English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ივლია ონიანი ნონა ახვლედიანი
ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) შესწავლის როლი და მნიშვნელობა ეკონომიკური პროფილის სტუდენტებისათვის

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) სწავლების მნიშვნელობა უმაღლეს განათლებაში. ამ სტატიის მიზანია ახსნას ეკონომიკური პროცესების შინაარსი მაკრო დონეზე, ცოდნა მათი შეფასების მეთოდების შესახებ, მათი ინტერპრეტაცია. უფრო მეტიც, მიზანია სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ეკონომიკური პროფილის სკოლების ყურადღების მიქცევა ეას-ის, როგორც ეკონომიკური აზროვნებისა და ეკონომიკის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების ინსტრუმენტის შესწავლის მნიშვნელობაზე. კვლევის მეთოდოლოგია: გამოიყენება მოვლენების შედარებისა და კორელაციის მეთოდები. სტატია ყურადღებას ამახვილებს ეროვნული ეროვნული სააგენტოს დებულებების განხილვაზე, რომლებიც ფართო ხედვას იძლევა მაკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკური პროცესების ძირითადი მონაწილეების როლზე. შედეგები და გამოყენება: ეროვნულ ანგარიშთა სისტემის თეორიის ძირითადი დებულებები, მისი ძირითადი ცნებები და განმარტებები გავლენას ახდენს ყველა ეკონომიკური პროფილის სტუდენტების ეკონომიკური ცოდნის გაუმჯობესებაზე, იძენს საჭირო მეთოდებს ისეთი ინდიკატორების ანალიზისთვის, როგორიცაა: მთლიანი სამამულო პროდუქტი (GDP), მთლიანი ეროვნული პროდუქტი (GNP). ეროვნული სიმდიდრე და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. სტატიაში დეტალურად არის განმარტებული, თუ რა ცოდნას მიიღებს სუბიექტი ეროვნულ ანგარიშთა სისტემის შესწავლით, კერძოდ, ეხება ეკონომიკური პროცესების შინაარსს, ეკონომიკური სუბიექტების მიერ განხორციელებული ეკონომიკური ოპერაციების როლს. ეს არის ცოდნის შეძენა ეკონომიკური ოპერაციების სხვადასხვა ასპექტების შესწავლის მეთოდების, ეკონომიკური ზრდის ტემპების, შემოსავლების განაწილებისა და გადანაწილების, ფინანსური ინსტრუმენტებით ოპერაციების შესახებ.

საკვანძო სიტყვები: ეროვნულ ანგარიშთა სისტემა, ეკონომიკური ოპერაციები, ცნებები, ეკონომიკური სუბიექტები, აქტივები, შემოსავლები, ინსტიტუციური სექტორები.

ეას-ი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამსახველ განზოგადებულ მაჩვენებელთა სისტემას, რომელიც დამუშავებულია სტატისტიკური უწყებების მიერ, მაგრამ ის მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. იგი კონცეფციებისა და განსაზღვრებების სისტემაა, რომელიც წარმოაჩენს ეკონომიკური პროცესების შინაარს მაკრო დონეზე, სხვადასხვა ეკონომიკური სუბიექტების როლს და მათ მიერ განხორციელებული ეკონომიკური ოპერაციების შემადგენლობას. აქედან გამომდინარე უმაღლეს სასწავლებლებში ეას-ის შესწავლა დაეხმარება სტუდენტებს ჩამოუყალიბდეთ ფართო ეკონომიკური აზროვნება, რაც ეკონომიკური განათლების მთავარ მიზანს წარმოადგენს. პირველ რიგში ეკონომიკური აზროვნების განვითარება გულისხმობს ეკონომიკური პროცესების ძირითად სტადიებს შორის ურთიერთკავშირის შესწავლას. ასევე, ურთიერთკავშირების შესწავლას ეკონომიკური პროცესების ისეთი პარამეტრებს შორის, როგორიცაა შემოსავალი, მოხმარება, დაზოგვა, ინვესტიციები, კაპიტალი. ეკონომიკური აზროვნების განვითარება რათქმაუნდა ხდება ეკონომიკური მეცნიერების სხვადასხვა დისციპლინების შესწავლით, მაგრამ ეას-ს ეკუთვნის განსაკუთრებული როლი, ვინაიდან ამ სისტემაში ხდება ზემოთ ნახსენები პარამეტრების გაზომვა, უფრო მეტი, მათ შორის ურთიერთკავშირის გაზომვა, რაც შესაძლებლობას იძლევა მივიღოთ ინფორმაცია ეკონომიკური პროცესების შინაარსის შესახე მაკრო დონეზე, ასევე სხვადასხვა სამეურნეო სუბიექტების ურთიერთზემოქმედებისა და ფუნქციების შესახებ.

