English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ლევან კიკილაშვილირუსუდან კვარაცხელია
ეკოქალაქის როლი და მნიშვნელობა ადამიანის სიცოცხლის ხარისხის ამაღლებაში

რეზიუმე. საქართველო განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანაა და ის მუდამ დგას თანამედროვე გამოწვევების წინაშე. ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნებრივი ლანდშაფტის გამო,  სახელმწიფო ახალი სოციალურ-ეკონომიკური კუთხით განვითარების გზაზეა და განხორციელებას იწყებს მრავალი ტექნოლოგიური სიახლე. მიუხედავად ამისა, დიდ ქალაქებში ჭარბობს სხვადასხვა დაავადების გამომწვევი რისკფაქტორი, რაც ხშირად დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასა და მწვანე ეკოსაფარის სიმცირესთან. კვლევის მიზანია საქართველოში გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული და ჯანმრთელობის გაუარესებაზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა. რესპოდენტთა გამოკითხვა მოხდა წინასწარ სტრუქტურირებული კითხვარის გამოყენებით და თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა  ექსპერტთა(10) სიღრმისეული გამოკითხვა ფოკუსჯგუფის მეთოდით. თვისებრივი კვლევისას, ექსპერტებიც აღნიშნავდნენ, რომ დაბინძურებულია მათი საცხოვრებელი ადგილი, მდგომარეობა კი ძალიან მძიმეა. დიდი ქალაქებისკენ შეინიშნება მოსახლეობის შიდა მიგრაცია მუნიციპალიტეტებიდან, რაც არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს თუნდაც დედაქალაქს, რადგან თითოეულ ადამიანს სჭირდება თავისი ადგილი, რათა კომფორტულად იგრძნოს თავი,  ქ. თბილისი კი ქვაბულია და ვერ ხდება გამტარი, ათეულ ათასი ადამიანის ყოველდღიური საჭიროებების მიღებისა. კვლევის დასასრულს,  შემუშავდა ეკოქალაქის მოწყობის მაკეტი, შემდეგ კი ბინების ოთახებში, სასარგებლო მცენარეთა, ასევე მიკრომწვანილთა მოსაყვანად შესაბამისი სტანდარტის თაროები.

საკვანძო სიტყვები: ინოვაცია-ნოვაცია, ეკოქალაქი, უნარჩენო ტექნოლოგიები, დაავადებების პრევენცია, ეკონომიკური გაძლიერება.

შესავალი

ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად გულისხმობს გარემოს დაცვასა და სურსათის უვნებლობის საკითხს,რაც განპორობებულია ადამიანის ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლის ხარისხის ამაღლების კუთხითაც. თანამშრომლობა მიზნად ისახავს გარემოს ხარისხის შენარჩუნებას, მის გაუმჯობესებას და რეაბილიტაციას, ბუნებრივი რესურსების გონივრულ და მდგრად გამოყენებას. ასევე შეთანხმება მოიცავს გარემოს დაცვის სფეროში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საერთაშორისო  სტანდარტების დონის ზრდას, ხელშეწყობასა და ზრუნვას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: გარემოსდაცვითი მმართველობა, გარემოზე ზემოქმედების შეფასება, მონიტორინგი, ზედამხედველობა და აღსრულება, ასევე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, გარემოს სტრატეგიული შეფასება, დაგეგმვა, საინფორმაციო სისტემების გამართვა და ინფორმაციის საჯაროობა; ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაცია; ჰაერის და წყლის ხარისხი; წყლის რესურსების მართვა, ნარჩენების მართვა; ურბანული დაბინძურება; ინდუსტრიული საფრთხეები; ქიმიური ნივთიერებების მართვა.

ადამიანის საცხოვრებელი გარემო პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხარისხზე. რისკის ფაქტორი არის ყველგან. ეს არის ჰაერის დაბინძურება (შიდა და გარე ჰაერის ხარისხი), არაადეკვატური წყალი (სანიტარია და ჰიგიენა), ქიმიკატები და ბიოლოგიური აგენტები, რადიაცია, აგრარული ნარჩენები (შხამ-ქიმიკატებითა და პესტიციდებით დაბინძურებული ჩამდინარე წყლები), სამშენებლო რისკი (მასალები), გზები, კლიმატის ცვლილება, შრომის რისკი, ხმაური.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაში დიდი ყურადღება ექცევა მყარი ნაწილაკების ზომებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

