English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ დავით ჯალაღონია იური პაპასქუა გივი მაკალათია
საქართველოს ეკონომიკა Covid-19-ის პანდემიამდე და პანდემიის პერიოდში

10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.02.Jalagonia.Papaskua.Makalatia

ანოტაცია. COVID 19-ის ეპიდემია თანამედროვე მსოფლიოსთვის,  ერთი მხრივ, გამოწვევა, მეორე მხრივ კი, ახალი შესაძლებლობების დასაწყისი აღმოჩნდა. ეპიდემიით გამოწვეულმა პანდემიამ, ადამიანების სიცოცხლის ხელყოფასთან ერთად,  სახელმწიფოებრივი განმგებლობის ყველა სფერო მოიცვა, საზოგადოების არსებობის ეკონომიკური საფუძველი შეარყია, მკვეთრად წარმოაჩინა ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემა, აგრეთვე ყველა სისუსტე და ხარვეზი, რაც გლობალურ ინტეგრაციულ პროცესებს გააჩნდა. შედეგად, შექმნილმა პოლიტიკურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა ცხადყო, რომ რადიკალურად უნდა შეიცვალოს არსებული მმართველობით-აღსრულებითი დამოკიდებულებები, მათ შორის, ეკონომიკური ურთიერთობები. კორონავირუსით გამოწვეული შოკისგან თავის დაღწევა შესაძლებელია არა ცალ-ცალკე, არამედ მხოლოდ სახელმწიფოთა ერთობლივი, მიზანდასახული  და კოორდინირებული ძალისხმევით. საქართველო, როგორც მსოფლიო ეკონომიკური სივრცის ნაწილი, უნდა იყოს ამ პროცესის აქტიური თანამონაწილე.  

ნაშრომში წარმოდგენილია პანდემიამდე და პანდემიის პერიოდში საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და მოსაზრებები კრიზისის დაძლევის უზრუნველსაყოფად.  

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური კრიზისი, კორონავირუსის პანდემია, გლობალიზაცია, ეკონომიკური უსაფრთხოება, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა.

შესავალი

მსოფლიო ერთ წელზე მეტია უჩვეულოდ მრავალმხრივ, მათ შორის, სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისშია. ამ მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა მარტივი ნამდვილად არ არის. თავისი არსით, მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი არაეკონომიკური ფაქტორითაა განპირობებული. სწორედ ამიტომ, მისი აღმოფხვრა და დასრულება მარტო ეკონომიკური ბერკეტებით შეუძლებელია. შრი ლანკელმა პროფესორმა აჯით დე ალვაისიმ შექმნილ მდგომარეობას „კორონომიკსი“ შეარქვა. ამ ტერმინში კორონასა და ეკონომიკსის ურთიერთობა იგულისხმება. იგი ასახავს ვირუსის უარყოფით ზეგავლენას ეკონომიკაზე [www.ft.ik].  შეიძლება ითქვას, რომ Covid-19 „ტყუპი თავსატეხია“, როგორც ადამიანის, ასევე ეკონომიკის „ჯანმრთელობისათვის“ [Anand, 2020]. აქედან გამომდინარე, კორონომიკსი ეკონომისტთა შესწავლის მთავარი საგანი გახდა. მეცნიერ-ეკონომისტთა აზრით, 3-4 თვის განმავლობაში  შეზღუდვებისგან (Lockdown) მიღებული ეკონომიკური დანაკლისი 2009 წლის რეცესიის წლიური შედეგების ტოლფასია [Asahi… 2021]. უნდა შევნიშნოთ, რომ არსებული ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად და პანდემიის ეფექტიანი მართვისათვის თითოეულ ქვეყანას  დამოუკიდებელი, სუვერენული პოლიტიკის გატარებაც სჭირდება. თუმცა ამასთან, გლობალიზაციისა და ინტეგრაციის მაღალი კონცენტაციის გამო, საერთო პრობლემისგან საბოლოო განრიდება სახელმწიფოთა საერთო ძალისხმევით, მსოფლიო მასშტაბით კოორდინირებული, სოლიდარობის პრინციპით უნდა გადაწყდეს.

ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია, შევაფასოთ საქართველოს ეკონომიკის მახასიათებელი აგრეგირებული პარამეტრები პანდემიამდე და პანდემიის პირობებში.

 ****

კორონავირუსის გლობალურად გავრცელების გამო ადამიანთა ჯანმრთელობა (სიცოცხლე) და ეკონომიკა თანაბრად აქტუალური გახდა. მატერიალურმა და არამატერიალურმა კაპიტალმა უნდა უზრუნველყოს პანდემიით გამოწვეული ყველა პრობლემის გადაჭრა. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ეკონომიკა ვერ გაჩერდება - უარის თქმა მინიმალურ ეკონომიკურ აქტივობებზე კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ქვეყნის სტაბილურობას. პირველადი მოხმარების საგნებისა თუ მომსახურების შესაბამისი დარგების ფუნქციონირება აუცილებელია ადამიანის არსებობისათვის; ხოლო სხვა დარგების გაჩერება, რომელთა საქმიანობაც ადამიანის ჯანმრთელობასა თუ სიცოცხლეს პირდაპირ არ უკავშირდება (ფუფუნების საგნების წარმოება, მძიმე მრეწველობა, სასტუმროების, კონოთეატრების თუ სხვა გასართობი ცენტრების მომსახურეობა და ა.შ.) ადამიანების მოთხოვნების, ინტერესების დაკმაყოფილებას, დასაქმებას ემსახურება და, მაშასადამე, საბოლოო ჯამში, შემოსავლების შემცირებას, შესაბამისად, მათი ჯანმრთელობის გაუარესებას ნიშნავს. ამასთან, საგულისხმოა, რომ დარგები, რომლებსაც მოუწია ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტა, იმათ ხარჯზე რჩება, რომლებიც პანდემიის მიუხედავად, მაინც აგრძელებდნენ მუშაობას. აქედან გამომდინარე, ობიექტურად ჩნდება რესურსების გადანაწილების საჭიროება, რაც სახელმწიფოს ფუნქციებში შედის და ამ მხრივ იზრდება მისი როლი. კრიზისული მდგომარეობიდან გამოსაღწევად, გონივრულია განისაზღვროს საღი ორიენტირი და სწორი პრიორიტეტები. ეკონომიკური უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, პანდემიამ ცალსახად აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია როგორც ჯანდაცვის სისტემის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარება [აბესაძე, 2020] (მომსახურების სფეროშიც შეიძლება გამოიყოს უპირატესობის პრინციპით რიგითობა: - ჯანდაცვა, წესრიგი, განათლება... შემდგომ ტურიზმი და ა.შ.).

ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს გააზრებული პრიორიტეტების დამოუკიდებელ არჩევანს და დაუშვებელია უპირატესობა მიენიჭოს იმ დარგებს, რომლებიც, შესაძლოა, შემოსავლების აკუმულირებას უზრუნველყოფდეს, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკას  არაპროგნოზირებადი ფაქტორების მიმართ მოწყვლადს ტოვებდეს. სადღეისოდ, საქართველოს ეკონომიკა სწორედ ამ პრობლემის წინაშე დგას და არც ადრე, წლების განმავლობაში წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკა ემსახურებოდა ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებას. აღნიშნულზე ცხადად მეტყველებს ღირებულებითი კომპონენტის დინამიკა. ცნობილია, რომ ეკონომიკურ განვითარებას რამდენიმე აგრეგირებული მაჩვენებელი ახასიათებს, თუმცა მათ შორის უპირველესი ეკონომიკური ზრდაა. ცხადია, ეკონომიკურ ზრდას და, შესაბამისად, ცხოვრების მაღალ დონეს უზრუნველყოფს ისეთი დარგები, რომლებიც აგენერირებენ მაღალ ღირებულებას (რა თქმა უნდა, აქ მხედველობაში მისაღებია შემოსავლებს შორის უთანასწორობა).

