English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ რამაზ აბესაძე ნანა ბიბილაშვილი
გარემოს დაცვის პრობლემები ევროკავშირში

DOI:  10.36172/EKONOMISTI.2021.XVII

ანოტაცია. მსოფლიოში გარემოს დაცვისპრობლემათა გადაჭრაში მოწინავე პოზიციები უჭირავს  და  მნიშვნელოვან  როლს თამაშობს ევროკავშირი. ნაშრომში გამოკვლეულია ევროკავშირში ბუნებისდაცვითი პოლიტიკა და კანონმდებლობა; ევროკავშირის ბუნებისდაცვითი სამოქმედო პროგრამები და ევროკავშირის ბუნებისდაცვითი ინსტიტუტები.

საკვანძო სიტყვები: ევროკავშირი; მდგრადი განვითარება; გარემოს დაცვა; ეკოლოგიური პოლიტიკა; მაასტრიხტის ხელშეკრულება;  ამსტერდამის ხელშეკრულება.

შესავალი

XXI საუკუნის  ერთ-ერთ  გლობალურ  პრობლემას  წარმოადგენს  გარემოს  დაცვის  პრობლემა. წარსულში  ადამიანთა სულ უფრო მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ბუნების გამოყენება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ხდებოდა, რამაც კაცობრიობა   კატასტროფის   წინაშე   დააყენა. საჭირო ხდება ძირეული ცვლილების გატარება ეკონომიკური სისტემის ყველა ელემენტში, რათა თავიდან იქნეს აშორებული გლობალური ეკოლოგიური  პრობლემები. 

თანამედროვე ეტაპზე მთელი მსოფლიო, ცალკეული ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები ეძიებენ გზებს ამ ჩიხიდან გამოსასვლელად. ამის მაგალითია მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების დასახვა და   განხორციელება,   “მწვანე“   და   ”წრიული”   ეკონომიკის ფორმირების პროცესები და სხვ.

შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკა გადადის ახალ ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, ინსტიტუციურ და ა. შ. რელსებზე ეკოლოგიურ მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობის გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანთა საზოგადოებას კატასტროფა ემუქრება.

მსოფლიოში   ამ   უაღრესად   რთული   პრობლემის   გადაჭრაში მოწინავე პოზიციები უჭირავს  და  მნიშვნელოვან  როლს თამაშობს ევროკავშირი. 

ევროკავშირის პოლიტიკა და კანონმდებლობა გარემოს დაცვის სფეროში 

გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება ევროკავშირში ხდება რეგიონებისა და ქვეყნების თავისებურებათა გათვალისწინებით.  პოლიტიკის შემუშავების შემდეგ ევროკავშირში შემავალი ქვეყნები აფინანსებენ და ცხოვრებაში ატარებენ მიღებულ პოლიტიკას.

დღეისათვის ევროკავშირს უფლება აქვს, აწარმოოს საერთაშორისო თანამშრომლობა გარემოს დაცვის სფეროში, თუმცა თავდაპირველად  (დაფუძნების  დროს)  ეს  უფლება  მხოლოდ მასში შემავალ ცალკეულ სახელმწიფოებს ჰქონდათ.

ეკოლოგიური   კრიზისის   გამწვავებასთან   დაკავშირებით და იმის გამო, რომ ეკოლოგიურ პრობლემებს არ აქვს სახელმწიფოებრივი საზღვარი, აუცილებელი გახდა ეკოლოგიური ღონისძიებების გატარება ევროკავშირის დონეზე. 1972 წელს ევროკავშირის  წევრი  ქვეყნების  მთავრობათა  მეთაურების  საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ევროკავშირის უფლებამოსილების გაფართოების შესახებ, მათ შორის, ეკოლოგიის მიმართებით. იგი მიუერთდა სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციას გარემოს დაცვის სფეროში. დაიწყო ერთიანი პოლიტიკის, საკანონმდებლო აქტებისა და ნორმების შემუშავება, ევროკავშირის ინსტიტუტებისათვის კომპეტენციების გადაცემა ამ  სფეროში [Матвеева   Е.В..   2010].

