English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ვახტანგ ბურდული
ინოვაციების გავრცელების პრობლემები საქართველოში

10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.03.BURDULI

ვრცელი რეზიუმე

ნაშრომში გაანალიზებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ინოვაციების გავრცელების შესახებ, განხილულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობა ინოვაციების გავრცელების შესახებ, განხილულია საქართველოში “საბაზისო” ინოვაციების რეალიზაციის რამდენიმე მაგალითი და გაშუქებულია ინოვაციების გავრცელების რეგიონული პრობლემები ტექნოპარკების ორგანიზაციის გზით.

იმისათვის, რომ მოვახდინოთ საქართველოში ინოვაციების გავრცელების სტატისტიკის გამოკლევა, უპირველეს ყოვლისა საჭიროა ინოვაციების სახეების კლასიფიკაციის შესახებ თანამედროვე შეხედულებების შესწავლა და, ასევე, ინოვაციების გავრცელების თანამედროვე დარგობრივი (სექტორული და ქვესექტორული) პრობლემების სისტემური გამოკვლევა, რაც ჩემს მიერ გაკეთებულია სტატიაში [Бурдули В., 2020]. კერძოდ, აღნიშნულ სტატიაში ნაჩვენებია, რომ ინოვაციები იყოფა საბასიზოსა და გასაუმჯობესებლებზე, საპროდუქტო და საპროცესოებზე, სიახლის ტიპის შესაბამისად საწარმოში შესვლისა და ბაზარზე გასვლის მიხედვით, ინოვაციების წარმოების წყაროების მიხედვით და ა. შ., და, ასევე, ნაჩვენებია, რომ თანამედროვე პირობებში ინოვაციები იყოფა ისეთებზე,  რომელიც ვრცელდება მხოლოდ ცალკეული კონკრეტული დარგების ფარგლებში, და ისეთებზე, რომელიც ვრცელდება მრავალ დარგში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ან უფრო ფართო გაგებით, ციფრული ეკონომიკის), მწვანე ეკონომიკის (მსოფლიოში დასანერგი ინოვაციების 40%-მდე), წრიული ეკონომიკის და ეკოლოგიის ხაზით, ასევე კომპოზიტური მასალებისა და მათგან ნაკეთობების წარმოების ტექნოლოგიების სახით. ამ გარემოებების გათვალისწინებით წინამდებარე სტატიაში გაანალიზებული და სისტემატიზებულია საქართველოში ინოვაციების გავრცელების სტატისტიკა და, ასევე, ზოგიერთი ეკონომიკური მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს მათ გავრცელებას.

სტატიის პირველ დანაყოფში გაანალიზებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტატისტიკა ინოვაციების გავრცელების შესახებ, რომელშიც ინოვაციურ პროცესში საქართველოს საწარმოების და ორგანიზაციების მონაწილეობის შესახებ ზოგადი ხასიათის მონაცემების გარდა, მოცემულია პროცენტული მაჩვენებლები ზოგიერთი ტიპის ინოვაციების გავრცელების შესახებ (სიახლის ტიპის შესაბამისად საწარმოში შესვლისა და ბაზარზე გასვლის მიხედვით, ინოვაციების წარმოების წყაროების (დამმუშავებლის) მიხედვით და სხვა). უფრო ვრცლად სტატისტიკურ ანგარიშგებაში წარდგენილია მხოლოდ სტატისტიკა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც განხილულია ნაშრომის მეორე დანაყოფში. ნაშრომის მესამე დანაყოფში განხილულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობა ინოციების გავრცელების მიზნით, მათ შორის მოტანილია იმ ინოვაციური სტარტაპების მაგალითები, რომელიც ორგანიზებულია სააგენოს შესაბამისი პროგრამების ჩარჩოებში [ქვეყნის ...]. არ არსებობს ცალკე სტატისტიკა ეგრეთ წოდებული “საბაზისო” ინოვაციების შესახებ (რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია, კერძოდ, ახალი საწარმოო ტექნოლოგიების შესახებ), მაგრამ ნაშრომის მეოთხე დანაყოფში წარდგენილია რამდენიმე ასეთი, საქართველოში რეალიზებული, ინოვაცია, რომელიც გაშუქებული იყო პრესაში, კერძოდ ინტერნეტში. ნაშრომის უკანასკნელ დანაყოფში განიხილება ინოვაციების გავრცელების რეგიონული პრობლემები ტექნოპარკების ორგანიზაციის გზით.

