English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ლევან კიკილაშვილი რუსუდან კვარაცხელია
მწვანე ტექნოლოგიები-საქართველოს პასიურ მზის სათბურებში

DOI:  10.36172/EKONOMISTI.2022.XVIII.02.L.Kikilashvili.R.Kvaratskhelia

რეზიუმე

პასიურ მზის სათბურში ფერმერი მოსავლის მოსაყვანად ისეთ მოდელს იყენებს, რომელიც დაბალი თვითღირებულების ხარჯზე ქმნის მსოფლიო სტანდარტის, ბიოლოგიურად სუფთა და ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტს სწორედ ამიტომაა ასეთი ბიზნესი მდგრადი და მომგებიანი. მზის სათბური შენდება რკინის კონსტრუქციით, გადახურულია აგრო ცელოფნით, გადახურვის გრადუსული ზომა და სათბურის პოზიციონირება დგინდება ადგილზე ექსპერტებთან ერთად მზის სხივების არეკვლისა და დაგროვების პოტენციალის მიხედვით. სათბურს აქვს სავენტილაციო ფანჯრები, ასევე სახურავზე დაცულია აცდენილი გადახურვა იმისათვის რომ მოხდეს ჰაერის ცირკულაცია. აცდენილ ნაწილში დასახსნელი ფანჯრებია. აგრო ცელოფანი სათბურის ძირებში ასახვევი სისტემით მონტაჟდება, რაც შეეხება ენერგოეფექტიან ღუმელებს, ის კეთდება ცეცხლგამძლე აგურისგან, რომელსაც აქვს სითბოს შენახვის უნარი. სათბურის მთელ პერიმეტრზე გადის მილები, რომელშიც თბილი ჰაერი მოძრაობს, ღუმელში საწვავად გამოიყენება ნარჩენები (ნაჭუჭი, ფიჩხები, და სხვ.) მიმდინარეობს საწვავის ორმაგი წვა მინიმალური (თითქმის ნულოვანი) გამონაბოლქვით. ბოლომდე იწვის კრეოსოტიც, არ იბიდნება ღუმელი და მილები. წვა მიმდინარეობს 6 საათის განმავლობაში, რაც ფერმერს საშუალებას აძლევს ღამით სათბურში დარაჯის ხარჯიც კი თავიდან აირიდოს. სათბურში მცენარეების მოსარწყავად მონტაჟდება წვეთოვანი სარწყავი სისტემა. მზის პასიური ტიპის სათბურის არსი მდგომარეობს სათბურის პოზიციონირებიდან გამომდინარე მზის ენერგიის აკუმულირებაში. აქ ნაწარმოები ბიოლოგიურად სუფთა მეთოდით მოყვანილ პროდუქტი სამხრეთ კავკასიის კლიმატს კარგად ეთავსება, ამიტომ ხარობს მრავალი კულტურა, ხოლო ჯანსაღი პროდუქტი, ეს ნიშნავს როგორც გარემოს დაცვითი ღონისძიების გატარებას, ასევე ადამიანების ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ქმედებას. ბიო პროდუქტი შეიცავს ორგანულ ნაერთებს, მინერალებსა და ვიტამინებს სუფთა და კოლოიდური ფორმით, რაც სრულად შეითვისება ორგანიზმის მიერ. ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობაა რითაც ხელს უწყობს ჯანსაღი შრომითი რესურსის შექმნას, რაც საბოლოოდ ქვეყნის სოციალურ ეკონომიკურ ზრდაში აისახება. ბიო პროდუქტების მოყვანის ტექნოლოგიების სწავლებით და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით ხელი ეწყობა გარემოს დაცვითი ღონისძიებების პოპულარიზაციას. გარდა იმისა რომ ბიო ტექნოლოგიები ხასიათდება გარემოს დამცავი ფუნქციით და ჯანსაღი პროდუქტის შექმნით, ასევე ეს არის ფერმერის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობა. შესაბამისად რაც უფრო მეტი ადამიანი გაიზიარებს და დანერგავს აღნიშნულ ტექნოლოგიებს სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში, მით უფრო მეტად აისახება დადებითი შედეგი რეგიონების სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. ეს აიხსნება იმით, რომ ენერგო დამზოგავი ტექნოლოგიებით, ენერგიის განახლებადი რესურსების გამოყენებით და ბიო ტექნოლოგიების საშუალებით, შესაძლებელია ნაკლები დანახარჯით მაღალი ხარისხის და საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული პროდუქტების მიღება, რომელთა რეალიზაციაც გაცილებით მაღალ ფასში არის შესაძლებელი და მათზე მოთხოვნა გლობალურ ბაზარზე მუდმივად მზარდია. სავაჭრო ქსელებში მცირე ფერმერების მხარდაჭერის საკითხის გაზრდა და ექსპორტის მიმართულებით მხარდაჭერა შესაძლებელი ხდება ერთი დასახელების, ერთნაირი მახასიათებლების მქონე პროდუქტის დაწინაურებით. დღეს ქვეყანაში ექსპორტის ხელისშემშლელი ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ერთგვაროვანი და ამავე დროს მაღალხარისხიანი პროდუქტის სიმცირეა. რეგიონების მოსახლეობასთან ინტენსიური მუშაობა, აგრო-საგანმანათლებლო კუთხით კვალიფიციური ორგანიზაციების მხრიდან ფერმერებისთვის „მწვანე ბიზნესის“ მნიშვნელობის უკეთ შესწავლით, როგორც გარემოს დაცვის, ისე საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობის შენარჩუნების, ასევე მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღების ჭრილში წარმოადგენს აუცილებელი აქტივობების სახეს, რაც საჭიროებს კვალიფიციური პერსონალის მუდმივ ჩართულობას, რათა თავიდან აცილებულ იქნას გარემოს გაუფრთხილებლობით გამოწვეული რისკ-ფაქტორები და ეფექტიანად იქნას დაცული გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები.

საკვანძო სიტყვები: მწვანე ტექნოლოგიები, მწვანე ბიზნესი, ჯანდაცვის პრომოცია, გლობალიზაცია, ეკო-მეგობრული მზის პასიური სათბური.