English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ალიმი ხერხაძე
საქართველოს ეკონომიკის დაჩქარებული განვითარების აუცილებლობა და არსი

DOI:  10.36172/EKONOMISTI.2022.XVIII.02.Alimi.Kherkhadze

ანოტაცია

სტატიაში განხილულია საქართველოს უახლესი ეკონომიკური ისტორია - საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის წინა პერიოდი და გარდამავალი პერიოდის შეცდომები, არსებული მდგომარეობა და ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები, მსოფლიოში ჩამოყალიბებული პოსტ-პანდემიური ახალი რეალობის ფონზე.წარმოჩენილია საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში მისი  სოციალურ-ეკონომიკური დაღმასვლის, წინსვლისა და ამ უკანასკნელის შემაფერხებელი ფაქტორები, გლობალური მიწოდების ჯაჭვში საქართველოს  მოხვედრისა და მყარად დამკვიდრების პირობები.

საკვანძო სიტყვები: ინდუსტრიალიზაცია; გლობალური მიწოდების ჯაჭვი; საბაზრო ეკონომიკა; ექსპორტირებადი ეკონომიკა; ეკონომიკური ზრდა.

JEL Classification Codes: O140; O250; P210 

შესავალი

დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებში, საქართველო მწვავე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. სოციალისტური წყობის გეგმიური ეკონომიკიდან, საბაზრო ეკონომიკაზე გადასასვლელად შესაბამისი ცოდნა და მზა რეცეპტი არ არსებობდა, ამ ყველაფერს დაერთო ნედლეულისა და გასაღების ბაზრების დაკარგვა და გარედან ინსპირირებული კონფლიქტებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი,  რამაც ქვეყნის ეკონომიკის კოლაფსი გამოიწვია. სხვადასხვა შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 1994 წელს 1988 წლის დონეს თითქმის ოთხჯერ ჩამორჩებოდა. შეიძლება ითქვას, რომ გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე საქართველოს გადასვლა ჰგავდა მუხრუჭებ გაფუჭებული სწრაფად მოძრავი ავტომობილის თავისუფალ ვარდნას. ეკონომიკური რყევების 30 წლის მანძილზე, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩა დროს და გლობალური ეკონომიკაში მოთხოვნის ყველა არხი შევსებული დახვდა. თუ რაიმე ინოვაციური ან განსაკუთრებული პროდუქტი არ არის, გლობალური მიწოდების ჯაჭვში ადგილისა და შეფარდებითი უპირატესობის მოპოვება დღეს განსაკუთრებით გართულებულია, ამიტომ დღემდე იმპორტდამოკიდებული მომხმარებლების როლში ვართ და ექსპორტზე დაბალგანვითარებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ნედლეული და მასალები გაგვაქვს.

იმისათვის, რომ არსებული მდგომარეობა შეიცვალოს, პირველ რიგში იმპორტდამოკიდებულების დონის შემცირება. მუდმივად ცვალებად გლობალურ მსოფლიოში ახალი შესაძლებლობები მოულოდნელად ჩნდება და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სხვაზე სწრაფად ვუპასუხოთ ეკონომიკის ახალ მოთხოვნებს და ადგილი დავიმკვიდროთ მიწოდების გლობალურ ჯაჭვში. ჩვენი აზრით, სიღარიბის დაძლევისათვის ორ მთავარ ფაქტორზე უნდა იქნას ყურადღება გადატანილი: საზოგადოებრივი დოვლათის მზარდი ნაწილის ინვესტირება თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნებს მორგებულ განათლებაში, და მეორე, აქცენტირება მაღალი დამატებული ღირებულების შემცველი პროდუქციის წარმოებაზე.  რაც უფრო მეტი გადამუშავების ციკლს გადის ნედლეული, მით მეტი ღირებულება ემატება მას და მით უფრო მეტად მდიდრდება საზოგადოება. კვალიფიციური, მაღალი ხარისხის განათლება, შესაბამის ხელშემწყობ პროგრამებთან ერთად, აღადგენს და წარმოშობს ეკონომიკის ახალ დარგებს, რაც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის გარდამტეხი იქნება.

