English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ციცინო თეთრაული
ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასასრული და მდგრადი განვითარების პირობებში მიწასთან დაკავშირებული პრობლემები

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები. გლობალური მსოფლიო ძალიან დიდი სახიფათო გამოწვევების წინაშე დგას. მიმდინარეობს გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილების პროცესი. გაანალიზებულია ამ ახალი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე მიწის, როგორც უნიკალური ბუნებრივი რესურსის არსი და მნიშვნელობა, ცივილიზაციის არსებობის შენარჩუნებისათვის. ასევე მიწის რესურსებზე მოქმედი საფრთხეები, როგორიცაა: ეროზია, დეგრადაცია, გლობალური დათბობა და ა.შ. გაშუქებულია ის პრევენციული ზომები, რომელიც თავიდან აგვაცილებს მიწის რესურსებთან დაკავშირებულ საფრთხეებს. შესწავლილია ის პოტენციალი რომელიც გააჩნია საქართველოს აგრარული სფეროს განვითარებისა და აღორძინებისათვის, რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. დახასიათებულია უცხოეთის გამოცდილება აგრარულ სფეროში.

საკვანძო სიტყვები: ეროზია, მდგრადი განვითარება, "კიბუცები", დესაკრალიზაცია, მეწყერი.

დღევანდელი მსოფლიო უდიდესი გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, მიმდინარეობს აქამდე არსებული მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია, გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილება. ომები ევროპასა და აღმოსავლეთში, იღუპებიან ადამიანები, ნადგურდება ინფრასტრუქტურა. მსოფლიომ სულ ცოტა ხნის წინ გადაიტანა ისეთი დიდი ტრაგედია როგორიცაა პანდემია, მილიონობით ადამიანი დაიღუპა. თუმცა ეს არ აღმოჩნდა გაკვეთილი მსოფლიოსთვის ბრძოლა "უჩინართან" (როგორც კორონავირუსს უწოდებდნენ) ჩაანაცვლა ნამდვილმა ომებმა. ერთპოლუსიანი მსოფლიოს არსებობა დასრულდა. ისმის ფრაზები ბირთვულ ომთან დაკავშირებით. მსოფლიო ძალიან სახიფათო ფაზაშია შესული. ძნელია პროგნოზირება, როგორ განვითარდება მოვლენები. ცივილიზებულმა მსოფლიომ რატომღაც დაივიწყა პაციფიზმი, ქვეყნები იარაღის ენით ელაპარაკებიან ერთმანეთს, მაშინ როდესაც სულ ცოტა ხნის წინ ისეთი ეპითეტებით ამკობდნენ ჩვენს საუკუნეს როგორიცაა: "კეთილდღეობის საუკუნე", "ცოდნის საუკუნე", "ტექნოლოგიების საუკუნე" და ა.შ. მსოფლიომ ჩამოიგლიჯა ნიღაბი, "ჯუნგლის კანონი" ამოქმედებულია, მსოფლიო კუნთებს ათამაშებს, ადამიანის სულიერი განვითარება ვერ ეწევა ტექნოლოგიების განვითარებას, გლობალიზაციის "ახალი მსოფლიო წესრიგი" შეცვალა "ახალმა მსოფლიო უწესრიგობამ" დარღვეულია ადამიანის ყველაზე დიდი ფუნდამენტური უფლება სიცოცხლის უფლება, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაზაფრულმა მსოფლიომ მშვიდობის პრევენციის მიზნით შექმნა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები როგორიცაა: გაერო ნატო, ევროკავშირი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტები, ომის კოდექსი და ა.შ. მსოფლიო ცდილობდა ფენიქსივით აღმდგარიყო ნანგრევებიდან, გლობალიზაცია გულისხმობს რომ "დედამიწა ჩვენი საერთო სახლია", მშვიდობა ჩვენი საერთო მიზანი, რომ ეკოლოგიას საზღვრები არ გააჩნია და ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ დედამიწას, კაცობრიობამ თავისი ისტორიული განვითარების გზაზე გაიარა ბევრი სამარცხვინო და საშინელი პერიოდები. როგორიცაა მონათმფლობელობა, ფეოდალიზმი, კოლონიალიზმი, ინკვიზიცია, რასიზმი, ფაშიზმი ქალთა დისკრედიტაცია და თითქოს ჰუმანიზაციის გზას დაადგა, თუმცა რასაც ახლა ვუყურებთ ტექნოკრატიული საზოგადოება მერკანტილიზმით შეპყრობილ ერთ დიდ ციფრულ ბანაკს დაემსგავსა. არისტოტელე ამბობდა "ადამიანი სოციალური ცხოველიაო", თანამედროვე ადამიანზე კი შეიძლება ითქვას, რომ ის "ტექნოკრატიული ცხოველია". მის ცნობიერებაში დიდი ცვლილება არ მომხდარა. კაცობრიობა ტექნოლოგიების გოდოლს აშენებს. ამ საუკუნემ უკვე დაიმსახურა ეპითეტები "ომის საუკუნე", "დესაკრალიზაციის