English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ მედეა მელაშვილი ქეთევან ქველაძე ნუნუ ქისტაური
საქართველოში ენოტურიზმის განვითარების თეორიული ასპექტები და გზები

10.36172/EKONOMISTI.2024.XX.04.MELASHVILI.KVELADZE.KISTAURI

ანოტაცია

ნაშრომი ეძღვნება ქვეყნისათვის ერთ-ერთ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიცაა ტურიზმი და მისი შემგდომი განვითარების გზები, რომელშიც ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად შიდა ტურიზმის გაძლიერება მოიაზრება. შიდა ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - ენოტურიზმი (ღვინის ტურიზმი), რომელიც აგროტურიზმის ერთ-ერთ ახალ სახეობად განიხილება. ჩვენს ქვეყანას, როგორც ღვინის სამშობლოს, ენოტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რითაც შეუძლია გადაჭრას მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. ნაშრომში გამოკვეთილია ქვეყნისთვის ენოტურისტული რეგიონების აქტიური კვლევის აუცილებლობა და უსაფრთხო ტურისტული ზონების შექმნა. ასევე შესწავლილია ენოტურიზმის განვითარების ზოგადი თეორიული ასპექტები და დასახულია შემდგომი განვითარების გზები უცხოური ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით.

საკვანძო სიტყვები: შიდა ტურიზმი, ენოტურიზმი, ბრენდი, მოდელი, სტანდარტი, ღვინის გზა.

დღეს უკვე ცნობილია, რომ ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. მევენახეობა და მეღვინეობა აქ ძვ. წ. VII-VI ათასწლეულიდან იღებს დასაბამს. დღეისთვის მსოფლიოში მევენახეობისა და ღვინის წარმოების ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე ჯერ კიდევ 8000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.

ატლასის, „მეღვინის ხელოვნება“ ნიუ-იორკი, (1992), ავტორები ჰიუ ჯონსონი და ჯეიმს ჰოლიდეი, ასევე ღვინის ექსპერტი და მსოფლიოში საუკეთესო ღვინის გზამკვლევის ავტორი ოზ კლარკი თანხმდებიან, რომ კაცობრიობა ჯერ კიდევ ქვის ხანაში იმყოფებოდა, როდესაც საქართველოში პირველად გააშენეს ვაზი და მიიღეს ღვინო. უძველესი რუკის მიხედვით, საქართველოდან ღვინო პირველად შევიდა სირიაში, შემდეგ ეგვიპტესა და იტალიაში, ხოლო შემდგომ - დასავლეთ ევროპაში.

მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 ქართული, რომელთაგან 430 სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო საკოლექციო ვენახებშია დაცულია. გასული საუკუნის 80-იან წლებში ქართული ტყის ვაზი წითელ წიგნში შეიტანეს და მას სახელმწიფო იცავს. საქართველოში ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული იდენტობისა და კულტურის შემადგენელი ნაწილია.

იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიომ საქართველო ღვინის სამშობლოდ სცნო პარადოქსულია, რომ საქართველოსათვის აგროტურიზმის ერთ-ერთ ახალ სახეობად ღვინის ტურიზმი (ენოტურიზმი) უნდა განვიხილოთ.

საქართველოში, ენოტურიზმი არსებული საუკუნოვანი გამოცდილების მიუხედავად განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება. დარგში წარმატებების მისაღწევად ჩვენ აუცილებლად უნდა გავიზიაროთ იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც დიდი ხანია ჩართულნი არიან ამ სფეროში: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, პორტუგალია, კვიპროსი, საბერძნეთი და ავსტრია. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ენოტურიზმი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნულ სფეროს ჩვენთან არეგულირებს 2003 წლის  რედაქტირებული კანონი „ღვინისა და ვაზის შესახებ“. ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულია ათწლიანი პროექტი „საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025“, რომლის მიზანია ისეთი გზამკვლევის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის მდგრად განვითარებას, ქვეყნის ტურიზმის სფეროში სხვადასხვა სექტორის განვითარებას (მაგ., ენოტურიზმის), მიღებული შემოსავლების გაზრდას, ახალი ბაზრების ათვისება და დივერსიფიკაციას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და სხვ.. აგრეთვე 2023 წელს დაიგეგმა  ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. ამ ცვლილებების მიხედვით დადგენილია საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ისარგებლებენ აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის სფეროში მოღვაწის სტატუსის მქონე პირები,  რასაც მათთვის მნიშვნელოვანი წამახალისებელი ეფექტი ექნება. კანონის პროექტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება აგროტურისტული და ღვინის ტურისტული სფეროს სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი, ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები.  ეს ცვლილებები ძალაში იქნება შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში.

