English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ხათუნა ხადური
სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და კერძო სექტორის როლი პოსტკონფლიქტურ რეგიონებში

DOI:  10.36172/EKONOMISTI.2022.XVIII.02.Khatuna.Khaduri

ანოტაცია.თანამედროვე მსოფლიოს წინაშე ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება ქვეყნებს შორის და ქვეყნების შიგნით წარმოებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების და სტაბილური ორმხრივი თანამშრომლობის მიღწევის ეფექტური გზების ძიება-რეალიზება. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია პოსტკონფ­ლიქტურ რეგიონებში ეკონომიკური რეაბილიტაციის მიმართებით  სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, კერძო სექტორის ჩართულობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის როლის მნიშვნელობაზე. სტატიაში განხილულია, აგრეთვე, საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე შიდა ქართლის სოფლებში სამეწარმეო საქმიანობის კვლევის შედეგები და გაანალიზებულია ცხინვალის რეგიონის, აფხაზეთისა და საქართვე­ლოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად  ტერიტორიებს შორის პოსტკონფლიქტურ პერიოდში მიმდინარე სავაჭრო  ურთიერთობების თავისე­ბურებები.

 საკვანძო სიტყვები: სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, საქართველოს პოსტკონფ­ლიქ­ტური რეგიონები, კერძო სექტორი,  ეკონომიკის რეაბილიტაცია, 

შესავალი

თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოთაშორისი და შიდასახელმწიფოებ­რივი კონფლიქტების წარმოშობას და გაღრმავებას მრავალი მიზეზი განაპირობებს. მათ შორის: ეთნიკური, ტერიტორიული, რელიგიური, სამოქალაქო ომი და სხვა. ხანგრძლივი შეიარაღებული კონფლიქტები მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნების პო­ლი­ტიკურ და ეკონომიკურ  უსაფრთხოებას, სოციალურ-ეკონომიკურ განვითა­რე­ბას, მოსახლეობის კეთილდღეობას და ქვეყნების  ინტეგრაციას საერთაშორისო თანამეგობრობის სივრცეში. ამავდროულად, კონფლიქტების ხანგრძლივობა და ინტენსივობა დამოკიდებულია მათი წარმოშობის ისტორიულ, გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ კონტექსტებთან და ქვეყნების სწრაფვასთან  სტაბილურობის მიღ­წევისკენ.

კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრა, პოსტკონფლიქტური რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაცია და მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა რთული, დინამიური და მრავალგანზომილებიანი პროცესია. პროცესში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო მეთაურები, კერძო სექტორი და სხვა დაინტერესებული მხარეები განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებენ პოლიტიკური შეთანხმებების პარალელურად ისეთი ეკონომიკური გზების შემუშავებაზე, რომლებიც ერთობლიობაში ხელს შეუწყობენ კონფლიქტების მოგვარებას,ორმხრივი, სტაბილური  თანამშრომლობის ჩამოყა­ლიბებას და მშვიდობის მშენებლობას.

თემის აქტუალობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ დღეს დიდ მნიშვნელობას იძენს დაპირისპირებულ მხარეთა შორის სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების, ბიზნეს კავშირების წახალისების და კერძო სექტორის ჩართულობის გზით კონფლიქტების დასტაბილურება, პოსტკონფლიქტური ეკონომიკის რეაბილიტაცია, კონფლიქტის ორივე მხარის მოსახლეობის სოციალური ინტეგრაცია და მშვიდობიანი თანაცხოვრების  მიღწევა.

წინამდებარე სტატიაში ყურადღება გამახვილებულია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის და კერძო სექტორის ჩართულობის როლის მნიშვნელობაზე კონფლიქტების დარეგულირებისა და პოსტკონფლიქტურ რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის მიმართებით. სტატიაში განხილულია, აგრეთვე, საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე შიდა ქართლის სოფლებში სამეწარმეო საქმიანობის კვლევის შედეგები და გაანალიზებულია ცხინვალის რეგიონს, აფხაზეთსა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად  ტერიტორიებს შორის პოსტკონფლიქტურ პერიოდში მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობების თავისებურებები. 

