English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ანა ჩხიკვაძე
ალტერნატიული დაფინანსება ფინტექ პლატფორმების მეშვეობით: მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური განვითარება საქართველოში

ნაშრომი შესრულებულია საქართველოს შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, გრანტის N PHDF24-1261 

DOI: 10.52340/ekonomisti.2026.01.13

ანოტაცია. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ერთ-ერთ მთავარ შეზღუდვად, განსაკუთრებით იმ ეკონომიკებში, სადაც დაკრედიტების ძირითადი წყარო ტრადიციული საბანკო სესხებია. ბოლო წლებში ფინტექ პლატფორმებმა გააძლიერეს ალტერნატიული დაფინანსების სივრცე და შექმნეს ისეთი მექანიზმები, რომლებიც ამარტივებს ფინანსურ შუამავლობას, ამცირებს ოპერაციულ დანახარჯებს და აჩქარებს დაფინანსების მიღების პროცესს.

ნაშრომის მიზანია ფინტექ პლატფორმების მეშვეობით ალტერნატიული დაფინანსების როლის შეფასება მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური განვითარების პროცესში, იმ მექანიზმების გამოვლენით, რომელთა საშუალებითაც ფინტექ გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს ფინანსებზე წვდომაზე, ლიკვიდობის მართვასა და ზრდის შესაძლებლობებზე.

კვლევა ეფუძნება აკადემიური ლიტერატურის სისტემურ მიმოხილვას და დოკუმენტურ ანალიზს, ხოლო საქართველოს კონტექსტში ეყრდნობა ეროვნული ბანკის და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს. შედეგები მიუთითებს, რომ ფინტექ დაფინანსება განსაკუთრებით ეფექტიანია მოკლევადიანი ლიკვიდობის მხარდაჭერის და დაფინანსების პროცესის გამარტივების მიმართულებით, თუმცა მისი მდგრადი ეფექტი დამოკიდებულია რეგულაციური ჩარჩოს ხარისხზე, ბაზრის კონკურენტულ დინამიკაზე და მცირე ბიზნესის ფინანსური თუ ციფრული უნარების დონეზე.

საკვანძო სიტყვები: ფინტექ პლატფორმები, ალტერნატიული დაფინანსება, მცირე და საშუალო საწარმოები (SMEs), ფინანსური ინკლუზია.

შესავალი

მცირე და საშუალო საწარმოები თანამედროვე ეკონომიკებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკური ზრდის, დასაქმების ზრდისა და ინოვაციური აქტივობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ განვითარებად და გარდამავალ ეკონომიკებში სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია ის სექტორი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილების უმეტესობას და უზრუნველყოფს ეკონომიკის სტრუქტურულ დივერსიფიკაციას.

მცირე და საშუალო საწარმოები უფრო მოქნილად რეაგირებენ ბაზრის ცვლილებებზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონული განვითარების პროცესში. მიუხედავად მათი ეკონომიკური მნიშვნელობისა, მცირე ბიზნესის მდგრადი განვითარება ხშირად შეზღუდულია ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის პრობლემით, რაც მათ ზრდის პოტენციალს მნიშვნელოვნად ამცირებს (Beck & Demirgüç-Kunt, 2006; OECD, 2019).

ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება განვითარებად ეკონომიკებში, სადაც ფინანსური სექტორი ძირითადად საბანკო დაკრედიტებაზეა ორიენტირებული. ტრადიციული ბანკები, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ მსხვილ და შედარებით ნაკლებად რისკიან მსესხებლებს, მაშინ როდესაც მცირე და საშუალო საწარმოები ხშირად ვერ აკმაყოფილებენ საბანკო დაკრედიტებისთვის აუცილებელ მოთხოვნებს, მათ შორის საკმარის უზრუნველყოფას, ფინანსური ისტორიის არსებობასა და ფორმალიზებულ ბუღალტრულ აღრიცხვას.

ფინანსებზე შეზღუდული წვდომის ერთ-ერთი კლასიკური ახსნა დაკავშირებულია კრედიტის ბაზარზე ინფორმაციის არასრულყოფილებასთან: ბანკები, რისკების მართვის მიზნით, ხშირად იყენებენ სტანდარტიზებულ მოთხოვნებსა და მკაცრ სკრინინგს, რაც მცირე საწარმოებისთვის ხდება ბარიერი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა ან დოკუმენტურად გამართული ფინანსური ისტორია (Stiglitz & Weiss, 1981; Berger & Udell, 2006).

