English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ანი კალანდია
ინვესტიციების როლი გლობალურ ბაზრებზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში

DOI:  10.36172/EKONOMISTI.2020.XVI.04.Kalandia

რეზიუმე

გლობალური კონკურენტუნარიობის ინდექსი კონკურენტუნარიანობას განმარტავს, როგორც იმ ინსტიტუტების, პოლიტიკისა და სხვა ფაქტორთა ერთობლიობას, რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყნის პროდუქტიულობის მაჩვენებელს. პროდუქტიულობა კი, თავის მხრივ, ეკონომიკაში დაბანდებული ინვესტიციებიდან მიღებულ მოგების დონეს განაპირობებს. ამდენად, კონკურენტუნარიანად ის ეკონომიკა მიიჩნევა, რომელიც დროთა განმავლობაში სწრაფად იზრდება. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში, საქართველოს მიერ დაკავებული პოზიციებიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ სახელმწიფოში ყველაზე სუსტი რგოლია განათლება და კვალიფიკაცია. განათლებისა და კვალიფიკაციის დეფიციტი სხვა სფეროების განვითარებას აფერხებს, რომლებიც გამუდმებით საჭიროებენ მაღალკვალიფიციურ კადრებსა და ინოვაციებს. 

საკვანძო სიტყვები: გლობალური კონკურენტუნარიანობა, ინოვაციები, ინვესტიციები. 

მსოფლიოში არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ცდილობს კავკასიის რეგიონალურ საინვესტიციო ჰაბად ჩამოყალიბდეს. ამისათვის მთავრობა  ისეთ სტრატეგიებს იმუშავებს, რომელიც ბუნებრივად ორიენტირებული იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადის ზრდაზე.  საქართველოში წლიდან წლამდე ინვესტიციების მოცულობა უფრო მეტად არის დამოკიდებული სხვადასხვა მსხვილმაშტაბიანი პროექტების დაწყება-დასრულების ვადებზე.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF)ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს, სადაც გაანალიზებულია მსოფლიოს ქვეყნების კონკურენტუნარიანობა და ბიზნეს გარემო. აღნიშნული ანგარიში ორ მთავარ მიზანს ემსახურება- დაეხმაროს მთავრობებს, ადვილად გამოავლინოს ეკონომიკური ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორები, ხოლო ბიზნეს სექტორს იმ გადაწყვეტილებების მიღებაში , რომელიც მომავალ ინვესტირებას ეხება.

ინდიკატორების გათვალისწინებით, ყველაზე პრობლემურია  შემდეგი საკითხები: სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ხარისხი, მცირე ფინანსები, რომელსაც კომპანია ხარჯავს კვლევასა და განვითარებაში, უნივერსიტეტების მზაობა, გადაამზადოს მკლევარები და მეცნიერები, მეცნიერებისა და ინჟინრების ხელმისაწვდომობა კვლევასა და განვითარებაში.

თანამედროვე ეკონომიკაში ინოვაციები მიჩნეულია კონკურენტუნარიანობის ზრდის მამოძრავებელ ფაქტორად, რადგან ისინი იწვევენ პროდუქტის თვითღირებულებისა და ფასის შემცირებას, ბაზარზე ჩნდება მოთხოვნათა ახალი ტალღა, ხდება უცხოური ვალუტის მოზიდვა, დადებითად მოქმედებს კომპანიების იმიჯზე ახალი პროდუქტის მწარმოებლის სტატუსის გამო, ეხმარება კომპანიებს ადვილად შეაღწიოს შიდა და რეგიონული ბაზრებზე.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ინოვაცია, უპირველეს ყოვლისა, მაღალ რისკთანაა დაკავშირებული. ამიტომაა აუცილებელი, რომ კომპანიებმა აქცენტი გააკეთონ ინოვაციებზე დაფუძნებულ ეროვნულ წარმოებაზე. ინოვაციური სისტემა  უნდა ესადაგებოდეს ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ურთიერთობებს. 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ კონკურენტუნარიანობის ამაღლების მხრივ, საქართველოს ყველაზე რთული გამოწვევა არის ინსტიტუტების გაძლიერება, განათლების დონის გაუმჯობესება და შრომის ბაზრის ეფექტიანობის გაზრდა. 

დასკვნა

სახელმწიფოები, რომლებიც მიზნად ისახავს კონკურენტუნარიანობას ან პროდუქტიულობის გაზრდას, ძალისხმევა უნდა მიმართონ სტრუქტურული ცვლილებების სხვადასხვა განზომილებების გაუმჯობესებაზე. საქართველოს შემთხვევაში, უმჯობესია კონცენტრაცია მოხდეს ქვეყნის განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე, რათა ბაზარზე არსებობდეს უფრო მეტი უმაღლესი განათლების მქონე მუშახელი. ამასთან, მეტი რესურსი უნდა გამოიყოს კვლევისა და განვითარებისთვის, რამაც შეიძლება გააუმჯობესოს ქვეყნების ტექნოლოგიური მზადყოფნა და წინსვლა.

ბუნებრივია, ინვესტორები ყოველთვის გაურბიან მაღალი რისკის მქონე წამოწყებებში თანხების დაბანდებას. ამიტომაც არის საჭირო სახელმწიფომ გარკვეული ტიპის მასტიმულირებელი პროგრამები შეიმუშაოს, რომელიც ერთგავრი პრევენცია იქნება ბიზნესის წარუმატებლობისას.  სხვაგვარად რთულია ისეთი ინვესტორის მოძიება, რომელიც სარისკო პროექტში, განსაკუთრებით სტარტაპში მოახდენს ინვესტირებას. 

ინვესტიციების ხელშეწყობის კუთხით, ხელისუფლება უნდა შეეცადოს ბაზრის მოცულობის გაზრდას - ფისკალური ბერკეტების მეშვეობით უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ახალი ბიზნესებისა და წარმოებების ინიცირება, ამისათვის კი კაპიტალზე ხელმისაწვდომობის პრობლემის აღმოფხვრაა საჭირო. აგრეთვე, ძირეული რეფორმებია განსახორციელებელი განათლების სისტემაში, რადგან არაკვალიფიციური სამუშაო ძალა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.