English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ მამუკა ხუსკივაძე
COVID-19 პანდემიის ეკოლოგიური შედეგები

DOI:  10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.01.Khuskivadze

ანოტაცია.  ერთ წელზე მეტია სამყარო ცხოვრობს  COVID-19 პანდემიისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში. სახეზეა პანდემიის ეკონომიკური და ეკოლოგიური შედეგები. ამასთან, თუ ეკონომიკური შედეგები ცალსახად ნეგატიურია, ეკოლოგიური შედეგები არაერთგვაროვანია. კორონომიკურმა კრიზისმა აშკარად გააუმჯობესა ჰაერის ნივთიერი შემადგენლობა სათბური აირებისა და სხვა მავნე ნივთიერებების ემისიის შემცირების ხარჯზე, თუმცა იმავდროულად შეაფერხა და გადაავადა სხვადასხვა სახის ეკოლოგიური პროექტების განხორციელება. ნაშრომში გაშუქებულია ზოგადად ეკონომიკური კრიზისებისათვის დამახასიათებელი ეკოლოგიური შედეგები. გაანალიზებულია COVID-19 პანდემიის ეკოლოგიური შედეგები და შემოთავაზებულია დადებითი ეკოლოგიური ტრენდის შენარჩუნების ღონისძიებები მსოფლიოსა და საქართველოში.

საკვანძო სიტყვები. კორონავირუსის პანდემია, ეკოლოგიური შედეგები, სათბური აირების ემისია, გარემოს კომპონენტები, კლიმატის ცვლილება.

შესავალი

2019 წლის ბოლოს ჩინეთიდან  COVID-19 ვირუსის მსოფლიოში გავრცელებამ საფუძველი ჩაუყარა ახალ გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც ატიპიური ხასიათისაა (პაპავა, 2020), ვინაიდან მისი გენეზისი უკავშირდება არა ეკონომიკურ, არამედ სამედიცინო სფეროს. ამიტომ ცნობილი ტიპიური კრიზისებისაგან განსხვავებით, დღის წესრიგში არ დგას  კორონომიკური კრიზისის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და გაანალიზება.

ახალი გლობალური ეკონომიკური კრიზისი დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა კაცობრიობისათვის, განსაკუთრებით მთელი რიგი ქვეყნების ეკონომიკების სწრაფი განვითარების ტენდენციის ფონზე. მდგომარეობას ართულებს ის გარემოება, რომ ადაპტირებული ანტიკრიზისული პროექტები და ღონისძიებები, ვინაიდან კრიზისის დასრულების გასაღები არ არის ეკონომიკურ გადაწყვეტილებებში, ვერ აღწევს სასურველ შედეგებს და უპირატესად, ეკონომიკური პრობლემების მიტიგაციის როლს ასრულებს.

კორონომიკური კრიზისის შედეგები თვალსაჩინოა სოციალური, ფინანსური, ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით. ამასთან, თუ ეკონომიკურ ასპექტში შედეგები ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურია, ეკოლოგიურ კონტექსტში მდგომარეობა სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით გაუმჯობესდა, მაშინ როცა კრიზისამდე არსებული განვითარების მოდელი, კრიზისამდე არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიძლება შეფასდეს როგორც არაეკოლოგიური.

კაცობრიობა ერთობლივი ძალისხმევით და მედიცინის დარგის მიღწევების გამოყენებით გარკვეული დროითი პერიოდისათვის შეძლებს პანდემიის და შესაბამისად, კორონომიკური კრიზისის დასრულებას. ქვეყნებში გატარდება პოსტკრიზისული ღონისძიებები და მივიღებთ ახალ ეკონომიკურ მდგომარეობას. შენარჩუნდება თუ არა პოზიტიური ეკოლოგიური მდგომარეობა, ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს და დამოკიდებული იქნება ქვეყნების მიერ ეკოლოგიის ეკონომიკური და პოლიტიკური პრიორიტეტების სისტემაში ადეკვატურ ჩართვასა და ეფექტიანი ეკოლოგიური პოლიტიკის გატარებაზე.

