ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი
|
|
|
|
ჟურნალი ნომერი 2 ∘
გიორგი კეპულაძე ∘
თამილა არნანია-კეპულაძე ∘
იაპონური პოსტმონეტარიზმი: 21-ე საუკუნის პირველი მეოთხედი DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.02.09 ანოტაცია. 21-ე საუკუნეში იაპონია სტაგნაციის პირობებში შევიდა და 1993 წლიდან 2003 წლამდე ეკონომიკური საშუალო ზრდის ტემპი იაპონეაში 1%-ზე ოდნავ მეტი იყო, ხოლო 1998 წლიდან ინფლაციის მაჩვენებელი უარყოფითი იყო. 2003 წლის ბოლოსთვის სამომხმარებლო ფასების ინდექსი 1997 წლის დონესთან შედარებით 3%-ით დაბალი იყო და ნომინალური მშპ 1997 წლიდან 2002 წლამდე 4%-ით შემცირდა, ასეთ ვითარებაში იაპონური ეკონომიკური მეცნიერებისათვის აქტუალური გახდა დეფლაციის ფენომენის ახსნა და წარმოიშვა მოსაზრება, რომ დეფლაცია გამოწვეულია მონეტარულ პოლიტიკაში დაშვებული შეცდომები და ფინანსური სფეროში არსებულ პრობლემაებით. შედეგად, იაპონიის ბანკა თავის მონეტარულ პოლიტიკაში არატრადიციული ინსტრუმენტების გამოყენების ინსტიტუციონალიზაცია განახორციელა. ამით დაიწყო იაპონიის მონეტარიზმის ახალი ეტაპი - პოსტმონეტარიზმი. ამ ეტაპზე იაპონური მონეტარიზმისმიზანი იყო არა მხოლოდ ფულზე კონტროლისდაწესება, არამედ მდგრადი მოლოდინების, სტიმულებისა და საბალანსო სტაბილურობის ჩამოყალიბება გახდა. ნაშრომში 21-ე საუკუნის პირველი მეოთხედში იაპონიის მონეტარიზმის მიერ გავლილი გზა ხუთ პერიოდად არის დაყოფილი. ამ პერიოდიზაციის საფუძველს წარმოადგენსიაპონიის მონეტარული პოლიტიკის ცვლილებები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს პოსტმონეტარიზმის იაპონური ვარიანტი. საკვანძო სიტყვები: იაპონია, მონეტარიზმი, პოსტმონეტარიზმი, ეკონომიკურიმეცნიერება შესავალი: მონეტარიზმის ახალ ეტაპზე გადასვლის ზოგადი პირობები 21-ე საუკუნეში იაპონია სტაგნაციის პირობებში შევიდა და როგორც ამას იაპონელი ეკონომისტი, ეროვნული უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის (GRIPS) პროფესორი და 2004-2005 წლებში იაპონიის ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი ტაკატოში იტო (Takatoshi Ito)[1] და მისი თანაავტორი ამერიკელი ეკონომისტი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პროფესორი და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის 2006-2008 წლების მმართველთა საბჭოს წევრი ფრედერიკ ს. მიშკინი (Frederic S. Mishkin)[2] აღნიშნავდნენ თავის 2006 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „იაპონიის მონეტარული პოლიტიკის ორი ათწლეული და დეფლაციის პრობლემა“ (Ito, T. & Mishkin, F., 2006), ათი წლის განმავლობაში იაპონიის ეკონომიკა სტაგნაციურ მდგომარეობაში იმყოფება და 1993 წლიდან 2003 წლამდე მისი საშუალო ზრდის ტემპი 1%-ზე ოდნავ მეტი იყო (Ito, T. & Mishkin, F., 2006). 1998 წლიდან, ინფლაციის მაჩვენებელი უარყოფითი იყო და 2003 წლის ბოლოსთვის სამომხმარებლო ფასების ინდექსი 1997 წლის დონესთან შედარებით 3%-ით დაბალი იყო. იმავე პერიოდში აშშ-ის სამომხმარებლო ფასების ინდექსი 12%-ით გაიზარდა. ფაქტობრივად, ნულოვანი ზრდისა და დეფლაციის გამო, იაპონიის ნომინალური მშპ 1997 წლიდან 2002 წლამდე 4%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც იმავე პერიოდში შეერთებული შტატების ნომინალური მშპ 25%-ით გაიზარდა (Ito, Mishkin, 2006: 131). ასეთ ვითარებაში იაპონელ მეცნიერეთათვის აქტუალური გახდა დეფლაციის ფენომენის ახსნა იაპონიის იმ პერიოდის რეალობისთვის. იაპონიის ეკონომიკურ მეცნიერებაში წარმოიშვა მოსაზრება (Hoshi, Kashyap, 2004; Ito, Mishkin, 2006 და სხვ.), რომ დეფლაცია გამოწვეულია ორი ძირითადი მიზეზით: ერთი მხრივ, ეს არის მონეტარულ პოლიტიკაში დაშვებული შეცდომები, რაც პირველ რიგში, გულისხმობდა ამ პოლიტიკის ნაკლებ ორიენტაციას „აგრესიული ანტიკრიზისული პოლიტიკის“ გატარებაზე და, მეორე მხრივ, ფინანსური სფეროს პრობლემაები, რაც გამოწვეული იყო საბანკო ბალანსის გადაწყვეტილებების არასრულყოფილებით. ამან იაპონიის ბანკს უბიძგა მონეტარულ პოლიტიკაში არატრადიციული ინსტრუმენტების გამოყენების ინსტიტუციონალიზაციისკენ. ამით იწყება იაპონიის მონეტარიზმის ახალი ეტაპი - პოსტმონეტარიზმი. იაპონური პოსტმონეტარიზმი: განვითარების ეტაპები 21-ე საუკუნის პირველი 25 წლის განმავლობაში იაპონიის მონეტარიზმის მიერ გავლილ გზას ჩვენ ხუთ პერიოდად ვყოფთ: 1. 2001-2006 წლები; 2. 2006-2013 წლები; 3. 2013–2016 წლები; 4. 2016–2022 წლები და 5. 2023–2025 წლები. ამ პერიოდიზაციის საფუძველს წარმოადგენს იაპონიის მონეტარული პოლიტიკის ცვლილებები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს პოსტმონეტარიზმის იაპონური ვარიანტი. ამ ეტაპზე იაპონური მონეტარიზმის მიზანი იყო არა მხოლოდ ფულზე კონტროლის დაწესება, არამედ მდგრადი მოლოდინების, სტიმულებისა და საბალანსო სტაბილურობის ჩამოყალიბება გახდა.
