English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე ვასილ კიკუტაძე თამთა ლეკიშვილი
გლობალური გამოწვევები და საგანმანათლებლო ბაზრის განვითარების ტენდენციები საქართველოში

DOI: 10.52340/ekonomisti.2026.01.06

რეზიუმე

განათლებას ცენტრალური როლი უჭირავს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს შორის, მე-4 მიზანი - „ხარისხიანი განათლება“ - პირდაპირ კავშირშია სიღარიბის შემცირებასთან, კარგ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან, ღირსეულ სამუშაოსა და ეკონომიკურ ზრდასთან, ასევე უთანასწორობის შემცირებასთან. დღევანდელ გლობალურ კონტექსტში, განათლება კონკურენტუნარიანობის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს და მაღალი ხარისხის, შრომის ბაზრისთვის შესაბამისი ადამიანური კაპიტალის მიწოდების პასუხისმგებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკისრებათ. ეს დაწესებულებები უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ პოლიტიკას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით.

კვლევის მიზანია საქართველოს განათლებისა და შრომის ბაზრების დინამიკაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების იდენტიფიცირება, შრომის ბაზართან მისი ჰარმონიზაციის პარამეტრების დადგენა და მაღალხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციების შემუშავება. ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სისუსტეების გამოვლენა და გაუმჯობესების სტრატეგიების გამოკვეთა. ემპირიულ კვლევაზე დაყრდნობით, ნაშრომი აანალიზებს საქართველოს განათლების სისტემის ამჟამინდელ მდგომარეობას, აფასებს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და ტენდენციებს, იკვლევს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე მოვლენებს და გვთავაზობს გადაწყვეტილებებს ხარისხიანი განათლების მიწოდების უზრუნველსაყოფად.

აღნიშნული მიზნის შესასრულებლად  დასახულია  5 ძირითადი ამოცანის გადაჭრა, რომლებიც თანმიმდევრულადაა ნაშრომში წარმოდგენილი.

ნაშრომში ისტორიული ჭრილში, რეფორმების ფონზე წარმოდგენილია საქართველოს განათლების ბაზრის ევოლუცია. თითოეული ეტაპი სრულდება ავტორისეული მოსაზრებების ფორმულირებით. ანალიზის შედეგად გამოკვეთილია ის ძირითადი კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემაც გაშლილია ნაშრომში.

წინამდებარე კვლევა, პირველადი და მეორადი ინფორმაციული წყაროების მონაცემების საფუძველზე, აანალიზებს როგორც საგანმანათლებლო ბაზრის, ასევე შრომის ბაზრის ძირითად ტენდენციებს.

ამ მიმართულებით ჩატარებულია რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა; აქცენტი გაკეთებულია ფაქტორულ ანალიზზე. ანალიზის შედეგები წარმოდგენილია მიგნებების სახით. ხოლო, ნაშრომის ბოლოს ავტორები აკეთებენ დასკვნას და იძლევიან რეკომენდაციებს იმ სუსტი ადგილების შესავსებად, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს საქართველოს განათლების ბაზარზე და რაც, ახალი გამოწვევების ფონზე, ხელს შეუწყობს სისტემის მდგრადობას.

საკვანძო სიტყვები: უმაღლესი განათლება, შრომის ბაზარი, ადამიანის კაპიტალი, ხარისხი, რეფორმები, საქართველო.