English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ზურაბ გარაყანიძე
პანდემიის დროს აგფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშების აუცილებლობის შესახებ

DOI: 10.36172/EKONOMISTI.2020.XVI.04.Garakanidze

რეზიუმე

ეკონომიკური უსაფრთხოების მკვლევარები სასურსათო კრიზისების დროს სურსათის გაძვირებით გამოწვეულ „მშიერ ამბოხებას“ პროტესტის ყველაზე საშიშ ფორმად მიიჩნევენ. ამგვარი საპროტესტო გამოსვლები, როგორც წესი, ანტისამთავრობო ხასიათისაა და შეიძლება გამოწვეული იყოს იმედგაცრუებით მთავრობის მიერ კრიზისის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯებისგან. გარდა ამისა, სამომავლო სასურსათო კრიზისებზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ დაძაბულობის მიზეზი არა მხოლოდ და არა იმდენად მოხმარებული საკვების რაოდენობაა ერთ სულზე, არამედ დედამიწის საშუალო მკვიდრისთვის ხელმისაწვდომი საკვების ხარისხია.

მსოფლიო მასშტაბით „მშიერი ამბოხების“ მონიტორინგისთვის მსოფლიო ბანკმა შექმნა სპეციალური ქვედანაყოფი „სასურსათო ამბოხების რადარი“(Food Riot Radar). ამ ორგანიზაციის მონაცემებით, 2007 წლიდან 2014 წლამდე მსოფლიოში 110 „მშიერი ამბოხება“ მოხდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია სურსათის ფასის მუდმივი მონიტორინგი, რაც არა ზოგადად სამთავრობო ეკონომიკური გუნდის, არამედ კონკრეტულად სტატისტიკის უწყების ამოცანად უნდა იქცეს. 2020 წლის დეკემბერში „საქსტატის“ მიერ ინიცირებულია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ ახალი კანონი, რომლის შემუშავებისას აუცილებელია სასურსათო უსაფრთხოების რისკების, გამოწვევებისა და მუქარების გათვალისწინება.

ამ კუთხით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საინტერესო ღონისძიებას ატარებს. კერძოდ, სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურებიდან ყოველდღიურად ხდება სურსათის ფასების ცხრილების ანალიზი. სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ყველაზე ოპერატიულად - ფაქტიურად ყოველდღიურად, გვაძლევს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაციის სრულ სურათს, რაც სამინისტროს მისცემს საშუალებას გამოავლინოს ყველაზე მოწყვლადი რეგიონები და იქით მიმართოს საბიუჯეტო სუბსიდირება, ან ჩართოს მეტი ადგილობრივი ფერმერი სახელმწიფო პროგრამებში. რეგიონებიდან ფასების და მოხმარების მოცულობების ინფორმაციის უნიფიკაციისათვის IT სამსახურმა უნდა შეიმუშაოს უნიფიცირებული კომპიუტერული პროგრამა „ექსელის“ ფორმა, რომელშიც „ჩაშენდება“ ზემოაღნიშნული ფორმულა, პანდემიის დაწყების დროს არსებული საბაზისო მაჩვენებლებით, და ადგილზე თანამშრომელი მხოლოდ მიმდინარე პერიოდის ფასებისა და რეალიზაციის მონაცემებს შეიტანს. “ექსელი” მომენტალურად დაიანგარიშებს და გამოაჩენს პანდემიის დაწყებიდან დღემდე აგფლაციის მაჩვენებელს და მის დინამიკას მოცემულ მხარეში ან მუნიციპალიტეტში.

საკვანძო სიტყვები: სასურსათო უსაფრთხოება, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, მონიტორინგი, პანდემია, აგფლაცია.

შესავალი

ქვეყანაში ბოლო პერიოდში შეინიშნება სურსათის ფასების რყევა, რაც პანდემიის შედეგად გამწვავდა და უკვე სასურსათო კრიზისის სახე მიიღო. სასურსათო კრიზისი ისტორიულად ხშირად ყოფილა პოლიტიკური არეულობის მიზეზი. გლობალურ დონეზე, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო სასურსთო ფასების ინფლაციასთან - აგფლაციასთან და მის უარყოფით შედეგებთან ბრძოლის მექანიზმების შექმნა. მიუხედავად ამ ზომებისა და ე.წ. „მწვანე რევოლუციისა“, სურსათის ფასები ამ საუკუნის დასაწყისიდან იზრდება. შედეგად, უკვე 2010–2012 წწ. დაიწყო პოლიტიკური არასტაბილურობის ტალღა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, რაც 2011 წლის “არაბული გაზაფხულის” ერთ-ერთ მიზეზად მოგვევლინა. მეტიც,  „კოვიდ19“-ის მსოფლიო პანდემიის პირობებში, 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე, ასევე შეინიშნება მარცვლეულის, ხორცის, ზეთის და სხვა პროდუქტების ფასების რყევა.