წარმატებისათვის აუცილებელია თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში ბიზნესის წარმოების ცოდნა, ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი, უცხოეური კაპიტალისათვის საინტერესო საინვესტიციო  გარემო და შედარებით იაფი  საკრედიტო რესურსი - ყოველივე ის, რაც ასე აკლდა საბჭოთა პერიდისდროინდელ ეკონომიკას.  ამის გამო იყო, რომ  მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი მილიტარისტული ზესახელმწიფო იყო, მისი ეკონომიკის განვითარება უფრო სეგმენტური იყო, ვიდრე სისტემური, რის გამოც მისი ასოცირება უმეტესწილად განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკასთან ხდებოდა. საბჭოთა კავშირის პარიტეტი  შეიარაღების მხრივ აშშ-სთან,  დიდ ეკონომიკურ დანახარჯს მოითხოვდა, რის გამოც სოციალურ საჭიროებებზე შედარებით ნაკლები რესურსი რჩებოდა და, შესაბამისად, მატერიალური კეთილდღეობის დონე ამერიკისას რამდენჯერმე ჩამორჩებოდა.

დიაგრამა 1

1990 წლისთვის საქართველო იყო საშუალოდ განვითარებული ქვეყანა, ეკონომიკის ინდუსტრიულ-აგრარული პროფილით, უმუშევრობა თითქმის სრულად იყო დაძლეული და მოსახლეობის უმეტეს ნაწილს გააჩნდა ფინანსური დანაზოგი. საქართველოს ეკონომიკა 1990 წლისთვის სიდიდით საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების შორის, მეექვსე ადგილზე იმყოფებოდა რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის შემდეგ,  აწარმოებდა რა 65,87 მლრდ. აშშ დოლარის მშპ-ს (მყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით). მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ს $12140-ით კი საბჭოთა კავშირში მე-5 ადგილზე - ესტონეთის (17247$), ლატვიის (15806$), ლიეტუვისა (13809$) და რუსეთის (12400$) შემდეგ, ხოლო საბჭოთა კავშირის საშუალო მაჩვენებელი ამ დროისთვის 10989 $ იყო. საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, ბალტიისპირა ქვეყნების გარდა, ეთნიკურმა კონფლიქტებმა და საყოველთა ნგრევამ მოიცვა. აგრეთვე არ არსებობდა გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პრეცენდენტი და გამოცდილება, რაც შეცდომების ალბათობას ზრდიდა.

დიაგრამა 2[1]

90-იან წლებში საქართველოში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობის, სეპარატისტული კონფლიქტების, სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტისა და კრიმინალური გასამხედროვებული ბანდფორმირებების მზარდი ძალაუფლების გამო დასუსტებულ სახელმწიფოს რუსეთის პოლიტიკური ზეწოლა დაემატა, რომელმაც 1993 წელს საქართველო სამანეთო სივრციდან გააძევა, რის გამოც ქვეყანა იძულებული გახდა საკუთარი დროებითი ფულადი ერთეული - კუპონი შემოეღო, რომლი უკონტროლო ბეჭდვამ, კუპონი გააუფასურა და ინფლაციამ 1993 წელს 15000%-საც მიაღწია. 1995 წლის 2 ოქტომბერს მიმოქცევაში ახალი ქართული ვალუტა ლარი ჩაეშვა. 1991-1994 წლებში რეგულირებადი სამომხმარებლო ფასები საქართველოში 68-ჯერ გაიზარდა.

დიაგრამა 3[2]

 

[3]საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური გარდაქმნის რეფორმები პოლონელ ლეშეკ ბალცეროვიჩის გეგმის მიხედვით დაიწყო. ბალცეროვიჩის შოკური თერაპიის 10-პუნქტიანი გეგმიდან საქართველოში მხოლოდ სამი განხორციელდა: ინფლაციური პროცესების დაწყება, მოსახლეობის შემოსავლების შემცირება და საგადასახადო კანონმდებლობის შექმნა, რომელთაგან პირველმა ორმა პუნქტმა კიდევ უფრო დაამძიმა ქვეყნის მაკროეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, მესამის ადმიანისტრირება კი ფაქტობრივად 90-იან წლებში არ მომხდარა.

