English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ რუსუდან კვარაცხელია ლევან კიკილაშვილი
ბიო აგროეკო-ტურიზმი, როგორც მწვანე ბიზნესის განვითარების საფუძველი საქართველოში

10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.03.RUSUDAN.KVARATSKHELIA.LEVAN.KIKILASHVILI

ანოტაცია

ბიო აგრო ტურიზმი, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ისე საქართველოში ამ ეტაპზე, წარმატებით იკიდებს ფეხს. ეს არის მწვანე ბიზნესის ერთ-ერთი მიმართულება, მნიშვნელოვანი კომპონენტი, მისი ძლიერი საყრდენი. ბიო აგრო ტურიზმის, როგორც მწვანე ბიზნესის, განვითარების საშუალებით შესაძლებელია გადაიჭრას ბევრი ისეთი პრობლემა, რასაც აწყდებიან სოფლად მცხოვრები, განვითარებაზე ორიენტირებული ფერმერები, სარესტორნო, სასტუმრო ბიზნესი, ტუროპერატორები და ყველა ის სუბიექტი, ვინც ზრუნავს ადგილობრივი ბუნებრივი თუ კულტურული სიმდიდრის პოპულარაზიაციაზე, ტურისტების მოსაზიდად. ბიო აგრო ტურიზმის განვითარებას შეუძლია გარდამტეხი როლი ითამაშოს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში; გაამრავალფეროვნოს ტურები და  მოიზიდოს სულ უფრო მეტი ტურისტი, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.  აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბიო აგრო ტურიზმის განვითარება ერთმნიშვნელოვნად ნაკლებად ქმნის იმ საფრთხეს, რასაც მასობრივი ტურიზმით მიყენებული ზარალი ჰქვია, ვინაიდან ეს არის მიმართულება, რომელიც თავისთავში მოიცავს გარემოს დაცვის, ბუნების სიყვარულის, ბუნებრივი რესურსების დაცვის კონცეფციას. ადამიანები, რომლებიც კონცეპტუალურად ამგვარად უდგებიან საკითხს, რომ ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტი მხოლოდ დაცულ და ჯანსაღ გარემოსთან ასოცირდება, ნაკლებად არის გარემოსთვის ზიანის მომტანი. გარდა ამისა, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის, უმდიდრესი გარემო პირობების, მრავალფეროვანი კლიმატური პირობების, ნიადაგის ტიპების უპრეცენდენტო მრავალფეროვნების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების უამრავი ენდემური სახეობის, ტრადიციისა და წეს-ჩვეულებების საფუძველზე, შესაძლებელია სპეციფიკური მიმართულებებით დაინტერესებული ტურისტების მოზიდვა, როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ისე გასტრონომიული და კულტურული ტურების თვალსაზრისით. ბიომეურნეობების განვითარება დღეს აქტუალურია მთელ მსოფლიოში, ამიტომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოყვანით დაინტერესებული ადამიანების საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნით მოსაზიდად, საქართველოში უდავოდ დიდი რესურსია (ნიადაგის ტიპებისა და კლიმატური პირობების მრავალფეროვნების წყალობით). რაც თავისთავად ხელს უწყობს იდენტობის ჩამოყალიბებას, მიჯნავს ბიოლოგიურად სუფთა და პესტიციდებით დაბინძურებული პროდუქტების გამოყენებადობას, ჯანსაღი და არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას, ხაზს უსმევს ადგილობრივი მოსახლეობისთვის არჩევანის მიღების შესაძლებლობებს შეძენილი უნარ-ჩვევების მეშვეობით; ინდივიდებში გამომუშავდება ახალი, ჯანსაღი ჩვევები, მათივე ჯანდაცვის პრომოციისთვის, რის საფუძველსაც ქმნის კომერციული ინტერესი და ჭარბი ბიოლოგიურად სუფთა, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტი.

ზოგიერთ ქვეყანაში დამკვიდრებულია ტერმინი „სასოფლო ტურიზმი“ (Rural Tourizm), რომელიც დამოუკიდებელ მიმართულებებს მოიცავს: აგროტურიზმი, ეკოტურიზმი, ეთნოტურიზმი. თუმცა მიდგომა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, ეკოტურიზმი არ გულისხმობს თავისთავში აუცილებლად სოფლად განხორციელებულ ტურს. ეთნოტურიზმი კი აგროტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია. ადგილობრივი ეთნოკულტურა, წეს-ჩვეულებები, ტრადიციეაბი, აგროტურისტისთვის საინტერესოც არის და შინაარსობრივად აუცილებელი: აგროტურიზმის ხიბლი და მიმზიდველობა სწორედ მის რეგიონალიზმშია. კონკრეტული რეგიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი გარემო პირობები, კლიმატი, ნიადაგის ტიპი,  ენდემური კულტურები, ტრადიციულად გამოცდილი მცენარეთა სახეობები - სწორედ რომ აგროტურიზმის ხერხემალია. ხოლო ეთნოტურიზმი გულისხმობს კონკრეტულ გარემოში მოსახლეობის საქმიანობის გაცნობას, როგორც ეროვნული დღესასწაულების, ასპარეზობების, ტრადიციული საქმიანობების, ასევე სამეურნეო, სამრეწველო, აგრარული თვალსაზრისით, დამკვიდრებული წეს-ჩვეულებების გაცნობას.

აგროტურიზმი წარმოადგენს ტურისტული ინდუსტრიის დარგს, რომელიც ორიენტირებულია ქალაქის მოსახლეობის დასვენებაზე სოფლად და იყენებს ადგილობრივ ბუნებრივ-კლიმატურ, სოციალურ-კულტურულ, ეთნოგრაფიულ რესურსებს, ასევე ადგილობრივ აგროპროდუქტებს და სხვა ანალოგიურ რესურსებს, რისგანაც იქმნება კომპლექსური ტურპროდუქტები. ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი ფაქტორი აგროტურიზმში არის თავად აგროტურისტის ჩართვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. აგროტურისტი სურვილის მიხედვით ირჩევს მისთვის საინტერესო მიმართულებას (მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მემცენარეობა, მეღვინეობა, მეფუტკრეობა და ა.შ.), თავად ერთვება ყოველდღიურ საქმიანობაში და საკუთარი ხელით იღებს მოსავალს. ის აკვირდება მთელ ციკლს ადგილზე ან დისტანციურად გარკვეული დროის მანძილზე, ხოლო დასაკრეფად, პროდუქტის მირთმევისა თუ საკუთარ ქვეყანაში გასატანად, უკვე თავად ჩამოდის, იღებს სიამოვნებას, მიირთმევს ჯანსაღ პროდუქტებს, რასაც თან უთავსებს მატერილურ კეთლდღეობას, თუ ის კომერციული კუთხითაც თანამშრომლობს ადგილობრივ ბიო აგრო ფერმერებთან.

ბევრმა ფერმერმა, ფერმერულ საქმიანობასთან ერთად, უკვე მიმართა აგროტურიზმს, როგორც მეურნეობის დამატებითი შემოსავლისა და შესაძლებლობების წყაროს. აგროტურიზმის განვითარებით ბიო აგრო ფერმერებს უამრავი პოზიტიური ცვლილების მოხდენა შეუძლიათ როგორც საკუთარი კეთილდღეობისთვის, ასევე ქვეყნისთვის: ძლიერდება ადგილობრივი ეკონომიკა, იქმნება ტურისტული კლასტერები, სამუშაო ადგილები; იქმნება სასწავლო და სასერთიფიკატო პროგრამები, ინტერესდებიან ახალგაზრდები; აგროტურიზმი ხელს უწყობს სოფლის ცხოვრების სტილისა და ლანდშაფტის შენარჩუნებას, უზრუნველყოფს ”მდგრადი” და ”მწვანე” ტურიზმის განვითარებას. ორგანული სოფლის მეურნეობა კულტურული ევოლუციაა, რომელიც სათავეს იღებს ეკოლოგიის კულტურაში. გარდა ამისა, ამ პროდუქტებზე ყურადღება გამახვილებულია ჯანსაღ საკვებზე მოთხოვნით, მაღალი ხარისხის სტანდარტით, რაც ზღუდავს ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას. უსაზღვროდ დიდია ორგანული სოფლის მეურნეობის კავშირი აგროტურიზმთან და ტურიზმის მომსახურებასთან, რასაც მნიშვნელოვანი როლი უკავია სოფლის სამომავლო განვითარებაში. აღნიშნული სტატიის მიზანია იმ ფაქტორების გამოვლენა, რაც სოფლის განვითარებას უწყობს ხელს, ბიო აგრო ტურიზმის განვითარების გზით.

აღსანიშნავია, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ტურისტების მიერ შესრულებული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩამონათვალი განსხვავებულია: მაგალითად, ხორვატიაში ტურისტი ეხმარება ფერმერს ზეთისხილის, ყურძნის კრეფაში. საინტერესო და სახალისო საქმიანობაა სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით სოკო ტრიუფელის (ძალიან ძვირფასი სოკოს სახეობა) მოძიება; ჩეხეთში სოფლის ტურიზმი მოიცავს ძროხების მოწველას, ცხვრების პარსვას, ყველის ამოყვანას; პოლონეთში პოპულარულია ცხვრის რძისგან ყველის ამოყვანა; იტალიაში კრეფენ ყურძენს და ფორთოხალს, ამოყავთ ყველი, ამზადებენ პიცას.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ჩამონათვალი საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია, მათ შორის სეზონურიც. ტურისტები დასავენებლად ირჩევენ სწორედ იმ ქვეყნებს, სადაც სეზონის შესაბამისად, მათთვის სასურველი სამუშაოების შესრულებაა შესაძლებელი. აგროტურისტები ირჩევენ სოფლის ისეთ ადგილებს, სადაც ბუნება შეუბღალავია, წეს-ჩვეულებები შენარჩუნებული, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები - ნაკლებად მექანიზებულია და ძირითადად ტრადიციული, პროდუქტის მოყვანის მეთოდი კი - ბიოლოგიურად სუფთა. იმისათვის, რომ სოფელმა შეინარჩუნოს საკუთარი იმიჯი, აუცილებელია აგროტურიზმის მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვა, როგორიცაა: ბუნების დაცვის პრინციპი;  სოციალური პრინციპი; ეკონომიკური პრინციპი; კულტურულ-ისტორიული პრინციპი და სხვ.

საკვანძო სიტყვები: მწვანე ბიზნესი, ბიო აგრო ტურიზმი, მწვანე ტექნოლოგიები, ბიოპროდუქტები, ჯანდაცვის პრომოცია, ეკომეგობრული ტურიზმი.