ჟურნალი ნომერი 1 ∘
მალხაზ ჩიქობავა ∘
ნაზირა კაკულია ∘
მანანა ლონჟანიძე ∘
თეა ლაზარაშვილი ∘
ირმა ტყემალაძე ∘
ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობები თანამედროვე მონეტარული თეორიის გარანტირებული დასაქმების (JG) კონცეფციის მიხედვით DOI: 10.52340/ekonomisti.2026.01.01
რეზიუმე
სამეცნიერო პუბლიკაციებში „თანამედროვე მონეტარული თეორია“ (Modern Monetary Theory – MMT) გაგებულია, როგორც შეხედულებათა სისტემა, რომლებიც ჩამოყალიბდა ბოლო 25 წლის განმავლობაში ამერიკელი და ავსტრალიელი ეკონომისტების ჯგუფის, ძირითადად, უნივერსიტეტის პროფესორების მიერ. MMT-ის განვითარებისა და პოპულარიზაციის მთავარი სტიმული იყო ამერიკული ეკონომიკის ისეთი პრობლემების დაძლევის მეცნიერული კონცეფციის შექმნის აუცილებლობა, როგორიცაა უზარმაზარი სახელმწიფო ვალის დაგროვება, ქრონიკული ბიუჯეტის დეფიციტი და უმუშევრობის მაღალი დონე. აღნიშნული თეორია გვთავაზობს ამ პრობლემების უნივერსალურ გადაწყვეტას.
MMT-ს საფუძველი ჩაეყარა უორენ მოსლერისა და სტეფანია კელტონის კვლევებში და შემდგომ განვითარდა მკვლევართა დიდი ჯგუფის მიერ. MMT-ი უარყოფს თანამედროვე ფულად-საკრედიტო სისტემის ფუნდამენტურ საფუძვლებს. მისი პოპულარობა სწრაფად იზრდება პოლიტიკურ წრეებში, უნივერსიტეტებში, ფინანსურ ანალიტიკოსებს შორის. ამ თეორიის აქტიურ პროპაგანდას ეწევიან ეკონომისტები - აშშ-ის კონგრესის მრჩეველები. MMT-ის პოპულარიზაციაში თავისი წვლილი შეიტანა მისი აქტიური მხარდამჭერების - უილიამ მიტჩელის, რენდელ რეისა და მარტინ უოთსის სახელმძღვანელოს „მაკროეკონომიკა“ გამოცემამ.
ორი ძირითადი თეზისი, რომლითაც MMT-ი განსხვავდება ტრადიციული თეორიული წარმოდგენებისგან:
თანამედროვე ეკონომიკაში ფულს ქმნის არა მხოლოდ ცენტრალური ბანკი, არამედ სახელმწიფო ხაზინაც, ანუ სტრუქტურა, რომელიც თავის ანგარიშზე ახდენს საბიუჯეტო შემოსავლების აკუმულაციას და ახორციელებს საშუალებების ხარჯვას;
ბიუჯეტის დეფიციტი უნდა იყოს ეკონომიკაზე მთავრობის ზემოქმედების მთავარი ინსტრუმენტი, რადგანაც მისი შემცირება იწვევს დანაზოგების შემცირებას კერძო სექტორში, ხოლო მისი ზრდა იწვევს დანაზოგების ზრდას.
MMT-ის შემქმნელების აზრით, პირველი თეზისიდან გამომდინარე, თანამედროვე ეკონომიკაში მიზანშეწონილია ცენტრალური ბანკისა და სახელმწიფო ხაზინის გაერთიანება ერთიან სტრუქტურაში. შესაბამისად, საუბარია მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის „გაერთიანებაზე“ და ერთიანი ფინანსური პოლიტიკის განხორციელებაზე. მის ფარგლებში უნდა იყოს გამოყენებული ერთიანი მარეგულირებელი ინსტრუმენტები.
თანამედროვე ეკონომიკაში, მისი თავისებურებებიდან გამომდინარე, ე. წ. ფულადი მულტიპლიკატორი არ მოქმედებს. ამჟამად, ამ თემაზე წამყვანი ცენტრალური ბანკების ეკონომისტების კვლევების გამოქვეყნების შემდეგ, ეს განცხადება საყოველთაოდ აღიარებული გახდა.