მაშასადამე, ეას მაკროეკონომიკის სტატისტიკური მოდელია, რომელიც მოწოდებულია გავიგოთ და გავზომოთ სხვადასხვა ფაქტორების გავლენა მშპ-ს ფორმირებაზე და სისტემის სხვა საკვანძო მაჩვენებლებზე. ამ მოდელის პარამეტრების ახსნა და გაგებინება ეკონომიკის მიმართულების სასწავლებლების სტუდენტებისათვის უზრუნველყოფს მათი კომპენტენციის ამაღლებას.

ეას-ი უზრუნველყოფს მთელ მსოფლიოში ეკონომისტთა საერთაშორისო საურთიერთო კონომიკურ ენას, რომელითაც სტატისტიკოსები, ფინანსისტები, ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო და დიპლომატიური ორგანიზაციების თანამშრომლები, მასმედიის წარმომადგენლები ურთიერთობენ.

ეას-ის განვითარების ისტორია ეს არის ეკონომიკური აზრის განვითარების ისტორია და ეკონომიკური პროცესების გაზომვისა და ანალიზის მეთოდების ძიება. {2} . დღეს, ამ თემაზე მრავალწლიანი კვლევის შედეგები, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობა მიიღეს გამოჩენილმა მეცნიერებმა, ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურიატებმა საიმონ კუზნეცმა, ვ. ლეონტიევმა, რიჩარდ სტოუნმა, განზოგადებულია 2008 წლის ეას-ის საერთაშორისო სტანდარტში და რომელსაც იყენებს მსოფლიოს ყველა ქვეყანა. ყველა ქვეყანაში ეას-ის მაჩვენებლების ძირითად მომხმარებელს სახელმწიფო მართვის ორგანოები წარმოადგენენ, რომელსაც ისინი იყენებეს სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისათვის. უკანასკვნელ წლებში ეას-ის მაჩვენებლებს მეტ ყურადარებას უთმობენ ბიზნესისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები, ასევე იყენებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რათა მოახდინონ მსოფლიო და რეგიონული ეკონომიკის სწორი პროგნოზირება. უკვე 50 წელია რაც გაეროს სტატისტიკური კომიისიის გადაწყვეტილებით წარმოებს მშპ-ს საერთაშორისო შედარება ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით. ამ შედარების მეთოდოლოგია სრულ შესაბამისობაშია ეას-ის დებულებასთან.

2008 წლის ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მნიშვნელოვანი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მასთან ჰარმონიზირებულია მაკროეკონომიკური სტატისტიკის სხვა საერთაშორისო სტანდარტები, ისეთი, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობა სახელმწიფო ფინანსებისა და საგადასახდელო ბალანსის შედგენისას. ეს უზრუნველყოფს ფართო მაკროეკონომიკურ ანალიზს. უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის ამ სტანდარტის ძირითადი დებულებების გაცნობა იქნებოდა მათვის სასარგებლო.

2008 წლის ეას-ის მნიშვნელოვან განყოფილებას წარმოადგენს ეკონომიკის ეკონომეტრიკული მოდელი, რომელიც ცნობილია, როგორც ცხრილი „დანახარჯები - გამოშვება“. ეს ცხრილი უზრუნველყოფს უფრო მეტად მნიშვნელოვან პარამეტრებსა და ეკონომიკური პროცესების სტადიებს შორის ურთიერთკავშირების მათემატიკურ აღწერას და ქმნის ეკონომიკური განვითარების უფრო ზუსტი პროგნოზების შემუშავების შესაძლებლობას.

