English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ნინო ლობჟანიძე
კორონავირუსის (Covid-19) გავლენა წყლის ინდუსტრიაზე: ძირითადი გამოწვევები მსოფლიოსა და საქართველოში

DOI:  10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.01.LOBZHANIDZE

ანოტაცია.სტატიაში გაანალიზებულია კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია წყლის სექტორის ძირითად პრობლემებზე, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ისე საქართველოში. არსებული პრობლემების  შესწავლით გამოკვეთილია სამი მთავარი გამოწვევა: წყლის მოხმარებისა და წყლით მომარაგების  სფეროს გამოწვევები; წყლის სექტორში ნედლეულით, ტექნიკით და ტექნოლოგიებით უზრუნველმყოფი კომპანიების შეფერხებული სამუშაოები; წყლის ინდუსტრიაში კერძო სექტორის კომპანიების მიწოდების კონსერვატიზმი.

ნაშრომში წყლის ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები გამოკვლეულია საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშების, სტატისტიკური მონაცემების და დარგის ექსპერტების ნაშრომთა გაანალიზების საფუძველზე, რაც მოყვანილია წყაროების სახით.

განხილული პრობლემების შესაბამისად სტატიაში წარმოდგენილია დასკვნები და შემოთავაზებულია წყლის ინდუსტრიაში პრობლემების გადაჭრის რეკომენდაციები მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერიოდებისათვის. 

საკვანძო სიტყვები: წყლის ინდუსტრია, კორონეკონომიკური კრიზისი, წყლის მოხმარება და მიწოდება, წყლის ინდუსტრიის რისკის ატლასი. 

COVID-19-ის სწრაფი და ფართომასშტაბიანი გავრცელებით განპირობებული გლობალური პანდემია ჯანდაცვის სფეროს უდიდესი გამოწვევაა, რომელიც მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიზეზი გახდა. ჩვენ ვდგავართ არა კლასიკური ტიპის, არამედ თვისებრივად ახალი გლობალური ეკონომიკური კრიზისის წინაშე, როცა მისი გამომწვევი მიზეზები არა ენდოგენური, არამედ ეგზოგენური ხასიათისაა, ანუ, როცა ეს მიზეზები გენერირებულია არა ეკონომიკაში, არამედ პროვოცირებულია ეკონომიკის ფარგლებს გარეთ არსებული წყაროს - კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შედეგად. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, როგორც ცალკეული ქვეყნა, ისე მთელი მსოფლიო დგას კლასიკური ეკონომიკური კრიზისისგან განსხვავებული, ახალი ტერმინით - „კორონომიკური კრიზისის“ საფრთხის წინაშე (პაპავა ვ. 2020, მარტი). კორონავირუსის მასშტაბების და მოსალოდნელი საფრთხეების გავლენის შემცირების მიზნით ადამიანები თავისი ნებით ან/და სამთავრობო და საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით გარკვეული პერიოდით სახლში დარჩნენ. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით რეალურ სამყაროში მიმდინარე პროცესებმა გარკვეულწილად გადაინაცვლა ელექტრონულ რეჟიმში, თუმცა, რიგ ეკონომიკურ სექტორში აღნიშნული ცვლილება  დიდ რესურსს და გრძელვადიან პერიოდს მოითხოვს ადაპტაციისთვის ან საერთოდ შეუძლებელია განხორციელდეს. მაგალითად, ყველაზე დიდი დარტყმა ამ კუთხით ტურიზმისა და მომსახურების სექტორმა მიიღო. ასევე, უნდა აღინიშნოს სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო სექტორი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები. განვითარებულ ქვეყნებში (მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში), მცირე და საშუალო საწარმოებს მოქმედ საწარმოებს შორის დიდი წილი უკავია, ქმნის სამეწარმეო სექტორის მთლიანი ბრუნვის 50%-ზე მეტს და ყოველი სამი სამუშაო ადგილიდან ორს კერძო სექტორში. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში, კომპანიების 99%-ზე მეტს მცირე და საშუალო საწარმოები წარმოადგენენ და საშუალოდ ქმნიან მთლიანი შიგა პროდუქტის (მშპ) 2/3-ს. განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, მცირე და საშუალო საწარმოები საწარმოების მთლიანი რაოდენობის 90%-ზე მეტს წარმოადგენენ (მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020). აღნიშნული სექტორი საქართველოსთვის პრიორიტეტულია. კერძო სექტორის განვითარების და ეფექტიანი მუშაობის ხელშეწყობის საკითხებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების  სტრატეგიაში - საქართველო 2020, კორონავირუსით შექმნილი რეალობის დამყარებამდეც საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა. შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია ზემოთ აღნიშნულ სექტორებში პანდემიით გამოწვეული დანაკარგების კვლევა, გაზომვა, შეფასება და პრობლემათა გადაჭრის გზების ძიება სხვადასხვა ინსტიტუციის ჩართულობით და საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოყენებით. ამას მოწმობს მაღალკვალიფიციური აგრონომების, ექსპერტებისა და სხვა სპეციალისტების მიერ გაცემული რჩევებიც. ისინი ხაზს უსვამენ სპეციალიზებული ცოდნის გამოყენების მნიშვნელოვნებას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და მომარაგების პროცესში პროდუქტიულობის ზრდის ხელშესაწყობად. სურსათის უვნებლობის და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად საჭიროა ინოვაციის მდგრადი სისტემების (SAIS) განვითარება სოფლის მეურნეობაში (Kharaishvili E. 2020).