ბოლოდროინდელი სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოს მოწინავე ენოტურისტული ქვეყნების სტატისტიკით მაგ., იტალიაში ენოტურიზმი წელიწადში 2,5 მილი-არდ ევროს გამოიმუშავებს. გერმანიაში ამ ტიპის დასვენებით ყოველწლიურად ინტერესდება დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი, რომლებიც მოგზაურობაში 5,5 მილიარდ ევროს ხარჯავენ. აშშ-ში 27 მილიონი ტურისტი სწორედ ენოტურიზმს ირჩევს გართობისა და დასვენების საუკეთესო საშუალებად. ეს ინტერესი წლიდან წლამდე უფრო და უფრო იზრდება და ამ ქვეყნებში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს ქმნის, რაც თავისთავად აუმჯობესებს ეკონომიკიურ მაჩვენებლებს.

როგორც ცნობილია, ტურიზმის ნებისმიერი მიმართულების განვითარება იწყება მისთვის საინტერესო სფეროს დაწვრილებით შესწავლით. გამონაკლისი არც ენოტურიზმია. ამ მხრივ წამყვანი რეგიონი კახეთია, სადაც საქართველოს ვენახების დაახლოებით სამი მეოთხედია გაშენებული, აქ შეხვდებით რქაწითელს, კახურ მწვანეს, საფერავსა და სხვა ვაზის ჯიშებს. ქართლის რეგიონში კი კლასიკური ევროპული სტილის ღვინოებსა და ცქრიალა ღვინოების დაგემოვნებას ურჩევენ ტურისტებს. შემდეგია იმერეთის რეგიონი. იმერეთის რეგიონიდან გამოარჩევენ ადგილობრივი ციცქასა და ცოლიკოურის ნაზავს, ასევე თეთრ კრახუნასა და წითელ ოცხანურ საფერეს. რაჭა-ლეჩხუმის ღვინის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე პატარა რეგიონია საქართველოში. აქ, მთელ ტერიტორიაზე, ვენახები საკმაოდ ცოტაა, თუმცა ღვინოები მაღალი ხარისხისაა და ძალიან გამორჩეულია. რეგიონში ყველაზე ცნობილი ღვინოებია ხვანჭკარა და უსახელოური. შავი ზღვის სანაპირო კი აჭარის, აფხაზეთის, გურიისა და სამეგრელოს ღვინის რეგიონებად იყოფა. აქ კლიმატი სუბტროპიკულია და ღვინოებიც უფრო მსუბუქი, “ხრაშუნა” და გამაგრილებელია. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. აშენდა ბევრი ახალი მარანი, რესტავრაცია ჩაუტარდა ბევრ ისეთ ისტორიულ მარანს, რომელიც საგანძურს წარმოადგენს. ასევე საინტერესოა თბილისში ქართული ღვინის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია ქართული ღვინის ჭურჭელი, ქვევრები. მუზეუმი შეიცავს უძველეს ენოთეკას (საცავს), სადაც სხვადასხვა პერიოდის 25000-მდე ბოთლი ღვინოა დაცული.  საქართველოში, უცხოური წამყვანი  მეღვინეობის ქვეყნების მსგავსად,  მეღვინეობის  რეგიონების ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება ღვინის ტურები უნდა გახდეს (მაგ., როგორიცაა ღვინის დეგუსტაცია, წარმოების ეტაპების გაცნობა, ვენახების დათვალიერებას ღვინის ფესტივალებზე დასწრება და ა.შ.), რადგან ღვინის ტურები არის კარგი შესაძლებლობა ქართული ღვინის კულტურის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა. გარდა ამისა, ასევე უნდა მოიცავდეს ტერიტორიის უნიკალურობის, ადგილობრივი ტრადიციების, ადათ-წესების, სამზარეულოს, ბუნებრივი, კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების გაცნობასაც. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ღვინის პოტენციური ტურისტების მოტივაციის გამოვლენა. გათვალისწინებულია ისიც, რომ სტუმრებს იზიდავს არა მარტო ისტორიული ძეგლები და ტრადიციული ღვინის მარშრუტები, არამედ, ასევე მსუბუქად, გართობის სახით მოწოდებული სხვადასხვა ღონისძიებები: მაგ., ღვინის დეგუსტაციის დღესასწაულები, ვენახში ქორწილის გადახდა, ვენახების თავზე საჰაერო ბურთით ფრენა, გლეხებთან ერთად ყურძნის კრეფა და ყურძნის დაწურვაში მონაწილეობა, საოჯახო სასტუმროებში ადგილობრივი სამზარეულოს გაცნობა-დაგემოვნება, ცხენებით  ჯირითი, ლაშქრობები ბუნებაში და სხვ.. ღვინის ტურიზმის სფეროში ჩართული ყველა ტურსააგენტოსათვის გადაუდებელ ამოცანად უნდა იქცეს ის, რომ ჩვენთაან ჩამოსული ყველა სტუმრისთვის ღვინო საქართველოს ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდეს და ღვინის ტურიზმი ჩამოყალიბდეს ტურიზმის ისეთ  მიმართულებად, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ტურისტული ნაკადი საქართველოში.

