English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ რამაზ აბესაძე
საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების სტრა­ტ­ე­გ­ი­ის ძირითადი მიმართულებები

DOI:  10.36172/EKONOMISTI.2022.XVIII.02.RAMAZ.ABESADZE

ანოტაცია.გამოკვლეულია საქართველოსში ეკონომიკის ინოვაციური განვითარების მიმარ­თუ­ლებით არსებული დადებითი და უარყოფითი მხარეები და განსაზღვრუ­ლია საქარ­თველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარე­­­­­­­­­­­­­­­­ბის სტრატეგიის ძირითადი მიმა­რთუ­ლებები.

საკვანძო სიტყვები:ი ნოვაციური განვითარების სტრა­ტ­ე­გ­ია, ინოვაციური პოლიტიკა, ინ­ო­­ვაციური სისტემა, ტექნოლოგიების ტრანსფერი, ინოვაციური ინფრასტრუქტურა. 

შესავალი 

ყველა ქვეყანა, მიუხედავად იმისა, განვითარების თუ რა დონეზე იმყოფება, თანა­მე­დ­რო­ვე პირობებში უნდა ცდილობდეს, ჰქონდეს საკუთარ კვლევებზე დაფუძნებული ეფექტი­ა­ნი ინოვაციური სისტემა. ამისათვის მთავრობამ უნდა შექმნას პირობები ინოვაციური საქმია­ნო­ბის გასაძლიერებლად, ეკონომიკაში ინოვაციური მდგენელის გასაზრდელად. უპირველეს ყოვლისა, მთავრობამ უნდა განსაზღვროს ქვეყნის ინოვაციური პოლიტიკა და ამის საფუძვე­ლზე ჩამოაყალიბოს ინოვაციური განვითარების სამართლებრივი ბაზა და შექმნას ეფექტიანი ინოვაციური სისტემა.

საქართველოში არცერთი წინა მთავრობა არ ახორ­ცი­­ელებდა ქმედით ღონისძიებებს ეკონომიკის ინოვა­ციური განვითარების მიმართულებით.ამიტომაა, რომ ინოვაციების სამა­რ­თლებრივი ბაზის ფორმირება და ინო­ვაციური სისტემის განვითარება ძირითადად 2013 წლიდან იწყება, როდესაც ქვეყანაში აღიარებულ იქნა ეკონომიკის ინოვაციური განვითარების გზა. თუმცა, მანამდეც იყო მიღებული დოკუმენტები, რომლებიც არაპირდაპირ ან პირდაპირ პასუხობენ ინოვაციური გან­­ვითარების მოთხოვნებს. არც  იმის  თქმა შეიძლება, რომ ინოვა­ცი­ების დანერგვას საქართველოს ეკონო­მი­კაში ადგილი საერთოდ არ ჰქონდა. ამ მიმართულებით  გარკვეული ნაბიჯები იდგმებოდა,  განსაკუთრებით სა­ინფორმაციო-ტელე­საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და­­ნერგვის მიმართულებით. მაგრამ, ყოველივე ეს სრუ­ლ­იადაც ვერ აკმაყოფილებდა ინოვაციური სისტემის შესაქმნელად და გასაძლიერებლად საჭირო პროცესების სახელმწიფო რეგულირების მოთხოვნებს. ეს მაშინ, როდესაც ბევრმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ ამ მხრივ დიდ წარმატებებს მიაღწია, ზოგმაც ამ საკითხს დიდი ყურადღება თავიდანვე დაუთმო.  მაგალითად ლიტვამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა შეძლეს, შეექმნათ საკმაოდ განვითარებული ეროვნული ინოვაციური სისტემა, გახდნენ ევროკავშირის წევრები და ეს სისტემები ამჟამად ევროკავშირის ერთიან ინოვაციურ სისტემაში ფუნქციონირებენ. რუსეთში პირველი დოკუმენტი, სადაც გამოხატული იყო  მთავრობის ინოვაციური სახელმწიფო პოლიტიკა, მიღებულ იქნა უკვე 1996 წელს – ფედერალური კანონი “მეცნიერებისა და სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის შესახებ”, სადაც გან­საზღვრულია სახელმწიფოს ინოვაციური პოლიტი­კის ძირითადი მიზნები და პრინციპები. დაისახა ინოვა­ცი­­ური ეკონომიკის მშენებლობის გზები. ეკონომიკის ინოვაციური განვითარება წარმოადგენს ყაზახეთის ეროვნული სტრატეგიისა და პოლიტიკის მთავარ მიმართულებას. ქვეყანაში ამასთან დაკავშირებით თავიდანვე მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. უკრაინაში მრავალი დოკუმენტია მიღებული ქვეყნის ინოვაციური განვი­თარების შესახებ, ბელორუსიაში XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყეს ინოვაციურ ეკონომიკაზე ფიქრი,  სტრატეგიულ მიმართულებად აღიარებულ იქნა ეკონომიკის და­ფუძნება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე. ამის შემდეგ ქვეყანაში მიიღეს მრავალი ინსტიტუციური დოკუმენტი.