რაც შეეხება წყალს, ძირითადი დაბინძურება საყოფაცხოვრებო სექტორიდან ხდება, ზედაპირული წყლის ობიექტებში გაუწმენდავი ურბანული ჩამდინარე წყლების ჩაშვების გზით. ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან, გრუნტის წყლებში ხვდება პესტიციდები, ნიტრატები, მცირე რაოდენით ფოსფატებიც.[7] დიდი პრობლემაა შხამქიმიკატების უკონტროლო და დაბალი განათლების პირობებში მათი არასწორი გამოყენება. ყოველწლიურად წყლისმიერი დაავადებების დაახლოებით 250 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 5-10 მილიონი ლეტალურად სრულდება.[8]

2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ავადობასა და მოკვდაობას 71%-ით არაგადამდები დაავადებები იწვევს. მსოფლიო ეკონომიურ ფორუმის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით  ამ პათოლოგიებით გამოწვეული გლობალური ტვირთი ბოლო ათწლეულში 47 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევს. ეს და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი ადასტურებს, რომ დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაავადებათა პრევენციის კუთხით, ასევე მეტი ინფორმაციის მიწოდება ბიზნეს-სექტორისთვის, რათა მათ გაუჩნდეთ ინტერესი და გაიაზრონ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ტექნოლოგიებისა და მათი დანერგვის აუცილებლობა. არაგადამდები  დაავადებების საფუძველზე გამოწვეული მოკვდაობის დიდი  წილი  მოდის კარდიოვასკულარულ  დაავადებებზე. განსაკუთრებით ასეთია: გულის ინფარქტი,  ინსულტი,  ასევე მოკვდაობას განაპირობებს სიმსივნეები, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, როგორიცაა ქრ.ობსტრუქციული ფილტვის დაავადება, ასთმა, დიაბეტი.

მდგრადი განვითარების მიზნების (SDG goals) მესამე მიზანი (SDG 3) – ცალსახად გულისხმობს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ყველა ასაკში (Ensure health and promote well  being  for  all  age), მეოთხე  ამოცანა კი მიმართულია (SDG  3.4) იმაზე, რომ არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილობა შემცირდეს მინიმუმ ერთი მესამედით, პრევენციისა და მკურნალობის გზით, მენტალური ჯანმრთელობის პოპულარიზაციით.

საქართველოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2014 წელს სიკვდილიანობის 94% სწორედ არაგადამდები დაავადებებითაა გამოწვეული. ბოლო წლების განმავლობაში კი არაგადამდები დაავადებების სიხშირე მზარდია ქვეყანაში.[9]

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოიკვეთა ის რისკის შემცველი ფაქტორები, რაც ხელს უწყობს არაგადამდები დაავადებების გავრცელებას, შესაბამისად მათგან გამოწვეულ სივდილიანობის რისკს ზრდის. ეს ფაქტორებია: დაბალი ფიზიკური აქტივობა, თამბაქოს მოხმარება, (მათ შორის პასიური), ალკოჰოლი და არარაციონალური კვება(რომელშიც ძირითადად შაქრის, ცხიმების და მარილის ჭარბი ოდენობა ფიქსირდება). არაგადამდები დააავადებების რისკ-ფაქტორების კვლევა(STEPwiseapproachtoNCDSurveillance–STEPS) ჩატარდა საქართველოშიც, ორ ეტაპად, ეს იყო 2010 და 2016 წელს. როგორც კვლევით დადგინდა, რაციონალური კვების კომპონენტი, ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორია დაავადებების გავრცელების. მოსახლეობის დაახლოებით 63% ვერ იღებს ხილისა და ბოსტნეულის დღიური ნორმით განსაზღვრულ რაოდენობას.

ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა მძიმე მეტალები. უკანასკნელი საუკუნის მანძილზე  მათი მოცულობა გარემოში შესამჩნევად გაიზარდა. მსოფლიო დონეზე, მრავალი კვლევაც ადასტურებს, რომ ყოველდღიური მოხმარების საგნები, ჰიგიენის საშუალებები, საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნები, სტომატოლოგიური მომსახურებისას გამოყენებული ნივთები, სიგარეტები და ა.შ., შეიცავს მძიმე მეტალებს. ცნობილია, რომ ის, რაც კანს ეხება, ყველაფერი გადადის ჩვენს ორგანიზმში, აღწევს უჯრედებში, რაც საბოლოოდ ნივთიერებათა ცვლის საფუძველზე ადამიანის ავადობისა თუ ჯანმრთელობის საფუძველია. მძიმე მეტალებს შეუძლიათ დნმ-ის დაზიანება, ენდოკრინული სისტემის მოშლა (რაც ხშირად სიმსუქნის, დიაბეტის და სხვ. დაავადებების მაპროვოცირებელია). მძიმე მეტალებით დაბინძურებისგან გასათავისუფლებად ორგანიზმი დიდ ძალისხმევას სწევს დეტოქსიკაციისთვის, რაშიც უამრავი, ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ საჭირო ნივთიერება იხარჯება. მძიმე მეტალები განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის. მაგალითისთვის, ტყვიით დაბინძურება განსაკუთრებულად საფრთხის შემცველია გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ტყვია, თავისი ბუნებით, კუმულაციური თვისებისაა, მას შეუძლია მნიშვნელოვნად დააზიანოს ნერვული, სისხლმბადი და გულსისხლ-ძარღვთა, ასევე გასტროენტეროლოგიური სისტემები, უარყოფითად იმოქმედოს რეპროდუქციულ სისტემაზე. აღსანიშნავია, რომ ბავშვის ორგანიზმს მეტი ტყვიის შეწოვის უნარი აქვს, ვიდრე მოზრდილისას და შეუძლია შეუქცევადად დააზიანოს მისი ჯანმრთელობა. გლობალურ დაავადებათა თითქმის 0,6%-ის გამომწვევად ტყვია სახელდება.მართალია, განხორციელდა გარკვეული ღონისძიებები, ტყვიის შესამცირებლად ბენზინში, საღებავებში, სანიტარულ ტექნიკაში, თუმცა ეს ნამდვილად არ არის საკმარისი და ვერ გვაჩვენებს პოზიტიურ სურათს, ზოგადად ტყვიის შემცველობაში გარემოსა თუ სხვადასხვა ნივთში. ვიცით, რომ ტყვიის გავრცელება გარემოში ბუნებრივადაც ხდება ვულკანური მასების, გეოქიმიური ამოფრქვევების და ზღვის   შხეფების გზით, თუმცა მას ემატება ადამიანის საქმიანობაც. ტყვია, გარემოში  მოხვედრის შემდეგ,   საკმაოდ მყარად ინარჩუნებს მდგრადობას, ასევე მას ახასიათებს გადაადგილების მაღალი პოტენციალი, შესაბამისად, აბინძურებს ტერიტორიულად საკმაოდ  შორეულ ადგილებსაც კი.

მძიმე მეტალებისგან გასათავისუფლებლად ორგანიზმს დიდი ძალისხმევა სჭირდება. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომლებიც მას ამ საქმიანობაში ეხმარებიან, ასეთია: ქინძი, ნიორი, ლიმონი, ბროკოლი, სატაცური, ჭარხალი, პომიდორი, მოცვი, მწვანე ჩაი, ბაყაყურა, ქლორელა, სპირულინა,  კურკუმა,   ჯანჯაფილი. მაგრამ  ეს პროდუქტები აუცილებლად ბიოლოგიურად სუფთა უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში დამატებითი დაბინძურების წყარო ხდებიან. საქართველოს მთავრობის 198-ე  დადგენილების მიხედვით, „ბიოწარმოების შესახებ“ წესები განსაზღვრავს: ბიომეურნეობის მართვის, ბიოპროდუქტის წარმოების, გადამუშავების, ნიშანდების, ეტიკეტირების, დისტრიბუციის, რეალიზაციის, ასევე ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის წესსა და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს[2] შესაბამისად, წესებისა და ბიომეურნეობის პრინციპების დაცვით მიღებულ პროდუქტს ბიოპროდუქტი შეგვიძლია ვუწოდოთ.

არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც პროფილაქტიკის მიზნით იცავენ ჯანსაღი ცხოვრების წესს, იკვებებიან ჯანსაღად, ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას ეწევიან, წელიწადში 1-2 ჯერ სეზონურად ცდილობენ დაისვენონ საკურორტო ზონაში, თუმცა მათგან დამოუკიდებელი მიზეზით, მთელი წლის განმავლობაში, სისტემატურად უწევთ დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება, ვინაიდან ქალაქის პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მეტ-ნაკლებად არადამაკმაყოფილებელია. ასევე არსებობენ ადამინები, რომლებიც გენეტიკური ან მაპროვოცირებელი გარემო პირობების მიზეზით იმყოფებიან სხვადასხვა დაავადების რისკის ქვეშ. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ კატეგორიის ადამიანებისთვის გაშენდეს ეკოქალაქი, სადაც მაქსიმალურად იქნება დაცული მისი ჯანმრთელობის უსაფრთოება, როგორც ჰაერის, კვების, აქტივობის, ასევე ნარჩენების გადამუშავების, თანამედროვე ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიური პირობები. ეკოქალაქი საინტერესო იქნება იმ ტურისტებისთვისაც, რომელთაც იზიდავთ ეკოტურიზმი, მთელი თავისი კომპლექსით, ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს და ტექნოლოგიების გათვალისწინებით. ეკოქალაქი საინტერესო იქნება იმ კატეგორიის ადამიანებისთვისაც, რომლებიც მუშაობენ ფრილანსერებად, მსოფლიოს მასშტაბით, სახლიდან გაუსვლელად. ისინი ქვეყანაში იზიდავენ უცხოურ ინვესტიციებს, ხდება უცხოური ვალუტის შემოდინება. თავად კი გარემოს მხრივ, მუშაობა უწევთ ეკოლოგიურად უსაფრთხო პირობებში, მაშინ, როცა მათი სამუშაო გარკვეული რისკის შემცველია, რადგან ხანგრძლივი დროის მანძილზე კომპიუტერთან მჯდომარე სამუშაოს შესრულება უწევთ.

