English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ თეა კასრაძე
ციფრული კონკურენცია - საცალო საბანკო ინდუსტრიის მნიშვნელოვანი გამოწვევა

10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.03.TEA.KASRADZE

ანოტაცია. 2008 წლის რეცესიის შემდეგ ახალი ტექნოლოგიების აფეთქება და სამომხმარებლო მოთხოვნილებების ზრდა ზეწოლას ახდენენ ბანკებზე. საცალო საბანკო მომხმარებლები მუდმივად ელიან ბანკისგან ახალ, გაუმჯობესებულ, ხელმისაწვდომ, მოხერხებულ უწყვეტ მომსახურებას. დღეს სახეზე გვაქვს მომხმარებლების, ტრადიციული ბანკების, არატრადიციული, ინოვაციური ფინანსური სერვისების მიმწოდებლი კომპანიების, მარეგულირებლების, დეველოპერების, არასაბანკო ფირმების და სხვა მოთამაშეების ახალი ღია ეკოსისტემა, რომლის ცენტრშიც მომხმარებელია განთავსებული. ბანკებს მოუწევთ თავისი კომერციული და საოპერაციო მოდელების მნიშვნელოვნად შეცვლა, რომ შეინარჩუნონ მომხმარებელი და დარჩნენ აქტიურ მოთამაშეებად ბაზარზე.

საკვანძო სიტყვები: საბანკო ინდუსტრია, ფინანსური სერვისები, ფინტექები, დიგიტალიზაცია, მომხმარებელი 

შესავალი

საბანკო დაწესებულებების მიკრო და მაკრო გარემო, რაც განსაზღვრავს საბანკო სექტორის კონკურენტუნარიანობას, 2008 წლის კრიზისის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ძირითად მიკრო ცვლილებებს შორის, რამაც უდავოდ შეცვალა  ბანკების საქმიანობა  და ხედვა, აღსანიშნავია ახალი თაობის საბანკო მომხმარებლების გაჩენა და ახალი კლიენტების მოლოდინების გაზრდა და  ფინანსური ინდუსტრიის ახალი მოთამაშეების - ფინანსური სერვისების არატრადიციული მიმწოდებლების -FinTech, NEO Banks, Challeger Banks, BigTech მხრიდან კონკურენციის მატება [Swacha-Lech, 2017]. ეს უკანასკნელნი სწორედ ახალი თაობის მომხმარებლებზე და მათ მოლოდინებზე არიან ორიენტირებულნი. ეს ცვლილებები იძულებულს ხდის საბანკო სექტორს მნიშვნელოვნად შეცვალოს თავისი კომერციული და საოპერაციო მოდელები, რომ შეინარჩუნონ მომხმარებელი და დარჩნენ აქტიურ მოთამაშეებად ბაზარზე.  ტენდენცია კიდევ უფრო დაჩქარდა კოვიდ-19 პანდემიის პირობებში.

ახალი თაობის[1] მომხმარებლის (Y და Z თაობების) გაჩენა და ახალი კლიენტების მოლოდინების გაზრდა უბიძგებს მსხვილ ბანკებს, რომ სრულიად, თავიდან ბოლომდე შეცვალონ მიდგომები. ახალი თაობები მუდმივად მოითხოვენ, რომ მოხდეს შეთავაზებული მომსახურების დახვეწა და ისინი საფინანსო ორგანიზაციებისაგან ელიან უფრო მეტს, ვიდრე მათი წინა თაობა.

Y თაობა - ე.წ. მილენიალების თაობა -  1981 - 2000  წლებში დაბადებულების თაობაა. ამ თაობას ვერ წარმოუდგენია საკუთარი სახლი ტექნოლოგიების გარეშე. მილენიალებს მიაჩნიათ, რომ ცვლიან სამყაროს. ალბათ გამოუვათ კიდეც. მათ შრომის ბაზარზე უკვე გადაასწრეს X თაობას. მილენიალების თაობა შეადგენს მსოფლიოს მოსახლეობის 27%-ს, დაახლოებით 2 მილიარდ ადამიანს. გლობალური მილენიალების 58% ცხოვრობს აზიაში, მათ შორის გლობალური მილენიალების თაობის 19% - 385 მილიონი მილენიალი ცხოვრობს ინდოეთში. აქ მილენიალები შიდა მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილილს წარმოადგენენ [The Global Business Policy Council, 2019].

ამ თაობას სულ მალე 2000-2020 წლებში  დაბადებული Z თაობაც (ე.წ. iGen) წამოეწევა. დღევანდელი  მდგომარეობით Z თაობის წევრები 20 წლამდე ასაკის არიან, ასე რომ, ამ ეტაპზე, ძნელია მათი ფინანსური ჩვევებისა და ქცევის ანალიზი. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბანკებმა დაიწყონ Z თაობის ქცევებზე დაკვირვება, ყველაზე ახალგაზრდა მომხმარებლებზე, რომელთა მოთხოვნა საბანკო მომსახურებაზე, უახლოეს წლებში თანდათანობით  უდაოდ გაიზრდება.

როგორც ჩანს, დღევანდელი საბანკო საქმიანობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია Y თაობის, ე.წ. Millennials და Z თაობის (ე.წ. iGen) საჭიროებების ამოცნობა მათი ასაკის, რაოდენობის და ტექნოლოგიური ინტერესების გათვალისწინებით. ეს თაობა  ახლა ახალგაზრდები არიან და ფინანსური ინსტიტუტების ახალი მომხმარებლები ხდებიან.  ესენი არიან ახალგაზრდა თაობები, რომლებიც მუდმივად სიახლისკენ მიისწრაფვიან. ეს არის თაობა, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ზომით, ასევე მათი დიდი მოთხოვნილებით საბანკო მომსახურებაზე. ახალგაზრდა თაობა ძველისაგან განსხვავებით განსხვავებულ სოციუმში, კულტურაში, რელიგიურ შეხედულებებში გაიზარდნენ და ჩამოუყალიბდათ საკუთარი, ძველისაგან განსხვავებული ქცევები და დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხების მიმართ, მათ შორის ფინანსებთან.

