English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ გიორგი სანაძე
„მაღალტექნოლოგიური ადამიანი“, როგორც ინოვაციური ეკონომიკის უნივერსალური ადამიანისეული ფაქტორი

DOI: 10.36172/EKONOMISTI.2020.XVI.04.Sanadze

რეზიუმე 

დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში ეკონომიკის ინოვაციურ განვითარებას, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, უდიდესი დატვირთვა აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ საკუთრივ ეკონომიკა სოციალურ (საზოგადოებრივ) წიაღში წარმოქმნილი მოცემულობაა, ხოლო სოციუმი, თავის მხრივ, სხვა არაფერია, თუ არა ადამიანების გარკვეულ სტრუქტურაზე დაფუძნებული ერთობლიობა, შეგვიძლია მარტივად ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკის განხორციელების აქტორი მხოლოდ ადამიანია. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის, მით უმეტეს, მისი ინოვაციური თვალსაზრისით განვითარება, წარმოუდგენელია გარკვეული ადამიანისეული ფაქტორების (იგივე _ თეორიული კონსტრუქტები) გარეშე. 

საკვანძო სიტყვები:მაღალი ტექნოლოგიები, ინოვაციური პროდუქტი, ინოვაციური ეკონომიკა, ინოვაციური ადამიანი, მაღალტექნოლოგიური ადამიანი. 

შესავალი 

XXI საუკუნეში, სულ უფრო სწრაფად იზრდება მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილ ინოვაციურ პროდუქტსა და მომსახურებაზე საზოგადოების მოთხოვნა. უნდა აღინიშნოს, რომ 90-იან წლებამდე ეკონომისტთა წრეებში ინოვაციასთან დაკავშირებული საკითხები შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა. მიუხედავად ამისა, 1990-იანი წლებიდან ვითარება რადიკალურად იცვლება. ამის უწინარეს მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ინტერნეტის მასობრივი გავრცელება და განვითარება (Lemanowicz, 2015, pp. 62-64).

ინოვაციური ეკონომიკა არის თეორიული მიდგომა, რომელიც ეკონომიკის ტრადიციული მოდელისგან განსხვავებით, ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, პროდუქციის ან/და მომსახურების შესაქმნელად, ძირითად ყურადღებას მაღალტექნოლოგიური საშუალებებისა და ცოდნის აქტიურ გამოყენებაზე ამახვილებს (Lemanowicz, 2015, p. 61). ამრიგად, წინამდებარე სტატიაში განხილული იქნება ის მნიშვნელოვანი ადამიანისეული ფაქტორები, რომლებიც აუცილებლობას წარმოადგენენ ინოვაციური ეკონომიკის რეალიზაციისთვის. 

ეკონომიკაში დღემდე არსებული ადამიანისეული ფაქტორების

მოკლე მიმოხილვა 

ეკონომიკაში ადამიანისეული ფაქტორების მნიშვნელობაზე საუბრისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ადამ სმიტის მიერ შემოღებული ცნება, რომელსაც Homo Economicus-ის ("ეკონომიკური ადამიანი") სახელით მოიხსენებენ. და მაინც, რას წარმოადგენს Homo Economicus-ი? საყოველთაოდ მიღებული განმარტებით, აღნიშნული ცნების ქვეშ მოიაზრება ის ადამიანისეული თეორიული კონსტრუქტი (სხვა სიტყვებით, მოდელი), რომლის მიზანს წარმოადგენს მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის ან/და მოგების მიღება. ამ მიზნის მისაღწევად, როგორც ამას ადამ სმიტი გარკვევით მიუთითებს, აუცილებელია როგორც საკუთრივ წარმოების გაფართოება, ასევე შესაბამისი კაპიტალდაბანდებები (Heilbroner, Milberg, 2012, p. 48). ამრიგად, Homo Economicus-ის თეორიული კონსტრუქტი არის ნებისმიერი სახის ეკონომიკურ მოგებასა და სარგებლიანობაზე ორიენტირებული მოდელი. ცალკე აღნიშვნას მოითხოვს ფრენკ ნაითის მოსაზრება, რომლის თანახმადაც, Homo Economicus-ის თეორიული კონსტრუქტი გულისხმობს ფაქტორთა ისეთ ჯგუფებს და კატეგორიებს, რომელებიც დაკავშირებულია როგორც ადამიანისეულ მიზნებთან, აგრეთვე შესაბამის ცოდნასთან, რომელთა გამოყენებითაც უნდა მოხდეს დასახული მიზენების მიღწევა. აქედან გამომდინარე, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეკონომიკური საქმიანობის რეალიზაცია Homo Economicus-ის პირდაპირ პრეროგატივას წარმოადგენს (Knight, 1947, p. 84).