ზემოთაღწერილი ზოგადი ფონი შეეხო წყლის ინდუსტრიასაც მსოფლიოს მასშტაბით. იმისათვის, რომ ანალიზი ჩავატაროთ,  თუ რა უარყოფითი ეფექტები გამოიწვია კორონავირუსმა აღნიშნული კუთხით, გამოვყოთ სამი მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობა ეს გავლენა და ერთგვარად ფარავს საწარმოო პროცესის მთლიან ჯაჭვს:

  1. წყლის მოხმარების და წყლით მომარაგების მომსახურების სფეროს გამოწვევები - სუფთა წყლით მომარაგების პროცესი არის ძალიან შრომატევადი და მნიშვნელოვანი, რომელიც მეტწილად ყურადღების მიღმა რჩება და ეს აისახება წყლის არარაციონალურ მოხმარებაში. დღეს ამ სფეროში დასაქმებული სპეციალისტების სამუშაო ადგილების შენარჩუნების პრობლემა გაჩნდა დღის წესრიგში, მით უფრო, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წყლის დროული მიწოდება, რაციონალური განაწილება, სამედიცინო პერსონალის მომარაგება და სუფთა წყლით მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მილიარდობით ადამიანისთვის მსოფლიო მასშტაბით. მეორე საკითხი ამ კუთხით არის გაზრდილი მოთხოვნა წყალზე, რაც გამოწვეულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციით ხელის ხშირ დაბანასა და  სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების გაძლიერებულ დაცვასთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, რიგ სახელმწიფოებში დაწესდა საშეღავათო პერიოდი წყლის მომსახურების კომუნალურ გადასახადზე. მაგალითად, აშშ-ის 90-ზე მეტმა ქალაქმა სხვადასხვა შტატში არ შეაჩერა წყლის მიწოდება გადაუხდელი გადასახადების გამო.
  2. წყლის ინდუსტრიაში ნედლეულით, ტექნიკით და ტექნოლოგიებით უზრუნველმყოფი კომპანიების შეფერხებული სამუშაოები - წყლის ინდუსტრიაში მიწოდების ჯაჭვი ძალზე ფართოა და მოიცავს ნედლეულის მომპოვებლებს, ტექნოლოგიით უზრუნველყოფისა და გადამამუშავებელ საწარმოებს, მიმწოდებელ კომპანიებს, სადაც დასაქმებულნი არიან, როგორც დარგის სპეციალისტები, ისე მმართველი რგოლის მენეჯერები. ყველა ამ კომპანიისთვის იკვეთება ორი მთავარი გამოწვევა - ერთი მხრივ, საკუთარი დასაქმებულების უფლებების და უსაფრთხოების დაცვა, მეორე მხრივ, წარმოების და მიწოდების ჯაჭვის შეძლებისდაგვარად შეუფერხებლად მუშაობა. აღნიშნულ პრობლემაზე მსჯელობა ჯერ კიდევ ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე დაიწყო მხოლოდ ჩინეთის მაგალითზე, თუმცა, ძალიან სწრაფადვე გლობალურ გამოწვევად იქცა.
  3. წყლის ინდუსტრიაში კერძო სექტორის კომპანიების მიწოდების კონსერვატიზმი - ჩვენ  უნდა გავაანალიზოთ წყლის, როგორც საწარმოო ფაქტორის, ასევე, პროდუქტის და მომსახურების ბაზარი, რომელშიც ფუნქციონირებენ ბოთლირებული წყლის მიმწოდებელი კომპანიები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ კომერციული კომპანიები ეცდებიან ფულის დაზოგვას და კაპიტალური ხარჯების გაწევის სამომავლოდ გადადებას. აღნიშნული გამოიწვევს კაპიტალური პროექტების განხორციელების დროებით შეჩერებას. გარდა ამისა, საკუთარი სამუშაო ძალის უსაფრთხოების საკითხი კერძო კომპანიებშიც აქტუალურია. კომპანიის მმართველები ცდილობენ მაქსიმალურად შეზღუდონ ადგილზე სამუშაო პროცესში ჩართული სპეციალისტების რაოდენობა და სამუშაო დრო, თუმცა, აქვე იკვეთება მეორე ეკონომიკური ხასიათის პრობლემა - უმუშევრობა. აღნიშნულ ორ საკითხს შორის ბალანსის დაცვა უდიდეს გამოწვევად რჩება (Amane Advisors - Navigate the Water Business, March 2020).

