English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ რუსუდან კვარაცხელია ლევან კიკილაშვილი
მწვანე ბიზნესი - ჯანდაცვის პრომოციისთვის

DOI:    10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.01.KVARATSKHELIA.KIKILASHVILI

ანოტაცია. თანამედროვე ბიზნესის „გამწვანება“, ეკომეგობრული პრინციპების გათვალისწინება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, ბიზნესის გუდვილის გასაზრდელად, პროდუქტზე მოთხოვნის ზრდისა და მეტი ეკონომიკური დოვლათის შექმნის მიმართულებით. „მწვანე“ ტექნოლოგიების დანერგვა ბიზნესში თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებულად მზარდი ტრენდია. ბიზნესი ცდილობს დაიცვას საერთაშორისო ეკოსტანდარტები, რათა ეფექტიანად უპასუხოს მომხმარებლის  სპეციფიკურ მოთხოვნას, გავიდეს გლობალურ ბაზარზე და დაიმკვიდროს მყარად ადგილი. ყოველწლიურად იზრდება „მწვანე“ ეკონომიკური სუბიექტების რიცხვი. მათი უმრავლესობა საზოგადოებას ამცნობს, რომ იყენებს ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიებს, მის მიერ წარმოებული პროდუქტი არ შეიცავს სიცოცხლისთვის საშიშ, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო, გარემოს დამაბინძურებელ ნივთიერებს. ბოლო დროს მსოფლიოში განსაკუთრებით დამკვიდრდა „მწვანე“ გარემოს შექმნის ტენდენცია ოფისებში. დამსაქმებლების მხრიდან პოტენციური თანამშრომლების მოზიდვის ერთ-ერთ ფაქტორად სწორედ ეს დეტალი ხდება ხშირად უპირატესი. შედეგად მეტია მოტივაცია აღნიშნულ სამსახურში დასაქმებისა მოსახლეობაშის მხრიდანაც. ყოველივე ეს სარეალიზაციო საქონელზე გამოიხატება გარკვეული მარკირებით, ნიშანდებით, რასაც მომხმარებელი დღითიდღე მეტ უპირატესობას ანიჭებს. საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობით, არაგადამდები დაავადებების მომრავლების ფონზე, რაც განსაკუთრებულად უკავშირდება არაჯანსაღი პროდუქტებით კვებას, ტოქსიკური ნივთიერებების შემცველი სარემონტო საშუალებების გამოყენებას ძვირადღირებული „ევრორემონტის“ დროს, ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობას ტანსაცმელში, ფეხსაცმელში, საკანცელარიო ნივთებში, ბავშვების სათამაშოებსა და სხვა უამრავი დასახელების ნივთში - მოსახლეობა უფრო მეტად აქცევს ყურადღებას საქონლის მარკირებას და მწარმოებლის გუდვილს. თუმცა მთლიანობაში, მომხმარებლის ინფორმირებულობა და განათლების დონე ამ მიმართულებით მაინც საგრძნობლად დაბალია. დაბალია ასევე მწარმოებლის განათლების დონეც. შესაბამისად, ბაზარზე ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტებზე მოთხოვნა ჯერ კიდევ დაბალია, ამიტომ დაბალია მიწოდებაც. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ შეგვიძლია დღეს გავაკეთოთ,  არის მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა, მათში „მწვანე“ და ეკომეგობრული უნარ-ჩვევების გამომუშავების უზრუნველყოფა, რათა თავადვე ჩამოყალიბდნენ ისეთ მეწარმეებად, რომლებიც არ დააზიანებენ გარემოს, ადამიანების ჯანმრთელობას, იქნებიან თავადაც ჯანმრთელნი და მიიღებენ მეტ ეკონომიკურ სარგებელს. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია განვავითაროთ „მდგრადი ეკონომიკა“, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს დღეს „მწვანე ბიზნესის“ პოპულარიზაციას საზოგადოების, მომავალი თაობის ჯანდაცვის პრომოციისთვის.

სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება აგროტურიზმი საქართველოში. ის გაცილებით მეტად ეფექტიანი და მიმზიდველი იქნება, თუ აგროტურისტული ობიექტები მეტ ყურადღებას დაუთმობენ საკუთარ მეურნეობაში ბიოლოგიურად სუფთა მეთოდების დანერგვას. აგროტურისტები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ საინტერესო ადგილებს, დესტინაციებს, მოტივირებულნი არიან შეისწავლონ და დააკვირდნენ განსაკუთრებულ ტექნოლოგიებს, რომლებიც თანამედროვე მიღწევებთან ერთად გამყარებული იქნება ტრადიციული, ისტორიული გამოცდილებითა და მიდგომებით. საქართველოს აგრარული მიმართულებით ნამდვილად მდიდარი ისტორია გააჩნია, განსაკუთრებული ტრადიციებითა და სპეციფიკური პროდუქტებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ დღეს, როდესაც თანამედროვე ეპოქას, გენური ინჟინერიისა და ქიმიზაციის ეპოქაც უწოდეს, სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ბიოაგროწარმოების მიმართულება. იმ შემთხვევაში, თუ სოფლის, ასევე ეკო ტურიზმის სექტორი, ისევე როგორც მთელი ტურიზმის სფერო, განსაკუთრებით გაამახვილებს ყურადღებას ბიომიმართულებებზე, ამით ქვეყანა მეტ პოპულარიზაციას მოიპოვებს მოკლე დროში და მოიზიდავს გაცილებით მაღალგადახდისუნარიან სეგმენტს. დღს ბიოსაკვები მსოფლიოს მასშტაბით სურსათის ბაზარზე გაცილებით ძვირია, ვიდრე ქიმიურად მოყვანილი.

ასევე სასურველია, მცირემიწიანმა საქართველომ ყურადღება გაამახვილოს მცირე მიწაზე მეტი მოსავლის მიმღებ აგრომიმართულებებზე. ამის შესანიშნავი მაგალითია მიკრომწვანილები (microgreens). სავსებით შესაძლებელია კონკრეტულად ამ პროდუქტით დავაინტერესოთ აგროტურისტები და სპეციალურად მოვიწვიოთ მიკრომწვანილების მოყვანის საუკეთესო პრაქტიკის მისაღებად (რაც რეალურად წარმატებით ჩვენ დავნერგეთ ქვეყანაში).

ბიოაგროწარმოება-ეს არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ისეთი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ეკოლოგიურად უსაფრთხო პროცესებზე, ხელს უწყობს ეკოსისტემაში ბუნებრივი წონასწორობის და ბიოაგრომრავალფეროვნების შენარჩუნებას. მსოფლიოში ნამდვილად თვალშისაცემია ბოლო პერიოდის ტენდენცია - ბიომეურნეობების ფართობების ზრდა, უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე აღნიშნული ფართობები გაორმაგდა და 38 მლნ ჰა-ს გადააჭარბა. ბიომეურნეობა წარმოადგენს ინტენსიური სოფლის მეურნეობის ალტერნატივას.

ბიოპროდუქტი - წარმოადგენს ეკოლოგიურად უსაფრთხო ნედლეულიდან წარმოებულ პროდუქტს, რომელიც არის უვნებელი, ვინაიდან გავლილი აქვს სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი კონტროლი და რომლის შენახვა, ტრანსპორტირება და რეალიზაცია მხოლოდ ბიოსტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით ხორციელდება.

მეაბრეშუმეობა-აგროტურიზმი საქართველოში განსაკუთრებით მიმზიდველი იქნებოდა აგროტურისტებისთვის, თუ ქვეყანაში მეტი ყურადღება დაეთმობა მეაბრეშუმეობის აღდგენას. როგორც შიდა, ისე გარე ტურისტებისთვის, მებრეშუმეობასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო  აგროტურები შესაძლებელია დაიგეგმოს ეფექტიანად, საინტერესოდ, შემეცნებითად და გასართობად.