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო დონეზე აქტიურად განვითარდა ალტერნატიული დაფინანსების სხვადასხვა ფორმა, რომელიც ტრადიციული საბანკო სისტემის პარალელურად ფუნქციონირებს. ალტერნატიული დაფინანსება მოიცავს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა ციფრული დაკრედიტება, peer-to-peer სესხები, crowdfunding პლატფორმები და სხვა არასაბანკო ფინანსური მექანიზმები. ამ მოდელების ძირითადი მიზანია ფინანსური შუამავლობის გამარტივება, დაფინანსების პროცესის დაჩქარება და მცირე ბიზნესისთვის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ლიტერატურა მიუთითებს, რომ ალტერნატიული დაფინანსების ინსტრუმენტები განსაკუთრებით ეფექტიანია იმ გარემოში, სადაც ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები ვერ პასუხობენ მცირე საწარმოების სპეციფიკურ საჭიროებებს (Brière, Oosterlinck, & Szafarz, 2015; Gomber et al., 2018).

ალტერნატიული დაფინანსების განვითარებაში ცენტრალურ როლს ასრულებს ფინანსური ტექნოლოგიები (FinTech), რომლებიც ეფუძნება ციფრულ პლატფორმებს, მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზსა და ინოვაციურ ფინანსურ მოდელებს. კვლევები აჩვენებს, რომ ფინტექზე დაფუძნებული ფინანსური სერვისები ხელს უწყობს ფინანსური ინკლუზიის ზრდას, განსაკუთრებით იმ საწარმოებისთვის, რომლებიც ადრე ფინანსური სისტემის მიღმა იყვნენ დარჩენილი (Philippon, 2016; Vial, 2019).

საქართველოს შემთხვევაშიც მცირე და საშუალო საწარმოები ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენენ, თუმცა, მათი ფინანსური განვითარება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ქვეყნის ფინანსური სექტორი მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება, სადაც საბანკო სექტორი დომინანტურ პოზიციას იკავებს, ხოლო არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტები შედარებით სუსტად არის განვითარებული.

ბოლო წლებში საქართველოში შეინიშნება ფინტექ პლატფორმების რაოდენობის ზრდა და ციფრული ფინანსური სერვისების გავრცელება, თუმცა, მათი გავლენა მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსურ განვითარებაზე ჯერ კიდევ ნაკლებად არის სისტემურად შესწავლილი. არსებული კვლევები ძირითადად ფოკუსირებულია ფინანსური სექტორის ზოგად ტრენდებზე, მაშინ როდესაც ფინტექ დაფინანსების კონკრეტული გავლენა მცირე ბიზნესზე ნაკლებ ყურადღებას იპყრობს (National Bank of Georgia, 2022; World Bank, 2021).

ამგვარად, წინამდებარე კვლევა ცდილობს გააანალიზოს, რამდენად უწყობს ხელს ფინტექ დაფინანსება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ლიკვიდობის მართვის გაძლიერებასა და საინვესტიციო შესაძლებლობების ზრდას მცირე ბიზნესის სექტორში.

ნაშრომის სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ იგი ფინტექ დაფინანსებას განიხილავს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ინოვაციად, არამედ როგორც ინსტიტუციურ მექანიზმს, რომელიც გავლენას ახდენს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსურ ქცევასა და განვითარების დინამიკაზე საქართველოს ეკონომიკურ კონტექსტში.

კვლევის მიზანი

კვლევის მიზანიაფინტექ პლატფორმების მეშვეობით ალტერნატიული დაფინანსების როლის შეფასება მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსურ განვითარებაში, განსაკუთრებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ლიკვიდობის მართვისა და ზრდის შესაძლებლობების მიმართულებით.

კვლევის ამოცანებია:

  1. ალტერნატიული დაფინანსების კონცეფციის განსაზღვრა და საბანკო დაკრედიტებასთან შედარება;
  2. ფინტექ პლატფორმების მიერ SME-თვის გამოყენებული დაფინანსების მოდელების აღწერა;
  3. ტრანზაქციული ხარჯების შემცირების მექანიზმების ანალიზი;
  4. საქართველოს ბაზრისა და რეგულაციური გარემოს შეფასება.

