ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
ჟურნალი ნომერი 2 ∘
ხათუნა ხადური ∘
სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და კერძო სექტორის როლი პოსტკონფლიქტურ რეგიონებში DOI: 10.36172/EKONOMISTI.2022.XVIII.02.Khatuna.Khaduri ანოტაცია.თანამედროვე მსოფლიოს წინაშე ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება ქვეყნებს შორის და ქვეყნების შიგნით წარმოებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების და სტაბილური ორმხრივი თანამშრომლობის მიღწევის ეფექტური გზების ძიება-რეალიზება. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია პოსტკონფლიქტურ რეგიონებში ეკონომიკური რეაბილიტაციის მიმართებით სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, კერძო სექტორის ჩართულობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის როლის მნიშვნელობაზე. სტატიაში განხილულია, აგრეთვე, საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე შიდა ქართლის სოფლებში სამეწარმეო საქმიანობის კვლევის შედეგები და გაანალიზებულია ცხინვალის რეგიონის, აფხაზეთისა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის პოსტკონფლიქტურ პერიოდში მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობების თავისებურებები. საკვანძო სიტყვები: სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, საქართველოს პოსტკონფლიქტური რეგიონები, კერძო სექტორი, ეკონომიკის რეაბილიტაცია, შესავალი თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოთაშორისი და შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტების წარმოშობას და გაღრმავებას მრავალი მიზეზი განაპირობებს. მათ შორის: ეთნიკური, ტერიტორიული, რელიგიური, სამოქალაქო ომი და სხვა. ხანგრძლივი შეიარაღებული კონფლიქტები მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, მოსახლეობის კეთილდღეობას და ქვეყნების ინტეგრაციას საერთაშორისო თანამეგობრობის სივრცეში. ამავდროულად, კონფლიქტების ხანგრძლივობა და ინტენსივობა დამოკიდებულია მათი წარმოშობის ისტორიულ, გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ კონტექსტებთან და ქვეყნების სწრაფვასთან სტაბილურობის მიღწევისკენ. კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრა, პოსტკონფლიქტური რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაცია და მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა რთული, დინამიური და მრავალგანზომილებიანი პროცესია. პროცესში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო მეთაურები, კერძო სექტორი და სხვა დაინტერესებული მხარეები განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებენ პოლიტიკური შეთანხმებების პარალელურად ისეთი ეკონომიკური გზების შემუშავებაზე, რომლებიც ერთობლიობაში ხელს შეუწყობენ კონფლიქტების მოგვარებას,ორმხრივი, სტაბილური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას და მშვიდობის მშენებლობას. თემის აქტუალობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ დღეს დიდ მნიშვნელობას იძენს დაპირისპირებულ მხარეთა შორის სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების, ბიზნეს კავშირების წახალისების და კერძო სექტორის ჩართულობის გზით კონფლიქტების დასტაბილურება, პოსტკონფლიქტური ეკონომიკის რეაბილიტაცია, კონფლიქტის ორივე მხარის მოსახლეობის სოციალური ინტეგრაცია და მშვიდობიანი თანაცხოვრების მიღწევა. წინამდებარე სტატიაში ყურადღება გამახვილებულია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის და კერძო სექტორის ჩართულობის როლის მნიშვნელობაზე კონფლიქტების დარეგულირებისა და პოსტკონფლიქტურ რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის მიმართებით. სტატიაში განხილულია, აგრეთვე, საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე შიდა ქართლის სოფლებში სამეწარმეო საქმიანობის კვლევის შედეგები და გაანალიზებულია ცხინვალის რეგიონს, აფხაზეთსა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის პოსტკონფლიქტურ პერიოდში მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობების თავისებურებები. **** მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ზოგადად, კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის და სტაბილური ორმხრივი თანამშრომლობის მიღწევის ეფექტური გზების ძიება და რეალიზება დაკავშირებულია საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფოთა მეთაურების და ძლიერი კერძო სექტორის მხრიდან ქმედითი, კოორდინირებული, თანმიმდევრული და პროგნოზირებადი მიდგომების განხორციელებასთან. ერთ-ერთ ასეთ მიდგომას წარმოადგენს მხარეთა შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაციის გზით პოლიტიკურ-ტერიტორიული კონფლიქტების დასტაბილურება. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა ტაივანის და ჩინეთის, კოსოვოს და სერბეთის, ბერძნული და თურქული კვიპროსის კონფლიქტები. დღეისათვის ჩინეთი ტაივანის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. თავის მხრივ, ტაივანი ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია ჩინეთში. მხარეებს შორის ვაჭრობის ლიბერალიზაციამ ხელი შეუწყო სტრატეგიული ეკონომიკური კავშირების დამყარებას, ტაივანის ელექტრონული საქონლის ექსპორტის გაზრდას ჩინეთში, სამრეწველო სფეროში ერთობლივი მსხვილი პროექტების განხორციელებას [მირიმანოვა, 2015;6-10]. საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის შედეგად, 2008 წლიდან სერბეთსა და კოსოვოს შორის სავაჭრო ნაკადების დასტაბილურებამ ხელი შეუწყო სერბეთის სასურსათე ნაწარმის, ენერგომატარებლებისა და სამშენებლო მასალების ექსპორტირებას კოსოვოში. 2013 წლიდან კი პოლიტიკური და ეკონომიკური შეთანხმებების საფუძველზე დაიწყო სერბეთსა და კოსოვოს შორის საქონელბრუნვის რეგულირება და სავაჭრო პრინციპების გამოყენება [მირიმანოვა, 2015: 30-35]. მიჩნეულია, რომ კონფლიქტის მხარეებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება ამცირებს კონფლიქტის გაღვივებისა და ხანგრძლივობის რისკებს. ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბოლო 6 ათწლეულის განმავლობაში ეთნიკური და რელიგიური ნიშნით წარმოებული კონფლიქტის გამწვავებისა და შერბილების პარალელურად იცვლებოდა ამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირების ინტენსივობა და ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივები. თუმცა, 90-იანი წლების დასაწყისიდან ეკონომიკური ლიბერალიზაციის პოლიტიკამ ხელი შეუწყო ინდოეთსა და პაკისტანს შორის საექსპორტო შესაძლებლობების ზრდას და ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა სექტორში. პაკისტანის საექსპორტო დარგების დიდი წილი მოდის ტექსტილის ინდუსტრიაზე და მსუბუქი ინჟინერიის ნაწარმზე. ინდური კომპანიები ახორციელებენ ინვესტიციებს პაკისტანის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი სფეროების მიმართულებით. ინდოეთი სამხრეთ აზიაში სიდიდით მეორე და ამავე დროს, სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა. ინდოეთის პაკისტანთან გაფართოებული ვაჭრობის წარმოება ზრდის ტრანზიტული ვაჭრობის შესაძლებლობებს და წვდომას პაკისტანის მიღმა ცენტრალური აზიის ქვეყნების სასაქონლო ბაზარზე. თავის მხრივ, ინდოეთი პაკისტანისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პოტენციალის მატარებელია [Dash...2014:26-40]. ისრაელსა და პალესტინასშორისხანგრძლივი და მწვავე ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი დაპირისპირების მიუხედავად, დღეს პოსტკონფლიქტურ რეგიონებს შორის არსებობს გარკვეული სავაჭრო-ეკონომიკური და ბიზნეს კავშირები. ბოლო წლების მონაცემებით პალესტინის იმპორტი ისრაელის საქონელზე 3-ჯერ აღემატება პალესტინის ექსპორტს ისრაელში. წამყვანი საექსპორტო დარგები მოიცავს აგრარულ სექტორს, სამშენებლო და ტექსტილის ინდუსტრიებს. ზრდის ტენდენცია ახასიათებს ისრაელში პალესტინის ტურიზმის სექტორის მომსახურების ექსპორტს. მზარდია ასევე, პალესტინიდან შრომის ექსპორტის დონეც. რამაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო ისრაელის დასავლეთ სანაპიროზე პოლიტიკური არასტაბილურობის შერბილებას [Blair. 