პანდემია და ეკოლოგია

კორონავირუსის გავრცელებიდან ერთ წელზე მეტია გასული და ეკოლოგიური მდგომარეობის ამსახველი სხვადასხვა ინდიკატორების შესახებ მონაცემით დასტურდება გარემოს სისუფთავის ხარისხის გაუმჯობესება ანუ სახეზეა პანდემიის დადებითი ზეგავლენა ეკოლოგიაზე. შეიძლება ითქვას, რომ მეორდება პანდემიის ეკოლოგიური ეფექტის ფენომენი, რაც დამახასიათებელი იყო ისტორიულად არსებული პანდემიებისათვის.

დედამიწაზე ეკოლოგიური მდგომარეობის პერმანენტულად გაუარესებისა და გლობალური ეკოლოგიური პრობლემების წარმოშობის გამო ბოლო ათწლეულებში, მსოფლიოში, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში, გარემოსდაცვითი აქტიურობა სულ უფრო ფართო მასშტაბებს ღებულობდა, თუმცა საგრძნობი შედეგები სათბური აირების ემისიის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, გარემოს კომპონენტების სისუფთავის მაღალი ხარისხის მიღწევის თვალსაზრისით და ა.შ ვერ იქნა მიღებული. შესაბამისად, დღის წესრიგში კვლავ რჩება მსოფლიოში „ ეკოლოგიური გადატვირთვის“ აუცილებლობა. შეიძლება ითქვა, რომ ამ კონტექსტში კორონავირუსის პანდემიამ უფრო მეტი შედეგი მოიტანა, ვიდრე ბოლო წლების ეკოლოგიურმა ძალისხმევამ და აქტივიზმმა.

განვიხილოთ რა მიმართულებებით მოახდინა პანდემიამ ზეგავლენა ეკოლოგიურ სიტუაციაზე მსოფლიოსა და საქართველოში და არის თუ არა პანდემიის პერიოდში გაუმჯობესებული გარემოს მდგომარეობა  სამყაროს „მწვანე მომავლის“ უზრუნველყოფის წინაპირობა.

საზოგადოდ, არ შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურ კრიზისს მხოლოდ დადებითი ეკოლოგიური გამოვლინებები შეიძლება გააჩნდეს, ვინაიდან ის არაერთგვაროვან ზემოქმედებას ახდენს გარემოზე და შესაბამისად, იწვევს როგორც დადებით, ისე უარყოფით შედეგებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ნებისმიერი კრიზისი, როგორც წესი, იძლევა ახალ შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკოლოგიურ ასპექტშიც.

ეკონომიკური კრიზისების უარყოფით ეკოლოგიურ შედეგებში შეიძლება გამოიყოს:

  1. ეკონომიკური კრიზისის დროს ქვეყნების მთავრობები აქტიურად ახორციელებენ ანტიკრიზისულ ღონისძიებებს, რასაც სჭირდება მნიშვნელოვანი საბიუჯეტო დანახარჯები და ხშირ შემთხვევაში იწვევს დეფიციტს. ბიუჯეტის დეფიციტის დროს, კი, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, პირველი რიგის მსხვერპლი არის დანახარჯები გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსებაზე.
  2. ეკონომიკური კრიზისის დროს ადგილი აქვს ინვესტიციების შემცირებას ეკონომიკის სფეროში, რაც აფერხებს ინოვაციური რესურსდამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვას;
  3. კრიზისულ მდგომარეობაში ბუნებრივია ქვეითდება ფირმების, კომპანიებისა და ორგანიზაციების ეკოლოგიური პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება მათი მხრიდან ეკოლოგიური  დანახარჯების შემცირებაში;
  4. საბაზრო მექანიზმის სრულყოფილი ფუნქციონირების პირობებში, ეკონომიკური კრიზისის დროს, ძირითად სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებზე  (ნავთობი, ბუნებრივი აირი, ნახშირი) ფასები ეცემა, რაც ზღუდავს ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისებას და ამ სფეროში ინვესტიციებს.

