English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ გიორგი ღავთაძე აზა იფშირაძე
სოციალური სახელმწიფო, მორალური ეკონომიკა და ადამიანის უფლებები: თანამედროვე რეალობა და პერსპექტივები

ანოტაცია

მორალური ეკონომიკის იდეა არის დინამიური კონცეფცია, რომელიც მუდმივად ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა გარემო პირობების ცვალებადობის გამო. იგივე ხდება თანამედროვე ეტაპზე, როდესაც „ზნეობის“ საკითხი, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ახალი გამოწვევების წინაშე დადგა.

აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია ახლად ჩამოყალიბებული, განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ეკონომიკას შორის ძველი ურთიერთობა იშლება, ახლები კი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ასეთ ქვეყნებში არსებული ვითარება სპონტანურად იცვლება ისე, რომ წინმსწრებად არ ხდება არც თეორიული და არც პოლიტიკური საფუძვლების მომზადება, სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით. ფაქტობრივად, ასე მოხდა საქართველოშიც.

ეკონომიკის მორალურობის საკითხი მჭიდრო კავშირშია ადამიანის უფლებების რეალიზებასთან, სოციალური მდგომარეობის სწორ აღქმასთან და ა.შ. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი თანამედროვეობისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე საკითხებთან. ამიტომ, ამ სტატიაში „მორალური ეკონომიკის“ კომპლექსური კონცეფცია განხილულია ე.წ. „მულტი-“ და „კროს-“ დისციპლინარული მიდგომების გამოყენებითა და თანამედროვე გლობალური თუ რეგიონული მასშტაბის პრობლემების გათვალისწინებით.

საკვანძო სიტყვები: მორალური ეკონომიკა; ინკლუზიური ზრდა; სოციალური ნდობა 

შესავალი

ეკონომიკურ ურთიერთობებში მორალური ასპექტების გათვალისწინებისა და შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მოდელის ფორმირების საკითხმა, უკვე კარგა ხანია, წინა პლანზე წამოიწია მსოფლიოს მასშტაბით და დღესაც არ კარგავს თავის აქტუალობას. ბევრისათვის გასაკვირად, ე.წ. „მორალური ეკონომიკის“ იდეამ მეტი პოპულარობა მოიპოვა ანთროპოლოგებსა თუ ეკონომიკის ისტორიკოსებს შორის. მაშინ როდესაც, მან შედარებთ ნაკლები ყურადღება მიიპყრო პოლიტიკოსების მხიდან, რაც, ხშირ შემთხვევაში, უარყოფითად აისახება შესაბამისი სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებისა და რეალიზაციის პროცესებზე.

ვფიქრობთ, რომ მორალური ეკონომიკის იდეა, ეს არის დინამიური კონცეფცია, რომელიც გამუდმებით განიცდის ზეწოლას, ცვალებადი გარემო პირობებიდან გამომდინარე. იგივე ხდება თანამედროვე ეტაპზეც, როდესაც „მორალურობის“ საკითხი ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, ბოლო წლებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე.

აღნიშნული საკითხი, კიდევ უფრო აქტუალურია ახლადწარმოქმნილი, განვითარებადი ქვეყნებისათვის, სადაც სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ეკონომიკას შორის ძველი ურთიერთობები რღვევას განიცდის, ხოლო ახალი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ასეთ ქვეყნებში, არსებული მოცემულობის შეცვლა იწყება სპონტანურად, ისე რომ მომავალი პერსპექტივებისათვის არ არის მომზადებული არც თეორიული და არც პოლიტიკური საფუძვლები. ფაქტობრივად, ასე მოხდა საქართველოშიც.

ეკონომიკის მორალურობის საკითხი მჭიდრო კავშირშია ადამიანის უფლებების რეალიზებასთან, სოციალური სახელმწიფოს სწორ აღქმასთან და ა.შ., ანუ, ჩვენი თანამედროვეობისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე საკითხებთან. ამიტომ, წინამდებარე სტატიაში, განხორციელებულია „მორალური ეკონომიკის“ ცნების კომპლექსური, ე.წ. „მულტი-“ და „კროს-“ დისციპლინური მიდგომების გამოყენებით გაანალიზების მცდელობა, თანამედროვე გლობალური თუ რეგიონული პრობლემების გათვალისწინებით.

შესაბამისი მოხსენება გაკეთდა ევროპარლამენტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე პოლონეთში[1], 2022 წელს, პოლონელი, ქართველი, გერმანელი, ხორვატი მკვლევარების, პოლიტიკოსებისა და საზოადოების სხვა წარმომადგენლების წინაშე. ჩვენი ქვეყნისათვის საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ავტორებმა გადავწყვიტეთ აღნიშნული პრობლემის შესახებ გვემსჯელა ქართველ კოლეგებთანაც. 