გამოკითხული მილენიალებიდან ექვსიდან ხუთი ამბობს, რომ მათ ურჩევნიათ ურთიერთობა სოციალური მედიის საშუალებით. გამოკითხვის შედეგად, აღმოჩნდა, რომ მილენიალები მობილური ბანკით მომხმარებელთა უდიდეს პროცენტს - 47% შეადგენენ. ამ ტენდენციიდან გამომდინარე, ბანკებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ თაობათა მოლოდინებზე დაკვირვებას.  ისინი უნდა ელოდონ, რომ მომავალი თაობები, Gen Z– დან დაწყებული, კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას განახორცილებენ ტექნოლოგიებში და გაიზრდება მათი მოთხოვნა ბანკთან სხვადასხვა ტექნოლოგიური არხებით ურთიერთობებზე. შედარებისთვის, Baby Boomers და Gen X– ის უფროსი წევრები, როგორც წესი, აფასებენ ადამიანურ ურთიერთობებს და ამჯობინებენ ფიზიკურად მივიდნენ ბანკების ფილიალებში და ადგილზე მოაგვარონ თავისი საქმეები [Wingard, 2018]. ეს კი ბანკებისთვის ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან მათ უნდა შეძლონ  ერთდროულად დააკმაყოფილონ როგორც ძველი ისე ახალგაზრდა თაობის საბანკო მომხმარებლების მოლოდინები ისე, რომ არ დაზარალდეს ინვესტორების მოლოდინებიც. დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა იცოდნენ, რომ მიიღებენ ინვესტიციის ან საკუთარი კაპიტალის უკუგებას. ამისათვის კი ბანკებმა უნდა მიიღონ მოგება. ეს კი თავის მხრივ უკავშირდება მომხმარებელთა მოლოდინს. კმაყოფილი მომხმარებლები ბიზნესის წარმატების გასაღებია - რაც უფრო კმაყოფილია მომხმარებლები, მით უფრო კმაყოფილი იქნებიან ინვესტორებიც.

რთულია ტრადიციული ბანკებისთვის ამ გამოწვევის გამკლავება. სიტუაციას ართულებენ ფინანსური ინდუსტრიის ახალი მოთამაშეების - ფინტექების, ბიგტექების, NEO Banks და Challenger Banks გამოჩენა ბაზარზე. სწორედ ისინი ავსებენ იმ გეფს, რომელიც არსებობს მომხმარებლების მოლოდინებსა და ბანკების მიერ შეთავაზებულ მომსახურებას შორის. მიზეზი, რატომაც მომხმარებლები ფინანსური სერვისების არატრადიციული მიმწოდებლებისაგან ყიდულობენ მომსახურებას არის სერვისების სისწრაფე, სიიაფე და კლიენტზე მორგებული მომსახურება. შუამავლების არ არსებობა ფინტექების ყველაზე დიდი იარაღია.

PricewaterhouseCoopers-ის (PwC) მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელშიც 544 ფინანსური ინსტიტუტის წამყვანი მენეჯერები მონაწილეობდნენ, რომლებიც უზრუნველყოფენ ფინანსურ მომსახურებას 46 ქვეყანაში (ბანკი 30%, აქტივებისა და ქონების მართვის კომპანია 21%, FinTech კომპანია 20%, სადაზღვევო კომპანია 14%, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი დაწესებულება 4%, სხვა ფინანსური ინსტიტიტუტი 11%,). რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (83%) ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციებიდან თვლის, რომ ისინი ბიზნესის ნაწილის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან დამოუკიდებელი FinTech კომპანიებისაგან; ბანკების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 95%-ს აღწევს. გარდა ამისა, გამოკითხულ პირებს მიაჩნიათ, რომ მათი ბიზნესის 23% შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს FinTech – ის შემდგომი განვითარების გამო, თუმცა FinTech კომპანიები ვარაუდობენ, რომ მათ შეუძლიათ მოქმედი ბიზნესის 33%–ის შეძენა. ამ მხრივ, საბანკო და საგადახდო ინდუსტრიები უფრო მეტ ზეწოლას განიცდიან FinTech კომპანიებისგან. საგადახდო მომსახურების ინდუსტრიის რესპონდენტები თვლიან, რომ მათ 2020 წლისათვის შესაძლოა დაკარგონ თავისი საბაზრო წილის 28%, ხოლო ბანკირების შეფასებით, ისინი სავარაუდოდ  24% -ს დაკარგავენ [PwC, 2016].

წინამდებარე ნაშრომში შესწავლილია ფინანსური ინდუსტრიის ახალი მოთამაშეების - არატრადიციული ფინანსური მომსახურების პროვაიდერების განვითარების ტენდენციები და საბანკო ინდუსტრიის მზადყოფნა, რეაგირება მოახდინოს ამ ტენდენციებზე. ნაშრომი წარმოადგენს საბანკო სექტორზე ფინანსური მომსახურების დიგიტალიზაციის გავლენის სამაგიდო კვლევას, სადაც შესწავლილი და გაანალიზებულია საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშები, ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტები, ეროვნული ბანკის ანგარიშები და რეგულაციები, სხვადასხვა მკვლევარების ნაშრომები და მათი მეორადი მონაცემები და შემუშავებულია წინადადებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიუდგნენ ქართული ბანკები სტრატეგიულად ფინანსური ინდუსტრიის ახალ მოთამაშეებს, რომ თავიდან აიცილონ დანაკარგები, გაუძლონ კონკურენციას და დარჩნენ ბაზრის აქტიურ მოთამაშეებად. 

ლიტერატურის მიმოხილვა

ბოლო წლებში უმეტესი ინდუსტრიების ლაშაფტი დრამატულად შეიცვალა და გავლენა მოახდინა როგორც მოქმედ, ისე სტარტაპ კოპანიებზე. ასეთ გარემოში ტრადიციული მიდგომები მართვაში მოძველებულია და გადაფასებას საჭიროებს, რომ კომპანიები დარჩნენ კონკურენტუნარიანები. ფინანსური ინდუსტრიის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დღეს მოქმედი ფინანსური ინსტიტუტები მზარდ გლობალურ ზეწოლას განიცდიან არამარტო ფინტექების და დიგიტალიზაციისაგან, არამედ ბაზრის ახალი სუბიექტებისაგან, როგორებიც არიან ელექტრონული საცალო სავაჭრო კომპანიები, დიდი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT) და ტექნოლოგიური კომპანიები, სტარტაპები, რობოტები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური მედია პლატფორმები. ასევე გასათვალისწინებელია ცვლილებები მომხმარებელთა ქცევაში და ინდუსტრიის რეგულაციებში და  აუცილებელია არსებული პროცესების გაუმჯობესების ნაცვლად  ტრანსფორმაციული  ცვლილებები. საბანკო ლიდერების 80% -ზე მეტს მიაჩნია, რომ მათი ბიზნესი საფრთხის ქვეშაა და რომ რევოლუციონერი ახალწვეულები (newcomers) ცვლიან ინსტიტუციონალურ ლოგიკას ისე, რომ საფრთხეს უქმნიან მოქმედ აქტორებს. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კომპანიების მენეჯერები ზოგადად აღიარებენ საფრთხეს, ბევრი ბიზნესი პოულობს მისი მართვის გზებს. ზოგი მოქმედი საფინანსო ინსტიტუტი კი არ ჩქარობს მკვეთრი, რადიკალური ზომების მიღებას, რადგან თვლიან, რომ რომ ისინი მოქმედებენ საკმარისად მაღალრეგულირებულ ბაზარზე. თუმცა, ეს ბაზარი ახლა უახლოვდება იმ დონეს, როდესაც კონკურენცია ძლიერდება და ყველა ვერ გადარჩება [Strandvik….2018].