შემდგომ ევროკავშირის როლი მნიშვნელოვნად გაფართოვდა ჯერ მაასტრიხტისა (1992) [Maastricht Treaty 1992] და ამსტერდამის (1996) [Vanhoonacker S.2012] ხელშეკრულებათა საფუძველზე,  რომელთა  მიხედვითაც  მდგრადი განვითარება გახდა კავშირის უმთავრესი მიზანი. ევროკავშირის ეკოლოგიური პოლიტიკის ძირითად მიზნებად ასევე განისაზღვრა: გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა; ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება; საერთაშორისო ეკოლოგიური თანამშრომლობა. შემუშავდა ევროკავშირის ეკოლოგიური საქმიანობის პრინციპები: სუბსიდარულობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც კავშირმა ეკოლოგიური საქმიანობა უნდა გასწიოს იმ სფეროში, რომელშიც ცალკეულ  ქვეყანას საკითხის გადაჭრა არ შეუძლია; გამაფრთხილებელი მოქმედების პრინციპი, რაც გულისხმობს გაფრთხილებას; პროფილაქტიკას გარემოს დაბინძურებისაგან; სიფრთხილის დაცვის პრინციპი, რის მიხედვითაც მოსალოდნელი ჰიპოთეტური ეკოლოგიური საფრთხის არსებობის დროსაც კი მიღებული უნდა იქნეს პროფილაქტიკური ზომები; გარემოსადმი მიყენებული ზიანის ლიკვიდაციისა და ანაზღაურების პრინციპი. ზიანის თავიდან აცილების შეუძლებლობის შემთხვევაში ზიანის მინიმიზაცია და მისი გავრცელების შეზღუდვა, საბოლოოდ მისი შედეგების აღმოფხვრა; პრინციპი, რომლის მიხედვითაც ზარალს ანაზღაურებს ის, ვინც ბუნებას ზიანი მიაყენა; ზიანის ანაზღაურება ზიანის წყაროს მოსპობის შედეგად; ინტეგრაციის პრინციპი,  რომელიც  გულისხმობს   სხვა  პრობლემების  გადაჭრის დროს ეკოლოგიური საკითხების ჩართვასაც. საერთო კომპეტენციის სფეროებად აღიარებული იქნა: კლიმატის ცვლილება; დედამიწის ოზონური ფენის დარღვევა; ბიომრავალფეროვნების შემცირება; ტექნიკური ავარიების შემცირება;  მტკნარი  წყლის  წყაროთა  მართვა;  ტყეების  დეგრადაცია;  სანაპირო  ზონის  მენეჯმენტი;  ნარჩენების  წარმოება და განადგურება, ურბანული ეკოლოგია.

ეკოლოგიური სამართალი [Стеблов А. Л. 2010] წარმოადგენს ევროკავშირის სამართლის შემადგენელ ნაწილს, რომელიც შეიქმნა ინტეგრაციული პროცესების შედეგად, იგი თანხმობაშია საერთაშორისო და წევრი ქვეყნების სამართალთან.  ამასთან,  კავშირის  სამართლებრივ  აქტებს  უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე წევრი ქვეყნების საკანონმდებლო აქტებს. მთავარი   სამართლებრივი   აქტი   გარემოს   დაცვის   სფეროში არის ევროკავშირის ხელშეკრულების სპეციალური განყოფილება გარემოს დაცვის შესახებ, სადაც:    ჩამოყალიბებულია ეკოლოგიური პოლიტიკის ამოცანები და პრინციპები; რეგლამენტირებულია გარემოს დაცვის მაღალი დონე, ამასთან, დაშვებულია გარკვეული გამონაკლისები რეგიონების თავისებურებებიდან გამომდინარე; გადმოცემულია ბუნებისდაცვით ღონისძიებათა და   პროცედურების   იურიდიული   საფუძვლები; ნებას რთავს წევრ სახელმწიფოებს, განახორციელონ უფრო მკაცრი ბუნებისდაცვითი ღონისძიებები, რის შესახებაც უნდა აცნობონ ევროპულ კომისიას.

საერთოდ  ევროკავშირის   ხელშეკრულებაში    საკმაოდ სრულყოფილადაა  ასახული  გარემოს  დაცვის  პრობლემები. მასში  მითითებულია,  რომ   ევროკავშირი   მიისწრაფის   ეკონომიკის ჰარმონიული, დაბალანსებული და მდგრადი განვითარებისაკენ, გარემოს დაცვის   მაღალი დონისაკენ.