****

მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ზოგადად, კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის და სტაბილური ორმხრივი თანამშრომლობის მიღწევის ეფექტური გზების ძიება და რეალიზება დაკავშირებულია საერთაშორისო ორგა­ნიზაციების, სახელმწიფოთა მეთაურების და ძლიერი კერძო სექტორის მხრიდან ქმედითი, კოორდინირებული, თანმიმდევრული და პროგნოზირებადი მიდგო­მე­ბის განხორციელებასთან.

ერთ-ერთ ასეთ მიდგომას წარმოადგენს მხარეთა შორის სავაჭრო და ეკო­ნომიკური ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაციის გზით  პოლიტიკურ-ტე­რი­ტო­რიული კონფლიქტების დასტაბილურება. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა ტაივანის და ჩინეთის, კოსოვოს და სერბეთის, ბერძნული და თურქული კვიპროსის კონფლიქტები.

დღეისათვის ჩინეთი ტაივანის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. თავის მხრივ, ტაივანი  ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია ჩინეთში. მხარეებს შორის ვაჭ­რობის ლიბერალიზაციამ ხელი შეუწყო სტრატეგიული ეკონომიკური კავშირების დამყარებას, ტაივანის ელექტრონული საქონლის ექსპორტის გაზრდას ჩინეთში, სამრეწველო სფეროში ერთობლივი მსხვილი პროექტების განხორციელებას [მი­რიმანოვა, 2015;6-10].

საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის შედეგად, 2008 წლიდან სერბეთსა და კოსოვოს შორის სავაჭრო ნაკადების დასტაბილურებამ ხელი შეუწყო სერბეთის სასურსათე ნაწარმის, ენერგომატარებლებისა და სამშენებლო მასალების ექსპორტირებას კოსოვოში. 2013 წლიდან კი პოლიტიკური და ეკონომიკური შე­თანხ­მებების საფუძველზე დაიწყო სერბეთსა და კოსოვოს შორის საქონელბრუნვის რეგულირება და სავაჭრო პრინციპების გამოყენება [მირიმანოვა, 2015: 30-35].

მიჩნეულია, რომ კონფლიქტის მხარეებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური  ურ­თი­ერ­თობების ჩამოყალიბება ამცირებს კონფლიქტის გაღვივებისა და ხანგრძ­ლი­ვობის რისკებს. ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბოლო 6 ათწლეულის განმავ­ლო­ბაში ეთნიკური და რელიგიური ნიშნით წარმოებული კონფლიქტის გამწვავებისა და შერბილების პარალელურად იცვლებოდა ამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კავ­შირების ინტენსივობა და ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივები. თუმცა, 90-იანი წლების დასაწყისიდან ეკონომიკური ლიბერალიზაციის პოლიტიკამ ხელი შეუწყო ინდოეთსა და პაკისტანს შორის საექსპორტო შესაძლებლობების ზრდას და ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა სექტორში. პაკისტანის საექსპორტო დარგების დიდი წილი მოდის ტექსტილის ინდუსტრიაზე და მსუბუქი ინჟინერიის ნაწარმზე. ინდური კომპანიები ახორციელებენ ინვესტიციებს პაკისტანის საგან­მა­ნათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი  სფეროების მიმართულებით.

ინდოეთი სამხრეთ აზიაში სიდიდით მეორე და ამავე დროს, სწრაფად მზარ­დი ეკონომიკის ქვეყანაა. ინდოეთის პაკისტანთან გაფართოებული ვაჭრობის წარ­მოება ზრდის ტრანზიტული ვაჭრობის შესაძლებლობებს და წვდომას პაკისტანის მიღმა ცენტრალური აზიის ქვეყნების სასაქონლო ბაზარზე.  თავის მხრივ, ინდოეთი პაკისტანისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პოტენციალის მატარებელია  [Dash...2014:26-40].

