English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ნონა ქავთარაძე
გაზრდილი სახელმწიფო ვალი და მისი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.03.NONA.KAVTARADZE

ანოტაცია

სტატიაში წარმოდგენილია 2010 – 2020 წლებში საქართველოს სახელმწიფო ვალის სტატისტიკური მონაცემების დინამიკა და სტრუქტურა. გამოკვეთილია საგარეო ვალის ზრდის ძირითადი მიზეზები. განხილულია ვალის სიმძიმის განმაზღვრელი ძირითადი ინდიკატორების დინამიკა. აღნიშნული საკითხების კომპლექსური ანალიზის საფუძველზე, შემუშავებულია წინადადებები და რეკომენდაციები, რომელთა განხორციელებაც ვფიქრობთ ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფო ვალის მართვის გაუმჯობესების საკითხებს.

საკვანძო სიტყვები: სახელმწიფო ვალი, საგარეო ვალი, საშინაო ვალი, ვალის მდგრადობის ინდიკატორები 

შესავალი

სახელმწიფო ვალის ზრდასთან, მის სიმძიმესთან დაკავშირებულმა საკითხებმა განსაკუთრებული აქტუალურობა COVID – 19 – ის პანდემიის, არსებული სოციალურ – ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე შეიძინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)  სახელმწიფო ვალს განმარტავს, როგორც სამთავრობო სექტორისა და სახელმწიფო კორპორაციების მიერ აღებული ვალების ჯამს, სადაც, აღნიშნული სექტორები ერთობლიობაში წარმოადგენენ სახელმწიფო სექტორს [IMF, 2011: 6]. ხოლო მსოფლიო ბანკის (WB)  მიერ წარმოდგენილი განმარტების თანახმად, სახელმწიფო ვალი მოიცავს სახელმწიფო სექტორის ვალდებულებებს, საშინაო და საგარეო ვალთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო სექტორის შემადგენელ ერთ – ერთ კომპონენტს სახელმწიფო ფინანსური კორპორაციები მიეკუთვნება. შესაბამისად, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსგავსად, სახელმწიფო ვალის პორტფელში ითვალისწინებს სახელმწიფო საწარმოების ვალს   [WB, 2020: 6].

,,სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,  სახელმწიფო ვალი წარმოადგენს ქვეყნის საშინაო და საგარეო ვალების ერთობლიობას. საშინაო და საგარეო ვალის გამიჯვნა ეფუძნება ვალის დენომინაციის ვალუტას. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალი მოიცავს ეროვნული ვალუტით (ლარი) გამოსახულ ვალდებულებებს, ხოლო საგარეო ვალი უცხოური ვალუტით (SDR, აშშ დოლარი, ევრო და სხვ.) დენომინირებულ ვალს.

ძირითადი ტექსტი

2010 – 2020 წლებში საქართველოს სახელმწიფო ვალის წლიური მაჩვენებლის დინამიკა, ნათლად მიუთითებს მის სტაბილურად მზარდ ტენდენციაზე. სახელმწიფო ვალის მოცულობა განსაკუთრებით 2019 – 2020 წლებში გაიზარდა. 2019 წელს 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით სახელმწიფო ვალის ზრდამ 15.9 პროცენტი (2 828.0 მლნ ლარი), ხოლო 2020 წელს 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 49.5 პროცენტი (10 212.0 მლნ ლარი) შეადგინა. შედეგად, საანალიზო 2020 წელს სახელმწიფო ვალის მოცულობამ 8.6 პროცენტით გადააჭარბა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრულ ზღვრულ მაჩვენებელს და ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე პერიოდში, ისტორიულ მაქსიმუმს 30 835.0 მლნ ლარს გაუთანაბრდა.

2019 - 2020 წლებში სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია, როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალის ზრდამ (იხ. ცხრილი 1).

                                                                                                                          ცხრილი 1.