რაც შეეხება კრიზისის მიერ წარმოშობილ შესაძლებლობებს  ეკოლოგიური პრობლემების დაძლევის თვალსაზრისით, ის ძირითადად  შემდეგში ვლინდება:

  1. კრიზისის პერიოდში გარკვეული საწარმოების მთლიანად ან ნაწილობრივ გაჩერება იწვევს მავნე ნივთიერებების გარემოში გამოშვების შემცირებას და შესაბამისად გარემოს კომპონენტების სისუფთავის მდგომარეობის გაუმჯობესებას;
  2. ეკონომიკური კრიზისის დროს ერთობლივი მოთხოვნა მცირდება, რაც თავის მხრივ იწვევს საწარმოო სიმძლავრეების დაცემას და დგება ხელსაყრელი მომენტი წარმოების ტექნოლოგიური გადაიარაღებისათვის ენერგოეფექტიანობისა და რესურსეფექტიანობის ამაღლების მიმართულებით. ამგვარი სტრუქტურულ-ტექნოლოგიური რესტრუქტურიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით. მაგალითად, 2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ბრიტანულმა ბანკმა HSBC ჩაატარა კვლევა იმის გასარკვევად, თუ რა პროექტების განხორციელებაზე ხარჯავენ კრიზისის დროს სხვადასხვა ქვეყნები ფულად სახსრებს. აღმოჩნდა, რომ სამხრეთ კორეაში სახელმწიფოს მიერ ანტიკრიზისული ღონისძებების ფარგლებში გამოყოფილი თანხების 80% მიმართული იქნა სწორედ საწარმოებში რესურსდამზოგი და ეფექტიანი ტექნოლოგიების დანერგვაზე.

პანდემიის შეუქცევადი გავრცელების გამო, მთელ მსოფლიოში სახელმწიფოების მიერ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შემოღებული იქნა ფართომასშტაბიანი შეზღუდვები და აკრძალვები. კერძოდ, ჩაიკეტა ქვეყნების სახელმწიფო საზღვრები და შეიზღუდა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა, შეჩერდა ან შეიზღუდა საწარმოთა საქმიანობა და მასობრივად გამოცხადდა საკარანტინო რეჟიმები. ამ იძულებითმა იზოლაციამ გამოიწვია გარემოს მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება მისი კომპონენტების სისუფთავის ხარისხის ამაღლების შედეგად. სახელდობრ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ჰაერის ნივთიერი შემადგენლობა მასში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის შემცირების ხარჯზე. აღნიშნული დადებითად ზემოქმედებს როგორც ადამიანის ჯამნრთელობაზე, ისე გლობალური დათბობის პროცესის შენელებაზე. მაშინ როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოში ყოველწლიურად მიახლოებით 7 მილიონი ადამიანი იღუპება დაბინძურებული ჰაერის სუნთქვის გამო.

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება შეიმჩნევა ყველა კონტინენტზე და დასტურდება სხვადასხვა წყაროების სტატისტიკური მონაცემებით.

უკვე არაერთი წელია ჩინეთი ლიდერია სათბური აირების მსოფლიო ემისიაში. ამ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა მისი გავრცელებიდან მიმდინარე პერიოდამდე გამოიწვია გარემოში გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებების საგრძნობი შემცირება. მაგალითად, გასული წლის მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში CO2-ის ემისია შემცირდა 25%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (www.carbonbrief.org). აღნიშნული ცვლილება გამოიწვია სატრანსპორტო მიმოსვლის, განსაკუთრებით საჰაერო ფრენების შეზღუდვა/აკრძალვამ და ეკონომიკური აქტიურობის დაქვეითებამ, რამაც ზოგიერთ დარგში 40%-საც მიაღწია. შემცირდა აზოტის დიოქსიდიც (NO2) 35-40%-ის ფარგლებში. კლიმატის საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CICERO) მეცნიერთა შეხედულებით თუ ჩინეთში ამგვარი „მწვანე ტენდენცია“ გაგრძელდება ერთი წელი, ჰაერის დაბინძურების გამო გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდება 50-100 ათასით.

ეკოლოგიური მდგრადობის გაუმჯობესება ჰაერში მავნე  ნივთიერებების ემისიის შემცირების ხარჯზე თვალსაჩინოა აშშ-სა და ევროპაში. კოლუმბიის უნივერსიტეტის მონაცემებით ნიუ-იორკში წინა წლის მარტში სატრანსპორტო ქსელის დატვირთვა 2019 წლის მონაცემებთან მიმართებაში შემცირდა 35%-ით, რისი პირდაპირი შედეგიც გახდა მხუთავი აირების გამოფრქვევის 50%-ით შემცირება და შესაბამისად, დადებითი ზეგავლენა კლიმატის ცვლილებაზე.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მონაცემებით ნახშირორჟანგის, აზოტის დიოქსიდისა და სხვა სათბურის აირების ემისია შემცირებულია ევროპის კონტინენტზე. განსაკუთრებით ის შესამჩნევია იტალიაში, დიდ ბრიტანეთში და ა.შ.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში დედამიწაზე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შეუქცევადმა პროცესებმა და მისგან გამოწვეულმა სოციალურ-ეკონომიკურმა შედეგებმა საზოგადოებაში გააჩინა ეკოლოგიური გაჯანსაღების შეუძლებლობის  განცდა. კორონა პანდემიის პირობებში ეკოლოგიურმა მიღწევებმა, რომლებიც მართალია არ არის მიღებული სისტემური ეკოლოგიური გარდაქმნების შედეგად და მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად უკავშირდება  ეკონომიკური აქტიურობის დაქვეითებას, შესაძლებელია გააჩინოს მოსახლეობაში ეკოოპტიმიზმი და ჩამოუყალიბოს ეკოლოგიურობის განცდა.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ეკონომიკური კრიზისები არაერთგვაროვან ზეგავლენას ახდენენ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. გამონაკლისი არც კორონომიკური კრიზისია. ის დადებითთან ერთად ეკოლოგიურ პოლიტიკაზე და შესაბამისად ეკოლოგიაზე  უარყოფით ზემოქმედებასაც ახდენს, რაც ძირითადად ვლინდება გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის პერსპექტივებისა და ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების მასშტაბების შემცირებაში. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზული შეფასებებით პანდემიით გამოწვეული ახალი გლობალური ეკონომიკური კრიზისი საფრთხის ქვეშ აყენებს მაღალბიუჯეტიანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, მათ შორის გადაავადებს ასეულობით მილიარდი დოლარის ინვესტიციებს ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებაში. ეს მაშინ როცა დიდწილად კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა სწორედ სუფთა ენერგეტიკის განვითარებას უკავშირდება. ზემოთ აღნიშნული სააგენტოს მონაცემებით 2019 წელს CO2-ის გლობალური ემისია ენერგეტიკის სექტორში პირველად არ გაზრდილა წინა ორ წელთან შედარებით, რაც გამოიწვია განვითარებული ქვეყნების მიერ ალტერნატიული ენერგიის წყაროების ინტენსიურმა გამოყენებამ. 