2018: 3-20]. პოსტკონფლიქტურ რეგიონებს შორის მიმდინარე სასაზღვრო ვაჭრობა, ძირითადად, არაფორმალურ ხასიათს ატარებს, თუმცა, მას დიდი წვლილი შეაქვს კონფლიქტით დაზარალებულ მოსაზღვრე რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობების გააქტიურებაში. ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა აქტიურად მიმდინარეობს ავღანეთისა და პაკისტანის სასაზღვრო რაიონების სასაზღვრო პუნქტების გავლით. ადგილი აქვს მხარეთა შორის, როგორც ლეგალურ, ისე არალეგალურ ვაჭრობას. სასაზღვრო ვაჭრობა ხელს უწყობს ადგილობრივი შინამეურნეობების შემოსავლების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის საარსებო პირობების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, საზღვრების მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნათესაური კავშირები ქმნის ერთობლივი ბიზნესის კეთების შესაძლებლობებს [,,Trade and livelihoods in the Afganista-Pakistan borderlands”.2019.Trade Asia Foundation.3-4]. არაფორმალური ვაჭრობა ფართო მასშტაბით მიმდინარეობს ეთიოპიასა და სომალილენდს შორის და მოიცავს საზოგადოების ფართო ფენას, არაფორმალური სავაჭრო ნაკადებით ძირითადად ხდება საყოფაცხოვრებო, კვების, ფარმაცევტული პროდუქციის და სამომხმარებლო ელექტრონული საქონლის გადაადგილება. ადამიანები ეწევიან როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობას. ბოლო ათწლეულების განმავლობაში სომალის სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური რღვევების შედეგად სომალილენდმა მოახდინა დამოუკიდებლობის დეკლარირება და ასევე, აღდგა ეთიოპიის, როგორც ეთნიკური ერთეულის ფედერაცია. პოლიტიკური პროცესების პარალელურად იცვლებოდა სავაჭრო პროცესების დინამიკაც. საბოლოო ჯამში, ეთიოპიასა და სომალილენდს შორის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობამ მდგრადი ხასიათი მიიღო. ჩამოყალიბდა სტრატეგიული მდებარეობის ბერბერას პორტის სასაზღვრო დერეფანი, რომლის გავლითაც ინტენსიურად ხდება არამარტო მომიჯნავე, არამედ მეზობელი ქვეყნების სავაჭრო ნაკადების გადაადგილება. ეთიოპიის იმპორტში დიდი ადგილი უკავია ელექტრონულ საქონელს, განსაკუთრებით მობილურ ტელეფონებს, რაც აიხსნება ნაკლები დანახარჯებით და შემოსავლების მიღების მაღალი ტემპით. სომალილენდის ექსპორტში წამყვანია მეცხოველეობის დარგი [Kefale. 2019: 4-25]. უნდა აღინიშნოს, რომ პოსტკონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და კერძო სექტორის ჩართულობა ერთობლივად ქმნის მშვიდობის და სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევის წინაპირობებს. კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა მიმართულია პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების გადაჭრისკენ, პოსტკონფლიქტური ეკონომიკის რეაბილიტაციის ფინანსური მხარდაჭერის, ადამიანის უფლებების დაცვის, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ და სხვა. პოსტკონფლიქტური რეგიონების ეკონომიკის რეაბილიტაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა დარგობრივ სფეროებში, ვინაიდან იგი ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რეგიონში სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას და ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებას; კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში დაინტერესებულ პირებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარებას და ერთობლივი ბიზნეს პროექტების რეალიზებას; ინოვაციური მეთოდების დანერგვას საწარმოო პროცესებში, განსაკუთრებით, აგროსექტორის დარგებში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კერძო სექტორი არ წარმოადგენს არასტაბილურობის დაძლევის პანაცეას. გარკვეული თვალსაზრისით მისი მოქმედება ლიმიტირებულია [Amadiegwu.2020:11-20]. როგორც