გარემოს დაცვის მიმართულებით ევროკავშირის დირექტივების ძირითად სფეროებს წარმოადგენს: ჰაერისა და წყლის ხარისხის მართვა; ბუნების დაცვა; ნარჩენების მართვა; ქიმიურ ნივთიერებათა  მართვა;  გენეტიკურად  შეცვლილი  ორგანიზმები და სხვ.

მრავალი ნორმატიული აქტი (დირექტივები და სხვ.) ეხება წყლისა და ჰაერის ხარისხის კონტროლის, ნარჩენების უტილიზაციის, სამრეწველო გამონატყორცნთა, ბიოტექნოლოგიათა უსაფრთხოების,   ხმაურის   დონის   შემცირებისა   და   ა.   შ.   სფეროებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ დირექტივებს იღებენ განუხრელი შესრულებისათვის, რაც დადებითად აისახება ამ ქვეყნების ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

ევროკავშირის ბუნებისდაცვითი სამოქმედო პროგრამები

1972 წლიდან იწყება ევროკავშირის ეკოლოგიური სამოქმედო პროგრამების შემუშავება [ENVIRONMENTAL… 2013]. ევროპის საბჭომ მიიღო ევროკავშირის პირველი  ეკოლოგიური  სამოქმედო  პროგრამა (First Environmental action Programme - EAP1),  რომელიც  მოიცავდა 1973-1977 წლებს. განისაზღვრა ეკოლოგიური საქმიანობის მიზნები, ამოცანები, პრინციპები და პრიორიტეტული მიმართულებები. პროგრამა ასევე შეიცავდა მდგრადი განვითარების კონცეფციის არაერთ საკვანძო ელემენტს, რომელიც მიღებული იქნა გაეროს მიერ XX საუკუნის 90-იანი წლებიდან. 1973   წელს   ასევე   მიღებულ   იქნა   არაერთი   აქტი, ომლებშიც ევროკავშირის დონეზე აისახა   გარემოზე   ნეგატიური   გავლენის   შეფასების პროცედურები, ემისიის სტანდარტები და სხვ.

ევროკავშირის მეორე ბუნებისდაცვითი სამოქმედო პროგრამა (Second Environmental action  Program - EAP2), რომელიც მოიცავდა 1977-1981 წლებს, წარმოადგენდა პირველის გაგრძელებას, რომელშიც, ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა წყლისა და ჰაერის ხარისხის უზრუნველყოფისა და ნარჩენების საკითხებს. 1975-1978, 1981-1983 წლების კრიზისებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ამ პროგრამის განხორციელების შედეგები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ დიდი როლი ითამაშეს ევროკავშირის ეკოლოგიური პოლიტიკის განხორციელებაში.

ევროკავშირის მესამე ბუნებისდაცვით სამოქმედო პროგრამა (The Third Environmental action Programme – EAP3), რომელიც მოიცავს 1981-1986 წლებს, ასახავს  მნიშვნელოვან  ცვლილებებს ევროკავშირის  ეკოლოგიურ  პოლიტიკაში. იგი უფრო მჭიდროდაა  დაკავშირებული  შიგა  ბაზართან. მასში პირველად იქნა განსაზღვრული   კავშირის   საერთო   ეკოლოგიური   სტრატეგია და  მოქმედება,  რომელიც  მიმართულია ზარალის  თავიდან  აცილებაზე  და  არა  მართვაზე.  მასში  მითითებულია  სტანდარტების ჰარმონიზაციის აუცილებლობაზე და სხვ.

ევროკავშირის   მეოთხე   ბუნებისდაცვით   პროგრამაში  (The fourth Environmental action Programme – EAP4 (1986-1993)) აღიარებული   იქნა    წინამდებარე   პროგრამების   ნაკლოვანებები და ეკოლოგიურ პოლიტიკაში აისახა შემდგომი პოზიტიური ცვლილებები. კერძოდ, ეკოლოგიური ფაქტორი პირველად იქნა აღიარებული არა წარმოების პროცესთა უბრალო დანამატად, არამედ მის ინტეგრირებულ ნაწილად. ეს კონკრეტულად გულისხმობდა პროდუქციის ენერგო- და მასალატევადობის შემცირებას, ნარჩენების მინიმიზაციას. ჩამოყალიბდა გარემოს დაცვის “დარგობრივი მიდგომები” ცალკეულ დარგთა გარემოზე   ზემოქმედების ანალიზის გზით. პირველად დადგინდა სტიმულირების ინსტრუმენტები – გადასახადები, სუბსიდიები, სავაჭრო ნებართვები. ამ პროგრამაში ეკოლოგიური პოლიტიკა აღიქმება არა როგორც ცალკე აღებული, არამედ ეკონომიკურ გადაწყვეტილებათა განუყოფელი ნაწილი.