მიუხედავად ზემოთ აღნიშნული მოსაზრებებისა, რიგი მეცნიერები (მაგალითად: Drucker, 2009) გარკვეულწილად აკრიტიკებენ Homo Economicus-ის თეორიულ კონსტრუტს. კერძოდ, პიტერ დრუკერის აზრით, „ეკონომიკური ადამიანის“ თეორია უკვე დიდი ხანია არ შეესაბამება არსებულ რეალობას. დრუკერი ფიქრობს, რომ რთულია, „ეკონომიკურ ადამიანად“ მივიჩნიოთ ის მუშახელი, რომელიც მზად არის, მცირე ანაზღაურების საფასურად შეასრულოს კოლოსალური მოცულობის სამუშაო. ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს შემოსავლების დისბალანს. აქედან გამომდინარე, დრუკერის შეფასებით, შემოსავლების არათანაბარი განაწილება წარმოადგენს საზოგადოებაში პოტენციური საპროტესტო ტალღის წინაპირობას. დრუკერი ამის საფუძველზე ფიქრობს, რომ „ეკონომიკური ადამიანის“ მზე დიდი ხანია, ჩაესვენა და ის მეტწილად უფრო პოლიტიკური ბატალიების იარაღად იქცა (Drucker, 2009, p. 38).

როგორც ზემოთ აღინიშნა, თანამედროვე საზოგადოებაში დიდია ინტერესი ინოვაციური საქმიანობების მიმართ. სწორედ ამიტომ ასეთ გარემოებებში ავანსცენაზე გამოდის ინოვაციური ეკონომიკისთვის შესაბამისი თეორიული კონსტრუქტი, ე.წ. „ჰომო ინოვატიკუსი“ (Homo Innovaticus), ანუ იგივე „ინოვაციური ადამიანი“. მიიჩნევა, რომ სწორედ ამ კონსტრუქტის ფარგლებში უნდა მოხდეს სხვადასხვა ინოვაციური იდეის განხორციელება (Другова, 2013, с. 58). სხვადასხვა ავტორთან „ჰომო ინოვატიკუსის“ ნაცვლად შეიძლება შეგვხვდეს მისი სინონიმი ტერმინი „ჰომო ინოვატუსი“ (Homo innovatus) (მაგალითად, Shelton, 2018). ნიშანდობლივია, რომ "ინოვაციური საქმიანობის შემოქმედი _ Homo Innovaticus-ი მომავალზეა ორიენტირებული და აქედან გამომდინარე, მისი უკეთ წარმოჩენისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, თუ რამდენად კარგად არის საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ეკონომიკური ოპტიმიზმის მიღწევის საფუძველი" (Балацкий, 2010).

საზოგადოებაში ეკონომიკური ოპტიმიზმის გარემოს უზრუნველყოფა პოლიტიკური, სამართლებრივი და, რაც მთავარია, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემთხვევაშია შესაძლებელი. არასტაბილურობის განცდა კი, თავის მხრივ, მომავალთან დაკავშირებული რისკების ზრდას უწყობს ხელს (Papava, 2019, pp. 135-138; პაპავა, 2020, გვ. 14).

პიტერ დრუკერის მოსაზრებით, საზოგადოებას ახასიათებს რიგი მერკანტილური თვისებების, რომლებიც უფრო ინდუსტრიალიზაციის პროდუქციის მოხმარებაზეა ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, დრუკერი „ინდუსტრიული ადამიანის“ თეორიულ კონსტრუქტზე ამახვილებს ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ ამ კონსტრუქტში ადამიანების როლი მკაფიოდ არის განსაზღვრული. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ ინდუსტრიალიზაციის ყველა აქტორი ზედმიწევნით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. მაგალითად, საწარმოს მმართველი აყალიბებს საწარმოს განვითარების გეგმას, ბანკირი გასცემს სესხს წარმოების გაფართოებაზე, დაქირავებული მუშახელი ცდილობს, ხარისხიანად შეასრულოს თავისი სამუშაო, რათა შემდგომში შესაბამისი გასამრჯელო მიიღოს. ყველა აღნიშნული ქმედების საბოლოო მიზანს კი საზოგადოებაში არსებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება წარმოადგენს. დრუკერის აზრით, საზოგადოებას ახასიათებს მერკანტილურობა, ხოლო მერკანტილური საზოგადოებისთვის კი ეკონომიკური საქმიანობის განვითარება  თავისებური სოციალური პრესტიჟის მატარებელია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც უფრო ხარისხიანად ხდება საზოგადოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მით უფრო ძლიერია ეს საზოგადოება (Druker, 1995, pp. 48-50).