სასურსათო კრიზისები ბუნებრივი პროცესია როგორც მთელი ბიოსფეროსთვის, ასევე მასში მცხოვრები კაცობრიობისთვის. ისტორიის განმავლობაში შიმშილობისა და თანმდევი კრიზისების (პოლიტიკური და სოციალური) პერიოდები საკმაოდ ხშირია. გლობალური მმართველობის ინსტიტუტების განვითარებამ და მსოფლიო მოსახლეობის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის პრობლემების სირთულისა და მნიშვნელობის გაცნობიერებამ, ხელი შეუწყო "სასურსათო უსაფრთხოების" კონცეფციის განვითარებას და მის  ფართო გამოყენებას როგორც გლობალური მასშტაბით, ისე ცალკეული სახელმწიფოების დონეზე. ამ პროცესების დაწყებას, თავის მხრივ, სტიმული მისცა მარცვლეულის კრიზისების სერიამ, რომელებსაც 1970-იან წლებში ჰქონდა ადგილი. ამ პროცესებმა გამოააშკარავა უფსკრული განვითარებულ ქვეყნებში სურსათის მომარაგების დონესა და ე.წ. „მესამე სამყაროს“ ქვეყნებს შორის. აღნიშნული სირთულეების დასაძლევად გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 1974 წელს შეიმუშავა სასურსათო უსაფრთხოების გლობალური კონცეფცია. ის FAO-ს სასურსათო კონფერენციას წარედგინა რომში, სადაც ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს. ამ დოკუმენტით, ანუ FAO-ს განმარტებით, სასურსათო უსაფრთხოება ადამიანის შესაძლებლობაა, ჰქონდეს საკმარისი უსაფრთხო და ხარისხიანი საკვები, რათა მან იცხოვროს ჯანმრთელად.

ამ საუკუნის დასაწყისიდან აღინიშნა შემდეგი პარადოქსი: მოწინავე ტექნოლოგიების წყალობით, საკვების ძირითადი კულტურების მოსავლიანობა გაიზარდა, ხოლო კლიმატის რყევებზე დამოკიდებულება შემცირდა. ამავდროულად, მსოფლიო სურსათის ბაზრებზე კრიზისის წლებში შეინიშნებოდა ფასების აშკარა ზრდა, რაც მეტად ამძიმებს ისედაც რთულ სოციალურ ფონს მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში, რომლებიც განიცდან როგორც ჭარბ მოსახლეობას, ისე საკვების დეფიციტს. FAO-ს დოჰას (კატარი) 2001 წლის სამიტმა აჩვენა, რომ სურსათის პრობლემების მოგვარება გლობალურ დონეზე გართულებულია. ამ შეხვედრაზე განვითარებადმა ქვეყნებმა მხარი არ დაუჭირეს შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის კონცეფციას, რომელიც დაფუძნებული იყო მსოფლიო ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე. ამით მათი პოზიცია უფრო პროტექციონიზმისკენ გადაიხარა, რაც სასურსათო უსაფრთხოებიდან სასურსათო სუვერენიტეტისკენ გადახრას ნიშნავდა. გლობალურად დღეს უკვე არსებობს სერიოზული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ პლანეტის მთლიანი აგროსასურსათო სისტემა ვერ შეძლებს 9 მილიარდი ადამიანის სრულად გამოკვებას. ამის მიუხედავად, მეცნიერები ეძებენ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარის "მწვანე რევოლუციის" მსგავს ახალ გადაწყვეტილებებს, რომელთაგან უმთავრესი შეიძლება ე.წ. მდგრადი განვითარება იყოს. მკვლევარები სასურსათო კრიზისების დროს სურსათის გაძვირებით გამოწვეულ „მშიერ ამბოხებას“ პროტესტის ყველაზე საშიშ ფორმად მიიჩნევენ. ამგვარი საპროტესტო გამოსვლები, როგორც წესი, ანტისამთავრობო ხასიათისაა და შეიძლება გამოწვეული იყოს იმედგაცრუებით მთავრობის მიერ კრიზისის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯებისგან. გარდა ამისა, სამომავლო სასურსათო კრიზისებზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ დაძაბულობის მიზეზი არა მხოლოდ და არა იმდენად მოხმარებული საკვების რაოდენობაა ერთ სულზე, არამედ დედამიწის საშუალო მკვიდრისთვის ხელმისაწვდომი საკვების ხარისხია. მსოფლიო მასშტაბით „მშიერი ამბოხების“ მონიტორინგისთვის მსოფლიო ბანკმა შექმნა სპეციალური ქვედანაყოფი „სასურსათო ამბოხების რადარი“(Food Riot Radar).[1] ამ ორგანიზაციის მონაცემებით, 2007 წლიდან 2014 წლამდე მსოფლიოში 110 „მშიერი ამბოხება“ მოხდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია სურსათის ფასის მუდმივი მონიტორინგი, რაც არა ზოგადად სამთავრობო ეკონომიკური გუნდის, არამედ კონკრეტულად სტატისტიკის უწყების ამოცანად უნდა იქცეს.