ეკოქალაქი ჩაერთვება ნარჩენების გადამუშავების ჩაკეტილ სისტემაში. ასევე, ეკოქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის საკვების მოყვანა მოხდება ბიომეურნეობის პრინციპების დაცვით. ეს იქნება თესლბრუნვა, მულჩირება, კომპოსტირება, მეგობარი მცენარეების კვლები, პერმაკულტურისთვის დამახასიათებელი ლანდშაფტის დიზაინი და ა.შ. მცენარეთა მოვლა-მოყვანა უზრუნველყოფილი იქნება ბიოსასუქებითა და ბიოპრეპარატებით. დაირგვება მეტი ჟანგბადის გამოყოფის თვისების მქონე მცენარეები.

დღეს საქართველოში ნარჩენების გადამუშავების კუთხით ყველაზე დიდი პრობლემა არის ნაგავსაყრელები. ნაგავსაყრელ პოლიგონებზე ხვდება ყველა სახის ნარჩენი, განურჩევლად წარმოშობისა, მათ შორის ხვდება ორგანული ნარჩენებიც, ასევე მყარი ნარჩენები, ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში, სერიოზულ ზიანს აყენებენ გარემოსა თუ ადამიანის ჯანმრთელობას. შემაშფოთებელი ფაქტია ის, რომ უმეტესწილად ნაგავში საკმაოდ მაღალია სამზარეულოს ნარჩენების წილი. მყარი ნარჩენები იფარება მიწის ფენით, რის შემდეგაც ანაერობულ სივრცეში მიმდინარეობს მათი ლპობის პროცესი. შედეგად გამოიყოფა დიდი რადენობით გაზი - მეთანი, რომელიც საფრხთისშემცველობით 25-ჯერ აჭარბებს ნახშირორჟანგს. არანაკლებ პრობლემური საკითხია სოფლის მეურნეობაში არსებული ორგანული ნარჩენები. მათი უდიდესი ნაწილი მოსახლეობის მიერ იწვება, ეს მეორე უკიდურესობაა - წვის შედეგად გარემოში გამოიყოფა დიდი ოდენობით ნახშირორჟანგი, კარცენოგენები, მძიმე მეტალები.[4]

განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად ინერგება ნარჩენების შემცირების, მეორადი გამოყენებისა და გადამუშავების პრაქტიკა. რა თქმა უნდა, მოსახლეობის ზრდასთან ერთად მეტი რაოდენობის ნარჩენი გამოიყოფა და შენდება ახალი ნაგავსაყრელები. ეს ერთი მხრივ,გაზრდილი ეკონომიკური დანახარჯია, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება კი მზარდია. მსოფლიოს ბევრ  განვითარებულ ქვეყანაში დანერგილია ნარჩენების მდგრადი მართვის 4R ინიციატივა.[6] აღნიშნული ინიციატივის ზედმიწევნით შესასრულებლად საჭიროა ნარჩენების წყაროს დახარისხება, ვინაიდან გაცილებით ეფექტიანია სეპარირებული ნარჩენების გადამუშავება.

მოკლედ შევეხებით კომპოსტირებას. ამ პროცესში ძირითადად მონაწილეობს ცოცხალი ორგანიზმების ორი ჯგუფი: მიკროორგანიზმები და უხერხემლოები.  ორგანული მასის დაშლისა და სითბოს გამოყოფის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ აერობული ბაქტერიები.საკომპოსტე გროვაში ცოცხალი ორგანიზმები იყოფა სამი სახის მომხმარებლებად: პირველი დონის მომხმარებლები, რომლებიც ხდებიან საკვები არე მეორე დონის მომხმარებლებისათვის, მეორე დონის მომხმარებლები კი მესამე დონის საკვები ბაზაა.

ბაქტერიები – წარმოადგენენ ერთუჯრედიან უფერო ორგანიზმებს. ისინი მრავლდებიან გახლეჩით და უმოკლეს დროში მილიარდობით შთამომავალს იძლევიან, თუმცა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 20-30 წუთი გრძელდება. ისინი ნებისმიერი სახის ორგანული ნივთიერებებით იკვებებიან.

