English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ზურაბ გარაყანიძე
„სურსათის ხელმისაწვდომობის (აგფლაციის) მაჩვენებლის გაანგარიშების შესახებ“

DOI: 10.52340/ekonomisti.2026.01.03

ანოტაცია. საკვების კრიზისები ბუნებრივი პროცესია მთელი ბიოსფეროსთვის, ასევე მასში მცხოვრები ადამიანებისთვის. კაცობრიობის შიმშილობის პერიოდები და შემდგომი კრიზისები (პოლიტიკური და სოციალური) ისტორიის განმავლობაში საკმაოდ ხშირია. გლობალური მარეგულირებელი ინსტიტუტების განვითარებამ და სურსათის უვნებლობის პრობლემების სირთულისა და მნიშვნელობის გააზრებამ მსოფლიო მოსახლეობისთვის ხელი შეუწყო გაეროს  სურსათისა და სოფლის მეურ­ნეობის ორგანიზაციის (FAO) „სურსათის უვნებლობის“ კონცეფციის გან­ვითარებამ და ფართოდ გამოყენებამ. ამ პროცესების დაწყებას, თავის მხრივ, 1970-იან წლებში მომხდარი მარცვლეულის კრიზისების სერიამ დაუდო სათავე. ამავე პროცესებმა გამოავლინა განვითარებულ ქვეყნებში სურსათის მიწოდების დონესა და ე.წ. „მე­სა­მე სამყაროს“ ქვეყნებს შორის არსებული უფსკრული.

აღნიშნული სირთულეების დასაძლევად, გაეროს FAO-მ 1974 წლიდან შეიმუშავა რამდენიმე დოკუმენტი. ისინი რომში FAO-ს სურსათის კონფერენციებზე იყვნენ წარმოდგენილი. ამ დოკუმენტების, ანუ FAO-ს თანახმად, სასურსათო უვ­ნებლობა არის ადამიანის უნარი, ჰქონდეს საკმარისი უსაფრთხო და ხარისხიანი საკ­ვები ჯანსაღი ცხოვრებისთვის. ამავე დროს, უკვე ამ საუკუნის დასაწყისიდან შეინიშნება შემდეგი პარადოქსი: მოწინავე ტექნოლოგიების წყალობით, ძირითადი საკვები კულტურების მოსავლიანობა გაიზარდა, ხოლო კლიმატურ რყევებზე და­მო­კიდებულება შემცირდა. კერძოდ, ამ საუკუნის 10-იან წლებში კრიზისის წლებში მსოფლიო სასურსათო ბაზრებზე ფასების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. ამ პრობ­ლემისადმი ინფორმაციული ინტერესი, როგორც წესი, იზრდება ყოველი მომდევნო სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დროს - სპეციალისტების ზრით ეს არის ჯერ ერთი, პროდუქტებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდის შედეგი, და მეორეც, მიწოდების შემცირების, და შედეგად, ფასების ზრდის შედეგი.

ასეთი მოვლენა იყო „კოვიდ 19“-ის პანდემია, რომელმაც გამოიწვია საზღ­ვ­რების დახურვა, აგრობიზნესის შეჩერება, უმუშევრობა და ა.შ. ამას შედეგად მოჰყვა მიწოდების შემცირება და შესაბამისად ფასების ზრდა. ეკონომიკური უსაფრთ­ხოების მკვლევარები სასურსათო კრიზისის დროს სურსათის ფასების ზრდით გა­მოწ­ვეულ „შიმშილის ბუნტს“ პროტესტის ყველაზე საშიშ ფორმად მიიჩნევენ. ასეთ პროტესტებს, როგორც წესი, ანტისამთავრობო ხასიათი აქვს და მოსახლეობის ნაწი­ლი შეიძლება იმედგაცრუებული იყოს მთავრობის მიერ კრიზისის დასაძ­ლე­ვად გადადგმული ნაბიჯებით. გარდა ამისა, მომავალ სასურსათო კრიზისებზე საუბ­რი­სას უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ დაძაბულობის მიზეზი არა მხოლოდ ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებული საკვების რაოდენობა, არამედ დედამიწის საშუალო მაცხოვრებლისთვის ხელმისაწვდომი საკვების ხარისხიცაა.

მსოფლიო ბანკმა შექმნა სპეციალური დანაყოფი, „საკვების ბუნტის რადარი“, მსოფლიო მასშტაბით „მშიერი“ აჯანყებების მონიტორინგისთვის. ორგანიზაციის მონაცემებით, 2007 წლიდან ბოლო წლებამდე მსოფლიოში უამრავი „მშიერი“ ბუნტი მოხდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია საკვების ფასების მუდმივი მონიტორინგი, რაც არა ზოგადად მთავრობის ეკონომიკური გუნდის, არამედ „საქსტატის“ - ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკის სააგენტოს - უმთავრესი ამოცანაც უნდა იყოს. სი­ღარიბეში მცხოვრებ ადამიანებს არაფერი აქვთ საერთო ინფლაციის სტატისტიკის ტრადიციულ მაჩვენებელთან - სამომხმარებლო ფასების ინდექსით (CPI) განსაზღ­ვრულ საშუალო ფასების დონესთან. მოსახლეობისთვის უფრო მნიშვნელოვანია კონკრეტულად საკვების ფასების დინამიკა, ანუ საკვების აგფლაციის დონე. ამ ინდიკატორის სამომხმარებლო ფასების ინდექსისგან გამოყოფას უდიდესი მნიშ­ვნელობა ექნება საქართველოსთვის გლობალური პანდემიისა და მისი შემდგომი პე­რიოდის სტატისტიკისთვის, როდესაც სურსათის ხელმისწვდომობის და უვნებ­ლობის პრობლემები კიდევ უფრო მწვავე გახდება.