აბრეშუმი საქართველოში უძველესი დროიდან მზადდებოდა. ისტორიული წყაროების თანახმად, ძველ კოლხეთში (დასავლეთ საქართველო) ჯერ კიდევ ძვ. წ. XIY საუკუნეში იცოდნენ როგორც სელის, ასევე აბრეშუმის ძაფის დამზადების საიდუმლო.

ბიომეცხოველეობაზე დაფუძნებული აგროტურიზმი - ბიომეცხოველეობის ფარგლებში ბიოაგროწარმოება სასარგებლოა როგორც საზოგადოებისთვის, ბიოპროდუქტებით ბაზრის მომარაგების კუთხით, ასევე ბუნებისთვის, ეკოლოგიისთვის, ვინაიდან ხელს უწყობს გარემოს დაცვას, ცხოველთა კეთილდღეობას, ასევე მაღალია მისი ეკონომიკური და სოციალური ბენეფიტები სოფლის განვითარებაში. ორგანულ მეცხოველეობაში გამოიყენება ალტერნატიული მკურნალობის მეთოდები, როგორიცაა ჰომეოპათია და ფიტოთერაპია, გვერდითი ეფექტების გარეშე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროფილაქტიკისა და მკურნალობის აღნიშნული მეთოდები გაცილებით ნაკლები დანახარჯით ხასიათდება, ვიდრე ქიმიური გზით ჩატარებული ვეტერინარული მკურნალობა.

თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ხდება ეკოლოგიური პროდუქციის წარმოება მეცხოველეობის, კერძოდ სახორცე მიმართულების დარგში, სადაც მეღორეობას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

აგროტურისტისთვის, რომელიც საქართველოში ჩამოდის ბუნების, გარემოს დასათვალიერებლად, აგრარული მიმართულებების შესასწავლად და სხვა მიზნით, უმნიშვნელოვანესია ქართული გასტრონომიის, გამორჩეული კულინარიული შედევრების დაგემოვნება და მასტერკლასები ამ მიმართულებით. ბევრი ქართული ცნობილი და მოთხოვნადი კერძის ერთ-ერთ მთავარ ინგრედიენტს ხორცი წარმოადგენს. ხორცი კი, მით უფრო გემრიელი და განსაკუთრებულია, როდესაც  ცხოველი თუ ფრინველი არის გამოზრდილი  ყოველგვარი ქიმიური დანამატების, ჰორმონებისა და ანტიბიოტიოკების გარეშე.  ბიოსაკვებით გამოკვებილი ცხოველისა და ფრინველის ხორცი ცალსახად განუმეორებელ გემოვნურ თვისებებს სძენს მწვადს, ხინკალს და სხვა ისეთ კერძებს, რაც ნამდვილად სავიზიტო ბარათია თითქმის ყველა ტურისტული თუ სხვა სახის რესტორნისთვის.

საკვანძო სიტყვები: მწვანე ბიზნესი, ჯანდაცვა, მწვანე, პრომოცია, ეკომეგობრობა, მოზარდის ჯანმრთელობა. 

შესავალი

თანამედროვე ბიზნესისთვის „მწვანე“ და ეკომეგობრული პრინციპების გათვალისწინება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რაც მსოფლიოში განსაკუთრებით მზარდი ტრენდია. სხვადასხვა ტიპის ბიზნეს კომპანიები ცდილობენ, საკუთარი საქმიანობა მოარგონ არსებულ გლობალურ თუ ლოკალურ ეკოსტანდარტებს, საჭიროებებს, რათა ეფექტიანად უპასუხონ როგორც ეკოლოგიურ გამოწვევებს, ასევე მომხმარებლის  სპეციფიკურ მოთხოვნას.

1990-იანი წლებიდან, გარემოს მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, "მწვანე" ტენდენციების დანერგვა-გამოყენების კუთხით, ბაზარზე გაჩნდა ახალი ცნებები, როგორიცაა - მწვანე საკვები, მწვანე მოწყობილობა, მწვანე ქარხნები და ა.შ. ყოველივე ამან დააჩქარა მრავალი პროცესი და შეიქმნა მზარდი სამომხმარებლო მოთხოვნა მწვანე ბიზნესში. მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ შემდეგი საუკუნეები იქნება სრულიად „მწვანე“ კონცეფციის მატარებელი და ეს ეპოქა უკვე დაიწყო. ცვლილებები ეხება ყველაფერს, მათ შორის სამეცნიერო დარგებსაც, მაგ: მწვანე მარკეტინგი, ჩვეულებრივი მარკეტინგისგან განსხვავებით, კიდევ უფრო მოქნილი ხდება, რადგან მთავარი ფასეულობა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ეს კი საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიან გარემოს ქმნის, ეფექტიანი ხდება საწარმოების მიერ რესურსების გონივრული გამოყენება და მაღალფასეული კამპანიების წარმოება. მწვანე მარკეტინგი დიდი გამოწვევაა თითოეული ქვეყნის კერძო ბიზნეს საქმიანობაში და წარმოადგენს სრულიად ახალ შესაძლებლობებს, რომელსაც ათვისება სჭრდება [ZHANG., 2000].

მთელ მსოფლიოში წლიდან წლამდე მზარდია „მწვანე“  ბიზნესსუბიექტების რიცხვი. ამ მიმართულებით აქტიურდებიან ქართული კომპანიებიც. დღეისთვის უკვე რამდენიმე კომპანია აფიქსირებს გარემოსდაცვით მიზნებთან თავსებადობას, ეკომეგობრული, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტის წარმოებით თუ გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებით.

ასეთ კომპანიებს განეკუთვნება: AE Solar (მზის პანელების წარმოება); FREGOBUS (ელექტროავტობუსების წარმოება);  „აიქარი“ (ელექტრომობილის წარმოება);  „ბიოდიზელ ჯორჯია“ ( ეკოლოგიური საწვავის წარმოება); ბიოაგრო (მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი) და ა.შ.

მიუხედავად კომპანიების ნაწილის სოციალური პასუხისმგებლობისა და „მწვანე“ მიდგომებისა, როდესაც საქმე გარემოს ეხება, საზოგადოების დიდი ნაწილი მხოლოდ დღევანდელი დღის საჭიროებებით მოქმედებს, ხვალინდელ დღეზე, მომავალი თაობისთვის, საზოგადო ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს შენარჩუნებაზე ზრუნვა კი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ პოპულარული. ამრიგად, „მწვანე ბიზნესის“ პოპულარიზაცია, „მწვანე“ პროდუქტების შესახებ ინფორმაციების გავრცელება, „მწვანე“ ტექნოლოგიების დადებითი მხარეების წარმოჩენა, „მწვანე“ ადგილების შექმნა და სხვა მნიშვნელოვანი მიზნით შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების გატარება ძალზე მნიშვნელოვანია.

ადამიანები ყოველთვის ვახდენთ ზემოქმედებას გარემოზე, თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, საკუთარი წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვაში. ამისთვის უამრავი მიზეზი არსებობს: დასასვენებელი ადგილები გაცილებით ლამაზი გახდება, როცა დასუფთავებული იქნება და არა პიკნიკის ნარჩენებით დაბინძურებული; მოსახლეობა გაცილებით ჯანსაღი და ძლიერი იქნება, თუ ნაგავში არ გადაიყრება სახიფათო მუნიციპალური, ინერტული, სამედიცინო თუ სპეციფიკური ნარჩენები, როგორიცაა საბურავი, ბატარეა, აკუმულატორი, ელექტრო თუ ელექტრონული მოწყობილობები და სხვ.; ცხადია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი ფაქტორია ჯანსაღი გარემო, სუფთა და სოციალურად პასუხისმგებლიანი ქვეყანა, სადაც ტურისტს ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდება.