ლიტერატურის მიმოხილვა

მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხი ფართოდ არის განხილული ეკონომიკურ და ფინანსურ ლიტერატურაში, განსაკუთრებით განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკების კონტექსტში. კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი მიუთითებს, რომ ფინანსური შეზღუდვები წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ბარიერს მცირე ბიზნესის ზრდისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებისთვის.

Beck და Demirgüç-Kunt (2006) ამტკიცებენ, რომ ფინანსებზე წვდომა პირდაპირ კავშირშია საწარმოების გაფართოების შესაძლებლობებთან, ინვესტიციების მოცულობასთან და ბაზარზე გადარჩენის უნართან. მათი ანალიზი აჩვენებს, რომ მცირე საწარმოები შედარებით უფრო ხშირად განიცდიან საკრედიტო შეზღუდვებს, ვიდრე მსხვილი კომპანიები, რაც მათ კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს (Beck & Demirgüç-Kunt, 2006).

ფინანსური შეზღუდვების თეორიული საფუძვლები ხშირად უკავშირდება საკრედიტო ბაზრებზე არსებულ ნაკლოვანებებს. Stiglitz და Weiss-ის ნაშრომი(1981) მიუთითებს, რომ არასრულყოფილი ინფორმაციის პირობებში ბანკები იყენებენ საკრედიტო რაციონირებას, რაც განსაკუთრებით აზარალებს იმ მსესხებლებს, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა ან ხანგრძლივი საკრედიტო ისტორია. აღნიშნული მექანიზმი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ქმნის ბარიერს, რადგან ისინი ხშირად ვერ აკმაყოფილებენ ტრადიციული საბანკო დაკრედიტების მოთხოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი პროექტები (Stiglitz & Weiss, 1981).

ალტერნატიული დაფინანსების განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ფინანსური ტექნოლოგიების (FinTech) გავრცელებასთან. Gomber (2018) ფინტექს განსაზღვრავს, როგორც ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ინოვაციებს, რომლებიც ცვლიან ფინანსური მომსახურების მიწოდების ტრადიციულ მოდელებს. მისი შეფასებით, ფინტექ პლატფორმები ამცირებენ ფინანსური შუამავლობის ხარჯებს და ზრდიან ბაზრის ეფექტიანობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო საწარმოებისათვის. ამავე დროს, Philippon (2016) ხაზს უსვამს, რომ ფინტექის პოტენციალი მდგომარეობს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ სიახლეში, არამედ ფინანსური მომსახურების ხელმისაწვდომობის გაფართოებაში იმ სეგმენტებისთვის, რომლებიც ისტორიულად ფინანსური სისტემის მიღმა რჩებოდნენ (Gomber et al., 2018; Philippon, 2016).

საქართველოს კონტექსტში არსებული აკადემიური კვლევები ძირითადად ფოკუსირებულია ფინანსური სექტორის საერთო სტრუქტურასა და საბანკო სისტემის ფუნქციონირებაზე, მაშინ როდესაც ფინტექ დაფინანსების როლი მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროცესში შედარებით ნაკლებად არის შესწავლილი.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანალიტიკური ანგარიშები მიუთითებს, რომ მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება ქვეყანაში კვლავ ძირითადად საბანკო ინსტრუმენტებზეა დამოკიდებული, ხოლო არასაბანკო და ციფრული დაფინანსების ფორმები განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება (National Bank of Georgia, 2022; World Bank, 2021). მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ფინტექ პლატფორმების რაოდენობა და გამოყენება ეტაპობრივად იზრდება, მათი გავლენა მცირე ბიზნესის ფინანსურ შესაძლებლობებსა და განვითარების დინამიკაზე ჯერ კიდევ არასაკმარისად არის გაანალიზებული აკადემიურ ლიტერატურაში.

არსებული ლიტერატურის მიმოხილვა ცხადყოფს, რომ ფინტექზე დაფუძნებული ალტერნატიული დაფინანსება წარმოადგენს საკმაოდ პერსპექტიულ ინსტრუმენტს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური განვითარების მხარდასაჭერად, თუმცა, მისი ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ინსტიტუციურ გარემოზე, რეგულაციურ ჩარჩოსა და ფინანსური წიგნიერების დონეზე. აღნიშნული გარემოებები განსაკუთრებით აქტუალურს ხდის ფინტექ დაფინანსების როლის სიღრმისეულ ანალიზს საქართველოს ეკონომიკურ კონტექსტში, რაც წინამდებარე კვლევის მთავარ ამოცანას წარმოადგენს.