ღვინის კულტურის მქონე ყველა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია ენოტურიზმის ისეთი სახეობა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ე.წ. არაორგანიზებული ტურისტებისათვის. მაგალითად, ფეხით ან საკუთარი ავტომობილით მოგზაურები ხედავენ გზებზე დამონტაჟებულ ნიშნულებს: „ღვინის გზა“, რომლებიც მარნებისკენ მიუთითებენ. ისინი ხშირ შემთხვევაში ინტერესდებიან ამ მინიშნებით და სტუმრობენ მითითებულ ადგილებს და შემდეგ ახდენენ მათ რეკლამირებას. ეს კი თავისთავად ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციას და, შესაბამისად ენოტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. ბოლო წლებში ასეთი ტრაფარეტები ჩვენ გზებზეც ხშირად გვხვდება. ეს პროექტი საქართველოში სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაცია USAID-მა დაგეგმეს და 2011 წელს ამოქმედდა.  ნიშნულებზე ვაზისა და ყურძნის სიმბოლიკა ქართულია, ფერი კი – საფერავის. ამასთან ერთად შეიქმნა ქართული ღვინის ტურისტული გზამკვლევი, რომელშიც განთავსებულია ინფორმაცია ღვინის ტურისტული მარნებისა და ქართული ღვინის კომპანიების შესახებ: მათი მისამართები და აგრეთვე ქართული ღვინის კომპანიებისა და მარნების საინფორმაციო გვერდები; მონაცემები ღვინის მაღაზიების, ბარებისა და რესტორნების შესახებ და სხვ..  ღვინის სამშობლოში „ღვინის გზა“, ჯერჯერობით, ერთადერთი მასშტაბური ენოტურისტული პროექტია, რომელსაც სახელმწიფო უძღვება. იგი მოიცავს ქვეყანაში არსებულ ღვინის იმ საოჯახო მარნებსა  და საწარმოებს, რომლებიც ღვინის ტურიზმის ფარგლებში საქმიანობენ. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლისთვის ამ პროექტში 352  მარანია გაერთიანებული. მისი დახმარებით აგრეთვე არაერთმა დიდმა მეღვინეობამ განავითარა ახალი ტურისტული სერვისები, შეიქმნა ტურისტული კლუბები. მაგ. ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ღვინისა და გასტრონომიის შესახებ ბლოგის, vinoge.com-ის ბაზაზე დაფუძნდა "ღვინის კლუბი", რომელიც აერთიანებს არა მარტო მეღვინეებს, არამედ ასევე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებსაც. კლუბის მიზანია: ღვინის შესახებ ცოდნისა და ქართველი მომხმარებლის კულტურის ამაღლება, მაღალი ხარისხის ღვინის პროპაგანდა, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების აღორძინება, ნოვატორული წამოწყებების მხარდაჭერა, ბაზარზე წარმოდგენილი ქართული და უცხოური ღვინოების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, ქართული სამზარეულოს დახვეწა ადგილობრივი ღვინოების მიხედვით, ღვინის ტურიზმის განვითარებაში წვლილის შეტანა და ა.შ..