ეკონომიკის ინოვაციური განვითარების  სტრატეგიამ უნდა გამოავლინოს არსებული დადებითი და უარყოფითი მხარეები, განსაზღვროს ქვეყნის ინოვაციური პოლიტიკისა და ინოვაციური სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები. 

საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების არსებული მდგომარეობა 

საქართველოში ეკონომიკის ინოვაციური განვითარების მიმართულე­ბით განხორ­ცი­ე­ლ­­­ებული დადებითი ღონისძიებებიდან შეიძლება გამოიყოს: 1. დაიწყო მუშაობა ინოვაციური საქმიანობის საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად და 2016 წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „ინოვაციების შესახებ“; 2. 2017 წელს შეიქმნა საქართველოს კვლევებისა და ინოვა­ცი­ე­ბ­ის საბჭო; 3. 2014 წელს შეიქმნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გნვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო; 4. 2016 წელს შეიქმნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გნვითარების სამინისტროს „კავშირგაბმულობის საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტი“; 5. შეიქმნა შემდეგი ტექნიკური პარკები, ინოვაციების ცენტრები, ფაბლაბები და კლასტერები: თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, თე­ლ­ავის, კასპისა და გურჯაანის ტექნოპარკები; დაბა ახმეტის, რუხის, ხარაგაულის, ჭოპორტისა და ბაღდათის ინოვაციების ცენტრები; ილიას სახელმწიფო  ნივერსიტეტის, თბილისის ტექნოპარკის, სამხატვრო აკადემიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტისა და ზუგდიდის ტექნოპარკის ფაბლაბები. ფაბლაბები ფუნქციონირებს ასევე მესტიაში, გურჯაანში, ახალციხეში, ქობულეთში, წალენჯიხაში, ფოთში, ამბროლაურსა და რუსთავში პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე; კლასტერები: „სილიკონ ველი თბილისი", ქართული ავეჯის კლასტერი, საქართველოს კინოკლასტერი,საქართველოს აისიტი კლასტერი. მიმდინარეობს კლასტერების შექმნა ტურიზმის მიმართულებით. პროექტი იმუშავებს იმერეთსა და კახეთში, რაც სამი თემატური კლასტერის შექმნას ისახავს მიზნად: ადგილობრივი ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის კლასტერი, ავთენტური სასტუმროების კლასტერი და კულტურული მემკვიდრეობის კლასტერი; ქუთაისის საერთაშორისო უნი­­ვერსიტეტი, რომლის საგანმანათლებლო პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერ­სი­ტე­ტის პროგრამებს ეყრდნობა; 7. 2014 წელს აგრარულ სექტორში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, შეიქმნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; 8. 2016 წელს საქართველოში ამოქმედდა ვენჩურული საინვესტიციო პროგრამა - "სტარტაპ საქართველო“ დამწყები ბიზნესების ინოვაციური იდეების ფინანსური მხარდაჭერის აღმოსაჩენად; 9. მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ახალი თანამედროვე საწარმოების ამოქმედების ან არსებულში მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ. მაგალითად: უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 230 მეგავატი სიმძლავრის გარდაბნის თბოელექტროსადგური; ჰიდროელექტროსადგური – ნენსკრაჰესი; ხუთ­ვარსკვლავიანი ტურისტული კომპლექსი კახეთში; სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა; კასპის ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების აგურის ქარხნა; მეტეხის ესპანური კომპანიის თანამედროვე საწარმოო ხაზებით აღიჭურვილი კერამიკული პროდუქციის ქარხანა; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქართული სი­მინდის მარცვლის გადამამუშავებელი, ზეთის მიმღები და კომბინირებული საკვების მწარმოებელი ქარხანა სამეგრელოში; მეცხოველეობის სანაშენე კომპლექსი, რომელიც აღჭურვილია ცნობილი კომპანია „Big Dutchman“-ის მიერ წარმოებული მანქანა-დანადგარებით;  რუსთავის სამკერვალო საწარმო - "ქართლი ტექსტილი", რომელიც საბოლოოდ 4 ათასამდე მშრომელს დაასაქმებს [აბესაძე... 2020] და ა.შ.