ძირითადი ტექსტი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - „საქსტატის“ მიერ ინიცირებულ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ ახალი კანონის III თავის (სტატისტიკის ეროვნული სისტემის სტრუქტურა) მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის თანახმად სტატისტიკის ეროვნული სისტემა შედგება „საქსტატის“, ეროვნული ბანკის და სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოებისგან, სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად. ამ სამუშაო პროგრამის მე-2 მუხლით („ფასების სტატისტიკა“) ხდება სამომხმარებლო ფასების ინდექსის - ინფლაციის უზოგადესი მაჩვენებლის ყოველთვიურად გაანგარიშება.[2] „საქსტატი“ ინფლაციის მონიტორინგს ექვს ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, თელავი, ზუგდიდი), ვაჭრობის და მომსახურების 1700 ობიექტზე, ყოველთვიური დაკვირებებით ახდენს. მონიტორინგის შედეგია “სამომხმარებლო კალათა”, საიდანაც ინფლაციის მთავარი მაჩვენებელი - სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) იანგარიშება. „კალათა“ შესაბამისი ხვედრითი წონების მიხედვით აერთიანებს 305 დასახელების სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებას.[3] „საქსტატისგან“ განსხვავებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო 2020 წლის მარტის ბოლოდან ყოვედღიურად აკვირდება სურსათის ფასებს და მონაცემებს ასევე ყოვედღიურად აგზავნის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში. ზემოაღნიშნული „კალათა“ ქვეყნების მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს, გამომდინარე ცალკეულ პროდუქტებზე მოსახლეობის პრიორიტეტებიდან. საქართველოში „კალათის“ 12 ჯგუფს შორისაა: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები(30,1%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო(6,4%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი(3,4%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები(8,4%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება(6,6%), ჯანმრთელობის დაცვა(8,4%), ტრანსპორტი(13,1%), კავშირგაბმულობა(3,7%), დასვენება, გართობა და კულტურა(6,4%), განათლება(4,7%), სასტუმროები, კაფეები/რესტორნები(4,1%), სხვა საქონელი/მომსახურება(4,9%).[4]

„საქსტატის“ თანახმად, „სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების“ ჯგუფში 92 პროდუქტი შედის, რომლებიც ძირითადად შეესაბამება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამსახურების მიერ ყოველდღიური მონიტორინგით განხილულ პროდუქტების ჩამონათვალს. თუმცა, მათ შორის ერთი განსხვავებაა - „საქსტატის“ მიერ ინფორმაციის მოპოვება ყოველთვიურად 6 დიდ ქალაქში ხდება, მაშინ როცა სამინისტროს მიერ მოპოვებული ფასები ყველა რაიონის ქალაქებისა და სოფლების სავაჭრო ობიექტებიდან (მათ შორის ე.წ. ქსელურებიდან - „ზღაპარი“, „ნიკორა“, „მაგნიტი“, „ორი ნაბიჯი“ და ა.შ.) მოპოვებულ ამომწურავ ინფორმაციას შეიცავს. ეს ინფორმაცია ყოველდღიური, და აქედან გამომდინარე, ბევრად უფრო ოპერატიულია, ვიდრე „საქსტატის“ ყოვეთვიური (თვის 10-დან 20 რიცხვამდე) მონაცემები.[5] და რაც ყველაზე მთავარია, ეს მონაცემები მხოლოდ სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ზრდას, ანუ აგფლაციას ასახავს, და სხვა სამომხმარებლო საქონლის ფასების ზრდა მის სიდიდეზე ნაკლებად მოქმედებს.   

ზემოაღნიშნული უპირატესობების გამო, თანამედროვე პირობებში, ზოგიერთი ქვეყნის სტატისტიკის თეორიასა და პრაქტიკაში ფართოდ გავრცელდა აგრარული ინფლაციის (ანუ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ფასების საშუალო დონის ზრდა), - აგფლაციის (Agflation) მაჩვენებელი. ტერმინი „აგფლაცია“ 2006-2007 წლებიდან შემოვიდა მარცვლეულ კულტურებზე, ხილზე, კვერცხზე და ზოგადად ადამიანთა საკვებზე (გარდა ალკოჰოლისა) ფასების ზრდასთან დაკავშირებით.[6]  აგფლაცია (აგრარული ინფლაცია) - სასურსათო და ტექნიკური კულტურების ფასების წინმსწრები ზრდაა სამომხმარებლო ფასების საერთო ზრდასთან შედარებით. ამ მაჩვენებელს ხშირად იყენებენ შედარებით ღარიბ ქვეყნებში, სადაც გარკვეულ პერიოდებში ადგილი აქვს სურსათის გაძვირებას (მაგალითად, ინდოეთში).[7] ჩინეთში 2007 წელს სამომხმარებლო ფასების ინდექსის ათწლეულის რეკორდული - 4.8%-იანი ზრდა უმთავრესად სურსათის 12.3%-ით გაძვირების შედეგი იყო.[8]

აგფლაციისადმი ინტერესი, როგორც წესი, იზრდება სოციალურ-ეკონომიკური კრიზისების დროს - ის პროდუქტებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდის, ან მიწოდების შემცირების და ამით გამოწვეული ფასების ზრდის შედეგია. სწორედ ასეთი მოვლენაა „კოვიდ19“ პანდემია, რომელიც საზღვრების ჩაკეტვის, ბიზნესების შეჩერების, უმუშევრობის და ა.შ. შედეგად მიწოდების შემცირებას და ამით ფასების ზრდას იწვევს. თანამედროვე პანდემიის გამო გამწვავებული სასურსათო საფრთხეების პირობებში ისევ აქტუალურად ჟღერს ცნობილი ბრიტანელი ეკონომისტის, თომას მალთუსის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ვინაიდან საკვების მოთხოვნილება ადამიანისათვის უმთავრესია, მშიერი ამბოხი კვლავ რჩება სოციალური პროტესტის ერთ-ერთი უძველეს, დღემდე შემორჩენილ ფორმად. თანაც, ამ სახის პროტესტი „...უნივერსალური ხასიათისაა, ვინაიდან მსოფლიო რუკაზე პრაქტიკულად არაა ადგილი, რომელსაც არ შეხებია სასურსათო კრიზისები და მშიერი ამბოხებები“.[9]