მაშასადამე, ნაშრომში თანამიმდევრულად განიხილება საკითხები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში ინოვაციების გავრცელებასთან. პირველ დანაყოფში გაანალიზებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია საქართველოში ინოვაციების გავრცელების შესახებ.კერძოდ, აქ მოცემულია იმ საწარმოთა პროცენტული ოდენობა, რომლებმაც შემოიტანეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი ან მომსახურება (ცხრილი 1). ამ ცხრილში ფაქტობრივად პირველ დანაყოფში მოცემული კლასიფიკაციის შესაბამისად ნაჩვენებია ინოვაციების პროცენტული მაჩვენებლები ბაზრისა ან საწარმოსათვის სიახლის ხარისხის კრიტერიუმის მიხედვით. ცხრილში 4 ფაქტობრივად გამიჯნულია პროცენტებში სხვადასხვა სახის პროცესული ინოვაციები. ცხრილ 5-ში კი გამიჯნულია საწარმოთა პროცენტული რაოდენობის შესაბამისად ინოვაციები დამმუშავებლის კრიტერიუმისა და, ასევე, გამოყენების ზოგიერთი სფეროს მიხედვით. ჩვენი აზრით, ეს სტატისტიკა მეტნაკლებად ზედაპირულია და მოითხოვს სრულყოფას. კერძოდ, მიზანშეწონილია, რომ გამიჯნული იყოს საბაზისო და გასაუმჯობესებელი ინოვაციები, ნაჩვენები იყოს თუ რა სახის ინოვაციები და რომელ დარგებშია განხორციელებული (მაგალითად, მწვანე ეკონომიკის ხაზით, მატერიალურ-ტექნიკური და ა. შ.), ამასთან მოცემული იყოს განხორციელებული საბაზისო ინოვაციების კონკრეტული ჩამონათვალი.

ამის მცდელობა ნაწილობრივ გაკეთებულია მხოლოდ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართებაში, ინფორმაცია რომელთა შესახებ გაშუქებულია მეორე დანაყოფში “საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და სამეცნიერო საქმიანობის სტატისტიკა”. კერძოდ, მოცემულია (პროცენტებში) საწარმოთა წილი, რომელთაც აქვთ წვდომა ინტერნეტთან, პროცენტებშივე მოტანილია საწარმოების მიერ ინტერნეტთან კავშირის ტიპები, მოცემულია ინფორმაცია ინტერნეტთან კავშირის შესახებ სტაციონარული და მობილური მოწყობილობების მეშვეობით, საწარმოების მიერ ERP (საწარმოების რესურსების დაგეგმვის) ტიპის პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტის გამოყენების შესახებ და სხვა.

ასევე, ამ დანაყოფში განიხილება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, რომელიც საკმაოდ ფართოა.

ინფორმაცია მეცნიერების შესახებ არაა ფართო. მოცემულია კვლევებზე და დამუშავებებზე დასაქმებული პერსონალის რიცხოვნობა, დოქტორების, მაგისტრების და ა. შ. რიცხოვნობის გამოყოფით, შესრულებული სამუშაოების მოცულობა ლარებში, რეგისტრირებული პატენტების რაოდენობა.

ჩვენი აზრით, განხორციელებული სამუშაოებიდან მიზანშეწონილი იქნებოდა ინოვაციებთან დაკავშირებული სამუშაოების გამოყოფა, ყოველივე მათგანის სახელწოდების ჩვენებით.

მესამე დანაყოფში განხილულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობა ინოვაციების გავრცელების მიზნით. მის მიერ შექმნილია რიგი ქმედითი მექანიზმი ქვეყანაში ინოვაციების გავრცელებისათვის: პროგრამები, საფინანსო მექანიზმები, ინოვაციების გავრცელების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა.

განხორციელებულ პროგრამებს შორის შეიძლება გამოვყოთ პროგრამები “ბიზნეს ინკუბატორი”, “სტარტაპ მეგობრული”, “IT ტრენინგები” და “სტარტაპ საქართველო”, რომლებიც მოკლედ გაშუქებულია ამ დანაყოფში.

“მიმდინარე” პროგრამებს შორის მეტად მნიშვნელოვანია  ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა (TTPP), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს. პროგრამის განმახორციელებლები არიან მსოფლიო ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. პროგრამის ფარგლებში მოხდება დაკავშირება კვლევით ინსტიტუტებთან იმისათვის, რომ შეირჩეს კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე იდეები.

ამავე დანაყოფში მოტანილია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინიცირებული სტარტაპები. მათი უმეტესობა სპეციალიზებულია საინოვაციო-საკომუნიკაციო ან უფრო სწორედ ციფრულ ტექნოლოგიებზე, რომელთა გამოყენება შეიძლება სხვადასხვა დარგის საწარმოების ადმინისტრაციული მართვის ან მათი ტექნოლოგიების მართვის პროცესებში (ასეთი სტარტაპების უმეტესობა იყენებს სრულიად ახალ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომელიც დახასიათებულია მეორე დანაყოფში, მაგალითად VR-ტექნოლოგიებს, ჩატ-ბოტებს და ვირტუალ დამხმარებლებს, ნივთების ინტერნეტს, ტელემედიცინას და სხვ.). თუმცა ზოგიერთი მიეკუთვნება სხვა დარგებს. მაგალითად, სტარტაპი  Qvevry ინოვაციურ ტექნოლოგიით აწარმოებს 1000 ლიტრიან ქვევრებს, Elven Tecnologies ქმნის ინოვაციურ, სრულად ცეცხლგაუმტარ კოსტუმს, რომელიც აღჭურვილია შიდა გაგრილების სისტემით, სტარტაპი Hand4Help კი არის ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს, შექმნას მაღალტექნოლოგიური ხელის პროტეზი (VR-ტექნოლოგიის გამოყენებით).