ცნობილი ნორვეგიელი ეკონომისტის ერიკ რეინერტის მიხედვით, განვითარებას განსაზღვრავს არა სოფლის მეურნეობა, არამედ მრეწველობის დარგები. ამ მოსაზრებას აქვს თავისი ახსნა. რეინერტი აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობა შედარებით დაბალი დამატებული ღირებულების პროდუქტს ქმნის, მრეწველობის დარგი კი, მასთან შედარებით - გაცილებით მაღალს; სოფლის მეურნეობაში მოქმედებს კლებადი უკუგების კანონი, ხოლო მრეწველობაში - მზარდი უკუგების კანონი. სწორედ ეს მზარდი უკუგების კანონია მრეწველობის უპირატესობა. მისი მეშვეობით ქვეყანა საერთაშორისო ბაზარზე მეტ საბაზრო ძალაუფლებას იძენს და მოქალაქეების ცხოვრების დონის ზრდას უზრუნველყოფს [რეინერტი, 2019]. შენიშნულია ის, რომ ამგვარი მიდგომა გამართლებულია ცხოვრების ჩვეული რეჟიმის პირობებში, ხოლო ფორსმაჟორულ ვითარებაში აქტუალურობას კარგავს და პრიორიტეტები სოფლის მეურნეობის სასარგებლოდ იცვლება.

აღნიშნულისგან განსხვავებულია მომსახურების სექტორი, რომლის წილი, განვითარების კვალდაკვალ, ტიპური მომხმარებლის სამომხმარებლო კალათაში იზრდება. ერთმანეთისგან განასხვავებენ მომსახურების პირველად და მეორად სფეროებს. ამ ნიშნის მიხედვით, პირველადს მიეკუთვნება ჯანდაცვა, განათლება, ტრანსპორტი, საფინანსო სექტორი, ხოლო შემდგომს – რესტორნის მომსახურება, ტურისტული კომპანიების მომსახურება და ა.შ.

იმდენად დიდია განათლების მნიშვნელობა, რომ საქართველოში სწავლების პროცესი არ შეჩერებულა. შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საგანმანათლებლო სისტემა უმთავრესად სწავლა/სწავლების ონლაინ (დისტანციურ) ფორმატზე გადაეწყო [ჯალაღონია… 2020].                                  

სამწუხაროდ, 2014 წელს შემუშავებული „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020“ არ გამოყენებულა პრაქტიკაში. [www.economy.ge]. ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის არარსებობის პირობებში მოკლევადიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება  არაკონსტრუქციულია. ცხადია, პოსტპანდემიური პერიოდისთვის უნდა შედგეს გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა (სტრატეგია).

        Covid 19-ის პანდემიამდე საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის არჩეული იყო სამი ძირითადი მიმართულება:

1. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა;

2. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა;

3. ტურიზმის განვითარება.

ბოლო წლების მიხედვით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ ფიქსირდებოდა 4-5%-ის ფარგლებში, რაც განვითარებადი ქვეყნისათვის ძალზე დაბალია. მოსახლეობის ნახევარი ქმნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს, რომლის წილი ეკონომიკაში 7,4%-ია, რის გამოც, თითოეულ ადამიანზე გადანაწილებული ღირებულება ძალზე მცირეა. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ სოფლად უმუშევრობის დონე 15%-ია. ამასთან, უარყოფითი საგარეო სავაჭრო სალდო არათუ კლებადი, არამედ მზარდი ტენდენციით გამოირჩევა [www.geostat.ge]. აქედან გამომდინარე, არჩეული პრიორიტეტები  გადახედვას მოითხოვს.

        პანდემიის პირობებში ეკონომიკა მთლიანად დაზარალდა (2020 წელს -6,2%), მაგრამ განსაკუთრებით ტურიზმი (მასთან დაკავშირებული ინდუსტრია) მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვირუსმა შეაჩერა ქვეყნებს შორის ადამიანების მოგზაურობა (თუმცა საქონლის გადაზიდვა მსოფლიო მასშტაბით არ შეჩერებულა).  ტურიზმის მდგომარეობასა და მის მიმართ დამოკიდებულებაზე წარმოდგენას იძლევა რამდენიმე განვითარებადი და განვითარებული ქვეყნის  შემდეგი სტატისტიკური მონაცემები (იხ. დიაგრამა 1).

 დიაგრამა 1

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წილი მთლიან ექსპორტში, 2019 წელი

 

წყარო: მსოფლიო ბანკის მონაცემები. დიაგრამა შედგენილია ავტორების მიერ.

