ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი
|
|
|
|
ჟურნალი ნომერი 1 ∘
ქეთევან ქველაძე ∘
ნუნუ ქისტაური ∘
მედეა მელაშვილი ∘
ევროკავშირის როლი „ლურჯი“ ეკონომიკის განვითარების საქმეში DOI: 10.52340/ekonomisti.2026.01.11 ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება დღევანდელობის ისეთ საჭირბოროტო პრობლემას, როგორიცაა: მსოფლიო წყლის რესურსები, ზღვები და ოკეანეები, როგორც რესურსი და საარსებო წყარო, მათი მნიშვნელობა კაცობრიობის არსებობისა და შემდგომი განვითარებისათვის. ნაშრომში ფართოდაა განხილული ოკეანეების არაჩვეულებრივი რესურსები და პოტენციალი, რაც უზარმაზარ შესაძლებლობებს იძლევა მსოფლიოს ეკონომიკური განვითარებისათვის. აქტივი, რომელზედაც დაფუძნებულია ოკეანეების ეკონომიკა, შეფასებულია 24 ტრლნ აშშ დოლარად. აქ აგრეთვე აღნიშნულია, რომ ზღვებთან და ოკეანეებთან დაკავშირებული ყველა ეკონომიკური საქმიანობა გაერთიანებულია საერთო ტერმინით - „ლურჯი“ ეკონომიკა, რომელიც პირველად გიუნტერ პაულიმ გამოიყენა 2004 წელს. ნაშრომში ფართოდაა წარმოდგენილი ევროკავშირის როლი „ლურჯი“ ეკონომიკის შესწავლისა და განვითარების საქმეში მსოფლიო გლობალური ეკონომიკის შემდგომი წარმატებებისათვის. საკვანძო სიტყვები: ზღვები და ოკეანეები, წყლის რესურსები, გიუნტერ პაული, „ლურჯი“ ეკონომიკა, წრიული ეკონომიკა, ეკონომიკა ნარჩენების გარეშე. XXX მსოფლიო ოკეანეები, ზღვები და წყლის რესურსი სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია, მილიარდობით ადამიანისათვის საცხოვრებელი და საარსებო საკვებით უზრუნველყოფის წყაროა. წყლის ნაკადების ენერგიას კაცობრიობა უძველესი დროიდან იყენებდა. ძველ საბერძნეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნეში ბერძნები ხორბლის დასაფქვავად წყლის ბორბალს იყენებდნენ. ოკეანე ადამიანებს არაჩვეულებრივ შესაძლებლობებსა და რესურსებს აძლევს. მსოფლიო ოკეანეები ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი სექტორია, რადგან ის არა მხოლოდ წყლის რეზერვებისა და რესურსების წყაროა: ოკეანის ფსკერი მოფენილია მრავალფეროვანი მცენარეებით და სავსეა უამრავი ცოცხალი ორგანიზმებით, რაც წარმოადგენს საკვებს, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება დედამიწის 9 მლრდ მოსახლეობის (რასაც ვარაუდობენ 2050 წლისთვის) საკვებით უზრუნველყოფა, შეიცავს უნიკალურ მინერალებს, არამედ ზღვების და ოკეანეების მეშვეობით გაყვანილია ათასობით კმ-ით კაბელები და სხვა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. მსოფლიოში ტელეკომუნიკაციების 95% უზრუნველყოფილია წყალქვეშა კაბელებით. გარდა ამისა, მსოფლიოში ნავთობისა და გაზის წარმოების 30%-ზე მეტი ხდება ზღვაზე. აგრეთვე ოკეანის განახლებად ენერგიას უზარმაზარი პოტენციალი აქვს: ტალღის ენერგია, მოქცევის ენერგია, შელფური ქარის ენერგია, საზღვაო მზის ენერგია, ზღვის დინებები, საზღვაო ბიოენერგია, რაც თერმული ენერგიის მიღებას შესაძლებელს ხდის. მათგან ყველაზე პოპულარულია შელფური ენერგიის წყაროები, როგორიცაა ქარის ელექტროსადგურები, მცურავი მზის ელექტროსადგურები და ა.შ.. ამასთან ერთად, არსებობს უამრავი კიდევ სხვა მიზეზი, რის გამოც მსოფლიო ოკეანეები მსოფლიო ეკონომიკის პოტენციურად მომგებიან და ძალიან მნიშვნელოვან სეგმენტად წარმოგვიდგება. მათგან აღსანიშნავია:
ამჟამად შედგენილია მსოფლიო ოკეანის რესურსების ღირებულების სავარაუდო შეფასება, რომლის მიხედვით ოკეანეები წარმოადგენს მსოფლიოში სიდიდით მეშვიდე ეკონომიკას, ყოველწლიურად გამოიმუშავებს სულ მცირე 2,5 ტრლნ აშშ დოლარს. აქტივი, რომელზედაც დაფუძნებულია ოკეანეების ეკონომიკა, შეფასებულია 24 ტრლნ დოლარად. ყველა ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ოკეანეებთან, ზღვებსა და სანაპიროებთან, რომელიც მოიცავს ურთიერთდაკავშირებული და განვითარებადი სექტორების ფართო სპექტრს, ევროკომისია განსაზღვრავს როგორც ცისფერ ანუ „ლურჯ“ ეკონომიკას. სწორედ საზღვაო ანუ „ლურჯი“ ეკონომიკის უზარმაზარი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ველური ბუნების მსოფლიო ფონდმა წარმოადგინა ახალი ეკონომიკური ტერმინი - „საზღვაო მთლიანი პროდუქტი“ (GMP), რომელიც მსოფლიო ბანკისა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP -United Nations Environment Programme) მიხედვით ეხება არა მხოლოდ ეკონომიკურ მხარეს, არამედ გარემოსდაცვით და სოციალურ ასპექტებსაც. იგი აჩვენებს კონკრეტულ ქვეყანაში საზღვაო ეკონომიკის მდგომარეობას. ეს არის ერთგვარი ექვივალენტი მთლიანი შიდა პროდუქტისა და მოიცავს პირდაპირ მოგებას საზღვაო ინდუსტრიიდან და მასთან დაკავშირებული საქმიანობიდან. დედამიწის მოსახლეობის 80% ზღვისპირა რაიონებში ცხოვრობს და აქ მოსახლეობისა და წარმოების მზარდი კონცენტრაცია თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური, საწარმოო პროცესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა. ყველა ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ოკეანეებთან, ზღვებსა და სანაპიროებთან, რომელიც მოიცავს ურთიერთდაკავშირებული და განვითარებადი სექტორების ფართო სპექტრს, ევროკომისია განსაზღვრავს როგორც ცისფერ ანუ „ლურჯ“ ეკონომიკას. მსოფლიო ბანკი „ლურჯ“ ეკონომიკას განიხილავს, როგორც „ოკეანის რესურსების მდგრად გამოყენებას ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, ცხოვრებისა და სამუშაო ადგილების გასაუმჯობესებლად, ოკეანის ჯანსაღი ეკოსისტემის შენარჩუნების გზით“. მსოფლიო ოკეანის რესურსების გამოყენების თანამედროვე მიდგომები ეფუძნება „ლურჯი“ ეკონომიკის კონცეფციას, რომელიც განიხილება როგორც მწვანე ეკონომიკის ანალოგი, მაგრამ ზღვაში. ლურჯ ეკონომიკაში შედის შემდეგი დარგები: საზღვაო ტურიზმი, საზღვაო ტრანსპორტირება, მეთევზეობა და აკვაკულტურა. ტერმინი „ლურჯი“ ეკონომიკა პირველად 2004 წელს ბელგიელმა მეწარმემ და ეკონომისტმა გუნტერ პაულიმ გამოიყენა თავის წიგნში "ლურჯი ეკონომიკა 3.0". ნაშრომში ის მოუწოდებს ადამიანებსა და სახელმწიფოებს ახალი ეკონომიკური ინიციატივებისაკენ, რათა შეიცვალოს წყლისა და წყალთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრის მეთოდები. მანვე 2009 წელს წარუდგინა მოხსენება რომის კლუბს სახელწოდებით „ლურჯი ეკონომიკა: 10 წელი, 100 ინოვაცია, 100 მლნ სამუშაო ადგილი“. პაულიმ წარმოადგინა გლობალური პრობლემების თამამი გადაწყვეტილებების პაკეტი, შთაგონებული იმ მოსაზრებით რომ ბუნებას შეუძლია გადაჭრას ნებისმიერი პრობლემა და მან დაამტკიცა ეს მთელი თავისი ევოლუციური გზის განმავლობაში. გიუნტერ პაულიმ წარმოადგინა „წრიული ეკონომიკის“ კონცეფცია, სადაც წარმოების წრფივ მოძრაობას ცვლის წრიული. თუ ეკონომიკა ამ პრინციპით მუშაობს, მაშინ ყველა რესურსი, რომელიც არ არის საჭირო ერთ პროცესში, სხვა პროცესით შეიწოვება. ეს კონცეფცია ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ბუნებაში ნარჩენები პრაქტიკულად არ არსებობს და ნებისმიერი ქვეპროდუქტი შეიძლება გახდეს რესურსი სხვა პროდუქტისთვის. პაულის თქმით, „ლურჯი“ ეკონომიკა უპირატესად ნაყოფს იძლევა განვითარებად ქვეყნებში, სადაც განხორციელებულმა 200-ზე მეტმა პროექტმა დაახლოებით 5-6 წლის განმავლობაში 3 მლნ-მდე სამუშაო ადგილი შექმნა. მოხსენებამ კლუბის წევრებში ენთუზიაზმი გამოიწვია და პაულის იდეები მოგვიანებით გამოიყენეს წიგნის „ლურჯი ეკონომიკა“ საფუძვლად, რომელიც 2010 წელს გამოიცა, მან დიდი პოპულარობა მოიპოვა და 40-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. იმავე 2009 წელს ტერმინი „ლურჯი“ ეკონომიკა პირველად ოფიციალურად შემოღებულ იქნა აშშ-ს სენატის კომერციის, მეცნიერებისა და ტრანსპორტის კომიტეტის მიერ, რომელმაც აღიარა საზღვაო და სანაპირო ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი როლი ეკონომიკურ განვითარებაში. იმავე წელს, „ლურჯი“ ეკონომიკის ინიციატივის საერთაშორისო სიმპოზიუმზე ოკეანის მდგრადი გამოყენების კონცეფცია გამოიკვეთა, როგორც გარემოსადმი პატივისცემის პრინციპი და როგორც შესაძლებლობა იმის შესაფასებლად, თუ როგორ შეუძლია ბიზნეს მოდელებსა და ახალ ტექნოლოგიებს უპასუხოს ეკონომიკურ გამოწვევებს. 2009 წლიდან ტერმინს - „ლურჯი“ ეკონომიკა - ოფიციალური სტატუსი მიენიჭა. დღეს „ლურჯი“ ეკონომიკა არის ინოვაციური მიდგომა ბიზნესის მართვისადმი, რომელიც ითვალისწინებს ბუნებისა და ბიზნეს საქმიანობის ჰარმონიულ შერწყმას და ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს: - ნებისმიერი რესურსი შეიძლება შეიცვალოს სხვა რესურსით; - ბუნება არ ქმნის ნარჩენებს და, აქედან, არც ბიზნესმა და არც ადამიანებმა არ უნდა შექმნან ნარჩენები; - წარმოებისა და მოხმარების ნებისმიერი ნარჩენი არის სხვა პროდუქტის წარმოების წყარო. მართალია, ევროპაში „ლურჯი“ ეკონომიკის ცნება შედარებით ახალია და მას ევროპის კონტინენტზე ოფიციალურად 2012 წლის რიო დე ჟანეიროს გაეროს მდგრადი განვითარების კონფერენციის შემდეგ იყენებენ, მაგრამ თვითონ საზღვაო ეკონომიკის, როგორც უმნიშვნელოვანესი მიმართულების, შესწავლა შედარებით ადრე დაიწყო. აღსანიშნავია ისეთი პროგრამა, როგორიცაა „ევრო-არგო“ (Euro-Argo). ეს არის საერთაშორისო პროგრამა, რომელიც ოკეანის დინებასთან ერთად მოძრავი რობოტული ინსტრუმენტის - მოტივტივე აგრეგატების ქსელის გამოყენებით ზომავს წყლის თვისებებს. ეს პროგრამა დაიწყო 1999 წელს, როგორც საპილოტე პროექტი. 25-ზე მეტი ქვეყნის საერთაშორისო თანამშრომლობის წყალობით 2001 წელს შეიქმნა ოკეანოგრაფიის ისტორიაში პირველი სადამკვირვებლო ქსელი, 2008 წელს 12 ევროპული ქვეყანა გაერთიანდა „ევრო-არგო“ პროექტის ფარგლებში საერთო მიზნის მისაღწევად; 2014 წელს დაარსდა საერთაშორისო ორგანიზაცია, იგივე სახელწოდებით „Euro-Argo“, რომელიც შეისწავლის მსოფლიო ოკეანეებისა და ზღვების წყლის ტემპერატურას, მარილიანობას, ზღვის დონის ცვლილებებს, ყინულის დნობის სიჩქარეს; აგროვებს 12 ათასი პროფილის მონაცემს. 