საქართველოს სახელმწიფო ვალის დინამიკა 2010 - 2020 წლები (მლნ ლარი)

დასახელება

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

2019

2020

სახელმწიფო ვალი

 

6965.4

 

7226.0

 

7845.5

 

8634.0

 

9702.0

 

12489.0

 

14451.0

 

16284.0

 

17795.0

 

20623.0

 

30835.0

სახელმწიფო საგარეო ვალი

 

 

5821.2

 

 

6026.1

 

 

6622.3

 

 

7295.9

 

 

7826.7

 

 

10333.7

 

 

11952.2

 

 

13420.8

 

 

14544.9

 

 

16463.5

 

 

24689.7

სახელმწიფო საშინაო ვალი

 

1144.2

 

1199.9

 

1223.2

 

1337.8

 

1875.6

 

2155.3

 

2498.7

 

2863.1

 

3250.5

 

4159.2

 

6145.3

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იხ.: https://mof.ge/saxelmwifo_valis_statistika 

ცხრილის სახით წარმოდგენილი მონაცმების თანახმად, 2019 წელს საგარეო ვალის მოცულობა 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 13.2 პროცენტით (1 918.6 მლნ ლარი), ხოლო 2020 წელს 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 50 პროცენტით (8 226.2 მლნ ლარი) გაიზარდა და სახელმწიფო ვალის  80.1 პროცენტი (24 689.7 მლნ ლარი) შეადგინა. საგარეო ვალის ზრდაში თითქმის თანაბარი წვლილი შეიტანა, როგორც ეროვნული ვალუტის (ლარი) გაუფასურების, ასევე ახალი კრედიტების აღების ეფექტმა. საანალიზო 2020 წელს სახელმწიფო საგარეო ვალის ძირითადი ნაწილი 71 პროცენტი მრავალმხრივი კრედიტორებისაგან, 22 პროცენტი ორმხრივი კრედიტორებისაგან, ხოლო 7 პროცენტი ევრობონდებიდან იქნა მიღებული. მნიშვნელოვანია ასევე, ყურადღება გავამახვილოთ სავალუტო სტრუქტურის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის პორტფელის ანალიზისას გამოვლენილ ტენდენციებზეც. 2020 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა დოლარში და SDR - ში (Special Drawing Rights)  დენომინირებული სესხების წილი, ხოლო პირიქით 13 პროცენტული პუნქტით გაიზარდა ევროში აღებული ვალდებულებების წილი, შედეგად 2020 წელს ევროში აღებულმა ვალდებულებებმა სახელმწიფო საგარეო ვალის პორტფელის 43 პროცენტი, ნასესხობის სპეციალური უფლებით (SDR) გაფორმებულმა სესხებმა 29 პროცენტი, აშშ დოლარში (USD) 25 პროცენტი, ხოლო სხვა ვალუტაში დენომინირებულმა სესხმა 3 პროცენტი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საგარეო ვალის პორტფელი შედგება 6 სხვადასხვა ვალუტაში აღებული სესხისგან, იგი მაინც მოწყვლადია ვალუტის გაცვლითი კურსების შოკების მიმართ. საგარეო ვალის პორტფელისათვის მზადრია საპროცენტო რისკიც. სახელმწიფო საგარეო ვალის პორტფელის ანალიზი ცხადყოფს, რომ საკვლევ 2020 წელს ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხების წილი 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. შედეგად, 2020 წელს სახელმწიფო საგარეო ვალის 49.9 პროცენტი ფიქსირებული, ხოლო 50.1 პროცენტი ცვლადი საპროცენტო განაკვეთით იქნა მიღებული. აქვე მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ ქვეყანას შემდგომი ეკონომიკური განვითარების ზრდასთან ერთად, შეეზღუდება შეღავათიან საკრედიტო რესურსებზე წვდომა. ვინაიდან, შეღვათიან საკრედიტო რესურსებზე წვდომის შეზღუდვა ეფუძნება ქვეყნის მოსახლეობის  ერთ სულზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის ოდენობას და კრედიტორის მიერ ქვეყნის გადახდისუნარიანობის შეფასებას. არაშეღვათიან სესხებზე, საპროცენტო განაკვეთი ძირითადად ცვლადი საპროცენტო განაკვეთის სახით განისაზღვრება, რაც კიდევ უფრო გაზრდის სახელმწიფო საგარეო ვალის პორტფელში ცვლადი საპროცენტო განაკვეთის წილს და მთავრობის ვალის პორტფელის საპროცენტო რისკს.

საგარეო ვალის ზრდის პარალელურად, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ქვეყნის საშინაო ვალის მკვეთრი ზრდის ტენდენციაც. 2019 წელს, 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოს საშინაო ვალის მოცულობა 27.9 პროცენტით (908.7 მლნ ლარი), ხოლო 2020 წელს 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 47.7 პროცენტით (1 986.1 მლნ ლარი) გაიზარდა და აბსოლუტურ მაჩვენებლებში 6 145.3 მლნ ლარი (სახელმწიფო ვალის 19.9 პროცენტი) შეადგინა.