1994-1998 წლები იყო გეგმიურიდან საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი ძირითადი რეფორმების წლები, რა დროსაც ეროვნული ვალუტის შემოღებასთან ერთად ცვლილებები განიცადა საბანკო სისტემამ, პრივატიზდა მცირე და საშუალო საწარმოები და განხორციელდა ვაჭრობის ლიბერალიზაცია. 1996-1998 წლებში აშენდა ბაქო-სუფსის, 2003-2005 წლებში კი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები. ამ ეკონომიკურმა პროგრამებმა შეაჩერა მაღალი ინფლაცია და დააჩქარა ეკონომიკური ზრდა, თუმცა საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური დონის გასაუმჯობესებლად, 1989-1994 წლების ღრმა ეკონომიკური ვარდნის შემდეგ ეს ეკონომიკური ზრდა საკმარისი არ იყო.

2003 წლის ნოემბერში „ვარდების რევოლუციის“ გზით შეცვლილმა ხელისუფლებამ აქცენტი ეკონომიკურ რეფორმებზე გადაიტანა, შემცირდა გადასახადების რაოდენობა, მკვეთრად გაიზარდა ეკონომიკის ადმინისტრირება და საბიუჯეტო შემოსავლები, თუმცა გარკვეული გადაცდომების გამო ანტიკორუფციული, ლიბერალური იდეებით მოსული ხელისუფლება ელიტურ კორუფციაში, ბიზნესის შევიწროებასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში დადანაშაულებული აღმოჩნდა, რამაც 2012 წელს „ვარდების რევოლუციის“ მთავრობის არჩევნების გზით შეცვლა განაპირობა.  

მედისონის მონაცემთა ბაზის მიხედვით, დამოუკიდებელი საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი (PPP ვალუტის მყიდველობითი უნარიანობა) მშპ-ს მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით 2019 წელს 12595,8 $ იყო. მსგავსი დონე ამერიკის შეერთებულ შტატებში 1940 წელს (12005 $), ევროპის ყველაზე მდიდარ და მსოფლიოს მე-4 ეკონომიკა გერმანიაში - 1961 წელს (12675 $), ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყნა, ბულგარეთში - 2006 წელს (12706 $).  საქართველოს ეკონომიკური განვითარების ამჟამინდელი დონე საშუალოდ მსოფლიოში 12 წლის წინ - 2008 წელს იქნა მიღწეული.

მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მომავალ წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზად საუკეთესო შემთხვევაში  5%-ს ასახელებენ. თუ საქართველოს ეკონომიკის ზრდაში რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა არ მოხდა, საქართველოს ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყნის, ბულგარეთის (რომლის მშპ მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით დაახლოებით მსოფლიო საშუალო დონის ტოლია) დღევანდელ დონესთან მისაახლოვებლად დაახლოებით 10 წელი დასჭირდება.

ჩვენი აზრით, სიღარიბის დაძლევისათვის ორი მთავარი ფაქტორია ყურადსაღები: საზოგადოებრივი დოვლათის მზარდი ნაწილის ინვესტირება თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნებს მორგებულ განათლებაში, და მეორე, აქცენტირება მაღალი დამატებული ღირებულების შემცველი პროდუქციის წარმოებაზე.