ახალი თაობების გაჩენამ და მათმა ტექნოლოგიებთან დამოკიდებულებამ ძალიან შეუწყო ხელი ბაზარზე ფიტექ და ბიგტექ კომპანიების გაჩენასა და სწრაფი ტემპით ზრდას.  დღეს სულ უფროდაუფრო მატულობს FinTech-ების რაოდენობა ბაზარზე და მათ მიერ მომხმარებლზე მორგებული ინოვაციური ფინანსური სერვისების რაოდენობაც. ფინტექ კომპანიებისაგან კონკურენციის მატება საბანკო ინდუსტრიის ერთ-ერთი სერიოზული თანამედროვე გამოწვევაა. FinTech კომპანიები, როგორც წესი, დამწყები ფირმებია, რომლებიც ორიენტირებულნი არიან პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, ფინანსური სერვისების მიწოდებაზე. ფინტექები  მსოფლიოს ბაზრებზე ელვის სისწრაფით იზრდება დაბალი ხარჯიანობის, სისწრაფის და სხვა დადებითი ფაქტორების გამო. 10 წამყვანი ამერიკული ფინტექის  საბაზრო კაპიტალიზაცია 2018 წელს 50%-ით გაიზარდა. Goldman Sachs– მა იწინასწარმეტყველა, რომ ამ სტარტაპების წლიური შემოსავალი 4.7 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს, რომელიც ძირითადად ტრადიციული ფინანსური მომსახურების კომპანიების ხარჯზე მოხდება. ინდუსტრიის ეს ახალი წევრები აიძულებენ ბევრ საფინანსო ინსტიტუტს ეძებონ პარტნიორები და/ან შერწყმის შესაძლებლობები, რომ თავიდან აიცილონ ფინტექების კონკურენციით გამოწვეული ფინანსური პრობლემები [კასრაძე, 2017] (კასრაძე თეა, 2017). იმისათვის, რომ შეინარჩუნონ  კონკურენცია, ტრადიციულმა ბანკებმა და საკრედიტო კავშირებმა უნდა ისწავლონ FinTechs– ისგან, რომლებმაც წარმატებას/მომხმარებელთა ნდობას მათთვის გამარტივებული სერვისების მიწოდებით მიაღწიეს [Wingard, 2018].

კოვიდ-19 პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა ფინტექ-ების სერვისების მომხმარებელთა რაოდენობა. მაგ. აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში ფინტექების სერვისების მომხმარებელთა რაოდენობა 6%-ით გაიზარდა და 42% შეადგინა (პანდემიამდე ფინანსური გადაწყვეტილებების მიმღებთა 36% აცდახდებდა, რომ იყენებდა ფინტექ ანგარიშებს). თუ თაობების ჭრილში შევხედავთ 14%-ით გაიზარდა ფინტექ-ების მომხმარებელთა რიცხვი Z თაობაში, 8% -ით მილენიალებში, 7% -ით  X თაობაში და 2%-ით Baby Boomer თაობაში. ამასთან, Z თაობა ასევე არის Fintech–ის მულტი-ანგარიშების ყველაზე ხშირი მომხმარებელი. მათი 29% იყენებს ერთზე მეტ ანგარიშს. Fintech-ის მომხმარებელი Baby Boomer-ების თითქმის 2/3-ს კი აქვს მხოლოდ ერთი ანგარიში [Krivkovich.... 2020].

ფინტექ კომპანიები ეწევიან ფინანსურ მომსახურებას ტექნოლოგიების და კომპიუტერული პროგრამისა გამოყენებით, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ უფრო მარტივად და სწრაფად დაგეგმოს, მართოს და აკონტროლოს თავისი ფინანსები. ფინტექ კომპანიები უზრუნველყოფენ მომხმარებლის დროულ ინფორმირებას, რაც შესაბამისად ამცირებს ხარჯებს და აუმჯობესებს არსებულ ბიზნესმოდელებსა და მომსახურებას. ონლაინრეჟიმი მომხმარებელს ფინანსური პროდუქტის ფართო არჩევანს სთავაზობს  და უფრო მეტ დამოუკიდებლობას ანიჭებს. ტექნოლოგიების მეშვეობით ფინანსურ ორგანიზაციებს აქვთ უფრო დეტალური ბაზები საკუთარ მომხმარებლებზე, რისი გამოყენებითაც ისინი კლიენტს სთავაზობენ ყველაზე ხელსაყრელ და მისაღებ პროდუქტს/სერვისს [ალფაიძე, 2019].

ფინტექები წარმოადგენენ ბანკების ალტერნატივას ფინანსური მომსახურების კუთხით. მათი საქმიანობა მოიცავს:

  • ფინანსური სერვისების ოპერატიულ მართვას,
  • გადახდებს, საერთაშორისო ტრანზაქციებს, კრიპტოვალუტას, ბლოკჩეინს
  • სესხებსა და დეპოზიტებს, Peer-to-Peer (P2P) სესხებს
  • ინვესტიციებთან, ფინანსურ ბაზრებთან, ვაჭრობასა და რისკის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. 

ისინი ცდილობენ, მომხმარებელს შესთავაზონ ბევრად გამარტივებული დამგროვებლური  თუ სასესხო სერვისები. მაგალითად, დეპოზიტორის აპლიკაცია ავტომატურად ინახავს ფულს ყოველი გადახდის შემდეგ. პროცესის სიმარტივე და შედეგი ხიბლავს მომხმარებელს. ფინტექ-ები სესხსაც გაცილებით მარტივად  გასცემენ ვიდრე ბანკები. P2P სესხის პლატფორმა ფინანსური შუამავლის გარეშე აკავშირებს მსესხებელსა და გამსესხებელს. P2P პლატფორმას შეუძლია უზრუნველყოს ისეთი მომსახურება, როგორიცაა ძებნა, სკრინინგი, შეფასება, გადახდის დამუშავება და განხორციელება ან escrow მესამე პირთან დეპონირება, სანამ არ შესრულდება გარკვეული პირობა. P2P-ის მეშვეობით სესხი გაიცემა ვებგვერდზე მითითებული საპროცენტო განაკვეთით ნებისმიერ დროს, უწყვეტ რეჟიმში. იგი რესურსების მოძიების მოქნილი და მარტივი ალტერნატივაა, რის გამოც პოპულარულია როგორც სტარტაპებში, ასევე სტუდენტებში. 

როდესაც მესამე მხარე ამოღებულია გარიგებიდან, არსებობს უფრო დიდი რისკი, რომ მომსახურების მიმწოდებელმა ვერ შეძლოს მომსახურების გაწევა ან ხარისხი არ იყოს ისეთი, როგორის მოლოდინიც აქვს მომხმარებელს, ან მყიდველმა შეიძლება არ გადაიხადოს, ან რომ ერთმა ან ორივე მხარეემ ისარგებლოს ასიმეტრიული ინფორმაციის უპირატესობით. ეს დამატებითი რისკი წარმოადგენს დამატებით გარიგების ხარჯებს P2P გარიგებისთვის. მყიდველმა, გამყიდველმა ან ორივემ შეიძლება გადაიხადოს მომსახურების ფასი, ან შეიძლება სერვისი უფასოდ შეეთავზოს და შემოსავალის გენერირება სხვა გზით მოხდეს [მეფარიშვილი, 2019] (მეფარიშვილი, 2019).