საუკუნე", "კვაზი ღირებულებების საუკუნე". მსოფლიო "ოვერტონის ფანჯრის" პრინციპით იმართება. ანუ ის რაც დღეს დაუჯერებლად და წარმოუდგენლად შეიძლება მიგვაჩნდეს, ხვალ ნორმად და კანონად მოგვევლინება, მიუხედავად პანდემიისა და ომებისა მსოფლიოს მოსახლეობამ უკვე 8 მილიარდს გადააჭარბა, რაც კიდევ ერთი დიდი თავის ტკივილია გლობალური მსოფლიოსთვის. მოსახლეობა იზრდება, ბუნებრივი რესურსები კი მცირდება. მეცნიერთა გარკვეული ნაწილის აზრით დედამიწის გამტარუნარიანობა 10 მილიარდს გაუძლებს ზოგიერთები კი ფიქრობენ რომ ლიმიტი უკვე ამოწურულია "ოქროს მილიარდის" კონცეფციაც ყველასთვის ცნობილია, ის რომ მოსახლეობა შემცირდეს 1 მილიარდამდე. ადამიანი საუკუნეების მანძილზე უწევს ბუნებას ექსპლუატაციას, სძალავს ყველაფერს რისი გამოძალვაც შეუძლია, აჩანაგებს და ხელყოფს მას. თანამედროვე მსოფლიოს თითქმის რელიგიის დონეზე აქვს აყვანილი ეკონომიკური ზრდა. ითვლიან რეიტინგებს. ამ დროს პარალელურად შექმნილია მდგრადი განვითარების კონცეფცია, "მწვანე ეკონომიკა" "ლურჯი ეკონომიკა", ("ყავისფერზე" უკვე უარი თქვა). მდგრადი განვითარება გულისხმობს რომ ახლანდელმა თაობამ რაციონალურად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილებები ისე, რომ მომავალმა თაობებმაც შეძლონ თავიანთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მათაც დაუტოვონ რაღაც და ახლანდელებმა არ იცხოვრონ მომავლების ხარჯზე. ბუნებრივი რესურსების შექმნაში ადამიანს არანაირი წვლილი არ მიუძღვის. მას არანაირი წვლილი არ მიუძღვის მის შექმნაში,  გახარბებული, მომხმარებლური საზოგადოება რამდენს მოიხმარს ამის ნათელი მაგალითი და ინდიკატორია, ნარჩენები, ნაგავი. ნაგავს ტოვებს ადამიანი. ჩვენს საუკუნეში ნაგავს "ოქროს ხანა" უდგას. განუვითარებელი ქვეყნები, განვითარებული ქვეყნების ნაგავსაყრელია. ადამიანებს არ ეთმობათ მდიდრული ცხოვრება, სიამოვნება, ბიზნეს მოგებები, "მწვანეთა" კონცეფციაა "ნულოვანი ეკონომიკური ზრდა" (შემცირება მაინც), ეკოლოგების დევიზია "ნულოვანი ნაგავი", უნარჩენო საზოგადოება, ორივე თავისთავში გულისხმობს "ქამრების შემოჭერას". თუმცა ნუ ვიქნებით გულუბრყვილონი XXI საუკუნის მსოფლიო არ აპირებს ქამრების შემოჭერას. მან დიდი ხანია  გადაკვეთა წითელი ხაზები და ეკოლოგიური კატასტროფის, ეკოლოგიური სუიციდის გზას დაადგა. დაწყებულია დედოლარიზაციის პროცესი. მზადება ერთიანი ციფრული მსოფლიო ვალუტა, რაც მთლიანად შეცვლის გლობალურ საფინანსო სისტემას, სავარაუდოდ იგი (cbdc) გახდება ერთიანი მსოფლიოს ერთიანი ვალუტა. ეს გეგმა ცნობილია "ყინულმჭრელის" სახელწოდებით და თავის თავში მოიცავს მსოფლიოს ყველა ცენტრალური ბანკისა და მათი ვალუტების კოორდინაციას. ამ ციფრულ ვალუტებს გამოიყენებენ ჩვეულებრივი ადამიანები და საწარმოები ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, გლობალური მსოფლიოს სახიფათო თამაშებში მაყურებლის როლი გვერგო. ჩვენი ვალია ამ დაძაბულ და ფეთქებად საშიშ სიტუაციაში თავი გადავარჩინოთ. გავატაროთ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ნაკლებად ვიყოთ იმპორტდამოკიდებული, განვავითაროთ მცირე ბიზნესი. შევიანრჩუნოთ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა. როდესაც ეკონომიკის განვითარებაზე ვლაპარკობთ, ნუ დაგვავიწყდება რომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე ქვეყანა თითქმის სულ პოლიტიკური ტურბულენტობის მდგომარეობაში ცხოვრობს. ჯერ სამოქალაქო ომი გავაჩაღეთ, დავკარგეთ ტერიტორიები, 90-იან წლებში ჩვენი მოსახლეობა 5 მილიონი იყო, ამჟამად კი თითქმის განახევრებულია. მილიონზე მეტი ადამიანი ემიგრაციაშია წასული სამუშაოდ. დემოგრაფები ძალიან საგანგაშო პროგნოზს აკეთებენ, 2050 წლისთვის შეიძლება ქართველები საქართველოში ეროვნულ უმცირესობაში აღმოვჩნდეთ. ტრადიციულად ქართველი იშვიათად ტოვებდა თავის მიწა-წყალს. ემიგრაციაში წასულებს კი ხელსახოცში გამოკრული სამშობლოს მიწა თან მიჰქონდათ. რა არის მიწა? ყველაფერი მოდის მისგან და ყველაფერი უბრუნდება მას.