ეკოლოგია პანდემიის შემდეგ 

არავის არ შეუძლია გასცეს პასუხი კითხვაზე თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კორონა პანდემია და როდის დასრულდება პანდემიური შოკი, ვინაიდან მისი მოხსნა დამოკიდებულია არა მთავრობების მიერ გატარებულ ეკონომიკურ ღონისძიებებზე, არამედ ვირუსის გავრცელების ვადებზე, მასშტაბებსა და აგრესიულობაზე ( აბესაძე, 2020). კორონომიკური კრიზისის დასრულების გასაღები არის მედიკოსების ხელში და მათ სამედიცინო მიგნებებში და არა ეკონომისტების შეხედულებებსა და დებულებებში. მედიკოსები საუბრობენ პანდემიის შემდგომი ტალღების შესახებაც, რომლებიც არანაკლებ მასშტაბური შეიძლება აღმოჩნდეს. ეს კი კიდევ უფრო ართულებს პროგნოზების გაკეთებას, ვინაიდან რთულდება პანდემიისა და პოსტპანდემიური პერიოდების ზუსტად განსაზღვრაც კი (თოთლაძე, ხუსკივაძე, 2020).

ამჟამად სახეზეა სათბური აირებისა და სხვა გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებების ემისიის შეზღუდვა და გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედების შემცირება, კორონა ვირუსის წინააღმდეგ შემუშავებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად. შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა სახის ეკოლოგიური მიღწევები არის იძულებით და არა შეგნებულად, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გატარებული ქმედებების შედეგი. ისინი მოკლევადიანი ხასიათისაა და ვერ ექნება გრძელვადიანი ეფექტი, რადგან არ არის სიტემური გარდაქმნების შედეგი. ეკოლოგიის სფეროში მხოლოდ სისტემურ და კომპლექსურ ღონისძიებებს შეუძლია ფუნდამენტური  ცვლილებების მიღწევა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თანამედროვეობის ყველაზე მწვავე გლობალური ეკოლოგიური პრობლემის- კლიმატის ცვლილების სფეროში გრძელვადიანი გარდაქმნები შეიძლება მივიღოთ არა დროებითი, სპეციალური პანდემიის საწინააღმდეგო პოლიტიკის შედეგად, არამედ მართვისა და რეგულირების ყველა დონეზე ბალანსირებული და კოორდინირებული საქმიანობით.

საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ეკონომიკური კრიზისების დასრულების შემდეგ ეკონომიკების დაჩქარებული აღდგენის პროცესი იწვევდა ეკოლოგიური სიტუაციის ისევ გაუარესებას  და დადებითი ეკოლოგიური შედეგების ნიველირებას. მაგალითად, ექსპერტების შეფასებებით 2008-2009 წლების კრიზისის დასრულების შემდეგ სათბური აირების ემისია დედამიწაზე საშუალოდ 4-5%-ით გაიზარდა. კორონა პანდემიის დასრულების შემდეგაც, ცხადია, სახელმწიფოები დაიწყებენ პოსტკრიზისული ამბიციური ღონისძიებების განხორციელებას ეკონომიკური პროცესების აქტივიზაციის მიზნით. იმისათვის, რომ შენარჩუნდეს პანდემიის პერიოდში დაფიქსირებული სათბური აირების ემისიის შემცირების გლობალური ტრენდი, ქვეყნებმა უნდა გაატარონ კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო კომპლექსური ღონისძიებები და ანტიემისიური პოლიტიკა. ამ თვალსაზრისით, პირველი რიგის ამოცანებია: დაბალნახშირბადიანი განვითარების ვექტორის არჩევა, ეკონომიკის ყველა დარგში სათბური აირების ემისიის თარგეტირებული მაჩვენებლების განსაზღვრა და მისი მიღწევა შესაბამის დროით პერიოდში, სამართლებრივი ბაზისა და მექანიზმის სრულყოფა რეგულირების ეკონომიკურ მექანიზმებთან შეთანაწყობის მიზნით, ინოვაციური მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის სტიმულირება და ხელშეწყობა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების ათვისების დაჩქარება. 