ისრაელსა და პალესტინასშორისხანგრძლივი და მწვავე ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი  დაპირისპირების მიუხედავად, დღეს პოსტკონფლიქტურ რე­გი­ონებს შორის არსებობს გარკვეული სავაჭრო-ეკონომიკური  და ბიზნეს კავ­ში­რე­ბი. ბოლო წლების მონაცემებით პალესტინის იმპორტი ისრაელის საქონელზე 3-ჯერ აღემატება პალესტინის ექსპორტს ისრაელში. წამყვანი საექსპორტო დარგები მოიცავს აგრარულ სექტორს, სამშენებლო და ტექსტილის ინდუსტრიებს. ზრდის ტენდენცია ახასიათებს ისრაელში პალესტინის ტურიზმის სექტორის მომსა­ხუ­რების ექსპორტს. მზარდია ასევე, პალესტინიდან შრომის ექსპორტის დონეც. რამაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო ისრაელის დასავლეთ სანაპიროზე პოლიტიკური არასტაბილურობის შერბილებას [Blair. 2018: 3-20].

პოსტკონფლიქტურ რეგიონებს შორის  მიმდინარე სასაზღვრო ვაჭრობა, ძი­რი­თადად, არაფორმალურ ხასიათს ატარებს,  თუმცა, მას დიდი წვლილი შეაქვს კონფლიქტით დაზარალებულ მოსაზღვრე რეგიონებში ეკონომიკური საქმია­ნო­ბების გააქტიურებაში.  ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა აქტიურად მიმდინარეობს ავღა­ნეთისა და პაკისტანის სასაზღვრო რაიონების სასაზღვრო პუნქტების გავლით. ადგილი აქვს მხარეთა შორის, როგორც ლეგალურ, ისე არალეგალურ ვაჭრობას. სასაზღვრო ვაჭრობა ხელს უწყობს ადგილობრივი შინამეურნეობების შემოსავ­ლე­ბის ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის საარსებო პირობების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, საზღვრების მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნათესაური კავშირები ქმნის ერთობლივი ბიზნესის კეთების შესაძლებ­ლო­ბებს [,,Trade and livelihoods in the Afganista-Pakistan borderlands”.2019.Trade Asia Foundation.3-4].

 არაფორმალური ვაჭრობა ფართო მასშტაბით  მიმდინარეობს ეთიოპიასა და სომალილენდს შორის და მოიცავს საზოგადოების ფართო ფენას, არაფორმალური სავაჭრო ნაკადებით ძირითადად ხდება საყოფაცხოვრებო, კვების, ფარმაცევტული პროდუქციის და სამომხმარებლო ელექტრონული საქონლის გადაადგილება. ადა­მიანები ეწევიან როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობას.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში სომალის სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური რღვევების  შედეგად სომალილენდმა მოახდინა დამოუკიდებლობის დეკლარირება და ასევე, აღდგა ეთიოპიის, როგორც ეთნიკური ერთეულის ფე­დე­რაცია. პოლიტიკური პროცესების პარალელურად იცვლებოდა სავაჭრო პრო­ცე­სების დინამიკაც. საბოლოო ჯამში, ეთიოპიასა და სომალილენდს შორის ტრანს­სასაზღვრო ვაჭრობამ მდგრადი ხასიათი მიიღო. ჩამოყალიბდა სტრატეგიული მდებარეობის ბერბერას პორტის სასაზღვრო დერეფანი, რომლის გავლითაც ინტენსიურად ხდება არამარტო მომიჯნავე, არამედ მეზობელი ქვეყნების სავაჭრო ნაკადების გადაადგილება. ეთიოპიის იმპორტში დიდი ადგილი უკავია ელექტ­რონულ საქონელს, განსაკუთრებით მობილურ ტელეფონებს, რაც აიხსნება ნაკლები დანახარჯებით და შემოსავლების მიღების მაღალი ტემპით. სომალილენდის ექსპორტში წამყვანია მეცხოველეობის დარგი [Kefale. 2019: 4-25].