მიუხედავად  გარკვეული წარმატებისა, ეკონომიკის ინოვაციური განვითარების მიმართულებით, ჯერ კიდევ რჩება გადაუჭრელი პრობლემები, რომელთაგან აღსანიშნა­ვია: ეკონომიკის ინოვაციური განვითარებისაკენ განხორციელებულ ღონისძიებებს აქვს შე­და­რებით ფრაგმენტული და წყვეტილი ხასიათი; არასათანადო მდგომარე­ობა­შია ქვეყნის სა­­მე­ც­­ნიერო პოტენციალი: მიუხედავად გარკვეული ზრდისა, მცირეა მეცნიერთა ხელფასი, რის გამოც საგანგაშოდ  შემცირდა მეცნიერთა რაოდენობა და არაპრესტიჟული გახდა მეცნიერების სფერო; განუვითარებელია საგრანტო სისტემა, მსოფლიოში თითქმის ყველაზე დაბალია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეცნიერების დაფინანსების ხვედრითი წილი მთლიან შიდა პროდუქტში. ცუდ მდგომარეობაშია მეცნიერების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დ ა. შ.; სე­­რიოზულ გარდაქმნას მოითხოვს საშუალო, უმაღლესი, პროფესიული მომზადებისა და უწყვეტი განათლების სისტემა. იგი ჯერ კიდევ სრულად არ არის ორიენტირებული ცოდნასა და ეკონომიკის მოთხოვნებზე. განათლების მიღება ვერ გახდა მომავალში შემოსავლის ზრდის გარანტირებული საშუალება. განუვითარებელი და არაეფექტიანია კადრების გადამზადების სისტემა და ა. შ.; დაბალგანვითარებულია სამეცნიერო კვლევების მომსა­ხურ­ებ­ისა და კვლევის შედეგების  წარმოებაში გადაცემის სისტემა; არ არსებობს ტექნოლოგიების დიფუზიის ხელშემწყობი მექანიზმები; დაბალია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დონე. არ არსებობს მცირე საწარმოთა მხარდამჭერი ინფრასტრუქტურა და ინოვაციური მცირე საწარმოები; არ არსებობს მკვეთრად გამოკვეთილი საინოვაციო პოლიტიკა  შესა­ბამი­სი სტრატეგია და სახელმწიფო რეგულირების მექანიზმი, სრულყოფილი ინსტიტუციური ბაზა და ინოვაციების განვითარების მასტიმულირებელი სისტემა, წამახალისებელი საფინანსო, საგადასახადო და სხვა მექანიზმები; არ ხდება დონორების მიერ პროექტების განხორ­ციე­ლე­ბ­ის შემდგომი მხარდაჭერა, რასაც ნულამდე დაჰყავს მათი საქმიანობა; თითქმის არ არსებობს კავშირი მეცნიერებას, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის, რაც ინოვაციური ეკონომიკის მთა­ვა­რი მოთხოვნაა; თითქმის არ არსებობს სახელმწიფოსა და ბიზნესის  მხრიდან შეკვეთები სა­მე­­ცნიერო კვლევებზე; თითქმის არ ხორციელდება საკუთარ კვლევებზე დაფუძნე­ბუ­ლი  ინოვაციები, ინოვაციების იმპორტი შედარებით ხორციელდება მხოლოდ კავშირ­გაბ­მუ­ლობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში; დაბალგანვითარებულია ინოვაცი­ური სისტემის ინფრასტრუქტურა (ბიზნესინკუბატორები, ტექნოპარკები, საკონსულტაციო და ტექნოლოგიის გადაცემის ცენტრები, კლასტერები, ინოვაციური ქსელები და სხვ.). დაბალ­განვითარებულია სოფლად ჯიშთა გამოცდისა და საკონსულტაციო სადგურები, საკონსულ­ტა­­ციო ცენტრები, ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური, გეოდეზიური, მეტროლოგი­უ­რი, სეისმოლოგიური, სამოდელო, ხარისხის მართვის, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის, სტანდარტიზაციისა და სხვა სამსახურები; არსებობს ახალი ტექნოლოგიების შემოტანის დამა­­მუხრუჭებელი მრავალი ფაქტორი: ცოდნის უქონლობა, პოლიტიკური ნებისა და ინსტიტუციური მხარდაჭერის არარსებობა, ფინანსური რესურსების სიმწირე,პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობა; 

საქართველოს  ინოვაციური  პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები 

ქვეყნის ეკონომიკის ინოვაციური განვითარების სტრატეგია უნდა მოიცავდეს სახელმწიფოს ინოვაციური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და მათი რეალიზაციის გზებს. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ინოვაციუიური განვითარების პოლიტიკა იყოს უწყვეტი და კომპლექსური. შეიძლება გამოიყოს საქართველოს ინოვაციური პოლიტიკის შემდეგი ძირითადი მიმართულებები: 