ფსიქოლოფილური ბაქტერიები – აქტიურნი არიან მაშინ, როცა საკომპოსტე გროვა ახალია. მათ ოპტიმალურ აქტიურობას ადგილი აქვს, როცა გარემოს ტემპერატურა +130 C-ია. ამ ბაქტერიების აქტივობა უზრუნველყოფს საკომპოსტე გროვაში სითბოს წარმოქმნას და კარგ პირობებს ქმნის მეზოფილური ბაქტერიებისათვის, რომლებიც აქტიურდებიან მაშინ, როცა საკომპოსტე გროვაში ტემპერატურა მერყეობს 22-380 C შორის, ხოლო 45-700 C ტემპერატურაზე წინა პლანზე გამოდიან თერმოფილური ბაქტერიები.

აქტინომიცეტები და სოკოები – წარმოადგენენ ორგანიზმებს, რომლებიც საკომპოსტე გროვას მიწის სურნელს ანიჭებენ. კომპოსტირების დასრულების შემდეგ ისინი კომპოსტში მოცისფრო-მონაცრისფრო-მწვანე ფხვნილისებური ან ობობას ქსელის მსგავსი ფენის სახით იმყოფებიან. სოკოები, ზოგადად, აქტინომიცეტებს შეერევიან ხოლმე.

ჭიაყელები – ჭიაყელების კვებითი აქტივობისა და ცხოველმოქმედების შედეგად ხდება ნიადაგის ორგანული ნაერთებით გამდიდრება. ჭიაყელები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გამოყოფილი ფერმენტების საშუალებით ახდენენ ორგანული ნაერთების სწრაფ ბიოქიმიურ გარდაქმნებს ისეთ ორგანულ ნაერთებად, რომლებიც აღადგენენ და ამდიდრებენ ნიადაგს. ჭიაყელების არსებობა არ არის მნიშვნელოვანი ნაყოფიერი ნიადაგისთვის, მაგრამ მათი არსებობა  ნიადაგის ნაყოფიერების საუკეთესო ინდიკატორია. ჭიაყელები ამდიდრებენ კომპოსტს და ხელს უწყობენ მისი ხარისხობრივი მაჩვენებლების ამაღლებას, შესაბამისად, ისინი წარმოქმნიან საუკეთესო ხარისხის კომპოსტს. ამიტომ კომპოსტირების პროცესში აუცილებელია ჭიაყელების კოლონიის საკომპოსტე გროვაში ჩასმა. კომპოსტის დამწიფებას კიდევ 2-3 თვე სჭირდება, რომლის დროსაც ჭიაყელების აქტიური ცხოველმყოფელობის შედეგად კომპოსტი იღებს მუქ ფერს და ხდება ფორიანი. 

შედეგები

თვისებრივი კვლევის ფარგლებში ექსპერტები აღნიშნავდნენ რომ: დაბინძურებულია მათი საცხოვრებელი ადგილი, მდგომარეობა ძალიან მძიმეა და გამოსავლის ძიება საკმაოდ რთულია. უკვე აშენებულ კორპუსებში, ერთეულ ტერიტორიაზე მოსახლეობა აჭარბებს რეკომენდირებულ რიცხვს, რაც არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს თითოეულ მცხოვრებს, რადგან შეზღუდულია პარკინგი, გადაადგილება და სხვა.

   ურბანულ დაგეგმარებაში ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მწვანე არქიტექტურა. ძალიან აქტუალური და საინტერესო მიმართულებაა მდგრადი განვითარება და თანამედროვე ინფრასტრუქტურის როლი ადამიანის კეთილდღეობაში, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული, თუ რა გარემოში ცხოვრობ და ვითარდები. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა: სინგაპური, სამხრეთ კორეა, მალაიზია, დიდი გამოცდილება დააგროვა თანამედროვე არქიტექტურული კომპლექსების შენებაში და საჭიროა მათი შესწავლა.

საინტერესო ფაქტია, რომ დახურულ სივრცეში ცხოვრება, ადამიანებისთვის ფსიქოლოგიურად უფრო მძიმეა, ვიდრე გაშლილ სივრცეში. სწორედ ეს ქმნის იმის მოტივს, რომ მაღალ კამპუსებში წარმოდგენილია სხვადასხვა დახურული ბაღი. მზის ულტრაიისფერი სხივების ქვეშ ყოფნა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აგრეთვე, D-ვიტამინის შევსება.

ბოლო წლებში მეცნიერები ამ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მინის არქიტექტურა არც თუ ისე სასარგებლოა, რადგან მისი გათბობა-გაგრილება საკმაოდ ძვირი ჯდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, გამახვილდეს ყურადღება თანამედროვე ენერგოეფექტურ საშენ მასალაზე, რომელიც უზრუნველყოფს ბინაში სასურველ ტემპერატურას.

მზის ენერგიის ეფექტურად გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბოლო პერიოდში ვითარდება მზის პანელები, მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი 100%-დან თითქმის 78%-მდე აღწევს. მნიშვნელოვანი დატვირთვა ენიჭება ქარის ტურბინებს და ბატარეებს.