ევროკავშირის მეხუთე ბუნების დაცვითი პროგრამა (Environmental action Programme 5 - EAP5 (1993-2000)) სახელწოდებით  "მდგრადი განვითარებისკენ(Towards Sustainability), მომზადდა რიოს  კონფერენციისა  და  (1992) “დღის  წესრიგი  21”-ის  მიზანდასახულობათა შესრულების პარალელურად.  მის  მთავარ    ამოცანას წარმოადგენდა კავშირის მიერ მდგრადი განვითარების მოდელის მიღება, რომელშიც მთავარი ადგილი ეჭირა გარემოს დაცვის საკითხებს, განსაკუთრებით, ღარიბებისათვის, ვინაიდან ისინი ყველაზე დაუცველნი არიან დაბინძურებისა და ეკოლოგიური კატასტროფებისაგან. ასევე მის ძირითად ინოვაციურ ელემენტებს მიეკუთვნება: მდგრადი განვითარების ძირითად მიზანთა რეალიზაცია; ყურადღების გადატანა ყველაზე დამაბინძურებელ დარგებზე (ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ა. შ.); ეკოლოგიური სტიმულირების ახალი,  საბაზრო  ინსტრუმენტების შემოღება; საზოგადოების ინფორმირებულობა; დამაბინძურებელ ნივთიერებათა გამოტყორცნის შემცირება მოკლე და გრძელვადიან პერიოდში; შეიძლება გამოიყოს ამ პროგრამის ორი პრიორიტეტი: ტრადიციული მიდგომებიდან (ნეგატიურ შედეგთა აღმოფხვრა)  ახალ  მიდგომებზე  გადასვლა  (წინასწარ  ქმედებებზე – გაფრთხილება მოსალოდნელ შედეგებზე; ეკოლოგიური პოლიტიკის ინტეგრაცია ეკონომიკურ დარგობრივ პოლიტიკებთან; ახალი მიდგომები ასევე გამოიხატებოდა ეკოლოგიურ პოლიტიკაში გამოყენებულ ინსტრუმენტთა შეთანხმებულ გამოყენებაში. ეს ინსტრუმენტებია: საკანონმდებლო ეკოლოგიური სტანდარტების შემოღება,  ეკოლოგიური  პოლიტიკის  ინტეგრაცია დარგობრივ პოლიტიკასთან, ტერიტორიული დაგეგმვა; ეკონომიკური (წარმოებისა და მოხმარების ეკოლოგიზაციის წახალისება, ეკონომიკურ დანახარჯთა ინტერნალიზაცია); ჰორიზონტალური (ინფორმაციის გავრცელება ნეგატიური გავლენის შესახებ, განათლება, კვლევა) და ფინანსური (გადასახადები, მოსაკრებები). პროგრამის მიერ ჩამოყალიბდა საბაზრო ინსტრუმენტების შემდეგი კატეგორიები: გადასახადები; შეღავათები, რომლებიც წაახალისებენ მდგრად საწარმოო  სისტემებსა  და  ეკოპროდუქტების  გამოშვებას; ეკოლოგიური აუდიტი.