აღნიშნული თვალსაჩინოდ გამოვლინდა პანდემიის დროს. კერძოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიზის დე­პარტამენტი ყოველდღიურად ითხოვდა სურსათის ფასების ცხრილებს ეროვნული სურსათის სააგენტოს რეგიონული ოფისებიდან. ამ სააგენტოს რეგიონული ოფი­სების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ყველაზე ოპერატიულად - პრაქტიკულად ყოველდღიურად, იძლეოდა სრულ სურათს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში არსე­ბული მდგომარეობის შესახებ, რაც საშუალებას აძლევდა მთავრობას გამოევლინა სოციალურად ყველაზე დაუცველი რეგიონები და დაეგეგმა ბიუჯეტის სუბსი­დიები, რათა ჩაერთო მეტი ადგილობრივი ფერმერი სახელმწიფო აგრარულ-სა­სურსათო პროგრამებში. რეგიონებიდან ფასებისა და მოხმარების მოცულობის შესა­ხებ ინფორმაციის გაერთიანების მიზნით, სამინისტროს IT სამსახურმა შეი­მუშავა ერთიანი მონაცემთა „ბანკი“, რომელშიც პანდემიის დასაწყისიდან 1,8 წლის განმავ­ლობაში, ყოველდღიურად ძირითადი საკვები პროდუქტების ფასების ცვლილებები აისახებოდა. ეს სურსათის ინ­-ფლაციის შესახებ ყველა რეგიონის მონაცემების ანალიზის საშუალებას იძლეოდა. ამჟამად „საქსტატი“ ასეთ კვლევას მხოლოდ   ექვს   ქალაქში   (თბილისი,  ქუთაისი,   ბათუმი, გორი, თელავი, ზუ­გ­დი­დი) ვაჭრობის და მომსახურების დაახლოებით 1700 ობიექტზე ყოველი თვის შუა დეკადაში სამომხ­მარებლო კალათაზე სტატისტიკური დაკვირებებით ახდენს. ამ მონაცემების თა­ნახ­მად, „საქსტატის“ მონიტორინგის შედეგია “სამომხმარებლო კალათა”, საი­დანაც ინ­ფ­ლაციის მთავარი მაჩვენებელი - სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) იანგა­რი­შება. „კალათა“ შესაბამისი ხვედრითი წონების მიხედვით აერთიანებს 305 დასა­ხე­ლების სხვადასხვა  საქონელსა და მომსახურებას. მათგან მხოლოდ 92 დასახე­ლე­ბა, ანუ მესამედზე ნაკლებია სურსათი. ამ სასაქონლო ჯგუფის ფასების ინდექსის, ანუ   აგფლაციის (აგრარული ინფლაციის) მაჩვე­ნებ­­ლის ცალკე გაანგარიშება საქართვე­ლო­ში არ ხდება. თუმცა, ფასების სტატისტიკა „საქსტატის“ „პროგრამაში“ მე-7-დან მე-11 გვერდამდეა გამოყოფილი, სადაც ფასები „გაიანგარიშება ადგილობრივი ბაზ­­რისთვის   წარმოებული   სამრეწველო პრო­დუქ­ციის მწარმოებელთა და იმპორ­ტის ფასების ინდექსების გაერთიანებით“ („პრო­გრამა“, 5 გვ. 9). აღნიშნულ პრობ­ლემას არაერთი კვლევა მიუძღვნეს ქართველმა ეკონომისტებმა აკადემიკოსმა ვლ. პა­პავამ და პროფესორმა ვ. ჭარაიამ.  

მათი დასკვნების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ყოველკვარტალური მო­ნიტორინგის ფორმატში სურსათის ფასების მონიტორინგი კვლავაც უნდა გაგრ­ძელდეს. კერძოდ, რეგიონებში თვის განმავლობაში ცალკე უნდა დაფიქსირდეს ძი­რი­თადი პროდუქტების ფასები. Excel მყისიერად გამოთვლის და აჩვენებს სურ­სათის ინფლაციის მაჩვენებელს და მის დინამიკას მოცემულ მუნიცი­პალი­ტეტში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე. ჩვენი რჩევაა:

- საქართველოს რეგიონებიდან სურსათის ფასებისა და მოხმარების მოცუ­ლობის შესახებ ინფორმაციის მონიტორინგის მიზნით მთავრობამ რაც შეიძლება მალე შეიმუშაოს ერთიანი კომპიუტერული პროგრამა Excel ფორმატში, რომელშიც ჩვენს სტატიაში მითითებული ლასპეირასის ფორმულა იქნება „ჩაშენებული“;

- „საქსტატმა“ მომხმარებელთა ფასების ინდექსის (CPI) გაანგარიშებისას ცალკე გამოიყოს სურსათის ხელმისაწვდომობის, სარგებლიანობის, იმპორტზე და­მო­კიდებულების, ინდიკატორები;

- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმოადგინოს წინადადებები სურსათის იმპორტის დივერსიფიკაციის ხელშეწყობის შესახებ;

- ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშაოს სურსათზე და სხვა დანარჩენ საქონელ­ზე დღგ-ს დიფერენციაციის წინადადებები.

საკვანძო სიტყვები.  სურსათის ხელმისაწვდომობა, აგფლაცია, პანდემია.

 

****

2025 წლის წლიური ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი „საქსტატის“ 3 დეკემბრის მონაცემებით 4.8% იყო. ეს მაშინ როცა თვით „საქსტატის“ 2025 წლის ინფორმაციით ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 10.3%-იანი, ჯანმრთელობის დაცვა - 8.0%-იანი ზრდა აჩვენა [2025 წლის ნოემბერში წლიური ინფლაცია 4,8% იყო. გვ. 4]. თუმცა, სამომხმარებლო ფასების საერთო ინდექსის დათვლის არსებულმა პრაქტიკამ ისინი სხვა ჯგუფებთან ერთად ინფლაციის (სამომხმარებლო ფასების ინდექსის) 4.8%-ში „ჩაატია“, რითაც იხელმძღვანელეს იმ სახელმწიფო უწყებებმა, რომლებიც მაკრო­ეკონომიკური არა­სტაბილურობის პრობლემებზე მუშაობენ და სურსათის ხელ­მისაწვდომობის, საკმა­რი­სობისობის, უვნებლობის გაუმჯობესებისთვის და იმ­პორტ­დამოკიდებულების შემცირებისთვის რადიკალური ზომები არ გაუტარებიათ.

აგფლაციის მაჩვენებელი სამომხმარებლო ფასების ინდექსისგან ცალკე რომ დათვლილიყო, მაშინ საკითხავია: დატოვებდა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას, ანუ სურსათის ხელმისაწვდომობას საქართველოს ეროვნული ბანკი სურსათის ინფლაციის (აგფლაციის - აგრარული ინფლაციის) სულ ცოტა 10%-ის პირობებში, ისეთი სახელმწიფო რეგულირების ბერკეტების გარეშე როგორიცაა რეფი­ნანსი­რე­ბის (დისკონტის) განაკვეთის გაზრდა 2024 წლის მაისის მერე? ხომ ფაქტია, რომ 2024 წლის მაისიდან 18 თვეა (!) რეფინანსირების განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა უცვლელად, 8%-ზე დატოვა იმ მოტივით, რომ „...საქართველოში ინფლაცია მიზ­ნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდებოდა“? [ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3% პროცენტს შეადგენს.] რა თქმა უნდა არა; ან გაზრდიდა თუ არა ბანკების მინიმალურ სარე­ზერვო ნორმას და ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატებით და სახაზინო ვალდებულებებით ღია ბაზრის ოპერაციებს ეროვნული ბანკი? რა თქმა უნდა გაზრდიდა და ამით სამომხმარებლო ფასებს, მათ შორის სურსათზე დასწევდა... ამ ღონისძიებების განხორციელება მას პირდაპირ ევალება ორგანული კანონით „ეროვ­ნული ბანკის შესახებ“.