მნიშვნელოვანია„Lifeincityforestland”-ის საინვესტიციო წინადადების შეფასება, რაც ინვესტორს დაეხმარება სწორად განსაზღვროს, ღირს თუ არა ინვესტიციის დაბანდება აღნიშნულ ქალაქებში. თუმცა, არანაკლები წვლილი შეიძლება ჰქონდეს სწორედ ამ ესკიზური პროექტის სოციალურ-ეკონომიკურ ჭრილს. აუცილებელია, რომ ადამიანის ყოველგვარი ქმედება, რაც უკავშირდება გარემოს დაბინძურებას, იქნას შეზღუდული და უფრო ეფექტიანი საშუალებებით ჩანაცვლებული.

საქართველოში, დეესპესა „DSP” და ემდეეფის „MDF“ მასალების იმპორტირება ხდება დიდი რაოდენობით, სამწუხაროდ, ინდუსტრიული მერქანი და საწარმოო ტყეები ამჟამად არ გააჩნია  ქვეყანას, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი არჩევანია უცხოური მასალები, რომელიც აქროლვადი წებოთია შეკრული და მისი გაჟონვა, სხვადასხვა დაავადების რისკს ქმნის. ყველაზე ძვირფასი მასალებია ავსტრიული და შვეიცარიული კრონოშპანისა და ეგერის პროდუქცია. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ლაქ-საღებავებსა და მსგავს საშუალებებს ყიდულობს ადამიანი სახლისთვის. ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ ის უკუეფექტი, რაც შეიძლება გამოიწვიოს გაუფრთხილებლობამ და ჯანმრთელობის გაუარესებამ, ქიმიური შენაერთებით გაჯერებული პროდუქტებით მოხმარების შედეგად. პატარა ბავშვების საძინებლები  დამზადებული უნდა იყოს, ნატურალური ხისგან. საავეჯე დეტალები დაწიბოვნებულ უნდა იყოს ყველა მხრიდან, რაც შეამცირებს წებოსა და აქროლვადი ნივთიერებების მასალებიდან გაჟონვას.[3]

დისკუსია

კვლევის შედეგად შემუშავებულ იქნა ეკოქალაქის კონცეპტუალური პროექტი. “Mixproject”-ის ქვეპროექტი „Lifeincityforestland”-ის მიხედვით, ეკოქალაქში მიწაზე ასფალტი არ იქნება დაგებული,საზოგადოება გადაადგილდება დრონებით, ასევე ჰაერში მოძრავი ინოვაციურ-ტექნოლოგიური ტრანსპორტით[1].

თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებლობას იძლევა აშენებულ იქნას ეკოქალაქი ბუნებასთან სრულ თანწყობაში. აღნიშნულ პროექტში, საყრდენი ბურჯები სამკუთხედი შენობების სახით წარმოდგენილია სულ 3-ცალი,საცხოვრებელი კომპლექსები სართულზე 9 ცალი, ორ სართულზე სულ 18 ცალი. შუაში გამჭირვალე მყარი ე.წ მინაა (ბადისებრი უჯრედებით განლაგებული). ეს სივრცე გამოყენებულია ფეხით გადასაადგილებლად და ბადის დასასრულს არის მოაჯირი. იგი მრავალფუნქციურია და მასში დამონტაჟებული ბალიშები საშუალებას იძლევა გადაადგილების დროს ელექტროენერგია გამოიმუშავოს და ღამე გაანათოს. ასევე ბადის უჯრედს ფუნქცია აქვს, როდესაც მასზე დადიხარ გახდეს წამიერად გაუმჭვირვალე და ყველაზე დიდი უპირატესობა მისი, მდგომარეობს იმაში, რომ ჩამონტაჟებული აქვს ინსტალაციები და შეუძლია ნებისმიერი მასალა გაუშვას და ვიზუალურად აჩვენოს 3D-ფორმატში, რაც თავისთავად დაეხმარება ტურისტს, ერთი ფანჯრის პრინციპით დაათვალიეროს არსებული რეგიონი და დაგეგმოს ტური მისთვის სასურველ ადგილას. ამ ტექნოლოგიის დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს საქართველოში და უკვე გვაქვს შესაძლებლობა, 3D სათვალით ავირჩიოთ ის ტური, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ვიმოგზაუროთ რეგიონებში ადგილიდან გაუსვლელად.[5]თუმცა, იგი ასევე ხელს შეუწყობს დიზაინერებს, IT-სფეროს წარმომადგენლებს ცხოვრების ჯანსაღი და ნაყოფიერი წლების გატარებაში,რათა სახლიდან გაუსვლელად იმუშაონ “Freelancer”-ობით. ისინი შეიძლება ცხოვრობდნენ მშვიდად, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მეგობრულ ეკობინებში და ყველაფერთან წვდომა ჰქონდეთ ელექტრონულად. ყველა ბინას სახურავზე თან ახლავს დრონის დასაჯდომი მრგვალი არეალი. სამკუთხედის ფორმის შენობას, საყრდენის ფუნქციაც აქვს და სხვა დანიშნულებითაც შეიძლება, მისი გამოყენება. ადამიანებს მიეცემა სრულ რეკრეაციაში განტვირთვის, დასვენებისა და მუშაობის შესაძლებლობა. ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ მიეწოდოს აქ მცხოვრებ მოსახლეობას. თუმცა, რაც შეეხება კალანიზაციას, შესაძლებელია, რომ გამოყენებული იყოს თანამედროვე ბიოტუალეტი, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, გადამუშავდეს ფეკალური მასა და გამოიყოს სუფთა ტექნიკური წყალი, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა ხეთა დამატებითი მორწყვისთვის მიეცემა მაღალი ტემპერატურის დროს.