აბსოლუტურ მაჩვენებლებში სახელმწიფო ვალის მოცულობის ანალიზის პარალელურად, ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ ვალის სიმძიმისა და მისი  მდგრადობის განსაზღვრელი ინდიკატორებიც. საგარეო დავალიანების სიმძიმის შესაფასებლად პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება ქვეყნის გადახდისუნარიანობისა და ლიკვიდურობის მაჩვენებლები. ქვეყნის გადახდისუნარიანობა შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც დებიტორი ქვეყნის შესაძლებლობა მოზიდული ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენებით უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები და სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დროულად დაფარვა, ხოლო ლიკვიდურობის ცნების ქვეშ იგულისხმება, ქვეყანაში მიმდინარე სავალო ვალდებულებების დროულად დაფარვისათვის საჭირო ფულადი სახსრების არსებობა. ქვეყნის გადახდისუნარიანობის ანალიზის და საგარეო ვალის მდგრადობის განსაზღვრისათვის, პრაქტიკაში გამოიყენება შემდეგი ძირითადი ინდიკატორები (იხ. ცხრილი 2).

                                                                                                                          ცხრილი 2.

სახელმწიფო ვალის მაჩვენებლები 2010 - 2020 წლები % (ფაქტი)

დასახელება

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

2019

2020

სახელმწიფო ვალი პროცენტულად მშპსთან

37.2

32.2

31.0

30.2

37.2

36.8

40.3

39.9

39.9

41.9

60.8

სახელმწიფო ვალი პროცენტულად 

ექსპორტთან

89.1

100.4

91.3

77.6

82.8

93.0

95.9

80.6

75.6

76.4

135.5

სახელმწიფო ვალი პროცენტულად 

ბიუჯეტის შემოსავლებთან

 

 

128.5

 

 

112.2

 

 

110.3

 

 

126.2

 

 

130.5

 

 

152.8

 

 

168.4

 

 

167.0

 

 

167.9

 

 

193.2

 

 

302.2

საგარეო ვალის მომსახურება პროცენტულად 

ბიუჯეტის შემოსავლებთან

 

 

4.4

 

 

4.3

 

 

3.0

 

 

7.6

 

 

7.9

 

 

6.1

 

 

5.2

 

 

6.1

 

 

8.3

 

 

9.6

 

 

10.0

საგარეო ვალის მომსახურება პროცენტულად

 ექსპორტთან

 

3.5

 

11.4

 

2.3

 

4.9

 

5.1

 

3.9

 

3.6

 

3.6

 

4.4

 

4.6

 

6.6

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი იხ.: https://www.mof.ge/saxelmwifo_valis_martva , https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304

თუ შევადარებთ ცხრილში წარმოდგენილი ვალის მდგრადობის ინდიკატორების მონაცემებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ განსაზღვრულ ზღვრულ მაჩვენებლებთან შევნიშნავთ, რომ წარმოდგენილ ინდიკატორთა უმეტესობა სსფ – ის მიერ დადგენილი ზღვრული მაჩვენებლების ფარგლებში მერყეობს. IMF - ის მიდგომით სახელმწიფო ვალის  ექსპორტთან თანაფარდობის ინდიკატორის ზღვრული მაჩვენებელი 200 პროცენტს,  საგარეო ვალის მომსახურების ბიუჯეტის შემოსავლებთან თანაფარდობის ინდიკატორის ზღვრული ოდენობა 22 პროცენტს, ხოლო საგარეო ვალის მომსახურების ექსპორტთან თანაფარდობის ინდიკატორის კრიტიკული ზღვარი 25  პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება სახელმწიფო ვალის  ბიუჯეტის შემოსავლებთან თანაფარდობის ინდიკატორს, 2020 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2.2 პროცენტით გადააჭარბა IMF – ის მიერ დადგენილ დასაშვებ ზღვარს და 302.2 პროცენტი შეადგინა.

ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი ზრდისა და განვითარების, ასევე  მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დადგენილია მაკროეკონომიკური პარამეტრების მაქსიმალური ლიმიტები. ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს მთავრობის ვალი ლიმიტირებულია, შესაბამისად განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობის კრიტიკული ზღვარი, რომელიც  60 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. 2020 წელს პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული საგანგებო მდგომარეობისა და ეკონომიკური რეცესიის შედეგად ვალის წესის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა გადააჭარბა, როგორც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრულ საპროგნოზო ოდენობას, ასევე ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ 60 პროცენტიან ზღვარს და მან 60.8 პროცენტი შეადგინა. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ეს მაჩვენებელი არ მოიცავს სსფ – ის რეკომენდაციით ფინანსთა სამინისტროს მიერ, სამთავრობო სექტორად დაკლასიფიცირებულ საწარმოთა ვალდებულებებს.