ძირითადი მსჯელობა

სამართლებრივი სახელმწიფოს პირობებში ეკონომიკის მორალურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, საკითხის მასშტაბურობისა და აქტუალობის გამომდინარე, საყოველთაო ყურადღების ობიექტი უნდა გახდეს ახლად წარმოქმნილი განვითარებადი ქვეყნების სამომავალო პერსპექტივების განხილვა. საქართველოს შემთხვევაში, სახელმწიფოს მმართველობითი მოდელის შერჩვაში სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, მორალური და ეთიკური საკითხების ინტეგრირების შესაძლებლობების ძიების პროცესში, გათვალისწინებულ უნდა იქნას ქვეყნის მოსახლეობის ფაქტობრივი უმრავლესობის ევროპული არჩვანი.

საკითხი კიდევ უფრო საინტერესო ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ 1918-1921 წლების საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია, თავის სტრუქტურითა და შინაარსით, განამტკიცებდა ადამიანის უფლებებს სოციალური სახელმწიფოს ფარგლებში და ეს დამოკიდებულება, სამართლებრივად, დღესაც შენარჩუნებულია. მაგრამ, ჯერ კიდევ პრობლემური რჩება კონსტიტუციით განმტკიცებული უფლებების რეალობაში სრულად დანერგვის საკითხი, რასაც ქვეყანა უკვე 30 წელზე მეტია ცდილობს, მართალია გარკვეული წარმატებით. თუმცა, ამ მხრივ, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

ევროპული ინტეგრაციის გზაზე, საქართველო, არაერთ სუბიექტური თუ ობიექტური შინაარსის პრობლემას აწყდება, რაც მოსალოდნელი იყო, კიდეც. ქვეყნისათვის, რომელიც ჯერ კიდევ სრულად ვერ გამოვიდა პოსტ-სოციალისტური მარწუხებიდან თუ ზეგავლენებიდან, ევროპულ ღირებულებებთან და განვითარების პრინციპებთან მისი დაახლოება სისტემური ხასიათის ცვლილებებს მოითხოვს. ქვეყანაში მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარე რეფორმები, სწორედ ზემოაღნიშნულის გამოძახილია.

მართალია, ჩვენ საკმაო წარმატებას მივაღწიეთ არაერთი მიმართულებით, მაგრამ ყველაზე პრობლემური, აქამდე თითქმის დაუძლეველი, აღმოჩნდა მოსახლეობის მსოფლმხედველობითი და ცნობიერებითი საკითხები, რომელთა ცვლილებამ უნდა შექმნას ახლი საზოგადოება, რომელიც სოლიდარული იქნება გლობალურ საკითხებთან მიმართებაში (მიუხედავად შესაძლო განსხვავებებისა პროცესების დეტალურ აღქმაში) და ექნება უნარი მიიღოს გადაწყვეტილებები საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივების გათვალისწინებით, თანამედროვე პირობების სწორი ანალიზისა და სამომავლო პერსპექტიევბის ადექვატური გააზრების საფუძველზე.

აღნიშნულის მიღწევის აუცილებელ პირობად გვესახება სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ურთიერთმიმართების პარადიგმის ცვლილება და  „დაქვემდებარებულობასთან შედარებით, პიროვნების თავისუფლების უპირატესობას“, [Boni, 2008: 15] ქვეყნის განვითარებაში. სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთობების გამოწვევებზე მსჯელობა უნდა მოიცავდეს თანასწორობას, დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გარანტირებას, შესაძლებლობათა განვითარებას, ინკლუზიურ ზრდას და ა.შ.

მსგავსი მასშტაბის ცვლილება ყოვლად წარმოუდგენელია შესაბამისი ინტელექტუალური კაპიტალის განვითარების გარეშე, რომლის ფორმირება უნდა დაეყრდნოს ახალ ცოდნასა და ინფორმაციას და რომელმაც უნდა შეცვალოს საზოგადოებრივი დამოკიდებულება სახელმწიფოებრივი განვითარების მიმართ. შესაბამისად, თანამედროვე ეტაპზე, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინტელექტუალურ კომპონენტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულში ვგულისხმობთ „ინტელექტუალურ რესურსებს, რომლებიც პირდაპირ განსაზღვრავენ ეკონომიკური ზრდის პარამეტრებს, ქმნიან საფუძველს ინოვაციური განვითარებისა და პოსტინდუსტრიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.“ [Djakons Ed. R., Lukianenko D., 2020: 13]