ჩვენს მიერ შემუშავებულ იქნა ბინის ინტერიერის დიზაინი, რომლის დაგეგმარება უნიკალურია, რადგან მასში მცხოვრებ ადამიანებს შეეძლებათ ხედი ჰქონდეთ ბუნებაზე და თავი აარიდონ დაბინძურებულ არეალში ცხოვრებას. ინტერიერში კედლის დასასრულსა და ჭერის დასაწყისთან ყველაზე მაღალ წერტილებში განლაგებულია დახურული თაროები. მოქნილი, ჭერზე დამონტაჟებული სრიალა მექანიზმით შესაძლებელია თაროს გამოცურება ადამიანისთვის მოსახერხებელ ადგილზე. შემდეგ კი გარმონის მსგავსი მექანიზმით დაბლა ჩამოწევა, პროდუქტის კულტივირება ან მოსავლის აღება და ისევ დაბრუნება ვერტიკალური და ჰორიზონტალური გადაადგილებით საწყის პოზიციაზე. სხვა შემთხვევაში თაროში პროდუქტის მოყვანა წარმოებს ავტომატურად, თუ გავითვალისწინებთ, რომ კედელში ჩაშენებულია ჰაერის ფილტრი, წვეთოვანი და დიოდის განათება-შუქის ორი სპექტრით: მცენარის ზრდისთვის, გვჭირდება 450 ნანომეტრი, ეს არის ლურჯი სინათლე, რომელიც ფესვთა სისტემის განვითარებისთვის არის 650 ნანომეტრი, ეს არის წითელი სინათლე. საერთო ჯამში ისინი, ფოთოლისა და მცენარის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ჩვენ შევძლებთ, მოვიყვანოთ ჯანსაღი ბიო მცენარეები (ჯეჯილი, მიკრო მწვანილები და სხვა) ორგანულ ნიადაგზე. ინდივიდს შეეძლებოდა ყოველ 10-დღეში მიეღო სუფთა პროდუქტი, გამორჩეული ვიტამინებითა და მაღალხარისხობრივი საგემოვნო თვისებებით.

ბინის შიდა ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართის ჯამური კვადრატული მეტრის ოდენობა შეადგენს 78-ს. ეს ეფექტიანია, დაახლოებით 2-4 ადამიანის კომფორტულად ცხოვრებისთვის. გარე კედლების სისქე შეადგენს 40 სმ-ს, ხოლო შიდა კედლებისა 15 სმ-ს.

აქტუალური პრობლემაა პლასტმასის საგნების გამოყენება ყოველდღიურობაში და უკვე დგას მათი ჩანაცვლების აუცილებლობის საკითხიც. „Lifeincityforestland”-ის ეკოქალაქში შემცირებული იქნება, პლასტმასის საგნების გამოყენება. განსაკუთრებით სამზარეულოსა და აბაზანის ინვენტარში. ვფიქრობთ, დროულია ფეხი ავუწყოთ, მსოფლიოს ტენდენციებს, რათა პლასტმასის ჩანაცვლება მოხდეს ბუნებრივი მასალით, შუშით და სხვა საშუალებებით.ეკოქალაქის ტერიტორიაზე გაშენებული ხეხილი თუ სხვა მცენარეების მოვლა მოხდება ბიოლოგიურად სუფთა სასუქით, მცენარეთა დაცვის ბიო პრეპარატებით. მითუმეტეს, ბოსტნეული მოყვანილი იქნება მხოლოდ ბიოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიით.