ეს პოლიტიკა მიმართული იყო ეკონომიკის სტიმულირებაზე საპროცენტო განაკვეთის ნულოვან მაჩვენებლისკენ სწრაფვის პირობებში. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ძირითადი საპროცენტო განაკვეთი, როგორც ცენტრალური ბანკის ეკონომიკის მართვის ძირითადი ინსტრუმენტი, აღარ არის ეფექტიანი, ცენტრალური ბანკი იწყებს „ლიკვიდურობის შეყვანას“ აქტივების უშუალო შეძენით და ამით მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობის გადიდებას. ანუ, იაპონიის ბანკმა (BoJ) დაიწყო საბანკო რეზერვების გაზრდა და სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვა, რათა ბანკები წაეხალისებინა მეტი სესხის გაცემისკენ. ტაკატოში იტოსა და ფრედერიკ ს. მიშკინის (Ito, Mishkin 2006) შეხედულებით მონეტარულმა პოლიტიკამ ძირითადი როლის შეასრულა იაპონიაში მიმდინარე დეფლაციაში და აღწერენ იაპონიის ბანკის მიერ 1998–2003 წლებში დაშვებულ შეცდომებს . ისინი წერენ, რომ „იაპონიის ბანკმა (BoJ) ვერ შეძლო უარყოფითი ინფლაციის თავიდან აცილება...“ და „...იაპონიაში დეფლაციის ყველაზე სავარაუდო მიზეზია მონეტარული პოლიტიკის ჩავარდნა...“ (Ito, Mishkin 2006:132)[4]. 2002 წლის საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (Bank for International Settlements) ყოველწლიურ ანგარიშში აღინიშნება, რომ „იაპონიაში არსებული ვითარება ხაზს უსვამს რეალურ ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემას შორის ძლიერ ორმხრივ კავშირს (two-way links): დეპრესიული ეკონომიკა ზიანს აყენებს საბანკო სისტემას, ხოლო საბანკო სისტემის ცუდი მდგომარეობა ხელს უშლის ეკონომიკის აღდგენას“ (Bank for International Settlements, 2002:125)[5]. ტოკიოს უნივერსიტეტის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორის ცუტომუ ვატანაბესა (Tsutomu Watanabe) და კეიოს უნივერსიტეტის ბიზნესისა და კომერციის ფაკულტეტის პროფესორის თამოიოში იაბუს (Tomoyoshi Yabu) 2007 წლის 6 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში „დიდი ინტერვენცია და მასიური ფულის ინექცია: იაპონიის გამოცდილება 2003-2004“ („The Great Intervention and Massive Money Injection: The Japanese Experience 2003-2004”)[6] ემპირიკულად გამოიკვლიეს კავშირი “დიდი ინტერვენციასა” და იაპონიის ბანკის მიერ ამ პერიოდში გატარებული რაოდენობრივი შემსუბუქების (QE) პოლიტიკას შორის. 2001 წლიდან 2007 წლამდე ვალუტის ინტერვენციების ოდენობის ყოველდღიური მონაცემებისა და იაპონიის ბანკში მიმდინარე ანგარიშების ბალანსის გამოყენებით ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ იენის გაყიდვით სავალუტო ინტერვენციების მეშვეობით ბაზარზე მიწოდებული სახსრების დაახლოებით 60 პროცენტი კომპენსირებული (ანუ სტერილიზებული) იყო იაპონიის ბანკის მიერ განხორციელებული მონეტარული კორექტირებით, ხოლო დარჩენილი 40 პროცენტი არ იყო კომპენსირებული და ბაზარზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დარჩა. გარდა ამისა, სავალუტო ინტერვენციებით იენის ფორმით მოწოდებული სახსრებისა და სხვა სამთავრობო გადახდებით (მაგალითად, პენსიების გადახდებით) მოწოდებული იენის სახსრების შედარებისას, ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ პირველ შემთხვევაში ასეთი სახსრების დარჩენა ბაზარზე უფრო ხანგრძლივი და მოცულობითი იყო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ იაპონიის ბანკი თავის მონეტარულ ოპერაციებში განასხვავებდა სავალუტო ინტერვენციებსა და სხვა სამთავრობო გადახდებს შორის. ც.ვატანაბესა და თ.იაბუს კვლევამ აგრეთვე აჩვენა, რომ ინტერვენციული ფონდების დასაფარად გამოშვებული საფინანსო ვალდებულებების უმეტესობა იაპონიის ბანკმა ბაზარზე მათი გამოშვებისთანავე შეიძინა. ამ მიზეზით საფინანსო ვალდებულებების გამოშვებასთან დაკავშირებული მიმდინარე ანგარიშებზე ნარჩენი სახსრების მნიშვნელოვანი შემცირება არ დაფიქსირდა. ყოველივე ზემოდ აღნიშნულის შეჯამებისას, ავტორები მიდიან დასკვნამდე, რომ დიდი ალბათობით, იაპონიის ბანკმა, მიმდინარე ანგარიშების ბალანსის მაღალ დონეზე შენარჩუნების პოლიტიკის მიზნის განსახორციელებლად, განზრახ არ გაანეიტრალა იენის გაყიდვის/დოლარის ყიდვის ინტერვენციები. მონეტარული პოლიტიკის ნეგატიურ გავლენაზე ეკონომიკაზე და იაპონიის საბანკო სისტემის სისუსტეზე საუბრობენ ასევე წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და სან-დიეგოს წყნარი ოკეანის კვლევების კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს (კემბრიჯი, მასაჩუსეტსი) მკვლევარი ტაკეო ჰოში (Takeo Hoshi)[7] და ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლეს სკოლის ეკონომიკისა და ფინანსების დეპარტამენტის პროფესორი, ჩიკაგოს ფედერალური სარეზერვო ბანკის კონსულტანტი, ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს (კემბრიჯი, მასაჩუსეტსი) მკვლევარი ანილ კ. კაშიაპი (Anil K. Kashyap)[8]. მათ გააანალიზეს, თუ რამდენად გააძლიერა ჩამოყალიბებულმა საბანკო სექტორმა ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაცია. 2004 წელს გამოქვეყნებული სტატიის „იაპონიის ფინანსური კრიზისი და ეკონომიკური სტაგნაცია“ დასაწყისში ისინი აღნიშნავენ, რომ „ბოლო წლებში იაპონიის ეკონომიკური გამოცდილება სავალალო იყო: ზრდა ჩამოინგრა, დადგა დეფლაცია და ფინანსური სისტემა ქაოსში აღმოჩნდა (Hoshi, Kashyap, 2004:3). ტაკეო ჰოშისა და ანილ კ. კაშიაპის მოსაზრებით, იაპონიის ეკონომიკაში არსებული მაკროეკონომიკური პრობლემები გარკვეული ნეგატიური გავლენა ჰქონდა იაპონიის ფინანსურ სექტორზე. მათ კვლევის შედეგად მიდიან დასკვნამდე, რომ მხოლოდ მაკროეკონომიკური ფაქტორებით იაპონიის ფინანსურ სისტემაში არსებული პრობლემები სრულად არ აიხსნება, რომ გასათვალისწინებელია ასევე