სახელმწიფო პოლიტიკურ წონას ეკონომიკასთან ერთად მოსახლეობის რიცხოვნებაც განაპირობებს, ვინაიდან ასეთ ქვეყანას ხელში უჭირავს მნიშვნელოვანი გასაღების ბაზრის ბერკეტი და ყავს სამუშაო ძალა, რითაც ინტერესდებიან ინვესტორები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად უნდა გაატაროს დემოგრაფიული ზრდის ხელშემწყობი პოლიტიკა, რაც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში შესაბამის შედეგს გამოიღებს და გაზრდის ქვეყნის საერთაშორისო წონას. დიდი ბაზარი - ნიშნავს მეტ მოხმარებას, მეტი დოვლათის შექმნას და მეტ პოტენციალს. მოსახლეობა, განათლება და ეკონომიკა არის ქვეყნის განვითარების ფუნდამეტური საყრდენები, რომელთა გარეშე არ არსებობს მდიდარი, განვითარებული სახელმწიფო. კარგად განვითარებული ეკონომიკის გარეშე არავის „სცალია“ განათლებისთვის, ადამიანები თვითგადარჩენის რეჟიმში არიან და გადარჩენისთვის მებრძოლი საზოგადოება ვერ ფიქრობს განვითარებაზე. კარგი განათლების გარეშე არ არსებობს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და სიმდიდრე. სახელმწიფომ მასობრივად უნდა გადაამზადოს IT და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და საერთაშორისო ბაზარს შესთავაზოს მაღალტექნოლოგიურ სიახლეებზე მომუშავე მცოდნე კადრები. მოსახლეობისთვის ხარისხიანი განათლების მიცემას  თან უნდა სდევდეს ეკონომიკის ზრდა-განვითარება, ვინაიდან დაბალგანვითარებულ ქვეყანაში მოქალაქისთვის მხოლოდ განათლების მიცემა ემიგრაციული ბიძგია. მსოფლიო ეკონომიკაში ადგილის დასამკვიდრებლად პირველ რიგში აქტიურად უნდა განხორციელდეს იმპორტჩანაცვლების პოლიტიკა.  საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვში შეღწევას დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება, ამიტომ დარგი თავდაპირველად ადგილობრივ ბაზარზე უნდა ცდილობდეს გაზრდას, უნდა გააჩნდეს ზრდის პოტენციალი და ჰქონდეს სტაბილური აღმასვლა.

ცხრილი 1[4]

საქართველოს 10-10 უმსხვილესი ექსპორტ-იმპორტის სასაქონლო ჯგუფი 2015-2020 წწ (ათასი აშშ დოლარი) (HS 4 ნიშნა)

 

ექსპორტი

იმპორტი

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

 $2 868 563,65

მსუბუქი ავტომობილები

 $4 316 655,01

ფეროშენადნობები

 $1 571 964,77

ნავთობი და ნავთობპროდუქტები

 $4 096 823,73

დანარჩენი საქონელი

 $1 016 349,37

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

 $2 378 060,44

ყურძნის ნატურალური ღვინოები

 $1 000 210,69

სამკურნალო საშუალებები დაფასოებული

 $1 995 711,37

თხილი და სხვა კაკალი

 $   646 456,89

ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა

 $1 971 543,30

მინერალური და მტკნარი წყლები

 $   626 063,15

სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით

 $1 105 185,89

სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი

 $   510 798,92

სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან

 $   689 239,86

ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით

 $   454 169,32

ხორბალი და მესლინი

 $   635 419,91

ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები

 $   379 130,75

გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები

 $   486 269,17

მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი

 $   241 000,58

მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები

 $   431 466,76

როგორც ცხრილიდან ჩანს, საქართველოს ძირითად საექსპორტო საქონელს ნედლეული, მცირე გადამუშავების შედეგად შექმნილი ნახევარფაბრიკატები და სოფლის მეურნეობის დაუმუშავებელი (გამონაკლისია ღვინო) პროდუქცია წარმოადგენს, საპირისპიროდ კი იმპორტზე ტექნოლოგიატევადი, ღირებულება დამატებული პროდუქცია შემოდის, რაც მკვეთრად ზრდის სავაჭრო სალდოს დისბალანსს. აღნიშნულის გამოა, რომ საქართველოს ექსპორტით იმპორტის გადაფარვის დონე მხოლოდ 45 პროცენტამდეა, ხოლო რეექსპორტის გარეშე - მხოლოდ 33 პროცენტი. აღნიშნული ცხრილის ანალიზი კარგად წარმოაჩენს ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის დაბალ დონეს, ფაქტობრივად დეინდუსტრიალიზაციის შედეგს, თუმცა საიმპორტო სიის ოცეულში არის ისეთი საქონელი, რომელთა წარმოების პოტენციალი ქვეყანას გააჩნია. სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი მიწოდების გლობალურ ჯაჭვში მოსახვედრად, მაღალი პოტენციალის მქონე საექსპორტო საქონლის წარმოებას საგადასახადო, სუბსიდიური თუ სხვა შესაძლო გზებით და მოსახლეობას შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს  მსოფლიო ბაზარის კონიუნქტურაზე.

