English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ დემურ ჩომახიძე
ელექტროენერგიის ტარიფი და მისი ცვლილების კონცეფცია

Doi: 10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.04.Demur.Chomakhidze

ანოტაცია. სტატიაში აღნიშნულია, რომ  საქართველოს წინაშე ამჟამად არსებულ უამრავ პრობლემათა შორის უსაფრთხო და მდგრადი ენერგეტიკული უზრუნველყოფის თემა განსაკუთრებულია. ნათქვამია, რომ ენერგეტიკა ეკონომიკის მაცოცხლებელ ძარღვს წარმოადგენს. მასზეა დამოკიდებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და სიძლიერე, მოსახლეობის კეთილდღეობა და ა.შ. ენერგეტიკული უსაფრთხოების მიღწევის გარეშე ვერ მივაღწევთ ეკონომიკურ უსაფრთხოებას; უფრო მეტიც, საფრთხე შეექმნება ქვეყნის დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ენერგიაშემცველებზე ფასების მატება ან კლება ჯაჭვური რეაქციით მყისვე აისახება სამომხმარებლო ბაზარზე. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის ყოველი მატება საზოგადოებაში მწვავედ აისახება. სტატიაში განხილულია ელექტროენერგიაზე ტარიფების ფორმირების მიზეზ-შედეგობრივი ასპექტები და ჩამოყალიბებულია ავტორისეული კონცეფცია მისი ცვლილების შესახებ.

სტატიაში შეფასებულია ენერგეტიკის  როლი და მნიშვნელობა  ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. გაანალიზებულია საბაზრო ეკონომიკის პირობებში,ენერგეტიკულ პროდუქციაზე ტარიფების დონე და დინამიკა საქართველოში. შედარებულია იგი მეზობელი,ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების და ევროპის მოწინავე ქვეყნების ანალოგიუ მაჩვენებლებთან. დახასიათებულია ტარიფებზე მოქმედი ფსაქტორები. მათ შორის არსებული ბუნებრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების, ელექტროენერგიის წარმოების სტრუქტურის, ენერგოეფექტიანობის, ენერგეტიკული ბალანსის, ენერგეტიკის განვითარებაში საზოგადოების როლის და გლობალიზაციის მდგომარეობა.

გაკეთებულია დასკვნა, რომ საქართველოში, ისე როგორც მსოფლიოში დამახასიათებელია ტარიფების ზრდის ტენდენცია. ეს განპირობებულია ენერგეტიკული რესურსების სულ უფრო მზარდი ოდენობით მოპოვებაზე (წარმოებაზე) გადიდებული და უწყვეტი მოცულობის ინვესტიციების საჭიროებით,ეკოლოგიური მოთხოვნების გამკაცრებით და ა.შ. ავტორის აზრით, იმისათვის, რომ დარგში გაუმჯობესდეს ტექნიკური ეკონომიკური მაჩვენებლები და შემცირდეს ტარიფები,აუცილებელია სამეცნიერო-ტექნოლოგიური და მენეჯერული პროგრესის უფრო მაღალი ტემპებით დანერგვა არსებულ გამოწვევებთან შედარებით.

საკვანძო სიტყვები: ელექტროენერგია, ტარიფი, ტექნიკური პროგრესი, მენეჯმენტი, ენერგობალანსი, ენერგიაშემცვლელები. 

1. ენერგეტიკა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.

ქვეყნის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების საფუძველთა საფუძველს ძლიერი სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსი წარმოადგენს. იგი განმსაზღვრელ გავლენას ახდენს საზოგადოების განვითარებაზე, ასრულებს წამყვან როლს საზოგადოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნასა და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დაჩქარებაში, ეკონომიკის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებასა და საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობის ამაღლებაში; წარმოადგენს სამეურნეო რთული ორგანიზმის მაცოცხლებელ ძარღვს და მთლიანად, ცივილიზაციის ერთ-ერთ საფუძველს. იგი განაპირობებს ბუნებაზე ადამიანის საიმედო და საყოველთაო ბატონობის დონესა და დინამიკას, ჰქმნის აუცილებელ წანამძღვრებს ცხოვრების დონის ამაღლებისა და შრომის პირობების გაუმჯობესებისათვის.