უნდა აღინიშნოს, რომ პოსტკონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და  კერძო სექტორის ჩართულობა ერთობლივად ქმნის მშვიდობის და სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევის წინა­პირობებს. კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში საერთაშორისო ორგანი­ზაციების ძალისხმევა მიმართულია პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების გადაჭრისკენ, პოსტკონფლიქტური ეკონომიკის რეაბილიტაციის ფი­ნანსური მხარდაჭერის,  ადამიანის უფლებების დაცვის, კონფლიქტების მშვიდობი­ანი გზით მოგვარებისკენ და სხვა.

პოსტკონფლიქტური რეგიონების ეკონომიკის რეაბილიტაციაში მნიშვნე­ლოვანი წვლილი შეაქვს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა დარგობრივ სფეროებში, ვინაიდან იგი ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რეგიონში  სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას და ადგილობრივი  ბიზნესის სტიმუ­ლი­რებას; კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში დაინტერესებულ პირებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარებას და ერთობლივი ბიზნეს პროექტების რეალიზებას; ინოვაციური მეთოდების დანერგვას საწარმოო პროცესებში, განსაკუთრებით, აგროსექტორის დარგებში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კერძო სექტორი არ წარ­მოადგენს არასტაბილურობის დაძლევის პანაცეას. გარკვეული თვალსაზრისით მისი მოქმედება ლიმიტირებულია [Amadiegwu.2020:11-20]. როგორც ცნობილია, კონ­ფ­ლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ძირითადად ოპერირებენ მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც სპეციალიზირდებიან რეგიონალურ საცალო ვაჭრობასა და მომსახურებაზე. ფართო მასშტაბით არის წარმოდგენილი ასევე, აგრობიზნესის სექტორი  [Seakman..2015:9-15].

ჰერცოგოვინაში სამკურნალო ბალახების დამამუშავებელი კომპანია ,,ორ­განული მედიცინა“(Organici Medici) ნედლეულს იღებს ყველა პოლიტიკური და ეთნიკური ჯგუფების ფერმერებისგან. ასევე, ქმნის სამუშაო ადგილებს დაბ­რუ­ნებული ეთნიკური უმცირესობებისთვის. სერბეთის რესპუბლიკაში ხორვატიის კომპანიამ ,,კრასი“ (Kras) პურფუნთუშეულ  საწარმოში განახორციელა ინვეს­ტი­ცი­ები ,,ნირას პროექტი“.

ჩრდილოეთ კვიპროსის ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვს მის ტერი­ტო­რიაზე მოქმედ მსხვილ თურქულ ფირმებს. თურქეთის წყლისა და ტყის სამი­ნისტ­რომ განახორციელა სასმელი წყლით მომარაგების პროექტი, რომლის მიზანია ოკუპირებული ჩრდილოეთ კვიპროსის წყალმომარაგება თურქეთში აშენებული კაშხლის საშუალებით. თურქეთი აქტიურად მონაწილეობს, აგრეთვე, ოკუპი­რე­ბული რეგიონის ენერგეტიკის სექტორში და ატარებს ბუნებრივი გაზის მოპოვების ოპერაციებს.

ისრაელისა და პალესტინის ტურიზმის სფეროში აქტიურად ურთიერთ­თანამშრომლობენ ტუროპერატორები; პრესისა და მშვიდობის ებრაულ-არაბული ცენტრები ხელს უწყობენ ისრაელის და პალესტინის მეწარმეებს შორის კავშირების განვითარებას  [Kontorovich. 2015: 617].

რაც შეეხება კავკასიის რეგიონში არსებულ კონფლიქტებს, ბოლო ათწლეუ­ლების განმავლობაში ეთნიკურმა და ტერიტორიულმა ძალადობრივმა კონფ­ლიქტებმა მოიცვა მთელი რეგიონი და დიდი დარტმა მიაყენა კავკასიის რეგიონის ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებას და მათ ეკონომიკურ ზრდას. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში მიმდინარე მოვლენებმა და 2008 წლის საომარმა მოქმედებებმა მძიმე დაღი დაასვა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიების სახით. დღემდე მოუგვარებელი კონფლიქტების  შედეგები გან­სა­კუთრებით მწვავედ აისახა  გამყოფი ხაზების მიმდებარე რეგიონებზე. პოსტკონფ­ლიქტურ რეგიონებში დღესაც აქტუალურ გამოწვევებს წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვა და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა; მეწარმეობის განვითარებისა და შინამეურ­ნეო­ბების წარმოების ხელშემწყობი გარემოს არარსებობა; სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავების რისკები; მოწეული პროდუქციის რეალიზაცია; უმუშევრობა; ცხოვ­რების დაბალი დონე; შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინება  და  მრავალი სხვა.

ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ, შიდა ქართლში, გორის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტების საზღვრისპირა სოფლებში სამეწარმეო გარემოს შესწავლის მიზნით ჩატარებული კვლევა ეყრდნობა როგორც პირველად, ისე მეორად მონაცემებს. კვლევაში მონაწილეობა მიიღო შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულმა 115-მა მეწარმემ და საპარტნიორო ფონ­დის პროგრამის ,,სტარტაპ საქართველო“ და USAID-ის პროექტის ,,ზრდა საქართ­ვე­ლოში“ მიერ დაფინანსებულმა სტარტაპერებმა, რომლებმაც  შიდა ქართლში, ადმი­ნისტრაციულ საზღვრისპირა სოფლებში შექმნეს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე და­ფუძნებული საწარმოები. კვლევის ინსტრუმენტად შეირჩა ონლაინ გამოკითხვის მეთოდი. მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე გაკეთდა შესაბამისი დასკვნები: რეგიონში, მეტნაკლებად, განვითარებულია  სოფლის მეურნეობის ცალ­კეული დარგები. გამოკითხულ რესპოდენტთა 31,8% ფლობს სამაცივრე, 27,3%-სანერგე, 20,5%-სათათბურე, 4,5%-ხილისა და ბოსტნეულის სასაშრობე მეურ­ნეობებს, 18,2%-ხილის ბაღებს და 13,6%-სადემონსტრაციო ბაღებს. მეფრინველეო­ბის ფერმებს-2%. გარდა ამისა, ფუნქციონირებს ხილისა და ბოსტნეულის გადამა­მუშავებელი საწარმოები.

  

დიაგრამა1.გავრცელებული სამეწარმეო საქმიანობები. 

რეგიონში სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს აგროსექტორის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო და საერ­თაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული პროექტები. კერძოდ:  სოფლის მეურნეობის განვითარების აგროპროექტები;  ამერიკის შეერთებული შტა­ტების განვითარების სააგენტოს usaid პროექტი ,,ზრდა საქართველოში”; სოფლის მეურნეობის განვითარების  პროექტი ,,დანერგე მომავალი“. პროექტები ითვალის­წინებს მეწარმეთა დაფინანსე­ბა/თანადაფინანსებას, სამეწარმეო საკონ­სულ­ტაციო მომსახურებით უზრუნველყოფას; ახალი ცოდნის გადაცემას და ინოვაციური ტექნოლოგიებით მხარდაჭერას.            

რესპოდენტთა  50%-ზე მეტმა აღნიშნა, რომ  პროექტების ფინანსურმა მხარ­და­ჭე­რამ და  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში თანამედროვე მე­თოდების გამოყენებამ მნიშვნელოვნად გაზარდა მათი შემოსავლები. 40,9%-ის შეფასებით ნაწილობრივ გაიზარდა;4,5%-მა აღნიშნა, რომ მათი შემოსავლები არასტაბილურია სეზონური გაყიდვების გამო. მეწარმეთა 2,3%-ის შემოსავლები უცვლელი დარჩა.

   

 დიაგრამა2. რესპოდენტების შემოსავლები 

მეწარმეები იყენებენ როგორც მუდმივ, ისე სეზონურ მუშახელს. მეურნეო­ბებში  მუდმივად დასაქმებულია 3-დან 10-დე ადგილობრივი ადამიანი, სეზონუ­რად დასაქმებულთა რაოდენობაა  20-30 კაცი. 