ევროკავშირის   მეექვსე   ბუნებისდაცვით  სამოქმედო   პროგრამაში  (The Sixth Environmental Action Program - EAP6 (2002-2012))სახელწოდებით – ჩვენი არჩევანიჩვენი მომავალი”, აღნიშნულია, რომ ისეთი ეკოლოგიური პრობლემები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ბიოლოგიური მრავალფეროვნება და რესურსების გადაჭარბებული მოხმარება, არსებულ კანონმდებლობასთან ერთად მოითხოვს უფრო ფართო მიდგომას. ასევე ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთ ძირეულ საკითხებზე, როგორიცაა: პესტიციდების, რესურსების, გადამუშავების, ნიადაგის, ურბანულ, საზღვაო და სუფთა ჰაერის პრობლემები. ამ პროგრამის ძირეულ  კონცეპტუალურ  და  პრაქტიკულ საფუძველს წარმოადგენს: ევროკავშირში ეკოლოგიური კანონმდებლობის გამოყენების მაღალი ხარისხი; ეკოლოგიური პოლიტიკის პრინციპებისა და მიზნების სრული ინტეგრაცია სხვა პოლიტიკასთან, რომლის გატარებაც უხდება კავშირს; მთელ საზოგადოებასთან აქტიური დიალოგისა და ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; ევროკავშირის მეშვიდე ეკოლოგიური პროგრამა (2012-2020) განსაზღვრავს სამ საკვანძო მიზანს: დაიცვას, შეინარჩუნოს და  გაამრავლოს ბუნებრივი კაპიტალი; კავშირის ეკონომიკა გარდაიქმნას რესურსდამზოგ, ეკოლოგიურად სუფთა და კონკურენტუნარიან დაბალნახშირბადიან ეკონომიკად; კავშირის მოქალაქეები დაიცვას გარემოს მხრიდან ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის რისკებისაგან.

ევროკავშირის   მეშვიდე   ბუნებისდაცვითი   სამოქმედო   პროგრამის  ((2013-2020)The Seventh Environmental Action Program - EAP6] [Seventh...3013; Environment.. 2020] მიზანია უზრუნველყოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა რესურსების ეფექტიანი ინტეგრირების მეშვეობით პოლიტიკის ყველა სფეროში, როგორიცაა ნარჩენები, მრეწველობა, ნედლეული და სოფლის მეურნეობა. ეს ევროკავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკის მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტია, რომელიც ადრე  ყურადღებას ამახვილებდა ცალკეულ კონკრეტულ გარემოსდაცვით საკითხებზე. მასში ასახულია ევროკავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ცხრა პრიორიტეტი 2020 წლამდე. ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ევროკავშირის გარდაქმნა რესურსეფექტიან, მწვანე,  კონკურენტუნარიან და  დაბალი ნახშირბადიან ეკონომიკად.

პროგრამების განხორციელების შედეგად, საგრძნობლად შემცირდა ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება. დღეს ევროკავშირის მოქალაქეები მსოფლიოში წყლის საუკეთესო ხარისხით სარგებლობენ და ევროკავშირის ტერიტორიის 18% -ზე მეტი დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებად არის მიჩნეული.

დაიწყო მუშაობა ევროკავშირის მერვე ბუნებისდაცვით სამოქმედო პროგრამაზე (8th Environment Action Programme (EaP8)) [For the European…]. იგი უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და კლიმატის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას 2030 წლამდე. მისი ექვსი თემატური პრიორიტეტი მოიცავს: სათბურის გაზების ემისიის შემცირებას, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას, ნულოვანი დაბინძურებისკენ სწრაფვას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და აღდგენას, წარმოებასა და მოხმარებასთან დაკავშირებული გარემოსა და კლიმატის  ძირითადი ზეწოლის შემცირებას.

ოთხი ეგრეთ წოდებული “აქტივატორი” დაეხმარება ევროპას, მიღწეულ იქნეს ეს მიზნები: კანონმდებლობის საუკეთესო რეალიზაცია; საუკეთესო  ინფორმაცია  ცოდნის  ბაზის  გაუმჯობესების შედეგად; მეტი და სულ უფრო გონივრული ინვესტიციების განხორციელება ეკოლოგიის სფეროში; ეკოლოგიური მოთხოვნებისა და მოსაზრებების სრული ასახვა პოლიტიკებში. 

ევროკავშირის ბუნებისდაცვითი ინსტიტუტები 

გარემოს დაცვის პრობლემატიკით დაკავებულია ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტები: ევროპარლამენტი, ევროკომისიები, ევროპული სასამართლო და სხვ. ასევე 1993 წელს შეიქმნა სპეციალური ორგანო - გარემოს ევროპული სააგენტო (European Environment agency - ЕЕА) და  1994  წელს  მისი  პარტნიორი ეკოლოგიური ინფორმაციისა და დაკვირვების ევროპული  ქსელი (European Environment Information and Observation network, EIOnET),რომლებიც ახორციელებენ ევროპის კონტინენტზე გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, ასევე, შესაბამის ღონისძიებებს. ამ ორგანიზაციათა საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ ევროპის საინვესტიციო  ბანკი, რეგიონული კომიტეტები და ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. ევროპის საინვესტიციო ბანკი უმთავრესად აწარმოებს კრედიტების, სესხებისა და  გარანტიების  გაცემას  ბუნების დაცვისა  და  მდგრადი განვითარების  სფეროში  ევროკავშირისა და მისი რეგიონებისათვის.