ამდენად, აგფლაციის (სასურსათო ინფლაციის) ერთ-ერთი მიზეზი ქვეყანაში „საქსტატის“ მიერ სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) გაანგარიშებისას სურ­სა­თის ხელმისაწვდომობის ანუ აგფლაციის მაჩვენებლის ცალკე გამოყოფის უგუ­ლებელყოფაა; ასეთი გამოყოფის მიზნით FAO-ს „სასურსათო უსაფრთხოების და კვების მოკლე მიმოხილვა 2025-ში“ ხაზგასმულია, რომ გაეროს 2015-2030 წწ. „მდგ­რადი განვითარების მიზნების“ (SDG) პირველი და მეორე ამოცანის - „სი­ღა­რიბე“ და „შიმშილი“ შესრულებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკო­ნო­მიკური ხელმისაწვდომობის მონიტორინგს. FAO აღნიშნავს, რომ „...ჯანსაღ სურსათის რაციონზე ხელმისაწვდომობა ფაქტიურად ქვეყანაში შემოსავლების განაწილების შესადარისია… ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღ რაციონზე ხელ­მისაწვდომობის მონიტორინგი“. იქვე FAO მიუთითებს ერთ ადამიანზე ეკო­ნო­მიკური ხელმისაწვ­დომობის ღირებულების 2024 წლის საშუალო გლობალური მაჩვენებლის - 4.46 დო­ლარის ზრდაზე 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, და აღნიშნავს რომ ეს მაჩვენებელი 2024 წელს ცალკეა გათვლილი ლათ. ამერიკის და კარიბის ქვეყნებში - 5.16 დოლარი, აზიაში - 4.43 დოლარი, აფრიკაში - 4.41 დოლარი, ჩრდ. ამერიკა და ევროპა 4.02 დოლარი და ოკეანიაში - 3.86 დოლარი [Краткий обзор, 2025].

სურსათის ხელმისაწვდომობის გაეროს FAO-ს ზემოაღნიშნული მეთოდიკა პოსტ­საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის საქართველოში, არ გამოი­ყენება. მაგალითად კ. ბოროდინის სტატიაში რფ-ს „ეკონომიკის უმაღლესი სკოლის“ ჟურნალში „Экономическая доступность продовольствия: факторы и методы оценки“ აღნიშნულია: „Использование методики ФАО в российской практике не представ­ляется возможным в связи с тем, что часть показателей методики в отечественной статистике не относятся к числу наблюдаемых. Отечественные методические разра­ботки по оценке экономической доступности продовольствия практически отсутст­вуют“ [Бородин К. Г., 2018, стр. 563-582.].

ანალოგიური სიტუაციაა „საქსტატის“ მეთოდიკაშიც. კერძოდ, სიღარიბეში მცხოვრები ადამიანებისათვის არაფრის მომცემია ინფლაციის ტრადიციული მაჩვე­ნებ­ლით - სამომხმარებლო ფასების ინდექსით განსაზღვრული ფასების სა­შუალო დო­ნე. მოსახლეობის ფართო ფენებისათვის მეტი მნიშვნელობა აქვს ფასების დი­ნამიკის გაანგარიშებას საკვებზე, ანუ აგფლაციის - აგრარული ინფლაციის, სამომხ­მარებლო ფასების ინდექსისგან (CPI-გან) ცალკე გაანგარიშებას. ამ მხრივ ნაწი­ლობრივ გამონაკლისს წარმოადგენს ყაზახეთი, სადაც 2019 წლიდან სტა­ტისტიკის ორგანოები ოლქების და დიდი ქალაქების მიხედვით ყოველწლიურად ცალკე ანგა­რიშებენ სურსათზე სამომხმარებლო ფასების - ხელმისაწვდომობის [Доступ­ность,. 31.01.2024] ინდექსებს ანუ ИПЦ на ПТ-ებს. მაგალითად, 2023 წელს სურსათის ინფლაციის ყველაზე კარგი მაჩვენებელი ყაზახეთში ქ. ალამაატას ჰქონდა 108.6%, ხოლო ყველაზე ცუდი მანგისტაუს ოლქს, - 114.6%. ქვეყნის რე­გიონებში სურსათის ხელმისაწვდომობის ცვლილებების ცენტრალიზებული მონიტორინგი მოითხოვს სახელმწიფო ორგანოების სისტემურ მუშაობას, პირველ რიგში საზოგადოების დაუცველი ფენების სოციალურად მნიშვნელოვანი სურსათის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად [Доступность......].

წარმოდგენილ სტატიაში გაეროს FAO-ს და ჩვენი რეგიონის ზოგიერთი ქვეყ­ნის სტატისტიკური ორგანოების მუშაობის განხილვის, ასევე საქართველოს მთავ­რობის მიერ 2020-2021 წწ. კოვიდ-პანდემიის დროს განხორციელემული სურ­სათის ფასების მონიტორინგის გამოცდილების, ანუ ისტორიულის და ლოგიკურის დია­ლექტიკური მეთოდით გაანალიზების შედეგად, გამოთქმულია რეკომენ­და­ციები.

როგორც აღინიშნა, სურსათის ფასების საკითხი სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი მაჩვენებლის, - სურსათის ხელმისაწვდომობის კვლევის საგანია [გარაყანიძე, გვ. 84-94]. ამ მაჩვენებელზე  მონაცემების მოპოვება შესაძლებელია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონის III თავის “სტატისტიკის ეროვნული სისტემის სტრუქტურა” მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის თანახმად. ამ მუხლით სტა­ტის­ტი­კის ეროვნული სისტემა შედგება „საქსტატის“, ეროვნული ბანკის და სტა­ტის­ტი­კის მწარმოებელი ორგანოებისგან „სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის“ შესა­ბა­მი­სად. კანონში ეროვნული ბანკი შემთხვევით არ არის მითითებული - ნობელის პრე­მიის ლაურეატი მილტონ ფრიდმანი, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ყო­ფილი ხელმძღვანელი წერდა: „ინფლაცია ყოველთვის და ყველგან მონეტარული ფე­ნომენია“ [Friedmansquote…]. ეს ნიშნავს, რომ მას ქვეყნის ეროვნული ბანკი უნდა აკონ­ტროლებდეს და ეს ორგანული კანონით „ეროვნული ბანკის შესახებ“ ასეცაა: პარლამენტი ყოველწლიურად ამტკიცებს ინფლაციის მიზნობრივ (თარგე­ტირე­ბულ) მაჩვენებელს და ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი პერიოდულად ამოწ­მებს მისი შესრულების ბერკეტებს: რეფინანსირების (დისკონტის) განაკვეთს, ბანკების სარეზერვო ნორმას და იღებს გადაწყვეტილებას ღია ბაზარზე ფასიანი ქა­ღალდებით  ოპერაციების მოცულობების შესახებ. ეს აქსიომაა... სხვა საქმეა რო­გორ!

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი 2024 წლის მაისის მერე, 18 თვე (!) რეფინანსირების (დისკონტის) განაკვეთს უცვლელად, 8%-ზე ტოვებდა „დასაბუთებულად“ - 2025 წლის აპრილში, „საქსტა­ტის“ ინ­ფორ­მა­ციით წლიური ინფლაცია 3.4% იყო, ხოლო ბანკის მონაცემით, საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდებოდა. მეტიც, საბა­ზო ინფლაცია რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, ამ დროს ოფი­ციალურად 2.3% იყო.

2025 წლის გაზაფხულზე ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ საქართველოში ფასების სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად, კვლავ ძლიერია ეკო­ნო­მიკური აქტივობა. 2025 წლის პირველ კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდამ, საშუა­ლოდ 9.3% შეადგინა. „აღნიშნულს დიდწილად ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები განაპირობებს“, აცხადებდა ბანკი. „თუმცა ამასთან, ძლიერი შიდა მოთხოვნაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია. ეს კი მოთხოვნის მხრი­დან ფასებზე ზეწოლას საყურადღებო ფაქტორად ტოვებს“ [ეროვნულმა ბანკმა...]. ეს ნიშნავს, ბანკის გაფრთხილებით ინფლაციის საფრთხე 2025 წლის I კვარტალში უკვე არსებობდა, თუმცა სამომხმარბლო ფასების ინდექსი ამას არ აჩვენებდა.