წარმოდგენილი დიაგრამიდან ყურადღებას იქცევს ხორვატია, რომელსაც მთლიან ექსპორტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წილის მიხედვით, დაახლოებით იგივე პროცენტული მაჩვენებელი აქვს, როგორც საქართველოს. აგრეთვე საინტერესოა იტალია, ისევე, როგორც საფრანგეთი, რომელთა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მთლიან ექსპორტში მხოლოდ 8%-ია (მოცემული % მაჩვენებელი დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტურისტულ ქვეყნებად ითვლებიან). ის ქვეყნები, რომლებიც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი ტურისტებისგან მიღებულ უცხოურ ვალუტაზე, პანდემიის პერიოდში სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ერთი მხრივ, საქართველოს ერთობლივი მოხმარება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ტურიზმიდან და შრომითი ემიგრანტებიდან მიღებულ შემოსავლებზე, მეორე მხრივ კი, უცხოური პროდუქტების იმპორტზე [კაკულია, 2020]. პანდემიის პირობებში ადამიანების გადაადგილება ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში შეფერხდა, თუმცა, საქონლის ექსპორტ-იმპორტი არ შეჩერებულა. შესაბამისად, მომავალში გარკვეული ფორსმაჟორული სიტუაციის დროს, ტურიზმთან ერთად, გლობალური მასშტაბით, საქონლის საერთაშორისო ტვირთბრუნვაც რომ შეჩერდეს, მაშინ ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს მწვავე პრობლემები შეექმნება. აღნიშნულის სიმპტომური მინიშნება არის რუსეთის მიერ წიწიბურის ექსპორტის აკრძალვა [www.business-partner.ge].

პანდემიისგან გამოწვეული უცხოური ვალუტის შემოდინების დანაკლისი მიმდინარე პერიოდში სახელმწიფოს მიერ აღებული საგარეო ვალის ხარჯზე ივსება. პანდემიამდე სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან სამამულო პროდუქტთან იყო 43%, ხოლო 2020 წელს 60,7% დაფიქსირდა. ამგვარი მკვეთრი მატება ნამდვილად არასახარბიელოა. თუმცა გამონაკლისი მარტო საქართველო არ არის  - განვითარებულ ქვეყნებსაც მოუწიათ ვალის აღება, მაგრამ მათთვის ეს ვალი, რა თქმა უნდა, შედარებით ნაკლები ტვირთია, ვიდრე განვითარებადი ქვეყნებისათვის (იხ. ცხრილი 1)   

ცხრილი 1

განვითარებული ქვეყნების სახელმწიფო ვალის წილი მთლიან სამამულო პროდუქტში 2019-2020 წლებში

 

2019 წელი

2020 წელი

იაპონია

238 %

266 %

საბერძნეთი

180 %

206 %

იტალია

135 %

156 %

პორტუგალია

117 %

134 %

სინგაპური

126 %

131 %

ესპანეთი

95,5 %

120 %

კვიპროსი

94 %

118 %

საფრანგეთი

97,6 %

116 %

ბელგია

98,1 %

114 %

აშშ

107 %

108 %

დიდი ბრიტანეთი

84,4 %

100 %

ავსტრია

70,5 %

83,9 %

გერმანია

59,7 %

69,8 %

ფინეთი

59,5 %

69,2 %

ჩინეთი

57,1 %

66,8 %

ირლანდია

57,4 %

59,5 %

პოლონეთი

45,6 %

57,5 %

ნიდერლანდები

48,7 %

54,5 %

სამხრეთ კორეა

36,4 %

42,6 %

დანია

33,3 %

42,2 %

შვედეთი

35 %

39,9 %

ჩეხეთი

30,3 %

38,1 %

ახალი ზელანდია

19 %

27 %

ესტონეთი

8,4 %

18,2 %

 წყარო: მსოფლიო ბანკის მონაცემები. ცხრილი შედგენილია ავტორების მიერ.

ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ სხვა ქვეყნებმაც გაზარდეს სახელმწიფო ვალის მოცულობა, რაც ნიშნავს იმასაც, რომ სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის წილიც იზრდება; კარგად ჩანს ისიც, რომ კრიზისის დროს აქტიურ სახელმწიფო ინტერვენციებს ეკონომიკაში განვითარებული ქვეყნებიც მიმართავენ. ამ მხრივ თვალსაჩინოდ აქტიურია აშშ, რომელიც პანდემიის პირობებში, მასტიმულირებელ ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკას ერთდროულად ატარებს.

აშშ-ს სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის (ბიუჯეტი/მთლიანი სამამულო პროდუქტი) წილზე, ფულის მასის და ფულის ბრუნვის სიჩქარეზე წარმოდგენას იძლევა შემდეგი სტატისტიკური მონაცემები:

დიაგრამა 2

აშშ-ს სახელმწიფო შესყიდვების % წილი მთლიან სამამულო პროდუქტში

 

წყარო: www.tradingeconomics.com. მასზე დაყრდნობით, დიაგრამა შედეგენილია ავტორების მიერ .

გრაფიკი 1

აშშ-ს M0 ფულის აგრეგატის მიწოდების სტატისტიკა 2012-2021 წლებში

 (მლნ დოლარი)

 

წყარო:https://tradingeconomics.com/united-states/money-supply-m0      

გრაფიკი 2

აშშ-ს M1 ფულის აგრეგატის მიწოდების სტატისტიკა 2012-2021 წლებში

(მლრდ დოლარი)

 

წყარო: https://tradingeconomics.com/united-states/money-supply-m1

 გრაფიკი 3

აშშ-ს M2 ფულის აგრეგატის მიწოდების სტატისტიკა 2012-2021 წლებში

(მლრდ დოლარი)

 წყარო: https://tradingeconomics.com/united-states/money-supply-m2

ფულის ბრუნვის სიჩქარე M2 ფულის აგრეგატისათვის 2019 წლის IV კვარტალში დაფიქსირდა - 1,426; 2020 წლის IV კვარტალში - 1,135, ხოლო 2021 წლის I კვარტალში - 1,123 [https://fred.stlouisfed.org]. ფულის ბრუნვის სიჩქარის შემცირება ობიექტური რეალობაა ეკონომიკური შეზღუდვების პირობებში [Carlson, 1989]. აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი პანდემიამდე 2,5% იყო, ხოლო მიმდინარე პერიოდში  0,25%-ია. მოცემული მრუდების მიხედვით ნათელია, რომ ფულის მასა პანდემიის დაწყების შემდგომ მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაშასადამე, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ფულის მასის მკვეთრი მატებით, იაფი ფულის პოლიტიკის გატარებით, სახელმწიფო ვალის და სახელმწიფო შესყიდვების გაზრდის საშუალებით ცდილობს ეკონომიკის სტიმულირებას. წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ სახელმწიფოს ეკონომიკაში სწორი ეკონომიკური პოლიტიკით ჩარევა ობიექტური აუცილებლობაა განსაკუთრებით კრიზისების პერიოდში [ჯიბუტი, 2020]. რა თქმა უნდა, განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური პოლიტიკა თვისებრივად ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა აშკარაა, რომ ეკონომიკური კრიზისების პერიოდში თუ განვითარებული ქვეყანა მიმართავს აქტიურ ექსპანსიურ მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკას, განვითარებად ქვეყანას მით უფრო მეტად სჭირდება ამ მხრივ ინტერვენციების გაზრდა.

შედარებისთვის, საქართველოს მონეტარულ პოლიტიკას ასახავს შემდეგი თვალსაჩინო მონაცემები:

გრაფიკი 4

საქართველოს M0 ფულის აგრეგატის მიწოდების სტატისტიკა 2012-2021 წლებში (ათასი ლარი)

  

წყარო: https://tradingeconomics.com/georgia/money-supply-m0

 გრაფიკი 5

საქართველოს M1 ფულის აგრეგატის მიწოდების სტატისტიკა 2012-2021 წლებში (ათასი ლარი)

 

წყარო: https://tradingeconomics.com/georgia/money-supply-m1

გრაფიკი 6

საქართველოს M2 ფულის აგრეგატის მიწოდების სტატისტიკა 2012-2021 წლებში (ათასი ლარი)

 

წყარო: https://tradingeconomics.com/georgia/money-supply-m2

გრაფიკი 7

საქართველოს M2 აგრეგატის ფულის ბრუნვის სიჩქარე 2010-2020 წლებში

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემები. მრუდი აგებულია ავტორების მიერ.              

წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფულის მასა ეკონომიკაში წლების მანძილზე თანდათან იზრდება, რაც ეკონომიკის ზრდასთან ერთად ბუნებრივი მოვლენაა. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს მიერ პანდემიის პირობებში ფულის მასის მკვეთრი მიწოდება წინა წლებთან შედარებით, არ იწვევს  ინფლაციის დონის იმ მასშტაბით გაზრდას (წლიური ინფლაცია 2021 წლის მარტში - 2,6%, აპრილში - 4,2%. 2008 წლის შემდგომ ამგვარი მაღალი მაჩვენებელი აშშ-ში არ ყოფილა), ვიდრე ეს შეიძლება ამგვარი ფულის მიწოდების პირობებში განვითარებად ქვეყანაში დაფიქსირდეს. ეს აიხსნება იმით, რომ განვითარებულ ქვეყანაში ბაზარი კაპიტალით უფრო მეტად არის გაჯერებული, ვიდრე განვითარებად ქვეყანაში. შესაბამისად, ფულის მასის ჭარბი მიწოდების შედეგად განვითარებად ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად იზრდება. მიუხედავად ამისა, მონეტარული პოლიტიკა შეიძლება მკვეთრ ექსპანსიურ პოლიტიკასაც მოიცავდეს და, ინფლაციის გარკვეულ დონეზე მიშვების შედეგად, მაღალი ეკონომიკური ზრდის ილუზია შეიქმნას.   

სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური პოლიტიკა თითოეული ქვეყნის არჩევანია და არ არსებობს ამ მხრივ ნებისმიერი ქვეყნისათვის უნივერსალური მიდგომა [Polterovich, 2005].

ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი მიიჩნევს, რომ იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება [Stiglitz, 2008]. საქართველოში დანერგილია ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, რაც გულისხმობს საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი ინფლაციის მიღწევას (ფაქტობრივი ინფლაცია მნიშვნელოვნად არ უნდა განსხვავდებოდეს მიზნობრივი ინფლაციისაგან). საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინფლაციის შებოჭვისათვის აქტიურად გამოიყენება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება. 2019 წლის ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი იყო 9%, პანდემიის დაწყების შემდგომ მცირედით შემცირდა და უმეტესი პერიოდის მანძილზე დაფიქსირდა 8%, ხოლო მიმდინარე პერიოდში კი 9,5%-ია.  მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება პირდაპირ ზემოქმედებს ერთობლივ მოთხოვნაზე, რისი ცვლილების შემდგომ რეგულირდება ინფლაციის მაჩვენებელი. პანდემიის პირობებში სწორედ ერთობლივი მოთხოვნის შემცირების პრობლემა დგას და, აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება კიდევ უფრო მეტად ზღუდავს მოთხოვნას [პაპავა, 2020]. შესაბამისად, ამ კუთხით,  ინფლაციის შებოჭვის პოლიტიკა საერთოდ უსარგებლოა. პირიქით, ამ გზით ეროვნული ბანკი არათუ ამცირებს, არამედ ხელს უწყობს ინფლაციის პროვოცირებას, რადგან ძვირი ფულის პოლიტიკის გატარების შედეგად იზრდება წარმოების დანახარჯები. აქედან გამომდინარე, განვითარებულ და განვითარებად, მით უმეტეს იმპორტდამოკიდებულ ქვეყნებს შორის მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

იმის გამო, რომ საქართველოს სჭირდება იმპორტული საქონლისათვის უცხოური ვალუტა (მაგ., დოლარი), მიმდინარე პერიოდში სახელმწიფო იძულებულია ვალი აიღოს სწორედ უცხოურ ვალუტაში. ამდენად, პანდემიის პირობებში მონეტარულ პოლიტიკასთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკის სტიმულირებისათვის უპირატესი მნიშვნელობისაა სწორი საბიუჯეტო პოლიტიკის გატარება.

