ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი
|
|
|
|
ჟურნალი ნომერი 1 ∘
გიორგი მიქელაძე ∘
მარიამ ოქრუაშვილი ∘
ანა ვარამაშვილი ∘
ბავშვთა და მოზარდთა განათლებაში ჩართულობის სტატისტიკური ანალიზი DOI: 10.52340/ekonomisti.2026.01.24 ანოტაცია. ნაშრომის მიზანს წარმოადგენს ბავშვებისა და მოზარდების საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის სტატისტიკური ანალიზი სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით და მისი გავლენის იდენტიფიცირება ბავშვთა შემდგომ განვითარებაზე, რაც ეფუძნება საქართველოს შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების ფუნქციონირებისა და საფუძვლიანი სწავლების უნარების სტატისტიკური გამოკვლევის შედეგებს. საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობა წარმოადგენს ბავშვთა შემდგომი როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე აკადემიური განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს განმსაზღვრელ ფაქტორს. საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობა იწყება ადრეული განათლების საფეხურიდან, საბავშვო ბაღიდან, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვების ადრეულ განვითარებაზე, სასკოლო მზაობასა და სწავლისადმი დამოკიდებულებაზე. საგანმანათლებლო პროცესში უწყვეტი და აქტიური ჩართულობა ასევე მნიშვნელოვნად განაპირობებს ბავშვებისა და მოზარდების საფუძვლიანი სწავლების უნარების, მათ შორის, კითხვისა და მათემატიკური უნარების განვითარებას, რაც წარმოდგენილი კვლევის ერთ-ერთ უმთავრეს სიახლეს წარმოადგენს. ნაშრომში გაანალიზებულია ჩართულობის დონე სხვადასხვა სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლის მიხედვით და შეფასებულია მისი კავშირი ბავშვთა ფუნქციონირებასა და სწავლების შედეგებთან, რაც ქმნის მტკიცებულებით საფუძველს მოცემული მიმართულებით პრობლემების იდენტიფიცირებისა და საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავებისათვის. საკვანძო სიტყვები: განათლება, დასწრებისა და დასრულების მაჩვენებლები, ფუნქციური სირთულეები, უნარები. JEL Codes: P 20, P 31, P 40, P 52 შესავალი საქართველოს შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების ფუნქციონირებისა და საფუძვლიანი სწავლების უნარების სტატისტიკური გამოკვლევა ჩატარდა 2024 წელს. კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა ვაშინგტონ ჯგუფის ფუნქციური სირთულეების შეფასების კითხვების მოკლე ვერსია (Washington Group on Disability Statistics), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საფუძვლიანი სწავლების უნარების შეფასების მეთოდოლოგია (Unicef & Washington Group on Disability Statistics, Module on Child Functioning - Teacher Version, Guidance note, 2024) და ევროსტატის ცხოვრების დონის მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგია (Eurostat). კვლევის აქტუალობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია ბავშვთა სრულყოფილი განვითარების ხელშეწყობისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პოლიტიკის დაგეგმვისთვის. კვლევის ფარგლებში: v შეფასდა საქართველოში მცხოვრები ბავშვების განათლების დონე და სწავლების უნარები სხვადასხვა კომპონენტის (წერა-კითხვის, გაანგარიშების უნარები და სხვა) და მახასიათებლების (დასახლების ტიპი, ასაკობრივი ჯგუფი, სქესი და სხვა) მიხედვით; v გამოვლინდა ფუნქციური სირთულეების არსებობის გავლენა განათლებისა და სწავლების უნარების დაუფლებაზე, რაც ქმნის საფუძველს სკოლებში ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვების მიმართ მიზნობრივი საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავებისთვის, რომლის მიზანიც იქნება განათლებაში ჩართულობაზე ფუნქციური სირთულეების ნეგატიური გავლენის შემცირება; v შეფასდა ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვების წინაშე არსებული ძირითადი პრობლემები, რაც შესაძლებელს გახდის მასწავლებელთა კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და აღნიშნული ჯგუფის ბავშვების სასკოლო გარემოში ეფექტიანი ადაპტაციის. აღნიშნული პროცესი დადებითად აისახება როგორც თავად ბავშვებზე, ისე მათ თანატოლებზე, რაც ხელს შეუწყობს ადრეული ასაკიდანვე თვითშეგნებისა და თანადგომის მოტივების ჩამოყალიბებას; v შეფასდა საქართველოში მცხოვრები ბავშვების საფუძვლიანი სწავლების უნარები, რაც საფუძვლად დაედება სასკოლო განათლებაში არსებული რეფორმებისა და ცვლილებების საჭიროების, მიმართულებისა და პრიორიტეტების განსაზღვრას. ბავშვთა საგანმანათლებლო პროცესში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია მათი რეგულარული დასწრება და აქტიური ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესში. სწორედ ამიტომ, კვლევა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს განათლებაზე ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის საკითხებს. გარდა ამისა, კვლევის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საფუძვლიანი კითხვისა და მათემატიკური უნარების ფლობა, რაც ასევე განპირობებულია ბავშვების ჩართულობითა და დასწრებით საგანმანათლებლო დაწესებულებაში. კვლევის ფარგლებში შერჩეულ იქნა 3,597 შინამეურნეობა, ხოლო გამოპასუხების დონემ 56.9 პროცენტი შეადგინა. გამოიკითხნენ როგორც 7–14 წლის ბავშვები, ასევე მათი დედები ან მეურვეები. აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის გამოკითხული ბავშვების რაოდენობამ შეადგინა 1,780, რომლის 53.1 პროცენტს ბიჭები, ხოლო 46.9 პროცენტს გოგონები წარმოადგენენ, ხოლო მშობლებისა და მეურვეების რაოდენობამ — 1,208. სტატისტიკური გამოკვლევის ძირითადი შედეგები განათლების სხვადასხვა საფეხურზე დასწრებისა და დასრულების მაჩვენებლები საქართველოში არ არის ერთგვაროვანი. აღნიშნულ განსხვავებებს განსაკუთრებით თვალსაჩინოს ხდის საქართველოს შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების ფუნქციონირებისა და საფუძვლიანი სწავლების უნარების (FFLS 2024) გამოკვლევის შედეგები - საქართველოში სკოლამდელი და ზოგადი განათლების ქვედა საფეხურებზე ჩართულობა მაღალია, მაშინ როდესაც სრულ საშუალო საფეხურზე დასწრებისა და დასრულების მაჩვენებლები შედარებით დაბალია. აღნიშნული განსხვავებები ნათლად აჩვენებს საგანმანათლებლო ტრაექტორიის იმ ეტაპებს, სადაც მოსწავლეთა შენარჩუნება ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. FFLS 2024-ის მონაცემების მიხედვით, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ჩართულობა შედარებით მაღალია: 36–59 თვის ასაკის ბავშვების 76% დადის საბავშვო ბაღში (გრაფიკი 1). სკოლაში შესვლის ოფიციალურ ასაკზე ერთი წლით უმცროსი ბავშვების 94% მონაწილეობს ორგანიზებულ სწავლებაში, რაც მიუთითებს სკოლამდელი განათლებისა და ადრეული სწავლების ფართო ხელმისაწვდომობაზე (გრაფიკი 2). ამასთან, სქესის მიხედვით ფიქსირდება მცირე განსხვავება: გოგონებში ორგანიზებულ სწავლებაში ჩართულობა უფრო მაღალია, ვიდრე ბიჭებში.
ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე დასწრება პრაქტიკულად უნივერსალურია. დაწყებითი განათლების შესაბამისი ასაკის ბავშვების თითქმის 100% ესწრება სკოლას, აღნიშნული მაჩვენებელი არასრულ საშუალო (საბაზო) საფეხურზეც მაღალი რჩება. აღნიშნული შედეგები მიუთითებს, რომ განათლების სისტემამ ეფექტიანად უზრუნველყო ბავშვების შენარჩუნება სავალდებულო განათლების ფარგლებში. განსხვავებული სურათი იკვეთება სრულ საშუალო საფეხურზე, სადაც დასწრების მაჩვენებელი საგრძნობლად დაბალია (გრაფიკი 3), რაც მიუთითებს იმაზე, რომ სრულ საშუალო განათლებაზე გადასვლის ეტაპი დაკავშირებულია დამატებით ბარიერებთან, რომლებიც ბავშვების ნაწილისთვის განათლების გაგრძელებას ართულებს.