კვლევის თეორიული ჩარჩო: ალტერნატიული დაფინანსება და განსხვავება საბანკო დაკრედიტებასთან

ალტერნატიული დაფინანსება გულისხმობს ფინანსური რესურსების მოზიდვას საბანკო სესხის გარდაც ციფრული დაკრედიტებით, P2P სესხებით, პლატფორმულ დაფინანსებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი crowdfunding/marketplace მოდელებით. მისი ძირითადი ფუნქციაა დაფინანსების „არხების“ დივერსიფიკაცია და იმ საწარმოებისთვის შესაძლებლობის შექმნა, რომლებიც საბანკო კრედიტის პირობებს ვერ აკმაყოფილებენ ან ვერ იღებენ მას დროულად (OECD, 2019; Claessens et al., 2018).

ალტერნატიული დაფინანსების მთავარი მიზანია ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის გაფართოება იმ ეკონომიკური სუბიექტებისთვის, რომელთაც ტრადიციული საბანკო სისტემის ფარგლებში დაფინანსების მიღება უჭირთ.

საბანკო დაკრედიტება, როგორც წესი, ეფუძნება მკაცრ რეგულაციებს, სტანდარტიზებულ საკრედიტო შეფასების კრიტერიუმებსა და უზრუნველყოფის მოთხოვნებს. ბანკები ოპერირებენ დეპოზიტებზე დაფუძნებული რესურსებით და შესაბამისად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ რისკების მინიმიზაციას და კაპიტალის დაცვას. ამ პირობებში მცირე და საშუალო საწარმოები ხშირად აღმოჩნდებიან არახელსაყრელ პოზიციაში, რადგან მათ არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა, ხანგრძლივი საკრედიტო ისტორია ან სტაბილური ფინანსური ანგარიშგება. შედეგად, საბანკო დაკრედიტება მცირე ბიზნესისთვის ხასიათდება ხანგრძლივი პროცედურებით, მაღალი ადმინისტრაციული ხარჯებითა და შეზღუდული ხელმისაწვდომობით.

ალტერნატიული დაფინანსება ამ მოდელს უპირისპირდება უფრო მოქნილი და ადაპტირებული მიდგომით. არასაბანკო დაფინანსების ფორმები ნაკლებად არიან დამოკიდებული ფიზიკურ უზრუნველყოფაზე და უფრო მეტად ითვალისწინებენ საწარმოს მიმდინარე საქმიანობას, ფულადი ნაკადების დინამიკასა და ოპერაციულ პოტენციალს. ამ თვალსაზრისით, ალტერნატიული დაფინანსება შეიძლება შეფასდეს არა როგორც საბანკო დაკრედიტების ჩანაცვლება, არამედ როგორც მისი შემავსებელი მექანიზმი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო საწარმოებისათვის განვითარების ადრეულ ეტაპებზე.

მნიშვნელოვანი განსხვავება საბანკო დაკრედიტებასა და ალტერნატიულ დაფინანსებას შორის ასევე ვლინდება დაფინანსების მიზნობრიობაში. მაშინ როდესაც საბანკო სესხები ხშირად ორიენტირებულია საშუალო და გრძელვადიან პროექტებზე, ალტერნატიული დაფინანსების ინსტრუმენტები უმეტესად მიმართულია მოკლევადიანი ლიკვიდობის უზრუნველყოფისა და სამუშაო კაპიტალის დაფინანსებისკენ. ეს გარემოება მათ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მცირე ბიზნესისთვის, რომლის საქმიანობა ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია ოპერატიულ ფინანსურ მოქნილობაზე (Berger & Udell, 2006).

საბანკო სესხსა და ალტერნატიულ დაფინანსებას შორის განსხვავება პრაქტიკულად ვლინდება დროის ჰორიზონტშიც: ბანკები ხშირად უკეთ „კეტავენ“ საშუალო/გრძელვადიან პროექტებს, მაშინ როცა ფინტექ-არხები ხშირად უფრო ძლიერია მოკლევადიანი ლიკვიდობისა და სამუშაო კაპიტალის დაფინანსებაში. სწორედ ამ სეგმენტშია ხშირი SME-ების ყველაზე მწვავე საჭიროება-სწრაფი თანხა მარაგების შესაძენად, მიმდინარე ხარჯების დასაფარად ან სეზონურობის გასანეიტრალებლად (OECD, 2019; World Bank, 2020).