როგორ პასუხობენ წყლის ინდუსტრიაში კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს რეგიონალური ორგანიზაციები, ადგილობრივი მთავრობები, კერძო კომპანიები და საზოგადოება? მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობის მხოლოდ 60%-ს  აქვს სუფთა წყალი და საპონი კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე პირველი და ელემენტარული ჰიგიენურის წესის დაცვისთვის - ხელის ხშირი დაბანისთვის. დანარჩენ 40%-ს შეზღუდულად აქვს ეს საშუალება ან თითქმის არ აქვს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, აღნიშნულ პრობლემას უნდა მიექცეს ყურადღება, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტების აზრით, ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელია უფრო გონივრული დაგეგმვისა და თანამშრომლობის გზით (World Economic Forum, 2020). უნდა აღინიშნოს, რომ რიგ ქვეყნებში ნაწილობრივ უკვე მოხდა ამ პრობლემაზე რეაგირება. გაეროს წარმომადგენლობამ, ადგილობრივმა მთავრობებმა და კერძო კომპანიებმაც დაიწყეს სასმელი წყლის და სარეცხი საშუალებების კაბინების აშენება ისეთ დასახლებებში და საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც წყალზე ხელმისაწვდომობა ძალიან დაბალია. მაგალითად, ეს გაკეთდა აფრიკის ქვეყანა რუანდაში (Rwanda), სადაც მოსახლეობის მხოლოდ  5%-ს აქვს საპნით და წყლით ხელის დაბანის ობიექტებზე წვდომა. ამავე ქვეყნის ქალაქ კიგალში დაამონტაჟეს პორტატული სარეცხი სადგურები ავტობუსის გაჩერებებზე. ასევე, ეთიოპიაში, სხვადასხვა კერძო კომპანიამ, რესტორნებმა და ბანკებმა შენობის შესასვლელში წყალი და საპონი განათავსეს (World Resources Institute, April 2020). სუფთა და დასალევი წყლის პრობლემას ასახავს „წყლის რისკის ატლასი“, რომელიც შემოთავაზებული აქვს მსოფლიო რესურსების ინსტიტუტს (WRI). მკაფიოდ ჩანს განსაკუთრებით პრობლემური რეგიონები, როგორიცაა აფრიკის თითქმის ¾, მათ შორის მთელი სამხრეთი ნაწილი, აზიის რამდენიმე ქვეყანა და სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის ქვეყნები (იხ. სურათი 1) (World Resources Institute, 2020). 

