ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი
|
|
|
|
ჟურნალი ნომერი 1 ∘
თინათინ გოგოლიშვილი ∘
მართვისადმი ინოვაციური მიდგომები თანამედროვე ტურიზმში DOI: 10.52340/ekonomisti.2026.01.17 ანოტაცია. წინამდებარე ნაშრომი იკვლევს ტურიზმის ინდუსტრიაში მართვისადმი ინოვაციური მიდგომების გავლენას კომპანიის კონკურენტუნარიანობასა და გრძელვადიან ეფექტიანობაზე. კვლევის ფარგლებში განხორციელდა საქართველოში მოქმედი 103 ტურისტული ორგანიზაციის ანკეტირება და ორი ტიპის კომპანიის, კერძოდ სიახლეებზე მეტად და ნაკლებად ორიენტირებული ტურ ოპერატორის შედარებითი ანალიზი. კვლევამ აჩვენა, რომ მართვაში სიახლეების დანერგვაზე ორიენტირებული კომპანია საშუალო დანახარჯების მინიმუმს დაახლოებით იმავე მოცულობის წარმოებისას აღწევს, რასაც ნაკლებად ინოვაციური საწარმო, თუმცა მისი ხარჯები შედარებით მაღალია ინოვაციური პროექტების განხორციელებაზე გაწეული დანახარჯების გამო. მიუხედავად ამისა, დადასტურდა, რომ გრძელვადიან პერიოდში ინოვაციური მართვის მქონე ტურ ოპერატორი გაცილებით ადრე აღწევს წარმოების მინიმალურად ეფექტიან სიდიდეს, ერთეულ პროდუქტზე დაბალი საშუალო დანახარჯებით და ამ ეფექტიანობას უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს. ნაშრომის დასკვნით ნაწილში არგუმენტირებულია, რომ ციფრულ ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ კორპორაციულ კულტურაზე დაფუძნებული მართვისადმი ინოვაციური მიდგომები გადამწყვეტია ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისა და გრძელვადიანი წარმატებისთვის. საკვანძო სიტყვები: მართვისადმი ინოვაციური მიდგომები. ტურიზმის ინდუსტრია. საშუალო დანახარჯების მინიმიზაცია. მასშტაბის ეფექტი. კონკურენტული უპირატესობა. შესავალი ტურიზმის ინდუსტრიის და ტურისტული პროდუქტის თავისებურება აიძულებს დარგში მოქმედ ბიზნეს სუბიექტებს, თვალი ადევნონ სწრაფად მზარდი და ცვალებადი ბაზრის ტენდენციებს, მათ შორის მომხმარებლის მოთხოვნების დინამიკას, ტექნოლოგიურ სიახლეებს, ნოვაციებს პროცესების მართვაში წარმოების ეფექტიანობის ამაღლების გზების ძიებაში. ტურიზმის სფეროში მოქმედ კომპანიაში მართვის სხვადასხვა ასპექტების, ან მთლიანად სტილის ცვლილება კომპანიას კონკურენტულ უპირატესობას აძლევს. ტურიზმის დარგში მოქმედ კომპანიებში მართვისადმი სხვადასხვა მიდგომის პირობებში ჩამოყალიბებული შიდა-საწარმოო ურთიერთობები, ასევე მართვისადმი სხვადასხვა მიდგომის ფარგლებში ორგანიზაციის გარე სამყაროს გამოწვევებზე რეაგირების პროცესი წინამდებარე კვლევის ობიექტს წარმოადგენს. კვლევის საგანად განისაზღვრა ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედ ორგანიზაციათა მენეჯმენტის პროცესში ჩამოყალიბებული ურთიერთობები, რომლებიც მართვისადმი ახლებური მიდგომის ფორმირების ფარგლებში ჩნდება. კვლევის საკვანძო ჰიპოთეზას წარმოადგენს მტკიცება იმის შესახებ, რომ კომპანიები, რომლებიც გამუდმებით აახლებენ მართვისადმი მიდგომებს, მოკლევადიან პერიოდში ღებულობენ უფრო მაღალ საწარმოო დანახარჯებს, თუმცა უფრო ადრე აღწევენ წარმოების მინიმალურად ეფექტიან სიდიდეს, მასშტაბის მუდმივი ეფექტი კი უფრო დიდხანს გრძელდება. წინამდებარე კვლევის მიზანია დასაბუთებულ იქნას მართვისადმი ინოვაციური სტილის მნიშვნელობა კომპანიის გრძელვადიანი ეფექტიანობის მიღწევისთვის. კვლევის მიზნის მისაღწევად შესრულებულ იქნა შემდეგი ამოცანები: 1. ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიების მართვისადმი მიდგომების თეორიული გააზრება; 2. ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიის რაოდენობრივი მოდელის შემუშავება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით; 3. მართვაში სიახლეების დანერგვისკენ მეტად ან ნაკლებად მიდრეკილი კომპანიების ფუნქციონირების შედარება; 4. ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიებში მართვაში სიახლეების დანერგვაზე ორიენტირების მნიშვნელობის დასაბუთება კომპანიის გრძელვადიანი ეფექტიანობის გადიდების თვალსაზრისით. საკვლევი პრობლემის მრავალწახნაგოვანი ხასიათი რამდენიმე კვლევითი ინსტრუმენტის ერთობლივად გამოყენებას საჭიროებს(Kalisdha, 2023). შესაბამისად, კვლევითი ამოცანები შესრულებულ იქნა ლიტერატურის მიმოხილვის, ანკეტირების, დაღრმავებული ინტერვიუს, შემთხვევის და შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტებით. ტურიზმის დარგში მართვისადმი ინოვაციურ მიდგომებთან დაკავშირებით თანამედროვე აკადემიური საზოგადოება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, როგორიცაა მენეჯმენტში სიახლეების და ტექნოლოგიური ინოვაციების კავშირი მდგრადობასა და ორგანიზაციის ეფექტიანობაზე (Zhang, Zeng , Liang, Xue, & Cao, 2023), (Slađana, Nikola, Miodrag, & Sanja, 2023); მართვისადმი ინოვაციური მიდგომების მნიშვნელობა ეკონომიკური კრიზისების დროს (Britchenko, 2023); ინოვაციური მართვის პროცესში ინტერესთა სხვადასხვა ჯგუფების მონაწილეობის, ქსელური კავშირების მნიშვნელობა (ბერიძე, 2023), (Ludvík & Peterková , 2016), (Izadi , Ziyadin, Palazzo, & Sidhu, 2020), (Arriaga Martínez & Roque López, 2018), (Stanovčić, Perović, & Peković, 2015), (Ivars Baidal, Sánchez, Vera Rebollo, & Acebal, 2014). ზონტეკი მიანიშნებს ტურისტული საწარმოების მენეჯერების მიდგომის შეცვლის აუცილებლობაზე, რათა თანამშრომლებს მიენიჭოთ ინოვაციური გადაწყვეტილებების მოძიებაში მონაწილეობის როლი (Zontek, 2016). ჰიდალგო და ალბორსი ხაზს უსვამენ, რომ ცოდნა არის მთავარი რესურსი, რომელიც განსაზღვრავს კომპანიების კონკურენტუნარიანობას, ხოლო ინოვაცია არის ინტერაქტიული, სწავლაზე დაფუძნებული პროცესი, სადაც ცოდნის გაცვლა და თანამშრომლობა გადამწყვეტია. ცოდნის მართვა, ბაზრის დაზვერვა, თანამშრომლობა და ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანობის გადიდება მართვაში სიახლეების შეტანის ფაქტორებს შეიძლება წარმოადგენდნენ; არ არსებობს ერთი უნივერსალური ინსტრუმენტი და კომპანიებმა უნდა გამოიყენონ სხვადასხვა მიდგომების კომბინაცია საკუთარი სპეციფიკური საჭიროებებისა და ბაზრის გამოწვევების გათვალისწინებით (Hidalgo & Albors , 2008). განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას თანამედროვე ტურისტული კომპანიის მართვის პროცესში (Syafi’I, Shobichah, & Asyifah, 2023), (Konovalova & Demenev, 2020); ინოვაციური კულტურის დანერგვის მნიშვნელობას (Yarış, 2019), (Sherstobitova , Shmatko, & Krayneva, 2019), (Al-Essa, Almahamid , & Al-Jayyousi, 