რაც შეეხება „მწვანე ბიზნესს“, გარემოს დაცვა მწარმოებლისთვის სხვადასხვა უპირატესობას ქმნის:

შესაძლებელია ფულის დაზოგვა და მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღება, ვინაიდან გარემოს დაცვა, პირველ რიგში არის მატერიალური, მათ შორის ფულადი რესურსების შენარჩუნება. წარმოების გონივრული დაგეგმვით შესაძლებელია დაიზოგოს ენერგია, წყალი, ნედლეული, საწვავი ტრანსპორტისთვის;

ქაღალდის გონივრული გამოყენებით, მეორადი ფურცლების გადამუშავებით შესაძლებელია შესაფუთი ქაღალდისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყუთების მომზადება, რაც შეამცირებს ლოგისტიკის ხარჯებს და სხვ.

მაშინ, როდესაც საქმე ეხება გარემოს დაცვას და ამ მიმართულებით კონცეპტუალურ მიდგომას, „მწვანე“ და „ჩვეულებრივ“ კომპანიებს შორის შეინიშნება მნიშვნელოვანი განსხვავება. ხშირად საწარმოთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ „გარემოს დაცვა ძვირია“. თუმცა, არსებობს ფაქტები და დადასტურებული დეტალები, რის საფუძველზეც წარმოება ნაკლები დანახარჯით აღწევს მეტ ეკონომიკურ სარგებელს, ეს კი ფულის დაზოგვას და მოგების ზრდას ნიშნავს.

გარემოსდაცვითი საქმიანობით ბიზნესი მომავალში მყარად იმკვიდრებს ადგილს. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში კომუნალური გადასახადები გაზზე, ნავთობზე, წყალსა ან ელექტროენერგიაზე გაიზრდება, „მწვანე“ კომპანია, რომელიც უკვე ტრადიციულად გაცილებით  ეფექტიანად იყენებს აღნიშნულ რესურსებს, მნიშვნელოვან უპირატესობას მოიპოვებს ბაზარზე უმოკლეს დროში, მაშინ როდესაც, ეს ფაქტი სხვა კომპანიებისთვის შესაძლოა გაკოტრების საფუძველიც კი გახდეს. ასევე, თუნდაც ტექნიკური დაზიანების შემთხვევაში, როდესაც ზიანდება ელექტროსადგური, გაზის გადამცემი მილები, სისტემა, მათზე სრულად დამოკიდებული კომპანია იძულებულია შეაჩეროს ფუნქციონირება, რაც იწვევს მის ფინანსურ თუ მორალურ ზარალს, როგორც კომპანიის ადმინისტრაციის, თანამშრომლების, ასევე მომხმარებლის მიმართ.

ასევე, საკმარისად მყარი და ეკონომიკური სარგებლის ზრდაზე ორიენტირებული არგუმენტი ბიზნესის „გამწვანებისთვის“ არის ბრენდის გამყარება, გუდვილის ზრდა.  თანამედროვე კომპანიების გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ზრდა მათი ნდობის ფაქტორის ზრდის წინაპირობაა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, გლობალურ  ბაზარზე. ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკის პირობებში, კომპანიებს შორის გლობალურ ბაზარზე გასასვლელად კონკურენცია საკმაოდ მძაფრია. წარმოების პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დაცვა უპირობოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა კომპანიებისთვის, რის გარეშეც მათი პროდუქტი გლობალურ ბაზარზე უბრალოდ ვერ გავა. საერთაშორისო სტანდარტები და ნორმები კი თავისთავში მოიცავს პროდუქტის ეკოლოგიურად უსაფრთხოების გარანტიებს. თუ კომპანიას არა აქვს ამბიცია ექსპორტსა და გლობალური ბაზრების დაპყრობაზე, ადგილობრივ ბაზარზე მისთვის უცილობლად მეტი უპირატესობის საფუძველია მაღალი ხარისხის პროდუქტი, ამ შემთხვევაში იგი ხდება გაცილებით მნიშვნელოვანი ღირებულებითი ჯაჭვის ნაწილი. მდგრადი, „მწვანე“ და უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენებით კომპანიის გუდვილი განუხრელად მზარდია, რაც მის პროდუქტებზე მოთხოვნას ზრდის.

მეტი „მწვანე ბიზნესი“, მეტი „მწვანე პროდუქტი“ ზრდის ქვეყნის იმიჯს და იგი გაცილებით მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის.  შესაბამისად, ბიზნეს სექტორს შეუძლია, იყოს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მოტივატორი, დღეს, როდესაც მსოფლიოში სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება გარემოს დაცვას, ზოგადად დამოკიდებულებას, აზროვნებას და კონცეპტუალურად აქტუალური ხდება ამ კუთხით კომპანიის მხრიდან ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯის მნიშვნელობა. პლასტმასის საგნებზე უარის თქმით, ნარჩენების დაუყრელობითა და მათი გადამუშავებით, დაზოგილი ენერგიითა და წყლით, ბუნებრივი რესურსების დამზოგავი უნარ-ჩვევების გამომუშავებით თითოეულ ჩვენგანში მივაღწევთ არა მხოლოდ გარემოს გაუმჯობესებას, არამედ საკუთარი კეთილდღეობის ამაღლებას, დამოკიდებულების შეცვლას გარემოსადმი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.

მსოფლიოში „მწვანე ბიზნესის“ როლი იმდენად დიდია, რომ კომპანიების შესახებ ინფორმაციის გავრცელების უმთავრეს წყაროდ გამოიყენება (სოც.ქსელები, მედია საშუალებები, რადიო და ა.შ). ეს საშუალებები ხელს უწყობს ბიზნეს ჰოლდინგებს, გააზიარონ და გადასცენ ინფორმაცია, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამომხმარებლო სეგმენტს (B2B) და (B2C)-ის, ამ დროს კი აუცილებელია, ზუსტად შეისწავლო მომხმარებლის ქცევა, მათი სურვილები, საჭიროებები, ინტერნეტ პლატფორმებში არსებული აქტივობა, ის, თუ რა სახის მასალას ეცნობიან, რათა არსებული მონაცემების ანალიზით, დახვეწო ლოიალურობის ზრდის ფაქტორები  მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტის/მომსახურების მიღებისას [Sato et al. 2013].

„მწვანე ბიზნესის“ მოდელი მთელ მსოფლიოში პოპულარულია, თუმცა გარდა ბიზნესისა, აღნიშნული მიდგომა, კონცეფცია უკვე ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ხდება უსაზღვროდ პოპულარული. გარემოზე ზრუნვა, რესურსების დაზოგვა, ალტერნატიული გზების ძიება, უკვე ერთგვარ მოძრაობას წარმოადგენს, მრავალი კრეატიული გადაწყვეტილებით, რაც ბევრ პოზიტივს ქმნის ადამიანებისთვის. „მწვანე ბიზნესი“ „მწვანე“ და კრეატიული ინიციატივებით თანამშრომლებს უქმნის ჯანსაღ და სასიამოვნო გარემოს, ხელს უწყობს მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებას. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს როგორც ზოგადად კომპანიის, ასევე თითოეული თანამშრომლის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას, სოციალურ განვითარებას, სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სხვადასხვა სოციალური პროექტების ფარგლებში ღონისძიებების გატარების შედეგად.

კომპანია, რომელიც ორიენტირებულია გარემოს დაცვასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტის წარმოებასა თუ მომსახურებაზე, უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ფაქტორებს:

  • ელექტროენერგიის გონივრული გამოყენება

ელექტროენერგიის დაზოგვა თითოეული ჩვენგანისთვის მარტივად დაცვადია და გაცილებით მეტად შედეგიანი, რაც გარემოზე ზრუნვისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია. ოთახიდან მინიმუმ 10 წუთით თუ გავდივართ, ოფისში ნათურის ჩაქრობა ჩვევად უნდა გვექცეს. დავამონტაჟოთ სენსორები, ელექტროსანათების ავტომატურად გასათიშად, მაშინ როცა არ გვჭირდება. შევიძინოთ ენერგოეფექტური ნათურები, რომლებიც ჩვეულებრივ ნათურებთან შედარებით ელექტროენერგიის დაახლოებით მესამედს მოიხმარს. ეს ფაქტი გარემოზე ზრუნვის დანიშნულებას ატარებს.