ქვეყნის რეინდუსტრიალიზაცია, როგორც ეკონომიკური ზრდის ობიექტური აუცილებლობა, გულისხმობს ისეთი დარგებისადმი ყურადღებას, რაშიც საქართველოს გამოცდილება გააჩნდა და არის მაღალპოტენციური სექტორი. სახელმწიფომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგების განვითარებაზე პასუხისმგებლობა შესაზლოა თავადაც აიღოს თანდათანობით კლებადი სუბსიდიური დახმარების საფუძველზე. ქვეყანამ ეკონომიკის სწრაფად გასაზრდელად, გლობალური მიწოდების ჯაჭვში არა მხოლოდ მომხმარებლად, არამედ მიმწოდებლად უნდა შეაღწიოს. ტურიზმი განხილულ უნდა იქნას როგორც დამხმარე, დამატებითი და არა ძირითადი ფაქტორი ეკონომიკის განვითარებაში. ეს სფერო მეტად მგრძნობიარეა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისადმი. კოვიდპანდემიამ გლობალურ ეკონომიკაში დიდწილად ახალი სეგმენტები გააჩინა, რაც საქართველოს საშუალებას აძლევს დანერგოს ახალი ციფრული ბიზნეს-მოდელები, დაარღვიოს არსებული სტატუს-კვო და საერთაშორისო ბაზარზე მიმწოდებლად შეაღწიოს, ამისთვის კი საჭიროა ქვეყნის სწრაფი ინტერნეტიზაცია, თანამედროვე ციფრული ინოვაციების დანერგვა და რაღათქმაუნდა, ენერგო დამოუკიდებლობის მოპოვებისკენ ნაბიჯების გადადგმა. ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადასადგმელ ნაბიჯებში აღსანიშნავია ქვეყნისთვის სტრატეგიული ინტერესების სრული დაცვით ნამოხვან ჰესის, ჰუდონ ჰესისა და სხვა პოტენციური ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობის დაწყება, რაც მშენებლობის პროცესში უცხოურ ინვესტიციებსაც მოიზიდავს. საქართველომ 2015-2020 წლებში 351.0 მლნ. აშშ დოლარის ელექტროენერგის იმპორტი განახორციელა. გარდა იმისა, რომ ეს თანხა საქართველოს მსგავსი ღარიბი ქვეყნისთვის საკმაოდ მასშტაბურია, სხვა ქვეყანაზე ამ დოზით ენერგოდამოკიდებულება ეკონომიკის ზრდის სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით დიდი რისკის შემცველია.

მთავრობის ინვესტიცია, ისეთი დარგებში, რომლებსაც გლობალური მიწოდების ჯაჭვში მოხვედრის მაღალი პოტენციალი გააჩნია და მთავრობა შეეცდება ამ უპირატესობის ეფექტიანად გამოყენებას, შეიძლება განხორციელდეს როგორც კონკრეტული კომპანიის მისამართით, აგრეთვე ზოგადად დარგში. ასეთი დარგებია:

1. გემთმშენებლობისა და შემადგენელი კომპონენტების წარმოება - საქართველო უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად საზღვაო ქვეყანაა, თუმცა ზღვაოსნობის ისტორიული გამოცდილება და ტრადიციები, არც სავაჭრო და არც სამხედრო ფლოტის ყოლა-შექმნის კუთხით არ გააჩნია. სინგაპურის მაგალითის გათვალისწინებით, რომელიც მსოფლიო გემთმშენებლობის ბაზრის 20%-ს ფლობს, თუმცა არ აქვს რესურსები და ტერიტორია, საქართველოსაც შეუძლია განავითაროს გემთმშენებლობის დარგი და გლობალური ეკონომიკის მზარდ საზღვაო გადაზიდვებში საკუთარი ადგილი დაიკავოს.  

2. საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკა, რომელთა წარმოება ამ ეტაპზე ჩანასახის ეტაპზეა, თუმცა დიდი პოტენციალი გააჩნია და იმპორტში მაღალი ღირებულებითი წილი უჭირავს;

3. დამუშავებული საკვები და სასმელი პროდუქტები - ქართული ყველის, კუპატისა და ნაციონალური საკვები პროდუქტების თანამედროვე მარკეტინგული ღონისძიებების მეშვეობით წინწაწევა, მათი ცნობადობისა და ბრენდული დატვირთვის უზრუნველყოფა;

 4. ავეჯი და ტექსტილის წარმოება - ეს დარგი საქართველოში ხასიათდება ზრდით, თუმცა ტექსტილის წარმოება ძირითადად თურქული ნახევარფაბრიკატების შემოტანითა და მზა პროდუქციის ისევ თურქეთში გატანით შემოიფარგლება;

5. სამშენებლო მასალები - წარმოების ტექნოლოგიის შესყიდვით ან ერთობლივი საწარმოს დაფუძნებით, საქართველოში შესაძლებელია კერამიკული, ინერტული, მერქნული და სხვა ტიპის მასალებით მაღალი ხარისხის სამშენებლო პროდუქციის წარმოება; 

6. საერთაშორისო ბიზნეს-სერვისები - კოვიდ-19 პანდემიამ დააჩქარა მსოფლიოში დისტანციურად  მუშაობის ტენდენციის ზრდა. საქართველოში დაფუძნებული კომპანიები საზღვარგარეთ წევენ საინფორმაციო და IT მომსახურებებს.

7. სამედიცინო პროდუქტები - მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სიღარიბესთან ერთად მედიკამენტების გაზრდილი ფასები წარმოადგენს. საქართველოს აქვს მედიკამენტებისა და ფარმაცევტული პროდუქტების წარმოების გამოცდილება, ამიტომ იმპორტის შესამცირებლად მეტი ხელშეწყობაა საჭირო;

8. მარიხუანის კულტივირება - აღნიშნული პროცესები საქართველოში დაწყებული იყო, თუმცა არასწორი საინფორმაციო კამპანიის შედეგად საზოგადოებისა და ეკლესიის უარყოფითი დამოკიდებულების გამო პროცესი გაჩერდა. ეს მცენარე მედიცინაში, კონდიტერიაში, პარფიუმერიასა და ტექსტილის წარმოებაში ღირებულ პროდუქტს იძლევა. შესაბამისი კანონმდებლობით უნდა შევზღუდოთ ნარკოტიკული სახით გამოყენება და დავასწროთ სხვა ქვეყნებს ამ კულტურის ინდუსტრიალიზაცია.

სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს ეკონომიკის მაქსიმალური დივერსიფიცირებული დარგების განვითარებაზე და დამოკიდებულების მაღალი ხარისხი უნდა შემცირდეს ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაზე. წარმოების ამ დარგების ხელშეწყობა მოკლე დროში გაზრდის დასაქმებას და გაჩნდება „მომიჯნავე“ ეკონომიკური დარგები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ დარგებს მოემსახურებიან. ამასთან ერთად, საქართველომ უნდა დაასრულოს სუბსიდიები ტურიზმზე, სამშენებლო სექტორზე, სოფლის მეურნეობაზე (სუბსიდირდება ხვნა-თესვა, საწვავი და სასუქი მასალები, როდესაც მექანიზაციის დრამატულად დაბალი დონეა და ადამიანები ისევ პრიმიტიული იარაღებით შრომობენ), რთველზე და ა.შ. მართალია, მიზნობრივი, კონკრეტულ ვადიანი შემცირებადი სუბსიდიები დარგს ზრდაში ეხმარება, მაგრამ უვადო სუბსიდია შესაძლოა დარგის განუვითარებლობის მიზეზი გახდეს.

ქვეყნის ინდუსტრიალიზაციაზე ორიენტირების აღებასთან ერთად, მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. საქართველომ უცხოური ინვესტორების მოსაზიდად უნდა გამოიყენოს ის ფაქტი, რომ ქვეყანას აქვს ლიბერალური საგადასახადო სისტემა და მზარდი ჰარმონიზაცია ევროკავშირისა და სხვა გლობალურ სტანდარტებთან. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ ფაქტზე, რომ ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზრის (ევროკავშირი) სიახლოვეს მდებარეობს, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მსოფლიოში მოწინავეა, ახასიათებს ნაკლები ბიუროკრატია, ყავს იაფი მუშახელი და ქვეყანაში წარმოებული საქონელი და მომსახურება ევროკავშირთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წყალობით შეუფერხებლად ხვდება ევროკავშირის ბაზარზე.