ფინტექ პლატფორმები, SME დაფინანსება და ტრანზაქციული ხარჯების შემცირება

ფინტექ პლატფორმები SME დაფინანსებაში, როგორც წესი, მუშაობენ ციფრული არხებით, ავტომატიზებული გადაწყვეტილებებით და მონაცემებზე დაფუძნებული შეფასებით. მათი მთავარი ეკონომიკური არგუმენტი არის ტრანზაქციული ხარჯების შემცირება: ნაკლები დრო, ნაკლები ქაღალდის პროცესი, ნაკლები ადამიანური რესურსი როგორც გამცემი მხარისთვის, ისე მსესხებლისთვის (Philippon, 2016; Gomber et al., 2018).

ტრანზაქციული ხარჯების შემცირება ხდება რამდენიმე მექანიზმით. პირველი არის დიჯიტალიზაცია და თვითმომსახურება: ონლაინ განაცხადი, დოკუმენტების ატვირთვა/დადასტურება, ხელმოწერა და კომუნიკაცია ერთ სისტემაში. მეორე არის ავტომატიზებული სკრინინგი, როდესაც სტანდარტული წესები და მოდელები ამცირებს გადაწყვეტილების მიღების დროს და ოპერაციულ დანახარჯს. შედეგად, კრედიტის გაცემის „ფიქსირებული ღირებულება“ ნაკლებად აწვება პატარა მოცულობის სესხებს, რაც SME-სთვის კრიტიკულია (Thakor, 2020; Philippon, 2016).

მესამე მექანიზმი არის ალტერნატიული მონაცემების გამოყენება (მაგ., ტრანზაქციების ისტორია, გადახდის დისციპლინა, საბუღალტრო ციფრული ჩანაწერები, ელექტრონული კომერციის მონაცემები). ეს ამცირებს ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმების ხარჯს და ზოგ შემთხვევაში საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ისეთი მსესხებელი, რომელიც ტრადიციულ ბანკში „უხილავია“. სწორედ ამ მექანიზმს უკავშირებს ლიტერატურა ფინანსური ინკლუზიის ზრდას ფინტექ-კრედიტში (Claessens et al., 2018; Cornelli et al., 2022).

მეოთხე ასპექტია შუამავლების შემცირება და პროცესის გამჭვირვალობა: პლატფორმული მოდელები ხშირად ამცირებს ზედმეტ რგოლებს და ამარტივებს კონტრაქტისა და მონიტორინგის პროცესს. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხარჯების შემცირება ყოველთვის არ ნიშნავს საბოლოო ფასის შემცირებას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი მოკლევადიანია და რისკი მაღალია; ამიტომ ფინტექ დაფინანსება უფრო სწორად აღიქმება როგორც „მოქნილობა + სისწრაფე“, ვიდრე ავტომატურად „იაფი კრედიტი“ (Thakor, 2020; Claessens et al., 2018).

კვლევის მეთოდოლოგია

კვლევა ეფუძნება ხარისხობრივ დოკუმენტურ ანალიზს და ლიტერატურის სისტემურ მიმოხილვას. ეს მიდგომა არჩეულია იმის გამო, რომ ფინტექ SME-დაფინანსების ბაზარზე საჯაროდ ხელმისაწვდომი, დეტალური მიკრო-მონაცემები შეზღუდულია, ხოლო მიზანი არის მექანიზმებისა და ინსტიტუციური პირობების ახსნა და არა კონკრეტული პლატფორმის ეფექტის ეკონომიკური გაზომვა.

მონაცემთა წყაროებია: (ა) რეფერირებადი აკადემიური სტატიები და მიმოხილვები; (ბ) BIS-ისა და OECD-ის ანალიტიკური დოკუმენტები ფინტექ კრედიტისა და SME დაფინანსების შესახებ; (გ) მსოფლიო ბანკის საქართველოს ფინანსური სექტორის შეფასებები; (დ) საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ანგარიშები. ანალიზი შესრულდა თემატური კოდირებით - გამოიყო მექანიზმები (ხარჯები, დრო, მონაცემები), შედეგები (წვდომა, ლიკვიდობა, ზრდა) და პირობები (რეგულაცია, კონკურენცია, წიგნიერება).