განათლების დასრულების მაჩვენებლები კიდევ უფრო მკაფიოდ გამოყოფს განსხვავებებს საგანმანათლებლო საფეხურებს შორის. დაწყებითი და არასრული საშუალო საფეხურის დასრულების მაჩვენებლები თითქმის უნივერსალურია, რაც მიუთითებს სწავლების ამ ეტაპებზე სისტემის შედარებით სტაბილურ ფუნქციონირებაზე. ამასთან, სრული საშუალო განათლების დასრულების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება დაწყებითი და საშუალო საფეხურების ანალოგიურ მაჩვენებლებს (გრაფიკი 4). მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა აღწევს სრულ საშუალო საფეხურს, მათი ნაწილი ვერ ასრულებს სრულ საშუალო განათლებას, რაც საგანმანათლებლო შედეგების თვალსაზრისით მნიშვნელოვან დანაკარგს წარმოადგენს. სქესისა და დასახლების ტიპის მიხედვით განსხვავებების შეფასება აჩვენებს, რომ დაწყებით და არასრულ საშუალო საფეხურებზე უთანასწორობები პრაქტიკულად არ ფიქსირდება. გოგონებისა და ბიჭების, ასევე ქალაქისა და სოფლის დასახლებებში მცხოვრები ბავშვების დასწრების მაჩვენებლები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. განსხვავებები უფრო თვალსაჩინო ხდება სრულ საშუალო საფეხურზე, სადაც ქალაქებში დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე სოფლად, ხოლო გოგონების მაჩვენებლები ოდნავ აღემატება ბიჭების მაჩვენებლებს. რაც მიუთითებს, რომ უთანასწორობები კონცენტრირდება განათლების ზედა საფეხურზე (გრაფიკი 5).
სკოლის მიღმა ყოფნის მაჩვენებლები ავსებს განათლებაში ჩართულობის საერთო სურათს და საშუალებას იძლევა შეფასდეს არა მხოლოდ დასწრების დონე, არამედ სასწავლო დაწესებულების მიღმა დარჩენის რისკები სხვადასხვა საგანმანათლებლო საფეხურზე. აღნიშნული პარამეტრები აჩვენებს, თუ რომელ ასაკობრივ და საგანმანათლებლო ჯგუფებშია სკოლის მიღმა დარჩენის ალბათობა შედარებით მაღალი (გრაფიკი 6).
დაწყებითი და არასრული საშუალო განათლების შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში სკოლის მიღმა ყოფნის მაჩვენებლები მინიმალურია. ამ საფეხურებზე ბავშვების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი არ არის ჩართული ფორმალურ განათლებაში, რაც მიუთითებს სავალდებულო განათლების ეფექტიან განხორციელებაზე. განსხვავებული სურათი იკვეთება სრული საშუალო განათლების ასაკობრივ ჯგუფში, სადაც სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების წილი შედარებით მაღალია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სრულ საშუალო განათლებაზე გადასვლის ეტაპის მოწყვლადობას. სქესის მიხედვით სკოლის მიღმა ყოფნის მაჩვენებლები მნიშვნელოვან განსხვავებებს არ აჩვენებს, რაც ადასტურებს, რომ სკოლის მიღმა დარჩენა საქართველოში არ ატარებს სქესობრივი ნიშნით მკვეთრად დიფერენცირებად ხასიათს. ამასთან, საგანმანათლებლო საფეხურის მიხედვით განსხვავებები კვლავ რჩება სკოლის მიღმა დარჩენის განმსაზღვრელ ფაქტორად. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა საფუძვლიანი სწავლების უნარები არაერთგვაროვანია. მე-2 და მე-3 კლასში მყოფი ბავშვების მხოლოდ ნახევარს აქვს კითხვის საფუძვლიანი უნარები, ხოლო მათემატიკის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების უმრავლესობას შეუძლია ცალკეული მარტივი დავალებების შესრულება (როგორც კითხვითი დავალების შემთხვევაში, ასევე მარტივი არითმეტიკული მოქმედებების შესრულება), ყველა ძირითადი კომპონენტის ერთდროულად დაძლევა ბავშვების მხოლოდ ნაწილს გამოსდის. აღნიშნული მიუთითებს, რომ სკოლაში დასწრება ავტომატურად არ გარდაიქმნება საფუძვლიანი სწავლების უნარებში და არსებული გამოწვევები მხოლოდ განათლების ხელმისაწვდომობას არ უკავშირდება, არემედ მის ეფექტიანობასაც. დასკვნა და რეკომენდაციები საქართველოში ბავშვებისა და მოზარდების საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობა მნიშვნელოვნად განსხვავდება განათლების საფეხურების მიხედვით. კვლევის შედეგების საფუძველზე დასტურდება, რომ დაწყებითი და არასრული საშუალო განათლების საფეხურებზე ჩართულობისა და დასრულების მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, რაც მიუთითებს სავალდებულო განათლების სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებაზე. სრულ საშუალო განათლების საფეხურზე როგორც დასწრების, ისე დასრულების მაჩვენებლები შედარებით დაბალია, ხოლო სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების წილი შედარებით მაღალი. აღნიშნული ტენდენცია მიუთითებს, რომ სრულ საშუალო განათლებაზე გადასვლისას ბავშვები აწყდებიან დამატებით სოციალურ, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო ბარიერებს, რაც აფერხებს მათ საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობას. სქესის მიხედვით განსხვავებები განათლებაში ჩართულობისა