ბანკი რისკების ორ შესაძლო სცენარზე ამახვილებდა ყურადღებას. მაღალ­ინფლაციური რისკების სცენარი ძირითადად ითვალისწინებდა საერთაშორისო, გან­საკუთრებით ჩვენი მთავარი იმპორტიორის - რუსეთის სურსათის ბაზრებზე 2024 წლიდან მომატებულ გაურკვევლობას, რომელიც სატარიფო პოლიტიკისა და ეკონომიკური ფრაგმენტაციის დაჩქარებას უკავშირდებოდა. რაც შეეხება დაბალ­ინფლაციური რისკების სცენარს, აღნიშნული სცენარით, აშშ დოლარი კვლავ გლო­ბალურად შესუსტებული რჩებოდა და ამ ტენდენციების ფონზე გამყარებული ლა­რის გაცვლითი კურსი, იმპორტული ინფლაციის არხით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებდა. იმპორტული ინფლაცია წარმოიქმნება იმპორტული საქონლის ფასების მატებისა და ქვეყანაში უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი ნაკადების შემოდინების შედეგად [Импорт…].

 „პროგრამის“ მე-2 მუხლით „ფასების სტატისტიკა“, მათ შორის სურსათზე ამჟამად ყოველთვიურად იანგარიშება სამომხმარებლო ფასების ინდექსით - ინ­ფ­ლა­ციის უზოგადესი მაჩვენებლით. „საქსტატი“ ინფლაციის მონიტორინგს მხოლოდ ექვს ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, თელავი, ზუგდიდი) ვაჭრობის და­ მომსახურების დაახლოებით 1700 ობიექტზე ყოველი თვის შუა დეკადაში სამომხმარებლო კალათაზე სტატისტიკური დაკვირებებით ახდენს. ამ მონაცემების თანახმად, სამწუხაროდ მაღალინფლაციური რისკების სცენარით საერთაშორისო, განსაკუთრებით რუსეთის ბაზრებზე 2025 წლის II კვარტლის შემდეგ  მომატე­ბულ­მა გაურკვევლობამ იმძლავრა.

„საქსტატის“ მონიტორინგის შედეგია “სამომხმარებლო კალათა”, საიდანაც ინფლაციის მთავარი მაჩვენებელი - სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) იან­გა­რიშება. „კალათა“ შესაბამისი ხვედრითი წონების მიხედვით აერთიანებს 305 და­სახელების სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებას. მათგან  92 დასახელება, ანუ მესამედზე ნაკლებია სურსათი და ამ სასაქონლო ჯგუფის ფასების ინდექსის, ანუ აგფლაციის (აგრარული ინფლაციის) მაჩვენებლის ცალკე გაანგარიშება საქართ­ველოში არ ხდება [Inflation calculation methodology note 2025.]. თუმცა, ფასების სტატისტიკა „პროგრამაში“ ცალკეა მე-7-დან მე-11 გვერდამდე გამოყოფილი, სადაც ფასები „გაიანგარიშება ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა და იმპორტის ფასების ინდექსების გაერთიანებით“ („პროგრამა“, 5 გვ. 9).

ზემოაღნიშნული „კალათა“ ქვეყნების მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს გამომდინარე ცალკეულ პროდუქტებზე მოსახლეობის პრიორიტეტებიდან და იმ­პორტ­ზე ფასებიდან. კერძოდ, საქართველოში „კალათის“ 12 ჯგუფს შორისაა: სურ­სათი და უალკოჰოლო სასმელები (30,1%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (6,4%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (3,4%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტ­როენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8,4%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (6,6%) და ა.შ. 2025 წლის წლიური ინფ­ლა­ციის ოფიციალური მაჩვენებელი „საქსტატის“ 3 დეკემბრის მონაცემებით 4,8% იყო, მაგრამ მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენებისთვის საკვებზე ფასები მთელი წელი საგრძნობლად იზრდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართვე­ლოსთ­ვის სადაც მოსახლეობის ნაწილი სოციალურად დაუცველია, არავითარი მნიშვ­ნე­ლობა არა აქვს ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელებზე, ავეჯზე, აგრეთვე დასვენებასა და გართობაზე, სასტუმროების, კაფეების და რესტორნების მომსა­ხურებაზე ფასების დინამიკას, - მთავარი სურსათია.

ამის გამო 2025-ის რეალური წლიური ინფლაციის, და არა ოფიციალურის, ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (10.3%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (8.0%-იანი ზრდა) და ა.შ. მაგრამ „საქსტატის“ მონაცემებით ინფლაციის მაჩვე­ნე­ბელი 2025 წელს სულ 4,8% იყო.

შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზემოხსენებული „კალათის“ გავრ­ცელება სამომხმარებლო საქონლის ფართო ასორტიმენტზე იმ ადამიანებისათვის, ვისთვისაც სიღარიბე მნიშვნელოვანი პრობლემაა არა ოფიციალური სტატისტიკის უპირატესობა, არამედ მისი სუსტი მხარეა და ის ადეკვატურად ვერ ასახავს გარ­დამავალი ეკონომიკის საშუალო მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურას. ფაქტია, რომ ინფლაციის არსებული მაჩვენებელი სრულყოფილად ვერ აჩვენებს მოსახლე­ობის ფართო ფენების მიერ ფასების საშუალო დონის აღქმას. ეს კი, სურ­სათის ხელმისაწვდომობის მიმართ უარყოფით ემოციებს აჩენს. კერძოდ, საუბარია იმ შემ­თხ­ვევაზე, როცა ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი დაბალია, ხოლო მოსახ­ლეობის დაბალშემოსავლიანი ფენებისთვის საკვებზე ფასები საგრძნობლად იზრ­დება. ასეთი რამ განსაკუთრებით მაშინ შეიმჩნევა, როცა მოსახლეობის ამ ფენე­ბი­სათვის „ნაკლებად მნიშვნელოვან“ ცალკეულ პროდუქტებზე (ავტომანქანა, ავე­ჯი, ტექნიკა) ზოგჯერ სამომხმარებლო ფასების შემცირებაც კი ფიქსირდება - ასე მოხდა მაგალითად პანდემიის დროს.

ამდენად, როგორც აკადემიკოსი ვ. პაპავა და პროფესორი ვ. ჭარაია 2017 წელს აღნიშნავდნენ, სიღარიბეში მცხოვრები ადამიანებისათვის არაფრის მომცემია ინ­ფლაციის ტრადიციული მაჩვენებლით - სამომხმარებლო ფასების ინდექსით გან­საზღვრული ფასების საშუალო დონე.