P2P lending პლატფორმა ორივე მხარის რისკების სწრაფი იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის პინციპზე მუშაობს.  პლატფორმა საპროცენტო განაკვეთს განსაზღვრავს სესხის მიმღების მსურველი ინდივიდების რისკიანობის შეფასების საფუძველზე. P2P პლატფორმით სარგებლობისას გამსესხებელი გარანტირებულია დანაკარგებისაგან თუკი მსესხებელი დააგვიანებს გადახდას. გამსესხებელი ასევე დაზღვეულია სავალუტო რისკებისგან, რადგან ინვესტირება მხოლოდ მყარ ვალუტაში ხორციელდება.

ფინტექების სახით სერიოზული კონკურენტების გაჩენა და მათ მიერ ფინანსურ მომსახურებაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეები აიძულებს საბანკო სექტორს  შეცვალოს ტრადიციული დაგროვების და სესხების გაცემის პრაქტიკა. დღეს უკვე ბანკებმაც აქტიურად დაიწყეს ფინანსური სერვისის მიწოდება მობილურით, ინტერნეტით და სხვადასხვა პროგრამული აპლიკაციებით. ბანკების მომხმარებელებს შეუძლიათ მობილური ტელეფონით აკონტროლონ საკუთარი ფინანსური ფონდები, ფასიანი ქაღალდები, განახორციელონ ყოველდღიური გადარიცხვები, მართონ დაზღვევა და ჩაატარონ სხვა ფინანსური ტრანზაქციები.

2017 წელს ციფრულად აქტიური მომხმარებლების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც იყენებს FinTech სერვისებს, იყო 33 %. ევროპაში, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი არიან FinTech-ის მომხმარებლების ყველაზე დიდი წილის მქონე ქვეყნები, შესაბამისად 41 % და 37 %. გერმანია, 35 %-ით, მესამე ევროპული ქვეყანაა. გლობალურად, გადახდებთან და გადარიცხვებთან დაკავშირებულმა FinTech სერვისებმა აჩვენეს ყველაზე მაღალი შეღწევა მომხმარებლებს შორის (50 %), შემდეგ მოყვება დაზღვევა (24 %), დაზოგვა და ინვესტიციები (20 %), ფინანსური დაგეგმვა (10 %) და სესხის აღება (10 %) [FRAILE CARMONA…. 2018].

საბანკო სექტორის კიდევ ერთი სერიოზული კონკურენტი ბაზარზე ბიგტექ კომპანიებია (ტერმინი BigTech აერთიანებს Big და Technology- ს, რათა ხაზი გაუსვას მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიების კომპანიების სახელწოდებას). BigTech ფირმები - დამკვიდრებული ტექნოლოგების პლატფორმების მსხვილი კომპანიები - სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საფინანსო სისტემაში და დაიწყეს ფინანსური მომსახურების გაწევა. გასული ათწლეულის განმავლობაში ზოგიერთი BigTech კომპანია სწრაფად გაიზარდა და დღეს უფრო დიდია როგორც მომხმარებელთა რაოდენობის, ასევე კაპიტალის მოცულობის მიხედვით, ვიდრე მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები.

BigTechs და Challenger Banks არიან ‘born digital, born data’. მათ აქვთ მონაცემებზე ორიენტირებული ურთიერთობა, იყენებენ მონაცემებს კრეატიული გზებით, რათა შეაღწიონ მომხმარებელში. ამის საპირისპიროდ, ტრადიციული ბანკები ორიენტირებულნი არიან პროდუქტზე და მონაცემებს იყენებენ მხოლოდ რისკების შეფასებისთვის [Capgemini, 2020].

Bigtech-სა და Fintech-ს შორის სხვაობა ძირითადად დაკავშირებულია კაპიტალთან. Bigtechs  დიდი კაპიტალის მფლობელები არიან, უფრო მოწინავე ტექნოლოგიებს ფლობენ და უფრო მასშტაბურად არიან წარმოდგენილები მთელ მსოფლიოში.  Fintech სპეციალურად ფინანსური მომსახურების გასაწევად შექმნილი ფირმებია, ბიგტექებისთვის ფინანსური მომსახურება მათი ფართო საქმიანობის მცირედი ნაწილია. ბიგტექ-ებს ძირითადი ბიზნესი აქვთ ინფორმაციულ ტექნოლოგიებში და კონსალტინგში, საიდანაც იღებენ შემოსავლის 46% -ს, ხოლო ფინანსური მომსახურებიდან შემოსავალი კი მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 11%-ს შეადგენს [BIS, 2019].

ბიგტექ-ებს ხელი მიუწვდებათ დიდი რაოდენობით მომხმარებლის მონაცემებზე, რაც მათ ფინანსურ ბაზარზე „შეცურვის“ საშუალებას აძლევს. BigTech ფირმები სარგებლობენ არსებული დიდი სამომხმარებლო ბაზების შექმნით და მათი მომხმარებლების მონაცემების შეგროვებით ან ანალიზით. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს, რათა სწრაფად მიაღწიონ მასშტაბებს სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებით, მათ შორის ფინანსურ მომსახურებაში. მათ ასევე აქვთ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები და ხშირად აქვთ წვდომა კაპიტალზე და დაფინანსებაზე უფრო დაბალ ფასად, ვიდრე ზოგიერთ მსხვილ ფინანსურ ჯგუფებს.

გლობალურად, BigTech კრედიტები ყვავის და აჭარბებს Fintech კრედიტებს. BigTech დაკრედიტების მოცულობამ 2019 წელს  $ 572 მილიარდს მიაღწია- ზრდა 44% 2018 წელთან შედარებით. Fintech– ის კრედიტების მოცულობა 25% –ით შემცირდა 2019 წელს და $ 223 მლრდ შეადგინა. ეს ვარდნა მთლიანად ჩინეთის გავლენით არის გამოწვეული, სადაც მარეგულირებელი რეფორმების სერიებმა გამოიწვია ფინტექნიკის კრედიტების ნაკადის შემცირება. სხვა ქვეყნებში, ფინტექ კრედიტების მოცულობა აგრძელებს სწრაფ ზრდას [Cornelli, 2020]. 

უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის ბოლოსთვის 200 უმსხვილესი ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ ოდნავ აჭარბებდა შვიდი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციას (Amazon, Facebook, Microsoft, Google, Tencent, Alobaba, Apple) და ორივე ჯგუფის კაპიტალიზაციამ დაახლოებით $ 6 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ასეთი დიდი განსხვავება გასაკვირი არ არის, რადგან ბიგტექების  საბაზრო კაპიტალიზაციის საბალანსო ღირებულებასთან თანაფარდობა (price-to-book ratios) 5.0-ზე მეტი იყო მთელი 2019 წლის განმავლობაში, მაშინ როცა ბანკების საბაზრო კაპიტალიზაციის საბალანსო ღირებულებასთან თანაფარდობა (price-to-book ratios)  0.8-დან 1.2-მდე დიაპაზონში მერყეობდა ბოლო ათლწეულის მანძილზე. 2020 წელს, ეს სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. ივლისის ბოლოსთვის, მხოლოდ შვიდი უდიდესი ბიგტექის საბაზრო კაპიტალიზაციამ გადააჭარბა 8 ტრილიონ დოლარს, რაც თითქმის ორჯერ აღემატებოდა ტოპ 200 ბანკის საბაზრო კაპიტალიზაციაას. როგორც ჩანს, ინვესტორებიც ტექნოლოგიებს ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე ბანკებს [Dietz….2020]. 

საბანკო სექტორისა და ინოვაციური ფინანსური სერვისების არატრადიციულ მიმწოდებლებს შორის გაჩენილი კონკურენციის თუ თანამშრომლობის განხილვისას გვერდს ვერ ავუვლით ღია ბანკინგის სისტემას.

ბოლო პერიოდში საბანკო და საფინანსო სფეროში გაჩნდნენ სტარტაპები, რომლებიც, ბანკებთან შედარებით, ხშირ შემთხვევაში უკეთესად ნერგავენ ციფრულ ფინანსურ ინოვაციებს. მაგრამ, ხშირად ასეთ სტარტაპებს ან არ  აქვთ სურვილი, ან მზად არ არიან, რომ ბანკად გადაიქცნენ. ამ კონკურენციის ხელშეწყობისთვის ევროპაში გაჩნდა ინიციატივა, დაევალდებულებინათ ბანკები ხელმისაწვდომი გაეხადათ ამ კომპანიებისთვისაც ინფორმაცია  კლიენტის საბანკო ანგარიშების შესახებ, გადახდის განხორციელების შესახებ და სხვ. ბანკები მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულნი არიან, მის შესახებ ინფორმაცია გადასცენ მესამე მხარესაც - იქნება ეს სხვა აპლიკაცია, სტარტაპი თუ ა.შ. ღია ბანკინგი მომხმარებლებს აძლევს მთელი რიგი ისეთი სერვისებით სარგებლობის საშუალებას, რომელსაც მათი რჩეული მომსახურე ბანკი ვერ ან არ სთავაზობს. ღია ბანკინგი ერთის მხრივ ზრდის კონკურენციას ბაზრაზე ტრადიციულ და არატრადიციულ  ფინანსურ ინსტიტუტებს შორის,  მეორეს მხრივ კი იგი გახდა ინოვაციების დიდი კატალიზატორი საბანკო სექტორში, რადგან იგი გზას უხსნის გლობალური პლატფორმების უფრო ადვილად შეღწევას სექტორში. ღია ბანკინგი ევროპაში PSD2 (Payment Services Directive 2) კანონით რეგულირდება. 2019 წლიდან დღემდე ევროპაში უკვე 474 რეგისტრირებული დაწესებულებაა, რომლებიც ღია ბანკინგში არიან ჩართულნი [BOG Fintech, 2021]. 

ფინტექები და საბანკო სექტორის პერსპექტივა საქართველოში

ბოლო წლებში საქართველო ტექნოლოგიების კუთხით საკმაოდ წინ წავიდა და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო პოსტ-საბჭოთა სივრცეში არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია FinTech შესაძლებლობებისთვის. მსოფლიოს მსხვილი FinTech კომპანიებისთვის საქართველოში ინვესტიციების განსახორციელება ხელსაყრელია, რადგან ხედავენ, რომ უკვე ბევრი დიდი კომპანია წარმატებით ფუნქციონირებს ქვეყანაში. საქართველოში ფინტექ კომპანიების დიდი მრავალფეროვნებაა. აქ მომხმარებელს ინოვაციურ ფინანსურ სერვისებს წარმატებით სთავაზობენ როგორც ახლადდაარსებული სტარტაპები, ისე მსხვილი, ტრადიციული ფინანსური სერვისების მიმწოდებელი კომპანიები.

საბანკო სექტორმა საქართველოში სწრაფად გააცნობიერა მომხმარებლებისათვის ფინანსური ინოვაციების აუცილებლობა და მნიშვნელობა და თავად დაიწყო ფინტექ-ებთან თანამშრომლობით მომხმარებელისთვის ონლაინ საბანკო პროგრამების მიწოდება, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია მარტივად განახორციელოს სხვადასხვა ოპერაციები მცირე დროში.

დღეს საქართველოში გვხვდება როგორც საგადახდო საშუალებების პროვაიდერი კომპანიები, ისე სესხის გამცემი და კრიპტოვალუტით ვაჭრობის პლატფორმაც. 2018 წლიდან აგრეთვე ფუნქციონირებს პირველი ქართული ნეობანკი (NeoBank), სრულიად ციფრული ბანკი Space Bank, მხოლოდ როგორც მობილური აპლიკაცია, ყოველგვარი ტრადიციული ფიზიკური ფილიალების გარეშე. ამ აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია მიიღოს  საცალო საბანკო მომსახურების სრული სპექტრი, როგორიცაა სესხები, გადახდის ბარათები და შემნახველი პროდუქტები. მომხმარებელზე ორიენტირებულმა ყოველდღიურმა საბანკო სისტემამ მთლიანად შეცვალა საქართველოს მოსახლეობის ფინანსურ მომსახურებაზე წვდომა [Kasradze, 2020].

თანდათანობით იზრდება გადახდების ბარათებით ონლაინ ტრანზაქციების რიცხვი.  ელექტრონული კომერციაც საკმაოდ პოპულარულია ქვეყანაში. საქართველში მომხმარებლები ხშირად იყენებს ელექტრონული კომერციის ვებსაიტებს, როგორიცაა  eBay, Amazon და AliExpress ელექტრონული საფულეებით და საკრედიტო ბარათებით გადახდის გზით ნივთების შესაძენად. დღეს მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ P2P სესხებით.  ციფრებში ეს მდგომარეობა ასე გამოიყურება:

2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით საქართველოში 2700-ზე მეტი ბანკომატია და მისი რაოდენობა წინა წელთან შედარებით 144 ერთეულით არის გაზრდილი. გარდა ამისა ქვეყანაში 62,400-ზე მეტი POS ტერმინალია, სადანაც 1,216 კომერციული ბანკების ფილიალებსა და სერვის ცენტრებშია განთავსებული, ხოლო 61,195 POS ტერმინალი გამოიყენება ვაჭრობისა და მომსახურების სექტორში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2021 წლის I კვარტალის მდგომარეობით ქართული საბარათე ინსტრუმენტებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 104 მლნ ოპერაცია, თანხობრივად 9.1 მილიარდი ლარი. აქედან ოპერაციების რაოდენობის 94% (98 მილიონი ოპერაცია) და თანხის 93% (8.5 მილიარდი ლარი) შესრულდა ქვეყნის შიგნით, ხოლო შესაბამისად 6% და 7% ქვეყნის გარეთ. სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის ოპერაციების რაოდენობის წილმა სულ შესრულებულ ტრანზაქციებში (ჯამურად ქვეყნის შიგნით და გარეთ) შეადგინა 83%, ხოლო თანხის წილმა 38%. აქედან რაოდენობის 81% და თანხის 35% არის სავაჭრო/ მომსახურების ობიექტებში გადახდის ოპერაციები ქვეყნს შიგნით, ხოლო დანარჩენი (19% და 65% შესაბამისად) არის ნაღდი ფულის გატანის ოპერაციები.

2021 წლის მარტის თვის მდგომარეობით საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობა 2020 წლის პირველი კვარტალთან შედარებით 2%-ით (162 ათასით) გაიზარდა და  შეადგინა 6.8 მილიონი. გამოშვებულ ბარათებში საკრედიტო ბარათების წილიმა შეადგინა 8%. ყოველ 10  მოსახლეზე გამოშვებული ბარათების რაოდენობა 18-ს შეადგენს[2].

2017 წელს საქართველოში ამოქმედდა პირველი ქართული QuickCash პლატფორმა. იგი არის მცირე და საშუალო ბიზნესის კრედიტუნარიანობის შეფასების ინოვაციური მაღალტექნოლოგიური პლატფორმა. მისი მეშვეობით საჭირო თანხის მიღება შესაძლებელია რამოდენიმე მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ. მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების შედეგად ხდება ბიზნესის სწრაფი შეფასება და თანხა გაიცემა საკრედიტო ხაზის დამტკიცებისთანავე. მაშინ როცა ბიზნესის შეფასებას ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტების  მიერ ორი ან მეტი კვირა სჭირდება, Quick Cash პლატფორმის მეშვეობით ეს 5 წუთშია შესაძლებელი და არ მოითხოვს დამატებითი დოკუმენტების წარდგენას და სხვადასხვა ბიუროკრატიული პროცედურების გავლას.

სამწუხაროდ ფინტექ ბაზრის კვლევა საქართველოში დღესდღეობით ჩატარებული არ არის. ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია კი, რომლის ანალიზიც დაადასტურებდა საქართველოს წარმატებას ინოვაციური ფინანსური  ტექნოლოგიების რევოლუციური განვითარების ზემოთ მოტანილ ინფორმაციას, მწირია. სავარაუდოს ამის მიზეზი არის ის, რომ რთულია FinTech სერვისების საზღვრების დადგენა, რაც ართულებს ფინტექ სერვისების ბაზრის ზომის რაოდენობრივად განსაზღვრას. დამატებით სირთულეს წარმოადგენს ფინანსური სექტორის ტრადიციული კომპანიების მიერ FinTech სერვისების სხვა სერვისებისგან გამოყოფის/დიფერენცირების სირთულე.

  საქართველოს ფინთექ ასოციაციის მონაცემებით საქართველოს ფინტექ ეკოსისტემა დღეისათვის 25 ფინტექ კომპანიას ითვლის, რაც პატარა ქვეყნისთვის არცისე ცოტაა. კომპანიების საქმიანობის მიმართულებების მიხედვით ფინტექ ეკოსისტემა იხ. დიაგრამა 1-ზე:

 

წყარო: საქართველოს ფინტექ ასოციაცია https://nbg.gov.ge/en/media/news/panel-discussion-on-open-banking

ხოლო პროცენტულად ფინტექ კომპანიები ფინტექ ეკოსისტემაში წარმოდგენილნი არიან დაიგრამა 2-ზე:

 

წყარო: საქართველოს ფინტექ ასოციაცია https://nbg.gov.ge/en/media/news/panel-discussion-on-open-banking

 

2015 წლისათვის ოლნაინ ალტერნატიული ფინანსების მოცულობა საქართველოში 103 მლნ ევროს შეადგენდა. 2016 წელს საქართველოში ალტერნატიული კრედიტების მოცულობა 113 მლნ აშშ დოლ იყო, 2017 -ში იგი 196 მლნ. აშშ დოლ-მდე გაიზარდა, ხოლო 2018 წელს 193 მლნ აშშ დოლ-მდე შემცირდა.  ალტერნატიული კრედიტებში მოიაზრება ფინტექ კრედიტების და ბიგტექ კრედიტების ჯამი, თუმცა საქართველოში არსებული მონაცემების თანახმად ბიდტექ კრედიტების მოცულობა 0-ის ტოლია და აღნიშნული მაჩვენებელი მთლიანად ფინტექ კრედიტების მოცულობას წარმოადგენს [Cornelli..... 2020].

ეროვნული ბანკის ინფორმაციით დღეს 33 აქტიური საგადახდო მომსახურების პროვაიდერია რეგისტრირებული ბაზარზე[3]. თუმცა, ინოვაციური ფინანსური სერვისების მიწოდება მხოლოდ ახალი კომპანიის ფარგლებში არ ხდება და  ხშირად ეს მოქმედი ორგანიზაციების ქოლგის ქვეშ ხორციელდება. ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც აცნობიერებენ რა ტექნოლოგიური სიახლეების მნიშვნელობას მათ ბიზნესში მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებენ ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაში [Kasradze, 2019] .  

ინოვაციური ფინანსური სერვისების ინდუსტრიის მთავარი გამოწვევევბი საქართველოში:  

ა)კონკურენტული ბაზრის განვითარების მთავარი დაბრკოლება საქართველოში არის მკაფიო მარეგულირებელი სტანდარტების ნაკლებობა. რეგულაციები არის გარკვეულწილად ხელისშემსლელი ფინტექების საქმიანობის. საჭიროა ეროვნული ბანკის მხრიდან ნებართვა/ლიცენზია საქმიანობაზე. საგადახდო სისტემების პროვაიდერის შემთხვევაში ლიცენზიის მისაღებად მოთხოვნები შედარებით მსუბუქია, ხოლო სესხის გაცემისს და დეპოზიტების მიღების მსურველ ფინტექებს 2020 წლიდან ციფრული ბანკის ლიცენზიის აღება მოეთხოვებათ.

ღია ბანკინგის სისტემის დანერგვა ერთის მხრივ წაახალისებს ფინტექების საქმიანობის გაფართოვებას, მეორეს მხრივ  კი მნიშვნელოვნად შეცვლის ტრადიციულ საბანკო ბიზნეს მოდელებს და კლასიკური საბანკო სისტემის ჰეგემონია წარსულში დარჩება [აბულაძე, 2018].

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების შესახებ მეორე დირექტივის (PSD2 - Payment Services Directive 2) იმპლემენტაციის ფარგლებში ღია ბანკინგის დანერგვა საქართველოში 2021 წლის მარტიდან დაიწყო.  იგი სრულად 2021 წლის ბოლოს ამოქმედდება და ფიზიკური პირების გარდა არასაბანკო ინსტიტუტებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი, რაც ერთის მხრივ  გაზრდის კონკურენციას ფინტეკებს და ბანკებს შორის, მეორეს მხრივ  კი მათ უკეთესი თანამშრომლობის შესაძლებლობებიც მიეცემათ [საქართველოს ეროვნული ბანკი, 2020]. 