სტატისტიკურ ანგარიშგებაში არ წარმოებს აღრიცხვა საბაზისო ინოვაციების კონკრეტული სახეების მიხედვით, მაგრამ ინტერნეტში არსებული მონაცემების თანახმად მეოთხე დანაყოფში მე განვიხილე რამდენიმე საბაზისო ინოვაციური პროექტი, რომელიც რეალიზებულია საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებზე დაფუძნებული ელექტროსადგურების აგების სფეროში და, ასევე, კომპოზიტური მასალებისა და მათგან ნაკეთობების წარმოების სფეროში.

იმ ელექტროსადგურების ოდენობა, რომელიც დაფუძნებულია განახლებადი ენერგიის ძირითადი წყაროების გამოყენებაზე, კერძოდ, ქარის და მზის ელექტროსადგურების, საქართველოში უმნიშვნელოა (ჰესების გარდა). ვერც ბიზნესის წარმომადგენლები, ვერც შესაბამისი სამთავრობო ინსტიტუტები ვერ ბედავენ ინვესტიციების ჩადებას ასეთი ობიექტების მშენებლობაში. უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ისინი არ გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას სტაბილურად.

საქართველოში მზისა და ქარის ელექტროსადგურების ფართო გავრცელების პრობლემა შეიძლება გადაწყდეს მათთვის ენერგიის დასაგროვებლების შექმნით. მათ გარეშე ვერ მოგვარდება ქარისა და მზის ელექტროსადგურების ძირითადი პრობლემა – ამინდის ცვალებადობაზე დამოკიდებულება.

ენერგიის განახლებადი წყაროებისათვის ენერგიის დასაგროვებლებად უპირველეს ყოვლისა გამოიყენება შესაბამისი აკუმულატორული ბატარეები (აკუმულატორები ელექტროენერგეტიკის სტაციონარულ დანადგარებისათვის). უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში მიმდინარეობს მათი ინტენსიური ინოვაციური მოდერნიზაცია, რის შედეგადაც მათი ღირებულება 2010 წლიდან 2020 წლამდე 2/3 შემცირდა. მომდევნო სამ წელიწადში მოსალოდნელია მათი უფრო სრულყოფილი ტიპების გაჩენა;  საბატარეო ტექნოლოგიების ლიდერები კი არიან იაპონია და სამხრეთ კორეა.

ჩემი აზრით, შესაბამისი აკუმულატორული ბატერეების შესწავლისა და მათი შეძენის შესახებ რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, მიზანშეწონილია შეიქმნას შესაბამისი მცირე განყოფილება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, რომელიც ამ საკითხებს გაუმკლავდება.

ენერგიის დასაგროვებლების სახით ასევე შეიძლება ჰიდროაკუმულირებელი ელექტროსადგურების აგება, რომელთა შექმნისათვის საქართველოში ხელსაყრელი პირობები არსებობს.

რაც კი შეეხება კომპოზიტური მასალებისა და მათგან ნაკეთობების წარმოების სფეროს, შეიძლება აღინიშნოს, რომ საქართველოში უკვე შეიქმნა რამდენიმე შესაბამისი საწარმო, მათ შორის თვითმფრინავებისათვის კომპოზიტური ნაკეთობების წარმოების მსხვილი თბილისის ქარხანა (АТС). ბოლი მაგალითიდან ნათლად ჩანს, თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ასეთი ინოვაციური ობიექტის შექმნა. საჭიროა საიმედო ურთიერთობების დამყარება უცხოელ პარტნიორებთან, პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ტექნოლოგიების მომწოდებლებთან, უცხოელი სპეციალისტების მოზიდვა მოწყობილობის აწყობა-გამართვისათვის, საზღვარგარეთ სპეციალისტების მომზადება საწარმოში მუშაობისათვის.

 მეხუთე დანაყოფში განხილულია საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ დაარსებული ტექნოპარკები და ინოვაციური ცენტრები და მათ შემადგენლობაში არსებული ლაბორატორიები (ფაბლაბები), სასწავლო ცენტრები, საერთო სამუშაო სივრცეები, ინკუბატორები და სხვა. ნაჩვენებია, რომ ტექნოპარკი წარმოადგენს ინოვაციებზე ორიენტირებული სტარტაპ ეკოსისტემის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს.