ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
ჟურნალი ნომერი 3 ∘
მედეა ზურაბიშვილი ∘
ESG ანგარიშგების მარწმუნებელი მომსახურება საქართველოში: მარეგულირებელი გარემო, აუდიტორული სექტორის მზაობა და გამოწვევები
DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.03.16
ანოტაცია.გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრაციამ კორპორაციულ ანგარიშგებაში გაზარდა მდგრადობასთან დაკავშირებული ინფორმაციის სანდოობის მნიშვნელობა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა არა მხოლოდ ESG ინფორმაციის გამჟღავნება, არამედ მისი დამოუკიდებელი მარწმუნებელი მომსახურებით დადასტურებაც, რაც სულ უფრო მეტად უკავშირდება კომპანიების დაფინანსებაზე წვდომას, ინვესტორებთან ურთიერთობასა და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვში მონაწილეობას ნაშრომის მიზანია საქართველოში ESG ანგარიშგების მარწმუნებელი მომსახურების მარეგულირებელი გარემოს შეფასება, აუდიტორული სექტორის პროფესიული მზაობის ანალიზი და ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირება. კვლევა ეფუძნება ევროკავშირის, IFRS-ისა და IAASB-ის მარეგულირებელი დოკუმენტების, საქართველოს ეროვნული ბანკისა და SARAS-ის მასალების, აგრეთვე აკადემიური ლიტერატურის ანალიზს. შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ESG მარწმუნებელი მომსახურება ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზეა. მის განვითარებას აფერხებს სპეციალიზებული ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობა, ბაზრის შეზღუდული მოთხოვნა და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის საჭიროება. ამ ვითარებაში აუცილებელია, ISSA 5000-ის დანერგვასთან ერთად, გაძლიერდეს პროფესიული კომპეტენციები, გაუმჯობესდეს ESG მონაცემთა ხარისხი და მათი მატერიალურობის შეფასების მეთოდები, ასევე უზრუნველყოფილ იქნას მარეგულირებელი ინსტიტუტების კოორდინირებული მოქმედება. საკვანძო სიტყვები: ESG ანგარიშგება; მდგრადობის ანგარიშგება; მარწმუნებელი მომსახურება; აუდიტი; აუდიტორული სექტორი; საქართველო. შესავალი კორპორაციული ანგარიშგების მიმართ თანამედროვე მოთხოვნები სცდება მხოლოდ ფინანსური შედეგების წარდგენას: ინვესტორები, კრედიტორები და სხვა დაინტერესებული მხარეები კომპანიების შეფასებისას სულ უფრო მეტად ითვალისწინებენ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით ფაქტორებს, რაც ზრდის მოთხოვნას ხარისხიან და სანდო ინფორმაციაზე, მაგრამ ზრდის მათი გადაჭარბებული ან შერჩევითი წარმოჩენის, მათ შორის „greenwashing“-ის, რისკსაც. ამ პირობებში დამოუკიდებელი მარწმუნებელი მომსახურება ESG ინფორმაციის სანდოობის მთავარი მექანიზმია: ის ამცირებს ინფორმაციულ ასიმეტრიას და ზრდის დაინტერესებული მხარეების ნდობას (Simnett et al., 2009; Cohen & Simnett, 2015). საქართველოსთვის ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია: ინსტიტუციური ჩარჩო ბოლო წლებში ვითარდება, თუმცა ESG ინფორმაციის დამოუკიდებელი დამოწმება ჯერ ფართოდ გავრცელებული არ არის (Pirveli & Thompson, 2022), ხოლო ფინანსურ სექტორში ESG მოთხოვნების გაძლიერება ზრდის მოთხოვნას მდგრადობის მონაცემების ხარისხზე (National Bank of Georgia, 2020). შესაბამისად, ნაშრომის ძირითადი კვლევითი კითხვაა: რამდენად არის მზად საქართველოს აუდიტორული სექტორი ESG მარწმუნებელი მომსახურების ეფექტიანად განსახორციელებლად, მარეგულირებელი გარემოს, პროფესიული მზაობისა და განვითარების ბარიერების კუთხით? ლიტერატურის მიმოხილვა ESG ინფორმაციის ზრდასთან ერთად მისი სანდოობის საკითხი ცენტრალურ პრობლემად იქცა, ხოლო მარწმუნებელი მომსახურება დაინტერესებულ მხარეებს აძლევს საფუძველს, კომპანიის არაფინანსური ინფორმაცია სანდო და დამოუკიდებლად გადამოწმებულად მიიჩნიონ. მისი პროფესიული ლეგიტიმაცია დამოკიდებულია გამოყენებული მეთოდოლოგიისა და პრაქტიკოსის დამოუკიდებლობის ხარისხზე (O\\\\'Dwyer et al., 2011); ბაზარზე მონაწილეობენ როგორც ტრადიციული აუდიტორული ფირმები, ისე სპეციალიზებული საკონსულტაციო ორგანიზაციები, რაც აუდიტის უნარებთან ერთად მდგრადობის, კლიმატისა და სოციალურ-მმართველობითი საკითხების ცოდნასაც მოითხოვს (Farooq & De Villiers, 2017). ევროპული გამოცდილება აჩვენებს, რომ რეგულირების გამკაცრება მნიშვნელოვნად ცვლის კომპანიების ანგარიშგების პრაქტიკასა და აუდიტორული სექტორის კომპეტენციების მოთხოვნებს. Krasodomska et al. (2020) პოლონეთის მაგალითზე აჩვენებენ, რომ პროფესიული ცოდნის დონე ESG/CSR საკითხებში თავდაპირველად შეზღუდული იყო და მზაობაზე გამოცდილების ხანგრძლივობაზე მეტად მიზნობრივი ტრენინგები მოქმედებდა, ხოლო Zarzycka and Krasodomska (2021) მიუთითებენ, რომ არაფინანსური KPI-ების ხარისხისა და რაოდენობის განსხვავებები გამჟღავნების პრაქტიკის მრავალფეროვნებას უკავშირდება, ამიტომ საჭიროა არა მხოლოდ პროფესიონალი აუდიტორი, არამედ მკაფიო საგანი, კრიტერიუმები და მეთოდოლოგია. Pirveli and Thompson (2022) დაახლოებით 100 კომპანიის 2018–2020 წლების მონაცემებზე დაყრდნობით აჩვენებენ, რომ საქართველოში მდგრადობის ანგარიშგების პრაქტიკა ჯერ ადრეულ ეტაპზეა: საშუალო დონე 33%-ს შეადგენდა, არსებობდა მნიშვნელოვანი სექტორული განსხვავებები და მესამე მხარის დამოწმება შეზღუდულად იყო გავრცელებული. საქართველოს ფინანსურ სექტორში ESG სტანდარტების დანერგვაზე ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ მისი განვითარება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მარეგულირებელ მოთხოვნებსა და პროფესიულ მზაობაზე (Zurabishvili et al., 2026), ხოლო მდგრადი დაფინანსების ინსტრუმენტების განვითარება ზრდის ESG მონაცემების მნიშვნელობას კომპანიების დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობისთვის (Zurabishvili, 2026). ESG მარწმუნებელი მომსახურების მარეგულირებელი გარემო: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს რეალობა ESG ანგარიშგების საერთაშორისო არქიტექტურა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა: ევროკავშირის CSRD ითვალისწინებს მდგრადობის ინფორმაციის მარწმუნებელ მომსახურებას, თავდაპირველად შეზღუდული, შემდგომში კი გონივრული რწმუნების მიმართულებით (European Parliament & Council of the European Union, 2022), ხოლო მასთან დაკავშირებული ESRS და EU Taxonomy 2015 წლის TCFD-ის მმართველობის, სტრატეგიის, რისკებისა და საკვანძო მაჩვენებლების ჩარჩოზეა აგებული (Sabauri & Kvatashidze, 2023). გლობალურ დონეზე IFRS Foundation-ის 2023 წლის IFRS S1/S2 მდგრადობის ფინანსური გამჟღავნების საერთო საფუძველს ქმნის (IFRS Foundation, 2023), ხოლო მარწმუნებელი პრაქტიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს IAASB-ის 2024 წელს დამტკიცებულ ISSA 5000-ს, რომელიც შეზღუდულ და გონივრულ რწმუნებას მოიცავს და სავალდებულო ხდება 2026 წლის 15 დეკემბერს ან მის შემდეგ დაწყებული პერიოდებისთვის (ვადამდელი გამოყენება 2024 წლიდან შესაძლებელი იყო) (IAASB, 2024, 2025). ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია აგრეთვე Accountancy Europe-ის (2022) რეკომენდაციები აუდიტის კომიტეტების ESG ზედამხედველობისა და გრინვოშინგის წინააღმდეგ კონტროლის შესახებ. საქართველოში ანგარიშგებისა და აუდიტის მარეგულირებელი გარემოს ძირითადი საყრდენებია SARAS და საქართველოს ეროვნული ბანკი (NBG). სამართლებრივ საფუძველს ქმნის კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, რომლის მიხედვითაც არაფინანსური ინფორმაციის (ამჟამად — მდგრადობის ანგარიშგების) წარდგენა მმართველობითი ანგარიშგების ნაწილია, თუმცა სავალდებულოა მხოლოდ საზოგადოებრივი დაინტერესების პირისთვის (სდპ), რომელიც პირველი კატეგორიის საწარმოს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და საშუალოდ 500-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს (საქართველოს პარლამენტი, 2016; SARAS, 2025). ქართული კომპანიების ნაწილი ESG ინფორმაციას ნებაყოფლობით აქვეყნებს რეპუტაციული სარგებლისა და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით (Pirveli & Thompson, 2022), ეს საკითხი მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც მნიშვნელოვანია: თუნდაც კონკრეტული ქართული კომპანია ევროკავშირის მოთხოვნებს პირდაპირ არ ექვემდებარებოდეს, მასზე გავლენას ახდენს მსხვილი ევროპული პარტნიორის ESG მოთხოვნები, რასაც კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ევროკომისიის 2026 წლის 3 ივლისის განახლებული ESRS და მცირე კომპანიების ნებაყოფლობითი სტანდარტი, value-chain cap-ის ჩათვლით (European Commission, 2026). SARAS-ის მიერ საერთაშორისო სტანდარტების ეტაპობრივი დანერგვა მნიშვნელოვან ინსტიტუციურ საფუძველს ქმნის: 2025 წელს სამოქმედოდ შემოვიდა IAASB-ის განახლებული საერთაშორისო დოკუმენტები 2023–2024 წლების გამოცემების შესაბამისად (SARAS, 2025), ხოლო სტრატეგიული დოკუმენტები ხაზს უსვამს IFRS მდგრადობის და IAASB-ის ახალი მარწმუნებელი სტანდარტების დანერგვის საჭიროებას (SARAS, 2023). აუდიტორული სექტორის მზაობა საქართველოში ESG მარწმუნებელი მომსახურების პოტენციალის შეფასებისას მნიშვნელოვანია აუდიტორული ბაზრის სტრუქტურა: SARAS-ის 2025 წლის რეესტრის მიხედვით საქართველოში რეგისტრირებული იყო 239 აუდიტორული ფირმა, ხოლო სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის უფლება მხოლოდ 15-ს ჰქონდა (დაახლ. 6%), მათ შორის ოთხივე Big Four ქსელი, საერთაშორისო საშუალო ზომის რვა ქსელი და ორი ადგილობრივი ფირმა (SARAS, 2025). ასეთი კონცენტრაცია ერთი მხრივ ხელს უწყობს ESG მარწმუნებელი მომსახურების სწრაფ განვითარებას, რადგან საერთაშორისო ქსელების ფირმებს გლობალურ მეთოდოლოგიებსა და რესურსებზე წვდომა აქვთ, მეორე მხრივ კი ზრდის ბაზარზე შესვლის ბარიერებს მცირე ფირმებისთვის; სდპ-ის ხარისხის მართვისა და გარიგების ხარისხის მიმოხილვის მოთხოვნები ინფრასტრუქტურას ქმნის, რომელსაც მომავალში ESG მარწმუნებელი მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფაც შეიძლება დაეყრდნოს. საერთაშორისო აუდიტორულ ქსელებში ESG მიმართულება მრავალკომპონენტიან მომსახურებად ჩამოყალიბდა და აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ანგარიშის მომზადებით (BDO, 2026; Deloitte, 2026; EY, 2026; Grant Thornton, 2026; KPMG, 2026; PwC, 2026). ცხრილი 1 ადარებს ექვსი ქსელისა და საქართველოს წარმომადგენლობების ESG მომსახურებებს. ცხრილი 1. აუდიტორული ქსელების ESG მომსახურებების შედარება, სახეობების მიხედვით.
წყარო: ავტორის მიერ შედგენილი ცხრილი აუდიტორული ქსელებისა და საქართველოს წარმომადგენლობების ოფიციალური ვებგვერდების საფუძველზე. ● საერთაშორისო ქსელს აქვს; ○ საქართველოს წარმომადგენლობას აქვს. ცხრილიდან ჩანს, რომ ანგარიშგება, მარწმუნებელი მომსახურება და CSRD/ESRS ექვსივე ქსელის ბირთვს წარმოადგენს, ხოლო ESG მონაცემთა ცალკე მომსახურება მხოლოდ BDO-ს, PwC-სა და EY-ს აქვთ; საქართველოს წარმომადგენლობებზე საჯარო ინფორმაცია მწირია: მხოლოდ BDO, EY, KPMG და Deloitte Georgia ასახელებენ კონკრეტულ ESG მომსახურებას. საქართველოში ამ მიმართულებას მარეგულირებელი ცვლილებებიც უწყობს ხელს: IAASB-მა 2024 წელს დაამტკიცა ISSA 5000, ხოლო 2026 წლის მაისში SARAS-მა მიიღო 2025 წლის ეთიკის კოდექსი, სადაც ეს ცვლილებები უკვე ასახულია (SARAS, 2024, 2026). შესაბამისად, სექტორის მზაობა არა მხოლოდ საკონსულტაციო მომსახურების არსებობაზეა დამოკიდებული, არამედ პროფესიულ კომპეტენციებზე, მონაცემთა ხარისხის კონტროლსა და შიდა კონტროლების სისტემებზეც. ძირითადი გამოწვევები პირველი გამოწვევა მარეგულირებელ მოთხოვნასა და ბაზრის რეალობას შორის ასინქრონულობაა: CSRD-ის ფარგლებში ევროკავშირში მარწმუნებელი მომსახურების მოთხოვნა პროგნოზირებადია, მაშინ როცა საქართველოში ESG მონაცემების დამოწმება ჯერ ძირითადად ნებაყოფლობითია და ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკა არ არის (Pirveli & Thompson, 2022), რაც ამცირებს ფირმების სტიმულს, შექმნან სპეციალიზებული გუნდები და განახორციელონ შესაბამისი ინვესტიციები. შედეგად, აუდიტორული ფირმებისათვის ESG მომსახურების განვითარება შეიძლება გრძელვადიან ინვესტიციად აღიქმებოდეს, რომლის მოკლევადიანი კომერციული სარგებელი ჯერ შეზღუდულია. პირველის (Pirveli, 2020) თანახმად, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ბაზრის მოთხოვნა ფინანსურ ინფორმაციაზე ისტორიულად შეზღუდული იყო, რაც პირდაპირ აისახება არაფინანსური/ESG ინფორმაციის მარწმუნებელ მომსახურებაზე მოთხოვნის ნელ ფორმირებაზეც. მეორე გამოწვევაა სპეციალიზებული ცოდნისა და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის დეფიციტი: ESG მარწმუნებელი მომსახურება აუდიტის ცოდნასთან ერთად მოითხოვს კლიმატის, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების და KPI-ების შეფასების უნარს, ხოლო ერთიანი კრიტერიუმების ნაკლებობა ზრდის პროფესიული განსჯის როლს (Zarzycka & Krasodomska, 2021) და მიზნობრივი ტრენინგების მნიშვნელობას (Krasodomska et al., 2020). პოლონეთის მაგალითი ამას ადასტურებს: PANA-ს 2025 წლის შემოწმებით, სდპ-ის უფლების მქონე 47 ფირმიდან მხოლოდ 16-ს ჰქონდა გაწეული მდგრადობის მარწმუნებელი მომსახურება, ხოლო შემოწმებამ გამოავლინა ინტერპრეტაციისა და კვალიფიკაციის პრობლემები (PANA, 2025). ეს აჩვენებს, რომ რეგულირების გამკაცრება ავტომატურად არ ნიშნავს სრულ მზაობას და პრევენციული მომზადება რეაგირებაზე ეფექტიანია. მესამე გამოწვევაა ESG ინფორმაციის ხარისხისა და greenwashing-ის რისკი: ნებაყოფლობითი გამჟღავნება ტოვებს შერჩევითობის შესაძლებლობას, ამიტომ განვითარებად ბაზარზე დამოუკიდებელ მარწმუნებელ მომსახურებას განსაკუთრებული ღირებულება აქვს, რადგან ხარისხიანი აუდიტი ამცირებს მცდარი წარმოდგენის რისკს (Yahaya, 2026). დასკვნა და რეკომენდაციები კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ESG