2008 წლის ეროვნულ ანგარიშთა სისტემა შეიცავს რეკომენდაციებს კონკრეტული ორგანიზაციული ფორმის ინსტიტუციური დაწესებულებების მიერ განხორციელებული ეკონომიკური ოპერაციების ასახვის შესახებ. ე.ი. ამ რეკომენდაციებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის საწარმოების , ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების, სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობა, შემოსავლების განაწილებისა და გადანაწილების ინსტრუმენტები, სამეურნეო სუბიექტების ინვესტირების დაფინანსების წყაროები. 2008 წლის ეას-ში მოცემულია აგრეთვე რეკომენდაციები ჩრდილოვანი და არაფორმალური ეკონომიკის ასახვის შესახებ.
გასაგებია, რომ კურსის ფარგლებში ეას-ის მიხედვით განხილულ ანგარიშებს უნდა დაეთმოს შესაბამისი ყურადღება. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ეას-ში მოცემულია მთელი რიგი ეკონომიკური ოპერაციები. ეს ოპერაციებია დაკრედიტებისა და გასესხების, ფინანსური შუამავლობის, ფინანსური და ოპერაციული ლიზინგთ, საკუთრებიდან შემოსავლებით ოპერაციები და სხვ. ეას-ის ანგარიშების განხილვა ითვალისწინებს ანგარიშებში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერაციების შინაარსის გაგების აუცილებლობას და ხშირად განსხვავებული ეკონომიკური ოპერაციების და აქტივების ტიპების შინაარსის გაგებას. სწორედ, ეას-ის შესწავლა გვეხმარება შევიძინოთ ეს ცოდნა. ეს ოპერაციები ბევრად განსაზღვრავს ეკონომიკური პროცესის შინაარსს. ეკონომიკურ პროცესებში მათი არსისა და როლის განსაზღვრა ეკონომიკური ცოდნის არსებითად მნიშვნელოვანი ელემენტია. ამ ცოდნის მიღება კი შესაძლებელია ეას-ის შესწავლით.

ეას-ის სტრუქტურის ფორმირების საფუძველში დევს ქვეყნის სამეურნეო სუბიექტების, მათი ოპერაციებისა და აქტივების შესახებ მონაცემთა უზარმაზარი მასივის მოწესრიგება და სისტემატიზაცია. ეს მოწესრიგება, რომელიც დაფუძნებულია რიგი პოლიტეკონომიკური კონცეფციების და განსაზღვრებების გამოყენებაზე, მოწოდებულია, ეკონომიკის შესწავილსა და ანალიზისათვის, უზრუნველყოს მაკროეკონომიკური პროცესების აღწერა კომპაქტურ, აღქმისათვის მოსახერხებელ ფორმაში.

ეას-ის თეორიის ძირითადი დებულებები, მისი ფუძემდებლური კონცეფციები და განსაზღვრებები ზემოქმედებას ახდენენ ყველა ეკონომიკურ პროფილის სტუდენტთა ეკონომიკური ცოდნის ამაღლებაზე, იძენენ მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა ანალიზისათვის საჭირო მეთოდებს.

მოცემული სტატიის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ავხსნათ რა ცოდნას მიიღებენ ეკონომიკური პროფილის სასწავლებლების სტუდენტები, მაგისტრები, დოქტორანტები ეას-ის შესწავლით. ამასთან ყურადღება მივაპყროთ იმას, რომ ეას-ი წარმოადგენს ეკონომიკური აზროვნების და ეკონომიკის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. სტატიაში გამახვილებულია ყურადრება ეას-ის ისეთი დებულებების განხილვაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ფართო შეხედულებას მაკროეკონომიკაზე და მაკროეკონომიკური პროცესების ძირითადი მონაწილეების როლზე.

ეას-ი წარმოადგენს სამეურნეო სუბიექტების მიერ შესრულებული ეკონომიკური ოპერაციების შესახებ მონაცემთა დიდი მასის მოწესრიგებულ სისტემას. ამ მოწესრიგების მიზანია დავაჯგუფოთ სამეურნეო სუბიექტების ერთგვაროვანი ეკონომიკური ოპერაციები, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკური პროცესების კომპაქტურ სურათს. მონაცემთა ასეთი მოწესრიგების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ინფორმაციის უზარმაზარ მასივში გარკვევა, ძირითადი ტენდენციებისა და ეკონომიკური განვითარების შედეგების გამოვლენა.

ეას-ში ქვეყნის ეკონომიკა, როგორც ზემოთ ნახსენები მოწესრიგების შედეგი, წარმოდგენილია ხუთი ინსტიტუციური სექტორის სახით: არაფინანსური კორპორაციები; ფინანსური კორპორაციები; სახელმწიფო მართვის ორგანოები; შინამეურნეობის მომსახურე არაკომერციული ორგანიზაციები; შინამეურნეობები, რომლთა ფორმირება ხდება ეკონომიკურ პროცესში მათ მიერ შესასრულებელი ფუნქციების შესაბამისად. ამ ფუნქციების გარკვევა მნიშვნელოვანია ეკონომიკურ პროცესებში სხვადასხვა ინსტიტუციური სექტორების როლის განსაზღვრისათვის. ინსტიტუციური სექტორები ერთმანეთან ურთიერთმოქმედებენ ეკონომიკური ოპერაციების დახმარებით, რომლებიც ეას-ში აგრეგირებულია სამ ჯგუფად: ოპერაციები საქონლითა და მომსახურებით; ოპერაციები შემოსავლებით და ოპერაციები ფინანსური ინსტრუმენტებით. ეას-ის ანგარიშებში ეს ოპერაციები წარმოდგენილია უფრო დაწვრილებით, მაგრამ ეს არ ეწინააღმდეგება ინფორმაციის მოწესრიგების მიზანს. დეტალიზაცია ხორციელდება ოპერაციების ზემოთ მოცემული ჯგუფების ჩარჩოებში.