I. საქართველოს ინოვაციური სისტემის განვითარება 

1. ინოვაციური სისტემის ხუთრგოლიანი მოდელის ჩამოყალიბება.მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უპირატესობა ენიჭებოდაინოვაციური სისტემის  სამრგოლიან მოდელს (სპირალი) – მეცნიერება-სახელმწიფო-ბიზნესი, მაგრამ დღეისათვის იგი იცვლება ოთხრგოლიანი მო­დე­ლ­ით  – მეცნიერება-სახელმწიფო-ბიზნესი-სამოქალაქო საზოგადოება. ამას ემატება კიდევ ერ­თი რგოლი და ყალიბდება ხუთრგოლიანი მოდელიმეცნიერება-სახელმწიფო-ბიზნესი-სამოქალაქო საზო­გა­დო­ება-გარემო. ეს მოდელი სამრგოლიანი მოდელისაგან განსხვავებით გულისხმობს ინოვაციების ღიაობის პრინციპს ანუ ინოვაციურ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან ჩართულობას, ასევე არსებული გარემოს  ე.ი. ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებას, სადაც გარემოში იგულისხმება ეკოლოგიური ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ დანარჩენი კომპონენტების მდგრად განვითარებასა და სტაბილურ ფუნქციონირებას [Циренщиков В. 2019].

2.    სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება. რისთვისაც აუცილებელია მათი დაფინანსების ზრდა, რათა გაიზარდოს მეცნიერთა ხელფასი და განმტკიცდეს მეცნიერების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც საშუალებას მოგვცემს გაიზარდოს მეცნირთა პროდუქტიულობა, და მეცნირებით ახალგაზრდების დაინტერესება. თანამედროვე ეტაპზე ასევე ინერგება მეცნიე­რების ღიაობის პრინციპი, რის მიხედვითაც მეცნიერები თავისუფლად ითანამშრომლებენ ერთმანეთთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამისათვის კი საჭიროა  გლობა­ლ­ურ სამეცნიერო სივრცეში ჩართვა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის საგრანტოы სი­ს­ტე­მის გაფართოება. გრანტები უნდა არსებობდეს ყველა დონეზე (სახელმწიფო, უნივერ­სი­ტეტ­ე­ბ­ის, ბიზნესის დონეზე). აუცილებელია მეცნიერების საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, რომელშიც ასახული იქნება თანამედროვე მოთხოვნები. უნდა შეიქმნას სამეცნიერო მონა­ცემ­თა შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების საიმედო ინფრასტრუქტურა.

3. განათლების სისტემის სრულყოფა. უნდა განხორციელდეს უმაღლესი სასწავლებლების სახ­ელ­მწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება და მისი ეტაპობრივი ზრდა. ეს ხელს შეუწყობს სტუ­დენტების მხრიდან მოთხოვნილების გაზრდას და, შესაბამისად, მიღებული ცოდნის დონის ამაღლებას. აუცილებელია განათლების ყველა დონეზე  გააქტიურდეს აღმზრდელობითი ფუნქცია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კრიმინალის, ნარკომანიისა და აზარტული თამაშე­ბისადმი ადამიანთა მისწრაფების შემცირებას. განათლების სისტემა უნდა პასუხობდეს ქვეყნის ეკონომიკის ინოვაციური განვითარების მოთხოვნებს.

4. ინოვაციებისიმპორტის გაძლიერება.თავდაპირველად ინოვაციური სისტემა ორიენტირე­ბული უნდა იყოს ტექნოლოგიების, განსაკუთრებით უახლესი და მაღალი ტექნოლოგიების იმპორტზე. ამისათვის აუცილებელია შესაბამისი კადრების მომზადება და ტექნოლოგიების დიფუზიის ხელშემწყობი მექანიზმების შექმნა. უნდა აღმოიფხვრას ახალი ტექნოლოგიების შემოტანის დამამუხრუჭებელი მრავალი ფაქორი: ცოდნის უქონლობა; პოლიტიკური ნებისა და ინსტიტუციური მხარდაჭერის არარსებობა; ფინანსური რესურსების სიმწირე;პოლიტი­კუ­­რი და სოციალური დაძაბულობა; საინვესტიციო გარემოს სრულყოფა გარედან ინო­ვა­ცი­ე­ბ­ის მოსაზიდად  და სხვ.