რამდენადაც სასარგებლოა ელექტროენერგიის გამოყენების სფეროს გაფართოება, იმდენადვეა საზიანო  და დამანგრეველიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის მისი შემცირება. ეს ნათლად გამოჩნდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პირველ წლებში (1991-1995წწ.). ცნობილია, რომ საქართველოში 1990 წლიდან მოყოლებული ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება მკვეთრად შემცირდა. 1994 წელს, ქვეყანაში წარმოებულ იქნა მხოლოდ 7 მლრდ. კვტ. სთ. ანუ 1989 წელს მიღწეული მაქსიმალური დონის 43%. ელექტროენერგიის წარმოების 1994 წლის დონე კი საქართველოში ჯერ კიდევ 1968 წელს – 26 წლის წინ აღინიშნა. ე.ი. ამ სფეროში ქვეყანამ მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხნით დაიხია უკან. უმთავრესად სწორედ ამან დასწია უკან ეკონომიკა 36 წლით, ხოლო ზოგიერთი მისი დარგი – ნახევარი საუკუნით და მეტად (იხ. ცხრილი 1).

ეს ფაქტი იძლევა საფუძველს დავასკვნათ, რომ რეცესიის პერიოდისათვის ნიშანდობლივია მშპ-ის უფრო მეტი შემცირება ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების შემცირებასთან შედარებით. რამდენადაც ეს კანონზომიერია, იგი ნათლად გვიჩვენებს ენერგეტიკის როლსა და მნიშვნელობას ქვეყნის სიცოალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. მაშასადამე, ცხრილში მოტანილ მონაცემებში ასახულია ეკონომიკისა და ენერგეტიკის განვითარების დაუბალანსებლობის შედეგი და, შესაბამისად, ელექტროენერგეტიკის მნიშვნელობა ქვეყნისათვის. საბჭოთა წლებში ელექტროენერგიის წარმოების ზრდის ტემპი ჩამორჩებოდა ეკონომიკის განვითარების ტემპს და ამას გარკვეული ნეგატიური შედეგები მოჰქონდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. დამოუკიდებლობის პირველ წლებში კი მდგომარეობა არსებითად შეიცვალა. ამ პერიოდში ელექტროენერგიის წარმოების ზრდის ტემპი კი არ მცირდებოდა, არამედ ეს მაჩვენებელი იკლებდა აბსოლუტურად, თანაც მაღალი ტემპით. შედეგებიც კატასტროფული იყო. უმთავრესად სწორედ ელექტროენერგიის წარმოების ერთი ერთეულით დაცემამ წარმოებული ეროვნული შემოსავალი 1.27 ერთეულით შეამცირა, მრეწველობის პროდუქცია – 1.38, სოფლის მეურნეობის პროდუქცია 1.88 და რკინიგზის ტრანსპორტის პროდუქცია – 2.08 ერთეულით.                                                                

                                                                                                 ცხრილი 1

საქართველოში ელექტროენერგიის წარმოების შემცირებისა და ეკონომიკის დაქვეითების მაჩვენებლები 1994 წელს 

მაჩვენებლები

1994 წლის დონე შეესაბამება

დაქვეითება 1994 წელთან შედარებით

 

კოეფიციენტი

 

ელექტროენერგიის წარმოება.

წარმოებული ეროვნული შემოსავალი

 

1968 წელს

 

1961 წელს

 

26 წელი

 

33 წელი

 

1.0

 

1.27

მრეწველობის პროდუქცია

1958 წელს

36 წელი

1.38

სოფლის მეურნეობის პროდუქცია

1945 წელს

49 წელი

2.08

რკინიგზის ტრანსპორტით ტვირთის გაგზავნა

საზოგადოებრივი შრომის
ნაყოფიერება

 

 

 

1940 წელს

 

1961 წელს

 

 

 

54 წელი

 

33 წელი

 

 

2.08

 