  • დამგზავრება გარემოს გასაჯანსაღებლად და ფინანსების დაზოგვისთვის

ყოველდღიური სიარული სამსახურში საკუთარი ავტომობილით არცთუ ისე მცირე ფინანსური ხარჯია, რომ არაფერი ვთქვათ ავტომობილისთვის გამოყენებული საწვავის დაზოგვაზე. თუ „მწვანე ბიზნესი“ დანერგავს „დამგზავრების“ სისტემას კომპანიაში, შესაძლებელია შეიქმნას სპეციალური პლატფორმა, სადაც თითოეულ თანამშრომელს შეუძლია ყოველდღიური საჭიროებისა თუ შესაძლებლობის მონიშვნა. „დამგზავრების“ სისტემა გულისხმობს რამდენიმე თანამშრომლის ერთად გადაადგილებას პერიოდულად, სხვადასხვა ავტომობილით. 

  • ალტერნატიული, ეკოტრანსპორტი

ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტი − ველოსიპედი, გვაძლევს საშუალებას, ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, დავზოგოთ ფინანსები საწვავისთვის და არ გამოვიყენოთ იგი, დავიცვათ გარემო.

ვიაროთ ფეხით მეტი, ფიზიკური აქტივობით ჯანმრთელობას შევუწყობთ ხელს.

„მწვანე ბიზნესს“ შეუძლია წაახალისოს მსგავსი ღონისძიებები სხვადასხვა ფორმით. მაგალითად, პროკრედიტბანკმა ჩაატარა ასეთი სახის სარეკლამო აქცია - „მართე ეკოტრანსპორტი, შექმენი შენი ცხოვრების სტილი”, აქცია ემსახურებოდა საქართველოს ტერიტორიაზე სს “პროკრედიტ ბანკის” მიერ გამოშვებული Debit Mastercard®- Flex Card ბარათების გამოყენების აქტივობის გაზრდას.

„მწვანე ბიზნესს“ შეუძლია მსგავსი ღონისძიებები დაგეგმოს საკუთარი თანამშრომლების მოტივაციის ასამაღლებად, მიმართონ გადაადგილების ეკოლოგიურ, გარემოსდაცვითი ეფექტის მქონე საშუალებებს.

  • „მწვანე“ გარემო ოფისში

თანამშრომლები, დასაქმებული ადამიანები ცხოვრების დიდ დროს ოფისში ატარებენ. მათი ჯანმრთელობისთვის, ძლიერი იმუნიტეტისთვის აუცილებელია, რომ ოფისში დაცული იყოს ჯანსაღი გარემო. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ სივრცეს, სადაც გვიწევს დიდი ხნით ყოფნა. შეიძლება იყოს ევრორემონტით გამორჩეული, ფეშენებელური ოფისი, თუმცა სარემონტო საშუალებების შემადგენლობა არ იყოს ეკოლოგიურად უსაფრთხო. ასეთი საშიშროება არსებობს შპალერებში, საღებავებში, იატაკის მასალებში, ავეჯის მასალებში და ა.შ. ამიტომ „მწვანე“ ბიზნესი ცდილობს ისეთი ავეჯი, იატაკის საფარი და საღებავები შეიძინოს, რაც არ შეიცავს ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ოთახის „მწვანე“ ინტერიერის მოწყობა. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ჰაერის დაბინძურება პრობლემა დგას და სულ უფრო აქტუალური ხდება, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სადაც მოჭარბებული მშენებლობები და გამონაბოლქვია, ყველაზე ესთეტიკური, სწრაფი და მარტივი გამოსავალია ოთახის ისეთი მცენარეების შეძენა-გამრავლება, რომლებიც გამოყოფენ ჟანგბადს. რა თქმა უნდა, მათ შორის უამრავია ამავე დროს ვიზუალურადაც ლამაზი და მიმზიდველი, რაც კიდევ უფრო ახალისებს ამ ფაქტს. მცენარეებზე ზრუნვა, მათთან ერთად სუნთქვა და სხვა ფსიქოლოგიური ფაქტორები ამავე დროს ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანების განწყობაზე, ამაღლებს მათ მოტივაციას და სამსახურში ყოფნის დროს ხდის სასურველს.

არანაკლებ საფრთხილოა საკანცელარიო ნივთები, ერთჯერადი ჭურჭელი, რასაც იყენებენ თანამშრომლები ოფისში, იყოს ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალისგან დამზადებული.

ასევე, უმნიშვნელოვანესია, ოფისის დასუფთავება ეკოლოგიურად უსაფრთხო ჰიგიენური საშუალებებით. 

  • ქაღალდის ეკონომია

სასურველია „მწვანე ბიზნესის“ ადმინისტრაცია თანამშრომლებს სახელმძღვანელო მასალებს და სხვა აუცილებელ ინფორმაციას აწვდიდეს ციფრული  და არა ბეჭდური სახით.  ეს უმარტივესია. ოფისის გადაყვანა ციფრულ რეჟიმზე მის გუდვილს საგრძნობლად ამაღლებს..

  • კომპიუტერების ეკონომიური და ეფექტიანად გამოყენება

თითქმის ყველა ოფისში კომპიუტერები მუდმივად ჩართულია, რაც უზარმაზარ ენერგიას ხარჯავს. ამიტომ „მწვანე“ ბიზნესმა უნდა დაამკვიდროს წესი და განუვითაროს თანამშრომლებს უნარი, გამოუმუშავოს ჩვევა, მაშინ, როდესაც არ სარგებლობენ კომპიუტერით, გათიშონ და გამორთონ დენის წყაროდან, ეს მინიმუმ გაანახევრებს ენერგიის ხარჯვას.  სასურველია, მცირე შესვენების დროს, კომპიუტერები ძილის რეჟიმში იმყოფებოდეს, რაც ენერგიის მოხმარებას საგრძნობლად, თითქმის 70%-ით ამცირებს. ასევე ოფისში უნდა გაითიშოს ნებისმიერი სხვა მოწყობილობა, რასაც არ იყენებენ იმ დროისთვის თანამშრომლები. ეს ფაქტი ენერგიის დანახარჯის მეოთხედს დაზოგავს. ასევე, სასურველია „მწვანე ბიზნესმა“ ინვესტირება მოახდინოს ენერგოეფექტურ ტექნიკაში, მონიტორებში, კომპიუტერებში, პრინტერებში და სხვ.

გარდა ამისა, სასურველია, აუცილებელი ბეჭდვის შემთხვევაში, გამოვიყენოთ ფურცლის ორივე მხარე, რისთვისაც საჭიროა პრინტერის გადაყვანა სათანადო, ორმხრივ და სწრაფი ბეჭდვის რეჟიმზე. არსებობს ასევე, პრინტერის საშუალებით რესურსების დაზოგვის სხვადასხვა თანამედროვე ინსტრუმენტები.