საქართველოსთვის სურსათის, ამ არაელასტიური საქონლის, გაძვირება მსოფლიო ბაზარზე განსაკუთრებით მგრძნობიარეა, რაც რამდენიმე ობიექტური მიზეზითაა გამოწვეული:

- მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლების ფასების შემცირება/გაზრდა, ქართული ენერგობაზრის ოლიგოპოლიური ბუნების გამო, ნაკლებად აისახება საწვავის საცალო ფასებზე, რაც სურსათის ფასებს მაღალ დონეზე ტოვებს;

- საქართველოს სამრეწველო მომხმარებლებისათვის 2020 წლის დეკემბერის დასაწყისში ბუნებრივი აირის გაძვირება, აზოტოვან და კალიუმიან სასუქებზე ფასებს სავარაუდოდ გაადიდებს;

- მსოფლიოს ლითონების ბაზრებზე ფასების ზრდა აძვირებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას;

- ბოლო წლებში, სწრაფად განვითარებადი აზიის ქვეყნები მრავალმილიარდიანი მოსახლეობით, ბრინჯიდან გადავიდნენ ცილებით მდიდარ, ძვირ ხორცეულზე და რძის პროდუქტებზე, რომელთა წარმოება 5-ჯერ მეტ ფართობებს მოითხოვს, ვიდრე მემცენარეობა;[10] 

- კლიმატის გლობალური ცვლილება, ნიადაგის ეროზიასთან და მიწების არარაციონალურ გამოყენებასთან ერთად, იწვევს სახნავ-სათესი ფართობების შემცირებას, რაც პლანეტის მოსახლეობის სწრაფი ზრდისა და პროდუქტების წარმოების ტემპის ჩამორჩენის პირობებში, ამწვავებს სურსათის მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსს;

- „კოვიდ19“-ის პანდემიის პირობებში ფასების ზრდის გამო, ბევრი ექსპორტიორი ქვეყანა თავის შიდა ბაზრებს სურსათის გაძვირებით იცავს და აწესებს ექსპორტის ქვოტებს, ან საერთოდ ზღუდავს ექსპორტს, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის სურსათის ფასებს. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გლობალური მასშტაბით „კოვიდ19“ ვირუსის გავრცელების დროს აგფლაციის მაჩვენებლის გაზომვა ძალზე მნიშვნელოვანია განვითარებად, განსაკუთრებით კი, ღარიბ ქვეყნებში, რომლებისთვისაც პანდემიის პირობებში დამახასიათებელია კვების ძირითადი პროდუქტების გაძვირება.

ქართველი ეკონომისტების არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ აგფლაციის მაჩვენებელი უფრო მაღალი იმ ღარიბ, საქართველოს მსგავს გარდამავალი ეკონომიკის  ქვეყნებშია, სადაც სასურსათო პროდუქცია მთლიანი სამომხმარებლო კალათის თითქმის ნახევარია.[11] კერძოდ:

საქართველოში - კალათის 31% სურსათია,[12]

ყაზახეთში - 60%,[13]

რუსეთში - 50%,[14]

აზერბაიჯანში - 50%,

სომხეთში - 50%,

თურქმენეთში - 60%,

ტაჯიკეთში - 57%,[15]

აგრარული კუთხით განვითარებულ სახელმწიფოებში საპირისპირო სურათია - სასურსათო პროდუქცია სამომხმარებლო კალათის მეხუთედიც არ არის. აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას და პროფესორ ვახტანგ ჭარაიას მონაცემებით, მაგალითად ეს თანაფარდობა შეადგენს:

აშშ-ში - 15%,[16]

ევროზონის ქვეყნებში - 18%,[17]

თურქეთში - 24%.[18]

ამასთან, გლობალური პანდემიის პირობებში მთელი რიგი პროდუქტები (მარცვლეული, ფქვილი, რძის პროდუქტები, მცენარეული საკვები და შაქარი) ძვირდება არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში. მიგვაჩნია, რომ „საქსტატის“ „კალათაში“ სასაქონლო ჯგუფების უმრავლესობა რეალურად არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის პრობლემას. კერძოდ, საქართველოსთვის, სადაც მოსახლეობის 30%-სთვის სიღარიბე[19] უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელებზე, ავეჯზე, აგრეთვე დასვენებასა და გართობაზე, სასტუმროების, კაფეების და რესტორნების მომსახურებაზე ფასების დინამიკას. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზემოხსენებული „კალათის“ გავრცელება სამომხმარებლო საქონლის ფართო ასორტიმენტზე, იმ ადამიანებისათვის, ვისთვისაც სიღარიბე მნიშვნელოვანი პრობლემაა, არა სტატისტიკის სისტემის უპირატესობა არამედ სუსტი მხარეა და ის ადეკვატურად ვერ ასახავს (ღარიბი) ქვეყნის საშუალო მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურას.