ინდუსტრიული ფაქტორი, რომლებსაც უპირისპირდებიან იაპონური ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და სახელმწიფო ფინანსური დაწესებულებები, რომლებიც, თავის ერთიანობაში ფინანსური სისტემის დაახლოებით სამ მეოთხედს შეადგენენ (Hoshi, Kashyap, 2004:3). ამგვარად ტაკეო ჰოში და ანილ კ. კაშიაპი ხაზს უსვამენ საბანკო სისტემასა და ეკონომიკის რეალურ სექტორს შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებას და, ფაქტობრივად, თავისი კვლევით გადიან იმავე შედეგზე, რაც ორი წლით ადრე დაფიქსირდა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (Bank for International Settlements) ყოველწლიურ ანგარიშში. ამგვარად, „რაოდენობრივი შერბილების“ (QE) პოლიტიკა ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა და ბანკები არ ავლენდნენ სათანადო სწრაფვას დაკრედიტებისადმი, ხოლო ინფლაცია დაბალი რჩებოდა. ამ პერიოდში იაპონიაში მიმდინარე დეფლაცია აკადემიურ წრეებში განიხილებოდა, როგორც იაპონიის მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური არხების პრობლემა. 2006 წლის მარტში (Shirai, 2013:6) იაპონიის ბანკმა (BoJ) გამოაცხადა, რომ ამ პოლიტიკამ დაკისრებული ვალდებულებები შეასრულა. მოგვიანებით, უკვე 2013 წელს, რაოდენობრივი შემსუბუქების (QE) პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასებისას, იაპონიის ბანკის ყოფილმა და ამჟამად, კეიოს უნივერსიტეტის პროფესორმა და ასევე აზიის განვითარების ბანკის ინსტიტუტის (Asian Development Bank Institute) მოწვეულმა მკვლევარმა საიურმა შირაიმ (Sayuri Shirai)[9] აღნიშნა, რომ ამ უნიკალურმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ ხელი შეუწყო ფულადი ბაზის სწრაფ გაფართოებას, როგორც აბსოლუტური მაჩვენებლების თვალსაზრისით, ასევე მშპ-ს პროცენტული მაჩვენებლის სახით (Shirai, 2013:6). 2006 წლის მარტში იაპონიის ბანკი (BoJ) მივიდა დასკვნამდე რაოდენობრივი შემსუბუქების (QE) პოლიტიკიდან გამოსვლასთან დაკავშირებით (Berkmen 2012:3,4; Shirai 2013:6). ამით დასრულდა იაპონიაში რაოდენობრივი შემსუბუქების (QE) პოლიტიკის ფუნქციონირება, თუმცა მისი როლის შეფასება დღემდე გრძელდება. 2006 წლის მარტის შემდეგ იაპონია გადავიდა ახალ მონეტარულ შეხედულებებზე.
ამ პერიოდში იაპონიის ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. პირველ რიგში, ეს იყო 2007–2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისი და იაპონია, ისევ როგორც მთელი მსოფლიო, დადგა ამ კრიზისით გამოწვეულ სირთულეებზე პასუხის გაცენის აუცილებლობის წინ. ამას ემატებოდა შიდა გამოწვევებიც, ისეთები, როგორიცაა ეკონომიკური ზრდის შენელება, დემოგრაფიული დაბერება და ერთობლივი მოთხოვნის შესუსტება (Berkmen 2012). ასეთ პირობებში მოკლევადიანი რეფინანსირების განაკვეთი ნულს მიუახლოვდა. ამან კი შეზღუდა ტრადიციული მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობები, რის გამოც 2010 წლის ოქტომბერში იაპონიის ბანკმა (BoJ) მიმართა ახალ პოლიტიკას, რომელმაც მიიღო „ყოვლისმომცველი მონეტარული შემსუბუქების პოლიტიკის“ („Comprehensive Monetary Easing Policy“, CME) სახელწოდება (Berkmen2012:3,4). 2010 წლის 4 ნოემბრის გამოსვლაში იაპონიის ბანკის მმართველმა მასააკი შირაკავამ (Masaaki Shirakawa) ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ იაპონია, ისევე როგორც ევროპაში და განსაკუთრებით იტალია და გერმანია, დაუპირისპირდა მოსახლეობის სწრაფი დაბერების პრობლემას, რომელიც, მასააკი შირაკავას მოსაზრებით, უახლოეს მომავალში გახდება აქტიური განხილვის საგანი ევროპაში, როგორც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის წარმართვაზე მოქმედი ფაქტორი. ამ მიზეზით, მასააკი შირაკავას მოსაზრებით, იაპონიის გამოცდილების გაგება სასარგებლო შეიძლება იყოს სხვა ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით კი ეკონომიკურად განვითარებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებისთვის და ხელს შეუწყოს მონეტარული პოლიტიკისადმი ინოვაციური მიდგომების შემუშავებას (Shirakawa 2010). „ყოვლისმომცველი მონეტარული შემსუბუქების პოლიტიკა“ (CME) შედგებოდა სამი კომპონენტისგან (Shirakawa 2010:15-16): პირველი კომპონენტი - ბანკი ინარჩუნებდა ძირითადი საპროცენტო განაკვეთის ძალიან დაბალ (დაახლოებით 0-0,1%) დონეზე. მეორე კომპონენტი - ბანკი ინარჩუნებდა ძირითად საპროცენტო განაკვეთს ნულოვან დონეს მანამ, სანამ არ დარწმუნდება ფასების სტაბილურობის არსებობაში და არ დაადასტურებს ფინანსური დისბალანსის დაგროვებას. მესამე კომპონენტი - ბანკის მიერ აქტივების შესყიდვის პროგრამის დამკვიდრება, რომლის ფარგლებშიც ბანკი უზრუნველყოფს გრძელვადიან სახსრებს ფიქსირებული განაკვეთით და ყიდულობს სხვადასხვა ფინანსურ აქტივებს, კერძოდ, სახელმწიფო ობლიგაციებს (Government Bonds), კომერციულ უძრავ ქონებას (CP), კორპორატიულ ობლიგაციებს (Corporate Bonds), საბირჟო ფონდებს (Exchange-Traded Funds, ETFs) და იაპონური უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტებს (Japan Real Estate Investment Trusts, J-REITs). 