1.27

ენერგეტიკის არასაკმარისი განვითარება, ცხადია, ნეგატიურად აისახა საქართველოს მოსახლეობის  სოციალურ მდგომარეობაზეც. სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრების დონის მაჩვენებლები საქართველოში გაცილებით უარესი იყო, ვიდრე ენერგეტიკულად შედარებით უკეთ უზრუნველყოფილ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში. საქართველოში ყველა სახის შემოსავალი მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით 1994 წლის ბოლოს დაახლოებით 7-7.5 ამერიკული დოლარის ეკვივალენტურ თანხას შეადგენდა, რაც ოთხწევრიანი ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული მინიმალური სამომხმარებლო კალათის – სიღარიბის ზღვრის ღირებულების 44% იყო. შედარებისათვის აღვნიშნავთ, რომ რუსეთში ანალოგიური მაჩვენებელი 163%-ს, ანუ თითქმის 4-ჯერ მეტს შეადგენდა. ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, საქართველოში ამ წელს მოსახლეობის 58% სრულად ვერ იხდიდა კომუნალური მომსახურების საფასურს, 72% არაფერს ხარჯავდა ჩასაცმელზე და 74% - გართობაზე. 1994 წელს საექსლუატაციოდ არ ჩაბარებულა წარმოებრივი დანიშნულების არც ერთი ობიექტი. გართულდა დემოგრაფიული ვითარებაც. მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობების გამო, ოფიციალური მონაცემებით, ამ წელს საქართველო დატოვა დაახლოებით 60 ათასმა კაცმა. ქვეყნიდან დროებით ან მუდმივად გასულთა ნახევარზე მეტი კი ქართველები იყვნენ.

ჩატარებულმა სპეციალურმა გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ თუ ერთმანეთს დავუპირისპირებთ ენერგეტიკის განვითარებისათვის საჭირო ინვესტიციების მოცულობას და ელექტროენერგიის დანაკლისით გამოწვეული ეროვნული შემოსავლის შესაძლო ზარალს, დავინახავთ, რომ ეს უკანასკნელი 5-ჯერ მეტია პირველზე. მაშასადამე, საქართველოს პირობებში ეკონომიკისა და ელექტროენერგეტიკის განვითარების დაუბალანსებლობა უფრო მეტ ზარალს იძლევა, ვიდრე ამ დარგის განვითარებისათვის არის საჭირო კაპიტალური დაბანდებები.

ბოლო წლებში (2008-2019) საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებისა და მშპ-ის რეალური ზრდის მჭიდრო დამოკიდებულება ნაჩვენებია დიაგრამა 1-ში.

დიაგრამა 1

 

2. საზოგადოება და ენერგეტიკული პროდუქციის ტარიფები

სწორი სატარიფო პოლიტიკის გატარება უმნიშვნელოვანესი პრობლემაა არა მარტო ენერგეტიკული სექტორისათვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისათვის და, მათ შორის, ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების წარმატებით განხოერციელებისათვის.

საქართველოში ტარიფების დონეზე  მრავალი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის აღსანიშნავია დეფიციტური ენერგო ბალანსი,  ენერგიის წარმოების სტრუქტურა,   არსებული ბუნებირივი ენერგორესურსების ათვისების მდგომარეობა, ენერგოეფექტიანობის დონე,  საზოგადოების შეგნებული მონაწილეობა ენერგეტიკის განვითარებაში, გლობალიზაციისა და ახლა კიდევ
პანდემიის  შედეგები და სხვა. ეკონომიკის მსგავსად ენერგეტიკაც მედიცინის მძევალი გახდა.

საქართველოში 1996 წლიდან ენერგეტიკის, მათ შორის ტარიფების სახელმწიფო რეგულირება ხორციელდება, რომელმაც დადებითი როლი შეასრულა დარგის განვითარებაში. განვლილი 25 წლის მანძილზე ქვეყანაში რეგულირებად ენერგეტიკულ პროდუქციაზე ფასები გაცილებით უფრო დაბალი ტემპით იზრდება, ვიდრე არარეგულირებადზე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ პერიოდში ელექტროენერგიის ტარიფი დაახლოებით 4-4.5-ჯერ გაიზარდა.

მეორე ცხრილში ნაჩვენებია მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების დონე და დინამიკა ბოლო 5 წლის მანძილზე. მონაცემები ადასტურებს, რომ აღნიშნულ პერიოდში როგორც დედაქალაში, ისე რეგიონებში მომხარებელთა სხვადასხვა კატეგორიისათვის დაახლოებით 3 თეთრით ანუ თითქმის 25%-ით გაიზარდა.

ცხრილი 2

მოსახლეობისათვის ელექროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების დონე    და დინამიკა    საქართველოში 2017-2021 წლებში

ენერგიის მოხმარება თვეში, კვტ.სთ

               ტარიფი, თეთრი/კვტ.სთდღგ-ისგარეშე

თბილისი

რეგიონები

            2017 წ.