და დასრულების მაჩვენებლებში უმეტეს საფეხურებზე უმნიშვნელოა, თუმცა სრულ საშუალო საფეხურზე ბიჭების დასწრების მაჩვენებელი აღემატება გოგონებისას, ხოლო სკოლის მიღმა დარჩენილი გოგონების პროცენტული წილი მეტია ბიჭების შესაბამის მაჩვენებელზე. დასახლების ტიპის მიხედვით განსხვავებები განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება სწორედ სრულ საშუალო საფეხურზე, სადაც ქალაქებში მცხოვრები ბავშვების ჩართულობა და განათლების დასრულების მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე სოფლად მცხოვრებ ბავშვებში. აღნიშნული მიუთითებს იმ უთანასწორობებზე, რომელსაც მოზარდები აწყდებიან, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს, როგორც მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში ინფრასტრუქტურის დეფიციტით, უმნიშვნელოვანესია ის ფაქტიც, რომ დღესაც არსებობს სკოლები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ბავშვებისათვის სრული საშუალო განათლების მიცემას, შესაბამისად, გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული პირობების გამო ბავშვებს შეიძლება გაუჭირდეთ საცხოვრებლისგან შორს მდებარე სკოლაში სიარული. კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ბავშვთა ფუნქციონირებასთან და საფუძვლიანი სწავლების უნარების განვითარებასთან. შესაბამისად, განათლებაში ჩართულობის შენარჩუნება და გაძლიერება, განსაკუთრებით სრულ საშუალო საფეხურზე, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას როგორც აკადემიური შედეგების გაუმჯობესებისთვის, ისე ბავშვთა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის. კვლევის შედეგების საფუძველზე მიზანშეწონილია შემდეგი რეკომენდაციების შემუშავება: სრული საშუალო განათლების საფეხურზე გადასვლის მხარდაჭერის გაძლიერება - აუცილებელია მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შენარჩუნებას სრულ საშუალო საფეხურზე, მათ შორის აკადემიური მხარდაჭერის, კარიერული ორიენტაციისა და მოტივაციის ამაღლების მექანიზმების გაძლიერება. ტერიტორიული უთანასწორობების შემცირება - სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის საჭიროა განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, მათ შორის სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული და ციფრული რესურსების გაძლიერების გზით, რათა შემცირდეს ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უთანასწორობა სრულ საშუალო განათლებაზე. სკოლის მიღმა დარჩენის პრევენცია - რეკომენდებულია სკოლის მიღმა დარჩენის ადრეული იდენტიფიკაციის მექანიზმების დანერგვა, განსაკუთრებით სრული საშუალო განათლების ასაკობრივ ჯგუფში, რაც შესაძლებელს გახდის მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის მექანიზმზე მუშაობა. ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვების მხარდაჭერის გაძლიერება - მნიშვნელოვანია ინკლუზიური განათლების პოლიტიკის შემდგომი განვითარება, მათ შორის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება და სასკოლო გარემოს ადაპტაცია, რათა შემცირდეს ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო პროცესის მიღმა დარჩენის რისკები. გამოყენებული ლიტერატურა მიქელაძე გ., ვარამაშვილი, ა. (2024). საქართველოში მცხოვრები ბავშვების განათლების დონის სტატისტიკური შეფასება და მისი მნიშვნელოვნება. ეკონომიკა, 25-33. Cochran, W. (1977). Sampling techniques. John Wiley & Sons. Eurostat. (n.d.). EU statistics on income and living conditions (EU-SILC) methodology. Gabidzashvili, B. (2011). Statistics in economics, business and managment. Universali. Government of Georgia, Geostat, NCDC, & Unicef. (2018). Multiple Indicator Cluster Survey. Lohr, S. (2021). Sampling: design and analysis. CRC press. Madans, J., Loeb, M., & Altman, B. (2011). Measuring disability and monitoring the UN Convention on the Right of Persons with Disabilities: The work of the Washington Group on Disability Statistics. BMC Public Health. Mikeladze, G. (2025). Design and indicator system of the statistical survey on functional and foundational learning skills of children living in Georgian households. Edelweiss Applied Science and Technology, 341-364. Unicef. (2022, May). Module on Child Functioning: Questionnaires. Retrieved from Monitoring the situation of children and women. Unicef, & Washington Group on Disability Statistics. (2024). Module on Child Functioning - Teacher Version, Guidance note. Washington Group on Disability Statistics. (n.d.). Question Sets. Retrieved from https://www.washingtongroup-disability.com/question-sets/ |