ეას-ს უმნიშვნელოვანესი დებულება, რომელიც დაკავშირებულია მონაცემთა მოწესრიგებასთან, ეხება პერიოდისათვის ოპერაციის ნაკადებს და თარიღისათვის აქტივების მარაგებს შორის სისტემატიური განსხვავების გაგებას. საქონლისა და მომსახურების ნაკადები, შემოსავლების ნაკადები, ფინანსური აქტივები და ვალდებულებები წარმოიშობა შესაბამისი ეკონომიკური ოპერაციების განხორციელების შედეგად. აქტივების მარაგები მოცემული თარიღისათვის წარმოადგენს დაგროვების შედეგს, ნაკადების ტრანსფორმაციის შედეგს. მაგალითად, საქონლის ნაკადი ამა თუ იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც წარმოიქმნება საქონლის სხვადასხვა მიზნით წარმოებისა და გამოყენების შედეგად, შეიძლება ტრანსფორმირდეს საქონლის მარაგში წლის ბოლოს, როგორც დაგროვების შედეგი. ამ შინაარსით ყველა მარაგი ეას-ის ანგარიშებში ასახავს მოცემული პერიოდისათვის ან ოპერაციების ნაკადს ან აქტივების ნაკადებს მოცემულ პერიოდში. ოპერაციების ნაკადებსა და აქტივების მარაგებს შორის განსხვავების გაგება მნიშვნელოვანია ეას-ის მაჩვენებელთა ინტერპრეტაციისა და ანალიზისათვის.. ხსენებული მონაცემების მოწესრიგება ხორციელდება რიგი კონცეფციების გამოყენების საფუძველზე. მათ შორის ეს არის წარმოების პოლიტეკონომიკური კონცეფცია, შემოსავლების კონცეფცია, რომელიც ფორმირებულია ინგლისელი ეკონომისტის ჯონ ხიკსის მიერ, რეზიდენტობის კონცეფცია და ა. შ. ჯონ ხიკსის შემოსავლების კონცეფცია გავლენას ახდენს მშპ-ს შინაარსზე და შემოსავლის ყველა მაჩვენებელზე ეას-ში.

ყოველი ინსტიტუციური სექტორი აერთიანებს ერთგვაროვანი ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ ეკონომიკის დარგებს, რომლებიც განისაზღვრება, როგორც საწარმოო ქვედანაყოფების ერთობლიობა (დაწესებულება). მაგალითად, სამრეწველო საწარმოოს ჩარჩოებში შეიძლება არსებობდეს რამოდენიმე დაწესებულება, რომლებიც დაკავებული არიან სამრეწველო, სამშენებლო, სატრანსპორტო საქმიანობით. თითოეული დაწესებულება მიეკუთნება ეკონომიკის შესაბამის დარგს.

ყოველი ინსტიტუციური სექტორისათვის და თითოეული ეკონომიკის დარგისათვის დგება ანგარიშები, რომელშიც რეგისტრირდება ზემოთ ნახსენები ეკონომიკური ოპერაციები. ანგარიშებში თანმიმდევრულად აისახება ეკონომიკური პროცესების ყველა სტადია: წარმოება, შემოსავლების განაწილება და გამოყენება, ინვესტიციები, ოპერაციები ფინანსური ინსტრუმენტებით, კაპიტალის ფორმირება. ანგარიშებში გამოყენებული ორმაგი ჩაწერის პრინციპი საშუალებას იძლევა უზრუნველვყოთ ანგარიშების დაბალანსებულობა და შეთანხმებულობა. ანგარიშები შეიცავს მაჩვენებლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკონომიკური ანალიზის მთავარ მიმართულებებს: ეკონომიკური ზრდის ტემპები; ეკონომიკის სტრუქტურა; ცხოვრების დონე; დანაზოგები; ინვესტიციები, აქტივების მარაგები და სხვ.