პანდემიის ეკოლოგიური შედეგები საქართველოში

პანდემიის გავრცელებამ საქართველოს მთავრობა აიძულა შემოეღო სხვადასხვა სახის შეზღუდვები და აკრძალვები მის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ღონისძიებებმა გამოიწვია ეკონომიკის რიგი დარგების ფუნქციონირების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერება და თავდაპირველად მივიღეთ ეკონომიკური რეცესია, რაც შემდგომ გადაიზარდა ეკონომიკურ კრიზისში. მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც დადასტურდა მჭიდრო კორელაციური დამოკიდებულება ეკონომიკის დაცემასა და მავნე ნივთიერებების ემისიის შემცირებას შორის, რასაც შესაბამისი სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს.

საზოგადოდ, საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობა ბოლო ათწლეულების  განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც განაპირობა გარემოსდაცვითი ღონისძიებების მწირმა დაფინანსებამ, ეკოლოგიის ნაკლებად პრიორიტეტულობამ, ეკოლოგიური პოლიტიკის დაბალეფექტიანობამ, ეკოლოგიური რეგულირების ეკონომიკური და სამართლებრივი მექანიზმების არასრულყოფილებამ და ა.შ (ხუსკივაძე, 2016).

გარემოს კომპონენტების, განსაკუთრებით ჰაერის სისუფთავის ხარისხი მთელ საქართველოში ჩამორჩებოდა დასაშვებ ნორმას და სტანდარტებს, რაც ბუნებრივია უარყოფით ზეგავლენას ახდენდა ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. 2019 წელს GAHP-ის (გლობალური ალიანსი ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა ( 100 000 ადამიანიდან 140-ის სიკვდილი ჰაერის გაჭუჭყიანებით არის გამოწვეული).

საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემცირება,  ძირითადად ტრანსპორტის დარგის ფუნქციონირების შეზღუდვამ გამოიწვია. ჰაერში უფრო მეტად აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია შემცირდა, რასაც არსებითად იწვევს ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი. საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, დედაქალაქში პანდემიის პირობებში ჰაერის შემადგენლობაში დამაბინძურებელი მყარი ნაწილაკების შემცველობას შემცირების ტენდენცია გააჩნია (ბოლო პერიოდში შემცირდა 45%-ით). მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაცია შემცირებულია აგრეთვე რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით საგრძნობ კლებას ჰქონდა ადგილი ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობის  მიმართულებითაც. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის მონაცემებით 2019 წელს, მარტში, თბილისში, წერეთლის გამზირზე, აზოტის დიოქსიდის საშუალო წლიური კონცენტრაცია იყო 59 მიკროგრამი მ3-ზე, მაისში 60 მიკროგრამი მ3-ზე, რაც ნორმას აღემატებოდა 1,5-ჯერ. 2020 წელს ეს მაჩვენებლები შემცირდა და შესაბამისად შეადგინა მარტში - 30 მკგ/მ3,,აპრილში - 26 მკგ/მ3,, ხოლო მაისში - 23 მკგ/მ3,, რაც ნორმის ფარგლებშია (ნორმა შეადგენს 40 მკგ/მ3,).

საქართველოში კორონომიკური კრიზისი ჯერ-ჯერობით გრძელდება, არ ჩანს მისი დასრულების ზუსტი ვადა, თუმცა როგორც მთელ მსოფლიოში, ისე ჩვენს ქვეყანაშიც აქტუალურია საკითხი პოსტკოვიდური ეკონომიკის პირობებში გაუმჯობესებული ეკოლოგიური სიტუაციის შენარჩუნების შესახებ. ამ ამოცანის გადასაწყვეტად მიზანშეწონილად მიგვაჩნია და აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