მიწა უნიკალური ბუნებრივი რესურსია, მიწა ქვეყნის მთავარი ეროვნული სიმდიდრეა და სახელმწიფოს არსებობის საფუძველი, რომელსაც განსაკუთრებული დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ადამიანისთვის მიწა ერთდროულად არის შრომის საგანიც და წარმოების ძირითადი საშუალებაც, როდესაც კაცობრიობა უხსოვარი დროიდან იყენებს თავისი არსებობის შესანარჩუნებლად. მიწის საშუალებით კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე თითქმის მთლიანად იკმაყოფილებს სურსათზე მოთხოვნილებას. მისგან გვეძლევა "პური ჩვენი არსობისა" ქართველისთვის მიწას ყოველთვის ჰქონდა საკრალური მნიშვნელობა. ქართულ ენაში, რომელსაც იოანე ზოსიმე ღმერთების ენას უწოდებდა გვაქვს ამის გამომხატველი სიტყვები - "დედამიწა", "დედაბუნება", "დედულეთი", "ადგილის დედა". ყოველწლიურად ბრუნვიდან გამოდის 7-8 მილიონი ჰექტარი სავარგული მიწა, რომლის მიზეზია: ეროზია, დამლაშება, დაჭაობება, ურბანიზაცია, გადაძოვება, დატკეპნვა, გაუდაბნოვება და ა.შ. მსოფლიოს უძველესი წიაღისეული ნიადაგი 3 მილიარდ წელზე მეტისაა, თითქმის ისეთივე ძველი, როგორც უძველესი დანალექი ქანი და თავითავად მიწა. ადამიანები ნიადაგს ხშირად ეპყრობიან როგორც იაფ სამრეწველო საქონელს. ბევრი მათგანი მას აღიქვავს როგორც ტალახს. გუთნის გამოგონებამ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა კაცობრიობის ისტორიაში და გარდაქმნა დედამიწის ზედაპირი. ხორბალმა კი ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო მცენარემ სამუდამოდ მიაჯაჭვა ადამიანი მიწას. ჩვენი წინაპრები მონადირე-შეამგროვებლები დამაგრდნენ მიწაზე და თანდათანობით გლეხებად გადაიქცნენ. ტერმინი "მიწა" და "ნიადაგი" სხვადასხვა შინაარსის მატარებელია. წარმოდგენა ნიადაგზე როგორც დამოუკიდებელ სხეულზე რომელიც განსხვავდება ნიადაგწარმომქმნელი დედაქანისაგან. შეიქმნა XIX საუკუნეში, ნიადაგმცოდნეობის ფუძემდებლის ვ. დოკუჩაევის მიერ. ნიადაგის არსებითი თვისება არის მისი ნაყოფიერება. რაც გულისხმობს მცენარის უზრუნველყოფას წყლით, სითბოთი, საკვები ნივთიერებებით. თავდაპირველად დოკუჩაევმა გამოყო 10 ნიადაგის ტიპი ხოლო შემდგომში ნიადაგის კლასიფიკაციაში 100-ზე მტი ტიპი. ნიადაგების ტიპი თავის მხრივ იყოფა ქვეტიპებად, სახეობად, სახესხვაობებად და ვარიანტებად ესენია ეწერი ნიადაგები, წითელმიწა და ყვითელმიწა, ტყის ყომრალი, შავმიწა ნიადაგები და ა.შ.. ნიადაგის ეროზია გლობალური პრობლემაა. (ეროზია ლათინური სიტყვაა და "გამოჭმას" ნიშნავს). მიწის რესურსებთან დაკავშირებით ეროზია ყველაზე უფრო საჭირბოროტო პრობლემაა, იგი იწვევს ნიადაგის დეგრადაციას რის შემდეგაც ნიადაგი იფიტება, ხდება უნაყოფო და გამოუსადეგარი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის. 10 სმ ნიადაგის აღდგენას ათეულ წლები და ზოგჯერ საუკუნეები სჭირდება. ამიტომ ეროზია შეიძლება შევადაროთ შენელებული მოქმედების ნაღმას, კაცობრიობის უზრუნველყოფა მიწის რესურსებით განისაზღვრება მსოფლიო მიწის ფონდით. რომელიც შეადგენს 13,4 მილიარდ ჰა-ს. (ანტარქტიკისა და გრენლანდიის გამოკლებით), რაც მთლიანი დედამიწის ფართობის 26,3%-ია.