კვლევის ძირითადი შეზღუდვა უკავშირდება პირველადი ემპირიული მონაცემების არქონას, რაც არ იძლევა ფინტექ დაფინანსების რაოდენობრივი ეფექტების ზუსტ გაზომვას საწარმოთა დონეზე. ამასთანავე, ფინტექ ბაზრის განვითარების ადრეული ეტაპი საქართველოში ზღუდავს გრძელვადიანი ტენდენციების ანალიზს. მიუხედავად ამისა, წარმოდგენილი მეთოდოლოგია ქმნის მყარ ანალიტიკურ საფუძველს ფინტექ დაფინანსების როლის შეფასებისთვის და შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც საწყისი ჩარჩო მომავალი ემპირიული კვლევებისთვის.

საქართველოს კონტექსტი: ბაზარი და რეგულაციური გარემო

საქართველოს ფინანსური სისტემა ისტორიულად ჩამოყალიბდა საბანკო სექტორის წამყვანი როლის პირობებში, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების ხელმისაწვდომობის არსებულ მოდელს. კომერციული ბანკები რჩებიან ფინანსური რესურსების ძირითად წყაროდ როგორც კორპორაციული, ისე მცირე ბიზნესისათვის, ხოლო ალტერნატიული და არასაბანკო დაფინანსების ფორმები ჯერ კიდევ შეზღუდულ წილს იკავებს ფინანსურ ბაზარზე.

აღნიშნული სტრუქტურა გარკვეულწილად უზრუნველყოფს ფინანსური სისტემის სტაბილურობას, თუმცა ამავდროულად ქმნის გამოწვევებს მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, რომელთა ფინანსური საჭიროებები ხშირად ვერ თავსდება ტრადიციული საბანკო დაკრედიტების ჩარჩოებში.

საქართველოს ფინანსურ სისტემაში SME-ების დაფინანსების პრაქტიკა კვლავ დიდწილად დაკავშირებულია საბანკო არხებთან, ხოლო ალტერნატიული ციფრული დაფინანსება განვითარების პროცესშია. მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის შეფასება ხაზს უსვამს სისტემურ საკითხებს, მათ შორის დაფინანსებაზე წვდომის სტრუქტურულ თავისებურებებს, კონკურენციასა და განვითარების ამოცანებს (World Bank, 2021).

ეროვნული ბანკის ანგარიშები და ოფიციალური კომუნიკაციები ასახავს რეგულატორის პრიორიტეტებს: ფინანსური სტაბილურობა, მომხმარებელთა დაცვა და ბაზრის მდგრადი განვითარება. ამ ჩარჩოში ფინტექის ზრდა, როგორც წესი, მიმდინარეობს ეტაპობრივად, იმის მიხედვით, როგორ თანხვდება ახალი პროდუქტები ზედამხედველობის მოთხოვნებსა და რისკების მართვის სტანდარტებს (National Bank of Georgia, 2022).

ბოლო წლებში საქართველოში თანდათან ვითარდება ფინტექ სექტორი, რაც უკავშირდება ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებას, მომხმარებელთა ქცევის ცვლილებასა და ფინანსური მომსახურების მოდერნიზაციის საჭიროებას. ფინტექ პლატფორმები ძირითადად წარმოდგენილია ციფრული დაკრედიტების, გადახდის სერვისებისა და ფინანსური მომსახურების ტექნოლოგიური გადაწყვეტების სახით. მათი ნაწილი ორიენტირებულია საცალო მომხმარებლებზე, თუმცა ეტაპობრივად იზრდება ინტერესი მცირე და საშუალო საწარმოების სეგმენტის მიმართ, განსაკუთრებით მოკლევადიანი დაფინანსებისა და სამუშაო კაპიტალის უზრუნველყოფის მიმართულებით (National Bank of Georgia, 2022).

საქართველოს შემთხვევაში ფინტექ დაფინანსების პრაქტიკული ღირებულება SME-ებისთვის ყველაზე მკაფიოდ ჩანს მოკლევადიან საჭიროებებში: სწრაფი ლიკვიდობა, ოპერაციული ხარჯების დაფინანსება, სეზონურობის „გადატანა“. თუმცა ბაზრის მასშტაბი, პროდუქტების მრავალფეროვნება და გრძელვადიანი ინსტრუმენტების სიმცირე ჯერ კიდევ ზღუდავს ფინტექის შესაძლებლობას, გახდეს ინვესტიციებზე ორიენტირებული „გრძელვადიანი“ დაფინანსების ძირითადი წყარო. (OECD, 2019; World Bank, 2020)