1981 წელს ევროპის კომისიის შემადგენლობაში შეიქმნა გარემოს გენერალური დირექტორატი (Directorate-general for the Environment of the European Commission). მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: გარემოს დაცვის საერთო საკითხების გადაწყვეტა; ეროპის კომისიისათვის კონსულტაციების გაწევა  გარემოს  დაცვის  საკითხებში; გარემოს  დაცვის  ევროული სააგენტოსა და სხვა ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ ანგარიშთა და სხვა დოკუმენტების დამუშავება და ანალიზი;   შესაძლებელ ფინანსურ დანახარჯთა ანალიზი, რომელიც გაწეულია ბუნებისდაცვით საქმიანობაზე; კავშირის ქვეყნებში ჰარმონიზებული ეკოლოგიური პოლიტიკის დანერგვისა და მის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა; წევრ ქვეყანათა ეკოლოგიური კანონმდებლობების ჰარმონიზაცია; ეკოლოგიური განათლების სისტემის მხარდაჭერა;  ინფორმაციათა  გაცვლისა და ცოდნის გავრცელების რეალიზაცია და მხარდაჭერა.

ევროპის პარლამენტში არსებობს მრავალი მუდმივი კომისია, რომლებიც შეიმუშავებენ საკანონმდებლო აქტებს და ეწევიან მრავალფეროვან საქმიანობას გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში.მაგალითად: გარემოს დაცვის, ჯანმრთელობისა და  მომხმარებელთა დაცვის  კომისია  (NEVI). იგი ყველაზე მნიშვნელოვანი კომისიაა, ვინაიდან მოიცავს ეკოლოგიურ პრობლემებზე საკანონმდებლო საქმიანობის ყველაზე დიდ სფეროს და ახორციელებს კონტროლს საკანონმდებლო აქტების  რეალიზაციასა  და  მათ  შესრულებაზე; სამოქალაქო თავისუფლებისა და უფლებების, მართლმსაჯულების კომისია (LGB), რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, მათ შორის ეკოლოგიურ უფლებებს. ეკონომიკისა დაფინანსების კომისია (ECON), რომელიც,  სხვა  საკითხებთან  ერთად, საქმიანობს ბუნებისდაცვითი ღონისძიებების შეფასებისა და ბუნებისდაცვითი ტექნიკის გაყიდვებთან დაკავშირებით და სხვ. საკანონმდებლო და შიგა ბაზრის კომისია (JURI), რომელიც   დაკავებულია ეკოლოგიური კანონმდებლობით. მრეწველობის, საგარეო ვაჭრობის, ენერგეტიკისა და კვლევების კომისია (ITRE), რომელიც დაკავებულია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობით – ახალი ენერგო- და რესურსდამზოგი, ბუნებისდაცვითი ტექნოლოგიების დანერგვით, ენერგეტიკული და ატომური უსაფრთხოების  უზრუნველყოფით, ასევე ბუნებისდაცვითი ტექნოლოგიების საერთაშორისო ვაჭრობით. სოფლის მეურნეობისა და ქალაქების განვითარების კომისია (AGRI), რომელიც  შეისწავლის სოფლის მეურნეობის რაციონალური, ბუნების დამზოგი წესით წარმართვის, ქალაქებისა და მეგაპოლისების მდგრადი განვითარების საკითხებს. მეთევზეობის კომისია (PECH), რომელიც დაკავებულია თევზის რესურსების რაციონალური გამოყენების საკითხებით. რეგიონული პოლიტიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის კომისია (RETT), რომელიც საქმიანობას ახორციელებს რეგიონული ეკოლოგიური პოლიტიკისა და ტრანსპორტის უსაფრთხოების მიმართულებით; კულტურის, ახალგაზრდობის, განათლების, სპორტისა და მასიური ინფორმაციის კომისია (CUlT), რომელიც  დაკავებულია  ეკოლოგიური  განათლებითა  და  ეკოლოგიური პროგრამების შემუშავებით [Клапцов В. М, 2010].