MMT-ის მიხედვით, თანამედროვე ეკონომიკაში ახალი ფული იქმნება საკრედიტო ოპერაციების დროს არა მხოლოდ ცენტრალური ბანკისა და კომერციული ბანკების, არამედ სახელმწიფო ხაზინის მიერაც, კერძოდ, ახალი უნაღდო ფული (რეზერვები) წარმოიქმნება:
როდესაც ცენტრალური ბანკი აკრედიტებს ხაზინის ანგარიშს მისივე მომართვით;
ხაზინის ანგარიშის დაკრედიტების დროს აუქციონზე მისი ობლიგაციების ყიდვის შემთხვევაში;
ხაზინისათვის ოვერდრაფტის შეთავაზების შემთხვევაში.
სახელმწიფო ხაზინის მიერ ფულის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ ცენტრალური ბანკის თანხმობით და მხოლოდ საგანგებო სიტუაციებში, როცა აუცილებელია საბიუჯეტო ხარჯების განხორციელება საგადასახადო შემოსავლებით ფორმირებული ფინანსური რესურსების არარსებობის პირობებში. ამასთან, ასეთი შესაძლებლობა აფართოებს თანამედროვე ფულადი მექანიზმის მახასიათებლების გაგებას. MMT-ის თეორეტიკოსები თვლიან, რომ აუცილებელია ამ ფენომენის გამოყენება მონეტარული და საბიუჯეტო პოლიტიკის ერთიან მთლიანობაში ინტეგრირების აუცილებლობის დასასაბუთებლად.
MMT-ის მიხედვით:
ფულის მიწოდების საკმარისობის კრიტერიუმად გვევლინება წარმოების ყველა ფაქტორის სრულად გამოყენება და იძულებითი უმუშევრობის არარსებობა;
მთავრობის მიერ გამოშვებული ობლიგაციების შესყიდვას ახორციელებს ცენტრალური ბანკი ფულის ემისიის ხარჯზე, ანუ, ის გვევლინება სახელმწიფო ვალის ძირითად მფლობელად.
დასაქმების ბუფერული მარაგის მიდგომა, რომელსაც ლიტერატურაში უფრო ხშირად დასაქმების გარანტიას (JG) უწოდებენ, განსაზღვრავს პოლიტიკის ჩარჩოს, სადაც მთავრობა მართავს სამუშაო ადგილების ბუფერულ მარაგებს იმ მუშაკების აბსორბციის მიზნით, რომლებსაც არ შეუძლიათ სამუშაოს პოვნა კერძო სექტორში.
ცენტრალური ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორის ფუნქციის ანალოგიურად, JG ფუნქციონირებს, როგორც ბუფერი, რომელიც ასაქმებს სამუშაოს მაძიებლებს, რომლებსაც არ მიუღიათ რეგულარული სამუშაო საჯარო ან კერძო სექტორში სოციალურად მისაღები მინიმალური ხელფასით. ამ თვალსაზრისით, მთავრობა მოქმედებს, როგორც ბოლო ინსტანციის დამსაქმებელი. სამუშაო ადგილები ხელმისაწვდომია მოთხოვნის შესაბამისად.
მიუხედავად იმისა, რომ JG-ის დახასიათება ადვილია, როგორც საზოგადოებრივ სექტორში სამუშაო ადგილების შექმნის წმინდა სტრატეგია, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ეს რეალურად მაკროეკონომიკური პოლიტიკის სტრუქტურაა, რომელიც, ბუფერული მარაგების პრინციპის საფუძველზე, სრული დასაქმებისა და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფადაა შექმნილი.
JG-ის მიხედვით, მთავრობა უზრუნველყოფს უპირობო, წინასწარ განსაზღვრული შეზღუდვების გარეშე სამუშაოს შეთავაზებას მოცემულ ხელფასზე ყველასთვის, ვისაც სურს მუშაობა. ნაცვლად იმისა, რომ ადამიანი დარჩეს უმუშევარი, როცა ერთობლივი მოთხოვნა ეცემა იმ დონეზე დაბლა, რომელიც აუცილებელია სრული დასაქმების მხარდასაჭერად, ეს ადამიანი შევა JG სამუშაო ძალაში.
ეს წესი წარმოადგენს გადასვლას დანახარჯებიდან, რომელიც ემყარება რაოდენობრივ წესს NAIRU-ს მიდგომის შესაბამისად, დანახარჯებზე, რომელიც გამყარებულია ფასების წესით. საბაზრო ძალები განსაზღვრავს სახელმწიფო დანახარჯების მთლიან რაოდენობას, რომელიც საჭირო იქნება საჯარო სექტორის სამუშაო ადგილებზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ფიქსირებული ხელფასით JG-ის ფარგლებში.