სურათი 1. „წყლის რისკის ატლასი“, სასმელი და სუფთა წყლის პრობლემის სიმწვავე მსოფლიოს მასშტაბით, 2020

 

წყარო: მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი, World Resources Institute (WRI), 2020, https://www.wri.org/applications/aqueduct/water-risk-atlas

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ წყლით მომსახურების გადასახადი მოიხსნა ნაწილობრივ ან საშეღავათო პერიოდი დაწესდა რიგ ქვეყნებში.  ძირითადად ეს ეხება ევროპულ ქვეყნებს და ამერიკის სხვადასხვა შტატის 90-ზე მეტ ქალაქს, ამ კუთხით გამორჩეული პოლიტიკა აქვს დიდ ბრიტანეთს, სადაც ცალკე მუშაობს სამომხმარებლო ადმინისტრაციული ორგანო - სამომხმარებლო საბჭო წყლის სექტორში (CCW). აღნიშნული ორგანო საკმაოდ ეფექტიანად წარმართავს კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს მომხმარებლების საჭიროებებების გათვალისწინებით. CCW-ის ფარგლებში  2020 წლის მარტში შეიქმნა სპეციალური მაკოორდინებელი სააგენტო, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს საცალოდ მოვაჭრე კომპანიებსა და მათ მომხმარებლებს შორის, კონსულტაციას უწევს მათ და ახდენს პრობლემების შეფასებას. გადამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე 2020 წლის 16 აპრილს მათ უკვე გამოაქვეყნეს პირველი ანგარიში და შეიმუშავეს სპეციალური საშეღავათო შეთავაზებები. საცალოდ მოვაჭრეებისთვის 2020 წლის მაისის, ივნისისა და ივლისის თვეები გამოცხადდა საშეღავათო პერიოდად, ხოლო დანარჩენი გადავადებული გადასახადის  სრულად გადახდის ბოლო ვადად დამტკიცდა 2021 წლის მარტის ბოლო. მათი მთავარი მიზანია, ერთი მხრივ, არ დაზარალდეს მომხმარებელი და მეორე მხრივ, მაქსიმალურად შენარჩუნდეს წარმოების პროცესი. მომდევნო პერიოდის განმავლობაში, შეცვლილი სიტუაციიდან გამომდინარე, მათი გადაწყვეტილებებიც შეიცვლება მიზანმიმართულად და გონივრულად (Consumer Council for Water, April 2020).

საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, COVID-19-ით შექმნილი გარემოებების გამო, კომპანიებს ექმნებათ ფინანსური პრობლემები, დაფარონ ბიზნეს სესხები თუ გადაიხადონ გადასახადები, სწორედ ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების გეგმა, რომლის ძირითადი საკითხებია:

  • ბიზნეს სესხების რესტრუქტურიზაცია;
  • ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადახდის გადავადება;
  • დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) დაბრუნებას საშეღავათო პერიოდში;
  • სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამის შემუშავებას სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის დაფარვის მიზნით;სამომხმარებლო სესხების გადახდის ვალდებულების გადავადება;
  • მათთვის, ვინც სამუშაო ადგილი დაკარგა, ფულადი დახმარების გაწევა.

 გეგმის გარკვეული ნაწილი კვლავ სამუშაო ეტაპზეა (PricewaterhouseCoopers საქართველო 2020, მარტი).