  • უნარჩენო ტექნოლოგია

„მწვანე ბიზნესის“ უმთავრესი მიდგომა უნარჩენო ტექნოლოგია უნდა იყოს. ნარჩენების ხელახლა გამოყენება გარემოზე ზრუნვის კუთხით დიდი სოციალური პასუხისმგებლობაა. სასურველია კომპანიას ჰქონდეს გაფორმებული კონტრაქტები ყველა, გადამამუშავებელ კომპანიასთან, რაც არსებობს და აცხადებს პროგრამებს, აქციებს. თუმცა, ამავე დროს, თავადაც უნდა იყოს აქტიური ორგანიზატორი, ამ მიმართულებით საინტერესო და მრავალრიცხოვანი საზოგადოების ჩართვის მოტივზე აგებული ღონისძიებებისა. ჩაატაროს სემინარები, ტრენინგები, მომხმარებლებისთვის, სტუდენტებისთვის, დაინტერესებული საზოგადოებისთვის, თუ რისი გადამუშავება და ხელმეორედ გამოყენება არის დაშვებული, რისი არა. მიიღოს მონაწილეობა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში.

ტერმინი 3R აღნიშნავს სამი ინგლისური სიტყვის საწყის ასოებს:

✅♻️Reduce (შემცირება) - ნარჩენების მინიმიზაცია - ცალკეულ ადამიანთა ან მთლიანად საზოგადოების მიერ წარმოქმნილი ნარჩენის შემცირება.

✅❗️Reuse (ხელახალი გამოყენება) -  უკვე მოხმარებული ნივთების მეორედ, ხელახლა გამოყენება, რაც ზოგავს დროს, ენერგიას, რესურსსა და ფულს.

✅♻️ Recycle (გადამუშავება/რეციკლირება) - გამოყენებული ნივთების ან ნარჩენების ტექნოლოგიური გადამუშავება იმავე ან სხვა სახის პროდუქციის მისაღებად [ნარჩენების მართვა., 2020].

  • ვიდეო კონფერენციები

ციფრული კომუნიკაცია ხშირ შემთხვევაში გამართლებულია. დღეს კორონა ვირუსის გამო შექმნილი პანდემიის პირობებში, დისტანციური შეხვედრები, ონლაინ კონფერენციები, სემინარები თითქმის ყველა ორგანიზაციისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუმცა, არა პანდემიის დროს ვიდეო კონფერენციების ჩატარების შესაძლებლობა ბევრად ზოგავს ენერგიას და სხვა რესურსებს აუდიტორიაში, საკონფერენციო დარბაზებში ჩატარებასთან შედარებით. ზოგავს თანამშრომელთა ტრანსპორტირების, ღამისთევის, კვების ხარჯებს და ა.შ. შესაბამისად, ცალსახად გონივრული იქნება „მწვანე ბიზნესმა“ ინვესტიციები დააბანდოს ისეთ ტექნოლოგიებში, რაც ვიდეოკონფერენციების ორგანიზების საშუალებას მისცემდა.                           

  • წყლის ეკონომია

წყალი სიცოცხლის საფუძველია, თუმცა ონკანის ღიად დატოვება ან წყლის წვეთებად მოდინება საათობით, დღეების, თვეების მანძილზე ადამიანების ყურადღებას ყოველთვის ვერ იქცევს. ფაქტობრივად წელიწადში  ამ გზით უსარგებლოდ დახარჯული  წყლის ოდენობა წამში 10 000 ლიტრია.

ჯანსაღი კვება და საკვების ნარჩენების შემცირება

სწორი და ჯანსაღი კვებით ადამიანები ჯანმრთელობას ვინარჩუნებთ. ორგანიზმისთვის სასარგებლო და საჭირო ნივთიერებებით აღსავსეა ბიოლოგიურად სუფთა მეთოდით მოყვანილი საკვები პროდუქტები. ბიომეურნეობის ფარგლებში ხდება როგორც გარემოს დაცვა, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. არ ირღვევა ბიოცენოზი, ვინარჩუნებთ ბიომრავალფეროვნებას. ბიოპროდუქტები შეიცავენ ორგანული ნივთიერებების, მშრალი ნივთიერებების იმ რაოდენობას, იმ ფორმით, რაც სჭირდება ორგანიზმს. ასევე ძალიან სასარგებლოა გაღივებული პროდუქტის მირთმევა. ღივი-ეს არის მცენარის სულ ახლახან გაღივებული თესლი. იგი აღსავსეა ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით, მინერალებით. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ღივი კოლოიდური ფორმით შეიცავს აღნიშნულ სასარგებლო ნივთიერებებს, რაც მათ ორგანიზმში იოლად ათვისებას უწყობს ხელს. ძალიან სასარგებლოა ასევე ახლად აღმოცენებული მცენარე, 2 ფოთლის დონეზე, ე.წ. მიკრომწვანილი, მასში, ისევე როგორც ღივში კოლოიდური ფორმით არის სასარგებლო ნივთიერებები და დამატებით მასში არის ასევე ქორფა ქლოროფილი, რაც ჟანგბადის უზადოდ მნიშვნელოვანი წყაროა. ჯანსაღი კვება დღეს მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, პანდემიისას, მკვლელ ვირუსს მხოლოდ ძლიერი იმუნიტეტით თუ გავუმკლავდებით.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საკვებად  პლასტმასის კონტეინერების გამოყენება როგორც ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ისე გარემოსთვის არის საზიანო. აუცილებელია გამოვიყენოთ არაერთჯერადი, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე დამზადებული ჭურჭელი. 

შევამციროთ ოფისის ღონისძიებებსა და წვეულებებზე ჩამოსხმული წყლისა და ყავის გამოყენება, ჩავანაცვლოთ ისინი გაფილტრული წყლით, ბიოჩაით, მცენარეული ჩაით, ბიოყავით, ჯეჯილის კოქტეილით და სხვა ხილის სმუზებით.

დღეს ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანი ხდება, სამომხმარებლო სეგმენტის ზუსტი ანალიზი, დაინტერესებული მხარეების გამოკვეთა, პროდუქტისა სასიცოცხლო ციკლის განსაზღვრა და მასში გარემოს დაბინძურების ფაქტორების გათვალისწინება, რაც თავისთავად ზრდის მწვანე პროდუქტების წარმოებისა და შენარჩუნების მაჩვენებლებს, რომ თან ზრუნავდე ეკოლოგიური მდგომარეობის მუდმივ გაუმჯობესებაზე, თან კი უფრო მეტი დადებითი ეფექტი შექმნა, გარემო პირობების ეფექტიანობის ამაღლებაში [Chen., 2011].

მწვანე პროდუქტების განვითარება შეიძლება დაეხმაროს კომპანიებსა და ეკონომიკას მდგრადობის შენარჩუნებაში, რადგან გარემოს დაბინძურების საკითხი, სულ უფრო მეტ პროდუქტის მომხმარებელს ადარდებს, სწორედ ამიტომ ეს შეიძლება გახდეს ძლიერი კონკურენტული იარაღი, ისინი მზად არიან გადაიხადონ მეტი მწვანე პროდუქციის შესაძენად [Bhat., 1993]. შესაბამისად, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მომხმარებლები მიდრეკილნი არიან შეიძინონ მწვანე პროდუქტები, ეს კი მწვანე ტექნოლოგიების ეპოქის შექმნის მთავარი საფუძველია [Makower et al. 2009; Pollard 1999]. სწორედაც, რომ დღეს, უფრო და უფრო მეტი კომპანია ახდენს პროდუქციის დიზაინის შეცვლას და მუშაობს მწვანე პროდუქტის ხაზის შექმნაზე. ტექნოლოგიურ-გარემოსდაცვითი ეპოქაში, კომპანიებისთვის აუცილებელი ხდება ახალი პროდუქტების განვითარების პროცესში გარემოსდაცვითი მენეჯმენტის ფილოსოფიის ცოდნა, რათა ფარდობითი უპირატესობის მოპოვება შეძლონ როგორც შიგა, ისე გარე ბაზრებზე [Pujari et al. 2003]. 