ცნობილია, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ძირითადად ოპერირებენ მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც სპეციალიზირდებიან რეგიონალურ საცალო ვაჭრობასა და მომსახურებაზე. ფართო მასშტაბით არის წარმოდგენილი ასევე, აგრობიზნესის სექტორი [Seakman..2015:9-15]. ჰერცოგოვინაში სამკურნალო ბალახების დამამუშავებელი კომპანია ,,ორგანული მედიცინა“(Organici Medici) ნედლეულს იღებს ყველა პოლიტიკური და ეთნიკური ჯგუფების ფერმერებისგან. ასევე, ქმნის სამუშაო ადგილებს დაბრუნებული ეთნიკური უმცირესობებისთვის. სერბეთის რესპუბლიკაში ხორვატიის კომპანიამ ,,კრასი“ (Kras) პურფუნთუშეულ საწარმოში განახორციელა ინვესტიციები ,,ნირას პროექტი“. ჩრდილოეთ კვიპროსის ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვს მის ტერიტორიაზე მოქმედ მსხვილ თურქულ ფირმებს. თურქეთის წყლისა და ტყის სამინისტრომ განახორციელა სასმელი წყლით მომარაგების პროექტი, რომლის მიზანია ოკუპირებული ჩრდილოეთ კვიპროსის წყალმომარაგება თურქეთში აშენებული კაშხლის საშუალებით. თურქეთი აქტიურად მონაწილეობს, აგრეთვე, ოკუპირებული რეგიონის ენერგეტიკის სექტორში და ატარებს ბუნებრივი გაზის მოპოვების ოპერაციებს. ისრაელისა და პალესტინის ტურიზმის სფეროში აქტიურად ურთიერთთანამშრომლობენ ტუროპერატორები; პრესისა და მშვიდობის ებრაულ-არაბული ცენტრები ხელს უწყობენ ისრაელის და პალესტინის მეწარმეებს შორის კავშირების განვითარებას [Kontorovich. 2015: 617]. რაც შეეხება კავკასიის რეგიონში არსებულ კონფლიქტებს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეთნიკურმა და ტერიტორიულმა ძალადობრივმა კონფლიქტებმა მოიცვა მთელი რეგიონი და დიდი დარტმა მიაყენა კავკასიის რეგიონის ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებას და მათ ეკონომიკურ ზრდას. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში მიმდინარე მოვლენებმა და 2008 წლის საომარმა მოქმედებებმა მძიმე დაღი დაასვა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიების სახით. დღემდე მოუგვარებელი კონფლიქტების შედეგები განსაკუთრებით მწვავედ აისახა გამყოფი ხაზების მიმდებარე რეგიონებზე. პოსტკონფლიქტურ რეგიონებში დღესაც აქტუალურ გამოწვევებს წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვა და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა; მეწარმეობის განვითარებისა და შინამეურნეობების წარმოების ხელშემწყობი გარემოს არარსებობა; სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავების რისკები; მოწეული პროდუქციის რეალიზაცია; უმუშევრობა; ცხოვრების დაბალი დონე; შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინება და მრავალი სხვა. ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ, შიდა ქართლში, გორის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტების საზღვრისპირა სოფლებში სამეწარმეო გარემოს შესწავლის მიზნით ჩატარებული კვლევა ეყრდნობა როგორც პირველად, ისე მეორად მონაცემებს. კვლევაში მონაწილეობა მიიღო შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულმა 115-მა მეწარმემ და საპარტნიორო ფონდის პროგრამის ,,სტარტაპ საქართველო“ და USAID-ის პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ მიერ დაფინანსებულმა სტარტაპერებმა, რომლებმაც შიდა ქართლში, ადმინისტრაციულ საზღვრისპირა სოფლებში შექმნეს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საწარმოები. კვლევის ინსტრუმენტად შეირჩა ონლაინ გამოკითხვის მეთოდი. მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე გაკეთდა შესაბამისი დასკვნები: რეგიონში, მეტნაკლებად, განვითარებულია სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგები. გამოკითხულ რესპოდენტთა 31,8% ფლობს სამაცივრე, 27,3%-სანერგე, 20,5%-სათათბურე, 4,5%-ხილისა და ბოსტნეულის სასაშრობე მეურნეობებს, 18,2%-ხილის ბაღებს და 13,6%-სადემონსტრაციო ბაღებს. მეფრინველეობის ფერმებს-2%. გარდა ამისა, ფუნქციონირებს ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოები.