რაც შეეხება წყლის ინდუსტრიას საქართველოში, მოხმარების მიმართულებით საშეღავათო რეგულაცია გავრცელდა წყლის მომხმარებაზე 2020 წლის 3 აპრილის N220 დადგენილების „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ მიხედვით: საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსახლეობის დახმარების მიზნით, 2020 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვეებში (თითოეული თვისათვის) მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წლის/წყალარინების გადასახადების სუბსიდირება (საქართველოს მთავრობის დადგენილება 2020, 3 აპრილი), მეორე რაუნდის საშეღავათო პერიოდი კი ეხება 2020 წლის ნოემბრიდან მომდევნო სამ თვეს. რაც შეეხება წყლის ინდუსტრიის კერძო კომპანიებს, მათი ადმინისტრაციული და ოპერაციული მენეჯერები ცდილობენ, მსოფლიო ტენდენციის მსგავსად, ჯანრმთელობის დაცვის მიზნით შეზღუდულ პირობებში არ გააჩერონ საწარმოო პროცესი და არ გამოიწვიონ როგორც ბოთლირებული წყლის მიწოდების შემცირება ბაზარზე, ასევე, უმუშევრობა, რაც საბოლოოდ წყლის ფასის ზრდას გამოიწვევს. 2020 წლის მაისიდან IDS ბორჯომი საქართველოს კომპანიამ ონლაინ გაყიდვები დაიწყო მთელი საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია განთავსებულია ონლაინ პლატფორმა „Vendoo- ვენდუზე“ შემდეგი შეფუთვით (Vendoo-ვენდუ 2020):

  • „ბორჯომი“ – 0.5ლ მინა (12ცალი) და 1.0ლ პეტი (6ცალი);
  • „ლიკანი“ – 1.0ლ პეტი (6 ცალი) და 1.5ლ პეტი (6ცალი);
  • „ბაკურიანი“ – 1.5ლ (6 ცალი), 1.0ლ (6 ცალი), 1.0ლ სპორტი (6 ცალი), 6ლ პეტი (3 ცალი) (IDS Borjomi Georgia 2020, 8 მაისი).

ზოგადი ეკონომიკური პროგნოზის გაკეთება საკმაოდ კომპლექსური საკითხია გამომდინარე იქიდან, რომ კორონეკონომიკური კრიზისი, ერთი მხრივ, დამოკიდებულია ეკონომიკური ბერკეტების ეფექტიან ამოქმედებაზე,  მეორე მხრივ, სამედიცინო სფეროში წამოჭრილი უმწვავესი პრობლემის რაც შეიძლება დროულ და ეფექტიან გადაჭრაზე, თუმცა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ნაწილობრივ უკვე შეგვიძლია გავაანალიზოთ ზოგადი ეკონომიკური  მონაცემები.  საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) გათვლებით  რეალური მთლიანი შიგა პროდუქტის (მშპ) დონე მოცემულია გრაფიკზე 1.

გრაფიკი 1. რეალური მშპ-ის დონე 2019 წელთან შედარებით IMF-ის პროგნოზით

წყარო: თიბისი კაპიტალი, ანგარიში „Covid 19-ის ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე”, 2020, 14 მაისი 

ამავე ანგარიშში ცალკე მოყვანილია  საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზი საქართველოსთვის რეალური მთლიანი შიგა პროდუქტის წლიურ ზრდასთან მიმართებით, სადაც ჩანს, რომ დადებითი მაჩვენებელი ფიქსირდება უკვე 2021 წელს (4.0 %) და შემდგომ საპროგნოზო წლებში შედარებით სტაბილურად იცვლება მცირე ზღვრული კლებადობით (იხ. გრაფიკი 2). 

გრაფიკი 2. რეალური მშპ-ის წლიური ზრდა საქართველოსთვის IMF-ის პროგნოზი, 2018-2025

 

წყარო: თიბისი კაპიტალი, ანგარიში „Covid 19-ის ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე”, 2020, 14 მაისი

 

 McKinsey & Company-ის მიერ შემოთავაზებულია გლობალური მშპ-ის ზრდის ორი სცენარი:

  • სცენარი 1: ვირუსის გავრცელების სწრაფი და ეფექტიანი კონტროლი (გლობალურად აღმასრულებელი მენეჯერების 16% ამ სცენარს ყველაზე სავარაუდოდ მიიჩნევს);
  • სცენარი 2: ვირუსის გავრცელებაზე ეფექტიანი კონტროლი, თუმცა, განმეორებითი გავრცელება რეგიონულ დონეზე (გლობალურად აღმასრულებელი მენეჯერების 31% ამ სცენარს ყველაზე სავარაუდოდ მიიჩნევს. აღნიშნული სცენარები მოცემულია გრაფიკზე 3. 