ყოველივე ზემოაღნიშნული ერთიანი, მაგრამ არაერთგვაროვანი და მრავალწახნაგოვანი პროცესია, რომელსაც უამრავი მიმართულება გააჩნია. ისინი სხვადასხვა ძალისა და მნიშვნელობისაა, საბოლოო შედეგზე მათი ზეგავლენის მასშტაბებიდან გამომდინარე. მაგრამ, ნებისმიერი მათგანის შეუსრულებლობა ან არასრულად შესრულება გამორიცხავს საბოლოო მიზნის სრულფასოვნად მიღწევას და მეტიც, ამან მთლიანი პროცესის კრახიც კი შეიძლება გამოიწვიოს. ამ „მიმართულებებს“ შორის, ერთ-ერთი გამორჩეულებია:

  • ერთი მხრივ, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება, როგორც საფუძველი ძლიერი, სტაბილური, სოციალურად ორიენტირებული და მორალური „ზედნაშენის“ - სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის და
  • მეორე მხრივ, შესაბამისი სახელმწიფო მართვის სისტემის ფორმირება.

ეჭვსგარეშეა, რომ აღნიშნული მიმართულებების მიხედვით წარმატების მიღწევა მნიშველოვნად არის დამოკიდებული შესაბამისი თეორიული ბაზის არსებობაზე, რომლის შექმნა მხოლოდ „ეკონომიკური ინტერესებით“ ვერ შემოიფარგლება. უკვე რამდენიმე ათეული წელია რაც მეცნიერ-ეკონომისტები საუბრობენ „მეტა-ეკონომიკაზე“, რომლის ფარგლებში ხდება გლობალურ ეკონომიკურ განვითარებაში ეთიკისა და მორალის საკითხების ინტეგრირება (რაც ასე ძლიერ აკლია თანამედროვე მსოფლიოს) და რომლის გათვალისწინებით, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოხდა „ბებერ კონტინენტზე“ ფორმირება ერთიანი სივრცისა, ევროკავშირის სახით.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას. ფაქტობრივად, ყველა თანხმდება იმაზე, რომ არსებული ეკონომიკური თეორია აღარ არის საკმარისი ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ფენომენების ბუნებისა და შინაარსის სიღრმისეული და ყოვლისმომცველი შესწავლისათვის. აქცენტი სულ უფრო მეტად კეთდება წარმოების, გაცვლის, განაწილებისა და მოხმარების სოციალური არსის, პროცესებისა და შედეგების გააზრების და ამის საფუძველზე სოციალური სისტემების სრულყოფილი აღქმის აუცილებლობაზე, მათი ყველა წევრის ინტერესებისა და მისწრაფებების გათვალისწინებით.

შეიძლება ითქვას, რომ ყურადღების მიღმა რჩება და, ხშირ შემთხვევაში, უგულებელყოფილია თანამედროვეობის „მორალური“ ეკონომისტების მოდერნისტული კონცეფციები, ასევე ადამიანებისა თუ ინსტიტუციების ეკონომიკურ ქცევასთან დაკავშირებული მათი კრიტიკული მოსაზრებები, სახელმწიფოსა და ეკონომიკის არისტოტელესეული თეორიის ახლებურად გააზრების მცდელობები.

სწორედ აქ ვხედავთ ჩვენ განსაკუთრებულ, სპეციფიკურ სივრცეს ეკონომისტების, ფილოსოფოსების, პოლიტოლოგებისა თუ სოციალური თეორიის პროფესიონალების ძალიასხმევის გაერთიანებისათვის, რამაც შედეგად უნდა მოგვცეს ახალი, მორალური, სოციალური სახელმწიფოს მოდელის ზოგადი კონტურები, რომელზეც შესაძლებელი იქნება ქვეყნის მომავალი განვითარების მოდელის მიმართვა, იმ თავისებურებების გათვალისწინების პირობით, რომელიც მას გააჩნია, მიმდინარე ეტაპზე.

ზემოთქმული, საქართველოსთან დაკავშირებით, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, ჩვენთვის ამჯერად საინტერესო ორ ძირითად საკითხზეც დაგვაფიქრებს:

  1. როგორი იქნება ევროკავშირის (როგორც ერთიანი მთელის) და მისი მდგენელი ქვეყნების (როგორც მთელის ნაწილების) მომავალი და რამდენად იქნება მათ ეკონომიკურ განვითარებაში ინტეგრირებული ზნეობრივი და სამართლიანობის საკითხები?
  2. რამდენად უახლოვდება/შორდება საქართველო ევროკავშირთან ინტეგრირების შესაძლებლობას მიმდინარე ეტაპზე და რა შეიძლება გამოიწვიოს ამჟამად არსებულმა ვითარებამ მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში?