 

0-101

101-301

301-მეტი

 

 

12,325

15,725

19,525

 

 

12,065

15,435

19,265

         2021  წ.

 

0-101

101-301

301-მეტი

 

 

15, 289

18, 689

22, 489

 

 

15, 026

18, 396

22, 226

       

 

საქართველო ელექტროენერგიის გაძვირების მხრივ გამონაკლისი არ არის. ტარიფების ზრდის ტენდენცია დამახასიათებელია მთელი მსოფლიოსათვის. მაგალითად  15 წლის მანძილზე საშუალოდ ტარიფი გაიზარდა ბელგიაში – 23,2%-ით, საფრანგეთში – 33,8%-ით, აშშ-ში – 44,4%-ით, ავსტრიაში – 55,2%-ით, შვეიცარიაში – 77,7%-ით, იაპონიაში – 104,9%-ით, ესპანეთში – 115,1%-ით და ა.შ. არც ტარიფის აბსოლუტური დონეა საქართველოში გამონაკლისი. თუ ახლა (2014წელი)  საქართველოში ელექტროენერგიის საცალო ტარიფი 18,89 თეთრია კვტ საათზე, მეზობელ ქვეყნებში სომხეთსა და თურქეთში ეს მაჩვენებელი შესაბამისად 24,69 და 27.0 თეთრია. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებში ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში - 43,4; 40,13 და 52.09. გაცილებით მაღალია ტარიფები ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. (იხ.ცხრილი 3). 

ცხრილი 3

ელექტროენერგიის ტარიფები საქართველოში და უცხოეთში

 

             ქვეყნები

საყოფაცხოვრებო ტარიფი, თეთრი/კვტ.სთ

საქართველოსთან შედარებით,%

საქართველო

13,89

100

 

აზერბაიჯანი

რუსეთი

სომხეთი

თურქეთი

 

13,88

16,34

24,69

27,0

 

73,5

86,5

130,7

142,9

 

ესტონეთი

ლიეტუვა

ლატვია

უკრაინა

 

43,4

40,13

52,09

14,13

 

229,7

212,4

275,7

74,8

 

 

ესპანეთი

ირლანდია

ბელგია

დანია

გერმანია

 

76,85

77,49

90,79

95,43

98,75

 

406,8

410,2

480,6

505,2

522,7

        ცხრილში მოტანილი ქვეყნებიდან საქართველოში მოქმედ ტარიფთან შედარებით იგი მცირეა აზერბაიჯანში, უკრაინაში და რუსეთში, რომლებიც ენერგეტიკული თვალსაზრისით ჩვენზე გაცილებით მდიდრებია. 

3. ტარიფების ცვლილების კონცეფცია.

როგორც უკვე აღინიშნა,   ტარიფების ცვლილების ყველაზე მეტად შემაფერხებელია დარგის დამოუკიდებელი რეგულირება. იგი ტარიფებს უფრო სტაბილურს და საზოგადოებისათვის მისაღებს ხდის. მარეგულირებელი ორგანო საქართველოში თითქმის ოცდახუთი წელია ფუნქციონირებს და მისი შედეგები უკვე კარგადაა ცნობილი. გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ რეგულირებად ბაზარზე ფასები გაცილებით ნელა იზრდება, ვიდრე თავისუფალ ბაზარზე, მათ შორის იმ ენერგეტიკულ პროდუქციაზეც, რომელიც არ რეგულირდება. თუ ჩავთვლით, რომ ათი წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასის ზრდის ინდექსია 1;  მაშინ ბენზინის ფასის ზრდის ანალოგიური მაჩვენებელია 3,39; ნავთისა 3,23; დიზელისა 3; თხევადი გაზისა 3,69 და ა.შ.

ტარიფების ცვლილების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომელიც ტარიფის ზრდაზე ერთობლივ გავლენას ითვალისწინებს (ეკოლოგია, საექსპლოტაციო და საინვესტიციო დანახარჯები) ცნობილია რომ, სათბობ მომპოვებელ დარგებში (ნავთობი, ნახშირი, ბუნებრივი გაზი.) აგრეთვე ჰიდროენერგო მშენებლობაში ახალი სიმძლავრეების ამოქმედება სულ უფრო ძნელ პირობებში ხორციელდება. ამას თუ დავუმატებთ ეკოლოგიურ მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობას, ცხადი ხდება რომ ერთი და იგივე ოდენობის ენერგიაშემცველის მოპოვება – წარმოება სულ უფრო მეტი ჯდება. შესაბამისად ობიექტურად უარესდება დარგის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის ტარიფიც.           