2022), ( Babaeva & Grigorieva, 2020), (Zhao, Yi, & Chen, 2022), (Orieno, Udeh, Oriekhoe, Odonkor, & Ndubuisi, 2024); ტურიზმის დარგში მოქმედ კომპანიებში მართვის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სპეციფიკას (Latfullin, Smirnova, Gromova, & Bobyleva , 2021). როგორც ჩანს, თანამედროვე ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიისთვის აუცილებელია მართვისადმი ახლებური მიდგომები, ციფრულ ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, ადამიანური რესურსების მართვისადმი ახლებური მიდგომების ჩამოყალიბება, თანამშრომლობის ატმოსფერო, მძლავრი არაფორმალური ქსელი, როგორც კომპანიის შიგნით, ისე დარგში მომუშავე კომპანიებს შორის. ტურიზმის დარგში მოქმედი, სიახლეებზე მეტად ორიენტირებული კომპანია გამოირჩევა პერსონალის მართვაში მაღალი ჩართულობით; გადაწყვეტილებების მიღებით დისკუსიის, განსჯის, სხვადასხვა პოზიციების შეჯერების, კვლევის, მომხმარებლის შესწავლის, ანალიზის საფუძველზე. მოკლე-ვადიან პერიოდში ამგვარ კომპანიას მეტი დანახარჯები აქვს მართვაში სიახლის დანერგვაზე, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში იგი ღებულობს მეტ ცნობადობას, უფრო კმაყოფილ მომხმარებელს, მფლობელებს და თანამშრომლებს, უშვებს ნაკლებ შეცდომებს მართვაში, შესაბამისად მეტად ეფექტიანია საქმიანობის ნებისმიერ ასპექტში. მართვაში სიახლეებზე ნაკლებად ორიენტირებულ კომპანიაში მეტია მენეჯერის მიერ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, პერსონალი ნაკლებადაა ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, კომპანიის გუნდი ნაკლებად მიესალმება სიახლეებს. მოკლევადიან პერიოდში ამგვარ კომპანიას შედარებით ნაკლები დანახარჯები გააჩნია, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში მართვაში სიახლეებზე ნაკლებად ორიენტირება გულისხმობს მეტ მცდარ გადაწყვეტილებას, სტრატეგიული უპირატესობის დაკარგვას და მთლიანად, ეფექტიანობის შემცირებას. ტურიზმის დარგში მოქმედი კომპანიის მართვის სფეროსთვის დამახასიათებელ სიახლეებში შეიძლება გამოიყოს რამდენიმე მიმართულება, რომელიც დარგობრივი სპეციფიკით არის გამოწვეული: დაჯავშნის და გაყიდვების მართვის ციფრული პლატფორმები; შიდა როტაციის მექანიზმი; მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის ციფრული პლატფორმები და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება; მართვის ეფექტიანობის ამაღლება ზოგიერთი სახის მომსახურების კომპანიის გარეთ გატანის მეშვეობით; ეკო-მეგობრულობაზე ორიენტირებული კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბება; სეზონურობის მიხედვით თანამშრომელთა დენადობის მართვის ეფექტიანობის გადიდების ღონისძიებები, გარდა ამისა, აღსანიშნავია რამდენიმე ზოგად მიმართულება, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ინდუსტრიაში იქნას დანერგილი: ოფისის მართვის ციფრული პროგრამების დანერგვა; ფინანსების მართვის ციფრული პროგრამების დანერგვა; მართვის სტრუქტურული რეორგანიზაცია; თანამშრომელთა ეფექტიანობის შეფასების ციფრული პლატფორმების დანერგვა; სიახლეების დანერგვისადმი თანამშრომელთა მოტივაციის სქემები; უსაფრთხოების / დაშვების / აღრიცხვის ციფრული პლატფორმები და