ორივე საკითხი კომპლექსურია და გააჩნია, როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური, მორალური და, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ასპექტები. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანამედროვე მატერიალისტი საზოგადოებისათვის ეკონომიკური კეთილდღეობა, ხშირად, იმდენად პრევალირებს, რომ სწორედ მის პრიზმაში იხილება ნებისმიერი სხვა საკითხი (სახელმწიფო უსაფრთხოებისაც კი) და არც თუ იშვიათად, ამ უკანასკნელთა საზიანოდ. აღნიშნული პარადიგმა დამახასიათებელია როგორც მაღალგანვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნებისათვის და ვითარების შეცვლა, ჩვენი აზრით, მხოლოდ მორალურ-ეთიკური ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის მქონე მიზანსწრაფული საზოგადოების ფორმირებით არის შესაძლებელი.

ზემოთ დასმული პირველი შეკითხვის შემთხვევაში, წინა პლანზე გამოდის ერთიანობისა და განცალკევებულობის ოპტიმალური შეხამების ამოცანა. ასეთი მიდგომა უნდა მოიცავდეს, ერთი მხრივ, მთლიანად ევროპის მასშტაბით ეკონომიკური, პოლიტიკური, მმართველობითი სისტემების და, მეორე მხრივ, ადგილობრივი შეხედულებების, კულტურის, მოსახლეობის მისწრაფებების, ეკონომიკური პოტენციალის, ბუნებრივი რესურსების და ა.შ., ეროვნული სპეციფიკის, თავისებურებების ანალიზს. მნიშვნელოვანია, რომ მოცემული ერთიანობის მომწიფებულობის ზომა განისაზღვროს არამარტო ერთობლიობის შემადგენელი ელემენტების ინტეგრაციის ხარისხით, არამედ ერთობლიობის ელემენტების დამოუკიდებლობის ზომის დიფერენციაციითაც. სწორედ აქ აქტიურდება ცალკეულ სახელმწიფოთა კერძო ინტერესებისა და საერთო ევროპული მისწრაფებების ჰარმონიული ინტეგრაციის საკითხი. აღნიშნული განსაკუთრებით აქტუალური ხდება ახალ წევრებთან ან წევრობის მსურველ სახელმწიფოებთან მიმართებით, რაც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს ევროგაერთიანების ფუნდამენტური ღირებულებებისა და განვითარების სამომავლო პერსპექტივების მიმღებლობას, ამ ქვეყნების მხრიდან.

მთელი, როგორც ერთობლიობა, ზეგავლენას ახდენს მისი ნაწილების თვისობრიობაზე და პირიქით. შესაბამისად, კონკრეტულ ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებული ევროკავშირში მიღების წინაპირობების არსებობა, რომლებიც თავის თავში აერთიანებს საუკუნეების მანძილზე დაგროვილ იდეალებსა და სულისკვეთებას და რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ნებისმიერი წევრობის მსურველი სახელმწიფოსათვის, გლობალური მასშტაბით მორალური განვითარების წინაპირობად და გარანტად გვესახება.

დავძენთ აქვე, რომ ეს დამოკიდებულება დამახასიათებელია, ზოგადად, „ევროპისათვის“, რომელიც ევროკავშირის წევრების გარდა, აერთიანებს სხვა სახელმწიფოებსაც. მართალია, ისინი მსოფლმხედველობითი თანხვედრის მიუხედავად, ვერ ხედავენ საკუთარ მომავალს ევროკავშირში, მაგრამ აღნიშნულის მიზეზი უფრო მეტად ეკონომიკური ფაქტორებია, და არა მორალურ-ეთიკური. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განვითარების „მორალური“ მოდელის უპირატესობას, თანამედროვე ეტაპზე.

ზოგადად, სამყაროსა და საზოგადოების განვითარების კვალობაზე, ზნეობრივი, ეთიკური საკითხები სულ უფრო მეტად ინტეგრირდება სახელმწიფოებრივ განვითარებაში. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „მორალური“ განვითარება ხშირად დგება გამოწვევების წინაშე დ ამის არაერთი მაგალითი გვქონდა უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, ფინანსური კრიზისის, პანდემიის და სრულმასშტაბიანი ომის სახით.

