის დაწყების სიმარტივესთან ერთად ასევე გამარტივებული უნდა იყოს ბიზნესის დახურვის პროცესი. კერძო სექტორის მწარმოებლურობის გაზრდის კუთხით, ბიზნესის დახურვის პროცესის გამარტივება შესაძლებელს ხდის კომპანიების მოდიფიკაციას ნაკლებად ეფექტური სფეროდან უფრო პროდუქტიულში და შესაბამისად, ამძაფრებს ბაზარზე კონკურენციას. მთავრობამ ბიზნეს სუბიექტების ინტერესებს უნდა მოარგოს ადმინისტრაციული პროცედურები და კანონმდებლობის და აღსრულების ის მექანიზმები უნდა დახვეწოს,  რომელიც ბიზნესის დახურვასთანაა დაკავშირებული. ასევე, კრედიტორთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა მოხდეს  შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით საქართველოს მთავრობა მუდმივად უნდა ცდილობდეს შეიმუშაოს განახლებული საკანონმდებლო ინიციატივები და რეფორმების ეფექტურად განხორციელების უზრუნველსაყოფად, მოახდინოს მიმდინარე რეფორმების ადმინისტრირება.

მთავრობის საგადასახადო პოლიტიკა ორიენტირებულია ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის შექმნას ინვესტორებისთვის მიმზიდველი და სტაბილური საგადასახადო გარემო. საქართველო-ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, დაგეგმილია საბაჟო კანონმდებლობის მისადაგება ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

მსოფლიო ბანკის რეიტინგის ინდიკატორებში ასახული წინსვლა ამყარებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ შეფასებებს, რომ საქართველო ითვლება ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმატორ ქვეყანად. ამავე დროს, ქვეყანაში მიმდინარე სისტემური რეფორმები მკაფიოდ კვეთს უახლოეს მომავალში ქვეყნის საერთაშორისო პოზიციის კიდევ უფრო გამტკიცების პერსპექტივებს, რაც ბუნებრივია დადებით ასახვას ჰპოვებს ინვესტიციების გაზრდილ ნაკადებზე, დასაქმებაზე და ეკონომიკურ ზრდაზე.