5. საკუთარ კვლევებზე დაფუძნებული ინოვაციური სისტემის ფორმირება. მართალია ინოვაც­იის იმპორტს ადგილი ექნება ყოველთვის, მაგრამ, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ასა­მაღ­ლებ­ლად, აუცილებელია თანდათან საკუთარკვლევებზე დაფუძნებული  ინოვაციური სის­ტე­მის ფორმირება, რაც კომპლექსურიღონისძიებების გატარებას მოითხოვს: მეცნიერებისა და განათლების, ასევე დაბალგანვითარებული სამეცნიერო კვლევების მომსახურებისა და კვლევის შედეგების  წარმოებაში გადაცემის (ტექნოლოგიების ტრანსფერის) სისტემის  სრულ­­ყოფა; მეწარმეთა გა გამომგონებელთა ფენის გაძლიერება; კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემის ეფექტიანობის ამაღლება და ა. შ.

6. ინოვაციური სისტემის ინფრასტრუქტურის სრულყოფა. გასაძლიერებელია მუშაობა ინფრა­სტრუქტურის ელემენტების (სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები; ტექნოპარკები; ბიზნეს-ინკუბატორები; კლასტერები, მცირე ინოვაციური საწარმოები; ინოვაციური ტექნოლოგიური ცენტრები; კონსალტინგური ფირმები; ტელესაკომუნიკაციო ქსელები; ფინანსური ინსტრუ­მენ­­ტები, მათ შორის, ვენჩურული კაპიტალი და სხვ.) როგორც რაოდემობის, ისე მათი ეფექტიანობის ზრდის მიმართულებით. უნდა შეიქმნას  ინოვაციების განხორციელებისათვის წამახალისებელი (სუფსიდირება, საგადასახადო შეღავათები, რისკების დაზღვევა და სხვ.) გარემო;  დონორების მიერ განხორციელებული პროექტების შედეგების დანერგვის მხარ­დამ­ჭერი მექანიზმების სოფლად ჯიშთა გამოცდისა და საკონსულტაციო სადგურების, სა­კონ­სულ­ტაციო ცენტრების, ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური, გეოდეზიური, მეტრო­ლო­გიური, სეისმოლოგიური, სამოდელო, ხარისხის მართვის, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორ­მაციის, სტანდარტიზაციისა და სხვა სამსახურების გაძლიერება.

7. საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების დაჩქარება. საშუალო და მცირე საწარმოები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ: უმუშევრობისა და სიღარიბის დონის შემცირებაში; ქვეყნის სამეწარმეო პოტენციალის გადიდებაში და ამით კონკურენტუნარიანობის ამაღ­ლე­ბაში; საშუალო ფენის ჩამოყალიბებაში და ამით ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცებაში., შიგა მიგრაციის შემცირებაში, ვინაიდან საშ­უა­ლო და მცირე საწარმოების განფენილობა, პრაქტიკულად, შეუზღუდავია. ისინი შესა­ძლე­ბე­ლია ფუნქციონირებდნენ  ტერიტორიის ნებისმიერ ადგილზე. მაგრამ, თავიანთი სიმცირის გამო ისინი საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვან მხარდაჭერას. აუცილებელია მიღებულ იქნეს კანონი „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ“, რაც არსებობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ამ კანონის საფუძველზე უნდა შეიქმნას მცირე ბიზნესის მხარ­დამჭერი ორგანო (მაგალითად აშშ-ი ასეთ ორგანოს ჰქვია „მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია“) შესაბამისი ინრასტრუქტურით, მასტიმულირებელი ინსტრუმენტებით (საგადასახადო შეღავათები, იაფი კრედიტები, რისკების დაზღვევა, სახელმწიფო შესყიდვების გაიოლება და ა. შ.). განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ინოვაციური მცირე ბიზნესის გან­ვი­თა­რე­ბას. განვითარებულ ქვეყნებში ასეთი საწარმოები ახორციელებენ უფრო მეტ ინოვაციურ იდეას, ვიდრე მსხვილი საწარმოები. მცირე ბიზნესი ყველა დაწინაურებული ქვეყნის პრიორიტეტული  ზრუნვის სფერო იყო. გამონაკლისის სახით შეიძლება დავასახელოთ სამხ­რეთ კორეა, სადაც მსხვილი ბიზნესის ძლიერი ლობისტური ჯგუფის გამო უპირატესობას მსხვილ ბიზნესს ანიჭებდა, მაგრამ როდესაც დაინახეს, რომ საშუალო ფენის ჩამოყალიბებას და სოციალ წონასწორობას საფრთხე შეექმნა, მილიარდებს ხარჯავენ მცირე ბიზნესის განსავითარებლად.

8. დონორების მიერ პროექტების განხორციელების შემდგომი მხარდაჭერის მექანიზმების შექმნა.

აუცილებელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეიქმნას გარკვეული ქვედანაყოფი, რომელიც ორგანიზებას გაუკეთებს დონორების მიერ პროექტების განხორციე­ლ­­ე­ბის შემდგომ პერიოდს – მიღებული შედეგების დანერგვას. 

II. საქართველოს  რეგიონების ინოვაციური განვითარება 

რეგიონების (რაიონების) ეკონომიკის ინოვაციური განვითარებისათვის აუცილებელია:

  1. რეგიონების ეკონომიკის ინოვაციური განვითარების სიმძიმემ უნდა გადაინაცვლოს ცენტრიდან რეგიონებისკენ.
  2. რეგიონების ხელმძღვანელობამ რეგიონები უნდა გადააქციონ  უცხოური ინვესტი­ციე­ბი­სა­თვის მიმზიდველ ტერიტორიებად.
  3. თანდათან უნდა გაძლიერდეს რეგიონის ინოვაციური სისტემა შესაბამისი ინფრასტრუქ­ტურით (ვენჩურული ფონდები, ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრები, ჯიშთა გამო­ცდის სადგურები, საკონსულტაციო ცენტრები, ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური, გეოდეზიური, მეტროლოგიური, სეისმოლოგიური, სამოდელო, ხარისხის მართვის, სამეც­ნი­ე­რო-ტექნიკური ინფორმაციის, სტანდარტიზაციისა და სხვა სამსახურების);
  4. საქართველოს რაიონების ეკონომიკა ძირითადად აგრარური ხასიათისაა, ამდენად უმთავ­რესია მოხდეს ინოვაციური ფერმების შექმნის სტიმულირება;
  5. რაიონების ბუნებრივი რესურსების გამოვლენა და მათი ეფექტიანი გამოყენება;
  6. სტრუქტურულ ფონდების შექმნა, რომელთა ძირითადი დანიშნულება იქნება ფინანსური დახმარების გაწევა ჩამორჩენილობის დასაძლევად ეკონომიკის ინოვაციური განვითარების გზით;
  7. ბიოაგროწარმოების განვითარება, ეკოლოგიურად სუფთა და ბიოპროდუქციის წარმოების ხელშეწყობა და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია;
  8. სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება;
  9. ცოდნის გავრცელების ფარგლებში რეგიონული ექსტენციის ცენტრების შექმნა და განვითარება და სხვა. 

III. სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციის ბაზრის შექმნა 

ეკონომიკის ინოვაციური განვითარება დგას მეცნიერებისა და, ამის საფუ­ძ­ველზე, ინოვაციების განვითარებაზე. კურსი აღებული უნდა იყოს მეცნიერებატევადი პროდუქციის წარმოებაზე. ამისათვის აუცილებელია სამეცნიერო-კვლევითი და საც­დელ-სა­­კონსტრუქტორო სამუშაოების (რაც გულისხმობს იმ სამუშაოთა ერთობლიობას, რომელიც მიმართულია ახალი ცოდნის შექმნასა და მის გამოყენებაზე ახალი პროდ­უქციის ან ტექნოლოგიის შესაქმნელად)დაფინანსების ზრდა, რის საფუძველზედაც შესაძლებელი გახდება სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციის ბაზრის შექმნა.  სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზარზე მომხმარებელი არის მეწარმე, რომელსაც სურს თავისი საწარმოს კონკურენტუნარიანობის გაზრდა. მიმწოდებელი კი არის ახალი პროდუქციის ან ტექნოლოგიის შემქმნელი ორგანიზაცია. ამ ბაზრის მოცულობა დამოკიდებულია შექმნილი სიახლის მოცულობაზე და ამ სიახლეთა დანერგვის აქტიურობაზე. სამე­ცნიერო-ტექნიკური პროდუქციის ბაზარზე შეზღუდულია პროდუქციის სასაქონლო ფორმა. ბაზარს მიეწოდება ინდივიდუალური მოხმარების პროდუქცია, ამდენად საბითუმო ვაჭრობა აქ, როგორც წესი არ ხდება. ბაზრის სტრუქტურა შეიძლება მოიცავდეს როგორც მსხვილ, ისე საშუალო და წვრილ საწარმოებს: უმაღლეს დაწესებულებებს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, კვლევით ლაბორატორიებს, საპროექტო და საკონსტრუქტორო ბიუროებს, საწარმოთა სამეცნიერო-ტექნიკურ განყოფილებებს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავებულნი არიან სამეცმიერო-ტექნიკური საქმი­ანობით [Самсонова М.В. 2008].

IV. საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება 

ეკონომიკური უსაფრთხოების ძირითადი შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს სასიცოცხლო ეკონომი­კური ინტერესების მუდმივი დაცვა და ეკონომიკის დინამიკური განვითარება, როგორც მშვიდობიან, ისე საშინაო და საგარეო ექსტრემალური სიტუა­ციე­ბის პირობებში. იგი ხორ­ციელდება საერთაშორისო, ეროვნულ, რეგიონულ, საწარმოსა და პირად დონეზე. მისი უმნი­შვნელოვანესი ინტერესებია ეკონომიკის ინოვაციური განვითარებისა და კონკურენტ­უნა­რიანობის ამაღლების საფუძველზე: სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური სტაბილურობა; რესურსების ეფექტიანი გამოყენება და განაწილება; სახელმწიფოს ეროვნუ­ლი პრიორიტეტების დაცვა და რეალიზება; მდგრადი განვითარება; მოსახლეობის კეთილ­დღეობისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდა.

ეკონომიკური უსაფრთხოების განხორციელება გულისხმობს ღონისძიებათა სის­ტე­მის შემუშავებასა და განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეროვნუ­ლი ეკონომი­კური სისტემის დამოუკიდებლობას, თვითმყოფადობას, მის განვითარებას, საშინაო და სა­გა­რეო მუქარების აღკვეთას, წინასწარი ზომების მიღებას მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ეკონომიკური უსაფრთხოების განსახორციელებ­ლად საჭიროა შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურა. ეკონომიკური უსაფრთხოება ემყარება შემდეგ ძირითად პრინციპებს: განვითარების ისტორიული გამოწვევებისა და მუქარების გათვალისწინება; გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნებისა და ინტერესების განსაზღვრა; ადამიანის, საზოგადოების, სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების დაცვა; ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების თავსებადობა.

ეკონომიკური უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილებია: ფინანსური უსაფრთხო­ება, ენერგეტიკული უსაფრთხოება; სასურსათო უსაფრთხოება, ასევე მისი ცალკეული სფე­როსა თუ დარგის უსაფრთხოება, როგორიცაა მრეწველობა, ტრანსპორტი, კავშირ­გაბმულობა, ტურიზმი, ტრანზიტი, მცირე ბიზნესი და სხვ.

სტრატეგიის ყველა მიმართულების მიხედვით უნდა შემუშავდეს სახელმწიფო,დარ­გობრივი და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამები. ამ ეტაპზე მიზანშეწონილია შემუ­შა­ვდეს: „მეცნიერებისა და განათლების შემდგომი განვითარების პროგრამა“, „მრეწვე­ლო­ბ­ის ინოვაციური განვითარების პროგრამა“, „სოფლის მეურნეობის ინოვაციური გან­ვითარების პროგრამა“, „ენერგეტიკის ინოვაციური განვითარების პროგრამა“, „მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისა და მხარდაჭერის პროგრამა“

სწორედ მეცნიერებისა და განათლების სფეროში გატარებული რადიკალური პროგრესული ცვლილებების შედეგად არის შესაძლებელი ეფექტიანი ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბება და ინოვაციური ეკონომიკის ფორმირება. ასევე, უმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნესია მრეწველობის ინოვაციური განვითარების უზრუნველყოფა, ვინაიდან იგი ეკონომიკის მოწინავე დარგია და მისი განვითარების გარეშე სხვა დარგების განვითა­რ­ება შეუძლებელია. სწორედ მრეწველობის ინოვაციურმა განვითარებამ უნდა განაპი­რო­ბოს მთელი ეკონომიკის ინოვაციური განვითარება. მრეწველობის ინოვაციური განვი­თა­რება უნდა ეფუძნებოდეს მეცნიერებატევადი წარმოებების შექმნასა და განვითა­რებას.

სოფლის მეურნეობაში (რომელიც წარმოადგენს ქვეყნის სასურსათო უსაფრთ­ხოების საფუძველს) უნდა დაჩქარდეს უახლეს ტექნოლოგიებზე დაარსებული ფერმერ­უ­­ლი (სასაქონლო) მეურნეობის ჩამოყალიბება. ამ დარგში მოზიდული უნდა იქნეს ქართველ ბიზნესმენთა ინვესტიციები. ენერგეტიკა სხვა გარგებთან შედარებით წინ­მსწრები ტემპებით უნდა ვითარდებოდეს. ძირითადი მიმართულება, ბუნებრივია, არის ალტერნატიული ენერგეტიკის (განახლებად ენერგიაზე დაფუძნებული) გაძლიე­რება. საწრაფოდ უნდა გადაიჭრას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან და­კავ­შირე­ბული წინააღმდეგობები მოსახლეობის მხრიდან. განახლებადი ენერგეტიკა არ არის მხოლოდ მოკლე პერიოდზე გათვლილი, იგი მომავლის ენერგეტიკაა, რომე­ლიც არასდროს ამოიწურება. მცირე ბიზნესის განვითარების გარეშე შეუძლებელი იქნება ქვეყანაში საშუალო ფენის ჩამოყალიბება, უმუშევრობისა და სიღარიბის მნიშვნელო­ვანი შემცირება. 