თანდათან ევროკავშირის ნებისმიერი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი ხდება ეკოლოგიური შემადგენელი, თითქოს, მიმდინარეობს მისი “ეკოლოგიურ კავშირად“ გარდაქმნა. წევრი ქვეყნებიც ვალდებულნი არიან თავიანთ ნორმატიულ აქტებში გაითვალისწინონ ეკოლოგიური პრობლემები.

ეკოლოგიური პოლიტიკის საკითხებს კოორდინაციას უწევს ევროკავშირის კომისიის კომისარი გარემოს დაცვის საკითხებში. ეკოლოგიური პოლიტიკის ინსტრუმენტებს წარ- მოადგენს ისეთი ნორმატიული აქტები და დოკუმენტები, როგორიცაა კონვენციები, დირექტივები და რეგლამენტები.

დასკვნები 

1. წარსულში ბუნების გამოყენება ხდებოდა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რამაც კაცობრიობა კატასტროფის წინაშე დააყენა. საჭირო ხდება ძირეული ცვლილების გატარება ეკონომიკური სისტემის ყველა ელემენტში, რათა თავიდან იქნეს აშორებული გლობალური ეკოლოგიური პრობლემები.

2. მსოფლიოში   ამ   უაღრესად   რთული   პრობლემის   გადაჭრაში მოწინავე პოზიციები უჭირავს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროკავშირი.

3. 1972 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურების საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ევროკავშირის უფლებამოსილების გაფართოების შესახებ, მათ შორის, ეკოლოგიის მიმართებით.

4. დღეისათვის ევროკავშირს უფლება აქვს, აწარმოოს საერთაშორისო  თანამშრომლობა  გარემოს  დაცვის  სფეროში, თუმცა  თავდაპირველად  (დაფუძნების  დროს)  ეს  უფლება მხოლოდ მასში შემავალ ცალკეულ სახელმწიფოს ჰქონდა.

5.ევროკავშირის როლი მნიშვნელოვნად გაფართოვდა ჯერ მაასტრიხტი,  შემდეგ  კი  ამსტერდამის ხელშეკრულებათა საფუძველზე,  რომელთა  მიხედვითაც  მდგრადი  განვითარება  გახდა  კავშირის  უმთავრესი  მიზანი.  შემუშავებულ იქნა ევროკავშირის ეკოლოგიური საქმიანობის პრინციპები. საერთო   კომპეტენციის   სფეროებად   აღიარებული   იქნა:   კლიმატის ცვლილება; დედამიწის ოზონური ფენის დარღვევა; ბიომრავალფეროვნების შემცირება; ტექნიკური ავარიების შემცირება;   მტკნარი   წყლის   წყაროთა   მართვა;   ტყეების   დეგრადაცია; სანაპირო ზონის მენეჯმენტი; ნარჩენების წარმოება და განადგურება, ურბანული ეკოლოგია.

6. ეკოლოგიური სამართალი წარმოადგენს ევროკავშირის სამართლის    შემადგენელ    ნაწილს.   მთავარი    სამართლებრივი აქტი გარემოს დაცვის სფეროში არის ევროკავშირის ხელშე- კრულების სპეციალური განყოფილება  –  გარემოს დაცვის შესახებ, სადაც ჩამოყალიბებულია ეკოლოგიური პოლიტიკის ამოცანები და პრინციპები.

7. გარემოს  დაცვის   მიმართულებით  ევროკავშირის  დირექტივების ძირითად სფეროებს წარმოადგენს: ჰაერისა და წყლის ხარისხის მართვა; ბუნების დაცვა; ნარჩენების მართვა; ქიმიურ ნივთიერებათა  მართვა;  გენეტიკურად  შეცვლილი  ორგანიზმები და  სხვ. ევროკავშირის  წევრი  ქვეყნები  ამ  დირექტივებს  იღებენ განუხრელი შესრულებისათვის, რაც დადებითად აისახება ამ ქვეყნების ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

8. ევროკავშირს   1973   წლიდან    მიღებული    აქვს    ევროკავშირის გარემოსდაცვითი სამოქმედო 7 პროგრამა, რომლებშიაც ასახულია ევროკავშირის მიერ განსახორციელებელი უმნიშვნელოვანესი გარემოსდაცვითი ღონისძიებები და რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ მთელი მსოფლიოს ბუნების დაცვის საქმეში. ამჟამად მუშავდება მერვე პროგრამა.