ბ) მონაცემებზე წვდომის შეზღუდვები. ღია ბანკინგი კლიენტის მონაცემებზე მარტივად წვდომის  და  საბანკო სერვისების თავის ციფრულ პროდუქტებში ჩაშენების საშუალებას აძლევს ფინტექებს.  შედეგად კი, მომხმარებელი მაქსიმალურად მათზე მორგებულ და უსაფრთხო პროდუქტს მიიღებს. ამ ეტაპზე, ეს სერვისი მხოლოდ ბანკებისთვის არის ხელმისაწვდომი. ფინტექ კომპანიებისათვის კი ამ თვალსაზრისით არც ისე სახარბიელო ბიზნეს გარემოა. დღემდე საბანკო სექტორი მხოლოდ თავად ცვლის საკრედიტო ინფორმაციას ერთმანეთში საკრედიტო ბიუროების მეშვეობით.

გ) მომხმარებლებშინდობისდეფიციტი ფინანსური სერვისების მიმწოდებელი არატრადიციული კომპანიების კიდევ ერთი გამოწვევაა.მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური სიახლეებისადმი ინტერესი მაღალია, მომხმარებლების დიდი ნაწილი მიანც დიდი ფინანსური ინსიტიტუტების მომსახურებას ანიჭებს უპირატესობას, რაც წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ურთიერთობით და ნდობით არის განპირობებული. ახლად დაარსებულმა ფინტექ ორგანიზაციებმა მომხმარებელთა ნდობა და კეთილგანწყობა  სერვისის მაღალი ხარისხით, სწრაფი, იაფი და გამჭირვალე მომსახურებით უნდა მოიპოვოს [Zarnadze....2020]. 

დ) კვალიფიციური კადრები ასევე პრობლემური საკითხია ინოვაციური ფინანსური სერვისების მიმწოდებელი არატრადიციული კომპანიებისთვის. ფინტექ სფეროში მუშაობისთვის, ადამიანებს ესაჭიროებათ როგორც ფინანსების, ასევე ტექნოლოგიების ცოდნა [Kasradze…. 2021]. განათლების მაღალი დონიდან გამომდინარე ევროპაში და ამერიკაში ეს პრობლემა ნაკლებად დგას, მაგრამ განვითარებად სამყაროში შესაფერისი ადამიანური რესურსები ფინანსური სერვისების არატრადიციული პროვაიდერების კიდევ ერთი გამოწვევაა. საქართველოში განათლებული და იაფი მუშახელის ხელმისაწვდომობა ქართული ფინტექ კომპანიების ერთგვარ უპირატესობას წარმოადგენს [Kasradze....2018].

ე) და ბოლოსკაპიტალზე წვდომა, არის სერიოზული გამოწვევა არა მარტო ქართული კომპანიებისთვის, არამედ მთელ მსოფლიოში (ამ მხრივ ერთადერთ გამონაკლისს ჩინეთი წარმოადგენს) [Kasradze, 2018]. 

დასკვნა

ამრიგად, 2008 წლის კრიზისის შემდეგ ფინანსურ სექტორში ადგილი აქვს ახალი ტექნოლოგიების აფეთქებას და სამომხმარებლო მოთხოვნილებების ზრდას, რაც ზეწოლას ახდენენ ტრადიციულ ბანკებზე. საცალო საბანკო მომხმარებლები მუდმივად ელიან ბანკისგან ახალ, გაუმჯობესებულ, ხელმისაწვდომ, მოხერხებულ უწყვეტ მომსახურებას. 

ტექნოლოგიების საჭიროებისა და პოპულარობიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია ბაზარზე არსებული ტენდენციები და მათი სამომავლო გავლენა ფინანსურ სექტორზე. ბანკებმა, თუ სურთ რომ დარჩნენ ბაზარზე და იყვნენ კონკურენტუნარიანები, ფინანსური ტექნოლოგიები უნდა აღიქვან როგორც ევოლუციის შემდეგი ეტაპი და თავადაც აქტიურად ჩაერთონ ფინანსური სერვისის გამარტივებასა და გაუმჯობესებაში.

ტრადიციული საბანკო სისტემა ბიგტექ-ების და ფინტექ-ებისაგან მზარდი კონკურენციის დაძლევას შეძლებს მხოლოდ ინოვაციური ტექნოლოგიებით, კლიენტზე მორგებული უწყვეტი ციფრული ბანკინგის შეთავაზებით; კიბერ უსაფრთხოების ღონისძიებების გაზრდით, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა სახის ინფორმაციის ქურდობა ან ტექნოლოგიური თაღლითობა; ციფრული ხელმოწერებით, რომელიც ჩაანაცვლებს ქაღალდს და უზრუნველყოფს მომხმარებლის ხელმოწერის ნამდვილობას, რომ ხელმოწერილი დოკუმენტები 100% ლეგალურია და ძალაშია ოფისში წასვლის აუცილებლობის გარეშე; მონაცემების შეგროვებით და დამუშავებით, რომ უკეთესად იცოდნენ კლიენტის მოთხოვნები და საჭიროებები, და შესთავაზოთ მათზე მორგებული პროდუქტები; კლიენტებისთვის მარტივად, სწრაფად, იაფად ნებისმიერი ფინანსური პროდუქტის  შეთავაზების გზით მათ თვალში რეპუტაციის და  ნდობის მოიპოვებით; განათლებული, კვალიფიციური  პერსონალით. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. აბულაძე რ. (2018), ციფრული ფული. თბილისი: ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია. მოპოვებული https://issuu.com/ratiabuladze/docs/_დან
  2. ალფაიძე, ე. (2019), უქმნის თუ არა ფინტექი საფრთხეს ფინანსური ბაზრების მონაწილეებს? ფორბს საქართველო. მოპოვებული https://forbes.ge/blogs/e1-83-a3-e1-83-a5-e1-83-9b-e1-83-9c-e1-83-98-e1-83-a1-e1-83-97-e1-83-a3-e1-83-90-e1-83-a0-e1-83-90-e1-83-a4-e1-83-98-e1-83-9c-e1-83-a2-e1-83-94-e1-83-a5-e1-83-98-e1-83-a1-e1-83-90-e1-83-a4/-დან
  3. კასრაძე თ.  (2017), კომპანიების შერწყმა და შესყიდვის (შთანთქმის) გლობალური ტენდენციები. გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში, შრომების კრებული (გვ. 239-245). თსუ. მოპოვებული https://www.tsu.ge/data/file_db/economist_faculty/global.pdf-დან
  4. მეფარიშვილი, ქ. (2019). ფინტექ ინდუსტრიის გამოწვევები – რა უნდა ვიცოდეთ, სანამ სტარტაპზე ვიფიქრებთ. Marketer.ge. მოპოვებული https://www.marketer.ge/fintec-industry-qeti-meparishvili/-დან
  5. საქართველოს ეროვნული ბანკი (2020), წლიური ანგარიში 2020. მოპოვებული https://nbg.gov.ge/fm/%E1%83%9E%E1 %83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1 %83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1 %83%91%E1%83%98/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1% 83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%94%E1% 83%91%E1%83%98/%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83-დან
  6.  BIS (2019). III. Big tech in finance: opportunities and risks, BIS Annual Economic Report 2019. BIS. Retrieved from https://www.bis.org/publ/arpdf/ar2019e3.htm
  7. BOG Fintech. (2021, June 9). What does Open Banking Change and What Opportunities do the Fintech Companies have from this Point. Retrieved from fintech: https://www.fintech.ge/news/details?id=163
  8. Capgemini Efma (2020). World FinTech Report 2020. https://fintechworldreport.com/wp-content/uploads/sites/9/2020/04/World-FinTech-Report-WFTR-2020_Web.pdf
  9. Dietz, M., Kincses, A., Rab, I., & Andrade, B. C. (2020). Big techs versus big banks: Battle for the customer. Retrieved from https://www.mckinsey.com/industries/financial-services/our- insights/banking-matters/big-techs-versus-big-banks-battle-for-the-customer
  10. FRAILE CARMONA A., GONZÁLEZ-QUEL LOMBARDO A., RIVERA PASTOR R., TARÍN QUIRÓS C., VILLAR GARCÍA J. P., RAMOS MUÑOZ D., CASTEJÓN MARTÍN L. (2018). Competition issues in the Area of Financial Technology (FinTech). DIRECTORATE GENERAL FOR INTERNAL POLICIES, European Parliament. Retrieved from https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/STUD/2018/619027/IPOL_STU(2018)619027_EN.pdf