ამგვარად, JG ფონდი ფართოვდება (მცირდება), როდესაც კერძო სექტორის აქტივობა მცირდება (ფართოდება). აქედან გამომდინარე, JG ასრულებს აბსორბციის ფუნქციას, რომელიც ახდენს ეკონომიკური აქტივობების ნაკადთან დაკავშირებული დანახარჯების მინიმიზაციას, როცა ერთობლივი მოთხოვნა განიცდის რყევებს. თუ ერთობლივი მოთხოვნა მცირდება, მუშაკებზე საერთო მოთხოვნა, რომლებიც არ შედიან JG ჯგუფში, მცირდება დასაქმებისადმი მოთხოვნების ფუნქციის შესაბამისად. თავიანთი სამუშაო ადგილებიდან განთავისუფლებულ მუშაკებს ექნებათ არჩევანი: დათანხმდნენ JG ადგილებს ან დაელოდონ პირობების გაუმჯობესებას ეკონომიკაში, რომელიც არ შედის JG-ში.
ამ მუშაკების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება რამდენიმე ფაქტორზე. პირველი, მთავრობას შეუძლია შესთავაზოს მუშაკებს არჩევანი JG ხელფასსა და უმუშევრობაზე შემწეობას შორის, თანაც, ეს უკანასკნელი იქნება უფრო დაბალი. მეორე, ზოგიერთი მუშაკი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც იკავებენ მაღალი კვალიფიკაციის თანამდებობებს, შეძლებენ შტატების შემცირებაზე ანაზღაურებების (უმუშევრობაზე შემწეობების) მიღებას და მათ გამოყენებას საკუთარი თავის სარჩენად უმუშევრობის პერიოდში. ეკონომისტები ამ რეაქციას „ლოდინის უმუშევრობას“ უწოდებენ. ამ მუშაკებმა შეიძლება იგრძნონ, რომ დაბალკვალიფიციური JG სამუშაოების მიღება მათ წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენებს პროფესიული თვალსაზრისით და ამიტომ, დაელოდებიან გარემოებების გაუმჯობესებას (აქ ვგულისხმობთ, რომ JG პოლიტიკა არ გვთავაზობს უმუშევრობაზე შეღავათებს და რომ განთავისუფლებულ მუშაკთა უმეტესობა უპირატესობას მიანიჭებს JG პოზიციას, ვიდრე ლოდინის უმუშევრობას. ეს დაშვებები ემსახურება ანალიზის გამარტივებას; მათი შერბილება არ ცვლის სისტემის ძირითად დინამიკას).
როდესაც კერძო ეკონომიკური აქტივობა აღმავლობას განიცდის, დამსაქმებლები მოითხოვენ მუშაკებს JG ფონდიდან და სამუშაო ადგილების ბუფერული მარაგი შემცირდება. პროგრამაზე მთავრობის ხარჯები კონტრციკლურად წარიმართება, რაც ხელს შეუწყობს მთლიანი დასაქმების, მოთხოვნის, შემოსავლისა და წარმოების სტაბილიზაციას.
JG პროგრამა, ასევე, დახმარებას გაუწევს ერთობლივი ხელფასის სტაბილიზაციას, რადგან არცერთი მუშაკის ხელფასი არ შეიძლება ნაკლები იყოს JG ხელფასზე. მშრომელი მოსახლეობის უმრავლესობისათვის ხელფასი, როგორც წესი, შემოსავლების ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. სტაბილური ერთობლივი ხელფასი, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოხმარების სტაბილიზაციას. ამ მიზეზით, სრული დასაქმების მხარდაჭერისადმი ასეთი მიზანმიმართული მიდგომა ერთობლივი მოთხოვნის, გამოშვებისა და ფასების ძლიერი მასტაბილიზებელი ძალაა. კერძოდ, დანახარჯების ვარიაცია, რომლებიც არ უკავშირდება JG-ის, უფრო ნაკლები იქნება დასაქმების ბუფერული მარაგის მოდელის შემთხვევაში, რაც იმას ნიშნავს, რომ JG დასაქმების მარაგი შეიძლება შენარჩუნდეს შედარებით დაბალ დონეზე, თუმცა ექვემდებარება საქმიანი ციკლის გავლენას.