გრაფიკი 3. McKinsey-ის სცენარები* გლობალური მშპ-ის ზრდისთვის (2019Q4-2022Q3)

 

         *2020 წლის 6 მაისის მონაცემებით

წყარო: თიბისი კაპიტალი, ანგარიში „Covid 19-ის ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე”, 2020, 14 მაისი

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს მინერალური წყლების მწარმოებელ კომპანიებს, ბაზრის მთავარ მოთამაშეებს ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბრიდან პოზიტიური მოლოდინები აღარ ჰქონდათ, მიუხედავად ამისა, მათ განაგრძეს წარმოების პროცესი. უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური პანდემიის გარდა, რეგიონში სხვა კრიზისებმა, როგორც ეკონომიკურმა, ისე პოლიტიკურმა, საქართველოს მთავარ საექსპორტო ბაზრებზე გაცვლითი კურსის გაუფასურება გამოიწვია, რამაც თავის მხრივ, შეამცირა მათი მოთხოვნა იმპორტირებულ პროდუქტებზე, მათ შორის საქართველოს მინერალურ წყლებზეც. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, აქ ვითარება კიდევ უფრო არასახარბიელოა კომპანიებისთვის, ვიდრე საერთაშორისო ბაზარზე. ეს ძირითადად ტურისტების მნიშვნელოვანი შემცირებით არის გამოწვეული.

მტკნარი და მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანიები 2020 წლის ბოლომდე ცდილობდნენ პროდუქტზე ფასების შენარჩუნებას მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე. თუმცა, 2021 წლის დასაწყისიდან უკვე შეინიშნება ზოგიერთი ბრენდის მინერალური წყლის ფასის რამდენიმე თეთრით მატება.

სახელმწიფო მხარდაჭერის სახით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პანდემიის ორი ტალღის განმავლობაში ბაზარზე ფუნქციონირებად კომპანიებს რამდენიმე სახის შეღავათი გაეწიათ, როგორიცაა სესხის რესტრუქტურიზაცია და საშემოსავლო გადასახადის გადავადება. ბენეფიციარ კომპანიებს შორის მოხვდნენ მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანიებიც. 

დასკვნები და რეკომენდაციები

მიმდინარე ეტაპისთვის წყლის ინდუსტრიაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად პრიორიტეტულ ამოცანებად შესაძლოა გამოიყოს შემდეგი:

  • წყლის ინდუსტრიაში დამსაქმებლები მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, შეინარჩუნონ დასაქმებულები. გამოუვალ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია დროებითი გათავისუფლების საკითხი და შესაბამისი დახმარების გაწევა გათავისუფლების პერიოდის განმავლობაში. აქ გათვალისწინებული უნდა იყოს ის, რომ მათ შეეძლოთ ძირითადი გადასახადების გადახდა (ქირა, კომუნალური მომსახურება, იპოთეკური სესხი, დაზღვევა).
  • კერძო სექტორის გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია  სესხის აღების უფრო მარტივი პირობების შეთავაზება, ასევე, უკვე აღებული ბიზნეს სესხების და სახელმწიფო გადასახადების გადახდის ვალდებულების დროებით გადავადება და საჭიროების შემთხვევაში პირდაპირი ფინანსური დახმარება.

ზემოთაღნიშნული ამოცანების შესასრულებლად შესაძლოა ჩამოყალიბდეს შემდეგი რეკომენდაციები როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი პერიოდებისათვის:

  • კორონავირუსთან გამკლავების პროცესში დაწესებულებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წყლის კაბინების მოწყობა, არსებულის გაუმჯობესება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში გადასახადის გადახდის გარეშე წყალზე ხელმისაწვდომობის საშეღავათო პერიოდის გაზრდა - განსაკუთრებით ეს ეხება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას;
  • სასმელი წყლის რაციონალური მოხმარება - აღნიშნული საკითხი მუდმივად დგას დღის წესრიგში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა. ეს არ გულისხმობს მოხმარების შემცირებას. ხშირ შემთხვევაში წყლის არარაციონალური ხარჯვა გაუაზრებლად ხდება. არადა წყლის ინდუსტრიის  სამომხმარებლო საბჭოს (CCW) მიერ შემოთავაზებული „წყლის დაზოგვის კალკულატორის“ (Water Meter Calculator) მიხედვით თითოეული ადამიანის მიერ წყლის არარაციონალურად გამოყენების 1 წუთით შემცირებაც კი დადებით გავლენას ახდენს მთლიან სიტუაციაზე;
  • ბაზარზე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა. დანერგვა - გულისხმობს კომერციალიზაციას და ციფრულ ტრანსფორმაციას წარმოებისა და მიწოდების პროცესში. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყალმოხმარებაში მწვანე ტექნოლოგიების დანერგვა. აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მუშაობს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსადაცვითი ფონდი (GEF). 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Amane Advisors - Navigate the Water Business, March 2020, "The Impact of Covid-19 on the Water Sector", France, https://www.amaneadvisors.com/insight/impact-of-covid-19-on-water/
  2. Consumer Council for Water, April 2020, "Information on the water industry and Coronavirus (Covid-19)", United Kingdom, https://www.ofwat.gov.uk/regulated-companies/markets/business-retail-market/information-on-the-water-industry-and-coronavirus-covid-19/
  3. IDS Borjomi Georgia, 2020, 8 მაისი, „კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ონლაინ გაყიდვებს იწყებს". https://www.ids-borjomi.ge/press-center/news/kompania-ids-borjomi-saqarthvelo-onlain-gaqhidvebs-itsqhebs/
  4. Kharaishvili E., 2020, "Innovations for increasing productivity in agriculture and ensuring food security (the case of Georgia)", ДВНЗ Київський національний економічний університет імені Вадима Гетьмана pp. 212-215 https://ir.kneu.edu.ua/bitstream/handle/123456789/32924/sism_20_212-215.pdf?sequence=1
  5. PricewaterhouseCoopers საქართველო, 2020, მარტი, „ძირითადი სამართლებრივი საკითხები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ კომპანიებმა COVID-19-ის დროს", https://www.pwc.com/ge/en/assets/pdf/April_2020/PwC_COVID-19_Legal_Issues(ENG)_Updated_22_March.pdf
  6. Vendoo-ვენდუ, 2020, მაისი, https://vendoo.ge/merchant/ltd_ids_borjomi_tbilisi?fbclid=IwAR0pUYd-CSMnazEBL-JIbnjb7DoT_rGllcAg1uq0esEQ7yGUDyG7ciWYTq4.
  7. World Economic Forum, 2020, Strategic Intelligence, https://intelligence.weforum.org/topics/a1Gb00000015MLgEAM?tab=publications
  8. World Resources Institute, April 2020, "Combating the Coronavirus Without Clean Water", https://www.wri.org/blog/2020/04/coronavirus-water-scarcity-hand-washing
  9. World Resources Institute, 2020, Water Risk Atlas, https://www.wri.org/applications/ aqueduct/water-risk-atlas/#/ ?advanced=false&basemap= hydro&indicator=w_awr_def_tot_cat&lat=30&lng=- 80&mapMode=view&month= 1&opacity =0. 5&ponderation=DEF&predefined=false&projection= absolute&scenario= optimistic&scope=baseline&
  10. თიბისი კაპიტალი, 2020, 14 მაისი „Covid 19-ის ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე”
  11. პაპავა ვ., 2020, მარტი, „კორონომიკა და ეკონომიკა კრიზისის წინაშე". For.ge https://for.ge/view/182671/ koronomika-da- ekonomika-krizisis-winaSe.html
  12. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020", საქართველოს მთავრობა http://www.economy.ge/ uploads/ecopolitic/%E1%83%9B% E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A0% E1%83%94_%E1%83%93%E1%83%90_% E1%83%A1%E1%83%90% E1%83%A8%E1%83%A3% E1%83%90%E1%83%9A% E1%83%9D_%E1%83%91% E1%83%98%E1%83%96% E1%83%9C% E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%
  13. საქართველოს მთავრობის დადგენილება, 2020, 3 აპრილი, „N220, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“.