ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი
|
|
|
|
ჟურნალი ნომერი 3 ∘
თენგიზ ვერულავა ∘
ხატია სილაქაძე ∘
იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების რეაბილიტაცია საქართველოში: ხელმისაწვდომობის, დაფინანსებისა და პოლიტიკის ანალიზი DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.03.01 ანოტაცია. იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები ხშირად საჭიროებენ ხანგრძლივ, უწყვეტ და მულტიდისციპლინურ რეაბილიტაციას. საქართველოში რეაბილიტაციის სახელმწიფო დაფინანსება ბოლო წლებში განვითარდა, თუმცა მოქმედი პროგრამების შესაბამისობა ქრონიკული და პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებების საჭიროებებთან სათანადოდ არ არის შეფასებული. კვლევის მიზანია საქართველოში იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის რეაბილიტაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობის, დაფინანსებისა და ორგანიზების არსებული მდგომარეობის შეფასება და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა. საქართველოში მოქმედი რეაბილიტაციის პროგრამა ძირითადად მოიცავს ინსულტისა და თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომ მომსახურებას. იშვიათი, ქრონიკული და პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების საჭიროებები პროგრამაში სრულად არ არის ასახული. ძირითადი ბარიერებია დიაგნოზზე დაფუძნებული შეზღუდული მოცვა, თანაგადახდა და დამატებითი დანახარჯები, სერვისების დიდ ქალაქებში კონცენტრაცია, სპეციალისტთა დეფიციტი და მომსახურების არასაკმარისი კოორდინაცია. საერთაშორისო გამოცდილება მიუთითებს ფუნქციურ საჭიროებაზე დაფუძნებული დაფინანსების, ინდივიდუალური რეაბილიტაციის გეგმის, რეგიონული ქსელისა და ტელერეაბილიტაციის მნიშვნელობაზე. საქართველოსთვის მიზანშეწონილია არსებული სახელმწიფო პროგრამის ეტაპობრივი გაფართოება. პროგრამაში ჩართვა უნდა ეფუძნებოდეს ფუნქციურ საჭიროებას, ხოლო შედეგების შეფასება უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ ფუნქციურ გაუმჯობესებას, არამედ მდგომარეობის სტაბილიზაციას, გართულებების პრევენციასა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. საკვანძო სიტყვები: იშვიათი ნევროლოგიური დაავადებები; რეაბილიტაცია; სერვისებზე ხელმისაწვდომობა; ჯანდაცვის დაფინანსება; ჯანდაცვის პოლიტიკა; ტელერეაბილიტაცია; საქართველო. შესავალი რეაბილიტაცია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განუყოფელი კომპონენტია, რომლის მიზანია ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული ფუნქციური შეზღუდვების შემცირება, ადამიანის დამოუკიდებლობის შენარჩუნება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი მონაწილეობის ხელშეწყობა. იგი მოიცავს ფიზიკურ თერაპიას, ოკუპაციურ თერაპიას, მეტყველებისა და ყლაპვის თერაპიას, ფსიქოლოგიურ და ნეიროფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენებასა და სხვა ინტერვენციებს, რომლებიც პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული. რეაბილიტაცია უნდა განიხილებოდეს არა როგორც დამატებითი ან არჩევითი მომსახურება, არამედ როგორც უნივერსალური ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი პრევენციასთან, მკურნალობასა და პალიატიურ მზრუნველობასთან ერთად (World Health Organization [WHO], 2024). რეაბილიტაციის საჭიროება გლობალურად სწრაფად იზრდება მოსახლეობის დაბერების, ქრონიკული დაავადებების გავრცელებისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მატების ფონზე. შეფასებების მიხედვით, მსოფლიოში დაახლოებით 2.4 მილიარდ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც რეაბილიტაციამ შეიძლება გააუმჯობესოს ფუნქციონირება და ცხოვრების ხარისხი. გლობალური დაავადებათა ტვირთის მონაცემებზე დაფუძნებულმა სისტემურმა ანალიზმა აჩვენა, რომ სიცოცხლის განმავლობაში რეაბილიტაცია შესაძლოა მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ერთ მესამედს დასჭირდეს (Cieza et al., 2020). მიუხედავად მზარდი საჭიროებისა, რეაბილიტაციის მომსახურებები ბევრ ქვეყანაში კვლავ არასაკმარისად არის ინტეგრირებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში, განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვისა და საზოგადოებაზე დაფუძნებული მომსახურებების დონეზე. რეაბილიტაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. ამ დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება მემკვიდრეობითი ატაქსიები, ჰანტინგტონის დაავადება, შარკო–მარი–ტუთის დაავადება, მიოტონური და სხვა კუნთოვანი დისტროფიები, იშვიათი მოძრაობითი დარღვევები და სხვადასხვა გენეტიკური და ნეირომუსკულური მდგომარეობა. მიუხედავად თითოეული დაავადების შედარებით დაბალი გავრცელებისა, მათი უმრავლესობა ქრონიკული ან პროგრესირებადია და შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობის, წონასწორობის, კოორდინაციის, მეტყველების, ყლაპვის, სუნთქვის, კოგნიტური ფუნქციებისა და ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა. ასეთი მდგომარეობების მართვა ხშირად მოითხოვს სპეციალიზებულ ცოდნას, ხანგრძლივ მეთვალყურეობასა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელთა კოორდინირებულ ჩართულობას (Reinhard et al., 2021). იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების დროს რეაბილიტაციის მიზანი ყოველთვის დაკარგული ფუნქციის სრულად აღდგენა არ არის. პროგრესირებადი დაავადებების შემთხვევაში იგი შეიძლება მიმართული იყოს ფუნქციური დაქვეითების შენელებისკენ, მეორეული გართულებების პრევენციისკენ, ტკივილისა და სპასტიკურობის მართვისკენ, გადაადგილებისა და თვითმომსახურების უნარის შენარჩუნებისკენ და ოჯახის წევრებზე ზრუნვის ტვირთის შემცირებისკენ. ამდენად, რეაბილიტაცია უნდა იყოს უწყვეტი, პაციენტზე ორიენტირებული და მოქნილი, ხოლო მისი ინტენსივობა და შემადგენლობა უნდა იცვლებოდეს დაავადების მიმდინარეობისა და პაციენტის ფუნქციური საჭიროებების შესაბამისად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნევროლოგიური დარღვევების გლობალური სამოქმედო გეგმაც ხაზს უსვამს ნევროლოგიური დაავადებების მართვის პროცესში დროული, კოორდინირებული და მულტიდისციპლინური დახმარების, მათ შორის რეაბილიტაციის, ინტეგრირების აუცილებლობას (WHO, 2023). რეაბილიტაციის კლინიკური მნიშვნელობის მიუხედავად, მომსახურებაზე წვდომას ხშირად ზღუდავს ფინანსური, გეოგრაფიული, ორგანიზაციული და პროფესიული ბარიერები. დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ჩატარებული კვლევების სისტემური მიმოხილვა მიუთითებს, რომ რეაბილიტაციის მიღების მთავარ დაბრკოლებებს მიეკუთვნება მომსახურებისა და ტრანსპორტირების მაღალი ღირებულება, პაციენტის საცხოვრებელი ადგილიდან სარეაბილიტაციო ცენტრის დიდი დაშორება, სადაზღვევო დაფარვის არარსებობა ან არასაკმარისობა, სპეციალისტების დეფიციტი და შესაბამისი მომსახურებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა (Bright et al., 2018). მსოფლიო მასშტაბით პრობლემას ასევე წარმოადგენს სერვისების დიდ ქალაქებში კონცენტრაცია, მაღალი პირდაპირი გადახდები, არასაკმარისი სახელმწიფო დაფინანსება და რეაბილიტაციის პროფესიონალთა არათანაბარი ტერიტორიული განაწილება (WHO, 2024). აღნიშნული ბარიერები იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების მქონე პირებისთვის შესაძლოა განსაკუთრებით მძიმე იყოს. პაციენტთა მცირე და გეოგრაფიულად გაფანტული რაოდენობის გამო სპეციალიზებული მომსახურებების განვითარება ხშირად რამდენიმე კლინიკურ ცენტრში ხდება. შედეგად, რეგიონებში მცხოვრებ პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ სხვა ქალაქში რეგულარული გადაადგილება, ტრანსპორტირებისა და დროებითი საცხოვრებლის დამატებითი ხარჯების გაღება და ოჯახის წევრის ან მომვლელის თანხლება. ამასთან, ქრონიკული და პროგრესირებადი დაავადებების დროს ერთჯერადი ან მოკლევადიანი სარეაბილიტაციო კურსი ხშირად ვერ პასუხობს პაციენტის ხანგრძლივ ფუნქციურ საჭიროებებს. არასაკმარისმა ან დაგვიანებულმა რეაბილიტაციამ შეიძლება გააძლიეროს ფუნქციური დამოკიდებულება, სოციალური იზოლაცია და ოჯახების ეკონომიკური ტვირთი. საქართველოში რეაბილიტაციის სისტემის განვითარების მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეაბილიტაციური ინტერვენციების პაკეტის გამოყენებით შემუშავდა ქვეყნის პირველი რეაბილიტაციის მომსახურების პაკეტი. აღნიშნული პროცესი მოიცავდა სამიზნე მოსახლეობის პრიორიტეტიზაციას, სარეაბილიტაციო ინტერვენციების განსაზღვრას, მომსახურებისთვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსების შეფასებასა და პაკეტის ღირებულების გაანგარიშებას (WHO, 2025). ეს გამოცდილება რეაბილიტაციის ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ეტაპობრივი ინტეგრაციის მნიშვნელოვან ინსტიტუციურ საფუძველს ქმნის. მიუხედავად არსებული პროგრესისა, საქართველოს რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტთა საჭიროებები ცალკე და სისტემურად ჯერ კიდევ არასაკმარისად არის გაანალიზებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის შეფასება, რამდენად შეესაბამება მოქმედი დაფინანსებისა და მომსახურების ორგანიზების მოდელები პროგრესირებადი დაავადებების გრძელვადიან ბუნებას; რამდენად უზრუნველყოფილია ფინანსური დაცვა, ტერიტორიული თანასწორობა და მომსახურების უწყვეტობა; და რამდენად ხელმისაწვდომია მულტიდისციპლინური რეაბილიტაცია თბილისს გარეთ მცხოვრები პაციენტებისთვის. დამატებით შესწავლას საჭიროებს ადამიანური რესურსების საკმარისობა, სპეციალიზებული სერვისების კოორდინაცია და ტელერეაბილიტაციის გამოყენების შესაძლებლობები. წინამდებარე კვლევის მიზანია საქართველოში იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის რეაბილიტაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობის არსებული პოლიტიკისა და ორგანიზაციული გარემოს შეფასება. კვლევა ეფუძნება სამეცნიერო ლიტერატურის ნარატიულ მიმოხილვას, საქართველოს სახელმწიფო პროგრამებისა და პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზს და საქართველოს გამოცდილების საერთაშორისო პრაქტიკასთან შედარებას. კვლევა შეისწავლის რეაბილიტაციის დაფინანსებას, მომსახურების პაკეტის მოცულობას, ფინანსურ და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას, ადამიანურ რესურსებს, მულტიდისციპლინური მომსახურების განვითარებასა და ტელერეაბილიტაციის შესაძლებლობებს. ანალიზის საფუძველზე შემუშავდება საქართველოს ეკონომიკურ და ინსტიტუციურ პირობებთან ადაპტირებული პოლიტიკის რეკომენდაციები. კვლევის მეთოდოლოგია კვლევა განხორციელდა ნარატიული ლიტერატურის მიმოხილვის, დოკუმენტური პოლიტიკის ანალიზისა და საქართველოს შემთხვევის შესწავლის მეთოდების გამოყენებით. აღნიშნული დიზაინი შეირჩა იმისათვის, რომ ერთიანად გაანალიზებულიყო იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული კლინიკური, ფინანსური, ორგანიზაციული და სოციალური პოლიტიკის საკითხები. ნარატიული მიმოხილვა გამოიყენება ფართო და მრავალგანზომილებიანი საკითხების შესაჯამებლად, ხოლო დოკუმენტური ანალიზი — პოლიტიკისა და პროგრამული დოკუმენტების სისტემური ინტერპრეტაციისთვის (Bowen, 2009; Snyder, 2019). სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება განხორციელდა PubMed/MEDLINE-ის, Scopus-ისა და Google Scholar-ის მონაცემთა ბაზებში. ძიებისას გამოყენებული იყო შემდეგი საკვანძო სიტყვები და მათი კომბინაციები: “rare neurological diseases”, “neurological rehabilitation”, “access to rehabilitation”, “rehabilitation financing”, “health policy”, “rehabilitation workforce”, “telerehabilitation”, “Georgia” და “country of Georgia”. ძირითადად განხილულ იქნა 2010–2026 წლებში ინგლისურ და ქართულ ენებზე გამოქვეყნებული რეცენზირებული სამეცნიერო სტატიები, მიმოხილვები, საერთაშორისო რეკომენდაციები და ოფიციალური ანგარიშები. უფრო ადრეული წყაროები გამოყენებულ იქნა მხოლოდ მათი მნიშვნელოვანი კონცეპტუალური ან მეთოდოლოგიური ღირებულების შემთხვევაში. საქართველოს გამოცდილების შესაფასებლად გაანალიზდა საჯაროდ ხელმისაწვდომი სამართლებრივი და პროგრამული დოკუმენტები, მათ შორის საქართველოს მთავრობის დადგენილებები, სახელმწიფო ჯანმრთელობის პროგრამები, რეაბილიტაციის დაფინანსების პირობები, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში რეაბილიტაციის მომსახურების პირველი პაკეტის შემუშავების გამოცდილებას (World Health Organization [WHO], 2025). მოპოვებული ინფორმაცია დამუშავდა თემატური სინთეზის მეთოდით. სამეცნიერო ლიტერატურის, ოფიციალური სტატისტიკისა და პოლიტიკის დოკუმენტების მონაცემები დაჯგუფდა ძირითად თემებად, შემდეგ კი საქართველოს სისტემაში გამოვლენილი ხარვეზები შედარდა საერთაშორისო გამოცდილებასთან. ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ და ინსტიტუციურ პირობებთან ადაპტირებული პოლიტიკის რეკომენდაციები. კვლევის შედეგები რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის განვითარება საქართველოში საქართველოში რეაბილიტაციის სახელმწიფო დაფინანსების მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა 2022 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობის №522 დადგენილებით საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას დაემატა დანართი №1.13 — „თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია“ (საქართველოს მთავრობა, 2013, 2022). პროგრამის დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო რეაბილიტაციის, როგორც ჯანმრთელობის დაცვის სისტემის აუცილებელი კომპონენტის, სახელმწიფო დონეზე აღიარების მიმართულებით. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ პაციენტის შეფასებას, ინდივიდუალური რეაბილიტაციის გეგმის შედგენას, ექიმის მეთვალყურეობას, ფიზიკურ და ოკუპაციურ თერაპიას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, მეტყველებისა და ყლაპვის თერაპიას, პაციენტისა და ოჯახის წევრების განათლებას და დამხმარე საშუალებების შერჩევისა და გამოყენების სწავლებას. მომსახურების ასეთი შემადგენლობა შეესაბამება თანამედროვე რეაბილიტაციის პაციენტზე ორიენტირებულ და მულტიდისციპლინურ პრინციპებს (საქართველოს მთავრობა, 2022). სახელმწიფოს მიერ დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია ბენეფიციარის სოციალურ სტატუსზე. პროგრამით სრული დაფინანსება გათვალისწინებულია გარკვეული სოციალურად დაუცველი და განსაკუთრებული სტატუსის მქონე ჯგუფებისთვის, ხოლო საპენსიო ასაკის პირები, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები და სტუდენტები მომსახურებას ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსებით იღებენ. ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს მოწყვლადი ჯგუფების ფინანსურ დაცვას, თუმცა თანაგადახდის არსებობა შეიძლება კვლავ მნიშვნელოვან ბარიერად დარჩეს დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეაბილიტაციას ემატება ტრანსპორტირების, დროებითი საცხოვრებლისა და დამხმარე საშუალებების ხარჯები. პროგრამაში ჩართვა ეფუძნება როგორც დიაგნოსტიკურ, ისე ფუნქციურ კრიტერიუმებს. პაციენტი უნდა იყოს სამედიცინო თვალსაზრისით სტაბილური, შეეძლოს ინტენსიურ რეაბილიტაციაში აქტიური მონაწილეობა და აკმაყოფილებდეს პროგრამით განსაზღვრულ სხვა კლინიკურ პირობებს. დიაგნოზის ხანდაზმულობა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს, ხოლო ყოველი მომდევნო კურსის დაფინანსება დამოკიდებულია ფუნქციური დამოუკიდებლობის საზომით მიღწეულ გაუმჯობესებაზე (საქართველოს მთავრობა, 2022). პროგრამული მოცვის შეზღუდვები მოქმედი სახელმწიფო პროგრამის მთავარი შეზღუდვა მისი დიაგნოზზე დაფუძნებული ვიწრო მოცვაა. პროგრამა ძირითადად ითვალისწინებს ინსულტის, თავის ტვინის ტრავმული დაზიანებისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგების რეაბილიტაციას. იშვიათი გენეტიკური, დეგენერაციული, აუტოიმუნური და ნეირომუსკულური დაავადებების დიდი ნაწილი პროგრამით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის. აღნიშნული შეზღუდვა განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტთა სარეაბილიტაციო საჭიროება ყოველთვის არ უკავშირდება მწვავე დაზიანების შემდგომ ფუნქციურ აღდგენას. მემკვიდრეობითი ატაქსიების, კუნთოვანი დისტროფიების, შარკო–მარი–ტუთის დაავადების, ჰანტინგტონის დაავადებისა და სხვა პროგრესირებადი მდგომარეობების შემთხვევაში რეაბილიტაციის მიზანი ხშირად არსებული ფუნქციების ხანგრძლივად შენარჩუნება, ფუნქციური დაქვეითების შენელება და მეორეული გართულებების პრევენციაა. ამგვარი დაავადებების ბუნებას ნაკლებად შეესაბამება დიაგნოზის ხანდაზმულობაზე დაწესებული 24-თვიანი შეზღუდვაც. იშვიათი ნევროლოგიური დაავადებები უმეტესად ქრონიკული და პროგრესირებადია და პაციენტს რეაბილიტაცია შეიძლება დიაგნოზის დასმიდან მრავალი წლის განმავლობაში დასჭირდეს. შესაბამისად, მომსახურებაზე წვდომის განსაზღვრა მხოლოდ დიაგნოზითა და მისი ხანდაზმულობით ვერ ასახავს პაციენტის რეალურ ფუნქციურ საჭიროებას. პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია შემდგომი კურსის დაფინანსების ფუნქციური გაუმჯობესების მაჩვენებელთან დაკავშირება. მწვავე მდგომარეობის შემდგომ რეაბილიტაციაში გაუმჯობესება შეიძლება შესაბამისი შედეგის ინდიკატორი იყოს, მაგრამ პროგრესირებადი დაავადებების შემთხვევაში წარმატებული შედეგი ხშირად მდგომარეობის სტაბილიზაცია და ფუნქციური გაუარესების შეფერხებაა. ამიტომ იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების დაფინანსებისას შეფასების კრიტერიუმები უნდა ითვალისწინებდეს არა მხოლოდ ფუნქციური მაჩვენებლის ზრდას, არამედ ფუნქციის შენარჩუნებას, გართულებების პრევენციასა და პაციენტის დამოუკიდებლობის გახანგრძლივებას. საქართველოს პირველი რეაბილიტაციის მომსახურების პაკეტი რეაბილიტაციის სისტემური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეაბილიტაციური ინტერვენციების პაკეტის გამოყენებით საქართველოს პირველი რეაბილიტაციის მომსახურების პაკეტის შემუშავება. აღნიშნული ინსტრუმენტი აერთიანებს 20 ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის აუცილებელ სარეაბილიტაციო ინტერვენციებს და განსაზღვრავს მათი მიწოდებისთვის საჭირო ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს (World Health Organization [WHO], 2023). საქართველოს გამოცდილების შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში აღწერილია სამიზნე მოსახლეობის პრიორიტეტიზაციის, მომსახურების შემადგენლობის განსაზღვრის, საჭირო რესურსების შეფასებისა და პაკეტის ღირებულების გაანგარიშების პროცესი. ეს გამოცდილება აჩვენებს, რომ ქვეყანაში უკვე ჩამოყალიბდა რეაბილიტაციის მომსახურების მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაგეგმვის საწყისი ინსტიტუციური შესაძლებლობა (WHO, 2025). პაკეტის შემუშავება წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან რეაბილიტაციის დაფინანსებას ცალკეული პროცედურებიდან პაციენტის კომპლექსურ საჭიროებებზე დაფუძნებული მომსახურებისკენ მიმართავს. ამასთან, მისი საწყისი სამიზნე ჯგუფები ვერ მოიცავს რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ყველა პაციენტს. შესაბამისად, შემდგომ ეტაპზე მნიშვნელოვანია პაკეტის გაფართოება ქრონიკული და პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებების მქონე პირებზე და მომსახურების განსაზღვრა პაციენტის ფუნქციური მდგომარეობის მიხედვით. ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა სახელმწიფო პროგრამის არსებობის მიუხედავად, ნაწილობრივი დაფინანსება პაციენტებისთვის შეიძლება მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთად დარჩეს. თანაგადახდას ემატება ტრანსპორტირების, კვების, დროებითი საცხოვრებლის, მომვლელის თანხლებისა და დამხმარე ტექნოლოგიების ხარჯები. ეს დანახარჯები განსაკუთრებით მძიმეა ქრონიკული დაავადებების მქონე ოჯახებისთვის, რადგან რეაბილიტაციის საჭიროება შეიძლება იყოს ხანგრძლივი და განმეორებითი. ფინანსური ბარიერები მჭიდროდ უკავშირდება მომსახურების გეოგრაფიულ განაწილებას. სპეციალიზებული მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო მომსახურებები ძირითადად დიდ ქალაქებშია კონცენტრირებული, რის გამოც რეგიონებში მცხოვრებ პაციენტებს ხშირად უწევთ საცხოვრებელი ადგილის დატოვება. გადაადგილება განსაკუთრებით რთულია მოძრაობითი შეზღუდვის მქონე პირებისთვის და ხშირად ოჯახის წევრის ან მომვლელის მონაწილეობას მოითხოვს. ამ პირობებში მომსახურების ფორმალური დაფინანსება ყოველთვის არ ნიშნავს რეალურ ხელმისაწვდომობას. პაციენტმა შეიძლება მიიღოს სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსება, მაგრამ ვერ შეძლოს პროგრამით სარგებლობა ტრანსპორტირების, საცხოვრებლის ან თანმხლები პირის ხარჯების გამო. შესაბამისად, რეაბილიტაციის პოლიტიკის შეფასება უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ დაფინანსებული სამედიცინო ჩარევების ღირებულებას, არამედ პაციენტის მიერ მომსახურების მიღებასთან დაკავშირებულ მთლიან ფინანსურ და არაფინანსურ ტვირთს. ადამიანური რესურსები და მულტიდისციპლინური მომსახურება იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების ეფექტიანი რეაბილიტაცია საჭიროებს ნევროლოგის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ექიმის, ფიზიკური თერაპევტის, ოკუპაციური თერაპევტის, მეტყველების თერაპევტის, ფსიქოლოგის, ნეიროფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის კოორდინირებულ მონაწილეობას. საქართველოში ამ სპეციალისტების ხელმისაწვდომობა და ტერიტორიული განაწილება არათანაბარია, ხოლო პრობლემა განსაკუთრებით მკვეთრად რეგიონებში ვლინდება. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2024 წელს საქართველოში 637 ნევროლოგი და სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტის მედიცინის მხოლოდ 51 ექიმი იყო რეგისტრირებული (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2025). მიუხედავად იმისა, რომ ექიმთა აბსოლუტური რაოდენობა პირდაპირ არ ასახავს მათი რეალურ დასაქმებას, სამუშაო დატვირთვასა და რეგიონულ განაწილებას, მონაცემები მიუთითებს რეაბილიტაციის სამედიცინო ადამიანური რესურსის შედარებით მცირე მოცულობაზე. ამასთან, მხოლოდ რეაბილიტაციის ექიმთა რაოდენობა ვერ ასახავს მულტიდისციპლინური გუნდის სრულ ხელმისაწვდომობას. განსაკუთრებით შეზღუდულია ოკუპაციური თერაპიის, მეტყველებისა და ყლაპვის თერაპიის, ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და სოციალური მხარდაჭერის კომპონენტები. შედეგად, მომსახურება შეიძლება ძირითადად ფიზიკურ თერაპიაზე იყოს ორიენტირებული და სრულად ვერ პასუხობდეს პაციენტის კოგნიტურ, კომუნიკაციურ, პროფესიულ და სოციალურ საჭიროებებს. საქართველოს რეაბილიტაციის პოლიტიკის შემდგომი განვითარება მოითხოვს არა მხოლოდ მომსახურების დაფინანსების ზრდას, არამედ შესაბამისი პროფესიული განათლების, უწყვეტი გადამზადების, სპეციალისტთა სერტიფიცირებისა და რეგიონებში მათი დასაქმების სტიმულირების მექანიზმების გაძლიერებას. ტელერეაბილიტაციის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში ტელერეაბილიტაცია გულისხმობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სარეაბილიტაციო შეფასების, კონსულტაციის, თერაპიის, პაციენტის განათლებისა და მდგომარეობის მონიტორინგის დისტანციურად განხორციელებას. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დამოუკიდებელი მომსახურების ფორმა, ასევე პირისპირ რეაბილიტაციის დამატებითი კომპონენტი. საერთაშორისო მტკიცებულებები მიუთითებს, რომ სწორად შერჩეული პაციენტებისა და ინტერვენციების შემთხვევაში ტელერეაბილიტაციამ შეიძლება გააუმჯობესოს მომსახურების უწყვეტობა და შეამციროს გეოგრაფიულ გადაადგილებასთან დაკავშირებული ბარიერები. ზოგიერთ მდგომარეობაში მისი კლინიკური შედეგები პირისპირ რეაბილიტაციის შედეგებთან შედარებადია, თუმცა მტკიცებულებების ხარისხი დაავადებებისა და ჩარევების მიხედვით განსხვავდება (Seron et al., 2021). ტელერეაბილიტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, რადგან ისინი ხშირად ცხოვრობენ სპეციალიზებული ცენტრებისგან დაშორებით და საჭიროებენ ხანგრძლივ ან განმეორებით მომსახურებას. დისტანციური მოდელი შესაძლებელს ხდის პაციენტის სახლში ვარჯიშის ზედამხედველობას, ფუნქციური მდგომარეობის პერიოდულ შეფასებას, ინდივიდუალური გეგმის კორექტირებას და ოჯახის წევრების განათლებას. ამ გზით შეიძლება შემცირდეს ტრანსპორტირების, დროებითი საცხოვრებლისა და თანმხლები პირის ხარჯები. ტელერეაბილიტაციის ეკონომიკური ეფექტიანობის შესახებ არსებული მტკიცებულებები ჯერ კიდევ შეზღუდულია. ნევროლოგიური და კარდიოლოგიური მდგომარეობების შესახებ ჩატარებულმა სისტემატურმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ ტელერეაბილიტაცია რიგ შემთხვევებში ტრადიციულ სარეაბილიტაციო მომსახურებაზე ნაკლებ დანახარჯთან და შედარებად კლინიკურ შედეგებთან იყო დაკავშირებული. თუმცა ნევროლოგიური დაავადებების ეკონომიკურ შეფასებათა რაოდენობა მცირე იყო და ძირითადად ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციას ეხებოდა. შესაბამისად, იშვიათი ნევროლოგიური დაავადებებისთვის ტელერეაბილიტაციის დაფინანსების დანერგვას წინ უნდა უძღოდეს პილოტური პროგრამა და კლინიკური, ეკონომიკური და პაციენტზე ორიენტირებული შედეგების შეფასება (Del Pino et al., 2022). საქართველოში ტელერეაბილიტაციის განვითარებისათვის გარკვეული ციფრული და ინსტიტუციური საფუძველი უკვე არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებულმა ტელემედიცინის მოდელმა მიზნად დაისახა სოფლისა და ძნელად მისადგომ ადგილებში სპეციალიზებულ მომსახურებაზე წვდომის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში 60 სოფლის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება აღიჭურვა ციფრული ტექნოლოგიებით, ხოლო ექიმებმა გაიარეს ტექნიკური, კლინიკური, საკომუნიკაციო და ეთიკური საკითხების შემცველი გადამზადება (World Health Organization [WHO], 2025a). აღნიშნული გამოცდილება უშუალოდ ტელერეაბილიტაციის პროგრამას არ წარმოადგენს, თუმცა აჩვენებს, რომ რეგიონული კლინიკების ცენტრალურ სპეციალისტებთან დაკავშირების მოდელი საქართველოში პრაქტიკულად განხორციელებადია. ტელერეაბილიტაციის დანერგვა შესაძლებელია ჰიბრიდული მოდელის საფუძველზე. პაციენტის საწყისი და პერიოდული კომპლექსური შეფასება უნდა ჩატარდეს პირისპირ, ხოლო უსაფრთხოდ დისტანციურად განსახორციელებელი ინტერვენციები — ვიდეოკონსულტაცია, სავარჯიშოების ზედამხედველობა, განათლება, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ფუნქციური მონიტორინგი — შეიძლება განხორციელდეს სახლიდან ან რეგიონული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებიდან. ასეთი მოდელი განსაკუთრებით მიზანშეწონილია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც მოძრაობის შეზღუდვის ან დიდი მანძილის გამო სპეციალიზებულ ცენტრში ხშირად ვიზიტი უჭირთ. ტელერეაბილიტაცია ვერ ჩაანაცვლებს ყველა სახის პირისპირ მომსახურებას. ზოგიერთი ფუნქციური შეფასება, ფიზიკური დახმარების საჭიროების მქონე ვარჯიში, დამხმარე საშუალებების მორგება და მაღალი რისკის მქონე პაციენტის მართვა სპეციალისტის უშუალო მონაწილეობას მოითხოვს. გასათვალისწინებელია ინტერნეტზე და ციფრულ მოწყობილობებზე არათანაბარი წვდომა, პაციენტებისა და სპეციალისტების ციფრული უნარები, მონაცემთა დაცვა, ინფორმირებული თანხმობა და გადაუდებელ მდგომარეობაზე რეაგირების პროცედურები. ტელერეაბილიტაციის პლატფორმები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხედველობის, სმენის, მეტყველების, მოძრაობითი, კოგნიტური და სხვა შეზღუდვების მქონე პირებისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის გლობალური სტანდარტი განსაზღვრავს ტელეჯანმრთელობის პლატფორმების ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის მომსახურების თანაბარი