კოვიდ 19-ის პანდემიამ  მსოფლიოს ჩინეთზე გლობალური დამოკიდებულების საფრთხე დაანახა და ინვესტიციების სხვა გეოგრაფიულ არეალებში გადატანის იმპულსი გააჩინა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტი ბიზნესის გადატანასთან დაკავშირებულ ხარჯებს ზრდის და შემოსავლებს ამცირებს, წარმოების უსაფრთხოება და გეოგრაფიული დივერსიფიკაცია ხარჯებზე მაღლა დადგა, რაც საქართველომ შესაძლებლობად უნდა გამოიყენოს. მსხვილ, გლობალურ ბაზრებთან სიახლოვის უპირატესობასთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მდგრადი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოწყობა და საქართველოს გეოპოლიტიკური სატრანსპორტო დერეფნის სტატუსის გამყარება. ქვეყანაში არსებული ფოთისა და ბათუმის პორტების გამტარუნარიანობა შეზღუდულია, ამიტომ უნდა განახლდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა რაც პოლიტიკურთან ერთად მსხვილ ეკონომიკურ და საინვესტიციო მნიშვნელობას ატარებს. საბოლოო ჯამში, ამ კომპლექსურად გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა და ადგილობრივ მეწარმეთა სწორი საინფორმაციო კამპანიით დარწმუნება, რომ საერთაშორისო ბაზარზე მოხვედრა მნიშვნელოვანია, ქვეყანას კრიზისიდან მყარი ნაბიჯებით გამოიყვანს.

დასკვნა

საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, ექსპორტირებადი და იმპორტირებადი საქონლის შემადგენლობა, ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების ხარისხი ზედმიწევნით აღწერს საქართველოს ეკონომიკის სუსტ პოზიციებს მსოფლიო ეკონომიკაში. ეკონომიკური სიდუხჭირის მოჯადოვებული წრიდან გასასვლელად საქართველოს გარღვევა სჭირდება და ეს უნდა იყოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რომელიც განპირობებული უნდა იყოს ინტენსიური რეფორმებითა და მოდერნიზაციით მენტალური, დემოგრაფიული, განათლების, კარგი მმართველობის, ინოვაციების დანერგვის, გაციფრულებისა და ინვესტიციის მოზიდვის მიმართულებებით.

საქართველოს ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკა გვეუბნება, რომ ამ ტენდენციით ჩვენ დანარჩენი მსოფლიოს სანედლეულო და გასაღების ბაზად ქცევისკენ მივდივართ, ამიტომ სწრაფად უნდა დავიწყოთ ფიქრი საკუთარი წარმოების განვითარების საფუძველზე იმპორტის წილის შემცირებაზე, ხოლო ექსპორტზე, ნედლეულის და მასალების ნაცვლად, მაქსიმალურად მაღალტექნოლოგიური, მრავალ საწარმოო ციკლგავლილი პროდუქცია გავიტანოთ.

ტურიზმის ნაცვლად, რომელიც არასტაბილურობით გამოირჩევა და ჩვენი ეკონომიკის დამატებითი შემოსავლის წყაროდ უნდა განიხილებოდეს, სახელმწიფომ ორიენტირება ინდუსტრიალიზაციაზე უნდა აიღოს და მხარი დაუჭიროს ისეთი დარგების განვითარებას, რომელიც რეალურ ეკონომიკას განეკუთვნებიან და საქართველოს მათი წარმოების პოტენციალი გააჩნია. მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს ენერგოდამოუკიდებლობას, ვინაიდან XXI საუკუნის ეკონომიკა არ არსებობს ენერგო უსაფრთხოების გარეშე. საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, თუმცა სტრატეგიული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს საკუთარი წარმოების დასაცავად. სწრაფი ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელია ქვეყნის ინტერნეტიზაცია-გაციფრულებისკენ ნაბიჯების გადადგმა, საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის IT ტექნოლოგიებში გადამზადებული, ხარისხიანი განათლება მიცემული მოსახლეობის შეთავაზება და რეალური ინვესტიციების მოსაზიდად ეფექტური კამპანიის წარმოება.