გერმანელი მეცნიერის, რ. ბლუმის განმარტებით, სოციალური მეცნიერების სხვადასხვა სფეროს (მაგალითად: სოციოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტოლოგია, კულტუროლოგია და ა.შ.) აქვს თავისი შესაბამისი ადამიანისეული თეორიული კონსტრუქტი _ Homo Logicus-ი. აქედან გამომდინარე, ავანსცენაზე გამოდიან ისეთი თეორიული კონსტრუქტები, როგორებიც არის „სოციოლოგიური ადამიანი“, „ფსიქოლოგიური ადამიანი“, "პოლიტოლოგიური ადამიანი“ და ა.შ. (Blum, 1991, s. 111; Автономов, 1998, с.9 ).

დავუბრუნდეთ „ჰომო ინოვატიკუსის“ ცნებას. ცნობილი მეცნიერის, იოზეფ შუმპეტერის მოსაზრებაზე დაყრდნობით, ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნოვატორული ქმედებები (Clemence, ed., 2009, p. 234). სწორედ ამ უკანასკნელის განმახორციელებელ ფაქტორად მოიაზრება „ჰომო ინოვატიკუსი“. იმისათვის, რომ თავის მიზანს მიაღწიოს, „ჰომო ინოვატიკუსს“ გარკვეული სპეციფიკური მახასიათებლები ესაჭიროება. კერძოდ, ეს მახასიათებლებია (Другова, 2013, с. 58):

• ახალი იდეების გენერირებისა და მათი რეალიზაციის უზრუნველყოფა;

• სწავლისთვის მუდმივი სწრაფვა;

• მობილურობა როგორც გეოგრაფიული, ასევე მენტალური თვალსაზრისით;

• გახსნილობა და რისკიანობა;

• ვიწრო სპეციალური მომზადება და ფართო სპექტრის ზოგადი ცოდნა;

• კვლევითი და საპროექტო უნარები;

• სტრატეგიული აზროვნება და ტაქტიკური მოქმედება;

• ნდობა და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;

• კოოპერაციული სახის თანამშრომლობა.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებელი ერთ კონკრეტულ ადამიანს ჰქონდეს. ეს უფრო კრებსითი მახასიათებლებია, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის კუთვნილება იყოს (Другова, 2013, с. 58). „ჰომო ინოვატიკუსი“ თავისი ბუნებით მომავალზე ორიენტირებული კონსტრუქტია, ხოლო მომავალი სხვა არაფერია, თუ არა ის „ტერიტორია, რომელიც ექვემდებარება დაპყრობას და კოლონიზაციას“ (Giddens, 2011, p. 22). ამრიგად, იმისათვის, რომ უკეთ განხორციელდეს ინოვაციური საქმიანობა, რიგი მეცნიერები, (მაგალითად, Shelton, 2018), ამის აუცილებელ წინაპირობად „ჰომო საპიენსის“ „ჰომო ინოვატიკუსად“ ტრანსფორმირების პროცესის ხელშეწყობას განიხილავენ. მიუხედავად ყოველივე ზემოთ თქმულისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ეპოქაში აქცენტი კეთდება მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შექმნასა და გამოყენების უნარებზე (Lemanowicz, 2015, p. 61). 