„საქსტატის“ განმარტებით: „სამომხმარებლო ფასების ინდექსი წარმოადგენს მომხმარებელთა მიერ შეძენილი საქონლისა და მომსახურების ფასების საშუალო დონის მაჩვენებელს საბაზო პერიოდთან შედარებით. სამომხმარებლო ფასების ინდექსი არის ერთადერთი მაჩვენებელი, რომელიც გამოიყენება საქართველოში ინფლაციის დონის გასაანგარიშებლად. ამასთან, სამომხმარებლო ფასების ინდექსი მონაწილეობს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრის პროცესში. საბა­ზო ინფლაცია წარმოადგენს ინფლაციის მაჩვენებელს, რომელშიც არ არის გათ­ვალისწინებული სეზონური კომპონენტი და ყველაზე მეტად ცვალებადი ფასების მქონე პროდუქტები. მისი დანიშნულებაა ინფლაციის ძირითადი დინამიკის (ტენ­დენციის) ასახვა და ამიტომ წარმოადგენს მნიშვნელოვან ანალიტიკურ ინსტ­რუ­მენტს ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების შეფასებისთვის“ [სამომხ­მარებლო ფასების ინდექსი...].

აღნიშნული ნიშნავს, რომ მოსახლეობის ფართო ფენებისათვის მეტი მნიშვ­ნელობა აქვს ფასების დინამიკის გაანგარიშებას ისეთი სეზონური კომპონენტის და ყველაზე მეტად ცვალებადი ფასების მქონე პროდუქტებზე, როგორიც საკვებია. ზემოაღნიშნულ ქართველ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ  საჭიროა ინფლაციის დონის გასაანგარიშებლად აგფლაციის - აგრარული ინფლაციის, დანარჩენ საქონელსა და სერვისებზე სამომხმარებლო ფასების ინდექსისგან (CPI-გან) ცალკე გაანგარიშება [Papava V., Charaia V., 2017]. სურსათის სამომხმარებლო ფასების ინდექსი (აგფლაცია) ზომავს სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასების საერთო მოძრაობას, რო­მელსაც შინამეურნეობები იყენებენ, იხდიან და ზოგადად ყიდულობენ მოხმარე­ბის­თვის. ამ სურსათისა და სასმელების ფიქსირებული კალათის შეძენის ღირებულება იზომება განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. კალათა მოიცავს თანმიმდევ­რული ხარისხისა და მსგავსი მახასიათებლების მქონე პროდუქტებს, რაც მიუ­თი­თებს ოჯახების ხარჯვის ტენდენციებზე. აგფლაცია არის სურსათის სამომხმა­რებ­ლო ფასების ინდექსის ზრდის ტემპი კონკრეტულ პერიოდში [Краткий обзор, .2025, с. 44.].

ეკონომიკაში გამოიყოფა აგფლაციის ორი ძირითადი ტიპი. პირველია აგ­ფ­ლაცია, რომელიც წარმოიქმნება სურსათზე მოთხოვნის გადაჭარბებით. ის ტიპი­ურია განვითარებადი ეკონომიკებისთვის, რომლებიც ეკონომიკური ზრდის მიზ­ნით მოთხოვნას ასტიმულირებენ  მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის მეშ­ვეობით;

მეორე ტიპი დაკავშირებულია სურსათის მიწოდების შემცირებასთან და ფა­სების ზრდასთან. ეს ხდება ადგილზე მოსავლის უკმარისობის და იმპორტის შეფერ­ხების პერიოდებში, ან როდესაც სასოფლო-სამეურნეო კულტურები ზედ­მე­ტად გამოიყენება ისეთ არასასურსათო სექტორებში როგორიცაა მაგალითად, ბიოსაწ­ვავის წარმოება [SilverC., Chen J., Kagan J., Kenton, W. 2018].

გაეროს FAO-ს განმარტებით, რამდენიმე ქვეყნისთვის აგრეგირებული მონა­ცემების მომზადებისას (მაგ., გლობალური ან რეგიონული შეფასებების მისაღებად), სურსათის სამომხმარებლო ფასების ინდექსი-აგფლაცია და დანარჩენი სამომხ­მა­რებლო საქონლის ფასების ინფლაცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს, როგორც საშუალო შეწონილი სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა, გამონაკლისმა და არატიპიურმა მნიშვნელობებმა შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს და დაამახინჯოს აგრეგი­რებული შეფასებები, - სწორედ ეს მოხდა საქართველოს ეკონომკაში 2025 წელს, როდესადაც სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშემისას სურსათის სამომხ­მარებლო ფასები გვევლინება როგორც მთელი „კალათის“ ნაწილი. ამიტომ, სი­ზუს­ტის გასაუმჯობესებლად, რეკომენდებულია მედიანის გამოყენება. მედიანა არის განაწილების 50-მდე პროცენტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის საშუალო რიცხვი მონაცემთა წერტილების სერიაში, დალაგებული ზრდადი ან კლებადი თან­მიმდევრობით [Краткий обзор FAO, 3. с. 44]. აგფლაციის მაჩვენე­ბელში სხვადასხვა წონის ფაქტორები გამოითვლება ქვეყნებში შინამეურნეობების ხარჯების წილების საფუძველზე, მომხმარებლის დონეზე. ამ წილების შესახებ მონაცემები პერიო­დუ­ლად განახლდება ცენტრალური ბანკების ან ეროვნული სტატისტიკური სამსახუ­რების მიერ ცალკეული ქვეყნების საჭიროებების და პრაქტიკის შესაბამისად. აგფლაციის ინდექსი ასახავს შიდა ბაზრებზე არსებულ ვითარებას და გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. ეს ნიშნავს, რომ გაცვლითი კურსის მკვეთრმა რყევებმა მაგა­ლითად, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქ­­მედოს აგფლაციის მაჩვენებელზე იმპორტირებული ინფლაციის სახით [Краткий обзор FAO, 3. с. 46].

ფაქტია, რომ საქართველოში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება არ მომხდარა, ამიტომ აგფლაციის მაჩვენებლის გასაზომად ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის განვითარებად, უმეტესად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნების სამომხმარებლო ფასების (CPI) დადგენის მეთოდიკის განხილვა. თანამედროვე გლო­ბა­ლური არასტაბილურობის და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, შავი ზღვის რე­გი­ონში მიწოდების და მომარაგების ჯაჭვებზე სირთულეების მიზეზით პრო­დუქ­ტებზე ხელმისაწვდომობის შეფერხებებია. მაგალითად გამოდგება 2023-2025 წწ. მცენარეული ზეთით და მარცვლეულით დატვირთულ გემებზე თავდასხმები, ანუ სახეზეა მიწოდების აგფლაცია.