გამოყენების უზრუნველყოფას (WHO & International Telecommunication Union [ITU], 2022). საქართველოსთვის პირველ ეტაპზე მიზანშეწონილია მცირე მასშტაბის პილოტური პროგრამის განხორციელება რამდენიმე რეგიონში. პროგრამა შეიძლება აერთიანებდეს ცენტრალურ მულტიდისციპლინურ სარეაბილიტაციო გუნდს, რეგიონულ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და პაციენტის საცხოვრებელ გარემოს. შეფასების ინდიკატორები უნდა მოიცავდეს მომსახურების გამოყენებას, რეაბილიტაციის კურსის დასრულებას, ფუნქციური მდგომარეობის ცვლილებას ან სტაბილიზაციას, პაციენტის კმაყოფილებას, უსაფრთხოებას, მგზავრობის შემცირებულ ხარჯებსა და მომსახურების ერთ პაციენტზე დანახარჯს. საერთაშორისო გამოცდილების შედარებითი ანალიზი ევროპის ქვეყნებში რეაბილიტაცია განსხვავებული დაფინანსებისა და მართვის მოდელებით ხორციელდება, თუმცა გერმანიის, საფრანგეთისა და შვედეთის გამოცდილებას რამდენიმე საერთო პრინციპი ახასიათებს. რეაბილიტაცია განხილულია როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემის ძირითადი კომპონენტი; მომსახურების მიღება ეფუძნება პაციენტის ფუნქციურ საჭიროებას; ქრონიკული მდგომარეობების დროს შესაძლებელია განმეორებითი ან უწყვეტი მომსახურება; ხოლო სახელმწიფო ან სავალდებულო დაზღვევა პაციენტის ფინანსური ტვირთის მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს. გერმანიაში რეაბილიტაციის დაფინანსება რამდენიმე სოციალური დაცვის ინსტიტუტს შორის არის განაწილებული. პასუხისმგებელი დამფინანსებელი განისაზღვრება რეაბილიტაციის მიზნისა და ჯანმრთელობის პრობლემის გამომწვევი მიზეზის მიხედვით. სამუშაო ასაკის პირისთვის, რომლის შრომისუნარიანობას დაავადება ან შეზღუდული შესაძლებლობა ემუქრება, სამედიცინო რეაბილიტაცია შეიძლება დაფინანსდეს საპენსიო დაზღვევის მიერ. ჯანმრთელობის დაზღვევა ძირითადად პასუხისმგებელია იმ შემთხვევებზე, როდესაც რეაბილიტაციის მთავარი მიზანი ჯანმრთელობისა და ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, ხოლო სამუშაოსთან დაკავშირებული დაზიანების შემთხვევაში მომსახურება უბედური შემთხვევების დაზღვევის სისტემაში ექცევა (Federal Government of Germany, 2022). გერმანიის გამოცდილების მთავარი უპირატესობა რეაბილიტაციის სოციალური დაცვის სისტემაში ინსტიტუციური ინტეგრაციაა. დაფინანსება მხოლოდ დიაგნოზზე არ არის დამოკიდებული და შეიძლება უკავშირდებოდეს ფუნქციურ მდგომარეობას, დამოუკიდებლობასა და შრომისუნარიანობის შენარჩუნებას. ამასთან, მრავალი დამფინანსებლის არსებობამ შეიძლება წარმოშვას პასუხისმგებლობის განაწილებისა და სხვადასხვა სექტორს შორის კოორდინაციის სირთულე. საქართველოსთვის გერმანული მოდელის სრულად გადმოტანა რეალისტური არ არის, თუმცა შესაძლებელია მისი ძირითადი პრინციპის გამოყენება: რეაბილიტაციის დაფინანსება უნდა განიხილებოდეს როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია ფუნქციური დამოუკიდებლობის, სოციალური მონაწილეობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნებაში და არა მხოლოდ როგორც მოკლევადიანი სამედიცინო ხარჯი. საფრანგეთში ხანგრძლივი და მაღალი დანახარჯის მქონე დაავადებების ფინანსური დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმია Affection de longue durée (ALD). სისტემა მოიცავს წინასწარ განსაზღვრულ დაავადებებს, სიაში არშეტანილ მძიმე ქრონიკულ მდგომარეობებსა და რამდენიმე დაავადების ერთობლიობით გამოწვეულ ფუნქციურ შეზღუდვებს. ALD-სთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებები ანაზღაურდება სოციალური დაზღვევის ოფიციალური ტარიფის 100%-ით, თუმცა ოფიციალურ ტარიფს ზემოთ დაწესებული საფასური და ზოგიერთი ფიქსირებული გადასახადი შესაძლოა პაციენტის გადასახდელი დარჩეს (Service-Public.fr, 2025). საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა ALD 31-ის მიდგომა, რომელიც საშუალებას იძლევა დაფინანსება მიიღოს პაციენტმა მაშინაც, როდესაც დაავადება წინასწარ განსაზღვრულ სიაში არ არის, მაგრამ გრძელდება ექვს თვეზე მეტი ხნით, მოითხოვს ძვირადღირებულ მკურნალობას და დაკავშირებულია ხშირ სამედიცინო ან პარამედიკურ მომსახურებასთან. ეს მიდგომა იშვიათი დაავადებების დაფინანსებისთვის უფრო მოქნილია, ვიდრე მხოლოდ დახურულ დიაგნოსტიკურ სიაზე დაფუძნებული მოდელი. საფრანგეთის გამოცდილება მიუთითებს, რომ საქართველოს პროგრამაში შეიძლება არსებობდეს გამონაკლისის მექანიზმი იმ იშვიათი ნევროლოგიური დაავადებებისთვის, რომლებიც წინასწარ განსაზღვრულ ჩამონათვალში არ შედის. დაფინანსების გადაწყვეტილება ასეთ შემთხვევაში უნდა ეფუძნებოდეს მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებას, დაავადების ხანგრძლივობას, ფუნქციური შეზღუდვის სიმძიმეს, მომსახურების საჭირო სიხშირესა და მოსალოდნელ ფინანსურ ტვირთს. შვედეთის ჯანდაცვის სისტემა დეცენტრალიზებულია: მომსახურების მართვასა და რესურსების განაწილებაში მონაწილეობენ რეგიონები და მუნიციპალიტეტები. რეგიონები ძირითადად უზრუნველყოფენ სამედიცინო და სპეციალიზებულ მომსახურებას, ხოლო მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოებასა და პაციენტის საცხოვრებელ გარემოში მოვლისა და მხარდაჭერის მიწოდებაში. ფიზიოთერაპევტები და ოკუპაციური თერაპევტები წარმოდგენილი არიან პირველადი ჯანდაცვის მომსახურებებშიც (National Board of Health and Welfare, 2020). დეცენტრალიზებული მოდელის უპირატესობა მომსახურების პაციენტთან დაახლოების შესაძლებლობაა. ამავდროულად, ადგილობრივად განსხვავებული რესურსები და პრიორიტეტები შეიძლება რეგიონებს შორის ხელმისაწვდომობისა და მომსახურების მოცულობის განსხვავებას იწვევდეს. შესაბამისად, დეცენტრალიზაციას უნდა ახლდეს ეროვნული ხარისხის სტანდარტები, მომსახურების მინიმალური პაკეტი, საერთო კლინიკური გზები და შედეგების მონიტორინგი. საქართველოსთვის შვედეთის გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული და საზოგადოებაზე დაფუძნებული რეაბილიტაციის განვითარების თვალსაზრისით. ყველა რეგიონში სრულად სპეციალიზებული ცენტრის შექმნის ნაცვლად შესაძლებელია საფეხურებრივი ქსელის ჩამოყალიბება: ეროვნული ან რეგიონული საექსპერტო ცენტრი უზრუნველყოფს დიაგნოზთან დაკავშირებულ სპეციალიზებულ ცოდნასა და ინდივიდუალური გეგმის შედგენას, ხოლო მომსახურების შესაბამისი ნაწილი პაციენტის საცხოვრებელთან ახლოს, ადგილობრივი გუნდისა და ტელერეაბილიტაციის მხარდაჭერით განხორციელდება. დისკუსია წინამდებარე ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოში რეაბილიტაციის სახელმწიფო დაფინანსების მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება, თუმცა იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების საჭიროებები მოქმედ პროგრამებში კვლავ არასრულად არის ასახული. არსებული მოდელი ძირითადად ორიენტირებულია მწვავე ნევროლოგიური დაზიანებების, მათ შორის ინსულტისა და თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომ ფუნქციურ აღდგენაზე. ასეთი მიდგომა ნაკლებად შეესაბამება იშვიათი გენეტიკური, დეგენერაციული და ნეირომუსკულური დაავადებების მიმდინარეობას, რომელთა დროსაც რეაბილიტაციის მიზანი ხშირად არა დაკარგული ფუნქციის სრულად აღდგენა, არამედ არსებული შესაძლებლობების შენარჩუნება, ფუნქციური დაქვეითების შენელება და მეორეული გართულებების პრევენციაა. საქართველოს პროგრამის დიაგნოზზე დაფუძნებული მოცვა ქმნის რისკს, რომ სარეაბილიტაციო მომსახურების მიღმა დარჩნენ ადამიანები, რომელთაც მნიშვნელოვანი ფუნქციური შეზღუდვა აქვთ, მაგრამ მათი მდგომარეობა პროგრამით განსაზღვრულ დიაგნოსტიკურ ჩამონათვალში არ შედის. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იშვიათი დაავადებების შემთხვევაში, რადგან მრავალი მდგომარეობის დაბალი გავრცელების გამო ყველა დიაგნოზის წინასწარ ჩამოთვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, რეაბილიტაციის საჭიროების შეფასება მხოლოდ დიაგნოზს არ უნდა ეფუძნებოდეს. აუცილებელია ფუნქციური მდგომარეობის, ყოველდღიური საქმიანობის შეზღუდვის, დაავადების პროგრესირების, მოვლის საჭიროებისა და სოციალური მონაწილეობის შეფასებაც. ფუნქციურ საჭიროებაზე დაფუძნებული მიდგომა შეესაბამება რეაბილიტაციის თანამედროვე კონცეფციას, რომლის მიხედვითაც მომსახურების მიზანია ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გარემო პირობებს შორის ურთიერთქმედებით გამოწვეული ფუნქციური შეზღუდვების შემცირება. რეაბილიტაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი არა მხოლოდ მწვავე ეპიზოდის შემდეგ, არამედ ადამიანის ცხოვრების მთელი პერიოდის განმავლობაში, როდესაც იგი საჭიროა დამოუკიდებლობისა და ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნებლად (Cieza et al., 2020; World Health Organization [WHO], 2024). დიაგნოზზე დაფუძნებული დაფინანსებიდან ფუნქციურ საჭიროებაზე დაფუძნებულ მოდელამდე მოქმედ პროგრამაში დიაგნოზის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული დროითი შეზღუდვა გასაგებია მწვავე მდგომარეობის შემდგომი რეაბილიტაციის კონტექსტში, როდესაც ადრეულ ინტერვენციას ფუნქციური აღდგენის მაღალი პოტენციალი აქვს. თუმცა მსგავსი კრიტერიუმი ნაკლებად შეესაბამება ქრონიკულ და პროგრესირებად ნევროლოგიურ დაავადებებს. ასეთ შემთხვევებში პაციენტს რეაბილიტაცია შეიძლება დიაგნოზის დასმიდან მრავალი წლის შემდეგაც დასჭირდეს, ხოლო მომსახურების საჭიროება დაავადების პროგრესირებასთან ერთად გაიზარდოს. ამიტომ იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების რეაბილიტაციის დაფინანსება მიზანშეწონილია დაეფუძნოს პერიოდულ მულტიდისციპლინურ შეფასებას. შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მოძრაობა, თვითმომსახურება, კომუნიკაცია, ყლაპვა, კოგნიტური ფუნქციები, ყოველდღიურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, დამხმარე საშუალებების საჭიროება და ოჯახის წევრებზე ზრუნვის ტვირთი. ასეთი მიდგომა შესაძლებელს გახდის მომსახურების ინტენსივობისა და შემადგენლობის პაციენტის ინდივიდუალურ მდგომარეობასთან დაკავშირებას. გადასახედია შემდგომი კურსის დაფინანსების მხოლოდ გაზომვად გაუმჯობესებასთან დაკავშირებაც. პროგრესირებადი დაავადებების შემთხვევაში ფუნქციური სტაბილიზაცია შეიძლება კლინიკურად მნიშვნელოვან წარმატებად ჩაითვალოს. სათანადო რეაბილიტაციის გარეშე მოსალოდნელი გაუარესების შეფერხება, კონტრაქტურების პრევენცია, დაცემის რისკის შემცირება, კომუნიკაციის შენარჩუნება ან ოჯახის დახმარებაზე დამოკიდებულების ზრდის შეფერხება მნიშვნელოვან შედეგებს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციური შეფასების საერთო ქულა შეიძლება არ გაუმჯობესდეს. ფორმალური დაფინანსება და რეალური ხელმისაწვდომობა სახელმწიფო პროგრამით მომსახურების ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება თავისთავად არ ნიშნავს, რომ პაციენტს რეაბილიტაციაზე რეალური წვდომა აქვს. ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია არა მხოლოდ სამედიცინო მომსახურების საფასურზე, არამედ ტრანსპორტირების, დროებითი საცხოვრებლის, კვების, მომვლელის თანხლებისა და დამხმარე საშუალებების ხარჯებზეც. დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ფინანსური და სატრანსპორტო დანახარჯები რეაბილიტაციის გამოყენების ერთ-ერთ მთავარ ბარიერად არის აღიარებული (Bright et al., 2018). აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, რომელთაც მოძრაობის მნიშვნელოვანი შეზღუდვის გამო დამოუკიდებლად გადაადგილება ხშირად არ შეუძლიათ. რეგიონში შესაბამისი სერვისის არარსებობის შემთხვევაში მომსახურების მისაღებად შესაძლოა საჭირო გახდეს როგორც პაციენტის, ისე ოჯახის წევრის რამდენიმე დღით სხვა ქალაქში დარჩენა. ამგვარად, სახელმწიფო პროგრამის პირობებში თანაგადახდის შემცირება მხოლოდ ნაწილობრივ გადაჭრის პრობლემას, თუ მას არ ახლავს ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და მოწყვლადი ჯგუფებისთვის დამატებითი ხარჯების მხარდაჭერა. პოლიტიკის დაგეგმვისას მიზანშეწონილია შეფასდეს პაციენტის მიერ რეაბილიტაციის მიღებასთან დაკავშირებული მთლიანი დანახარჯი. განსაკუთრებით მძიმე ფუნქციური შეზღუდვისა და დაბალი სოციალური მდგომარეობის მქონე პირებისთვის შეიძლება დაინერგოს ტრანსპორტირების ვაუჩერი, რეგიონული საცხოვრებლის მხარდაჭერა ან სახლის პირობებში გარკვეული მომსახურებების დაფინანსება. ცენტრალიზებული მომსახურება და რეგიონული უთანასწორობა საქართველოში სპეციალიზებული რეაბილიტაციის დიდ ქალაქებში კონცენტრაცია ნაწილობრივ განპირობებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შეზღუდული რაოდენობით. იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების შემთხვევაში ყველა მუნიციპალიტეტში სრულად დაკომპლექტებული სპეციალიზებული გუნდის შექმნა ეკონომიკურად და ორგანიზაციულად ნაკლებად რეალისტურია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომსახურება მხოლოდ თბილისში ან რამდენიმე დიდ ქალაქში უნდა იყოს შესაძლებელი. საერთაშორისო გამოცდილება მიუთითებს საფეხურებრივი ქსელის უპირატესობაზე, რომელშიც მაღალი კომპლექსურობის შეფასება და მკურნალობის გეგმის შედგენა სპეციალიზებულ ცენტრში ხორციელდება, ხოლო გეგმის ნაწილი რეგიონულ ან ადგილობრივ დონეზე სრულდება. ასეთი მოდელი შეიძლება აერთიანებდეს ეროვნულ საექსპერტო ცენტრს, რამდენიმე რეგიონულ სარეაბილიტაციო ჰაბს, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, სახლის პირობებში მომსახურებასა და ტელერეაბილიტაციას. ცენტრალური საექსპერტო გუნდის ფუნქცია უნდა მოიცავდეს დიაგნოზთან დაკავშირებული სპეციალიზებული ცოდნის მიწოდებას, ინდივიდუალური გეგმის შედგენას, რეგიონული სპეციალისტების კონსულტირებას და რთული შემთხვევების პერიოდულ შეფასებას. ადგილობრივ დონეზე შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური აქტივობის პროგრამა, პაციენტისა და ოჯახის განათლება, ყოველდღიური აქტივობების სწავლება, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ფუნქციური მდგომარეობის მონიტორინგი. ადამიანური