ფაქტია, რომ ინფლაციის არსებული მაჩვენებელი სრულყოფილად ვერ აჩვენებს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის მიერ ფასების საშუალო დონის აღქმას. ეს კი, სასურსათო უსაფრთხოების მიმართ უარყოფით ემოციებს აჩენს. კერძოდ, საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი დაბალია, ხოლო მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენებისთვის მნიშვნელოვან პროდუქტებზე ფასები საგრძნობლად იზრდება. ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა მოსახლეობის ამ ფენებისათვის ნაკლებად მნიშვნელოვან ცალკეულ პროდუქტებზე (ავტომანქანა, ავეჯი, ტექნიკა) ფასების შემცირება ფიქსირდება.[20]

ამრიგად, როგორც აკადემიკოსი ვ. პაპავა და პროფესორი ვ. ჭარაია აღნიშნავენ, სიღარიბეში მცხოვრები ადამიანებისათვის არაფრის მიმცემია ინფლაციის ტრადიციული მაჩვენებლით - სამომხმარებლო ფასების ინდექსით განსაზღვრული ფასების საშუალო დონე. მოსახლეობის ფართო ფენებისათვის მეტი მნიშვნელობა აქვს ფასების დინამიკას საკვებზე, ანუ აგფლაციის გაანგარიშებას.[21] ჩვენც მიგვაჩნია, რომ ამ მაჩვენებლის ცალკე გამოყოფას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა ექნება თანამედროვე გლობალური პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში, როდესაც სულ უფრო გამწვავდება სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა. მაჩვენებლის გაანგარიშების ბაზად შეიძლება მოგვევლინოს ჩვენს მიერ ზემოთ განხილული, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამსახურებიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატისთვის ყოველდღიურად მოწოდებული ინფორმაცია სხვადასხვა რეგიონში სურსათის ფასების შესახებ.

აგფლაციის გასაანგარიშებლად გამოიყენება რამდენიმე მაჩვენებელი:

ლასპეირესის ფასების ინდექსი. ის განისაზღვრება როგორც ფასების საშუალო შეწონილი  ორ პერიოდში: საბაზისო პერიოდში სურსათის მოხმარების მოცულობასა და მიმდინარე პერიოდში საბაზისო პერიოდის სურსათის კალათაში მომხდარი ცვლილებების თანაფარდობა. ის იანგარიშება სურსათის კალათისთვის გაწეული მიმდინარე დანახარჯების (P1.Q0) შეფარდებით საბაზისო პერიოდის სურსათის კალათის შესაძენ დანახარჯებთან (P0Q0), პროცენტებში: Ipლ= ∑P1.Q0 / ∑P0Q0 (%). ეს მაჩვენებელი არ ითვალისწინებს ფასების ცვლილების შედეგად სურსათის მომხმარების სტრუქტურაში მომხდარ ცვლილებებს;

პააშეს ფასების ინდექსი. ისიც ფასების ცვლილებების დასახასიათებლად გამოიყენება. კერძოდ, ის განისაზღვრება როგორც  ფასების საშუალო შეწონილი  ორ პერიოდში: საბაზისო პერიოდში სურსათის მოხმარების მოცულობასა და მიმდინარე პერიოდში საბაზისო პერიოდის სურსათის კალათაში მომხდარი ცვლილებების თანაფარდობა. იანგარიშება როგორც მიმდინარე სასურსათო დანახარჯების (P1.Q1) შეფარდება ხარჯებთან, რაც საბაზისო პერიოდის ფასებში ასეთივე ასორტიმენტის ანაკრების შესაძენად იქნებოდა საჭირო (P1Q0), პროცენტებში: Ipპ= ∑P1.Q1 / ∑P1Q0 (%). ასახავს რა მიმდინარე პერიოდის სასურსათო კალათის დინამიკას,  ეს მაჩვენებელი არასრულყოფილად ასახავს შემოსავლის ეფექტს, და ა.შ.(არსებობს ასევე აგფლაციის მარშალ-ეჯვორტის, ფიშერის, ლოუს ინდექსები). განვხილოთ პრაქტიკული მაგალითი:

ამჟამად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურებიდან ყოველდღიურად ხდება სურსათის ფასების ცხრილების მოწოდება. ასეთი ცხრილის მაგალითი შ/ქართლში ერთ-ერთ სავაჭრო ქსელში 2020 წლის 08 დეკემბრისთვის ასეთია:                                                                                               

ცხრილი 1

პროდუქტი

დამატებითი სპეციფიკაცია

ზ.
ერთ.

7 დეკემ.ერთ. ფასი

რაოდ-ენობა

შაქარი, თეთრი

 ასაწონი, პაკისტანი ჯეო იმპექსი

1 კგ

1.89

 10

ხორბლის ფქვილი

ხორბლის ფქვილი 1 ხ. ასაწონი (საქართველო)

1 კგ

1.65

 10

მაკარონი

ასაწონი, პაკისტანი ჯეო იმპექსი

1 კგ

2.45

 10

ბრინჯი

ასაწონი, გრძელმარცვლიანი

1 კგ

2.60

 10

წიწიბურა

ასაწონი

1 კგ

4.20

 

კარტოფილი - თეთრი, ადგილობრივი, ძველი

ძველი,  ადგილობრივი

1 კგ

0.90

 

ლობიო - ხმელი

ასაწონი  "შულავერა"

1 კგ

6.15

 

მცენარეული ზეთი - 1 ლიტრიანი შეფუთვით

"ოლეინა"

1 ლ.

5.40

 

ქათმის ბარკალი - ასაწონი, გაყინული

"ბიბილო" -უკრაინული, შეფუთული პაკ.

1 კგ

5.10

 

საქონლის ხორცი - ასაწონი, უძვლო, ახალი

 

1 კგ

 

 

თევზი - სკუმბრია, გაყინული

თავიანი, შეფუთული ,  ნორვეგია

1 კგ

9.95

შეიცვალა მწარმოებელი

კვერცხი - 10 ცალიანი შეფუთვით

I კატეგორია, "კუმისი" 

10 ც.