დიაგრამა1.გავრცელებული სამეწარმეო საქმიანობები. რეგიონში სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს აგროსექტორის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული პროექტები. კერძოდ: სოფლის მეურნეობის განვითარების აგროპროექტები; ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს usaid პროექტი ,,ზრდა საქართველოში”; სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი ,,დანერგე მომავალი“. პროექტები ითვალისწინებს მეწარმეთა დაფინანსება/თანადაფინანსებას, სამეწარმეო საკონსულტაციო მომსახურებით უზრუნველყოფას; ახალი ცოდნის გადაცემას და ინოვაციური ტექნოლოგიებით მხარდაჭერას. რესპოდენტთა 50%-ზე მეტმა აღნიშნა, რომ პროექტების ფინანსურმა მხარდაჭერამ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში თანამედროვე მეთოდების გამოყენებამ მნიშვნელოვნად გაზარდა მათი შემოსავლები. 40,9%-ის შეფასებით ნაწილობრივ გაიზარდა;4,5%-მა აღნიშნა, რომ მათი შემოსავლები არასტაბილურია სეზონური გაყიდვების გამო. მეწარმეთა 2,3%-ის შემოსავლები უცვლელი დარჩა.
დიაგრამა2. რესპოდენტების შემოსავლები მეწარმეები იყენებენ როგორც მუდმივ, ისე სეზონურ მუშახელს. მეურნეობებში მუდმივად დასაქმებულია 3-დან 10-დე ადგილობრივი ადამიანი, სეზონურად დასაქმებულთა რაოდენობაა 20-30 კაცი. რესპოდენტებმა რეგიონში სამეწარმეო საქიანობის განვითარების დამაბრკოლებელ ფაქტორებს შორის დაასახელეს: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის სირთულე; გაუმართავი ინფრასტრუქტურა; შეზღუდული წვდომა ფინანსებზე და ახალ ტექნოლოგიებზე. სტარტაპერებმა ხაზი გაუსვეს, იმ ფაქტს, რომ მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოადგენს, აგრეთვე, კვალიფიციური კადრების დეფიციტი, სეზონური მუშახელის ნაკლებობა და პროფესიული ცოდნის დაბალი დონე. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მივიჩნევთ, რომ მიუხედავად გარკვეული ძვრებისა სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების გაჯანსაღების მიმართულებით, საჭიროა დამატებით შემუშავდეს სამეწარმეო საქმიანობის მასტიმულირებელი მოქნილი მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის სამეწარმეო პოტენციალის ფართო მასშტაბით ათვისებას, გაამარტივებს ფინანსებზე წვდომას და შექმნის პროდუქციის რეალიზაციის ახალ შესაძლებლობებს; მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ხელმისაწვდომს გახდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას და ახალ ტექნოლოგიებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ გამყოფი ხაზების მომიჯნავე რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის გამოწვევების სრულყოფილი შეფასება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელმისაწვდომი იქნება სანდო ინფორმაცია მეორე მხარის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. პოსტკონფლიქტური ვაჭრობის თავისებურებები როგორც ცნობილია, პოსტკონფლიქტურ პერიოდში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა არაფორმალურ ვაჭრობას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს, აფხაზეთსა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიებს შორის აფხაზეთის მიმართულებით აფხაზეთისა და ზუგდიდის დამაკავშირებელი ენგურის ხიდის, ცხინვალის მიმართულებით ახალგორის გამსვლელი პუნქტის გავლით. მოსახლეობას ძირითადად გადაჰქონდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და ეწეოდა ვაჭრობას ადგილობრივ ბაზრებზე. 