მცირე მარნებისა, რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისა და ზოგადად, საქართველოში ტურიზმის განვითარების მიზნით, ღვინის კლუბთან (Wine Club) თანამშრომლობით, USAID/Georgia-ის „ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ („The USAID Economic Security Program“) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ღვინის სოფელი“, რომელიც 2020 წლიდან ხორციელდება. ამ სასწავლო პროექტში ჩართულმა მეღვინეების უმეტესობამ უკვე მონიშნა საკუთარი მარანი ტურისტულ რუკაზე და მზად არის უმასპინძლოს სტუმრებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში ყველაზე გავრცელებული აგროტურისტული ობიექტები სწორედ ღვინის მარნებია. ისინი აგროტურიზმის დაახლოებით 85-90%-ს შეადგენენ. საყურადღებო და უდაოდ დასაფასებელია ის გარემოება, რომ ახალი პროექტის ერთ-ერთი მიზანია „ღვინის გზის“ ხარვეზების აღმოფხვრა და იგი ღვინის ტურიზმის შემდგომ განვითარებას ემსახურება.  

ამის პარალელურად აუცილებელია ქვეყანამ უცხოეთში მიიქციოს ყურადღება ღვინის მაღალი ხარისხით, რათა შეძლოს საერთაშორისო ბაზარზე სათანადო ადგილი დაიმკვიდროს და თავისი ღვინო ბრენდად აქციოს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამოფენებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობას, რაც ზრდის ქართული ღვინის ცნობადობასა და პოპულარიზაციას, და, შესაბამისად, იწვევს ექსპორტის მოცულობის ზრდას და, საბოლოო ანგარიშში, ხელს უწყობს ტურისტების მოზიდვას. ბოლო წლების დინამიკა გვიჩვენებს, რომ ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენებზე მასშტაბურად იღებს მონაწილეობას და დიდ წარმატებებსაც აღწევს. ამის დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ შემდეგი მონაცემები:

- ჯერ კიდევ 2016 წლის 7-9 სექტემბერს გაერთიანებული ერების ტურიზმის ორგანიზაციის, UNWTO-ს ინიციატივით, ღვინის ტურიზმის შესახებ პირველი გლობალური კონფერენცია საქართველოში, კახეთში გაიმართა (კახეთში, რადგან საქართველოში ვენახების 65 პროცენტი სწორედ კახეთში ხარობს). კონფერენციას 42 ქვეყნის 250 დელეგატი და 150 ორგანიზაცია დაესწრო.

- განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ღვინის კომპანია „შუმის“ წარმატება, რომელმაც 2021 წლის 23 ოქტომბერს, იტალიაში, ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ კულტურული მარშრუტების კონკურსზე, საქართველოს სახელით ისტორიაში პირველად, საერთაშორისო უმაღლესი ტიტული – „საუკეთესო არქეობოტანიკური პრაქტიკა ღვინის ტურიზმში“ – მოიპოვა. აღნიშნული ტიტული საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო ასპარეზზე.

- ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთმა უდიდესმა ღვინის ციფრულმა პლატფორმამ VinePair-მა გამოაქვეყნა სტატია: „ათი საუკეთესო ღვინის რეგიონი, რომელსაც 2023 წელს უნდა ესტუმრო“. ამ ტოპ ათეულში საქართველო პირველ ადგილს იკავებს,

- ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო 2023 წელს მსოფლიოს 15 ქვეყანაში ჯამში 14 გამოფენაზე, 20 ფესტივალსა და 100 პროფესიულ დეგუსტაციაზე იყო წარდგენილი. ეს ქვეყნებია: ამერიკის შეერთებულ შტატები, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, დანია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, პოლონეთი, ლატვია, ნიდერლანდები, შვეიცარია, ისლანდია, იტალია და თურქეთი.

- Mundus Vini 2024 ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვინის  საგაზაფხულო  კონკურსში საქართველომ მოიპოვა 52 ოქროს და 31 ვერცხლის მედალი.

- სულ ახლახან 2024 წლის 27 თებერვალს პორტუგალიაში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „საქართველო - ღვინის ქვეყანა“, რომელიც სწორედ ქვევრის ღვინის წარმოების უნიკალურ ქართულ მეთოდს მიეძღვნა.

ქართული ქვევრის ღვინოები დღეს უკვე მოიაზრება მსოფლიოს ისეთი მეღვინეობის ქვეყნების გვერდით, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი.