ნაყოფიერი მიწების ყოველწლიური შემცირება, მსოფლიო მოსახლეობის ზრდის ფონზე განაპირობებს სასურსათო უსაფრთხოების პრობლემას. მსოფლიოში ყოველწლიურად მილიარდამდე ადამიანი შიმშილობს და ბევრი მათგანი შიმშილით იღუპება, ზოგიერთი შეფასებით მსოფლიოში სახნავ-სათესი მიწების ხელმისაწვდომი ფონდი 1,5 მლნ ჰა უკვე გამოყენებულია და მისი ზრდის პერსპექტივა აღარ არსებობს, სხვა მოსაზრებით, ნაყოფიერი მსოფლიო მიწის ფონდი 2,5 მილიარდი ჰექტარია. ე.ი. არსებობს კიდევ 1 მილიარდი ჰა მიწის ათვისების საშუალება. FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) მონაცემებით პოტენციურად ხელსაყრელი მიწის ფართობი შეადგენს 3,4 მილიარდ ჰა-ს. რაც მომავალში უკვე გამოყენებული მიწის ფონდის 1,9 მილიარდი ჰა-ით გაზრდის შესაძლებლობას იძლევა, ასათვისებელი მიწის ფართობების 75% მოთავსებულია განვითარებად ქვეყნებში, ხოლო 25% განვითარებულში. საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, მდიდარი ბუნებრივი ლანდშაფტით. საქართველოს მიწის ფონდი 7628,4 ათასი ჰექტარია ქვეყანაში შარშან დაიწყო მიწის საყოველთაო  ინვენტარიზაცია. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად რამდენი ჰექტარი სავარგული მიწა გაგვაჩნია, უცხოეთიდან შემოგვაქვს ის პროდუქტები რომელთა წარმოებაც თავისუფლად შეგვიძლია რათა დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზარი და ექსპორტზეც გავიტანოთ. ჩვენი მიწები ბუნებრივად ნაყოფიერია რასაც ვერ ვიყენებთ სათანადოდ. 90-იან წლებში ნაჩქარევად ჩატარდა მიწების პრივატიზაცია, ასევე სოფლის მეურნეობა რატომღაც არამომგებიან სფეროდ იყო გამოცხადებული ხორბლისა და ღვინის ქვეყანაში, გლეხებს ვაზი ააჩეხინეს და საზამთრო დაათესინეს. ქვეყანაში გაუქმდა მიწის დაცვის დეპარტამენტი. 2007 წელს დაიხურა გეოლგიის ინსტიტუტი. 90-იან წლებში ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობით იჩეხებოდა ტყეები. მოსახლეობა შეშას იყენებდა გასათბობად. რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა ტყის ფონდი. ასევე მასიურად იჩეხებოდა ტყეები და ხის მორები იყიდებოდა საზღვარგარეთ. ასევე უცხოელებზე მასიურად იყიდებოდა მიწები. შემდგომში ამ მხრივ კანონი გამკაცრდა.