2011 წლის 25 ივლისის გამოსვლაში მასააკი შირაკავა კვლავ შეეხო იაპონიის ბანკის მიერ შემუშავებულ პოლიტიკას და დეტალურად ახსნა ეს პოლიტიკა. მან აღნიშნა, რომ ბანკი იყენებს სამმხრივ მიდგომას, რომელიც მოიცავს (Shirakawa 2011:15): - ძლიერი შერბილებითი მონეტარული (Powerful Monetary Easing) პოლიტიკას, რომლის შემადგენლობაში შედის ყოვლისმომცველი მონეტარული შემსუბუქების პოლიტიკა“ („Comprehensive Monetary Easing Policy“, CME); - ფინანსური ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფას; - ეკონომიკური ზრდის საფუძვლების გაძლიერების მხარდაჭერას. „ყოვლისმომცველი მონეტარული შემსუბუქების პოლიტიკის“ მიღებიდან შვიდი წლის შემდეგ იაპონიის ბანკის მმართველის მოადგილე ჰიროში ნაკასო (Hiroshi Nakaso) კვლავ უბრუნდება ამ პოლიტიკის საკითხს და თავის 2017 წლის 18 ოქტომბრის გამოსვლაში ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამართულ სემინარზე აღნიშნავდა, რომ მსოფლიოს ფინანსურ კრიზისზე პასუხად იაპონიის ბანკმა, სხვა ცენტრალური ბანკების მსგავსად, შეამცირა მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთები და ვინაიდან ეკონომიკური ზრდის ტემპი ისევ ნელი იყო, ბანკმა გადაწყვიტა განეხორციელებინა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შერბილება და შეამცირა მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების მიზნობრივი დონე 0-0,1%-მდე. ამით ბანკმა საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება შეინარჩუნოს თითქმის ნულოვანი საპროცენტო განაკვეთი მანამ, „სანამ არ დადგინდება ფასების სტაბილურობის შესაძლებლობა“ (Nakaso 2017:5). იაპონიის ბანკის ასეთი პოლიტიკა იმაზე მეტყველებდა, რომ ამ პერიოდში საპროცენტო განაკვეტი არ განიხილებოდა ეკონომიკური ზრდის კრიტერიუმად. ასეთ ვითარებაში, 2013 წელს, დაიწყო მონეტარული პოლიტიკის ახალი ფაზა, რომელიც გაგრძელდა 2016 წლამდე. 3. 2013–2016 წლები. ამ პერიოდიდან იწყება იაპონური მონეტარიზმის ახალი ფაზა, რომელიც უკავშირდება იაპონიის ბანკის მიერ შემუშავებულ და გატარებულ „რაოდენობრივი და თვისებრივი შერბილების“ პოლიტიკას („Quantitative and Qualitative Easing“, QQE). ეს ფაზა ხასიათდება იმით, რომ რაოდენობრივ საზომებს დაემატა ფსიქოლოგიური (ქცევითი) და ინსტიტუციონალური მიდგომები. QQE არის 2001-2006 წლებში გატარებული ე.წ. „რაოდენობრივი შერბილების“ (Quantitative Easing, QE) პოლიტიკის მოდიფიკაცია. „რაოდენობრივი და თვისებრივი შერბილების“ პოლიტიკის (QQE) განხორციელება დაიწყო 2013 წელს იაპონიის ბანკის (BoJ) ახალი მმართველის ჰარუჰიკო კუროდას (Haruhiko Kuroda) მიერ. „რაოდენობრივი შერბილების“ (QE) პოლიტიკისაგან განსხვავებით, „რაოდენობრივი და თვისებრივი შერბილების“ (QQE) პოლიტიკა არა მხოლოდ ზრდიდა შეძენილი აქტივების რაოდენობას, არამედ ცვლიდა მათ სტრუქტურას გრძელვადიანი ობლიგაციების, საბირჟო ფონდებისა (Exchange-Traded Funds, ETF), და უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების (Real Estate Investment Funds, REIF) შეძენით. როგორც ჰარუჰიკო კუროდა აღნიშნავდა, „რაოდენობრივი და თვისებრივი შერბილების“ (QQE) პოლიტიკა არ არის მხოლოდ ბალანსის გაფართოება, არამედ მომავალი ფასების დონის შესახებ „მოლოდინების შეცვლის“ მცდელობაა. მისი შეხედულებით, „იაპონიის ეკონომიკის უდიდესი პრობლემაა ის, რომ ფასები არ იზრდება მაშინაც კი, როდესაც ეკონომიკური აქტივობის დონე იზრდება. ამიტომ, უმთავრესი გამოწვევას სწორედ ინფლაციის მოლოდინის გააქტიურება წარმოადგენს“ (Kuroda, H., 2013:3). ამგვარად, QQE პოლიტიკა - ეს არის არა უბრალოდ ფულადი მასის გაფართოებაზე მიმართული ღონისძიებათა სისტემა, არამედ მოლოდინებზე და ქცევაზე გავლენის მოხდენის მცდელობა, როდესაც ცენტრალური ბანკი გავლენას ახდენს როგორც ფულის რაოდენობაზე, ასევე ფსიქოლოგიურ და სტრუქტურულ ფაქტორებზე, რაც მნიშვნელოვნად ცვლის მონეტარიზმის ეკონომიკურ კონცეფციას და აღნიშნავს მონეტარული იდეების შემდგომ განვითარებას. ამ პერიოდში ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის პროფესორი ეცურო შიოჯი (Etsuro Shioji)[10] აღნიშნავდა, რომ ქრონიკული დეფლაციიდან წარმატებით თავის დაღწევის გასაღებს საზოგადოების ინფლაციის მოლოდინის ამაღლება წარმოადგენს და საკითხი იმაშია, თუ როგორ არის ეს განსახორციელებელი. ამ კითხვაზე პასუხად ეცურო შიოჯი ამბობს, რომ იაპონიისთვის 2012 წლის ბოლოდან ვალუტის გაუფასურება შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ქვეყნის მიერ ფასების ვარდნასთან ხანგრძლივი ბრძოლის დასასრულებლად (Etsuro2014). ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი კოსუკე აოკი (Kosuke Aoki)[11] იკვლევდა დამოკიდებულებას ფასების ინდექსისა და ეკონომიკური კეთილდღეობის მაქსიმიზაციას შორის. მისი მოსაზრებით, როდესაც ფასების კორექტირება სუსტია, ინფლაცია კეთილდღეობის თვალსაზრისით ძვირი ჯდება, რადგან ის ამახინჯებს ფარდობითი ფასების სხვადასხვა ტიპებს. აგრეგირებული ფასების ინფლაციის სტაბილიზაცია აუცილებლად არ ამცირებს ამ ხარჯებს, მაგრამ კარგად შემუშავებული ძირითადი ინფლაციის სტაბილიზაცია ამცირებს ფარდობითი ფასების რყევებთან დაკავშირებულ ხარჯებს და, შესაბამისად, ინფლაციის ხარჯებს. კოსუკე აოკი განიხილავდა ფასწარმოქმნის პრობლემას ორი ცვლადის - დროისა და კონტროლის - პირობებში. არსებული სამეცნიერო შეხედულებების გაანალიზებისას, კოსუკე აოკი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ სამეცნიერო ლიტერატურა ძირითადად ეფუძნება დროზე დამოკიდებულ კვლევებს, რომლებიც ვარაუდობენ, რომ სამიზნე ინდექსად უნდა გამოდიოდეს „არამოქნილი ფასების მქონე სექტორის“ ფასების ინდექსი. თავად კოსუკე აოკი იკვლევდა, თუ როგორ შეიცვლება ეკონომიკური კეთილდღეობა სახელმწიფოზე დამოკიდებულ ფასწარმოქმნის პირობებში, როდესაც ფასების სიხისტის ხარისხის კონტროლი შესაძლებელია მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ფასების პირობებში „ფასებისადმი სტაბილური სექტორის“ განმარტება ისეთივე მარტივი არ არის, როგორც დროზე დამოკიდებული ფასების პირობებში. ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ცენტრალური ბანკისთვის არახელსაყრელია ფართო მარჟის გამოყენება ეფექტური ფარდობითი ფასების ცვლილებების მისაღწევად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ბანკს შეუძლია ფასების სტაბილიზაცია, მან ეს რაც შეიძლება ხშირად უნდა გააკეთოს (Aoki 2015). ეკონომიკის დოქტორი და ამჟამად (2025 წელს) იაპონიის ბანკის განყოფილების უფროსი დაისუკე იკედა (Daisuke Ikeda)[12] და მისი თანაავტორი იაპონიის ბანკის მონეტარული და ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი და უფროსი ეკონომისტი ტაკუში კუროზუმი (Takushi Kurozumi)[13] იკვლავდნენ, თუ როგორ უნდა უპასუხოს მონეტარულმა პოლიტიკამ ფინანსურ შოკს კეთილდღეობის მიღწევის პერსპექტივიდან გამომდინარე. მათ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფინანსური შოკების დროს, კეთილდღეობის მაქსიმიზაციაზე მიმართული მონეტარული პოლიტიკა ძლიერად რეაგირებს მწარმოებლურობაზე, ხოლო გამოშვების სტაბილიზაციის შედეგად კეთილდღეობა მნიშვნელოვნად იზრდება. გარდა ამისა, კეთილდღეობის მაქსიმიზაციის წესთან შედარებით, ინფლაციის ან ფასების დონის მკაცრი ტარგეტირების წესი იწვევს კეთილდღეობის მნიშვნელოვან შემცირებას, რადგან ის არ რეაგირებს გამომუშავებაზე, მაშინ როდესაც ნომინალური მშპ-ს ზრდის ან დონის ტარგეტირების წესი კარგად მუშაობს, თუმცა იწვევს საპროცენტო განაკვეთის მაღალ ცვალებადობას (Ikeda, Kurozumi 2014). მაშასადამე, „რაოდენობრივი და თვისებრივი შერბილების“ პოლიტიკა (QQE) არ არის მხოლოდ ფულადი ბაზის გაფართოება, არამედ მოლოდინებსა და ქცევაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა, როცა ცენტრალური ბანკი გავლენას ახდენს არა მხოლოდ ფულის რაოდენობაზე, არამედ ფსიქოლოგიურ და სტრუქტურულ ფაქტორებზეც. 4. 2016–2022 წლები. 2016 წლის სექტემბერში იაპონიის ბანკმა (BoJ) შემოიღო ახალი მონეტარული პოლიტიკა - ე.წ. „შემოსავლების მრუდის კონტროლი“ (Yield Curve Control, YCC). ამ პოლიტიკის თანახმად, ცენტრალური ბანკი აკონტროლებდა საპროცენტო განაკვეთს არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერიოდებში, რისთვისაც ეფუძნებოდა 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობის მაჩვენებლებს. ამ ცვლილების მიზანი იყო მოკლევადიანი აქტივების საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნება უარყოფით დონეზე (-0,1%), ხოლო 10-წლიანი ობლიგაციების განაკვეთი დაახლოებით 0%-ის ტოლი უნდა ყოფილიყო ანუ ფაქტიურად იგი უცვლელი უნდა დარჩენილიყო. ამას უნდა შეენარჩუნებინა ინფლაციური მოლოდინები 2%-ის ნიშნულზე. ამ გზით უნდა ჩამოყალიბებულიყო „შემოსავლიანობის ოპტიმალური მრუდი“, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო ეკონომიკური საქმიანობის სტიმულირებას. ამგვარად, 2016 წელს იაპონიის ბანკმა (BoJ) შეიტანა უარყოფითი საპროცენტო განაკვეთი „რაოდენობრივი და თვისებრივი შერბილების“ (QQE) პოლიტიკაში და მონეტარული შეხედულებების გაფართოვებით უბიძგა ე.წ. „პრაგმატული მონეტარიზმის“ ჩამოყალიბებას იაპონიაში ე.წ. „შემოსავლების მრუდის კონტროლი“ს სახით, რომელიც მიზნად ისახავდა საპროცენტო განაკვეთზე კონტროლს მდგრადი და პროგნოზირებადი ბაზრის ჩამოყალიბების მიზნით. ამ პერიოდში, ანუ 2016 წელს, ჰარუჰიკო კუროდამ ოფიციალურად გააჟღერა იაპონიის ბანკის (BoJ) პოზიცია უარყოფითი საპროცენტო განაკვეთით „რაოდენობრივი და თვისებრივი შერბილების“ (QQE) პოლიტიკასთან („QQE with a Negative Interest Rate“) დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს არის „თანამედროვე ცენტრალური ბანკების ისტორიაში ყველაზე ძლიერი მონეტარული პოლიტიკის სისტემა“ (Kuroda, 2016). როგორც ამას თავად იაპონიის ბანკი (BoJ) ხსნიდა თავის ყოველწლიურ განცხადებებში მონეტარული პოლიტიკის შესახებ („Statements on Monetary Policy 2016”), „რაოდენობრივი და თვისებრივი შერბილების“ (QQE) პოლიტიკა „შემოსავლების მრუდის კონტროლ“-თან (YCC) ერთად მიზნად ისახავს მონეტარული პოლიტიკის შერბილების მდგრადობის გაძლიერებას მოკლევადიანი და გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთების უფრო მოქნილი კონტროლის გზით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეგიდით გამოცემულ ე.წ. „სამუშაო დოკუმენტებში“ (Working Paper) 2020 წელს დაიბეჭდა სტატია, რომელიც აჯამებდა იაპონიის და მსოფლიოს ეკონომიკური პოლიტიკის ოცწლიან გამოცდილებას (Westelius, 2020). ამ ნაშრომში აღნიშნულია, რომ იაპონიის ბანკი დეფლაციასთან საბრძოლველად და ფინანსური სისტემის სტაბილიზაციის მიზნით, 1990-იანი წლების ბოლოდან არატრადიციულ მონეტარული პოლიტიკის მეთოდებს იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის ბანკის ანტირეფლაციური ზომები დროთა განმავლობაში იცვლებოდა, ინფლაცია და ინფლაციის მოლოდინები მუდმივად დაბალი რჩებოდა (Westelius, 2020:1). ერთი წლით ადრე კი, ცენტრალური ბანკის კომუნიკაციის დიზაინის (Central Bank Communication Design) ხელშეწყობით გამოქვეყნდა ცუტომუ ვატანაბესა (Tsutomu Watanabe) და თამოიოში იაბუს (Tomoyoshi Yabu) „სამუშაო დოკუმენტებში“ სახელწოდებით „რამდენად დიდია ფულის მოთხოვნა ZLB-ში? მტკიცებულებები იაპონიიდან„ (How Large is the Demand for Money at the ZLB? Evidence from Japan) რომელშიც ავტორები აფასებენ ფულზე მოთხოვნის ფუნქციას იაპონური მონაცემების გამოყენებით 1985 წლიდან 2017 წლამდე, როდესაც საპროცენტო განაკვეთები თითქმის ნულოვან ნიშნულზე იყო. ამისათვის, მ.კეჯრივალის (Mohitosh Kejriwal) და პ.პერონის (Pierre Perron) (Kejriwal, Perron 2010) მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, ც.ვატანაბე და თ.