ქართველი ეკონომისტების არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ამჟამად საქართველოს აგფლაციის მაჩვენებელი არასასურსათო საქონლის და მომსახუ­რე­ბის სამომხმარებლო ფასების ინდექსზე უფრო მაღალია. ამასთან, მიწოდების აგფ­ლაცია უფრო საგრძნობია, და შესაბამისად, მას მეტი ყურადღება ექცევა საქართ­ველოს მსგავს იმ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, სადაც იმპორტული სასურ­სათო პროდუქცია „სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამით“ მთლიანი სამომხმა­რებლო კალათის ნახევარი და მეტია [“საქსტატი“ სტატისტიკური სამუშაოების 2025 წლის პროგრამა,....]. კერძოდ, ყაზახეთში სურსათი „კალათის“ - 60%-ია, რუსეთში - 50%, აზერბაიჯანში - 50%, სომხეთში - 50%, თურქმენეთში - 60%, ტაჯიკეთში - 57%. აგრარული კუთხით განვითარებულ, სურსათის ექსპორტიორ სახელმწიფოებში საპირისპირო სურათია - სასურსათო პროდუქცია სამომხმარებლო „კალათის“ მე­ხუ­თე­­­დიც არ არის. მაგალითად, ეს თანაფარდობა შეადგენს: აშშ-ში - 15%-ს, ევრო­ზო­ნის ქვეყნებში - 18%-ს,  თურქეთში - 24%-ს [Papava, Charaia, 2017, p. 10] საქარ­თვე­ლოში, რომელიც ოფიციალურად გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს მიეკუთვ­ნება, სურსათი „პროგრამით“ „კალათის“ მხოლოდ 34%-ია. ამიტომ მიგ­ვაჩნია, რომ „საქ­ს­ტატის“ „კალათაში“ სასაქონლო ჯგუფების უმრავლესობა რეა­ლურად არ ასა­ხავს სა­ქარ­თველოს მოსახლეობის სურსათზე ხელმისაწვდომობის პრობლემას და ჩვენს „პრო­გრამაშიც“ სურსათი სამომხმარებლო კალათის არა მესა­მედი, არამედ ნახე­ვარ­ზე მეტი უნდა იყოს, როგორც ეს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების უმრავლე­სო­ბაშია.

აღნიშნულს ადასტურებს კოვიდ-პანდემიის დროს 2020-2021 წწ. საქართვე­ლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამსახურების მიერ ჩატარებული კვლევა.

„საქსტატისგან“ განსხვავებით, სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული საა­გენ­ტო 2020 წლის მარტიდან 2021 წლამდე მხოლოდ სურსათის ფასებს ყოვედღი­უ­რად, საქართველოს ყველა რაიონში აკვირდებოდა და მონაცემებს ასევე ყოვედ­ღი­უ­რად აგზავნიდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, რომელთა „საქსტატის“ სამო­მ­ხ­მარებლო ფასების ინდექსთან (CPI) შედარება მნიშვნელოვან სხვაობებს იძ­ლე­ო­და.

სურსათის ხელმისაწვდომობის საანგარიშოდ გამოიყენება მაჩვენებელები:

 - ლასპეირესის ფასების ინდექსი. ის განისაზღვრება ფასების (p) საშუალო შეწონილით ორ პერიოდში: საბაზისო პერიოდში სურსათის მოხმარების მოცუ­ლობასა (q) და მიმდინარე პერიოდში საბაზისო პერიოდის სურსათის „კალათაში“ მომხდარი ფასების (p) ცვლილებების თანაფარდობით. ის იანგარიშება სურსათის „კალათისთვის“ გაწეული მიმდინარე დანახარჯების (P1.Q0) შეფარდებით საბაზისო პერიოდის სურსათის „კალათის“ შესაძენ დანახარჯებთან (P0.Q0), %-ში: Ipლ= ∑P1.Q0 / ∑P0.Q0 (%), სადაც:

Ipლ - ლასპეირესის ფასების ინდექსია;

p1 p0 - მიმდინარე და საბაზისო პერიოდის ფასებია სურსათზე;

q1 q0 - მიმდინარე და საბაზისო პერიოდის სურსათის „კალათაა“.

ეს მაჩვენებელი არ ითვალისწინებს ფასების ცვლილების შედეგად სურსათის მოხმარების სტრუქტურაში მომხდარ ცვლილებებს;

- პააშეს ფასების ინდექსიც ფასების ცვლილებების დასახასიათებლად გამოიყენება. კერძოდ, ის განისაზღვრება როგორც ფასების საშუალო შეწონილი ორ პერიოდში: საბაზისო პერიოდში სურსათის მოხმარების მოცულობასა და მიმ­დი­ნარე პერიოდში საბაზისო პერიოდის სურსათის „კალათაში“ მომხდარი ცვლილე­ბების თანაფარდობა. იანგარიშება როგორც მიმდინარე სასურსათო დანახარჯების (P1.Q1) შეფარდება ხარჯებთან, რაც საბაზისო პერიოდის ფასებში ასეთივე ასორ­ტიმენტის ანაკრების შესაძენად იქნებოდა საჭირო (P1.Q0), %-ში: Ipპ= ∑P1.Q1 / ∑P1.Q0 (%).

ასახავს რა მიმდინარე პერიოდის სასურსათო კალათის დინამიკას, - ეს მაჩვე­ნებელი ფასების ცვლილების შედეგად  „კალათის“ სტრუქტურაში მომხდარ ცვლი­ლებებს ითვალისწინებს და ის არასრულყოფილად ასახავს შემოსავლის ეფექტს (არსებობს ასევე აგფლაციის მარშალ - ეჯვორტის, ფიშერის, ლოუს ინდექსები);

თვალსაჩინოებისთვის განვხილოთ პრაქტიკული მაგალითი:

კოვიდ-პანდემიის დროს 2020-2021 წწ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსა­ხურებიდან ყოველდღიურად ხდებოდა სურსათის ფასების ცხრილების მოწოდება. ასეთი ცხრილის მაგალითი შ/ქართლის რამდენიმე სავაჭრო ქსელში 2020 წლის 07 დეკემბრისთვის, ანუ 2020 წლის ბოლოსთვის, ასეთი იყო:

ცხრილი 1

პროდუქტი

დამატ.სპეციფიკაცია

 

ზ. ერთეული

7დეკემ.ფასი        p 1

საოჯახო წლიური მინ.რაოდ. q 0

შაქარი თეთრი

ასაწონი, პაკისტანი ჯეოიმპექსი

1 კგ

1.89

10

ხორბლის ფქვილი

ხორბლის ფქვილი 1 ხ. ასაწონი (საქართველო)

1 კგ

1.65

10

 

მაკარონი

დაფასოებული

ჯეოიმპექსი

"მაკფა"0.400 კგ

2.45

10

 

ბრინჯი

ასაწონი, გრძელმარცვლიანი

1 კგ

2.60

10

 

იმავე რეგიონის ანალოგიური ფასები „კოვიდ19“-ის პანდემიის პირველი ტალღისას,  2020 წლის დასაწყისისთვის ანუ ფასებზე დაკვირვების დაწყებისთვის - 2020 წლის 27 მარტს, ასეთი იყო:                                                                                                                          

ცხრილი 2

პროდუქტი

ძირითადი სპეციფიკაცია

დამატებითი სპეც-იფიკაცია (წინას-წარ განსაზღვრეთ დაჩაწერეთ თითო-ეული პროდ-თვის)

ზ. ერთე.

27 მარტი. ერთ. ფასი p 0

საოჯახო

წლიური მინ. რაოდე-ნობა q 0

შაქარი

თეთრი, ასაწონი

ასაწონი

1 კგ

1,85

10

ხორბლის ფქვილი

ასაწონი

ასაწონი; უმაღლესი ხარისხი

1 კგ

1,29

10

 

მაკარონი

დაფასოებული

"მაკფა" 0.400 კგ.

0.400კგ

2,39

10

ბრინჯი

ასაწონი

ასაწონი, გრძელი

1 კგ

1,95

10

ამ მონაცემებით ჩანს რუსულ იმპორტზე დამოკიდებულება, ანუ ამ პროდუქტებზე რუსეთში 2024 წლიდან ფასების მატება საქართველოზეც აისახება [Рис страшно подорожал:...].