2007 წელს წარმოდგენილი იყო ევროკავშირის ყოვლისმომცველი საზღვაო პოლიტიკის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა საზღვაო საქმიანობის ცენტრალიზებული მართვის ორგანიზებას. გარდა ამისა, „ლურჯი“ ეკონომიკის სფეროში ევროპის კონტინენტის მონაცემთა ერთ-ერთი სრულყოფილი წყარო არის ევროკავშირის კოპერნიკის პროგრამა (EU’s Copernicus programme), რომელიც ფუნქციონირებს 2008 წლიდან. სატელიტური სისტემების დახმარებით შეიქმნა სპეციალური ცენტრი, რომელიც თითქმის რეალურ დროში, სრულიად უფასოდ მოქალაქეებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს აწვდის საზღვაო მონაცემებს. მისი მეშვეობით შესაძლებელია არა მხოლოდ მიმდინარე მონაცემების, არამედ საპროგნოზო და მონაცემთა არქივების ნახვაც. განთავსებულია ისეთი ტიპის ინფორმაციები, როგორებიცაა მარილიანობა, ტემპერატურა, დინებები, ზღვის დონეების ცვლილებები, სხვადასხვა ნივთიერებებისა და ჟანგბადის შემცველობა და სხვ.. შემდეგ 2012 წლიდან ევროკავშირმა დაიწყო „ლურჯი“ ეკონომიკის კონცეფციის პოპულარიზაცია, რომელიც განიხილება, როგორც საზღვაო საქმიანობის მართვის სისტემა, რომელიც ასევე გამოიყენება ევროკავშირის გარეთ. მსოფლიოს სანაპირო ზონის მოსახლეობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალურ ეკონომიკაში, რომელიც 2022 წელს შეფასებული იყო 1,5 ტრლნ აშშ დოლარად და სავარაუდოდ 2030 წლისთვის 3 ტრლნ-ს გადააჭარბებს. 2024 წელს ევროკავშირმა 3,5 მლრდ ევრო დახარჯა მთელ რიგ პროექტებზე ოკეანეების დასაცავად და მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად. დღემდე, ევროკავშირმა შეიმუშავა მთელი რიგი ძირითადი დოკუმენტები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად განსაზღვრავს საზღვაო სექტორის განვითარებას. უპირველეს ყოვლისა, ესენია: - წყლის ჩარჩო დირექტივა (2000), რომლის მიზანია უზრუნველყოს ევროკავშირის ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების კარგი მდგომარეობა 2027 წლისთვის; - საბანაო წყლის დირექტივა (2006) - ეხება საბანაოდ გამოსადეგარი წყლის ბუნებრივ და ხელოვნურ რეზერვუარებს (ტბები, ხელოვნური ზღვები, აუზები) და რომელიც განსაზღვრავს ამ წყლის ხარისხის მონიტორინგისა და კლასიფიკაციის წესებს; - საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივა (2008), რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს ევროკავშირის საზღვაო გარემოსდაცვითი პოლიტიკის სფეროში (დღეს იგი განახლებისა და კორექტირების პროცესშია); - მეთევზეობის ერთიანი პოლიტიკის შემუშავების განმსაზღვრელი დოკუმენტების პაკეტი (მისი დებულებები რეფორმირებულ იქნა 2013 წელს); - დირექტივა საზღვაო სივრცითი დაგეგმარების განვითარების შესახებ (2014) (დღეისათვის 40-მდე ქვეყანა ჩართულია საზღვაო სივრცის დაგეგმარებაში); - დირექტივა გარკვეული პლასტმასის პროდუქტების გარემოზე ზემოქმედების შემცირების შესახებ (2019) (დაძაბულობის კიდევ ერთი წერტილი არის პლასტმასის ნარჩენები, რომელიც აუცილებლად ხვდება მსოფლიო ოკეანეში: 8-10 მლნ ტონა ყოველწლიურად, ეს არის ზღვის დაბინძურების 80%) ; - წრიული ეკონომიკის განვითარების სამოქმედო გეგმა (2020); - კომუნიკაცია მდგრადი „ლურჯი“ ეკონომიკის ახალი მიდგომების შესახებ (2021) და ა.