სადღეისოდ,  მთელი მსოფლიოს ეკონომისტების წინაშე პირველი რიგის ამოცანად რჩება არა ეკონომიკური კრიზისის დასრულება, არამედ მისი მასშტაბების შემცირების უზრუნველყოფა.

 დასკვნები

ამრიგად, პანდემიამდე საქართველოს ეკონომიკის განვითარება დაფუძნებული იყო სამ მიმართულებაზე 1. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა 2. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და 3. ტურიზმის განვითარება. აღნიშნული პრიორიტეტები უზრუნველყოფდა დაბალ 4-5%-იან ეკონომიკურ ზრდას. ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც მკვეთრად შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ტურიზმიდან მიღებული ფინანსური რესურსების მოცულობა, ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნა.

პანდემიის პირობებში, ეკონომიკის სტიმულირება ძირითადად სახელმწიფო საგარეო ვალის აღების საფუძველზე ხორციელდება. 2020 წელს სახელმწიფო ვალის წილი მთლიან სამამულო პროდუქტთან მიმართებით 43%-დან 60,7%-მდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წელსაც გაიზრდება.

იმპორტდამოკიდებული ქვეყნისათვის ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება. პანდემიის პირობებში ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის ზრდას  უწყობს ხელს, ვიდრე პირიქით, - მის „შებოჭვას“. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ზრდის წარმოების დანახარჯებს. პანდემიის პირობებში ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული პოლიტიკა ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი კლებადის ნაცვლად მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

პოსტპანდემიურ პერიოდში აუცილებელია შემუშავდეს ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგია, რაზეც იქნება დაფუძნებული ყოველწლიურად გასატარებელი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა.

გამოყენებული ლიტერატურა

1. აბესაძე რ., 2020, გლობალიზაცია და პანდემიის ეკონომიკური პრობლემები, ჟ. „ეკონომიკა და ბიზნესი“, ტომი 7, № 2, გვ. 31-37.

2. კაკულია მ., 2020, კორონომიკური კრიზისის გაკვეთილები საქართველოსთვის,ჟ. „ეკონომიკა და ბიზნესი“, ტომი 7, № 2, გვ. 44-55.

3. პაპავა ვ., 2020, კორონომიკა და თვისებრივად ახალი ეკონომიკური კრიზისი, ჟ.: „ეკონომიკა და ბიზნესი“, ტომი 7, № 2 გვ. 13-17.

4. რეინერტი ს. ე., 2019, როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები  ... და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად, თბილისი, გვ. 578.

5. ჯალაღონია დ., პაპასქუა ი., 2020, პანდემიის პირობებში უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფის პერსპექტივა, ჟ. „ბიზნესი და კანონმდებლობა“, გვ. 43 – 53.

6. ჯიბუტი მ., 2020, პოლიტეკონომიისვირუსულივარიაციები,ჟ. „ეკონომიკა და ბიზნესი“,  ტომი 7, № 2, გვ. 37-44.

7. Anand, P., 2020, Economic Policies for COVID-19. IZA-Institute of Labor Economics. 

8. Asahi, K., Undurraga, E. A., Valdés, R., & Wagner, R., 2021, The effect of COVID-19 on the economy: evidence from an early adopter of localized lockdowns. Journal of global health, 11.

9.Carlson, J., & McElravey, J., 1989, Money and velocity in the 1980s. Economic Commentary

10. Polterovich, V., & Popov, V., 2005, Appropriate economic policies at different stages of development. http://rrojasdatabank.info/appropriate.pdf

11. Stiglitz, J., & Rashid, H., 2020, Which economic stimulus works? Project syndicate, 8.

12. Stiglitz, J. E., 2008, The failure of inflation targeting. Project Syndicate, 13.

13. http://www.economy.ge/uploads/ecopolitic/2020/saqartvelo_2020.pdf;

14. https://fred.stlouisfed.org/series/M2V

15.https://business-partner.ge/biznesi/kartul-maghaziata-asotsiatsia-mosakhleobam-tsitsiburas-aktiurad-shesqidva-daitsqo;

16. http://www.ft.lk/columns/Coronomics-Plan-your-eggs-and-the-basket/4-695109

17. www.bm.ge

18. www.geostat.ge