პირველ ორ შემთხვევაში, იმ ტიპის ქვეყნებმაც კი, რომელთათვისაც ძირითად ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს ინტერნაციონალიზმი და სახელმწიფოთაშორისი სოლიდარობა წარმოადგენს, თითქოს „უკან“ გადადგეს ნაბიჯი ნაციონალური სახელმწიფოების სასარგებლოდ, რაც იმაში გამოიხატა, რომ ევროკავშირის შიგნით, სახელმწიფოებმა ჩაკეტეს საზღვრები, მაგალითად, ეპიდემიისგან თავდაცვის მიზნით. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საშიშროების დაძლევისა და ამ მძიმე მდგომარეობიდან შეძლებისდაგვარად ნაკლები დანაკარგით გამოსვლის პროცესში, მსოფლიომ და ევროკავშირმა აირჩია ნაციონალური სახელმწიფოების როლის გაძლიერება.

დღევანდელი გადასახედიდან, ერთი შეხედვით, თითქოს თითოეული სახელმწიფო მხოლოდ თავის მოქალაქეებზე თუ ეკონომიკაზე იყო კონცენტრირებული და სოლიდარობის ერთაშორისი პრინციპი თუ მთლიანად არ დაიკარგა, უკანა პლანზე მაინც გადაიწია. გაჩნდა გარკვეული საფრთხე იმისა, რომ ნაციონალური სახელმწიფოების როლის წინ წამოწევას შეიძლებოდა გამოეწვია მსოფლიოს ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და აკადემიური დეინტეგრაცია. ამას, თავის მხრივ, მომავალში კიდევ უფრო მეტი და მძიმე კრიზისების გამოწვევა შეუძლია, რადგან ნაციონალური სახელმწიფოებიდან ნაციონალისტურობამდე და შოვინიზმამდე მცირე ნაბიჯიღა რჩება, თუ ეროვნულობას, ინტერნაციონალურობას და სოლიდარობას შორის ბალანსი არ იქნა დაცული.

მსგავს სულისკვეთებას იზიარებდა არაერთი საერთაშრისო ორგანიზაცია. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2020 წლის ანგარიშში გაკეთებულია ხაზგასმა, რომ „2020 წელს მსოფლიო ჯანდაცვისა და ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას, პოლიტიკის პასუხი უნდა იყოს გამოწვევის შესაბამისი. ეფექტური პოლიტიკა აუცილებელია უარესი შედეგების თავიდან ასაცილებლად. ... საჭირო იქნება საერთაშორისო დახმარება ჯანდაცვის სისტემის შეზღუდული შესაძლებლობებისა და რესურსების მქონე ქვეყნების მხარდაჭერისთვის, რათა დაეხმარონ მათ მოემზადონ პანდემიისთვის და გაუმკლავდნენ მას.“ [IMF, 2020: 9] აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფი ევროპული სახელმწიფოები, დროულად შეამჩნიეს რა ზემოაღნიშნული რისკები, გლობალური ეკონომიკური კრიზისითა თუ პანდემიით გამოწვეული პირველი შოკების გადატანის შემდეგ, აქტიურად ჩაერთვნენ უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ეფექტიანი მექანიზმების (მაგალითად, დახმარება კლინიკებით, ექიმებით, სამედიცინო ეკიპირებით, ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი ფინანსური რესურსებით და ა.შ.) შემუშავებასა და ამოქმედებაში.

2022 წლის 24 თებერვალს, არამხოლოდ მორალური განვითარების, არამედ, ზოგადად - სამყაროს ეგზისტენციალური პრობლემა წარმოშვა პუტინისტური რუსეთის შეჭრამ დემოკრატიულ უკრაინაში, რის შედეგად, კრიზისის ეპიცენტრი კიდევ ერთხელ გახდა ევროპა. რუსეთის აგრესიაზე რეაგირების დინამიკიდან გამომდინარე, შესაძლოა გამოვთქვათ ვარაუდი, რომ აღნიშნული კრიზისი ევროკავშირის კონკრეტული ერთიანი პოლიტიკების (მაგალითად, ფინანსურის, სამხედრო-პოლიტიკურის და სხვ.) კიდევ უფრო მეტად გაძლიერების კატალიზატორიც კი აღმოჩნდა, რაც ევროკავშირის და, მთლიანად მსოფლიოს ყველა დემოკრატიული ქვეყნის ინტერესებში შედის.

ისტორიულად, სწორედ მსგავსი მასშტაბის დიდი კრიზისები იძლეოდნენ, ხოლმე, დიდი ნახტომების განხორციელების შესაძლებლობას. მაგალითისათვის შეიძლება გავიხსენოთ გასული საუკუნის 90-იანი წლები, როდესაც ევროპა, ნავთობის ორი შოკის შემდეგ, ეკონომიკური ზრდის ტემპების მნიშვნელოვან შენელებასა და მაღალ უმუშევრობას განიცდიდა. აღნიშნულ პერიოდში, „ერთიანი ბაზრის“ პრინციპის გააქტიურებამ, გატარებულმა რეფორმებმა, დადებითად იმოქმედა ევროპული ინსტიტუტების საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებაზე და დასაბამი მისცა ევროკავშირის ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ პერიოდს.