მოწყობილობები; მარაგების მართვის ციფრული პლატფორმები და ზუსტად ვადაში სქემები. საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიების მართვაში ინოვაციების პროცესის შეფასების მიზნით განხორციელებული ანკეტირებისთვის შერჩეულ იქნა ცხრა ტიპის (ტურ-ოპერატორი, ტურ-აგენტი, სასტუმრო, რესტორანი, გადამზიდავი, დაცული ტერიტორიის მართვის კომპანია, მუზეუმი, პარკის/ბულვარის/ატრაქციონის მართვის კომპანია და რეკრეაციული / სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროფილის კომპანია) 103 კომპანია საქართველოს მასშტაბით. ანკეტირებამ გამოავლინა საქართველოში ტურიზმის სფეროში მოქმედი კომპანიების ინოვაციებისადმი მიდრეკილების გარკვეული მოდელი. ძირითადად, დარგში მოქმედებენ კომპანიები, რომლებიც დაახლოებით 10 წელია მუშაობენ ბაზარზე; კომპანიებში მეტწილად ფიქსირდება მართვის დემოკრატიული ფორმა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება თანამონაწილეობით, მენეჯერები ორიენტირებულნი არიან გაზარდონ გუნდის ეფექტიანობა, ხელი შეუწყონ თანამშრომელთა თვითგანვითარებასა და ზრდას; მეტწილად ინოვაციები მართვის პროცესში ინერგება წელიწადში 1-2-ჯერ; ყველაზე ხშირად ხორციელდება მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის ციფრული პლატფორმების დანერგვა/განახლება, უსაფრთხოების, დაშვების ან აღრიცხვის ციფრული პლატფორმების და მოწყობილობების, ასევე, სიახლეების დანერგვისადმი თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელი ღონისძიებების ორგანიზება; ინოვაციების დანერგვის მიზეზებს შორის ყველაზე ხშირია სტიმულები, რომლებსაც ქმნის საერთაშორისო პრაქტიკაში, ან კონკურენტი კომპანიის მიერ განხორციელებული მართვის მოდერნიზების შემთხვევები; მეტწილად ამგვარი ინოვაციები მართვაში კომპანიის მაღალი რგოლის მენეჯმენტის სფეროდან მოდის; ინოვაციების დანერგვამ ყველაზე მეტად გააუმჯობესა კომპანიის თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის ხარისხი და შეამცირა ოპერაციების შესრულების დრო; ყველაზე ხშირი პრობლემა უკავშირდება ფინანსურ რესურსებს, აგრეთვე იმ ფაქტს, რომ მართვაში სიახლის ეფექტი სწრაფად არ ჩნდება, რის გამოც პრობლემები იქმნება კომპანიის მფლობელებთან. ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიების ანკეტირების შედეგად გამოვლენილ იქნა სიახლეების დანერგვისკენ მეტად და ნაკლებად მიდრეკილი კომპანიები, რაც გახდა საფუძველი მათ წარმომადგენლებთან ჩაღრმავებული ინტერვიუს განხორციელებისთვის. ინტერვიუს შედეგად გამოვლინდა, რომ მართვაში ინოვაციების დანერგვის სფეროში საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიის წარმატების გასაღებს წარმოადგენს პოზიცია, რომელსაც იჭერს კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენელი: ა) კომპანიის საბაზრო პოზიციის მიმართ; ბ) კომპანიის სხვა მენეჯერების მიმართ; გ) თანამშრომლების მიმართ; დ) მფლობელების მიმართ. მენეჯმენტის გუნდის წარმომადგენელთა მხრიდან ამ ოთხი ასპექტის მიმართ საკუთარი თავის პოზიციონირება განაპირობებს კომპანიის მეტ ან ნაკლებ მიდრეკილებას, დანერგოს ინოვაციები მენეჯმენტში. კვლევის შემდეგ ეტაპზე არჩეულ იქნა ორი ტურ-ოპერატორი, მეტად ან ნაკლებად მიდრეკილი მართვაში ინოვაციების მიმართ. აღნიშნული