„მაღალტექნოლოგიური ადამიანის“არსის შესახებ 

ამრიგად, „ჰომო ინოვატიკუსისთვის“ დამახასიათებელი სპეციფიკური უნარ-ჩვევები მაღალტექნოლოგიურ პოროდუქციაზე მოთხოვნილებების ზრდასთან ერთად, სულ უფრო და უფრო შეუსაბამო ხდება არსებულ რეალობასთან. ჩვენი მოსაზრებით, სწორედ აქედან გამომდინარე ჩნდება საჭიროება სრულიად ახალი ტიპის თეორიული კონსტრუქტისა, რომელსაც „Homo Hi Techicus“ (ანუ სხვა სიტყვებით, „მაღალტექნოლოგიური ადამიანი“) შეიძლება  ვუწოდოთ.

„მაღალტექნოლოგიური ადამიანის“ თეორიულ კონსტრუქტში იგულისხმება ისეთი ტექნიკური უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომლებიც აუცილებელია როგორც თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფების შესაქმნელად, ასევე მათ გამოსაყენებლად. შესაბამისად, ინოვაციურ ეკონომიკასა და მის განვითარებაზე საუბრისას, არ უნდა დაგვავიწყდეს მნიშვნლობა და როლი იმ სპეციფიკური უნარ-ჩვევებისა, რომლებიც ახასიათებს Homo Hi Techicus-ის თეორიულ კონსტრუქტს. გარდა აღნიშნულისა, მიგვაჩნია, რომ Homo Hi Techicus-ი აერთიანებს ასევე ზემოთ უკვე ნახსენები Homo Innovatus-ის საუკეთესო თვისებებს.

მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინოვაციური ეკონომიკის წარმოებისთვის (აგრეთვე Homo Hi Techicus-ის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის) საჭიროა ისეთი გარკვეული მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელება, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთდება ქვეყანაში „სამეცნიერო-კვლევითი და საძიებო-საკონსტრუქტორო სამუშაოების განმახორციელებელი პროფესიონალი კადრის მომზადებაზე“ (პაპავა, 2019, გვ. 48). მაღალტექნოლოგიური საშუალებების შექმნაზე ან გამოყენებაზე ორიენტირებული საწარმოები თავიანთ პოტენციურ დაქირავებულებს უყენებენ პირობებს, რომელთა შესრულება შეუძებელია შესაბამისი ცოდნის გარეშე. საგულისხმოა, რომ დასაქმებულებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ იმუშაონ არა უშუალოდ ოფისში, არამედ სახლიდან, თუნდაც სხვა კონტინენტიდან. ოფისისგან დაშორება უარყოფითად არ აისახება მუშაობის ხარისხზე (Coyle, 2020).

ნიშანდობლივია, რომ ინოვაცია ეკონომიკაში უმეტეს შემთხვევაში ხორციელდება ისეთი კომპანიების მეშვეობით, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ უმაღლესი ტექნიკური განათლების მქონე პერსონალს. როგორც წესი, ინოვაციური ეკონომიკის შექმნას განაპირობებს სამეცნიერო კვლევებსა და დამუშავებაზე (Research and Development)[1] ორიენტირებული კომპანიები, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ წამყვან სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან. აღსანიშნავია, რომ ინოვაცია ეკონომიკაში მიიღწევა არა მხოლოდ მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არამედ ის აგრეთვე გულისხმობს ახალი ან გაუმჯობესებული პროდუქტების შექმნას და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი პროცესების შემუშავებასაც (Fagerberg, Srholec, Verspagen, 2009, pp. 4-8).