კრიზისების მართვის პროცესში, ერთ-ერთი აქტუალური საკითხია სახელმწიფოსა და თავისუფალი ბაზრის ჰარმონიული თანაარსებობა. როგორც ცნობილია, მთავრობის ჩარევამ შეიძლება ხელი შეუწყოს ან შეუშალოს ბაზრის მუშაობას. გარდა აღნიშნულისა, არსებობს კიდევ ერთი ტიპის გავლენა, რომელმაც შეიძლება, ასევე, ძლიერ იმოქმედოს ეკონომიკის ეფექტიანობაზე (თუმცა, მასზე ნაკლებად საუბრობენ). ვგულისხმობთ გარკვეულ ღირებულებებს, ტრადიციებსა და მორალურ სტანდარტებს, რომელთაც საზოგადოება იცავს. საზოგადოების მორალური ჩარჩო, გარკვეულწილად, აისახება მის საკანონმდებლო სისტემაზე და, ამგვარად, გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. ამასთან, უფრო ხშირად, არაფორმალური კონსენსუსი, ტრადიცია, თუ რისი გაკეთება დასაშვებია და რისი – არა, შეიძლება უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე ნებისმიერი ოფიციალური კანონი. აღნიშნული, აქტულურია როგორც აზიური ქვეყნებისათვის, ისე აშშ-თვის, ევროპის ქვეყნებისათვის და ა.შ. შესაბამისად, „მორალურობას“ ეკონომიკურ განვითარებაში, სხვადასხვაგვარი აღქმა შეიძლება ჰქონდეს.

შესაბამისად, ქვეყანათა ფაქტობრივი უმრავლესობა სახელმწიფოებრივი განვითარების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების დროს, ითვალისწინებს მსოფლიოში არსებულ შესაბამის გამოცდილებას, მაგრამ, ასევე, მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა არსებულ ტრადიციებს, საზოგადოებრივ განწყობებს, უპირატესობებს და ჩამოყალიბებუულ მოსაზრებებს. იგივე ითქმის ევროპის სახელმწიფოებზეც. თუმცა, ევროკავშირის შემთხვევაში, ეს საკითხი უფრო გლობალურ ჭრილში იხილება და არ იზღუდება მხოლოდ რომელიმე ერთი ან რამდენიმე ქვეყნის მოცემულობით.

ზემოთ აღწერილი ვითარება, იწვევს აზრთა სხვადასხვაობას ევროკავშირის წევრობის მოსურნე ქვეყანათა შიგნით და ეს არ ხდება მხოლოდ საზოგადოების წევრების დონეზე. ცალკეულ სახელმწიფოთა დამოკიდებულებაზე აღნიშნული საკითხის მიმართ, შეიძლება ვიმსჯელოთ იმ ნაბიჯებითაც, რომლებსაც პოლიტიკური ხელისუფლება დგამს და იმით, თუ როგორ რეაგირებს ამაზე საზოგადოება. უკანასკნელ წლებში, ევროპის აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების ანალიზის შედეგად, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება (უფრო მეტად, ახალგაზრდა თაობა) გაცილებით მეტ სურვილს და მზადყოფნას გამოთქვამს ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით, ვიდრე ქვეყანთა მთავრობები, რაც არაერთხელ გამხდარა მიზეზი აშკარა დაპირისპირებასა და რევოლუციებისა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდების ასეთი დამოკიდებულების უმთავრესი მიზეზი, ეკონომიკურ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებასთან ერთად, სწორედ ევროპული ღირებულებები და პიროვნული პოტენციალის რეალიზების პერსპექტივებია.