კომპანიების ფინანსური მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ინტერვიუს შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა მოკლე და გრძელვადიან პერიოდებში ტურ-ოპერატორის მუშაობის რაოდენობრივი სქემა, რომელიც შემდეგ წინაპირობებს დაეყრდნო: ა) მოკლევადიან პერიოდად ტურ-ოპერატორისთვის განისაზღვრა 3 თვე; ბ) მოკლევადიან პერიოდში ტურ-ოპერატორის წარმოების მოცულობა 9 ვარიანტად დაიყო (0-დან 24 ტურამდე კვარტალში, ბიჯით 3 ექსკურსია); გ) გრძელვადიანი პერიოდის ანალიზისთვის აღებულ იქნა წარმოების მოცულობა 4 თვეში, 10-დან 110 ექსკურსიამდე, ბიჯით 10 ექსკურსია; დ) არსებულ სიმძლავრეებზე უკვე მეორე ან მესამე ავტობუსის დამატების დროს კომპანიას უწევს გარკვეული ტექნოლოგიური სიახლეების შემოტანა ან მართვისადმი მიდგომის შეცვლა; ე) მასშტაბის უარყოფითი ეფექტის მოქმედება მენეჯმენტის დონეების გადიდების, ფუნქციების დუბლირების და ინფორმაციის დაკარგვის გამო მცდარი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიზეზებით ხდება დაახლოებით 15-20 ან მეტი საექსკურსიო ავტობუსის ფლობის შემთხვევაში. აღნიშნული წინაპირობების გათვალისწინებით, შედარებითი ანალიზის ფარგლებში, ჩამოყალიბდა ტურიზმის დარგში მოქმედი ორი კომპანიის დანახარჯების მოდელი მოკლე და გრძელვადიან პერიოდებში. პირველ ეტაპზე განხილულ იქნა ისეთი კომპანია, რომელსაც არ გააჩნია დიდი მიდრეკილება მენეჯმენტში სიახლეების შემოტანის მიმართ. როგორც ჩანს, მცირე ტურ-ოპერატორი კომპანია აღწევს ერთ მომსახურებაზე ხარჯების ყველაზე დაბალ დონეს (40000 ლარი) იმ პირობებში, თუ კვარტალში 12-დან 15-მდე (უფრო მეტი მიახლოებით 14-15) ექსკურსიას განახორციელებს. ამავე კომპანიის გრძელვადიან პერიოდში დანახარჯებიდან ჩანს, რომ კომპანიისთვის მასშტაბის მუდმივი ეფექტი იწყება ოთხ თვეში 40 ექსკურსიიდან და გრძელდება ამავე პერიოდში 80 ექსკურსიამდე. ამ დროს ერთეულ ექსკურსიაზე დანახარჯები 22000 ლარს შეადგენს. იგივე სახის მოდელირება იქნა განხორციელებული ტურ-ოპერატორისთვის, რომელიც უფრო მეტად არის ორიენტირებული მართვაში სხვადასხვა სიახლეების დანერგვაზე. როგორც აღმოჩნდა, მოკლევადიან პერიოდში ამ ტიპის ტურ-ოპერატორის საშუალო დანახარჯები შედარებით მაღალია. დიდი განსხვავება ხარჯებში არ ფიქსირდება - ყველაზე მინიმალური დონე საშუალო ხარჯებში, რომელსაც აღწევს ამგვარი ტურ-ოპერატორი, ფიქსირდება იგივე 14-15 ექსკურსიის პირობებში და აღწევს 44,7 ათას ლარს, რაც რამდენიმე ათასი ლარით მეტია ზევით განხილული ტურ-ოპერატორის მინიმალურ საშუალო ხარჯებზე მოკლევადიან პერიოდში და არ იძლევა დიდი განსხვავებას ხარჯებში, თუ ექსკურსიების ნაცვლად ცალკეულ ტურისტზე გაწეული დანახარჯები იქნება აღებული. ამგვარი განსხვავების მიზეზები სიახლეებზე ორიენტირების ხარისხში მდგომარეობს - ტურ-ოპერატორი, რომელიც სიახლეებზე მეტად არის ორიენტირებული, გამუდმებით ხარჯავს ფულს გარკვეულ მოდერნიზებაზე - უფრო ფართოდ რომ ითქვას, ამგვარი ტურ-ოპერატორი ორიენტირებულია არა მარტო მართვაში სიახლეებზე, არამედ საერთოდ, გამუდმებით ეძებს ინოვაციებს მისი საქმიანობის ნებისმიერ ასპექტში, რაც აისახება შედარებით მაღალ დანახარჯებში მოკლევადიან პერიოდში. რაც შეეხება, გრძელვადიანი პერიოდის ხარჯების