ფინტექ დაფინანსების ბაზრის განვითარება საქართველოში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ინსტიტუციურ გარემოზე და რეგულაციურ ჩარჩოზე. საქართველოს ეროვნული ბანკი ასრულებს საკვანძო როლს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისა და მომხმარებელთა დაცვის უზრუნველყოფაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინოვაციური ფინანსური პროდუქტების გავრცელების პირობებში. ამავე დროს, რეგულაციური მიდგომების სიფრთხილე ზოგჯერ ზღუდავს ფინტექ პლატფორმების ოპერირების მოქნილობას და აფერხებს ახალი დაფინანსების მოდელების სწრაფ დანერგვას. შედეგად, ფინტექ სექტორის ზრდა ხშირად ხდება ეტაპობრივად და ადაპტაციის პროცესში (National Bank of Georgia, 2022).

საქართველოს ფინტექ ბაზრის განვითარების კიდევ ერთი თავისებურება უკავშირდება კონკურენციის სტრუქტურას. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე მოქმედი ფინტექ პლატფორმების რაოდენობა იზრდება, მათი პროდუქტის პორტფელი ჯერ კიდევ შედარებით შეზღუდულია და ხშირად კონცენტრირებულია მოკლევადიან, შედარებით მაღალრისკიან ფინანსურ ინსტრუმენტებზე. ეს გარემოება ზღუდავს ფინტექ დაფინანსების გამოყენებას გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტებისათვის და ამცირებს მის გავლენას მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაზე (World Bank, 2020).

ფინტექ დაფინანსება საქართველოში შეიძლება შეფასდეს როგორც განვითარების პროცესში მყოფი ინსტიტუციური და საბაზრო ფენომენი, რომელიც ქმნის რეალურ შესაძლებლობებს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, თუმცა ამ შესაძლებლობების სრულად რეალიზება დამოკიდებულია რეგულაციური გარემოს ევოლუციაზე, ბაზრის დივერსიფიკაციასა და ფინანსური წიგნიერების გაძლიერებაზე. 

დასკვნა და რეკომენდაციები

ნაშრომის ანალიზი აჩვენებს, რომ ფინტექ პლატფორმების მიერ შეთავაზებული ალტერნატიული დაფინანსება წარმოადგენს რეალურ დამატებით რესურსს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, განსაკუთრებით იმ გარემოში, სადაც საბანკო დაკრედიტება ხშირად ითვალისწინებს მაღალი ბარიერების სისტემას. ფინტექ დაფინანსების მთავარი ღირებულება მდგომარეობს პროცესის დაჩქარებასა და ადმინისტრაციული ტვირთის შემცირებაში, რაც მცირე ბიზნესს საშუალებას აძლევს უფრო სწრაფად უპასუხოს ოპერაციულ საჭიროებებს და შეინარჩუნოს საქმიანობის უწყვეტობა. ეს ეფექტი განსაკუთრებით თვალსაჩინოა მოკლევადიანი ლიკვიდობის მართვისა და სამუშაო კაპიტალის დაფინანსების შემთხვევაში. 

მეორე მნიშვნელოვანი დასკვნაა ის, რომ ფინტექ დაფინანსება საუკეთესო შედეგს იძლევა მაშინ, როდესაც იგი განიხილება როგორც საბანკო არხების შემავსებელი და არა მათი ავტომატური შემცვლელი. ტრადიციული ბანკები ხშირად უფრო ეფექტიანია გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებაში, ხოლო ფინტექ პლატფორმები შედარებით ძლიერია სწრაფი, მოქნილი და მცირე მოცულობის ფინანსური გადაწყვეტილებების მიწოდებაში. სწორედ ამ კომპლემენტარობის გამოყენება ქმნის შესაძლებლობას, რომ მცირე და საშუალო საწარმოებმა დაფინანსების წყაროები დააბალანსონ და შემცირდეს ერთ არხზე დამოკიდებულების რისკი. 