    11. Giulio Cornelli, J. F. (2020, November). Fintech and big tech credit markets around the world. Retrieved from https://voxeu.org/article/fintech-and-big-tech-credit-markets-around-world

    12. Giulio Cornelli, Jon Frost, Leonardo Gambacorta, Raghavendra Rau, Robert Wardrop and Tania Ziegler. (2020). Fintech and big tech credit: a new database. BIS. Retrieved from https://www.bis.org/publ/work887.pdf

     13. Kasradze T. (2020). Challenges Facing Financial Inclusion Due to the COVID-19 Pandemic. European Journal of Marketing and Economics, 3(2), 63-74. Retrieved from https://journals.euser.org/files/articles/ejme_v3_i2_20/Kasradze.pdf

    14. Kasradze T. (2018). Global Trends of Financing for Development and Georgia. International Scientific Journal of Business, 1, 34-45. Retrieved from https://www.researchgate.net/publication/331745749_Global_Trends_of_Financing_for_Development_and_Georgia

    15. Kasradze Tea; Zarnadze Nino (2019). Challenges of Economic of Georgia: Good and Bad Economic Growth. European Journal of Economics and Business Studies, 5(1), 178-186. doi:https://doi.org/10.26417/ejes.v5i1.p178-186

   16. Kasrade T.,  Gulua E.(2021). Challenges and Opportunities for Teaching Practical Skills at Higher Education Institutions under the conditions of COVID-19 Pandemic. European Journal of Social Science Education and Research, 8(1), 56-69. Retrieved from https://journals.euser.org/files/articles/ejser_v8_i1_21/Kasradze.pdf

     17. Kasradze T., Zarnadze N. (2018). ENHANCING WORKFORCE COMPETITIVENESS THROUGH IMPROVING QUALITY OF EDUCATION – AN INDISPENSABLE MEANS FOR OVERCOMING POVERTY. International Journal of Innovative Technologies in Economy, 5(17), 19-21. doi: https://doi.org/10.31435/rsglobal_ijite/01062018/5654

      18. Krivkovich, A., White, O., Townsend, Z., & Euart, J. (2020). How US customers’ attitudes to fintech are shifting during the pandemic. მოპოვებული https://www.mckinsey.com/industries/financial-services/our-insights/how-us-customers-attitudes-to-fintech-are-shifting-during-the-pandemic-დან

 19. PwC. (2016). How FinTech is shaping Financial Services. PwC. Retrieved from https://www.pwc.de/de/newsletter/finanzdienstleistung/assets/insurance-inside-ausgabe-4-maerz-2016.pdf

   20. Rabin, K. (2020, November 30). The Post-Soviet fintech landscape - the case for Georgia. Retrieved from https://www.finextra.com/blogposting/19585/the-post-soviet-fintech-landscape---the-case-for-georgia

    21. Strandvik, T., Holmlund, M., & Lähteenmäk, I. (2018). “One of these days, things are going tochange!” How do you make sense ofmarket disruption? (I. U. Kelley School of Business, Ed.) Business Horizons(61), 477-486. Retrieved from https://reader.elsevier.com/reader/sd/pii/ S0007681318300272?token=8E876AA34284E2FFB47FFE8 BB63A6E3AF9A34A0307D20C2C2F673D 7365F29CBD0C465338CD9C07CE2E90AD129FEA711 E&originRegion=eu-west-1&originCreation=20210814125543

   22. Strauss, W., & Howe, N. (1997). The Fourth Turning: An American Prophecy - What the Cycles of History Tell Us About America's Next Rendezvous with Destiny. Crown.

   23. Swacha-Lech, M. (2017). The main challenges facing the retail banking industry in the era of digitalisation. Journal of Insurance, Financial Markets and Consumer Protection(26), 94-116. Retrieved from https://depot.ceon.pl/handle/123456789/14336

  24. The Global Business Policy Council (2019). Where Are the Global Millennials? Retrieved from Kearney: https://www.kearney.com/zh/web/global-business-policy-council/article?/a/where-are-the-global-millennials-

   25. What does Open Banking Change and What Opportunities do the Fintech Companies have from this Point. (2021, June 9). Retrieved from fintech: https://www.fintech.ge/news/details?id=163

   26. Wingard, L. (2018). Top 10 Banking Industry Challenges — And How You Can Overcome Them. Retrieved from https://global.hitachi-solutions.com/blog/top-10-challenges-banking-financial-organizations-can-overcome

    27. Zarnadze, N., & Kasradze, T. (2020). Strong Organizational Culture – An Effective Tool for Companies to Survive in a Pandemic World;. European Journal of Language and Literature Studies, 6(2). Retrieved from https://journals.euser.org/files/articles/ejls_v6_i2_20/Zarnadze.pdf


[1] თაობა - 20 წლიანი შუალედით დაბადებულ ადამიანთა ჯგუფია, რომელთაც აქვთ სამი მსგავსი კრიტერიუმი:

  • ისინი იკვეთებიან ერთ ისტორიულ ეპოქაში. მსგავს ასაკობრივ კატეგორიაში უწევთ გადატანა ერთი და იმავე ისტორიული მოვლენის ან სოციალური ცვლილებების;
  • მათ აქვთ მსგავსი დამოკიდებულებები და ქცევის მოდელები.
  • გამომდინარე მსგავსი გამოცდილებიდან, მათ აერთიანებთ თაობისადმი მიკუთვნებულობის გრძნობა (Strauss & Howe, 1997) 

[2] წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი https://old.nbg.gov.ge/uploads/ sagadaxdo/rtgs/2021/ payment_card_statistics_i_quarter_2021_ge.pdf

[3] წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი https://nbg.gov.ge/payment-system/providers