9. გარემოს დაცვის პრობლემატიკით დაკავებულია ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტები: ევროპარლამენტი, ევროკომი- სიები, ევროპული სასამართლო, აგრეთვე გარემოს ევროპული სააგენტო   და  მისი  პარტნიორი ეკოლოგიური  ინფორმაციისა  და  დაკვირვების ევროპული  ქსელი, ევროპის  საინვესტიციო  ბანკი, რეგიონული კომიტეტები, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, გარემოს გენერალური დირექტორატი. ევროპის  პარლამენტში  არსებობს  მრავალი  მუდმივი  კომისია. ეკოლოგიური     პოლიტიკის     საკითხებს     კოორდინაციას უწევს   ევროკავშირის   კომისიის   კომისარი   გარემოს   დაცვის საკითხებში.

10. თანდათან  ევროკავშირის  ნებისმიერი  პოლიტიკის  შემადგენელი   ნაწილი   ხდება   ეკოლოგიური   შემადგენელი,   თითქოს მიმდინარეობს მისი “ეკოლოგიურ კავშირად“ გარდაქმნა. წევრი  ქვეყნები  ვალდებულები  არიან  თავიანთ  ნორმატიულ აქტებში. გაითვალისწინონ ეკოლოგიური მოთხოვნები.

11. ეკოლოგიური პოლიტიკის ინსტრუმენტებს წარმოადგენს ისეთი ნორმატიული აქტები და დოკუმენტები, როგორიცაა კონვენციები, დირექტივები და რეგლამენტები. 

ლიტერატურა 

  1. Aabesadze  R.  2019.  Circular  Economy:  Essence  and  modern challenges. Ekonomisti, № 1
  2. Environmental policy of the European Union https://en.wikipedia.org/wiki/Environmental_policy_of_the_European_Uni on
  3. Environment Action Programme to 2020 https://ec.europa.eu/environment/action-programme/
  4. ENVIRONMENTAL ACTION PROGRAMMES IN THE EU- ROPEAN UNION - EVOLUTION AND SPECIFIC 2013. https://www.google.com/search client=opera&q= ENVIRONMENTAL+ATION+ PROGRAMMES+IN+THE+EUROPEAN+ UNION+EVOLUTION+AND+ SPECIFIC&sourceid=opera&ie=UTF-8&oe=UTF-8
  5. For the European Green Deal and 8th Environmental Action Programme https://eeb.org/library/priorities-for-the-european-green-deal-and-8th-environmental-action-programme/
  6. 8th Environment Action Programme: Member States ready to start negotiations with Parliament https://www.wiredgov.net/ wg/news.nsf/articles/8th+ Environment+Action+Programme+ Member+ States+ ready+to+start+ negotiations+with+Parliament+18032021152500?open
  7. Popenega V.e. 2013. ENVIRONMENTAL ACTION PROGRAMMES IN THE EUROPEAN UNION - EVOLUTION AND SPECIFIC https://www.google.com/search?client=opera&q=7.%09Vasile+ POPEANGA.+2013.+ ENVIRONMENTAL+ ACTION+PROGRAMMES+IN+THE+EUROPEAN+UNION+-+ EVOLUTION+AND+SPECIFIC&sourceid= opera&ie=UTF-8&oe=UTF-
  8. Seventh Environment Action Programme https://europen-packaging.eu/policy/3- seventh-environment- action-programme. htmlPriorities
  9. The Maastricht Treaty 1992/ https://www.britannica.com/topic/ European-Union/The-Maastricht-Treaty
  10. Vanhoonacker S. 2012The Treaty of Amsterdam https://www.oxfordhandbooks.com/ view/10.1093/oxfordhb /9780199546282.001.0001/oxfordhb-9780199546282-e-10
  11. Гусев А.А. Основные направления и этапы формирования экологической политики Европейского Союза        http://www.wpec.ru/text/200704171418.htm
  12. Клапцов В. М, 2010. Экологическая политика Евросоюза.. https://en.riss.ru/images/pdf/journal/2010/3/13_.pdf
  13. Матвеева Е.В.. 2010. ЭКОЛОГИЧЕСКАЯ ПОЛИТИКА ЕВРОСОЮЗА http://www.unn.ru/ pages/e-library/ vestnik/99999999_West_2010_6/48.pdf
  14. Стеблов А. Л. 2010. Экологическое право РФ и ЕС http://be5.biz/pravo/e005/9.html