3.30

აქცია

რძე - 1 ლიტრიანი შეფუთვით, 2.5%-იანი ცხიმიანობით

"სანტე" 2.5% 

1 ლ.

3.75

 

ხორბლის პური - ბატონი, დაუჭრელი, შეფუთული

"იფქლი", 440 გრ.

1 ც.

0.65

 

ტუალეტის ქაღალდი - დაბალი ან საშუალო ხარისხის

"ელფი", 67მ.

1 ც.

0.50

 

სარეცხის საპონი - 72%-იანი

150 გრ.

1 ც.

1.00

 

ხელის საპონი

"პროქტერ@გემბელ", 90 გრ. "სეიფგარდი"

1 ც.

1.70

 

 

იმავე რეგიონის ანალოგიური ფასები „კოვიდ19“-ის პანდემიის პირველი ტალღის დროს, ფასებზე დაკვირვების დაწყებისთვის - 2020 წლის 27 მარტს, ასეთი იყო:                                                                  

ცხრილი 2

პროდუქტი

ძირითადი სპეციფიკაცია

დამატებითი სპეციფიკაცია
(წინასწარ განსაზღვრეთ და ჩაწერეთ 

თითოეული პროდუქტისათვის)

ზ.
ერთ.

 

 

27
მარტი. ერთ.ფასიp0

რაოდენობა q0

 

შაქარი

ასაწონი, თეთრი

ასაწონი, თეთრი

1 კგ

1.85

 10

 

ხორბლის ფქვილი

ასაწონი

ასაწონი; უმაღლესი ხარისხი

1 კგ

1.29

 10

 

მაკარონი

 

"მაკფა" 0.400 კგ.

1 კგ

2.39

 10

 

ბრინჯი

ასაწონი

ასაწონი; გრძელი

1 კგ

1.95

 10

 

წიწიბურა

ასაწონი

ასაწონი

1 კგ

2.75

 

 

კარტოფილი

თეთრი, ადგილობრივი, ძველი

ასაწონი; თეთრი, ძველი

1 კგ

2

 

 

ლობიო

ასაწონი, ხმელი

0

1 კგ

0

 

 

მცენარეული ზეთი

1 ლიტრიანი შეფუთვით

"ოლეინა"

1 ლ.

3.95

 

 

ქათმის ბარკალი

ასაწონი, გაყინული

ასაწონი, გაყინული

1 კგ

4.49

 

 

საქონლის ხორცი

ასაწონი, უძვლო, ახალი

0

1 კგ

0

 

 

თევზი, სკუმბრია

გაყინული

ასაწონი; თავიანი; გაყინული

1 კგ

8.99

 

 

კვერცხი

10 ცალიანი შეფუთვით

დილა I ხარისხი

10 ც.

3.49

 

 

რძე

1 ლიტრიანი შეფუთვით, 2.5%-იანი ცხიმიანობით

სანტე

1 ლ.

3.89

 

 

ხორბლის პური

ბატონი, დაუჭრელი, შეფუთული

"იფქლი" დაუჭრელი. 0.450 კგ.

1 ც.

0.7

 

 

ტუალეტის ქაღალდი

დაბალი ან საშუალო ხარისხის

"ასფურცელა"

1 ც.

0.55

 

 

სარეცხის საპონი

72%-იანი

0

1 ც.

0

 

 

ხელის საპონი

სეივგარდი (პრიორიტეტული)

მწვანე 0.9 კგ.

1 ც.

1.25

 

 

ვინაიდან დაკვირვების პერიოდში ფასების ცვლილების მიუხედავად, სურსათის მოხმარების სტრუქტურაში ცვლილებები (ჩვენი დაშვებით 10 კგ დღიური მოხმარება - სიმარტივისთვის მუდმივი სიდიდეა) ფაქტიურად არ მომხდარა, ამიტომ აგფლაციის მაჩვენებლის განგარიშება მიზანშეწონილი იქნება ლასპეირესის ფასების ინდექსით. კერძოდ, მაგალითად ავიღოთ 4 სახეობა. ამჟამად (საანგარიშო - 2020 წლის 7 დეკემბერი. ცხრილი 3) და იგივე 4 სახეობა პანდემიის პირველი ტალღის დროს (საბაზისო - 2020 წ. 27 მარტი. ცხრილი 4):                                                                                                                   

                                                            ცხრილი 3

პროდუქტი

დამატებითი სპეციფიკაცია

ზ.
ერთ.

7 დეკემბერი p1

შენიშვნა:რაოდ-ენობა q1

შაქარი, თეთრი

 ასაწონი, პაკისტანი ჯეო იმპექსი

1 კგ

1.89

 10

ხორბლის ფქვილი

ხორბლის ფქვილი 1 ხ. ასაწონი (საქართველო)

1 კგ

1.65

 10

მაკარონი

ასაწონი, პაკისტანი ჯეო იმპექსი

1 კგ

2.45

 10

ბრინჯი

ასაწონი, გრძელმარცვლიანი

1 კგ

2.60

 10

                                                                                                                                                                 

                                                                       ცხრილი 4

პროდუქტი

ძირითადი სპეციფიკაცია

დამატებითი სპეციფიკაცია
(წინასწარ განსაზღვრეთ და 

ჩაწერეთთი თოეული 

პროდუქტისათვის)

ზ.
ერთ.