ვინაიდან მოცემული ქვეყნის სამეურნეო სუბიექტები (რეზიდენტები) ახორციელებენ ეკონომიკურ ოპეაციებს დანარჩენი მსოფლიოს სამეურნეო სუბიექტებთან, ამიტომ ეას-ში ასევე განხილულია ანგარიში, სადაც ასახულია ეს ოპერაციები, კერძოდ, ეს ოპერაციებია: საქონლითა და მომსახურებით (ექსპორტი და იმპორტი), შემოსავლებით (პირველადი შემოსავლები და ტრანსფერტები), კაპიტალითა და ფინანსური ინსტრუმენტებით. ამ ოპერაციების განსაზღვრება ჰარმონიზირებულია საგადასახდელო ბალანსის შესაბამის მაჩვენებლებთან.

მაშასადამე, ეას წარმოადგენს ინფორმაციის უნიკალურ ყოვლისმომცველ სისტემას. ის მოიცავს ქვეყნის ყველა სამეურნეო სუბიექტს, მათ მიერ განხორციელებულ ყველა ეკონომიკურ ოპერაციას და ყველა ეკონომიკურ აქტივებს. ამ სისტემის ძირითადი დებულებების განხილვა და შესწავლა ეკონომიკური განათლების უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

ეას -ის შესწავლით შესაძლებელია მივიღოთ ცოდნა ისეთი საკვანძო მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შინაარსისა და გაანგარიშების მეთოდების შესახებ, როგორიცაა მშპ, მეშ, ეროვნული სიმდიდრე და სხვა. ყველაზე მთავარი, ეას -ის შესწავლა შესაძლებლობას იძლევა მივიღოთ დაწვრილებითი ცოდნა მაკროდონეზე ეკონომიკური პროცესების შინაარსის შესახებ, კერძოდ იმაზე, რაა ეკონომიკური პროცესი-ეს სამეურნეო სუბიექტებს ურთიერთზემოქმედების პროცესია ეკონომიკური ოპერაციების დახმარებით. ეას-ის შესწავლა შესაძლებლობას იძლევა მივიღოთ ცოდნა ეკონომიკურ პროცესში უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ოპერაციების როლისა და შინაარსის შესახებ. განსაკუთრებით კი ისეთი ეკონომიკური ოპერაციების შესახებ როგორიცაა ფინანსური აქტივებით და ვალდებულებებით ოპერაციები, ოპერაციები საკუთრებიდან, შემოსავლების გამოყენებითი და განაწილებითი ოპერაციები, ოპერაციები ინვესტიციების დაფინანსებით. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური სტატისტიკისათვის. მაშასადამე, ეას-ის შესწავლა ზემოქმედებს სტუდენტთა ეკონომიკურ წიგნიერებაზე.

ეას უზრუნველყოფს მშპ-ს საერთაშორისო შესადარისობის მეთოდოლოგიურ საფუძველს ვალუტის მსყიდველობით უნარიანობის პერიტეტის მიხედვით, რომელიც შემუშავებულია გაეროს სტატისტიკური კომისიის მიერ. განსაზღვრებები და კლასიფიკაციები ამ შესადარისობისათვის ფორმირდება ეას-ის საფუძველზე. შედარების შედეგები უზრუნველყოფს უნიკალურ ინფორმაციას მსოფლიო ეკონომიკაზე, ინფორმაციას ყოველი ქვეყნის ადგილზე მსოფლიო და რეგიონულ ეკონომიკაში, განსხვავებაზე ცხოვრების დონეში, ვალუტის მსყიდველობით უნარიანობისა და გაცვლითი კურსის დამოკიდებულებაზე. ქვეყნის ხელისუფლება ყურადღებით იკვლევს შედეგების შესადარისობას და ითვალისწინებს მას ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას.

ამ შესადარისობის თეორიისა და მეთოდოლოგიის, და აგრეთვე მათი შედეგების განხილვა აფართოებს ეკონომიკური სასწავლებლებისა და ფაკულტეტების სტუდენტთა თვალსაწიერს, ეხმარება მათი მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობის და მის დინამიკაზე მოქმედი ფაქტორების გარკვევაში.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ქ. მარშავა, მ. მინდორაშვილი-ეროვნულ ანგარიშთა სისტემა-სახელმძღვანელო, თსუ-ს გამომცემლობა. 2009წ.
2. Европейская комисия, МВФ, ОЭСР, ООН, Всемирный банк. Система националъных счетов 2008: пер на рус. яз . под . ред. Ю. Н. Иванова- Нъю-Йорк. 2012.
3. Основы националъного счетоводства (международный стандарт СНС 2008 г. 0 учеб/ под. Ред. Ю. Н. Иванова. М.: Инфра-М. 2013.
4. Экономическая статистик: учеб./ под. Ред. Ю. Н. Иванова. М.: Инфра-М. 2016.