გამოკვლევები გვიჩვენებს, , რომ მიზნის მისაღწევად კიდევ უნდა დაიხვეწოს დარგის რეგულირების ხერხები და მეთოდები იმ ვარაუდით, რომ უკეთესი პირობები შეიქმნას განახლებადი ენერგორესურსების გამოყენების მსხვილ მასშტაბური გაფართოებისათვის. ამასთან ენერგეტიკულ პროდუქციაზე ტარიფების შემცირებისათვის აუცილებელია სამეცნიერო-ტექნოლოგიური და მენეჯერული პროგრესის უფრო მაღალი ტემპებით დანერგვა, ვიდრე უარესდება არსებული გამოწვევები. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებას. 

დასკვნა

ენერგეტიკას მიუძღვის უზარმაზარი როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ეს განპირობებულია დარგის მაღალი მაკროეკონომიკური პასუხისმგებლობით. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ენერგეტიკული პროდუქციის ტარიფები ზრდის ტენდენციით ხასიათდება,რომელიც მრავალი ფაქტორითაა გამოწვეული. მათ შორის მთავარია ინვესტიციების სულ უფრო მზარდი ოდენობით გამოყენების საჭიროება. ამას მოითხოვს ენერგეტიკული რესურსების მოპოვება-წარმოების ბუნებრივი პირობების თანდათანობრივი გაუარესება. აუცილებელი ხდება რესურსების სულ უფრო მეტი,აგრეთვე შორი და ღრმა ადგილებიდან მოპოვება,მკაცრდება ეკოლოგიური მოთხოვნები.

ენერგეტიკულ პროდუქციაზე ტარიფების შემცირებისათვის აუცილებელია სამეცნიერო-ტექნოლოგიური და მენეჯერული პროგრესის უფრო მაღალი ტემპებით დანერგვა,ვიდრე უარესდება არსებული გამოწვევები. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება ტარიფების ზრდას. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. დ. ჩომახიძე. ტარიფების კომპლექსური ანალიზი და მისი ცვლილების პარადიგმა. ჟურნალი «მოამბე» 2021 წ, N4
  2. დ. ჩომახიძე. ენერგეტიკა და საზოგადოება, გამომცემლობა „ტექნიკური უნივერსიტეტი“ 2011
  3. საქსტატის მონაცემები,  1994-ის ანგარიში
  4. ავტორთა კოლეკტივი აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას ხელმძღვანელობით. საქართველოს ბუნებრივი რესურსები (2 ტომი)."საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამომცემლობა". 2015
  5. სემეკის წლიური ანგარიში 2019
  6. ვლ. პაპავა - „ეკონომიკურ მეცნიერებასა და ეკონომიკურ პოლიტიკაში კორონამიკსის ასახვის შესახებ“  მესამე ეროვნული სამეცნიერიო კონფერენციის მასალები. თბილისი 2020წ.
  7. დ. ჩომახიძე, ხ. ჩომახიძე, ირ. ჩომახიძე. ენერგეტიკის მენეჯმენტის თავისებურებები და პრინციპები 2020  „დანი“
  8. რ. აბესაძე – ენერგოეკოლოგიური ბაზრის ფორმირებისა და მისი მაკროეკონომიკური რეგულირების თეორიული პრობლემები. „ცოდნის წყარო“, თბილისი, 1999;
  9. დ. ნარმანია. კორონომიკა  და  ენერგეტიკის  სექტორის  სოციალ-ეკონომიკური ასპექტები, მესამე  ეროვნული  სამეცნიერო ეროვნული კონფერენციის მასალები.
  10. D.Chomakhidze, M.Melikidze - „Methodological and Conceptual Basis for Energy Development in Georgia” გამომცემლობა: “Lambert academic publishing
  11. დ.ჩომახიძე,საქართველოს ენერგეტიკა ციფრებში,2021 წ,გამომცემლობა «დანი»
  12. რ. აბესაძე – ენერგოეკოლოგიური ბაზრის ფორმირებისა და მისი  მაკროეკონომიკური  რეგულირების  თეორიული  პრო-ბლემები. „ცოდნის წყარო“, თბილისი, 1999