COVID 19 პანდემიამ, წარმოების საშუალებებისა და მუშახელის სიიაფესთან ერთად, მნიშვნელოვანი ყურადღების ცენტრში მოაქცია მიწოდების უსაფრთხოება და წარმოების დივერსიფიკაცია. ჩინეთსა და აზიაში კონცენტრირებულმა წარმოებებმა მწარმოებლებს დაანახათ, რომ მიწოდების უსაფრთხოებისთვის წარმოების ადგილების სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებში განთავსება მნიშვნელოვანია, შესაბამისად ინვესტორებისთვის, რომლებიც დღეს ახალი წარმოების ადგილებს ეძებენ, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის, ბიზნეს საქმიანობის მარტივად დაწყებისა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან მზარდი ჰარმონიზაციის გამო, საქართველო მიმზიდველ ადგილად უნდა წარმოვაჩინოთ.

სწორი რეფორმების გატარების შემთხვევაში, თუ ჩვენ აგრეთვე ხარისხიანი განათლების დანერგვას დავიწყებთ, მსოფლიოში სადაც ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება მიმდინარეობს, ყოველდღიურად ახალი ციფრული ინოვაციები იქმნება და ეკონომიკის ახალი დარგები იბადება, საქართველოს ეხსნება შესაძლებლობების კარგი ფანჯარა, რომ მიწოდების გლობალურ ჯაჭვში ადგილი დაიკავოს და სწრაფი ეკონომიკური ზრდით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობას მიაღწიოს. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ასათიანი რ. საით მიდის საქართველო? სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური ანალიზი. თბ., 2014
  2. არჩვაძე ი. პოსტსაბჭოთა ქვეყნები დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგდროინდელ პერიოდში (2012 წლის შედარება 1990 წელთან) „სოციალური ეკონომიკა“, N6, 2013 https://drive.google.com/ file/d/0B3PZSQN PT43SV U02ZWx0TW9rTFk/edit (გადამოწმებულია 26.01.2022)
  3. არჩვაძე ი. საქართველოს ეკონომიკა სსრკ-ის დაშლის წინა პერიოდში. - https://www.gfsis.org/files/library/ opinion-papers/133-expert-opinion-geo.pdf (გადამოწმებულია 26.01.2022)
  4. პაპავა ვ. საქართველოს ეკონომიკა: რეფორმები და ფსევდორეფორმები. თბ., 2015
  5. Douglas J. M. CIA Assessments of the Soviet Union: The Record Versus the Charges — Central Intelligence Agency An Intelligence Monograph https://www.cia.gov/static/462ef87088e61 78e83e074e7f404914a/CIA- Assessments-Soviet-Union.pdf (გადამოწმებულია: 29.12.2021)
  6. James w. G. with the assistance of Dunn P. (October 1, 1984) Major economic indicators for soviet republics: A survey with selected Estimates - https://www.ucis.pitt.edu/nceeer/1984-625-6-Gillula.pdf (გადამოწმებულია 29.12.2021)
  7. Harrison M. (November 7, 2017) The Soviet economy, 1917-1991: Its life and afterlife - https://voxeu.org/article/soviet- economy-1917-1991-its-life-and-afterlife (გადამოწმებულია 29.12.2021)
  8. კოუტსი უ. სიმანსკი ს. მაინო ჯ. მაკმორანი რ. პანიაგა ლ. პოსტ-COVID ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკის აღდგენის და მდგრადი განვითარების გზები. 2020 წ. https://pdf.usaid.gov/pdf_docs/PA00Z2S4.pdf (გადამოწმებულია 09.01.2022)


[1] წყარო: მსოფლიო ბანკი: https://data.worldbank.org/indicator/ NY.GDP.PCAP.KD.ZG?end=2020&l ocations=GE&start=1987 (ნანახია: 04.01.2022)

[2] წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი https://nbg.gov.ge/statistics/statistics-data (გადამოწმებულია 05.01.2022)

[3] სურმანიძე ნ. 2020 ინსტიტუციური რეფორმები საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში https://www.tsu.ge/ assets/media/files/48/ disertaciebi4/Natia_Surmanidze.pdf (ნანახია: 05.10.2022)

[4] წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ადგილობრივი ექსპორტი, იმპორტი HS 4 ნიშნა) https://www.geostat.ge/ka/modules/categories/ 35/sagareo-vachroba (გადამოწმებულია 09.01.2022)