რესპოდენტებმა რეგიონში სამეწარმეო საქიანობის განვითარების დამაბრ­კო­ლებელ ფაქტორებს შორის  დაასახელეს: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეა­ლი­ზაციის სირთულე; გაუმართავი ინფრასტრუქტურა; შეზღუდული წვდომა ფინანსებზე და ახალ ტექნოლოგიებზე. სტარტაპერებმა ხაზი გაუსვეს, იმ ფაქტს, რომ მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოადგენს, აგრეთვე, კვალიფიციური კადრების დეფიციტი, სეზონური მუშახელის ნაკლებობა და პროფესიული ცოდნის  დაბალი დონე.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მივიჩნევთ, რომ მიუხედავად გარკვეული ძვრებისა სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების გაჯანსაღების მიმართუ­ლე­ბით, საჭიროა დამატებით შემუშავდეს სამეწარმეო საქმიანობის მასტიმულირებელი მოქნილი მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის სამეწარმეო პოტენ­ციალის ფართო მასშტაბით ათვისებას, გაამარტივებს ფინანსებზე წვდომას და შექმნის პროდუქციის რეალიზაციის ახალ შესაძლებლობებს; მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ხელმისაწვდომს გახდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას და ახალ ტექნოლოგიებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ გამყოფი ხაზების მომიჯნავე რეგიონებში  სამეწარმეო საქმიანობის გამოწვევების სრულყოფილი შეფასება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელმისაწვდომი იქნება სანდო ინფორმაცია მეორე მხარის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. 

პოსტკონფლიქტური ვაჭრობის თავისებურებები

როგორც ცნობილია, პოსტკონფლიქტურ პერიოდში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა არაფორმალურ ვაჭრობას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს, აფხაზეთსა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიებს შორის აფხაზეთის მიმართულებით აფხაზეთისა და ზუგდიდის დამაკავშირებელი ენგურის ხიდის, ცხინვალის მიმართულებით ახალგორის გამსვლელი პუნქტის  გავლით. მოსახლეობას ძირითადად გადაჰქონდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და ეწეოდა ვაჭრობას ადგილობრივ ბაზრებზე. 1999-2004 წლებში სავაჭრო ნაკა­დების გადაადგილება ინტენსიურად მიმდინარეობდა, აგრეთვე, ცხინვალის მიმ­დებარე სოფელ ერგნეთში შექმნილი ბაზრობის გავლით გორის მიმართულებით. რუსეთიდან საქართველოში დიდი რაოდენობით შემოდიოდა კონტრაბანდული საქონელი: სასურსათო პროდუქტები, ნავთობპროდუქტები, სიგარეტი.  საქართვე­ლოდან კი გაედინებოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. საცალო და საბითუმო ვაჭრობას ეწეოდნენ როგორც ადგილობრივი ოსები და ქართველები, ისე ახლოს მდებარე რეგიონების მაცხოვრებლები. მათთვის ერგნეთის ბაზრობა წარმოადგენდა  არა მარტო საარსებო შემოსავლების წყაროს, არამედ ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენის საშუალებასაც.

ამავე დროს, ერგნეთის ბაზრობა ქვეყნის ეკონომიკისათვის წარმოადგენდა ,,შავ ხვრელს“. მისი მეშვეობით საქართველოს სხვა რეგიონებში დიდი რაო­დე­ნობით გაედინებოდა განუბაჟებელი საქონელი, რაც მძიმე დარტყმას აყენებდა ქვეყნის ბიუჯეტს. კონტრაბანდული ტვირთების კონტროლის სირთულემ, რეგი­ონ­ში მძიმე კრიმინალურმა ვითარებამ, ანტიკორუფციული პოლიტიკის არარსებობამ და სხვა მრავალმა ფაქტორმა განაპირობა 2004 წელს ერგნეთის  ბაზრობის დახურვა, რაც უარყოფითად აისახა ორივე მხარის მოსახლეობის შემოსავლებზე და ასევე, ოსებისა და ქართველების ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჯეროვნად ვერ შეფასდა ერგნეთის ბაზრობის, როგორც მხარეებს შორის ბიზნეს ურთიერ­თობების ჩამოყალიბების ხელშემწყობი ინსტრუმენტის პოტენციალი. არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოებაც, რომ ოსებსა და ქართველებს შორის არსებული მჭიდრო ნათესაური კავშირები უფრო მეტად შესაძლებელს გახდიდა  ერთობლივი სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას, განსაკუთრებით, აგროსექტორის მიმარ­თულებით. ცხინვალიდან შემოტანილ ტვირთებზე კონტროლის, საბაჟო პროცე­დურებისა და კრიმინალის აღმკვეთი ეფექტური მექანიზმების შემუშავების ნაცვ­ლად, ერთბაშად განადგურდა ერგნეთის ბაზრობის პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები კონფლიქტის დასტაბილურების მიმართებით. 2008 წლის ომის შემდეგ კი  კანონით აიკრძალა საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებთან  ნების­მიერი სახის ეკონომიკური საქმიანობების წარმოება.