 

 

27 მარტp0

შენიშვნა:რაოდ-ენობა q0

 

შაქარი

ასაწონი, თეთრი

ასაწონი, თეთრი

1 კგ

1.85

 10

 

ხორბლის ფქვილი

ასაწონი

ასაწონი; უმაღლესი ხარისხი

1 კგ

1.29

 10

 

მაკარონი

 ასაწონი

"მაკფა" 0.400 კგ.

1 კგ

2.39

 10

 

ბრინჯი

ასაწონი

ასაწონი; გრძელი

1 კგ

1.95

 10

 

სასურსათო ინფლაციის ანუ აგფლაციის მაჩვენებელი შ/ქართლში 27 მარტ-7დეკემბერი პერიოდში (მაგალითად, 4 დასახელების სურსათისთვის. ცხრილებიდან 3,4) იქნება:

Ipლ= ∑P1.Q0 / ∑P0Q0 (%) = 1.89Х10 + 1.65Х10 + 2.45Х10 + 2.60 Х10 / 1.85Х10 + 1.29Х10 + 2.39Х10 + 1.95 Х10 = 114.8%.

ამრიგად, ჩვენს მაგალითში აგფლაციის მაჩვენებელი საანალიზო პერიოდში გაიზარდა 14%-ით. ამავე პერიოდში წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.[22] ამით პრაქტიკულად დადასტურდა აკადემიკოს ვ. პაპავას და პროფესორ ვ. ჭარაიას თეორიული პოსტულატი იმის შესახებ, რომ აგფლაციის ინდექსი სამომხმარებლო ფასების ინდექსისგან განსხვავებით, ზუსტად გვიჩვენებს სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასების ცვლილებას: „...სასურსათო ინფლაცია არა მარტო უფრო მაღალი, მერყევი და ხანგრძლივია, ვიდრე არასასურსათო ინფლაცია, არამედ მას უფრო მეტი დრო სჭირდება, რომ ახალ, შემცირებულ  ფასებზე გადავიდეს“.[23] ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ყველაზე ოპერატიულად - ფაქტიურად ყოველდღიურად, გვაძლევს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაციის სრულ სურათს, რაც სამინისტროს მისცემს საშუალებას გამოავლინოს ყველაზე მოწყვლადი რეგიონები და იქით მიმართოს საბიუჯეტო სუბსიდირება, ან ჩართოს მეტი ადგილობრივი ფერმერი სახელმწიფო პროგრამებში. რეგიონებიდან ფასების და მოხმარების მოცულობების ინფორმაციის უნიფიკაციისათვის სამინისტროს IT სამსახურმა უნდა შეიმუშაოს უნიფიცირებული კომპიუტერული პროგრამა „ექსელის“ ფორმა, რომელშიც „ჩაშენდება“ ზემოაღნიშნული ფორმულა, პანდემიის დაწყების დროს  არსებული საბაზისო მაჩვენებლებით, და ადგილზე თანამშრომელი მხოლოდ მიმდინარე პერიოდის მონაცემებს შეიტანს. „ექსელი“ მომენტალურად დაიანგარიშებს და გამოაჩენს პანდემიის დაწყებიდან დღემდე აგფლაციის მაჩვენებელს და მის დინამიკას მოცემულ მუნიციპალიტეტში.

ბიბლიოგრაფია


[1] Food Price Crisis Observatory. https://www.worldbank.org/en/topic/poverty/food-price-crisis-observatory#4

[2] სტატისტიკური სამუშაოების 2020 წლის პროგრამა. დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №101 განკარგულებით. თბილისი, 2020, გვ. 6. https://www.geostat.ge/media/29113/statsamushaoebi_2020.pdf

[3] Inflation Calculation Methodology Note. GEOSTAT, 2020. https://www.geostat.ge/media/29192/Inflation-calculation-methodology-note_2020.pdf

[4] Ibid. p. 2

[5] Consumer Price Index. Technical Manual. Geostat. Tbilisi February 15, 2013, p. 6.

[6] Agflation in the New Member States—Some Stylized Facts. IMF, 2008, www.imf. org/external/CEE/2008/120107.pdf; 2017  Inflation Index Modifications and Expediency of their Application for Georgia. GFSIS Expert Opinion, No. 77. https://www.gfsis.org/files/library/ opinion-papers/77-expert-opinion- eng.pdf P. 3. 2017, Georgian Foundation for Strategic and International Studies ISSN 1512-4835, ISBN 978-9941-0-9886-4

[7] Charaia V., Papava V., 2017c. The Role of Inflation and its Targeting for Low-Income Countries (Lessons from Post-Communist Georgia). European Journal of Economic Studies, Vol. 6, No. 2, pp. 96–103, http://ejournal2.com/journals_n/1504096069.pdf; Suryanarayana M.H. Agflation and the PDS: Some issues. Indira Gandhi Institute of Development Research. IGIDR Working Paper. 2008; (009). URL: http://www.igidr.ac.in/pdf/publication/WP-2008–009.pdf; Chorafas D.N. Energy, environment, natural resources and business competitiveness: The fragility of interdependence. Aldershot: Gover Publishing Ltd.; 2011. 386 p.