მარწმუნებელი მომსახურების ინსტიტუციური საფუძვლები ყალიბდება, თუმცა პრაქტიკული ბაზარი ჯერ ადრეულ ეტაპზეა: საერთაშორისო დონეზე CSRD, IFRS S1/S2 და ISSA 5000 მკაფიო ჩარჩოს ქმნის, ხოლო NBG-ისა და SARAS-ის საქმიანობა ამ პროცესებთან დაახლოებას უწყობს ხელს, თუმცა განვითარებას ზღუდავს მოთხოვნის დაბალი დონე, კომპეტენციების დეფიციტი და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის საჭიროება. ISSA 5000-ის ამოქმედება 2026 წლის დეკემბრიდან ამ პროცესს დააჩქარებს, თუმცა პრაქტიკაში გადასატანად საჭიროა ინფრასტრუქტურის შექმნა ოთხი მიმართულებით: SARAS-ის მიერ ISSA 5000-ის ეტაპობრივი დანერგვა, რათა ფირმებმა წინასწარ მოამზადონ პროცედურები და სპეციალისტები; მიზნობრივი სასწავლო პროგრამები მცირე და საშუალო ფირმებისთვის; NBG-სა და SARAS-ს შორის მეთოდოლოგიური კოორდინაცია; და ბაზრის მოთხოვნის სტიმულირება საუკეთესო პრაქტიკის წახალისებით. გამოყენებული ლიტერატურა Accountancy Europe. (2022). ESG governance: Recommendations for audit committees. BDO. (2026). ESG assurance. BDO Global. BDO Georgia. (2026). Sustainable business. BDO Georgia. Cohen, J. R., & Simnett, R. (2015). CSR and assurance services: A research agenda. Auditing: A Journal of Practice & Theory, 34(1), 59–74. https://doi.org/10.2308/ajpt-50876 Deloitte. (2026). Sustainability & emerging assurance. Deloitte Georgia. European Commission. (2026, July 3). Updated ESRS and voluntary standard for small and medium-sized enterprises. European Commission. European Parliament, & Council of the European Union. (2022). Directive (EU) 2022/2464 ... as regards corporate sustainability reporting (CSRD). Official Journal of the European Union, L 322/15. EY. (2026). Sustainability reporting and assurance services. EY Global. Farooq, M. B., & De Villiers, C. (2017). The market for sustainability assurance services: A comprehensive literature review and future avenues for research. Pacific Accounting Review, 29(1), 79–106. https://doi.org/10.1108/PAR-10-2016-0093 Grant Thornton. (2026). Sustainability assurance. Grant Thornton Global. IAASB. (2025). Handbook of International Quality Management, Auditing, Review, Other Assurance, and Related Services Pronouncements, 2025 Edition, Volume III. International Auditing and Assurance Standards Board. IFRS Foundation. (2023). IFRS S1 General requirements for disclosure of sustainability-related financial information & IFRS S2 Climate-related disclosures. International Sustainability Standards Board. KPMG. (2026). ESG. KPMG Georgia. Krasodomska, J., Michalak, J., & Świetla, K. (2020). Directive 2014/95/EU: Accountants\\\\' understanding and attitude towards mandatory non-financial disclosures in corporate reporting. Meditari Accountancy Research, 28(5), 751–779. https://doi.org/10.1108/MEDAR-06-2019-0504 National Bank of Georgia. (2020). ESG reporting and disclosure guide for financial institutions in Georgia. National Bank of Georgia. National Bank of Georgia. (2025). Rule on granting, maintaining and revoking the status of green, social, sustainability and sustainability-linked