  1. „მწვანე“ პოსტკრიზისული ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის რეალიზაცია;
  2. სატრანსპორტო პოლიტიკის სრულყოფა და ტრანსპორტის დარგის ფუნქციონირების ეკოლოგიზაცია;
  3. სამშენებლო, სამრეწველო და გარემოს დამაბინძურებელ სხვა დარგებში ეკოლოგიური სტანდარტების, ნორმების და რეგულაციების ოპტიმიზაცია და შესრულებაზე ეფექტიანი მონოტორინგი;
  4. ასოცირების ხელშეკრულების და სხვადასხვა კონვენციების ფარგლებში ნაკისრი ეკოლოგიური ვალდებულებების შესრულება;
  5. საერთაშორისო ეკოლოგიური ინტეგრაციისა და თანამშრომლობის გაღრმავება;
  6. ეკოლოგიური ექსპერტიზის, ეკოლოგიური აუდიტის, ეკოლოგიური დაზღვევის, ეკოლოგიური სერტიფიკაციისა და ბუნებათსარგებლობის მართვის სხვა ინსტრუმენტების დანერგვა ეკოლოგიური პოლიტიკის რეალიზაციის პროცესში;
  7. ეკოინოვაციების სფეროში კვლევების აქტივიზაციისათვის საგრანტო სისტემის შემოღება და ზოგადად ეკოინოვაციების სტიმულირების ახალი ფინანსური ინსტრუმენტების ( შეღავათიანი დაკრედიტება, საგადასახადო შეღავათები და ა. შ) ფართოდ გამოყენება;
  8. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების სტიმულირება;
  9. ეკოლოგიური სამართლებრივი ბაზის სრულყოფა და ეკოლოგიური პროგრამების, კონცეფციებისა და სტრატეგიების შემუშავება (მდგრადი განვითარების კონცეფცია, ეკოლოგიური უსაფრთხოების სტრატეგია, ეკოლოგიური განვითარების სტრატეგია, ეკოლოგიური დოქტრინა და ა. შ) და სხვა. 

დასკვნები

  1. COVID-19 პანდემიის პირობებში ეკოლოგიური მდგომარეობის ამსახველი სხვადასხვა ინდიკატორების შესახებ მონაცემით დასტურდება გარემოს სისუფთავის ხარისხის გაუმჯობესება ანუ სახეზეა პანდემიის დადებითი ზეგავლენა ეკოლოგიაზე. შეიძლება ითქვას, რომ მეორდება პანდემიის ეკოლოგიური ეფექტის ფენომენი, რაც დამახასიათებელი იყო ისტორიულად არსებული პანდემიებისათვის.
  2. ეკონომიკურ კრიზისებს მხოლოდ დადებითი ეკოლოგიური გამოვლინებები არ გააჩნია, ვინაიდან ისინი არაერთგვაროვან ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე და შესაბამისად, იწვევენ როგორც დადებით, ისე უარყოფით შედეგებს, რაც დასტურდება წარსულში არსებული ეკონომიკური კრიზისების ანალიზის შედეგებით.
  3. კორონომიკური კრიზისის ეკოლოგიაზე  უარყოფით ზემოქმედება ძირითადად ვლინდება გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის პერსპექტივებისა და ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების მასშტაბების შემცირებაში. ახალი გლობალური ეკონომიკური კრიზისი საფრთხის ქვეშ აყენებს მაღალბიუჯეტიანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, მათ შორის აფერხებს ინვესტიციებს ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებაში. ეს მაშინ როცა დიდწილად კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა სწორედ სუფთა ენერგეტიკის განვითარებას უკავშირდება.
  4. პანდემიის პროცესში ეკოლოგიური მიღწევები არის იძულებით და არა შეგნებულად, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გატარებული ქმედებების შედეგი. ისინი მოკლევადიანი ხასიათისაა და ვერ ექნება გრძელვადიანი ეფექტი, რადგან არ არის სიტემური გარდაქმნების შედეგი. ეკოლოგიის სფეროში მხოლოდ სისტემურ და კომპლექსურ ღონისძიებებს შეუძლია ფუნდამენტური ეკოლოგიური ცვლილებების მიღწევა და მობილობის უზრუნველყოფა.
  5. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ეკონომიკური კრიზისების დასრულების შემდეგ ეკონომიკების დაჩქარებული აღდგენის პროცესი იწვევდა ეკოლოგიური სიტუაციის ისევ გაუარესებას  და დადებითი ეკოლოგიური შედეგების ნიველირებას.
  6. პანდემიის პირობებში მიღწეული პოზიტიური ეკოლოგიური მდგომარეობის მომავალში შენარჩუნება დამოკიდებული იქნება ქვეყნების მიერ ეკოლოგიის ეკონომიკური და პოლიტიკური პრიორიტეტების სისტემაში ადეკვატურ ჩართვასა და ეფექტიანი ეკოლოგიური პოლიტიკის გატარებაზე.
  7. მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც დადასტურდა მჭიდრო კორელაციური დამოკიდებულება ეკონომიკის დაცემასა და მავნე ნივთიერებების ემისიის შემცირებას შორის.
  8. როგორც მთელ მსოფლიოში, ისე ჩვენს ქვეყანაშიც აქტუალურია საკითხი პოსტკოვიდური ეკონომიკის პირობებში გაუმჯობესებული ეკოლოგიური სიტუაციის შენარჩუნების შესახებ. ამ მიზნით აუცილებელია მთელი რიგი ღონიძიებების გატარება. დასაწყისისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება „მწვანე“ პოსტკრიზისული ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის ფორმირება და რეალიზაცია.