საყურადღებოა ცნობილი ეკონომისტების კარმენ რეინჰარტისა და კენეტ როგოფის მიერ ჩატარებული კვლევები, რომლის შედეგებიც ჩამოყალიბებულია ,,რეინჰარტ – როგოფის ანგარიშში“. ავტორთა კვლევების შედეგების თანახმად, როდესაც საგარეო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობის მაჩვენებელი 60 პროცენტს აღწევს წლიური ეკონომიკური ზრდა მცირდება დაახლოებით 2 პროცენტით, ხოლო თუ აღნიშნული მაჩვენებელი გადააჭარბებს 90 პროცენტს, მაშინ მშპ – ის ზრდის ტემპი დაახლოებით ნახევრდება [Reinhart… 2010: 573]. აღნიშნულიდან გამომდინარე ქვეყნის ფინანსური პოლიტიკის ერთ – ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას ვალის მართვის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება წარმოადგენს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ვალის მართვას განმარტავს, როგორც სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის ფორმირებისა და განხორციელების პროცესს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საჭირო მოცულობის ფინანსური რესურსების მობილიზება მინიმალური ხარჯებით და გონივრული რისკების გათვალისწინებით. თანამედროვე, ზრუნვაზე ორიენტირებული სახელმწიფოები (Welfare States) ცდილობენ ვალი აიღონ შესაძლო მინიმალური საპროცენტო განაკვეთით და მათი სოციალურ – ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე მოახმარონ იგი ეკონომიკურ სტაბილიზაციას, ზრდას, დასაქმებას და მთლიანობაში საფინანსო სისტემის სტაბილურობას [Bhatia, 2018: 193].

დასკვნა

2020 წელს COVID - 19 - ის პანდემიის, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის და საქართველოს ეკონომიკური რეცესიის ფონზე, სახელმწიფო ვალის სიმძიმის შემდგომი ზრდის პრევენციის მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია შემდეგი ღონიძიებების განხორციელება:

ü  ვალის წესის გაანგარიშებისას, მნიშვნელოვანია განხორციელდეს მთავრობის ვალის მოცულობაში საჯარო სექტორად დაკლასიფიცირებული საწარმოების ვალდებულებების გათვალისწინება;

ü  საქართველოს მთავრობის ვალის მშპ  – სთან თანაფარდობის მაჩვენებლის საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ნიშნულის ფარგლებში დაბრუნება;

ü  უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურ დონეზე შენარჩუნება, რათა ლარის შემდგომმა დევალვაციამ არ გამოიწვიოს სახელმწიფო ვალის კიდევ უფრო მეტად ზრდა;

ü  მნიშვნელოვანია განხორციელდეს ვალის ზრდასთან დაკავშირებული საფრთხეების და რისკების შეფასება, მათი დროული იდენტიფიცირება და პრევენცია;

 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. ქავთარაძე ნ., 2021. ბიუჯეტი, საქართველოს საბიუჯეტო სისტემა. თბილისი, ,,უნივერსალი“, გვ. 214
  2. ქავთარაძე ნ., 2021, COVID – 19 – ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. ჟ.: ,,SEU & SCIENCE”, №10 (10), გვ. 26 – 40
  3. სახელმწიფო ვალის სტატისტიკა – https://www.mof.ge/saxelmwifo_valis_martva
  4. საგარეო ვალის სტატისტიკური მონაცემები https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304.
  5. Bhatia H.L., 2018. Public Finance.29th ed. New Delhi: Vikas Publishing House, გვ. 193
  6. IMF, 2011, Public Sector Debt Statistics – Guide for compilers and Users. Washington, International Monetary Fund, გვ. 6
  7. Reinhart, Carmen M., and Kenneth S. Rogoff, 2010, ,,Growth in a Time of Debt.”American Economic Review, 100 (2), გვ. 573
  8. WB, 2020, Joint Bank – Fund Note on Public Sector Debt Definitions and Reporting in Low – Income developing Countries, Washington, D.C. : World Bank Group, გვ. 6