bonds. National Bank of Georgia. O\\\\'Dwyer, B., Owen, D., & Unerman, J. (2011). Seeking legitimacy for new assurance forms: The case of assurance on sustainability reporting. Accounting, Organizations and Society, 36(1), 31–52. https://doi.org/10.1016/j.aos.2011.01.002 PANA (Polska Agencja Nadzoru Audytowego / Polish Audit Supervision Agency). (2025). Sustainability reporting assurance: Thematic inspections report. Warsaw: PANA. Pirveli, E. (2020). Earnings persistence and predictability within the emerging economy of Georgia. Journal of Financial Reporting and Accounting, 18(3), 563–589. Pirveli, E., & Thompson, P. (2022). ESG indicators of sustainability reporting in emerging Georgia: Application levels, determinants and the impact. In 5th International Conference on Applied Research in Management, Economics and Accounting (pp. 70–102). Barcelona, Spain. PwC. (2026). Sustainability assurance services. PwC Global. Sabauri, L., & Kvatashidze, N. (2023). Sustainability reporting issues. Entrepreneurship and Sustainability Issues, 11(2), 282–289. https://doi.org/10.9770/jesi.2023.11.2(19) SARAS. (2023). Report on the accounting, reporting and auditing sector oversight in Georgia. Service for Accounting, Reporting and Auditing Supervision. SARAS. (2024, November 26). IAASB-მა მდგრადობის მარწმუნებელი საერთაშორისო სტანდარტი (ISSA 5000) დაამტკიცა. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური. SARAS. (2025). აუდიტორული ფირმებისა და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრი [მონაცემთა ბაზა]. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური. https://saras.gov.ge/ka/Companies SARAS. (2026, May 14). Updated auditing standards has been adopted for implementation. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური. Simnett, R., Vanstraelen, A., & Chua, W. F. (2009). Assurance on sustainability reports: An international comparison. The Accounting Review, 84(3), 937–967. https://doi.org/10.2308/accr.2009.84.3.937 Yahaya, O. A. (2026). Audit quality and the reliability of sustainable development goals-related disclosures in Nigeria. Journal of Accounting and Sustainability Studies, 17(02), 771–799. Zarzycka, E., & Krasodomska, J. (2021). Non-financial key performance indicators: What determines the differences in the quality and quantity of the disclosures? Journal of Applied Accounting Research, 23(1), 139–162. https://doi.org/10.1108/JAAR-02-2021-0036 Zurabishvili, M. (2026). Modern financial markets and sustainable finance instruments. European Journal of Humanities and Social Sciences, (1), 9–13. https://doi.org/10.29013/EJHSS-26-1-9-13 Zurabishvili, M., Sesadze, N., & Khorguashvili, T. (2026). ESG standards in the Georgian financial sector: An analysis of the current situation. European Science Review, (5–6), 17–20. https://doi.org/10.29013/ESR-26-5.6-17-20 საქართველოს პარლამენტი. (2016). საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ (N 2604-I). საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||