მეთოდები, რომლებსაც სახელმწიფოთა მთავრობები იყენებენ ზემოთ აღწერილი პროცესების მართვისათვის, შეიძლება, პირობითად, დავყოთ აშკარა (ხილულ) და ფარულ ქმედებებად. ამ უკანასკნელში, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ ეკონომიკურ მეთოდებს და სწორედ ამიტომ, ქვეყნების ევროპული პერსპექტივების ანალიზის დროს, კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი ხდება სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა და საერთო-სახელმწიფო, რეგიონულ თუ ადგილობრივ დონეებზე მიმდინარე პროცესები. საქართველოს შემთხვევაში, ასევე, დიდი მნიშვნელობის მატარებელია განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის თეორიული საფუძვლების ანალიზი, რადგან:

  • ერთი მხრივ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებში დავიწყეთ ყოველივე ძველის ნგრევა ისე, რომ არ ყოფილა შემუშავებული ახალი ეკონომიკური მოდელი და,
  • მეორე მხრივ, დღემდე ბოლომდე გაუგებარია თუ რა თეორიულ დოქტრინებს, მოსაზრებებს, ფუნდამენტურ კვლევებსა და შეფასებებს ეყრდნობა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა და რატომ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ევროპული გამოცდილების შესწავლა, გაზიარება და დანერგვა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი სამხრეთ-კავკასიის რეგიონის სახელმწიფოების განვითარებაში. აღნიშნულის მისაღწევად, მნიშვნელოვანია მათ შორის არსებულ წინააღმდეგობათა დაძლევა და ურთიერთობათა შემდეგი გაღრმავება.

ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკაში მორალური ასპექტების ინტეგრირება არ უნდა განვიხილოთ, როგორც განყენებული საკითხი, რომელსაც ხელოვნურად მივამაგრებთ არსებულ მოცემულობებს. ეს უნდა იყოს პოლიტიკის შიგთავსის ნაწილი, ძირითადი საყრდენი, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური ხედვა დაეფუძნება. ეს აუცილებელია, ვინაიდან ვთვლით, რომ „მორალური ეკონომიკა“ არის დინამიური კონცეფცია, რადგან ის ითვალისწინებს სოციუმის ინფორმირების ჩარჩოებს, რომლებიც მოიცავს ტრადიციებს, ღირებულებებსა და მოლოდინებს.

ეკონომიკის მორალურობის განხილვის კონტექსტში, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს „ინკლუზიური ზრდის“ საკითხი, როგორც თანამედროვე განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი გამოწვევა. ზოგადად, როგორც ვიცით, იგი გულისხმობს მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროქტების განხორციელებით კერძო ინვესტიციების წახალისებას, რაც შედეგად იძლევა ეკონომიკურ ზრდას და უთანასწორობის დაძლევას. აქვე დავძენთ, რომ შემოსავლების განაწილებასა და აქტივების ფლობაში არსებული უთანასწორობიდან გამომდინარე, აქტუალური ხდება საკითხი, თუ რამდენად უზრუნველყოფს სახელმწიფო, რომ ეკონომიკური ზრდა თანაბრად შეეხოს საზოგადოების ნებისმიერ წევრს, როგორც მდიდარს, ისე ღარიბს. ეს საკმაოდ რთული საკითხია განვითარებადი ქვეყნეისათვის, რადგან როგორც წესი:

  • არსებობს ძლიერი უარყოფითი კავშირი აქტივების განაწილებაში საწყის უთანასწორობასა და გრძელვადიან ზრდას შორის;
  • უთანასწორობა ამცირებს შემოსავლის ზრდას ღარიბებისათვის, მაგრამ არა მდიდრებისთვის, რაც კიდევ უფრო ზრდის საზოგადოების პოლარიზაციას;

თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ უთანასწორობა უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე და, ასევე, მის ხანგრძლივობაზე. თავის მხრივ, ეკონომიკურ ზრდას, იმთავითვე, სულაც არ მივყავართ შემოსავლების დისპროპორციის შემცირებამდე. სწორედ აღნიშნულმა განაპირობა ინკლუზიური ზრდის პარადიგმის გააქტიურება.

ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, არანაკლები მნიშვნელობის მატარებელია სწორი სოციალური პოლიტიკის განხორციელებაც. ინკლუზიური ზრდა მიზანშეწონილად მიიჩნევს ისეთ სოციალურ პოლიტიკას, რომლიც ხელს შეუწყობს წარმოების ფაქტორთა ფართო ჩართულობას ზრდაში და მათზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას. იგი ემიჯნება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც მთავარი ეკონომიკური ზრდაა და შემდეგ ზრდის შედეგების გადანაწილება სოციალური უზრუნველყოფის სისტემით. სწორად მიგვჩნია დამოკიდებულება, როდესაც ინკლუზიური ზრდა აფართოებს პროცესში ღარიბთა ჩართულობის შესაძლებლობებს, რაც უზრუნველყოფს მომავალში გადანაწილების ხარჯების შემცირებას და ბიუჯეტის მდგრადობას სოციალური სახის ხარჯების გაწევასთან მიმართებით. აღნიშნული განაპირობებს საზოგადოების უფრო ფართო ჩართულობას ეროვნული შემოსავლის განაწილების ეტაპზე. ეს მაშინ, როდესაც სოციალურ უზრუნველყოფაზე ორიენტირებული ბიუჯეტი, სიღარიბის დაძლევის ფარდობითი მიდგომის შთაბეჭდილებას ტოვებს (ანუ უთანასწორობის შემცირება გადანაწილების გზით და არა პროდუქტიული დასაქმების ხელშეწყობით), რაც არ არის და ვერც იქნება ინკლუზიური ზრდის პრიორიტეტი.