იაბუ ადარებენ ლოგარითმულ და ნახევრად ლოგარითმულ სპეციფიკაციას სტრუქტურული „წყვეტებით“ კოინტეგრაციული კავშირებისთვის. ამ ანალიზის მთავარი შედეგი ის არის, რომ ფულის შემოსავალთან თანაფარდობასა და საპროცენტო განაკვეთს შორის არსებობს ერთწყვეტიანი კოინტეგრაციული კავშირი ორმაგი ლოგარითმული ფორმის შემთხვევში, მაგრამ არა ნახევრად ლოგარითმული ფორმის შემთხვევში. კონკრეტულად იაპონიის ბანკის პოლიტიკის შეფასებისას, ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფულზე მოთხოვნა არ შემცირებულა 2006 წელს, როდესაც იაპონიის ბანკმა შეწყვიტა რაოდენობრივი შემსუბუქების პოლიტიკა და დაიწყო საპროცენტო განაკვეთის გაზრდა, რაც მიუთითებს, რომ ფულზე მოთხოვნის გრაფიკში აღმავალი ცვლილება მოხდა. და ბოლოს, ცუტომუ ვატანაბე და თამოიოში იაბუ აცხადებენ, რომ 2%-იანი ინფლაციისგან ფასების სტაბილურობაზე გადასვლით მიღებული კეთილდღეობის ზრდა ნომინალური მშპ-ის 0,10%-ს შეადგენს, რაც ექვსჯერ აღემატება შეერთებული შტატებისთვის გაკეთებულ შესაბამის შეფასებას. YCC — ეს არის იაპონიის ბანკის მიერ შემუშავებული პოლიტიკა, ესაა ე.წ. იაპონური პრაგმატული მონეტარიზმი, რომელიც მიმართულია საპროცენტო განაკვეთების სტრუქტურის მართვაზე ბაზარზე მდგრადი და მყარი სიტუაციის შესაქმნელად. https://www.centralbank-project.jp/en/category/research/2015/ 5, 2023–2025 წლები. 2023-2025 წლებში ხდება 2016-2022 წლებში გატარებული მონეტარული პოლიტიკის გვერდითი ეფექტების შეფასება. იაპონიის ბანკის ახალი მმართველის უედა კაზუოს (Kazuo Ueda) ხელმძღვანელობით, განხორციელდა ბანკის მონეტარული პოლიტიკის მორიგი ცვლილება. 2024 წლის მარტში იაპონიის ბანკმა განაცხადა მისი პოლიტიკის მნიშვნელოვან გარდაქმნის შესახებ და აღნიშნა, რომ ეგრეთ წოდებულმა მასშტაბურმა პოლიტიკამ შეასრულა თავისი ფუნქცია და ახლა გადადის „ნორნალიზაციის“ ფაზაში, რომლისთვისაც მთავარი გახდა მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის რეგულირება. იაპონიის ბანკმა გადადგა ნაბიჯები უარყოფითი განაკვეთების/YCC-ის აღმოფხვრისა და 2024–2025 წლებში განაკვეთების თანდათანობითი გაზრდის მიმართულებით. ამან გამოიწვია ფართო აკადემიური დისკუსიები. 2023-2025 წლებში იაპონიის აკადემიური წრეები თავისი ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა QQE და YCC პოლიტიკებისა და უარყოფითი საპროცებტო განაკვეთის ეფექტიანობის ზუსტი ემპირიული შეფასებება, ამ პოლიტიკების შედეგად მიღებული გვერდითი ეფექტების შერბილებაზე მიმართული ზომების განსაზღვრა (მაგალითად, საბანკო რეგულირება, რისკის გაზიარება და სხვ.), მონეტარული და სტრუქტურული რეფორმების კომბინირება შრომის ბაზრის რეფორმირების, კორპორაციული მმართველობის სრულყოფისა სხვ. პროცედურების სახით, რაც მიმართული იყო ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე მდგრად დაბრუნებადობაზე (Hirata et al., 2024; Koeda, Ueno2022; Kawamoto et al., 2023). ასე, ჯ.კოედამ და ი.უენომ (Koeda, J., Ueno, Y. 2022) შემოსავლიანობის მრუდის კონტროლის (YCC) გასაანალიზებლად, გააფართოვეს დიმიტრი ვაიანოსისა და ჟან-ლუკ ვილას (Vayanos, Vila 2021) ფართოდ აღიარებული საპროცენტო განაკვეთების ვადიანი სტრუქტურის სასურველი გარემოს მოდელი (Preferred-Habitat Model of the Term Structure of Interest Rates)[14] და ცენტრალური ბანკი განიხილეს, როგორც ინვესტორი, რომელიც მართავს სასურველ გარემოს, რაც საშუალებას აძლევდა სახელმწიფო ობლიგაციებზე მოთხოვნის ფასების ელასტიურობას დამოკიდებული ყოფილიყო მის სამიზნე შემოსავლიანობაზე. კოედამ და უენომ მიუსადაგეს ვაიანოსისა და ჟან-ლუკ ვილას მოდელი იაპონიას და დაადგინეს, რომ საკმარისად მკაცრი YCC მოითხოვს ობლიგაციების შეზღუდულ დამატებით შესყიდვებს, რათა შეინარჩუნოს სამიზნე შემოსავლიანობა სამიზნე დიაპაზონში და შეამციროს მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის ცვლილებების გავლენა შემოსავლიანობის მრუდზე. YCC-ის არარსებობის შემთხვევაში, ობლიგაციებზე მოთხოვნა-მიწოდების გავლენა ობლიგაციების შემოსავლიანობაზე კვლავ იზრდება, რადგან ეფექტური ქვედა ზღვრის გავლენა ნომინალურ საპროცენტო განაკვეთებზე სუსტდება (Koeda, Ueno,2022:1). ბოლო წლებში იაპონიაში განხორციელებულმა ემპირიულმა კვლევებმა, რომლებსაც ატარებდნენ დამოუკიდებელი მკლევარები და, ასევე, იაპონიის ბანკის ანალიტიკოსები, ცხადყო, რომ არატრადიციული ზომების სერიამ ირიბად შეუწყო ხელი ეკონომიკურ აქტივობას და შეინარჩუნა ფასები, თუმცა ეფექტი ზომიერი და მეთოდოლოგიის მიმართ მგრძნობიარე იყო. ასე, ჰარიტა აცუკი (Hirata Atsuki), ს.კაიჰაცუ (Kaihatsu S.), ი.კასაი (Kasai Y.), ჰ.იამამოტო (Yamamoto H.) და ჯ. ნაკაიამა (Nakajima J.) (Hirata et al., 2024) ემპირიულად გააანალიზეს ის გავლენა, რომელიც მოახდინა იაპონიის ბანკის მიერ უკანასკნელი 25 წლის მანძილზე განხორციელებულმა არატრადიციულმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ ეკონომიკურ აქტივობაზე, ფასებსა და ფინანსურ სექტორზე. კვლევისთვის მათ შეისწავლეს თუ რა გავლენა მოახდინა იაპონიის ბანკის მიერ იაპონიის გრძელვადიანი სამთავრობო ობლიგაციების შესყიდვამ გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებზე. აღმოჩნდა, რომ ამ აქტივობამ გამოიწვია განაკვეთების შემცირება ვადიანობის პრემიის შემცირების ხარჯზე. ეს გავლენა განსაკუთრებით გამოხატული გახდა მას შემდეგ, რაც 2013 წელს იყო შემოღებული ე.