შ.. ამასთან ევროკავშირი აქტიურად უწყობს ხელს საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა თემატურ ფორმატებს. კერძოდ, იზრდება ურთიერთობა არამარტო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, არამედ სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ამა თუ იმ გზით არიან დაკავშირებული საზღვაო სექტორის რეგულირებასთან. განსაკუთრებით ყურადღება ექცევა ისეთ სექტორებს, რომლებშიც იქმნება სამუშაო ადგილები და აქვთ ინოვაციების დანერგვის მაღალი მაჩვენებელი. კერძოდ, აკვაკულტურა, ლურჯი ენერგია, ლურჯი ბიოტექნოლოგიები, „ლურჯი“ ტურიზმი და სხვ.. „ლურჯი“ ტურიზმი არის გლობალური ეკონომიკის უმსხვილესი საბაზრო სექტორი და მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს შეადგენს, დასაქმების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა და ხასიათდება დამატებითი ღირებულების პოზიტიური ზრდით. აკვაკულტურის შესახებ კი სრულყოფილი მონაცემთა წყარო არის მეთევზეობისა და აკვაკულტურის პროდუქტების ევროპის ბაზრის ობსერვატორია (EUMOFA - European Market Observatory for Fisheries and Aquaculture Products), რომელიც შეიქმნა ევროკომისიის ინიციატივით და მისი მონაცემთა ბაზა აერთიანებს 108 მთავარი კომერციული სახეობისა და 12 სასაქონლო ჯგუფის რაოდენობრივ მაჩვენებელს ქვეყნებისა და წლების მიხედვით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლო წლებში უზარმაზარ მნიშვნელობას იძენს ოკეანეების გადარჩენის მცდელობები, რომელთა ეფექტი იზრდება გლობალური ინტეგრაციის პირობებში. ამჟამად ძალაშია გაეროს გლობალური შეთანხმება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, რომლის ფარგლებში მსოფლიო ოკეანის დასაცავად 2019 წელს კოალიციის შექმნა დაიწყო. საზღვაო რესურსების გამოყენების რეკომენდაციები შემუშავებულია მთავრობებისთვის და ბიზნესისთვის 4 სფეროში: ნულოვანი ემისიების საზღვაო ტრანსპორტი, დაბალი ნახშირბადის „ლურჯი“ საკვები, საზღვაო განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება და „ზღვის მდელოების“ - ზღვის მცენარეების შენარჩუნების ძალისხმევა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ხშირად მოქმედებს როგორც ამ პროცესების ინიციატორი და კოორდინატორი. მაგალითად, 2023 წლის 16 ივნისს ევროკომისიამ წამოიწყო ენერგეტიკის დარგის პარტნიორობის პროგრამა მეთევზეობისა და აკვაკულტურის სექტორთან. მისი მისიაა დაინტერესებული მხარეების გაერთიანება ამ ინდუსტრიების დაბალი ნახშირბადის ენერგიის წყაროებზე გადასვლის უზრუნველსაყოფად. მათ შეეძლებათ ცოდნის გაზიარება ძირითადი მიზნის - კლიმატის ნეიტრალიტეტის - მისაღწევად, ძალისხმევის კოორდინაცია აქტუალური პრობლემების გადაჭრის, კვლევებისა და ინოვაციების ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით. ამრიგად, „ლურჯი“ ეკონომიკა და მისი როგორც აქტიური ეკონომიკური პოლიტიკის დანერგვა, მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს დისკუსიები, სამუშაო შეხვედრები და სამოქმედო გეგმების შემუშავება (ეკონომიკური ნაბიჯები, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, ინოვაციური მიდგომები, საკანონმდებლო მხარდაჭერა), რათა მოხდეს მდგრადი განვითარების პირობებში ინკლუზიური, წრიული „ლურჯი“ ეკონომიკის კონცეფციის სრულყოფა, როგორც მსოფლიოსათვის, ასევე, კერძოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის. „ლურჯი“ ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი რესურსია ოკეანე, ზღვა და ზოგადად წყლის რესურსები. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მოხდეს წყლის რესურსების მოფრთხილება, სისტემური მონიტორინგი და ამისათვის საჭირო მექანიზმის შექმნა. ეს იქნება რეალური საფუძველი მდგრადი ეკონომიკური პოლიტიკის გასატარებლად, რაც მსოფლიო ეკონომიკის წინსვლის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. გამოყენებული ლიტერატურა
|