ვინაიდან დაკვირვების პერიოდში ფასების ცვლილების მიუხედავად, სურსათის მოხმარების სტრუქტურაში ცვლილებები (ჩვენი დაშვებით q=10 კგ წლიური საოჯახო მოხმარება - სიმარტივისთვის მუდმივი სიდიდეა) ფაქტიურად არ მომხდარა, ამიტომ აგფლაციის მაჩვენებლის განგარიშება ვთქვათ შ/ქართლში მიზანშეწონილი იქნება ლასპეირესის ფასების ინდექსით. კერძოდ, მაგალითად ავიღოთ 4 სახეობა - შაქარი, ფქვილი, მაკარონი და ბრინჯი 2020 წლის ბოლოს - 2020 წლის 7 დეკემბერს (ცხრილი 1) და იგივე 4 სახეობა პანდემიის დასაწყისში ანუ მისი პირველი ტალღის დროს (საბაზისო - 2020 წ. 27 მარტი. ცხრილი 2):

ამ ცხრილებით სასურსათო ინფლაციის ანუ აგფლაციის მაჩვენებელი შ/ქართლში 27 მარტი - 7 დეკემბრის პერიოდში (მაგალითად, 4 დასახელების სურ­სა­თისთვის, ცხრილებიდან 1, 2) იქნება: Ipლ= ∑P1.Q0 / ∑P0Q0 (%) = 1.89Х10 + 1.65Х10 + 2.45Х10 + 2.60 Х10 / 1.85Х10 + 1.29Х10 + 2.39Х10 + 1.95 Х10 = 114.8%.

როგორც ვხედავთ სასურსათო უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით მგრძნობიარე გახდა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შედეგად, რამაც ნათლად აჩვენა, რომ მაღალი ხარისხის და უსაფრთხო საკვების შეუფერხებელი მიწოდება კვლავ პრიორიტეტად და საგანგებო სიტუა­ციებში სოციალური სტაბილურობის შენარჩუნების ინსტრუმენტად რჩება.

ამ მხრივ საინტერესოა ფინეთი. 2020 წელს, The Economist-ის კვლევისა და ანალიზის განყოფილების მონაცემებით, ფინეთმა სურსათის აგფლაციის მხრივ 113 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა [Global Food Security Index.]. ქვეყნის ინტეგრირებული სასურსათო უსაფრთხოების ინდექსმა 85.3%-ს მიაღწია, რაც ასა­ხავს კვების საკმარისობის, საკვების უვნებლობისა და საკვებზე ხელმისაწვ­დო­მობის მაღალ სტანდარტებს, ამავდროულად ეს ქვეყანა ინარჩუნებს სიღარიბის, საკვების ფასების არასტაბილურობისა და პოლიტიკური რისკის დაბალ დონეს.

ფინეთმა ასევე პირველი ადგილი დაიკავა ინტეგრირებული სასურსათო უსაფრთხოების ინდექსის გამოსათვლელად გამოყენებული ოთხი ძირითადი კრი­ტე­რიუმიდან (საკმარისობა, ხელმისაწვდომობა, იმპორტზე დამოკიდებულება და უვნებლობა, ზ. გ.) ერთ-ერთში - საკვების ხელმისაწვდომობის ინდექსში 82%-იანი ქულით, ის უსწრებს სინგაპურს (75.8%) და ირლანდიას (75.7%) [IBID].

ეს კრიტერიუმი, სხვა საკითხებთან ერთად, გამოიყენება კვლევის ხარჯების, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და განათლების მიღების, ასევე საკვების დანაკარგის შესაფასებლად. ამ სფეროებში ფინეთი ცდილობს მიაღწიოს გლობა­ლურ სტანდარტებს. ამავდროულად ხელს უწყობს გარემოსდაცვით მდგრადობას გარემოს, რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების დასაცავად. მაგალითად, ფინუ­რი რძის პროდუქტების მსხვილი კომპანია Valio გეგმავს 2035 წლისთვის ნახშირ­ბად-ნეიტრალური მწარმოებელი გახდეს პროგრამის მეშვეობით, რომელიც მოიცავს პროდუქტის დისტრიბუციასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს - ფერ­მიდან მომხ­მარებლამდე. კომპანიამ შექმნა ბალახის თესლის ნარევი, რომელიც აუმჯობესებს საძოვრების ნახშირბადის შთანთქმის უნარს, მუშაობს წიაღისეული საწვავის ბიო­გაზით ჩანაცვლებაზე, იყენებს მინიმუმ 80%-ით განახლებადი მასა­ლებისგან დამ­ზადებულ შეფუთვას და აწყობს ფერმერების ტრენინგებს სოფლის მეურნეობაში „ნახშირბადის კვალის“ შესახებ [Продовольственная безопас­ность....13.05.2022].

მდგრადი კვების სისტემის შესაქმნელად, ფინური კომპანიები ასევე ავი­თა­რებენ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საკვების დანა­კარგის შემცირებას. მაგალითად, Valio-ს პროექტმა „ნარჩენებიდან გემომდე“ შექმნა ჭარბი საკვების შესაგროვებელი ქსელი მწარმოებლებისგან და საცალო ს­ასურსათო მაღაზიებისგან, რომელიც შემდეგ გამოიყენება სპეციალიზებულ რეს­ტო­რანში სხვა­დასხვა კერძების დასამზადებლად. მაგ. პურის ნარჩენებისგან ამზადებენ ლუდს [Продовольственная безопасность....13.05.2022].

ამრიგად, მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვამ და მდგრადი სოფლის მეურ­ნეობის განვითარებისადმი ერთგულებამ ხელი შეუწყო ფინეთს, რომ მსოფლიო სურსათის უვნებლობის რეიტინგის სათავეში მოხვედრილიყო.

ამრიგად, ჩვენს მაგალითში აგფლაციის მაჩვენებელი კოვიდ-პანდემიის საანა­ლიზო პერიოდში, გამოანგარიშებული ლასპეირასის ფორმულით, გაიზარდა 14%-ით. იმავე პერიოდში - 2020 წელს წლიური ინფლაციის დონემ, გათვლილმა არსე­ბული „საქსტატის“ (სამომხმარებლო ფასების ინდექსით - ზ.გ.) მეთოდიკით - მხო­ლოდ 2.4 პროცენტი შეადგინა [საქსტატი].ამით პრაქტიკულად დადასტურდა აკა­დე­მიკოს ვ. პაპავას და პროფესორ ვ. ჭარაიას ჩვენს ბიბლიოგრაფიაში მითი­თებულ წიგნში გამოთქმული თეორიული პოსტულატი იმის შესახებ, რომ აგფლა­ციის ინდექსი სამომხმარებლო ფასების ინდექსისგან განსხვავებით, ზუსტად გვიჩ­ვენებს სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასების ცვლილებას: „...სასურ­სათო ინფ­ლა­ცია არა მარტო უფრო მაღალი, მერყევი და ხანგრძლივია, ვიდრე არასასურსათო ინფლაცია, არამედ მას უფრო მეტი დრო სჭირდება, რომ ახალ, შემცირებულ ფასებზე გადავიდეს“ [რა გაძვირდა ყველაზე მეტად...2021].