წ. „რაოდენობრივი და თვისებრივი შერბილების“ (QQE) პოლიტიკა. გარდა ამისა, ჰარიტა აცუკი და მისი თანაავტორები დაეფუძნენ ფაქტორ-გაძლიერებულ ვექტორულ ავტორეგრესიის (factor-augmented vector autoregression, FAVAR) და ჩრდილოვანი განაკვეთების (shadow rates), როგორც მონეტარული პოლიტიკის მაჩვენებლების, რომელიც იძლევა ინფორმაციას ყველა სახელმწიფო ობლიგაციის შემოსავლიანობის შესახებ, მეთოდს და განახორციელეს კონტრფაქტობრივ ანალიზი. მათი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ არატრადიციულმა მონეტარულმა პოლიტიკამ (Unconventional Monetary Policy, UMP) დადებითი გავლენა მოახდინა წარმოებასა და ფასებზე, ხოლო „რაოდენობრივი და თვისებრივი შერბილების“ (QQE) შემოღებით გამოწვეულმა მასშტაბურმა მონეტარული შემსუბუქებამ გამოიწვია არადეფლაციური გარემოს ფორმირება იაპონიაში. საბოლოოდ, ავტორები მიდიან დასკვნამდე, რომ „მიუხედავად იმისა, რომ არატრადიციულ მონეტარულ პოლიტიკას დადებითი გავლენა ჰქონდა ეკონომიკურ აქტივობასა და ფასებზე, შესაძლოა, მას გვერდითი ეფექტი ჰქონოდა ფინანსური ინსტიტუტების მომგებიანობის შემცირებაზე“ (Hirata et al., 2024:3). კოზუკე აოკი (Kosuke Aoki) და კოზო უედა (Kozo Ueda) თავიანთ 2025 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „იაპონიაში არატრადიციული მონეტარული პოლიტიკის შედეგების კვლევა“ („Survey of the effects of unconventional monetary policy in Japan“) (Aoki, Ueda 2025), წარმოადგინეს „რაოდენობრივი და თვისებრივი შერბილების“ (QQE) პოლიტიზე ფოკუსირებულ იაპონიის ბანკის (BoJ) არატრადიციული მონეტარული პოლიტიკის (UMP) შედეგების ემპირიული კვლევების ანალიზს. ავტორებმა მიიღეს სამი ძირიტადი შედეგი. ისინი პირველ რიგში აღნიშნავენ, რომ UMP-მ მნიშვნელოვნად შეამცირა გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები, რასაც დიდწილად შეუწყო ხელი იაპონიის გრძელვადიანი სამთავრობო ობლიგაციების (Japanese Government Bonds, JGBs) შეძენამ. ავტორებმა ასევე აღნიშნეს, რომ საბირჟო საინვესტიციო ფონდების (Exchange Traded Funds, ETFs) შეძენამ გაზარდა აქციების ფასები. კოზუკე აოკისა და კოზო უედა ანალიზის კიდევ ერთ შედეგი იყო ის, რომ მათ აღმოაჩინეს, რომ მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ არატრადიციულმა მონეტარულმა პოლიტიკამ დადებითი გავლენა მოახდინა წარმოებასა და ინფლაციაზე (Aoki, Ueda 2025:587). შეიძლება ითქვას, რომ 2024-2025 წლები - ესაა გადაფასების პერიოდი, როდესაც იაპონიაში ყალიბდება ახალი მონეტარული პარადიგმა, რომლისთვისაც უფრო მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობა, საბანკო სექტორზე ზემოქმედება და ფისკალურ პოლიტიკასთან კავშირი. დასკვნა XXI საუკუნის ფინანსური კრიზისები, დეფლაციური პროცესების გაღრმავება და დემოგრაფიული პრობლემების გამწვავება იაპონიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს იაპონიის ბანკის (BoJ) თეორიულ კვლევებში და პრაქტიკულ ინსტრუმენტებში. თანამედროვე იაპონური მონეტარიზმი ინარჩუნებს კლასიკური მონეტარიზმის ნიშნებს, როგორიცაა ფასების სტაბილურობა და ფულად აგრეგატების კონტროლი, მაგრამ ამავე დროს ის იყენებს ინსტიტუციურ კორექტირებას, რომელიც მიზნად ისახავს საკრედიტო და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას. კლასიკური მონეტარიზმისგან განსხვავებით, იაპონურმა მონეტარიზმა მოქნილი პოლიტიკა აირჩია, რომელიც დეფლაციასთან საბრძოლველად და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის იყენებს უარყოფითი საპროცენტო განაკვეთებისა და სხვა არატრადიციული ზომებს. 21-ე საუკუნის პირველ მეოთხედში ხდება როგორც ახალი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით ეკონომიკური საქმიანობის შედეგებზე ზემოქმედების მიზნით, ასევე ამ მიმართულებით უკვე განხორციელებული ნაბიჯების გაანალიზება, მიღებულ შედეგების შეფასება და ახალი მიზნების დასახვა. თანამედროვე აკადემიური დებატები ხაზს უსვამს, რომ იაპონიაში მონეტარული პოლიტიკა უნდა განიხილებოდეს ფისკალურ პოლიტიკასთან და სტრუქტურულ რეფორმებთან მჭიდრო კავშირში და მისი წარმატება იზომება არა მხოლოდ ინფლაციის დინამიკით, არამედ მდგრადი შიდა მოთხოვნისა და ეკონომიკის ფინანსური ჯანმრთელობის აღდგენის უნარით. გამოყენებული ლიტერატურა Aoki, K. (2015), Relative Prices and Inflation Stabilisation, Understanding Persistent Deflation in Japan Working Paper Series No. 065:1, 30. https://www.centralbank-project.jp/ wp-content/uploads/2018/08/p_wp065.pdf Aoki, K., Ueda, K. (2025), Survey of the effects of unconventional monetary policy in Japan. JER 76: 587–619. https://doi.org/10.1007/s42973-025-00198-5, https://link.springer.com/article/10.1007/s42973-025-00198-5?utm_source= chatgpt .com#citeas Berkmen, S. Pelin (2012), Bank of Japan’s Quantitative and Credit Easing: Are They Now More Effective? International Monetary Fund, IMF Working Paper WP/12/2:3,4. https://www.imf.org/external/pubs/ft/wp/2012/wp1202.pdf?utm_source=chatgpt.com Etsuro Shioji, (2014), Time varying pass-through: Will the yen depreciation help Japan hit the inflation target? Understanding Persistent Deflation in Japan Working Paper Series No. 068, https://www.centralbank-project.jp/wp-content/uploads/2018/08/p_wp068.pdf Ikeda, D., Kurozumi, T. (2014), Post-Crisis Slow Recovery and Monetary Policy, Understanding Persistent Deflation in Japan Working Paper Series No. 059 https://www.centralbank-project.jp /wp-content/uploads/2018/08/p_wp059.pdf Ito, T. & Mishkin, F. (2006), Two Decades of Japanese Monetary Policy and the Deflation Problem, Monetary Policy under Very Low Inflation in the Pacific Rim, NBER-EASE, Volume 15:30-202. https://www.nber.org/system/files/chapters/c0092/c0092.pdf Hirata, A., Kaihatsu, S., Kasai, Y., Yamamoto, H., Nakajima, J. (2024). Effects and Side Effects of Unconventional Monetary Policy: A Shadow Rate Approach. Bank of Japan, Bank of Japan Working Paper Series, No.24-E-21, December 2024. https://www.boj.or.jp/en/research/wps_rev/wps_2024/data/wp24e21.pdf Hoshi, T., Kashyap K. A. 2004, Japan’s Financial Crisis and Economic