დისკუსია

2020 წლის ნოემბის მიწურულს ჩავატარეთ თვისებრივი კვლევა „მწვანე ბიზნესი ჯანდაცვის პრომოციისთვის“, მასში მონაწილეობა მიიღეს საკლვევი საკითხის ირგვლივ არსებულმა ცნობილმა ექსპერტებმა. გვინდა მოკლედ გადმოვცეთ კვლევის შედეგები:

პროფესორი ჯანდაცვის მენეჯემენტის მიმართულებით №1, საუბრობს, რომ მოზარდებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობა-განვითარება განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მთელ მსოფლიოში. ნაადრევი სიკვდილის შემთხვევების 75%  და მოზრდილი ადამიანების საერთო ავადმყოფობის ტვირთის მესამედი ცხოვრების პირობებსა და ქცევის ნორმებთანაა დაკავშირებული, რისი ჩამოყალიბებაც სწორედ ახალგაზრდა ასაკში მიმდინარეობს. აღნიშნულ ფაქტორებს განეკუთვნება დაბინძურებული გარემო, სიღარიბე, ინფორმაციასა და ჯანდაცვის სერვისებზე დაბალი ხელმისაწვდომობა, თამბაქოს მოხმარება, პასიური ცხოვრების წესი, ძალადობა. მოზარდობის ასაკში ჯანსაღი უნარ-ჩვევების გამომუშავება და ასაკობრივი რისკების აცილება ხელს უწობს ქმედით, ხანგრძლივ და პროდუქტიულ სიცოცხლეს. ამიტომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მოვახდინოთ მოზარდში ჯანსაღი ცხოვრების წესის სტიმულირება, გავატაროთ ჯანმრთელობის რისკებისგან დამცავი ღონისძიებები, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მოსახლეობის ზოგადი ჯანმრთელობის ხარისხის ასამაღლებლად  [თვისებრივი კლვევა., 2020]. 

ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი №2 - გარემოს ფაქტორების, აზბესტის გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. 21-ე საუკუნეში აქტიურად გამოიყენება როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური მასალები. ამ მასალების გადამუშავებისას ატმოსფერული ჰაერი მნიშვნელოვნად ბინძურდება და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. იგი არის ავადობისა და სიკვდილის გამოწვევის ერთ-ერთი ძირითადი  მიზეზი. მსოფლიოში მრავალი საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაცია (UNFP; WHO; IARC; ILO) და ქვეყნის ადგილობრივი ჯგუფები არის ჩართული, როგორც ქიმიური ნივთიერებების მოხმარების რეგულაციებზე, ასევე შემდგომ მის გაუვნებელყოფაზე. აზბესტი მიეკუთვნება ბუნებაში არსებული ბოჭკოვანი მინერალების ჯგუფს. ბუნებაში მისი ექვსი სახეობა გვხდება. (თავისი მინერალური ბუნების მიხედვით აზბესტი იყოფა ორ ჯგუფად) სერპანტინის ჯგუფი, ქრიზოტოლი, ე.ი თეთრი აზბესტი; ამფიბოლის ჯგუფი: ანტოფილიტი, აქცინოლიტი (მწვანე აზბესტი), აქტინოლოტი, ტრემოლიტი, კროკიდილიტი (ლურჯი აზბესტი), ამოზიტი (ყავისფერი აბზესტი). გამოირჩევა მაღალი მდგრადობით, ცეცხლგამძლეა, მჟავაგამძლეა, თერმული სტაბილურობა ახასიათებს, აქვს კარგი სიმკვირივე, ბგერის შემაკავებლის უნარიანობა, ნესტგამძლეობა და წყალგაუმტარობა, ასევე მაღალი ტემპერატურისადმი მდგრადობა; კოსნტრუქციული და საიზოლაციო თვისებებით გამორჩეული, რადიაციისგან დაცვისუნარიანი მასალაა. აზბესტს ფართო გამოყენება აქვს მსოფლიო ინდუსტრიასა და მრეწველობის სხვადასხვა დარგში 3600-მდე პროდუქტში. აზბესტი კლასიფიცირებულია, U.S. Department of Health and Human Services (HHS), ამერიკის ჯანდაცვის და სოციალური დახმარების დეპარტამენტის; EPA (Environmetal Protection Agency)-გარემოს დაცვითი სააგენტოს, International Agency for Research on Cancer (IARC) კიბოს შემსწავლელი საერთაშორისო სააგენტოს მიერ, როგორც ადამიანის ორგანიზმზე მოქმედი კარცენოგენი, იწვევს კიბოს, ცნობილია, როგორც ფარული მკვლელი და წარმოადგენს გლობალურ საფრთხეს. აზბესტის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ადამიანი, კლინიკურად 20-40 წლის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს, ცნობილი დაავადებებია: აზბესტოზი, მეზოთელიომა, ფილტვის კიბო, ხორხის კიბო, საკვერცხეების სიმსივნე, ლარინგეალური სიმსივნეები და ა.შ. აშშ-ში აზბესტის ზემოქმედებით 12000-დან 15000-მდე სიკვდილი რეგისტრირდება. მსოფლიოში სიკვიდლიანობის 107 000 შემთხვევა ფიქსირდება სამუშაო ადგილზე. მსოფლიოში 125 მილიონი ადამიანი კვდება სამუშაო ადგილზე აზბესტის ზემოქმედების გამო. აზბესტის წარმოება მრავალ კომპონენტიან საკითხადაა მიჩნეული - ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური და სამშენებლო ინდუსტრიის აღორძინებისთვის,  მეორე მხრივ, პრობლემურ საკითხს წარმოადგენს,  როგორც მავნე ზეგავლენის მქონე ერთ-ერთი მთავარი წყარო, ადამიანთა ჯანმრთელობისთვის. საქართველო მიეკუთვნება აზბესტშემცვლელი მასალების, ნაკეთობების შემომტან და მომხმარებელ ქვეყნების ჯგუფს. შემოდის, როგორც ამფიბოლური, ასევე ქრიზოტილური აზბესტშემცვლელი პროდუქცია. მსოფლიოს 62 ქვეყანაში აზბესტის წარმოება და გავრცელება არის აკრძალული. ლიდერი სახელმწიფოები: რუსეთი, ყაზახეთი, ინდოეთი, ინდონეზია, ბრაზილია, ჩინეთი. სამწუხაროდ, საქართველო მიეკუთვნება აზბესტშემცვლელი მასალების, ნაკეთობების შემომტან და მომხმარებელ ქვეყნების ჯგუფს. ქვეყანაში შემოდის, როგორც ამფიბოლური, ასევე ქრიზოტილური აზბესტშემცვლელი პროდუქცია. აზბესტშემცველი მასალების გამოყენების მოცულობის, პირობების, დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. საბედნიეროდ, 1992 წლიდან არ ფუნქციონირებს აზბესტშემცვლელი სამშენებლო მასალების წარმოება, მაგრამ სამშენებლო ინდუსტრიის აღმავლობის პირობებში გაიზარდა მასზე მოთხოვნა. აზბესტის ყველა სახეობა არის კარცეროგენი, იწვევს კიბოს, არის ფარული მკვლელი და წარმოადგენს გლობალურ საფრთხეს [თვისებრივი კლვევა., 2020]. 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და გავნითარების ცენტრის წარმომადგენელი №3 საუბრობს მომხმარებლის უფლებებზე, საიტს www.momxmarebeli.ge ასობით ათასი ვიზიტორი ჰყავს წელიწადში.  ფეისბუქის გვერდი 28 ათასზე მეტი მიმდევრით, მუდამ გამოირჩევა მაღალი ხარისხის, როგორც ნაბეჭდი მასალით, ისე მედიის, ვიდეოკლიპების მიმართულებით. შესაძლებელია საკანონმდებლო ცვლილებების ლობირება, იურიდიული კონსულტაციები და სხვა, რაც მნიშვნელოვანი საკითხია, მომხმარებლების დაცულობისა და მათი უფლებების ხელშეწყობისთვის  [თვისებრივი კლვევა., 2020]. 