 მაღალტექნოლოგიური საშუალებების შექმნა ან მათი გამოყენება, როგორც ეს უკვე ზემოთ აღინიშნა, სრულიად გასხვავებული ადამიანესეული კონსტრუქტის _ Homo Hi Techicus-ის პრეროგატივას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, არსებობს მოსაზრება (მაგალითად: Daneke, 2020, pp. 18-39), რომ მომავლის ეკონომიკის სულისჩამდგმელი შესაძლლოა არის სულ სხვა თეორიული კონსტრუქტი, რომელსაც Homo Complexicus-ად ან სხვანაირად - Machina-Economicus-ად მოიხსენებენ. ერთი შეხედვით, Homo Hi Techicus-სა და Homo Complexicus-ს შორის ბევრი საერთო ნიშან-თვისება უნდა არსებობდეს და უფრო მეტიც, ისინი ერთსა და იმავე მოდელს უნდა წარმოადგენდნენ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სიღრმისეულად გავაანალიზებთ აღნიშნულ მოდელებს, დავასკვნით, რომ მათ შორის განსხვავება უფრო მეტია, ვიდრე მსგავსება. დავიწყოთ იმით, რომ დანეკეს მოსაზრების თანახმად, Homo Complexicus-ი არა იმდენად ადამიანისეული ფაქტორია, არამედ ის არის ხელოვნური ინტელექტი (Artificial Intelligence), რომლის ორიენტირს წარმოადგენს არა ეკონომიკის გაძლიერება, არამედ საზოგადოებაზე კომპლექსური კონტროლის დაწესება. ამ მიზნის მისაღწევად Homo Complexicus-ი სხვადასხვა მაღალტექნოლოგიურ საშუალებებს ეყრდნობა. აქედან გამომდინარე, ჩემი მოსაზრებით, Homo Complexicus-ი ვერანაირად ვერ ჩაითვლება ინოვაციური ეკონომიკის ხელშემწყობ ადამიანისეულ ფაქტორად. ეს არის ის ძირითადი ნიშანი, რომელიც განასხვავებს Homo Complexicus-სა და Homo Hi Techicus-ს ერთმანეთისგან. გარდა ამისა, დანეკეს მოსაზრებაზე დაყრდნობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ Homo Complexicus-ი მექანიკურ მუშაობაზე აკეთებს აქცენტს და ნაკლებად ახასიათებს მოქნილობა. რაც შეეხება Homo Hi Techicus-ს, მისი საბოლოო მიზანს საზოგადოებაში გაბატონებული მოთხოვნების დაკმაყოფილება წარმოადგენს მაღალტექნოლოგიური პროდუქციითა და მომსახურებით.

და მაინც, რა არის ის საბაზისო (ამასთან, სპეციფიკური) მახასიათებლები, რომლებიც უნდა ჰქონდეს Homo Hi Techicus-ს?

ჩვენი აზრით, ეს მახასიათებლები შეიძლება იყოს:

•      შემოქმედებითი აზროვნების უნარი;

•      პროგრამული უზრუნველყოფების ათვისების უნარი;

•      ანალიტიკური აზროვნების უნარი;

•      მონაცემების (ციფრული, ტექსტური) დამუშავების უნარი;

•      ლოგიკური აზროვნების უნარი;

•      სისტემაში პრობლემის იდენტიფიცირებისა და მისი მოგვარების უნარები;

•      სიახლეების ადვილად ათვისებისა და პროფესიული განვითარების უნარები.

ამგვარად, თანამედროვე, ინოვაციური ეკონომიკის შემოქმედად უნდა მივიჩნიოთ „მაღალტექნოლოგიური ადამიანი“. სწორედ Homo Hi Techicus-მა უნდა უზრუნველყოს საზოგადოება მაღალტექნოლოგიური დოვლათით ამ ეტაპისთვის (და მომავალშიც), რაც ეკონომიკის მდგრადი განვითარების საწინდარი იქნება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაღალტექნოლოგიური პოდუქციის ან მომსახურების განვითარებას, ეს განაპირობებს როგორც ქვეყნის წარმატებასა და პრესტიჟს საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან განვითარებას.

ამრიგად, ჩვენი აზრით, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, Homo Hi Techicus-ი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ამ ეტაპისთვის ყველაზე სრულყოფილი მოდელი. 

დასკვნა 

წინამდებარე სტატიაში განხილული მოსაზრებებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ: 

  • თანამედროვე ეპოქაში განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება იმ ტიპის პროდუქციასა და მომსახურებაზე, რომელთა შესაქმნელად გამოყენებულია მაღალტექნოლოგიური საშუალებები.
  • ინოვაციური ეკონომიკის წარმოქმნა წარმოუდგენელია შესაბამისი გარემო-პირობების გარეშე. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს საზოგადოების წევრთა მზაობასა და სურვილს, აწარმოონ და მოიხმარონ მაღალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინოვაციური პროდუქცია და მომსახურება.
  • ადამიანისეული ფაქტორები ეკონომიკაში წარმოადგენს იმ თეორიულ კონსტრუქტს, რომლის ფარგლებშიც უნდა შეიქმნას ეკონომიკური აქტივობები. ამრიგად, ინოვაციური ეკონომიკის შემოქმედად შეიძლება განვსაზღვროთ "ინოვაციური ადამიანის" თეორიული კონსტრუქტი.
  • ინოვაციური ეკონომიკა სულ უფრო ეყრდნობა მაღალტექნოლოგიურ საშუალებებს. ამიტომ "ინოვაციური ადამიანის" ტექნიკური უნარ-ჩვევები აღარ არის საკმარისი. შესაბამისად, ასპარეზზე გამოდის სრულიად ახალი თეორიული დაშვება, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ "მაღალტექნოლოგიური ადამიანი".
  • "მაღალტექნოლოგიური ადამიანი" წარმოადგენს მაღალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინოვაციური ეკონომიკის უწინარეს შემოქმედს. 
  • მაღალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროდუქციისა და მომსახურებაზე მზრდადი მოთხოვნის გამო, "მაღალტექნოლოგიური ადამიანი" შეიძლება განისაზღვროს, როგორც ამ ეტაპისთვის ყველაზე სრულყოფილი თეორიული მოდელი. 