აფხაზეთის მიმართულებით, ენგურის ხიდზე სავაჭრო ნაკადების მონი­ტო­რინგმა, რომელიც განხორციელდა 2012-2014 წლებში საერთშორისო ორგანიზაციის ,,International Alert”-ის მიერ, გამოავლინა, რომ აფხაზეთში შეტანილი საქონლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ტრანს-ენგურის გავლით საქონლის მოძრაობას არეგულირებდა ფასი, სეზონი და გაცვლის კურსი  [მირიმანოვა. 2015: 4-7].

2018 წლის კვლევის თანახმად, ენგურის სავაჭრო ურთიერთობების ლეგა­ლიზებით დაინტერესება გამოხატა კერძო ბიზნესის გარკვეულმა ნაწილმა. მათი აზრით, ეს შესაძლებელს გახდიდა პროდუქციის რეალიზაციის ახალი ბაზრების ათვისებას, შემოსავლების გაზრდას, გამყოფი ხაზის მიმდებარე რეგიონების კერძო სექტორს შორის კანონიერი სამეწარმეო კავშირების ამოქმედებას.  ვაჭრობის ლეგალიზების დადებითი მხარეების მიუხედავად, კვლევაში მონაწილე ქართველი და აფხაზეთის მეწარმეების მხრიდან ამ საკითხის მიმართ დაფიქსირდა არაერთ­გვაროვანი დამოკიდებულებები, რაც განპირობებული იყო პოლიტიკური მოტი­ვებით [მირიმანოვა. 2018: 4-14].

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ  არაფორმალურმა სავაჭრო-ეკონომიკურმა ურთიერთობებმა, ერთი მხრივ, დადე­ბითი როლი ითამაშა მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის, საარსებო საშუა­ლებების მოპოვების და კონფლიქტის განმუხტვის თვალსაზრისით, მეორე მხრივ, არაფორმალური ვაჭრობის თანმდევი უარყოფითი მხარეები, როგორიცაა: კონტ­რა­ბანდული საქონლის  დიდი რაოდენობით შემოდინება, კორუფცია, საბაჟო პრო­ცე­დურების არარსებობა ასუსტებდა ქვეყნის  ეკონომიკას. არაფორმალური ვაჭრობის ლეგალიზება და სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა კი დაკავშირებული იყო, რო­გორც პოლიტიკური ბარიერების გადალახვასთან, ისე ანტიკორუფციული მექა­ნიზმების და ტვირთების განბაჟების პროცედურების შემუშავებასთან, რისი გან­ხორციელების უუნარობამაც კონფლიქტის მოგვარების დღის წესრიგიდან ამოაგდო ეკონომიკური პოტენციალის მიზანმიმართული გამოყენების პერსპექ­ტივები. 