ტყე ჩვენი უდიდესი სიმდიდრეა, ბუნებრივი გატყიანებით ჩვენი ქვეყანა ევროპაში მოწინავე ადგილზეა, ტყე ასუფთავებს ჰაერს და ამდიდრებს ჟანგბადით. 1 ჰა ტყე წლის განმავლობაში 60-70 ტონა მტვერს ფილტრავს. ტყე პირდაპირ მონაწილეობს ნაყოფიერი ნიადაგის წარმოქმნაში და ხელს უშლის მიწის ეროზიას, ასევე აქვს მეწყერსაწინააღმდეგო დანიშნულება, იცავს ფაუნას. თამარ მეფის 1189 წლის სიგელში მოხსენიებულია "ტყის მცველნი". ცნობილი გამოთქმაა "ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ შენი ვალია". ქვეყანაში 1 სულ მოსახლეზე ტყით უზრუნველყოფა შეადგენს დაახლოებით 0,70 ჰა-ს, 1999 წლის მიღებული იქნა ტყის კოდექსი. ამჟამად პრემიერ მინისტრის ბრძანებით კიდევ უფრო გამკაცრდა კანონი ხეების უნებართვოდ მოჭრაზე. ტყე უძვირფასესი ბუნებრივი რესურსია მას გააჩნია: ნიადაგდაცვითი, ჰაერის დამცავი წყალ შემავსებელი ფაუნის დაცვითი, მეწყერსაწინაამღმდეგო ზვავსაწინააღმდეგო და ა.შ. ფუნქციები. საჭიროა ჩატარდეს ჩვენი ტყეების ინვენტარიზაცია, გაიზარდოს და წახალისდეს რეინჯერთა კადრები საქართველოს ტყის ფართობი 26,600 კმ2 გაეროს მონაცემებით მსოფლიო ტყის რესურსების საერთო ფართობი შეადგენს 40 000 0002 კმ-ს. პლანეტის ფართობის თითქმის მესამედს. მსოფლიოში ყოველწლიურად მცირდება ტყის ფონდი, იჩეხება "დედამიწის ფილტვებად" წოდებული ამაზონის ჯუნგლები. ბიზნეს ინტერესებს და ხელოვნურად გაჩეხილი ტყის ხანძრებს ეწირება ეს უნიკალური ტყის მასივები.

ახლანდელმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო ზრუნვა აგრარულ სფეროზე. 2012 წლიდან მცირემიწიან ფერმერთა ხელშემწყობი პროექტით გლეხებმა 306 მილიონი ლარის დახმარება მიიღეს. კერძოდ: დამუშავდა 600 ჰა-ზე მეტი მიწა, გლეხებს უფასოდ დაურიგდათ სასოფლო-სამეურნეო შრომის იარაღები, მცენარეთა მოვლის საშუალებები, ამოქმედდა აგროდაზღვევის პროგრამა. პროგრამამ "დანერგა მომავალი" ფარგლებში გშენდა 610 ჰა-ზე თანამედროვე ბაღები, შემუშავდა სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი პროგრამები: ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ვაშლისა და მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობა, თხილის წარმოების განვითარება, ლურჯი მოცვის შეიქმნა 1225 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაფინანსდა 139 ახალი საწარმო, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაფართოვდა და გადაიარაღდა 665 საწარმო, სადაც 10 000-მდე ადამიანია დასაქმებული განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 107 სარეაბილიტაციო პროექტი, მოწესრიგდა წყალარინება მთავრობამ ასევე მიიღო ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი, მამულიშვილური კანონი "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ". რომელიც 2016 წელს ამუშავდა. ამ კანონით მაღალმთიანი მოსახლეობა სარგებლობს დამატებით სოციალური და საგადასახადო შეღავათებით, დახმარებებით ყოველ ახალშობილ ბავშვზე, სახელფასო და საპენსიო დანამატებით. შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე, თავისუფლდებიან მიწის გადასახადისგან და ა.შ. ეს კანონი ხელს უწყობს ამ რეგიონებში მოსახლეობის დამაგრებას, იქედან წასულების უკან დაბრუნებას მამაპაპისეულ კარმიდამოში. სოფლად მცხოვრები ადამიანი კი როგორც წესი მისდევენ მეურნეობას, უვლიან მიწას და საკუთარ ეზო კარ-მიდამოს. სამწუხაროდ გვაქვს 2-3 კომლიანი სოფლები. დაცლილი სოფლები. 2014 წელს საყოველთაო აღწერით დაფიქსირდა 220 გაუკაცრიელებული სოფელი. ასევე 2012 წლიდან მიმდინარეობს ტყის აღდგენა და გაშენება 974,1 ჰა-ზე. ტყის თესვა და დარგვა - 366,1 ჰა-ზე. ტყის ბუნებრივ განახლებისთვის ხელშეწყობა, სანიტარული ჭრა, 708 ჰა-ზე, 1ჰ ტყე წლის მანძილზე შთანთქოს 506 ტონა ნახშირორჟანგის და გამოყოფს 4-5 ტონა ჟანგბადს.

მსოფლიოში იაფი საკვების ეპოქა დასრულდა გაიზარდა ხორბლის ფასი ევროპაში თანამედროვე მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოებას ორი ძირითადი კრიტერიუმით აღიარებენ ესენია - მარცვლეულის გადაუდებელი მარაგები და მათი წარმოების მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით.  შარშან ადგილობრივი ხორბლის მწარმოებლებს არარეალიზებული დარჩათ 30 000 ტონა ხორბალი, რისი მიზეზიც  გახდა საქართველოში 1/3-ით გაიაფებული ფქვილის იმპორტი რუსეთიდან, რამაც არარენტაბელური გახადა ადგილობრივი მარცვლეულის წარმოება. ამ ვითარებამ გამოიწვია წისქვილკომბინატების გაჩერება. მთავრობის ამოცანაა უზრუნველყოს მარცვლეულის ადგილობრივი წარმოების სტიმულირება. ქვეყანა განსაკუთრებით ახლანდელი გეოპოლიტიკური ვითარების სიტუაციაში არ შეიძლება 97%-ით თითქმის მთლიანად ხორბლის იმპორტზე იყოს დამოკიდებული.  საქართველოს გააჩნია ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები მარცვლეულის წარმოების გასადიდებლად. ხორბლის მოყვანის ტრადიცია და უნარ-ჩვევები. მარცვლეულის გადამამუშავებელი საწარმოო სიმძლავრეები. მარცვლეულის წარმოების სტიმულირების მიმართულებით შესაძლებელია: მარცვლეულის ნათესების გათავისუფლება გადასახადისგან. წარმოებული მარცვლეულის სახელმწიფო გარანტიებიც შესყიდვა, შეღავათიანი საკრედიტო სადაზღვევო სისტემა, ჯიშთა გამოცდის სადგურების აღდგენა ფუნქციონირება. ჩვენ 10-ზე  მეტი ხორბლის უნიკალური ჯიში გაგვაჩნია ("ემირი", "ვარსია", "ზანდური" და ა.შ.).