[8] Новая Политика — Рекордный рост цен за десятилетие отмечен в Китае в 2007 году https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%90%D0%B3%D1%84%D0%BB%D1%8F%D1%86%D0%B8%D1%8F

[9] Е. А. Иванов, А. Р. Шишкина. ДЕСТАБИЛИЗАЦИОННЫЕ ПРОЦЕССЫ В АФРАЗИЙСКОЙ МАКРОЗОНЕ НЕСТАБИЛЬНОСТИ: СТРАНОВОЙ И РЕГИОНАЛЬНЫЙ АНАЛИЗ. АГФЛЯЦИЯ И РИСКИ СОЦИАЛЬНОПОЛИТИЧЕСКОЙ ДЕСТАБИЛИЗАЦИИ В ПОСТСОВЕТСКОЙ ЦЕНТРАЛЬНОЙ АЗИИ. Стр.455. https://www.socionauki.ru/upload/socionauki.ru/book/files/monitoring_sm_5/453-474.pdf

[10] A Global Need for Grain That Farms Can’t Fill https://www.nytimes.com/2008/03/09/ business/worldbusiness/09crop.html 

[11] კაკულია, მ. და ასლამაზიშვილი, ნ., დოლარიზაცია საქართველოში: მასშტაბი, ფაქტორები, დაძლევის გზები. თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი, 2000; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის 2012 წლის გამოკვლევაში აღნიშნულია: Small open economies are characterized with a large share of food in their consumption baskets. იხ.: Inflation in Georgia – Causes and Cures. Economic Policy Research Center Issue in Focus, 5th Report, June, 2012, p. 16. https://csogeorgia.org/storage/app/uploads/public/5cd/c9b/3d8/5cdc9b3d8940b313379272.pdf

[12] Inflation Index Modifications and Expediency of their Application for Georgia. GFSIS Expert Opinion, No. 77. https://www.gfsis.org/files/library/ opinion-papers/77-expert-opinion-eng.pdf 2017, Georgian Foundation for Strategic and International Studies P. 4. ISSN 1512-4835, ISBN 978-9941-0-9886-4; ISSN 1512-4835, ISBN 978-9941-0-9886-4 https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/77-expert-opinion-geo.pdf

[13] Е. А. Иванов, А. Р. Шишкина. ДЕСТАБИЛИЗАЦИОННЫЕ ПРОЦЕССЫ В АФРАЗИЙСКОЙ МАКРОЗОНЕ НЕСТАБИЛЬНОСТИ: СТРАНОВОЙ И РЕГИОНАЛЬНЫЙ АНАЛИЗ. АГФЛЯЦИЯ И РИСКИ СОЦИАЛЬНОПОЛИТИЧЕСКОЙ ДЕСТАБИЛИЗАЦИИ В ПОСТСОВЕТСКОЙ ЦЕНТРАЛЬНОЙ АЗИИ. Стр. 470   https://www.socionauki.ru/upload/socionauki.ru/book/files/monitoring_sm_5/453-474.pdf (дата обращения: 14.12.2020)

[14] Маширова, С. П. Анализ стоимости потребительской корзины / С. П. Маширова, А. Ю. Степашова. — Текст: непосредственный // Молодой ученый. — 2015. — № 1 (81). — С. 250-252. — URL: https://moluch.ru/archive/81/14639/ (дата обращения: 14.12.2020)

[15] სტატიაში Параметры потребительской корзины определят таджикские экономисты, მითითებულია: Потребительская корзина в США состоит из 300 продуктов и услуг-представителей, во Франции — 250, Англии — 350, Германии — 475, России — 156, Казахстане — 43. https://tj.sputniknews.ru/economy/20150108/1013861359.html

[16] Inflation Index Modifications and Expediency of their Application for Georgia. GFSIS Expert Opinion, No. 77. https://www.gfsis.org/files/library/ opinion-papers/77-expert-opinion-eng.pdf P. 10. 2017, Georgian Foundation for Strategic and International Studies ISSN 1512-4835, ISBN 978-9941-0-9886-4. 10 https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/77-expert-opinion-geo.pdf

[17] Comparative Price Levels of Consumer Goods and Services. Eurostat, Statistics Explained, December, 2016, www.ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index. php/Comparative_price_levels_of_consumer_goods_and_services.

[18] Turkey ‘Set to Cut Share of Food in Inflation Basket to Ease Consumer Prices’. DailyNews, October 17, 2016, www.hurriyetdailynews.com/turkey-set-to-cut-share-of-foodin-inflation-basket-to-ease-consumer-prices.aspx?pageID=238&nid=105053.

[19] NDI Poll: Economy Still Top Concern for Georgians; Support for NATO and EU Stable.National Democratic Institute, January 17, 2017, www.ndi.org/publications/ndi-polleconomy-still-top-concern-georgians-support-nato-and-eu-stable.

[20] Inflation Index Modifications and Expediency of their Application for Georgia. GFSIS Expert Opinion, No. 77. https://www.gfsis.org/files/library/ opinion-papers/77-expert-opinion-eng.pdf P. 4. 2017, Georgian Foundation for Strategic and International Studies ISSN 1512-4835, ISBN 978-9941-0-9886-4; ISSN 1512-4835, ISBN 978-9941-0-9886-4 https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/77-expert-opinion-geo.pdf

[21] Ibid. p. 5.

[23] Inflation Index Modifications and Expediency of their Application for Georgia. GFSIS Expert Opinion, No. 77. P. 10. https://www.gfsis.org/files/library/ opinion-papers/77-expert-opinion-eng.pdf P. 10. 2017, Georgian Foundation for Strategic and International Studies ISSN 1512-4835, ISBN 978-9941-0-9886-4. 10 https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/77-expert-opinion-geo.pdf