1999-2004 წლებში სავაჭრო ნაკადების გადაადგილება ინტენსიურად მიმდინარეობდა, აგრეთვე, ცხინვალის მიმდებარე სოფელ ერგნეთში შექმნილი ბაზრობის გავლით გორის მიმართულებით. რუსეთიდან საქართველოში დიდი რაოდენობით შემოდიოდა კონტრაბანდული საქონელი: სასურსათო პროდუქტები, ნავთობპროდუქტები, სიგარეტი. საქართველოდან კი გაედინებოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. საცალო და საბითუმო ვაჭრობას ეწეოდნენ როგორც ადგილობრივი ოსები და ქართველები, ისე ახლოს მდებარე რეგიონების მაცხოვრებლები. მათთვის ერგნეთის ბაზრობა წარმოადგენდა არა მარტო საარსებო შემოსავლების წყაროს, არამედ ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენის საშუალებასაც. ამავე დროს, ერგნეთის ბაზრობა ქვეყნის ეკონომიკისათვის წარმოადგენდა ,,შავ ხვრელს“. მისი მეშვეობით საქართველოს სხვა რეგიონებში დიდი რაოდენობით გაედინებოდა განუბაჟებელი საქონელი, რაც მძიმე დარტყმას აყენებდა ქვეყნის ბიუჯეტს. კონტრაბანდული ტვირთების კონტროლის სირთულემ, რეგიონში მძიმე კრიმინალურმა ვითარებამ, ანტიკორუფციული პოლიტიკის არარსებობამ და სხვა მრავალმა ფაქტორმა განაპირობა 2004 წელს ერგნეთის ბაზრობის დახურვა, რაც უარყოფითად აისახა ორივე მხარის მოსახლეობის შემოსავლებზე და ასევე, ოსებისა და ქართველების ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჯეროვნად ვერ შეფასდა ერგნეთის ბაზრობის, როგორც მხარეებს შორის ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშემწყობი ინსტრუმენტის პოტენციალი. არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოებაც, რომ ოსებსა და ქართველებს შორის არსებული მჭიდრო ნათესაური კავშირები უფრო მეტად შესაძლებელს გახდიდა ერთობლივი სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას, განსაკუთრებით, აგროსექტორის მიმართულებით. ცხინვალიდან შემოტანილ ტვირთებზე კონტროლის, საბაჟო პროცედურებისა და კრიმინალის აღმკვეთი ეფექტური მექანიზმების შემუშავების ნაცვლად, ერთბაშად განადგურდა ერგნეთის ბაზრობის პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები კონფლიქტის დასტაბილურების მიმართებით. 2008 წლის ომის შემდეგ კი კანონით აიკრძალა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობების წარმოება. აფხაზეთის მიმართულებით, ენგურის ხიდზე სავაჭრო ნაკადების მონიტორინგმა, რომელიც განხორციელდა 2012-2014 წლებში საერთშორისო ორგანიზაციის ,,International Alert”-ის მიერ, გამოავლინა, რომ აფხაზეთში შეტანილი საქონლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ტრანს-ენგურის გავლით საქონლის მოძრაობას არეგულირებდა ფასი, სეზონი და გაცვლის კურსი [მირიმანოვა. 2015: 4-7]. 2018 წლის კვლევის თანახმად, ენგურის სავაჭრო ურთიერთობების ლეგალიზებით დაინტერესება გამოხატა კერძო ბიზნესის გარკვეულმა ნაწილმა. მათი აზრით, ეს შესაძლებელს გახდიდა პროდუქციის რეალიზაციის ახალი ბაზრების ათვისებას, შემოსავლების გაზრდას, გამყოფი ხაზის მიმდებარე რეგიონების კერძო სექტორს შორის კანონიერი სამეწარმეო კავშირების ამოქმედებას. ვაჭრობის ლეგალიზების დადებითი მხარეების მიუხედავად, კვლევაში მონაწილე ქართველი და აფხაზეთის მეწარმეების მხრიდან ამ საკითხის მიმართ დაფიქსირდა არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები, რაც განპირობებული იყო პოლიტიკური მოტივებით [მირიმანოვა. 2018: 4-14]. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ არაფორმალურმა სავაჭრო-ეკონომიკურმა ურთიერთობებმა, ერთი მხრივ, დადებითი როლი ითამაშა მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის, საარსებო საშუალებების მოპოვების და კონფლიქტის განმუხტვის თვალსაზრისით, მეორე მხრივ, არაფორმალური ვაჭრობის თანმდევი უარყოფითი მხარეები, როგორიცაა: კონტრაბანდული საქონლის დიდი რაოდენობით შემოდინება, კორუფცია, საბაჟო პროცედურების არარსებობა ასუსტებდა ქვეყნის ეკონომიკას. არაფორმალური ვაჭრობის ლეგალიზება და სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა კი დაკავშირებული იყო, როგორც პოლიტიკური ბარიერების გადალახვასთან, ისე ანტიკორუფციული მექანიზმების და ტვირთების განბაჟების პროცედურების შემუშავებასთან, რისი განხორციელების უუნარობამაც კონფლიქტის მოგვარების დღის წესრიგიდან ამოაგდო ეკონომიკური პოტენციალის მიზანმიმართული გამოყენების პერსპექტივები. დღეს, გარკვეულწილად, წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ 2018 წელს წარმოდგენილი სამშვიდობო ინიციატივა ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომლის მიზანია გამყოფი ხაზების მიმდებარე რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების სიკეთეებზე წვდომის შესაძლებლობების უზრუნველყოფა, მხარეთა შორის ვაჭრობის წახალისებით ნდობის აღდგენა, დაინტერესებულ პირებს შორის ერთობლივი ბიზნეს პროექტების მხარდაჭერა. დასახული მიზნების მიღწევის მნიშვნელოვან საშუალებად სამშვიდობო ინიციატივაში განხილულია გამყოფი ხაზების გასწვრივ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნის კონცეფციაც. ჩვენი შეფასებით, სამშვიდობო ინიციატივის მიზნები მიღწევადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მეორე მხარეს ექნება პოლიტიკური მზაობა მხარი დაუჭიროს სავაჭრო ინიციატივებს და მოსახლეობის მშვიდობიან თანაცხოვრებას. დასკვნა ამრიგად, კონფლიქტურ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარება, საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა და კერძო სექტორის მრავალმხრივი ჩართულობა ერთობლიობაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ქვეყნებს შორის კონფლიქტების დარეგულირებაზე, სტაბილური პარტნიორული კავშირების დამყარებასა და მშვიდობის მშენებლობაზე. ამავე დროს, დიდი წვლილი შეაქვთ პოსტკონფლიქტურ რეგიონებში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების გადაჭრაში, პოსტკონფლიქტური ეკონომიკის რეაბილიტაციაში და ბიზნესის პოტენციალის განვითარებაში. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან პოსტკონფლიქტური სავაჭრო ურთიერთობების გაანალიზება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სავაჭრო კავშირების დამყარება, ასევე, დიდ წვლილს შეიტანს საქართველოში გამყოფი ხაზების მომიჯნავე რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ გაჯანსაღებასა და ორივე მხარის მოსახლეობის მშვიდობიან თანაცხოვრებაში. ამის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია გამყოფი ხაზის მიმდებარე რეგიონში სამეწარმეო საქმიანობის განვითარება; მხარეებს შორის სავაჭრო კავშირების მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება. საჭიროა ერგნეთის ბაზრობის, როგორც ერთობლივი სამეწარმეო საქმიანობის ხელშემწყობი ერთგვარი ეკონომიკური სივრცის, გამოცდილების გაანალიზება და დღეს არსებული მდგომარეობის ადეკვატური ეკონომიკური სივრცის ფორმირება. გამოყენებული ლიტერატურა
|