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორ­მაცია, ყველაზე ოპერატიულად - 2020 წელს ფაქტიურად ყოველდღიურად, გვაძ­ლევ­და ნებისმიერ მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაციის სრულ სურათს, რაც სამინისტროს საშუალებას აძლევდა გამოევლინა ყველაზე მოწყვლადი რეგიონები და იქით მიემართა საბიუჯეტო სუბსიდირება, ან ჩაერთო მეტი ადგილობრივი ფერ­მერი სახელმწიფო პროგრამებში. რეგიონებიდან ფასების და მოხმარების მოცუ­ლო­ბების ინფორმაციის უნიფიკაციისათვის მთავრობამ უმოკლეს დროში უნდა შეიმუ­შაოს უნიფიცირებული კომპიუტერული პროგრამა „ექსელის“ ფორ­მატში, რომელ­შიც „ჩაშენდება“ ზემოაღნიშნული ფორმულა აგფლაციის დაწყებისას არსებული საბაზისო მაჩვენებლებით, და ადგილზე, მუნიციპალიტეტში მხოლოდ მიმდინარე პერი­ო­დის მონაცემების შეტანა იქნება საჭირო. „ექსელი“ მომენ­ტა­ლურად დაიანგა­რიშებს და გამოაჩენს არასტაბილურობის დაწყებიდან დღემდე აგფლაციის მაჩვე­ნებელს და მის დინამიკას, ანუ სურსათის ხელმისაწვდომობის, საკმარისობის და იმპორტდამოკიდებულების პრობლემას  მოცემულ მუნიციპა­ლი­ტეტში ან ქალაქში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია:

1)      „საქართველოს რეგიონებიდან სურსათის ფასების და მოხმარების მოცუ­ლო­ბების ინფორმაციის უნიფიკაციისათვის სასურველია მთავრობამ უმოკლეს დროში შეიმუშაოს უნიფიცირებული კომპიუტერული პროგრამა „ექსელის“ ფორმატში, რომელშიც „ჩაშენდება“ ცნობაში მითითებული ლასპეირასის ფორ­მულა;

2)      „საქსტატმა“ სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) გაანგარიშებისას ცალკე გამოყოს სურსათის ხელმისაწვდომობის, საკმარისობის, იმპორტ დამოკი­დებულების, უვნებლობის ანუ აგფლაციის მაჩვენებლები;

3)      ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმოადგინოს წინა­დადებები სურსათის იმპორტის დივერსიფიკაციის ხელშეწყობის შესახებ;

4)      ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინოს წინადადებები სურსათზე დღგ-ს 18%-იანი განაკვეთის შემცირების შესახებ. 

გამოყენებული ლიტერატურა

2025 წლის ნოემბერში წლიური ინფლაცია 4,8% იყო. https://civil.ge/ka/archives/713440;  https://www.geostat.ge/media/75508/%E1%83%98%E1%83%9C% pdf. გვ. 4; 

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. https://civil.ge/ka/archives/680203 

ზურაბ გარაყანიძე. DOI:10.36172/EKONOMISTI.2020.XVI.04.Garakanidze; პანდემიის დროს აგფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშების აუცილებლობის შესახებ. ჟურნ. „ეკონომისტი“, N4,2020. გვ. 84-94. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/327989/1/Ekonomisti_2020_N4_Tomi_XVI.pdf

ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3% პროცენტს შეადგენს. https://nbg.gov.ge/page/inplatsiis-miznobrivi-machvenebeli; 

რა გაძვირდა ყველაზე მეტად 2020 წელს? Forbes Georgia. იანვარი 4, 2021.  https://forbes.ge/ra-gadzvirda-qhvelaze-metad-2020-tsels/

სამომხმარებლო ფასების ინდექსი, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი. გვ. 1. 2025; https://www.geostat.ge/media/68239/0601_030225_GE.PDF; 

“საქსტატი“ სტატისტიკური სამუშაოების 2025 წლის პროგრამა, დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 დეკემბრის № 1861 განკარგულებით;

საქსტატი - საქართველოში წლიურმა ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა. https://1tv.ge/news/saqstati-saqartveloshi-wliurma-inflaciis-donem-2-4-procenti-sheadgina/ 

Friedmansquote…https://www.reddit.com/r/AskEconomics/comments/r2qc53/on_friedmans_quote_that_inflation_is_always_and/?tl=ru 

Global Food Security Index. https://foodsecurityindex. eiu.com/Index; https://impact.economist.com/sustainability/project/food-security-index/IBID 

 Inflation calculation methodology note 2025. PDF · Price Index for Material ... Consumer Price Index Manual, Concepts and Methods... https://www.geostat.ge/en/modules/categories/122/methodologia-price-statistics. ეს მეთოდოლოგია ქვეყნების მიხედვით სხვადასხვაა. მაგალითად, რფ-ში სამომხმარებლო ფასების ინდექსის „კალათაში“ 558 დასახელების საქონელი და მომსახურებაა, საიდანაც ნახევარი სურსათია. Что такое индекс потребительских цен. https://gazprombank.investments/blog/economics/consumer-price-index/;

Papava V., Charaia V., 2017. Inflation Index Modifications and Expediency of their Application for Georgia. GFSIS Expert Opinion, No. 77. Tbilisi, https://www.gfsis.org/files/library/ opinion-papers/77-expert-opinion-eng.pdf P. 4. 2017, Georgian Foundation for Strategic and International Studies, https://www.researchgate.net/publication/316551141_Inflation_Index_Modifications_and_Expediency_of_their_Application_for_Georgia ISSN 1512-4835, ISBN 978-9941-0-9886-4; ISSN 1512-4835, ISBN 978-9941-0-9886-4 https://www.gfsis.org/files/library/opinion- papers/77-expert-opinion-geo.pdf. P. 5;.

Silver C., Chen J., Kagan J., Kenton W. 2018. Agflation. Investopedia, May 29. URL: https://www.investopedia.com/terms/a/agflation.asp.;

Бородин К. Г. Экономическая доступность продовольствия: факторы и методы оценки. 2018. Т.22. N 4. Стр. 563-582. https://cyberleninka.ru/article/n/ekonomicheskaya-dostupnost-prodovolstviya-faktory-i-metody-otsenki; 

Доступность продовольственных товаров в разрезе регионов. 31.01.2024; https://eri.kz/ru/Novosti_instituta/id=6327/arch=2025_524; 

Краткий обзор. Положение дел в области продовольственной безопасности и питания в мире – 2025; стр. xvi. FAO; https://openknowledge.fao.org/items/cad6c62a-536c-42be-b4c3-4c5e39bfdb57;

Импорт… http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=9&t=135627 

Продовольственная безопасность в Евразийском экономическом союзе: проблемы и пути решения 13.05.2022 https://eec.eaeunion.org/news/speech/prodovolstvennaya-bezopasnost-v-evrazijskom-ekonomicheskom-soyuze-problemy-i-puti-resheniya/;

Рис страшно подорожал: как изменились цены на крупы и макароны за год. https://72.ru/text/economics/2024/11/28/74355896// ;

Финская пятерка: Переосмысливая еду – от поля до тарелки.  https://www.goodnewsfinland.com/ru/feature/finskaya-pyaterka-pereosmyslivaya-edu-ot-polya-do-tarelki.;