გამოყენებული ლიტერატურა 

პაპავა ვ., 2019. „ინოვაციურ საქმიანობაში ადამიანისეული ფაქტორის გააქტიურების ძირითადი მიმართულებები ევროკავშირის პოსტკომუნისტურ ქვეყნებში“. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული XII. თბილისი, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი, <http://conferenceconomics.tsu.ge/doc/ 2019%20Srom.pdf>.

პაპავა ვ., 2020. ინოვაციური საქმიანობის შესახებ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში. ექსპერტის აზრი, № 132. თბილისი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, <https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/132-expert-opinion-geo.pdf>.

Blum R., 1991. Die Zukunft des Homo Оeconomicus. In: Das Menschenbild der Okonomischen Theorie. Hrsg. Von B. Biervert, M. Held. Frankfurt a. M.

Giddens A. 2011. Runaway World. How Globalisation is Reshaping Our Lives. London, Profile Books.

Clemence V., ed., 2009. Joseph A. Schumpeter Essays on Entrepreneurship, Innovations, Business Cyclesand the Evolution of the Capitalism.New Brunswick, New Jersey, Transaction Publishers.

Coyle D., 2020. “Tech Titans at bay?” Project Syndicate – The World’s Opinion Page, July 31, <https://www.project-syndicate.org/commentary/big-tech- congressional-antitrust-hearing- regulation-by-diane-coyle-2020-07>.

Drucker P., 1995. The Future of Industrial Man. New Brunswick, USA, and London, UK, Transaction Publishers.

Drucker P., 2009. The End of Economic Man – Origin of Totalitarianism. New Brunswick, USA, and London, UK, Transaction Publishers.

Fagerberg J., Srholec M., Verspagen B., 2010. The role of Innovation in Development. Review of Economics and Institutions, Vol. 2, № 2, pp. 4-8, <http://www.rei.unipg.it/rei/article/view/15/19>.

Heilbroner R., Milberg W., 2012. The Making of Economic Society. London, Prentice-Hall International.

Knight F., 1947. Freedom and Reform: Essays in Economics and Social Philosophy. New York and London, Harper Bros.

Lemanowicz M., 2015. Innovation in Economic Theory and the Development of Economic Thought. Oeconomia, № 14, pp. 61–64.

Papava V., 2019. “On the Prospects for the Use of High Technologies in the European Union’s Post-Communist Countries.” Bulletin of the Georgian National Academy of Science, Vol. 13, No. 2, pp. 135-138.

Shelton R. 2018. From Homo Sapiens to Homo Innovatus, or How to Innovate Better. Park Innovaare, 2018, November 21, <https://www.parkinnovaare.ch/from-homo- sapiens- to-homo-innovatus-or-how-to- innovate-better>.

Автономов В. С., 1998. Модель человека в экономической науке. Санкт-Петербург, Экономическая школа.

Балацкий Е. В., 2010. Роль оптимизма в инновационном развитии экономики. Общество и экономика, № 1, cc. 3-20.

Другова Е. А. 2013. Homo innovaticus: парадоксы и противоречия инновационного антропологического проекта. Инновации, № 8, сс. 58-63.


[1] ekonomikur saqmianobaTa erovnul klasifikatorSi (sek 006 2016), romelic Seesabameba evropul klasifikators NACE Rev 2-s, saqmianoba Research and Development (R&D) Targmnilia, rogorc „samecniero kvlevebi da damuSavebebi“.