გენური ინჟინერით წარმოებულმა პროდუქტებმა ვერ გადაჭრა სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა. აღმოჩნდა რომ ეს პროდუქტები საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამიტომ მსოფლიო ბაზარზე დღითი დღე ძვირდება ბიოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტის ფასი. ესტონეთი ჩვენზე პატარა ქვეყანაა. იგი 2000 წლიდან გადავიდა ორგანულ აგრომეურნეობაზე. 2000-2008 წლამდე ორგანული მიწების რაოდენობა 4000 ჰა-დან 87 000 ჰა-მდე გაზრდა. ფერმერების რაოდენობა კი 90-1300-მდე. ქვეყანაში მუშაობს რამოდენიმე კვლევითი ინსტიტუტი, ორგანული სოფლის მეურნეობის კვლევის საკითხებზე,  უფასო სასწავლო კურსები ბიომეურნეობაში გარკვევის მსურველთათვის.  თურქეთში 1992 წელს შექმნა "ორგანული სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციის ასოციაცია", იგი გასცემს დაბალპროცენტიან სესხებს იმ ფერმერებისათვის, რომლებსაც სურთ თავისი მეურნეობის ორგანულზე გადაყვანა. ქვეყანაში 25 კვლევითი ინსტიტუტი იკვლევს ბიომიმართულებებს. თურქეთმა 15 წლის მანძილზე ორგანული მიწები 10 000-103 000 ჰამდე გაზარდა, ხოლო ბიოფერმერების რაოდენობა 300-16 000-მდე. ბიოპროდუქტები 300 000 ტონამდე გაიზარდა რომლის 10% ევროკავშირში ექსპორტირდება.

საქართველოს თავისუფლად შეუძლია გახდეს ბიოპროდუქტების მწარმოებელი ქვეყანა.

ისრაელის სოფლის მეურნეობის საფუძველს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები - კიბუცები წარმოადგენენ. მათ წილად მოდის ქვეყანაში წარმოებული აგრარული პროდუქტის 80%. ისინი ამუშავებენ სახნავი მიწების 70%-ს. კიბუცებში წარმოების საშუალებებზე საერთო საკუთრება მოქმედებს. მოქმედებს შრომის დანაწილების პრინციპი. ისრაელმა კიბუცების საშუალებით უდაბნო მიწა წალკოტად გადააქცია. კიბუცების ქართულ სინამდვილეში დანერგვა ჩვენის აზრით მნიშვნელოვნად გააძლიერებს აგრარულ სექტორს და დაეხმარება განვითარებაში. თუ მთავრობის მხარდაჭერა იქნება კიბუცები საპილოტე პროგრამის განხორციელება მაინცაა შესაძლებელი ამ მოდელს მხარს უჭერდა ჩვენი დიდი მეცნიერი პროფესორი თ. ჩხეიძე. აგრეთვე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მხარს უჭერდა ყოველთვის აღნიშნულ ინიციატივას.

საქართველოს ტერიტორიაზე მთებს უჭირავს მთელი ტერიტორიის ნახევარზე მეტი - 54%, ქვეყანაში დიდ ხიფათს ქმნის თოვლის ზვავები, მეწყერები, ღვარცოფები. საქართველოს მეწყერ საშიში რეგიონები: რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი, აჭარა-იმერეთი. ჩვენში 10 000 მეწყერ საშიში უბანია დაფიქსირებული.   მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებია უსისტემო მორწყვა, ტყის ჭრის აკრძალვა, მიწისქვეშა აფეთქებები. ღვარცოფული საშიშროების ზონაშია საქართველოს ტერიტორიის 2 მილიონი ჰა, ღვარცოფული რაიონებია: არაგვის, თერგის, ალაზნის ხეობა, შარშან ღვარცოფმა უდიდესი ტრაგედია დაატრიალა. საქართველოში ღვარცოფის ხსენება ასოცირდება მდინარე დურუჯთან. რომელმაც ბევრჯერ მიაყენა ზიანი მოსახლეობას. ღვარცოფული მდინარეებია: კისისხევი, ლაფანის ხევი, თურდო, ჭერმისხევი. აქვე უნდა გავხსენოთ მდინარე ვერეს ტრაგედია თბილისში. ღვარცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებებია: ფერდობებზე ტყის გაშენება, წყალშემაკავებელი არხების გაყვანა, ტერასების, ორმოების დამბების გაკეთება.

