English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ვლადიმერ პაპავა
ეკონომიკურ მეცნიერების ახალი გამოწვევები COVID-19-ის პანდემიის პირობებში

DOI:  10.36172/EKONOMISTI.2020.XVI.04.Papava

ვრცელი რეზიუმე

სტატიაში განხილულია COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეკონომიკური მეცნიერების წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე პრობლემები. ამ კრიზისის ატიპური ხასიათის გამო, ეკონომიკური მეცნიერების მიერ დაგროვილი ცოდნა ეკონომიკის შესახებ ტიპური ან სხვა ატიპური ეკონომიკური კრიზისების პირობებში, ხშირ შემთხვევაში პრაქტიკულად უვარგისია. ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ COVID-19-ის პანდემიისას ეკონომიკა მედიცინის მძევალი ხდება. ეკონომიკური მეცნიერებისათვის ცნობილი მრავალი პრობლემა მოითხოვს ახალ მიდგომებს მათ გადასაჭრელად, როგორც აღნიშნული კრიზისის დროს, ასევე კრიზისის შემდგომ პერიოდში.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური მეცნიერება, COVID-19-ის პანდემია, კორონომიკური კრიზისი, გლობალიზაცია, დეგლობალიზაცია, ეკონომიკის ზომბირება.

COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რაც ეკონომიკური მეცნიერების შესწავლის მთავარი თემაა.

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით ორი ტერმინის - „კორონასა“ და „ეკონომიკის“ - გაერთიანებით შეიქმნა ტერმინი „კორონომიკა“. უკანასკნელი, ეკონომიკური მეცნიერების იმ ქვედარგს აღნიშნავს, რომელმაც უნდა შეისწავლოს კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენა ეკონომიკაზე. ამ ტერმინოლოგიური სიახლის საფუძველზე, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი შეიძლება კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც კორონომიკური კრიზისი.
ამ სტატიის მიზანია კორონომიკური კრიზისის ფონზე ეკონომიკური მეცნიერების ძირითადი პრობლემების განხილვა.

ვინაიდან კორონომიკური კრიზისი უშუალოდ ეკონომიკაში არ წარმოქმნილა, ამიტომ მისი დასრულება სახელმწიფოს მიერ გატარებულ ეკონომიკურ ზომებზე არ არის დამოკიდებული. მაშასადამე, ეს კრიზისი ატიპური ეკონომიკური კრიზისების ჯგუფს მიეკუთვნება.

კორონომიკური კრიზისი უნიკალურია თავისი ატიპურობით და ტიპური თუ სხვა ატიპური კრიზისების შესწავლისას დაგროვილი გამოცდილების გამოყენება მისი გამოკვლევისთვის ყოველთვის არ არის გამართლებული.

კორონომიკური კრიზისის ერთ-ერთი თავისებურებაა ის, რომ ეკონომიკა ხდება მედიცინის მძევალი, რის გამოც ანტიკრიზისული ღონისძიებები პრინციპულად ვერ შეძლებენ ამ კრიზისის დაძლევას. მათი მიზანი მოსახლეობისა და ბიზნესისთვის კრიზისულ მდგომარეობაში ყოფნის შემსუბუქებაა.

კორონომიკურმა კრიზისმა საკითხი „გლობალიზაციის კრიზისის“ და დეგლობალიზაციის პროცესის დაწყების შესახებ განსაკუთრებული სიმწვავით დააყენა. ამ პროცესის ანალიზი აჩვენებს, რომ თავისი ბუნებიდან გამომდინარე ეს დეგლობალიზაცია იძულებითი ხასიათისაა, რაც გამოწვეულია კორონავირუსის მოულოდნელი და ძალიან სწრაფი გავრცელების გამო. პანდემიის და მის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევა პრინციპულად შეუძლებელია გლობალური ხასიათის ზომების გამოყენების გარეშე. სავარაუდოდ, ახლო მომავალისთვის ქვეყნები აუცილებლად უნდა მოემზადონ გლობალიზაციის პროცესის უფრო მაღალ დონეზე განახლებისთვის.

კორონომიკური კრიზისის ფონზე განსაკუთრებით იზრდება სახელმწიფოს როლი. იმის გავთვალისწინებით, რომ არ არსებობს გარანტია იმისა, რომ COVID-19-ის პანდემია მალე დასრულდება და ასევე არსებობს, ამჟამინდელის მსგავსი, ახალი კრიზისების წარმოქმნის საშიშროება, სახელმწიფოს როლის ზრდა სპეციალურ შესწავლას მოითხოვს.

კორონომიკურმა კრიზისმა გაამწვავა ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები. ამ კონტექსტის გათვალისწინებით აუცილებელია თითოეული შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონების სასურსათო უსაფრთხოების ასამაღლებად.

კორონომიკურმა კრიზისმა და ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა ბევრ ქვეყანაში განაპირობა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის და სუვერენული ვალების ზრდა. პოსტკრიზისულმა ზომებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ კრიზისული პერიოდის ეს „არასასურველი მემკვიდრეობა“.

კორონომიკური კრიზისის ერთ-ერთი მთავარი შედეგია ერთობლივი მოთხოვნის შემცირება. მასთან ერთად და მასზე კიდევ უფრო მეტად შემცირდა ერთობლივი მიწოდებაც. ასეთ პირობებში, ინფლაციის დონის კონტროლი ცენტრალური ბანკების მიერ, რომლებიც იყენებენ ინფლაციის თარგეთირებას მონეტარულ პოლიტიკაში, არ იძლევა სასურველ შედეგებს. შესაბამისად, აუცილებელია გაფართოვდეს ცენტრალური ბანკების მიზნობრივი მაჩვენებლები, რომლებიც მონეტარულ პოლიტიკაში იქნება გამოყენებული.

ბიზნესისათვის საგადასახადო შეღავათების მიცემა და ფირმებისთვის შეღავათიანი სესხების ხელმისაწვდომობა საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იმ ფირმების ზომბირებადე, რომლებსაც კორონომიკური კრიზისის დაწყებამდეც ჰქონდათ გადახდისუნარიანობის სირთულეები. კრიზისის შემდგომ პერიოდში აუცილებელია რეალური შესაძლებლობების გამონახვა ზომბიეკონომიკის ფენომენის დასაძლევად.

სტატიაში განხილული პრობლემები ეკონომიკური მეცნიერების წინაშე მდგარი გამოწვევების მხოლოდ ნაწილია. უახლოეს მომავალში მათი გადაწყვეტა ეკონომისტებისათვის უმთავრესი ამოცანა იქნება.