დღეს, გარკვეულწილად, წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ 2018 წელს წარმოდგენილი სამშვიდობო ინიციატივა ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომლის მიზანია გამყოფი ხაზების მიმდებარე რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეო­ბი­სათვის ღირსეული ცხოვრების სიკეთეებზე წვდომის შესაძლებლობების უზრუნ­ველყოფა, მხარეთა შორის ვაჭრობის წახალისებით ნდობის აღდგენა, დაინტე­რე­სებულ პირებს შორის ერთობლივი ბიზნეს პროექტების მხარდაჭერა. დასახული მიზნების მიღწევის მნიშვნელოვან საშუალებად სამშვიდობო ინიციატივაში განხი­ლულია გამყოფი ხაზების გასწვრივ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტო­რიაზე სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნის კონცეფციაც. ჩვენი შეფასებით, სამშვიდობო ინიციატივის მიზნები მიღწევადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, რო­დესაც  მეორე მხარეს ექნება პოლიტიკური  მზაობა მხარი დაუჭიროს სავაჭრო ინი­ციატივებს და მოსახლეობის  მშვიდობიან თანაცხოვრებას.

დასკვნა

ამრიგად, კონფლიქტურ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარება, საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა და კერძო სექტორის მრავალმხრივი ჩართულობა ერთობლიობაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ქვეყნებს შორის კონფლიქტების დარეგულირებაზე, სტაბილური პარტნიორული კავშირების დამყარებასა და მშვიდობის მშენებლობაზე. ამავე დროს, დიდი წვლი­ლი შეაქვთ პოსტკონფლიქტურ რეგიონებში პოლიტიკური, ეკონომიკური და სო­ციალური გამოწვევების გადაჭრაში, პოსტკონფლიქტური ეკონომიკის რეაბი­ლი­ტაციაში და ბიზნესის პოტენციალის განვითარებაში. 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან პოსტკონფლიქტური სავაჭრო ურთიერთობების გაანალიზება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სავაჭრო კავშირების დამყარება, ასევე, დიდ წვლილს შეიტანს საქართველოში გამყოფი ხაზების მომიჯნავე რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ გაჯანსაღებასა და ორივე მხარის მოსახლეობის მშვიდობიან თანაცხოვრებაში. ამის მისაღწევად კი მნიშვ­ნე­ლოვანია გამყოფი ხაზის მიმდებარე რეგიონში სამეწარმეო საქმიანობის განვი­თარება; მხარეებს შორის სავაჭრო კავშირების მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყა­ლიბება. საჭიროა ერგნეთის ბაზრობის, როგორც ერთობლივი სამეწარმეო საქმია­ნობის  ხელშემწყობი ერთგვარი ეკონომიკური სივრცის, გამოცდილების გაა­ნა­ლი­ზე­ბა და დღეს არსებული მდგომარეობის ადეკვატური ეკონომიკური სივრცის ფორმირება. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. მირიმანოვა ნ...,2018, ,,ენგურის კარიბჭის“ გახსნა კანონიერი ბიზნე­სი­სათ­ვის. ლონდონი, ,,international Alert“, გვ.4-14
  2. მირიმანოვა ნ.,2015, სადავო საზღვრების გავლით მიმდინარე ვაჭრობის რეგულირება. ლონდონი,,,international Alert“, გვ.6-10
  3. მირიმანოვა ნ., 2015, ტრანს-ენგურის ეკონომიკური ურთიერ­თო­ბე­ბი:არგუმენტები რეგულაციების სასარგებლოდ. ლონდონი,,,international Alert“, გვ.4-7
  4. Amadiegwu… 2020, Mobilizing the private sector for peas and and  reconciliation.Switzeland, The Graduate Institute, p.11-20
  5. Blair t. 2018, Israel-Palestinian Trade: In-Depth Analysis. London,Institute for Global Change Institute for Global Change, გვ.3-20
  6. Dash K…2014. The political economy of trade relation between India-Pakistan.Journal of Economic & Financial Studies, vol.02,no.02. გვ.26-40
  7. Kefale A. 2019, Shoats and smart phones:Cross-border trading in the Ethio-Somaliland corridor, Copenhagen, Danish Institute for International Studies, გვ. 4-25
  8. 8.Kontorovich E.2015, Economic Dealings with Occupied Territories. Columbian Journal of transnational law,gv 617
  9. Seyle C..2019. Private Sector Peasbuilding: A Review of Past Cases and Lessons Learned. 0EFResearch. გვ. 10-11
  10. 10.,,Trade and livelihoods in the Afganista-Pakistan borderlands”.2019.Trade Asia Foundation.