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. აბესაძე რ.  გლობალიზაცია და პანდემიის ეკონომიკური პრობლემები. „ეკონომისტი“, 2020, № 2
  2. აბესაძე რ.  პანდემიის ეკონომიკური, სოციალური და ჰუმანიტარული ასპექტები მსოფლიოსა და საქართველოში. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური მეცნიერება და ეკონომიკის პანდემიური პრობლემები: გამოწვევები, გადაჭრის გზები“. 2020.
  3. თოთლაძე ლ., ხუსკივაძე მ. Covid-19 გავლენა პირდაპირდაპირი უცხოური ინვესტიციების  დინამიკაზე.  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი, თბილისი, 2020; Available at http://ekonomisti.tsu.ge/doc/2020konf.saboloo.pdf
  4. პაპავა ვ. ეკონომიკური მეცნიერების ახალი გამოწვევები COVID-19 პანდემიის პირობებში. „ეკონომისტი“, 2020, № 4
  5. პაპავა ვ., ჭარაია ვ. 2020. კორონომიკური კრიზისი და საქართველოს ეკონომიკის ზოგიერთი გამოწვევა https://www.gfsis.org/ge/publications/opinion-papers
  6. ხუსკივაძე მ. ეკოლოგიური პოლიტიკის ფორმირების ეტაპები და ტენდენციები საქართველოში. საერთაშორისო სამეცნიერი-პრაქტიკული კონფერენცია „ინოვაციური ეკონომიკა და მისი ფორმირების პრობლემები პოსტკომუნისტურ ქვეყნებში“. 2016
  7. Hassan, M.S., Bhuiyan, M.A.H., Tareq, F. et al. Relationship between COVID-19 infection rates and air pollution, geo-meteorological, and social parameters. Environ Monit Assess 193, 29 (2021). https://doi.org/10.1007/s10661-020-08810-4
  8.  Khan, I., Shah, D. & Shah, S.S. COVID-19 pandemic and its positive impacts on environment: an updated review. Int. J. Environ. Sci. Technol. 18, 521–530 (2021). https://doi.org/10.1007/s13762-020-03021-
  9. ttps://www.statista.com/statistics/264699/worldwide-co2-emissions/
  10. www.geostat.ge
  11. www. Mepa.gov.ge
  12. https://www.carbonbrief.org/analysis-coronavirus-has-temporarily- reduced-chinas-co2-emissions-by-a-quarter