მოდელირებას ამ ტიპის ტურ-ოპერატორისთვის, მასშტაბის ეფექტი იწყება 30 ექსკურსიიდან ოთხი თვის მანძილზე და გრძელდება 90 ექსკურსიამდე. ამ პერიოდში კომპანია ინარჩუნებს ერთეულ ექსკურსიაზე დანახარჯების რაოდენობას 18000 ლარის მოცულობით. გრძელვადიან პერიოდში მართვაში სიახლეების დანერგვაზე ორიენტირებული კომპანია უფრო ადრე აღწევს წარმოების მინიმალურად ეფექტიან სიდიდეს (წარმოდგენილ მაგალითში მართვაზე სიახლეების დანერგვაზე ნაკლებად ორიენტირებული კომპანია აღწევს ამ სიდიდეს ოთხ თვეში 40 ექსკურსიის განხორციელებისას, როცა საშუალო ხარჯი ერთ ექსკურსიაზე შეადგენს 22000 ლარს და ინარჩუნებს მას ოთხ თვეში 80 ექსკურსიის ნიშნულამდე, ხოლო მართვაში სიახლეებზე მეტად ორიენტირებული კომპანია აღწევს ამ სიდიდეს ოთხ თვეში 30 ექსკურსიის განხორციელებისას, როცა საშუალო ხარჯი ერთ ექსკურსიაზე შეადგენს 18000 ლარს და ინარჩუნებს მას ოთხ თვეში 90 ექსკურსიის ნიშნულამდე (იხ. ნახაზი 1. ქვემოთ.))
ნახ.1. ტურიზმის დარგში მოქმედი ორი კომპანიის შედარება შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში მართვაში სიახლეების დანერგვაზე ორიენტირებული ტურ-ოპერატორი კომპანია აღწევს საშუალო დანახარჯების მინიმუმს იგივე ნიშნულზე, რა ნიშნულზეც საშუალო დანახარჯების მინიმუმს აღწევს მართვაში სიახლეების დანერგვაზე ნაკლებად ორიენტირებული ტურ-ოპერატორი კომპანია, თუმცა ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანიის საშუალო დანახარჯების მინიმალური სიდიდე შედარებით მაღალია, რაც გამოწვეულია მართვაში სიახლეების დანერგვის პროექტებზე განხორციელებული დანახარჯებით. ამავე დროს გრძელვადიან პერიოდში მართვაში სიახლეების დანერგვაზე ორიენტირებული ტურ-ოპერატორი კომპანია უფრო ადრე აღწევს წარმოების მინიმალურად ეფექტიან სიდიდეს ერთეულ ექსკურსიაზე საშუალო ხარჯების უფრო დაბალი დონის პირობებში და ინარჩუნებს მას უფრო დიდი ხნის მანძილზე. საბოლოო ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიისთვის კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისა და ბაზარზე გადარჩენის მიზნით აუცილებელია მართვისადმი ახალი, მათ შორის ციფრულ ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტზე, ინოვაციურ ორგანიზაციულ კულტურაზე, თანამშრომლობის ატმოსფეროსა და კომუნიკაციების არაფორმალურ ქსელზე დაფუძნებული, მიდგომების ჩამოყალიბება. საქართველოში ტურიზმის სფეროში მოქმედ კომპანიებში ძირითადად გვხვდება დემოკრატიული მართვის ფორმა, კომპანიის მენეჯერები ორიენტირებულნი არიან გუნდის ეფექტიანობის ზრდასა და თანამშრომელთა თვითგანვითარებაზე. ამავე დროს მართვაში ინოვაციების დანერგვა არც ისე ხშირად ხდება: სიახლეები ინერგება წელიწადში 1-2-ჯერ, ძირითადად ხორციელდება მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის ციფრული პლატფორმების დანერგვა/განახლება, უსაფრთხოების, დაშვების ან აღრიცხვის ციფრული პლატფორმების და მოწყობილობების შემოტანა. შედარებით დაბალია თანამშრომელთა ჩართულობის ხარისხი - ხშირად ინოვაციები მართვაში კომპანიის მაღალი რგოლის მენეჯმენტის სფეროდან მოდის და უკავშირდება საერთაშორისო პრაქტიკაში ან კონკურენტის მიერ უკვე დანერგილი სიახლის გადმოღებას. საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედი ორი ტურ-ოპერატორის შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ მართვაში სიახლეების დანერგვაზე ორიენტირებული ტურ-ოპერატორი კომპანია აღწევს საშუალო დანახარჯების მინიმუმს დაახლოებით იგივე ნიშნულზე, რა ნიშნულზეც საშუალო დანახარჯების მინიმუმს აღწევს მართვაში სიახლეების დანერგვაზე ნაკლებად ორიენტირებული ტურ-ოპერატორი კომპანია, თუმცა ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანიის საშუალო დანახარჯების მინიმალური სიდიდე შედარებით მაღალია, რაც გამოწვეულია მართვაში სიახლეების დანერგვის პროექტებზე განხორციელებული დანახარჯებით. ამავე დროს გრძელვადიან პერიოდში მართვაში სიახლეების დანერგვაზე ორიენტირებული ტურ-ოპერატორი კომპანია უფრო ადრე აღწევს წარმოების მინიმალურად ეფექტიან სიდიდეს ერთეულ ექსკურსიაზე საშუალო ხარჯების უფრო დაბალი დონის პირობებში და ინარჩუნებს მას უფრო დიდი ხნის მანძილზე. გამოყენებული ლიტერატურა Babaeva, A. A., & Grigorieva, E. V. (2020). Principles of Innovation Processes Management. International science and technology conference "FarEastCon-2019 (გვ. 1-5). IOP Conf. Series: Materials Science and Engineering. doi:10.1088/1757-899X/753/5/052064 Al-Essa, S. A., Almahamid , S. M., & Al-Jayyousi, O. R. (2022 წლის September). Innovation Culture, Competitive Advantage, And Organizational Performance: A Theoretical Perspective. International Journal of Social Science and Technology, 7(2), 1-19. Arriaga Martínez, A. A., & Roque López, M. V. (2018). Theoretical approach of innovation in organizations:Background and research perspectives. Revista de El Colegio de San Luis, 8(17), 77-106. Britchenko, I. (2023). Innovative approaches to business management in conditions of economic instability. Studies of the Industrial Geography Commission of the Polish Geographical Society], 37(4), 41-49. doi:https://doi.org/10.24917/20801653.374.3 Hidalgo, A., & Albors , J. (2008). Innovation management techniques and tools: a review from theory and practice. Wiley, 38(2), 113-127. doi: https://doi.org/10.1111/j.1467-9310.2008.00503.x Ivars Baidal, J. A., Sánchez, I. R., Vera Rebollo, J. F., & Acebal, A. (2014). New Approaches In Tourism Management: The Innovative Business Group Programme In Spain. Boletín de la Asociación de Geógrafos Españoles, 521-527. Izadi , J. Z., Ziyadin, S., Palazzo, M., & Sidhu, M. (2020 წლის 11 December). The Evaluation of the Impact of Innovation Management Capability to Organisational Performance. Qualitative Market Research: An International Journal, 23(4), 697–723. Kalisdha, A. (2023 წლის November). Innovative Approaches to Management Research: Methods, Strategies, and Tools. International Journal of All Research Education and Scientific Methods (IJARESM), 11(11), 422-432. Konovalova, E. E., & Demenev, A. V. (2020). Innovative Approach to Improving Business Competencies and Managerial Skills in Training Personnel in the Hospitality Industry. Turismo: Estudos & Práticas (UERN), 9(1), 