არასამთავრობო ორგანიზაცია №4 აერთიანებს ყველა „მწვანე“ მწარმოებელს, ვინც აცხადებს, რომ მისი პროდუქტი არ შეიცავს სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს, დამზადებულია ეკოლოგიურად უსაფრთხო ნივთიერებებისგან, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიებით (მოყვანილია, გადამუშავებულია, შეფუთულია, ტრანსპორტირებულია, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიებითა და მეთოდებით), არ აბინძურებს გარემოს და ა.შ. მათი გაერთიანება ერთ სივრცეში მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია. არასამთავრობო ორგანიზაცია ეწევა საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანიას როგორც მწარმოებლების, ასევე მომხმარებლებისთვის და სწორედ მათ აკავშირებს ერთმანეთთან. მომხმარებელს უხსნის, თუ რატომ უნდა შეიძინოს ეკოლოგიურად უსაფრთხო, ეკო-მეგობრული, ბიოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებით მოყვანილი საკვები/სამომხმარებლო პროდუქტი და როგორ განასხვაოს ჯანსაღი და არაჯანსაღი პროდუქტი ერთმანეთისგან; რა მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე არაჯანსაღი, არაეკოლოგიური ტექნოლოგიები და ქმედებები და რა დადებით ზეგავლენას ახდენს ბიოლოგიურად სუფთა, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტი ჯანმრთელობაზე  [თვისებრივი კლვევა., 2020]. 

არასამთავრობო ორგანიზაცია №5 ამბობს, რომ იცავს გარემოს მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად დაგეგმილ აქტივობებს, ამიტომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით: კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, რესურსების მდგრადი მართვა, ჯანსაღი, წარმატებული, კლიმატის მიმართ სტაბილური თემის ფორმირება-განვითარება, გარემოსდაცვით საკითხებში ქალთა ჩართულობა, მათი როლის ზრდა, განვითარების მწვანე მიმართულებების დანერგვის მიზნით. იქიდან გამომდინარე, რომ მდგრადი განვითარება მიიღწევა კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის თანამონაწილეობის შედეგად, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. იგი საზოგადოებრივ თუ კერძო სექტორს, მთავრობას, ადგილობრივ თემებს ეხმარება არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში თანამედროვე, ეფექტიანი გზით. ორგანიზაცია აცხადებს საგრანტო კონკურსებს ახალგაზრდების ჩართულობისთვის გარემოს დასაცავად და „მწვანე“ გარემოს განვითარებისთვის [თვისებრივი კლვევა., 2020]. 

ბიზნესი - ხის ეკოსათამაშოების/ნაკეთობების საწარმო №6 ამბობს, რომ იდეა გაუჩნდათ,  ეწარმოებინათ საკუთარი ბავშვებისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო სათამაშოები, ვინაიდან ბაზარზე წარმოდგენილი იყო არცთუ ისე უსაფრთხო, დაბალი ხარისხის პროდუქტი, სურდათ ეწარმოებინათ სათამაშოები უსაფრთხო მასალებითა და ტექნოლოგიებით, ხელმისაწვდომ ფასად. ახალი სათამაშოების იდეების რეალიზებამ შექმნა ეკოსათამაშოების, სპორტული აქტივობისთვის საჭირო ნივთების, ეზოების მოწყობის, საბავშვო ოთახის ავეჯის, შინაური ცხოველების სახლების წარმოება.  „დღეს მნიშვნელოვანია ბაზარზე აჩვენო, რომ ნამდვილად შეგწევს უნარი, იყო გამორჩეული, აწარმოებდე ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციას და ქმნიდე განსაკუთრებულ ხარისხს, ამიტომ ვითვისებთ ადგილობრივ ბაზარს, ვზრდით წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტს, ვფიქრობთ საზღვარგარეთის ბაზარზე პროდუქციის გატანას, ხელს ვუწყობთ კონკურენტუნარიანი ფასის წარმოქმნას და შენარჩულებას, ვაორგანიზებთ უნარჩენო-წარმოებას, რაც თავისთავად გულისხმობს, ბრიკეტების დამზადებას ღუმელებისთვის“ - განაცხადა რესპოდენტმა  [თვისებრივი კლვევა., 2020]. 

ბიზნესი №7 - ეკოლოგიურად უსაფრთხო ჰიგიენის საშუალებები. ქართული ნატურალური სამკურნალო საპონი მზადდება უძველესი ქართული ოჯახური ტრადიციით, ალპურ ზონაში შეგროვილი მცენარეებისგან. აწარმოებს ათზე მეტი სახეობის სამკურნალო, ნატურალურ საპონს. პროდუქცია მზადდება მხოლოდ ბიოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან, ძვირფასი ეთერზეთისაგან, ალპურ ზონაში მზარდი სამკურნალო ბალახებისაგან, რაც ძალიან სასარგებლოა ადამიანის კანისთვის. კომპანია ნატურალური ჰიგიენური საშუალებების რეალიზაციას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით [თვისებრივი კლვევა., 2020]. 

ბიოლოგიური მეურნეობების ექსპერტი №8 გვესაუბრა ბიოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებზე, პერმაკულტურზე, ბიოორგანულ მეურნეობებსა და ბიოდინამიურ მეურნეობაზე, პესტიციდებითა და შხამ-ქიმიკატებით მოყვანილი პროდუქტებით გამოწვეულ საფრთხეებზე, მათსა და ბიო პროდუქტებს შორის არსებულ განსხვავებაზე ჯანმრთელობისთვის და სხვა ბევრ საინტერესო საკითხზე. მანვე აღნიშნა, რომ უმთავრესი პრობლემა ამ მიმართულებით არის განათლების დონის სიმცირე როგორც მწარმოებელში, ასევე მომხმარებელში. მისი აზრით, თუ მომხმარებელი სათანადოდ იქნება ინფორმირებული, ჯანდაცვისთვის მნიშვნელობანი პროდუქტების შესახებ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და მავნე პროდუქტების თაობაზე, მას  ჩამოყალიბებული და სწორად ფორმირებული ექნება მოთხოვნა ბაზარზე, რაც შესაბამისად გამოიწვევს მაღალი ხარისხის მიწოდებას ბაზარზე. მზარდი მოთხოვნა მზარდ მიწოდებას განაპირობებს, რაც ზოგად ვითარებას გააუმჯობესებს, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით [თვისებრივი კლვევა., 2020]. 

სკოლის დირექტორი №9 მის სკოლაში არსებული ეკოკლუბი მუშაობს ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების მოძიებაზე, მათ დანერგვაზე მოსწავლეთა ოჯახებში, მშობლებამდე სწორი ინფორმაციის მიტანასა და გავრცელებაზე. სკოლაში სანიმუშო მოდელების აგებასა და რეგიონის ფემრებისთვის მაგალითის მიცემაზე. როგორც სკოლის დირექტორი გვეუბნება, ეკოკლუბის ამ საქმიანობამ (არასამთავრობო ორგანიზაცია №4-ის ხელშეწყობით), უკვე მიაღწია დადებით კომერციულ შედეგსაც კლუბის წევრი მოსწავლეების ოჯახებისთვის. ის აცხადებს, რომ ეს ყველაზე სწორი მიდგომაა. ადამიანის თვისებების, მისი უნარ-ჩვევების გამომუშავება სწორედ მოზარდობის პერიოდიდან იწყება [თვისებრივი კლვევა., 2020]. 