ეკოქალაქში დიდი ყურადღება დაეთმობა ნარჩენების რეციკლირების საკითხს.ნაგავი და სხვა ტექნიკური ნარჩენები დახარისხებული იქნება და მოხდება სხვადასხვა ნარჩენის გადამუშავება. მიწაში იქნება ჩადგმული ბუნკერები და ფართო მილების მეშვეობით მოხდება მათში ნარჩენების ჩაყრა.ტექნიკური სამუშაოების განხორციელებისთვის გამოყენებული იქნება დრონები, ხოლო მათ საშუალება მიეცემა,  გაიტანონ ნარჩენები და სპეციალურ ქარხნებში გადამუშავდეს ისინი.

ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიური ხაზი ისე იქნება აწყობილი, როგორც უნარჩენო ტექნოლოგიისთვის არის დამახასიათებელი. მოხდება ნარჩენებით გარემოს დაბინძურების აღკვეთა; გამოირიცხება ნარჩენების წვა; მოხდება ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია; რა თქმა უნდა, დაინერგება ნარჩენების განცალკავების პრაქტიკაც და სხვა.[10] 

იხილეთ ილუსტრაციები:

ილუსტრაცია 1: კომპლექსის ესკიზ-რენდერი 1.

ილუსტრაცია 2: კომპლექსის ესკიზ-რენდერი 2.

    

  ილუსტრაცია 3:ინტერიერის ესკიზ-რენდერი.

 

 

დასკვნა და რეკომენდაციები

თანამედროვე დაბინძურებულ გარემოს ჭრილში, სულ უფრო ძნელი ხდება, განსაზღვრო ასეთი უნიკალური კონცეპტუალური პროექტის სოციალურ-ეკონომიკური ჭრილი. თუნდაც რამდენი მილიარდი დოლარი ჯდება ადამიანისთვის 1 წლით სიცოცხლის გახანგრძლივება და როგორ დაეხმარება ეს ჯანდაცვის სამინისტროს ავადობის ხარჯების შემცირებაში. ეს მეთოდი სახელმწიფოს დაეხმარება პრევენციული ღონისძიებით მეტი ეფექტიანობის მიღწევაში.

თუკი გვეცოდინება, რომ შესაძლებელია ქვეყანას ჰქონდეს ასეთი სანიმუშო ქალაქები, ეს გახდება უცხოური კაპიტალის შემოდინების გარანტი, რადგან საუცხოო რამ, ყველასთვის მიმზიდველ საგნად გადაიქცევა ხოლმე, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ფრილანსერი ადამიანებისთვის, დელეგაციებისთვის და ა.შ., რადგან ისინი მიიღებენ მაქსიმალურ კომფორტს, ტექნოლოგიის, ინოვაციის, ჯანსაღი გარემოს და თანამედროვე საცხოვრებელი, სამუშაო და მოსასვენებელი კომპლექსის ოთახების ჭრილში.

საზოგადოების  მზაობა მაღალია, რათა იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.საჭიროა ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელება. უმნიშვნელოვანესია საქართველოში მწვანე ეკოინფრასტრუქტურის განვითარება. არსებობს მრავალი შემაფერხებელი ფაქტორი, თუმცა ყველაფერი დაძლევადია და ის, რომ დღეს დაიწყო ამ საკითხზე საუბარი, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. 

გამოყენებული ლიტერატურა: 

  1. საჰაერო გზების პროექტი. https://skyway.capital/წვდომა (2019.10.25)
  2. დიზაინის ნიმუშები 2019. https://drive.google.com/open?id=1L8ehjLCj_v5bwHblaOh7EOmOhnf_1tOp/
  3. ეკოკვლევა 2019.  https://drive.google.com/open?id=1rDavn46wuPiv8lBl-J5AODOYToA11ZDk/
  4. ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 19 ნოემბრის დირექტივა 2008/98/
  5. ვირტუალური რეალობის პროექტი. https://vr-ex.com/წვდომა (2019.10.25)
  6. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების განმარტებითი სახელმძღვანელო.
  7. https://www.ge.undp.org/content/ georgia/ka/home/library/environment_ energy/epr-manual.html თბილისი 2018. წვდომა (2019.10.25)
  1. [7]საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. საინფორმაციო ბიულეტენი „საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი წყლების რაოდენობისა და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ“. 2017 წ.
  2. [8]საქართველოს მთავრობის დადგენილება N58. 2014 წ. “სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის შესახებ“
  3. [9]საქართველოს მთავრობის დადგენილება N4. საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წწ ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.http://gov.ge/files/469_59429_120118_4.pdfწვდომა (2019.10.25)
  4. [10]საქართველოს მთავრობის დადგენილება N198. 2013 წლის 30 ივლისი, ბიოწარმოების შესახებ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1978999?publication=0/წვდომა (2019.10.20)
  5. [11]World Health Organization. Preventing Disease Through Halthy Environments. https://www.who.int/ipcs/features/lead..pdf?ua=1/წვდომა(2019.10.20)