ამავე დროს, ფინტექ დაფინანსების განვითარებას ახლავს რისკები, რომლებიც საჭიროებს პოლიტიკისა და ზედამხედველობის სწორ კომბინაციას. ერთი მხრივ, ზედმეტად „მძიმე“ რეგულაცია შეიძლება აფერხებდეს ინოვაციას და პროდუქტების დივერსიფიკაციას; მეორე მხრივ კი, ზედმეტად ლიბერალური მიდგომა ზრდის მომხმარებელთა უფლებების დარღვევისა და ჭარბი დავალიანების რისკს. ამდენად, ეფექტიანი ჩარჩო უნდა იყოს პროპორციული: მაღალი რისკის პროდუქტებზე უფრო მკაცრი მოთხოვნები, ხოლო დაბალი რისკის ინოვაციებზე-უფრო მოქნილი რეჟიმი.

რეკომენდაციების ნაწილში, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია რეგულაციური ჩარჩოს დახვეწა ისე, რომ ფინტექ პლატფორმებს ჰქონდეთ განვითარების სივრცე, ხოლო მომხმარებელთა დაცვა მკაფიო წესებით იყოს უზრუნველყოფილი. პრაქტიკულად ეს ნიშნავს გამჭვირვალე ინფორმირების სტანდარტების გაძლიერებას (სესხის სრული ღირებულება, საკომისიოები, ჯარიმები, ვადაგადაცილებების პოლიტიკა), პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების მკაფიოდ ჩამოყალიბებას და საჩივრების/დავების გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმების გაძლიერებას. პარალელურად მნიშვნელოვანია პლატფორმების მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრება, რათა ციფრული ფინანსური სერვისების გაფართოებამ არ გაზარდოს კიბერრისკები და მონაცემთა გაჟონვის საფრთხე.

მეორე მიმართულება არის ბაზრის განვითარების მხარდაჭერა და SME-ების შესაძლებლობების გაძლიერება. ერთ-ერთი პრაქტიკული ნაბიჯია ისეთი ინსტრუმენტების წახალისება, რომლებიც SME-ების რეალურ საჭიროებებს პასუხობს: სამუშაო კაპიტალის პროდუქტები, ინვოის-ფინანსირების ციფრული ფორმები, მიწოდების ჯაჭვის დაფინანსება და ბიზნესის ტრანზაქციებზე დაფუძნებული მოკლევადიანი კრედიტი. ამასთანავე, აუცილებელია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური და ციფრული წიგნიერების პროგრამების გაფართოება, რათა ბიზნესებმა უკეთ შეაფასონ დაფინანსების ღირებულება, ვადების შესაბამისობა და სესხის მომსახურების რეალური შესაძლებლობა. საბოლოოდ, უკეთ განვითარებული მონაცემთა ინფრასტრუქტურა (მაგ., პასუხისმგებლიანი მონაცემთა გაზიარება და კრედიტინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესება) გააძლიერებს შეფასების სიზუსტეს და შეამცირებს მხოლოდ უზრუნველყოფაზე დამოკიდებულებას, რაც SME-ების ფინანსურ წვდომას გააუმჯობესებს. 

გამოყენებული ლიტერატურა

Beck, T., & Demirgüç-Kunt, A. (2006). Small and medium-size enterprises: Access to finance as a growth constraint. Journal of Banking & Finance, 30(11), 2931–2943.

Berger, A. N., & Udell, G. F. (2006). A more complete conceptual framework for SME finance. Journal of Banking & Finance, 30(11), 2945–2966.

Claessens, S., Frost, J., Turner, G., & Zhu, F. (2018). Fintech credit markets around the world: Size, drivers and policy issues. BIS Quarterly Review (September).

Cornelli, G., Frost, J., Gambacorta, L., & others. (2022). The impact of fintech lending on credit access for U.S. small businesses (BIS Working Papers No. 1041). Bank for International Settlements.

Gomber, P., Koch, J.-A., & Siering, M. (2018). Digital finance and FinTech: Current research and future research directions. Journal of Business Economics, 88(5), 537–580.

National Bank of Georgia. (2022). Financial Stability Report 2022.

OECD. (2019). Financing SMEs and Entrepreneurs 2019: An OECD Scoreboard. OECD Publishing.

Philippon, T. (2016). The fintech opportunity. NBER Working Paper No. 22476.

Stiglitz, J. E., & Weiss, A. (1981). Credit Rationing in Markets with Imperfect Information American Economic Review, 71(3), 393–410.

Thakor, A. V. (2020). Fintech and banking: What do we know? Journal of Financial Intermediation, 41, 100833.

World Bank. (2020). SME finance: Development issues and policy approaches (overview and analytical materials). World Bank.

World Bank. (2021). Georgia: Financial Sector Assessment (FSAP). World Bank.