დასკვნა და რეკომენდაციები

  • მთავრობამ კიდევ უფრო მეტად იმუშაოს ახალგაზრდების დასაქმების პოლიტიკაზე, უზრუნველყოს მათი პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ეკო-მეგობრული მიდგომებისა და „მწვანე“ ტექნოლოგიების საფუძველზე.  
  • აუცილებელია, „მწვანე“ არაფორმალური განათლების გზით, გაუმჯობესდეს ახალგაზრდების „მწვანე ბიზნესის“ სამეწარმეო უნარები, მათივე დასაქმების შესაძლებლობების გასაზრდელად, ისეთი ცოდნის და კომპეტენციების განვითარების საფუძველზე, რაც განაპირობებს მათ შრომით ეფექტიანობას, კონკურენტუნარიანობას და ამავე დროს დამსაქმებლის ეკო-მეგობრულ განვითარებას.
  • პრიორიტეტული უნდა გახდეს ახალგაზრდების მიერ შემუშავებული მცირე „მწვანე“ ბიზნეს-პროექტების განხორციელების მხარდაჭერა, რაც გაზრდის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობას რეგიონებში, ამავე დროს გარემოს დაცვის პოპულარიზაციას.
  • მეტი ფიზიკური აქტივობის მხარდასაჭერად, ჯანდაცვის პრომოციისთვის, აუცილებელია დავეხმაროთ ახალგაზრდებს, სწორად მოახდინონ თავისუფალი დროის ორგანიზება, ფიზიკური აქტივობისა და რეკრეაციული, საგანმანათლებლო პროგრამების ინტეგრირებით. ასეთი შეიძლება იყოს პერმაკულტურის პრინციპების გაცნობა, ლანდშაფტის დიზაინის საფუძვლების გაცნობა და მათი მოწყობა, სოფლისა და ქალაქის სკოლების მოსწავლეთა ერთობლივი პროგრამების ფარგლებში.
  • ახალგაზრდული „მწვანე“ კლუბების ჩამოყალიბების მხარდაჭერა, განსაკუთრებით, რეგიონებში, სოფლებში, სადაც თინეიჯერები მოსინჯავენ საკუთარ შესაძლებლობებს ეკო-მეგობრულ ტექნოლოგიებში, დაამყარებენ ჰარმონიულ ურთიერთობას ბუნებასთან, გარემოსთან, შეიძენენ უნარ-ჩვევებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის.
  • სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტად გაააქტიუროს მიზანმიმართული ღონისძიებები ახალგაზრდებში სპორტული აქტივობების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით.
  • უნდა გაიზარდოს ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა ყველა სოფელში, რათა ახალგაზრდებს მაქსიმალურად მიეწოდოთ ჯანმრთელობის მხარდამჭერი გზავნილები.
  • აუცილებელია ჯანდაცვის პრომოციისთვის, არაგადამდები დაავადებების შემცირების მიზნით მოხდეს ახალგაზრდების ინფორმირება ჯანსაღი და გონივრული კვების რაობის, მისი უპირატესობების შესახებ, მიეწოდოთ მეტი ინფორმაცია მათთვის უფრო საინტერესო ფორმით ჯანსაღ პროდუქტებზე, კერძებზე, ურთიერთშემავსებელ, ურთიერთგამომრიცხავ და სხვა პროდუქტებზე, რითაც სტიმულს მივცემთ მათი სწორი მოთხოვნილებების ჩამოყალიბებას.  
  • აუცილებელია სკოლებში დაინერგოს საგანმანათლებლო პროგრამები ჯანსაღი კვების მიმართულებით.
  • „მწვანე“ კონცეფციის არსისა და მნიშვნელობის მეტად სიღრმისეული გაგების, ქვეცნობიერში, სწორი, „მწვანე“ უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით საჭიროა ქვეყნის საგანმანათლებლო სიტემაში ერთიანი, მრავალსაფეხურიანი სისტემის ჩამოყალიბება სკოლამდელ დაწესებულებებშივე, შემდეგ კი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.
  • თითოეულ საგანმანათლებლო დონეზე საჭიროა შეიქმნას ასაკობრივი თავისებურებების შესაბამისი პრევენციული „მწვანე“ პროგრამები, შემუშავდეს პრევენციული სტრატეგია, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ბავშვის ჰარმონიული განვითარების თავისებურებები, საჭიროებები,  სხვადასხვა სტადიაზე. ეს ხელს შეუწყობს დღეისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის - ბულინგის შემთხვევების შემცირებას, ვინაიდან ბუნების სიყვარული, გარემოს დაცვაზე ზრუნვა, ჯანდაცვის პრომოციაზე საუბრები ბავშვის ფსიქიკას მეტად ჰუმანურს, დამთმობსა და ადეკვატურს ხდის.
  • საჭიროა თემზე ორიენტირებული „მწვანე“ პროგრამების შექმნა და იმპლემენტაცია, რეგიონული მმართველობის, საგანმანათლებლო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით. ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია ადგილობრივი პრობლემების შესწავლის საფუძველზე მოხდეს არსებული პრობლემების გადაჭრა ეკოლოგიურად უსაფრთხო გზით. მაგალითად, პრობლემაა თაფლის გატანა ევროკავშირში, მიუხედავად მისი წარმოების ადგილმდებარეობისა. პრობლემა მდგომარეობს ღია ტუალეტებში (ასევე გარემოს უგულებელყოფა და მოსახლეობის დაინფიცირება ფეკალური მასებით მდინარეების დაბინძურების გზით). აღნიშნული პრობლემის მოგვარებით დიდწილად არის შესაძლებელია ჯანსაღი ფუტკრის მიერ, ბიოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების გამოყენებით მეფუტკრემ მიიღოს ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი, მაღალი ხარისხის თაფლი, ხოლო სოფლის გარემო გაჯანსაღდეს. ამდენად, კონკრეტულ სოფლებში, სიტუაციის სისტემატიური ანალიზის გზით, ეკოლგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების საჭიროების განსაზღვრით, პრევენციული საქმიანობების დაგეგმვის საფუძველზე სრულიად შესაძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება.
  • აუცილებელია მოხდეს მეტი საქმიანი ურთიერთობის უზრუნველყოფა ბიზნესსა და მეცნიერს შორის. მეცნიერი ბიზნესს სთავაზობს ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიებს, რასაც ბიზნესი ნერგავს პრაქტიკაში, შესაბამისად, მის მიერ წარმოებული პროდუქტი გაცილებით მეტად ეკოლოგიურად უსაფრთხოა და ხდება მოთხოვნადი, თავად ბიზნესის გუდვილი კი მუდმივად მზარდია.

სტატია გამოქვეყნებულია, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის პროექტ: "SPG-19-661"-ის მხარდაჭერით. 

ბიბლიოგრაფია 

  1. თვისებრივი კვლევა 2020. http://bit.ly/3h0pMBn
  2. ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები. http://bit.ly/3apaQeN ბოლო წვდომა (2020.11.30)
  3. Atsushi S, Tamura T, Huang R, Ma J, and Yen Neil Y. 2013. “Smart Business Services via Consumer Purchasing Behaviour Modeling.” Proceedings - 2013 IEEE International Conference on Green Computing and Communications and IEEE Internet of Things and IEEE Cyber, Physical and Social Computing, GreenCom-IThings-CPSCom 2013, 812–17. doi.org/10.1109/GreenCom-iThings-CPSCom.2013.144.
  4. Bhat, V. N. (1993). “A blueprint for green product development. ” Industrial Management,  35(2), 4-7.
  5. Chen, Y.-S. 2011. “Green organizational identity: Sources and consequence. ”  Management Decision, 49(3), 384-404.
  6. Kalafatis, S. P., & Pollard, M. (1999). „Green marketing and Ajzen's theory of planned behaviour: A cross-market examination.“ Journal of Consumer Marketing, 76(4/5), 441-460.
  7. Makower, J. (2009). “Strategies for the green economy: Opportunities and challenges in the new world of business. “ New York: McGraw-Hill.
  8. Xiao-di ZHANG. 2000. “Green Marketing: A Noticeable New Trend of International Business.” Journal of Zhejiang University SCIENCE 1 (1): 99. doi.org/10.1631/jzus.2000.0099.