დასკვნები 

  1. საქართველოში არც ერთი წინა მთავრობა არ ახორციელებდა ქმედით ღონის­ძი­ებებს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების მიმართულებითამიტომაა, რომ ინოვაცი­ების სამართლებრივი ბაზის ფორმირება და ინოვაციური სისტემის განვითარება ძირითა­დად 2013 წლიდან იწყება. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები როგორც შესაბამისი ინსტიტუციური, ბაზისე ისე ინოვაციური სისტემის ფორმირების მიმართულებით.
  2. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა პრობლემები დღესაც რჩება, უპირვე­ლეს ყოვლისა, ინოვაციურმა განვითარებამ ვერ მიიღო კომპლექსური და უწყვეტი ხასი­ათი. ასევე, თითქმის არ არსებობს საკუთარ ქცევებზე დაფუძნებული ინოვაციური სის­ტემა, ცუდ მდგომარეობაშია ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალი, რაც ინოვაციური განვი­თარების საფუძველთა საფუძველია, სუსტია კავშირი სახელმწიფოს, ბიზნესსა და მეც­ნი­ე­რებას შორის და სხვ.
  3. აუცილებელია შემუშავდეს ქვეყნის ინოვაციური განვითარების სტრატეგია და შესაბამისი პროგრამები. ინოვაციური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები უნდა გახდეს:
  4. საქართველოს  ინოვაციური სისტემის სრულყოფა. იგი მოიცავს: ინოვაციური სისტემის ხუთრგოლიანი მოდელის ჩამოყალიბებას; სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას; განათლების სისტემის სრულყოფას; ინოვაციების იმპორტის გაძლიერებას; საკუთარ კვლევებზე დაფუძნებული ინოვაციური სისტემის ფორმირებას; ინოვაციური სისტემის ინფრასტრუქტურის სრულყოფას;  საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების დაჩქარებას; დონორების მიერ პროექტების განხორციელების შემდგომი მხარდაჭერის მექანიზმების შექმნას;
  5. საქართველოს  რეგიონების ინოვაციური განვითარება.
  6. სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციის ბაზრის შექმნა
  7. საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება. იგი მოიცავს ფინანსურ, ენერგეტიკულ და სასურსათო უსაფრთხოებას, ასევე ეკონომიკის ცალკეული სფეროსა თუ დარგის უსაფრთხოებას
  8. სტრატეგიის ყველა მიმართულების მიხედვით უნდა შემუშავდეს სახელნწიფო, დარგობრივი და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამები. ამ ეტაგზე მიზანშეწონილია შემუშავდეს: „მეცნიერებისა და განათლების შემდგომი განვითარების პროგრამა“, „მრეწველობის ინოვაციური განვითარების პროგრამა“, „სოფლის მეურნეობის ინოვაციური განვითარების პროგრამა“, „ენერგეტიკის ინოვაციური განვითარების პროგრამა“

ლიტერატურა                 

  1. აბესაძე რ. 2020. საქართველოს ინოვაციური პოლიტიკა და ინოვაციური სისტემა. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. თბილკისი, უნივერსიტეტის გამომცემლობა, ტ. XIII.
  2. ‘Matias Braun, Sebastián Bustos, Luis Felipe Céspedes. 3021. Innovation Strategy and Economic Development. https://www.cgdev.org/sites/default/files/WP590-Innovation-strategy-economic-development.pdf 
  3. Тимонина    И. Л. 2017. Стратегия инновационного развития Японии: на пути к четвертой промышленной революции. “Восток” 2017, № 4
  4. Самсонова М.В. 2008. ОСОБЕННОСТИ ФОРМИРОВАНИЯ РЫНКА НАУЧНО-ТЕХНИЧЕСКОЙ ПРОДУКЦИИ В СОВРЕМЕННЫХ УСЛОВИЯХ ХОЗЯЙСТВОВАНИЯ https://cyberleninka.ru/article/n/osobennosti-formirovaniya-rynka-nauchnotehnicheskoy-produktsii-v-sovremennyh-usloviyah-hozyaystvovaniya 
  5. ЦИРЕНЩИКОВ В. 2019. СТРАТЕГИЯ ИННОВАЦИОННОГО РАЗВИТИЯ ЕВРОСОЮЗА: НОВЫЕ ЦЕЛИ И ИНИЦИАТИВЫ, «Современная Европа», №6, с. 138‒148