Stagnation, Journal of Economic Perspectives, Volume 18, N 1: 3–26 https://ypfsresourcelibrary.blob.core.windows.net/fcic/ YPFS/Hoshi%20and% 20Kashyap%202004.pdf Kawamoto, T., Nakazawa, T., Kishaba, Y., Matsumura, K., Nakajima, J. (2023). Estimating the macroeconomic effects of Japan’s expansionary monetary policy under Quantitative and Qualitative Monetary Easing during 2013–2020. Economic Analysis and Policy, Elsevier, vol. 78(C), pages 208-224. DOI: 10.1016/j.eap.2023.03.007, https://ideas.repec.org/a/eee/ecanpo/v78y2023icp208-224.html Kejriwal, M., Pierre, P. (2010). Testing for Multiple Structural Changes in Cointegrated Regression Models. Journal of Business and Economic Statistics, 28(4): 503-22. https://doi.org/10.1198/jbes.2009.07220 Koeda, J., Ueno, Y. (2022). A Preferred Habitat View of Yield Curve Control, Bank of Japan, Bank of Japan Working Paper Series, No.22-E-7 August 2022. https://www.boj.or.jp/en/research/wps_rev/wps_2022/data/wp22e07.pdf Kuroda, H., (2013), Quantitative and Qualitative Monetary Easing: Remarks at the International Council Meeting of the Bretton Woods Committee, BoJ, October 10, 2013 https://www.boj.or.jp/en/about/press/koen_2013/data/ko131011a.pdf Kuroda, H. (2016), Introduction of "Quantitative and Qualitative Monetary Easing with a Negative Interest Rate", Speech at the Kisaragi-kai Meeting in Tokyo, Bank of Japan, February 3, 2016. https://www.boj.or.jp/en/about/press/koen_2016/data/ko160203a1.pdf NakasoHiroshi (2017), Evolving monetary policy - the Bank of Japan\\\'s experience. The Central Banking Seminar, hosted by the Federal Reserve Bank of New York, New York City 2017. https://www.bis.org/review/r171020d.pdf Shirai, Sayuri (2013), Japan\\\'s Monetary Policy in a Challenging Environment, Speeches at the Bank of Italy and the Eurasia Business and Economics Society Conference Held in Rome (January 11th-12th), Bank of Japan, January 16, 2013. https://www.boj.or.jp/en/about/press/koen_2013/data/ko130116a1.pdf Shirakawa, M. (2010), Japan\\\'s Economy and Monetary Policy. Speech at the Kisaragi-kai Meeting in Tokyo, Bank of Japan, November 4, 2010. https://www2.boj.or.jp/archive/en/announcements/press/koen_2010/data/ko1011a.pdf Shirakawa, M. (2011), Japan\\\'s Economy and Monetary Policy, Speech at the Kisaragi-kai Meeting in Tokyo, Bank of Japan. July 25, 2011:15. https://www.boj.or.jp/en/about/press/koen_2011/data/ko110725a.pdf Statement on Monetary Policy, Bank of Japan, December 20, 2016 https://www.boj.or.jp/en/mopo/mpmdeci/mpr_2016/k161220a.pdf Vayanos, D., Vila, J.L. (2021). A Preferred-Habitat Model of the Term Structure of Interest Rates, Econometrica, 89(1), 2021: 77–112. https://doi.org/10.3982/ECTA17440 https://onlinelibrary.wiley.com/doi/full/10.3982/ECTA17440 Westelius, N. (2020). Twenty Years of Unconventional Monetary Policies: Lessons and Way Forward for the Bank of Japan. IMF Working Paper WP/20/226. https://www.imf.org/-/media/files/publications/wp/2020/english/wpiea2020226-print-pdf.pdf [1] დაწვრილებით იხ. Takatoshi Ito: CURRICULUM VITAE, https://t-ito.jp/wp-content/uploads/2022/06/CV-Master_2022.06.pdf [2] დაწვრილებით იხ. Frederic S. Mishkin: BIOGRAPHY, http://www.igidr.ac.in/conf/money/mfc19/Bio_Mishkin.pdf [3] Ito, T. & Mishkin, F. (2006), Two Decades of Japanese Monetary Policy and the Deflation Problem, Monetary Policy under Very Low Inflation in the Pacific Rim, NBER-EASE, Volume 15:30-202. https://www.nber.org/system/files/chapters/c0092/c0092.pdf) [4] იქვე, გვ.132. [5] Bank for International Settlements. 2002. BIS 72nd Annual Report: 1 April 2001–31 March 2002. Basel, Switzerland, July 8. https://www.bis.org/publ/arpdf/ar2002e.pdf [6] Tsutomu Watanabe, Tomoyoshi Yabu (2007). The Great Intervention and Massive Money Injection: The Japanese Experience 2003-2004. Research Center for Price Dynamics Institute of Economic Research, Hitotsubashi University, Tokyo, Japan. https://www.centralbank-project.jp/wp-content/uploads/2018/08/ifd_wp012.pdf [7] დაწვრილებით იხ. Takeo Hoshi, BIOGRAPHY, https://www.tc.u-tokyo.ac.jp/en/members/294/ [8] დაწვრილებით იხ. Anil K. Kashyap, BIOGRAPHY, https://www.chicagobooth.edu/faculty/directory/k/anil-kashyap [9] დაწვრილებით იხ. Sayuri Shirai Official site, http://www.sayurishirai.jp/ [10] დაწვრილებით იხ. Etsuro Shioji, CV, https://www1.econ.hit-u.ac.jp/shioji/cv_shioji_eng_jun2023.pdf [11] დაწვრილებით იხ. Kosuke Aoki, CV, https://www.bruegel.org/people/kosuke-aoki [12] დაწვრილებით იხ. Daisuke Ikeda, CV, https://drive.google.com/file/d/1hLz15afm3WYTBPRMCPvvK0YKHnDymo3g/view [13]დაწვრილებით იხ. Takushi Kurozumi, CV, https://www.aeaweb.org/joe/archive/listing.php?JOE_ID=201312_398947 [14] 2021 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში Dimitri Vayano და Jean-Luc Vila შექმნეს საპროცენტო განაკვეთების ვადიანი სტრუქტურის მოდელი, რომელიც გამოხატავს თუ რა ურთიერთქმედებაში შედიან ერთმანეთთან ის ინვესტორები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ გარკვეულ ვადებში ვალის დაფარვას და ის არბიტრაჟები, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ რისკებს.
|