ევროკავშირს მსოფლიო ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო და კარგად დარეგულირებული აგრარული პოლიტიკა გააჩნია. ევროკავშირში სერიოზული კრიზისი მოჰყვა საერთო აგრარული პოლიტიკის შემუშავებას, აზრთა სხვადასხვაობის გამო ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ გაჩნდა შიში ამ ახლად შექმნილი გაერთიანების დაშლისა. ბოლოს ეს კრიზისი ამოიწურა 1966 წელს "ლუქსემბურგის კომპრომისით" მათ ზედმიწევნით დეტალურად შეიმუშავეს აგრარული სფეროს დაცვისა და უსაფრთხოების მთელი რიგი კანონები და ღონისძიებები. მიწის უწყვეტი, მონიტორინგი, ფერმერების სუბსიდირება, მიწების კონსერვაცია და ა.შ. ევროკავშირისგან განსხვავებით სოფლის მეურნეობა არამომგებიან სფეროდ იყო გამოცხადებული. ჩვენი სოფლის მეურნეობა არაეფექტურია, დაბალია მისი პროდუქტიულობა, დიდია არასაბაზრო ხასიათის მცირე მეურნეობები. მთავრობამ გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები, მაგრამ საჭიროა კიდევ მეტი მხარდაჭერა ფერმერებისათვის. მაგალითად ნიადაგის ანალიზის სუბსიდირება, რომელიც ძვირად ღირებული პროცესია.

მიწის რესურსებზე მოქმედი საფრთხეები კომპლექსური ხასიათისაა, აქედან სწორი მენეჯმენტით შეგვიძლია ვმართოთ ისეთი პროცესები როგორიცაა: ნიადაგის დამლაშება, ქიმიური სასუქებით კულტივაცია, ქარისმიერი ეროზია, გადაძოვება, დატკეპვნა, გაუტყიანება, მიწების ფრაგმენტაცია, მიწის კონსერვაცია, ურბანული დაგეგმარება, ნარჩენების მართვა და ა.შ. ქვეყანაში ჯერ კიდევ 60-მდე ღია ნაგავსაყრელია. ვერ მოხერხდა ფერადი ურნების განთავსება, ასევე რეციკლირება. ვერ ვმართავთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა გლობალური დათბობა, მჟავური წვიმები. აგრარული სფერო, მიწათმოქმედება უნდა გახდეს პრესტიჟული და დაფასებული. საჭიროა მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდა, მათ უნდა შევაყვაროთ ბუნება, საკუთარი სამშობლოს მიწა-წყალი "როცა გაახმობთ ბოლო ხეს მოწამლავთ ბოლო მდინარეს და დაიჭერთ ბოლო თევზს, მხოლოდ მაშინ მიხვდებით რომ ფული არ იჭმევა", ამბობენ ძველი ინდიელები. მიწაზე მუშაობა, სოფლის მეურნეობა აგრარული სფერო უნდა გახდეს ძალიან დაფასებული და ხელშეწყობილი.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში გვეუბნება. "მიხედეთ მიწას, მიწა დაგაპურებთ და გაგათბობთ თქვენ ბუნებასთან კავშირი აჯანსაღებს კაცის სულსა და სხეულს". 

გამოყენებული ლიტერატურა:

თეთრაული ც., (2019). მიწის რესურსების დაცვის ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირის ქვეყნებში. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტ.XII. ISSN 1987-6904. გვ. 471-490.  

თეთრაული ც., (2020). ინოვაციები მიწის რესურსების დაცვის სფეროში საქართველოში, თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტ.XIII. ISSN 1987-6904. გვ. 537-573. 

პაპავა (ლადო) ვლადიმერი (2011). არატრადიციული ეკონომიკსი. პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი. ISBN 978-9941-9168-0-9. 

იუვალ ნოახ ჰარარი (2022). 21 გაკვეთილი ოცდამეერთე საუკუნისთვის. ქართული გამოცემა, 22. ISBN 978-9941-30-913-7. 

თეთრაული ა. (1993). საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისა და ბიზნესის განვითარების კანონზომიერებანი საქართველოში. ნაწილი I. თბილისი, მაცნე 1993.