1-9. Latfullin, G. R., Smirnova, V. G., Gromova, O. N., & Bobyleva , N. V. (2021). Main Approaches and Concepts Management Today and in the Future. Advances in Social Science, Education and Humanities Research, 245-253. Ludvík , L., & Peterková , J. (2016). Methods for Innovations and Management of the Innovation Process In an Enterprice. Studia Ekonomiczne. Zeszyty Naukowe Uniwersytetu Ekonomicznego w Katowicach, 94-102. Orieno, O. H., Udeh, A. C., Oriekhoe, I. O., Odonkor, B., & Ndubuisi, N. L. (2024 წლის January). innovative management strategies in contemporary organizations: a review: analyzing the evolution and impact of modern management practices, with an emphasis on leadership, organizational culture, and change management. International Journal of Management & Entrepreneurship Research,, 6(1), 167-190. Sherstobitova , A., Shmatko, A., & Krayneva, R. (2019). Leading approaches to managing innovations in the 21st century. Advances in Social Science, Education and Humanities Research,4th International Conference on Social, Business, and Academic Leadership (ICSBAL 2019). 359, გვ. 35-40. Atlantis Press. Slađana, Z., Nikola, A., Miodrag, Z., & Sanja, S. (2023). Innovation Management on the Way ti Business Excellence. Agora International Journal of Economical Sciences (AIJES), 17(2), 187-204. Stanovčić, T., Perović, Đ., & Peković, S. (2015). Innovative Approaches in Tourism Business Development. 2015 ENTRENOVA Conference Proceedings (გვ. 512-516). Kotor: SSRN. მოპოვებული Stanovcic, Tatjana and Perović, Đurđica and Peković, Sanja, Innovative Approaches in Tourism Business Development (September 10, 2015).http://dx.doi.org/10.213-დან Syafi’I, A., Shobichah, & Asyifah, A. (2023 წლის September). Innovation in Business Management: The Key to Success in the Digital Age. American Journal of Economic and Management Business (AGEMB), 2(9), 337-344. Yarış, A. (2019). Innovation and Innovative Approaches in Tourism Enterprises. A. Yarış-ში, Current Issues in Tourism and Hospitality Management (გვ. 153-163). Mersin: Strategic Research Academic Publishing. Zhang, W., Zeng , X., Liang, H., Xue, Y., & Cao, X. (2023). Understanding How Organizational Culture Affects Innovation Performance: A Management Context Perspective. Sustainability, 1-18. მოპოვებული https://doi.org/10.3390/su15086644-დან Zhao, X., Yi, C., & Chen, C. (2022 წლის September). How to stimulate employees’ innovative behavior: Internal social capital, workplace friendship and innovative identity. Frontiers in Psychology, 1-12. მოპოვებული https://doi.org/10.3389/fpsyg.2022.1000332-დან Zontek, Z. (2016). The Role of Human Resources in Enhancing Innovation in Tourism Enterprises. Managing Global Transitions, 14(1), 55-73. ბერიძე, ნ. (2023). ინოვაციური მენეჯმენტი და მისი როლი ცვლილებებთან ადაპტაციის პროცესში. სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1(6), 1-8. |