ზოგადად ენოტურიზმი როგორც აგროტურიზმის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც აერთიანებს სოფლის განვითარების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ასპექტებს, მოიცავს ბევრ თანაკვეთას აგროსექტორსა და ტურიზმს შორის, არის ეკონომიკის ამ ორი სექტორის დამაკავშირებელი რგოლი.

ჩვენს ქვეყანას ღვინის ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რითაც შეუძლია გადაჭრას მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები. ამ მიზნით საქართველოში 2020 წლის 5 მაისს ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციების გაერთიანებით დაფუძნდა ტურიზმის ეროვნული ორგანიზაცია „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი“ (GTIA). ალიანსის პრიორიტეტული მიმართულებები ეხმიანება ღვინის, სოფლის, აგრო და ეკოტურიზმის ახალ ტენდენციებს, სადაც მთავარი აქცენტი გაკეთებულია ადგილობრივ პროდუქტზე და მის უსაფრთხო წარმოება-მიწოდებაზე.

დღეს ჩვენ გვაქვს ენოტურიზმის განვითარების გარკვეული პრაქტიკა და ხელსაყრელი მდგომარეობა. აღნიშნული დარგის ექსპერტთა მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა ჩვენი ქვეყნის ღვინის ტურიზმის წინაშე მდგარი პრობლემები: ენობაზრის მცირე წილი; ღვინის არასაკმარისად მაღალი ხარისხი; ზოგიერთი რეგიონის პოტენციალის ათვისების არასათანადო  დონე; არასათანადო ინფრასტრუქტურა; ტურების მაღალი ფასი; მაღალკვალიფიციური კადრების მოსამზადებელი სასწავლებლების სიმცირე და, აქედან გამომდინარე, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და სხვ.. ასევე ყურადსაღებია ის, რომ დღეს ქართული იდენტობის მატარებელი ქვევრის ღვინის მწარმოებლები ძირითადად მცირე მარნები არიან. სწორედ მათ დასახმარებლად და ზემოთ აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად აუცილებელია ამ სფეროსადმი სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა, ტურისტული სააგენტოების მხრიდან კი  აუცილებელია ვიზიტორებისათვის კომპლექსური ღონისძიებების შეთავაზება, რომ ტური სახალისოც იყოს და შემეცნებითიც, რათა  აქ ჩამოსულ ტურისტებს გაუღვიძოს დაინტერესება და გაუჩინოს სურვილი ამ ადგილების კიდევ ერთხელ მონახულებისა.

ეს, თავის მხრივ, შეუწყობს ხელს საქართველოს ღვინის ტურიზმის შემდგომ პოპულარიზაციასა და განვითარებას.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენს ქვეყანას ღვინის ტურიზმის განვითარებისათვის ნამდვილად გააჩნია დიდი პოტენციალი. მაგრამ, აგრეთვე აღვნიშნეთ, რომ აქ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მათი მოგვარება მეღვინეების მიერ დამოუკიდებლად, მთავრობის მხარდაჭერის გარეშე, შეუძლებელია. ამისთვის საჭიროა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის შეთანხმებული მონაწილეობა: სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს პოლიტიკის მიმართულებები და ღვინის ტურიზმის პროგრამები, აგრეთვე სრულყოს საკანონმდებლო ბაზა.

რა თქმა უნდა, ღვინის ტურიზმი ვერ იქნება მთელი რიგი არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ერთადერთი საშუალება, მაგრამ მას შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს მეღვინეობის რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და სოფლის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში,  საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა-განვითარებასა და აგრეთვე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და ამით  განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარების პროცესში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://mastsavlebeli.ge/?p=11819 ღვინის გზა ანუ ენოტურიზმი, 13 ოქტომბერი, 2016 - 10:30, მ. სეხნიაშვილი
  2. http://vinoge.com/qarTuli-Rvino/Rvinis-turizmi-sqarTveloSi, ღვინის ტურიზმი საქართველოში
  3. https://to.edu.ge/gvinis-turizmis-perspeqtivebi/, ღვინის ტურიზმის პერსპექტივები
  4. https://www.researchgate.net/publication/358833823 COVID -19 პანდემია - ქართული ღვინის ინდუსტრიის გამოწვევები და შესაძლებლობები
  5. https://gnta.ge/ge/2023-statistics-info/
  6.   https://wine.gov.ge/Ge/News/37087
  7.  http://vinoge.com/degustacia/52-oqro-Mundus-Vini