რესურსები და რეაბილიტაციის შინაარსი საქართველოში რეაბილიტაციის სფეროს გაძლიერება მხოლოდ დაფინანსების გაზრდით შეუძლებელია. მომსახურების გაფართოებამ შესაბამისი ადამიანური რესურსების განვითარების გარეშე შეიძლება გაზარდოს ლოდინის დრო, სამუშაო დატვირთვა და ხარისხის განსხვავებები. რეაბილიტაციის ექიმთა შედარებით მცირე რაოდენობა მიუთითებს პროფესიული რესურსის შეზღუდულობაზე, თუმცა პრობლემის სრულად შესაფასებლად საჭიროა ინფორმაცია სპეციალისტთა რეგიონული განაწილების, დასაქმების ადგილისა და სამუშაო დატვირთვის შესახებ (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2025). განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმ პროფესიულ ჯგუფებს, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ არასაკმარისად არის განვითარებული. იშვიათი ნევროლოგიური დაავადებების რეაბილიტაცია არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშებით. პაციენტს შეიძლება დასჭირდეს ოკუპაციური თერაპია ყოველდღიურ საქმიანობაში დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, მეტყველებისა და ყლაპვის თერაპია კომუნიკაციისა და კვების უსაფრთხოებისათვის, ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია კოგნიტური ცვლილებების სამართავად და სოციალური მუშაკის დახმარება სოციალურ მომსახურებებთან დასაკავშირებლად. შესაბამისად, აუცილებელია პროფესიული განათლებისა და უწყვეტი გადამზადების პროგრამების გაფართოება, კომპეტენციების სტანდარტების განსაზღვრა და რეგიონებში სპეციალისტთა დასაქმების სტიმულირება. მცირე გავრცელების დაავადებების შესახებ ყველა სპეციალისტის ღრმა ცოდნა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა საექსპერტო ცენტრებსა და რეგიონულ გუნდებს შორის კონსულტაციისა და ცოდნის გაზიარების სტრუქტურირებული სისტემა. ტელერეაბილიტაციის როლი ტელერეაბილიტაცია შეიძლება გახდეს საქართველოს რეგიონული უთანასწორობის შემცირების ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა იგი არ უნდა განიხილებოდეს პირისპირ მომსახურების სრულ შემცვლელად. მისი უპირატესობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა პაციენტის განათლების, სავარჯიშოების ზედამხედველობის, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის, ფუნქციური მდგომარეობის მონიტორინგისა და ოჯახის წევრთა კონსულტირების მიმართულებით. საერთაშორისო მიმოხილვები მიუთითებს, რომ ტელერეაბილიტაცია რიგ შემთხვევებში კლინიკური შედეგებით პირისპირ მომსახურებასთან შედარებადია და შესაძლოა შეამციროს მოგზაურობასთან დაკავშირებული ხარჯები, თუმცა ეკონომიკური და კლინიკური მტკიცებულებები დიაგნოზების მიხედვით განსხვავდება (Del Pino et al., 2022; Seron et al., 2021). ამიტომ საქართველოში ფართომასშტაბიან დანერგვამდე მიზანშეწონილია პილოტური პროგრამის განხორციელება. პილოტი უნდა ეფუძნებოდეს ჰიბრიდულ მოდელს, რომლის დროსაც საწყისი შეფასება და მაღალი რისკის მქონე ინტერვენციები პირისპირ ჩატარდება, ხოლო უსაფრთხოდ დისტანციურად მისაწოდებელი კომპონენტები ტელერეაბილიტაციის ფორმით განხორციელდება. პროგრამის შეფასება უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ მონაწილეთა რაოდენობას, არამედ ფუნქციურ შედეგებს, უსაფრთხოებას, კურსის დასრულების მაჩვენებელს, პაციენტის გამოცდილებას, შემცირებულ მგზავრობასა და ერთ პაციენტზე გაწეულ დანახარჯს. საერთაშორისო გამოცდილების გამოყენების შესაძლებლობები გერმანიის, საფრანგეთისა და შვედეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსური და ორგანიზაციული მოდელის ფარგლებში. საერთო განმსაზღვრელია არა ერთი კონკრეტული დაფინანსების წყარო, არამედ რეაბილიტაციის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემის აუცილებელ კომპონენტად აღიარება. გერმანიის გამოცდილებიდან საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის დაკავშირება ფუნქციური დამოუკიდებლობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნებასთან. ასეთ შემთხვევაში რეაბილიტაციაზე დანახარჯი განიხილება როგორც მომავალი სოციალური და ეკონომიკური დანაკარგების შემცირების საშუალება. საფრანგეთის მოდელიდან ადაპტირებადი შეიძლება იყოს იმ მძიმე ქრონიკული დაავადებების დაფინანსების მექანიზმი, რომლებიც წინასწარ განსაზღვრულ ჩამონათვალში არ შედის. საქართველოს პროგრამაში ინდივიდუალური გამონაკლისის მექანიზმი საშუალებას მისცემდა იშვიათი დაავადების მქონე პაციენტს, მომსახურება მიეღო ფუნქციური შეზღუდვისა და მაღალი ფინანსური ტვირთის საფუძველზე. შვედეთის გამოცდილება ხაზს უსვამს რეგიონულ და საზოგადოებაზე დაფუძნებული რეაბილიტაციის მნიშვნელობას. საქართველოს პირობებში მისი გამოყენება შეიძლება სპეციალიზებულ და ადგილობრივ დონეებს შორის ფუნქციების განაწილებით, თუმცა აუცილებელია მომსახურების ეროვნული მინიმალური სტანდარტები, რათა დეცენტრალიზაციამ რეგიონული განსხვავებები არ გააღრმაოს. პოლიტიკის შესაძლო მიმართულებები ანალიზის საფუძველზე საქართველოს რეაბილიტაციის პოლიტიკის განვითარება რამდენიმე ეტაპობრივ მიმართულებას შეიძლება დაეფუძნოს. პირველ ეტაპზე მიზანშეწონილია არსებული სახელმწიფო პროგრამის გაფართოება ფუნქციური საჭიროების საფუძველზე შერჩეული იშვიათი და პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. პროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მულტიდისციპლინურმა გუნდმა სტანდარტიზებული ფუნქციური შეფასების საფუძველზე. მეორე ეტაპზე უნდა შეიქმნას ინდივიდუალური რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც განსაზღვრავს მიზნებს, მომსახურების შემადგენლობას, სიხშირეს, განხორციელების ადგილს და შედეგების შეფასების პერიოდს. შედეგები უნდა მოიცავდეს ფუნქციური გაუმჯობესების გარდა მდგომარეობის სტაბილიზაციას, გართულებების პრევენციას, პაციენტის დამოუკიდებლობასა და სოციალური მონაწილეობის შენარჩუნებას. მესამე მიმართულებაა საფეხურებრივი რეგიონული ქსელისა და ტელერეაბილიტაციის პილოტური პროგრამების განვითარება. ეს შესაძლებელს გახდის მაღალი სპეციალიზაციის რესურსის ცენტრალიზებულად შენარჩუნებას და ამავე დროს მომსახურების პაციენტის საცხოვრებელთან მიახლოებას. პროგრამის გაფართოება ეტაპობრივი უნდა იყოს და თან ახლდეს ხარჯების, გამოყენების, თანასწორობისა და შედეგების მონიტორინგი. საწყის ეტაპზე შეიძლება შეირჩეს დაავადებათა ან ფუნქციური საჭიროებების შეზღუდული ჯგუფი, რამდენიმე პროვაიდერი და რეგიონი. პილოტის შედეგების საფუძველზე შესაძლებელი იქნება მომსახურების პაკეტის, ტარიფებისა და ჩართვის კრიტერიუმების შემდგომი კორექტირება. ამრიგად, საქართველოსთვის ყველაზე რეალისტური მოდელი არ არის რომელიმე ევროპული სისტემის პირდაპირი კოპირება. უფრო მიზანშეწონილია არსებული სახელმწიფო პროგრამის ეტაპობრივი განვითარება, ფუნქციურ საჭიროებაზე დაფუძნებული ჩართვის, მულტიდისციპლინური შეფასების, რეგიონული ქსელის, ტელერეაბილიტაციისა და მოწყვლადი ოჯახების ფინანსური დაცვის გაერთიანებით. დასკვნა საქართველოში რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის განვითარება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა მოქმედი მოდელი ძირითადად ინსულტისა და თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომ რეაბილიტაციაზეა ორიენტირებული და სრულად ვერ პასუხობს იშვიათი, ქრონიკული და პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტთა საჭიროებებს. ძირითადი გამოწვევებია პროგრამული მოცვის შეზღუდულობა, ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერები, სპეციალისტების დეფიციტი და მომსახურების არასაკმარისი კოორდინაცია. ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში რეაბილიტაციის ეფექტიანობა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ ფუნქციური გაუმჯობესებით, არამედ მდგომარეობის სტაბილიზაციით, გართულებების პრევენციითა და პაციენტის დამოუკიდებლობის შენარჩუნებით. საქართველოსთვის მიზანშეწონილია არსებული სახელმწიფო პროგრამის ეტაპობრივი გაფართოება ფუნქციურ საჭიროებაზე დაფუძნებული ჩართვის, ინდივიდუალური რეაბილიტაციის გეგმის, რეგიონული ქსელისა და ტელერეაბილიტაციის განვითარებით. პოლიტიკის რეკომენდაციები სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ დიაგნოზს, არამედ პაციენტის ფუნქციური შეზღუდვის სიმძიმესა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის საჭიროებას. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მულტიდისციპლინურმა გუნდმა სტანდარტიზებული შეფასების საფუძველზე. თითოეული პაციენტისთვის უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური რეაბილიტაციის გეგმა, რომელშიც განისაზღვრება მომსახურების მიზნები, ინტერვენციები, სიხშირე და შედეგების შეფასების კრიტერიუმები. პროგრესირებადი დაავადებების შემთხვევაში დაფინანსების გაგრძელების საფუძველი შეიძლება იყოს ფუნქციური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუარესების შეფერხება. მიზანშეწონილია საფეხურებრივი სარეაბილიტაციო ქსელის განვითარება, რომელიც გააერთიანებს სპეციალიზებულ ცენტრებს, რეგიონულ მომსახურებებს, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და ტელერეაბილიტაციას. ეს შეამცირებს რეგიონებში მცხოვრები პაციენტების გადაადგილებასთან დაკავშირებულ ბარიერებს. მოწყვლადი პაციენტებისთვის უნდა გაძლიერდეს ფინანსური დაცვა, მათ შორის ტრანსპორტირების, დამხმარე საშუალებებისა და სახლის პირობებში მომსახურების მხარდაჭერით. ასევე აუცილებელია რეაბილიტაციის სპეციალისტების პროფესიული მომზადება და მათი რეგიონებში დასაქმების ხელშეწყობა. პროგრამის გაფართოება უნდა განხორციელდეს პილოტურად და ეტაპობრივად. მონიტორინგმა უნდა შეაფასოს მომსახურების გამოყენება, ფუნქციური შედეგები, პაციენტთა კმაყოფილება, რეგიონული თანასწორობა და საბიუჯეტო გავლენა. გამოყენებული ლიტერატურა საქართველოს მთავრობა. (2013). საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ (საქართველოს მთავრობის დადგენილება №36). საქართველოს მთავრობა. (2022). „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (საქართველოს მთავრობის დადგენილება №522). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2025). ექიმები სპეციალობების მიხედვით, 2006–2024. საქსტატი. Bright, T., Wallace, S., & Kuper, H. (2018). A systematic review of access to rehabilitation for people with disabilities in low- and middle-income countries. International Journal of Environmental Research and Public Health, 15(10), 2165. doi:10.3390/ijerph15102165. Bowen, G. A. (2009). Document analysis as a qualitative research method. Qualitative Research Journal, 9(2), 27–40. https://doi.org/10.3316/QRJ0902027 Cieza, A., Causey, K., Kamenov, K., Hanson, S. W., Chatterji, S., & Vos, T. (2020). Global estimates of the need for rehabilitation based on the Global Burden of Disease Study 2019: A systematic analysis for the Global Burden of Disease Study 2019. The Lancet, 396(10267), 2006–2017. doi:10.1016/S0140-6736(20)32340-0. Del Pino, R., Díez-Cirarda, M., Ustarroz-Aguirre, I., Gonzalez-Larragan, S., Caprino, M., Busnatu, S., Gand, K., Schlieter, H., Gabilondo, I., & Gómez-Esteban, J. C. (2022). Costs and effects of telerehabilitation in neurological and cardiological diseases: A systematic review. Frontiers in Medicine, 9, 832229. doi:10.3389/fmed.2022.832229. Federal Government of Germany. (2022). Apply for medical rehabilitation at the expense of pension insurance. Federal Administration Portal. National Board of Health and Welfare. (2020). About the Swedish healthcare system. Socialstyrelsen. Reinhard, C., Bachoud-Lévi, A.-C., Bäumer, T., Bertini, E., Brunelle, A., Buizer, A. I., Federico, A., Gasser, T., Groeschel, S., Hermanns, S., Klockgether, T., Krägeloh-Mann, I., Landwehrmeyer, G. B., Leber, I., Macaya, A., Mariotti, C., Meissner, W. G., Molnar, M. J., Nonnekes, J., … Graessner, H. (2021). The European Reference Network for Rare Neurological Diseases. Frontiers in Neurology, 11, 616569. doi:10.3389/fneur.2020.616569. Seron, P., Oliveros, M. J., Gutierrez-Arias, R., Fuentes-Aspe, R., Torres-Castro, R., Merino-Osorio, C., Nahuelhual, P., Inostroza, J., Jalil, Y., Solano, R., Marzuca-Nassr, G. N., Aguilera-Eguía, R., Lavados-Romo, P., Soto-Rodríguez, F. J., Sabelle, C., Villarroel-Silva, G., Gomolán, P., Huaiquilaf, S., & Sanchez, P. (2021). Effectiveness of telerehabilitation in physical therapy: A rapid overview. Physical Therapy, 101(6), pzab053. doi:10.1093/ptj/pzab053. Service-Public.fr. (2025). Management of a long-term illness (ALD) by health insurance. French Government. Snyder, H. (2019). Literature review as a research methodology: An overview and guidelines. Journal of Business Research, 104, 333–339. https://doi.org/10.1016/j.jbusres.2019.07.039 World Health Organization, & International Telecommunication Union. (2022). WHO–ITU global standard for accessibility of telehealth services. World Health Organization. World Health Organization. (2023). Package of interventions for rehabilitation: Module 1: Introduction. World Health Organization. World Health Organization. (2023). Intersectoral global action plan on epilepsy and other neurological disorders 2022–2031. World Health Organization. World Health Organization. (2024, April 22). Rehabilitation. World Health Organization. World Health Organization. (2025). Using the package of interventions for rehabilitation in Georgia. World Health Organization. World Health Organization. (2025a). Turning telemedicine into a core health-care service in Georgia. WHO Regional Office for Europe. |