ხელისუფლება, თუ უთანასწორობის დაძლევას ცდილობს გადანაწილების გზით, ეს კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ზრდის მთლიან ინვესტიციებს, რეალურ შემოსავლებს და ხელს უწყობს ღარიბების მიერ აქტივების შეძენის შესაძლებლობათა განვითარებას, რაც გაცილებით უფრო შეუწყობს ხელს ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობას, დასაქმების ზრდასა და სიღარიბის დონის შემცირებას.

ინკლუზიური ზრდის მიმართულებით წარმატების მისაღწევად, მნიშვნელოვანია შეფასების ადექვატური ინდიკატორების არსებობა, რასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს პროფესიონალებს შორის. ვფიქრობთ, რომ უთანასწორობის დაძლევის მდგომარეობის შეფასებისათვის საჭიროა მაჩვენებლების კომპლექსის არსებობა, რომლებიც სხვადასხვა მხრივ შეაფასებენ მდგომარეობას, მაგალითად: განათლების (მ.შ. არაფორმალური) ხელმისაწვდომობა, დასაქმების შესაძლებლობების განვითარება, სამუშაო ძალის რეაბილიტაციის შესაძლებლობა, საჯარო სერვისების განვითარება, ეკონომიკური ზრდის ტემპი, ინვესტირების შესაძლებლობები და ფინანსურ ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობა.

მსგავსი მიდგომის პირობებში, ასევე, მნიშვნელოვანი ხდება პროცესების მართვისა და ლიდერობის საკითხიც და ვთვლით, რომ მორალურ ეკონომიკას შეუძლია გაამდიდროს „ჰეგემონიის კონცეფცია“, რომელიც ყურადღებას აქცევს ხშირად ურთიერთგამომრიცხავ ღირებულებებს, რომლებიც მართავენ და იცავენ არსებულ პრაქტიკას. ჰეგემონიის ცნება წარმოიშვა ძველ საბერძნეთში და ევროპულმა სოციალისტურმა მოძრაობამ გააცოცხლა იგი მე-19 საუკუნის ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იტალიელი ფილოსოფოსისა და პოლიტიკური ლიდერის ანტონიო გრამშის შემოქმედებაში. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ცნებები არსებობს, მაგალითად, ჩინურ აზროვნებაში, მისი უმეტესად დასავლური გენეალოგია არ უშლის ხელს ჰეგემონიის ცნების ფართო გამოყენებას საერთაშორისო ურთიერთობებიდან პოსტკოლონიურ თეორიამდე და გენდერულ კვლევებამდე.

„ჰეგემონია“ განსაზღვრავს დომინირების ტიპს, რომელიც დაფუძნებულია, ძირითადად, დომინირებულ ადამიანთა და ჯგუფების თანხმობაზე და არა მხოლოდ ლიდერის მხრიდან იძულებასა და ძალის გამოყენებაზე. [Thomas R. Bates, 1975: 351] ტერმინი, ხშირად, თავისუფლად გამოიყენება სრული ბატონობის აღსანიშნავადაც, მაგრამ მის ზუსტი განმარტება გაცილებით უფრო ვრცელია და მეტი ანალიტიკური ძალა აქვს. ამ შემთხვევაში, მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ სოციალურ ნდობას ერთმანეთის და ინსტიტუციების მიმართ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია შეთანხმება ხედვის, მისიის, მიზნებისა და ამოცანების, პრიორიტეტებისა და განვითარების მექანიზმებთან დაკავშირებით, როგორც სახელმწიფო, ისე რეგიონულ დონეზე. შედეგად, მიღწეული იქნება „საზოგადოების წევრთა გაცნობიერებული გაერთიანება, რომელიც დაეფუძნება სურვილსა და მზადყოფნას, თანასწორი ჩართულობით მართონ პროცესები და გაინაწილონ პასუხისმგებლობები, საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე. [ღავთაძე, 2015: 226] 

დასკვნა

სტატიაში წარმოდგენილი საკითხები არაერთგვაროვანია და მათი მოქმედება არ იქნება დროში შეზღუდული. სასურველი შედეგების მიღება ბევრად იქნება დამოკიდებული, როგორც საზოგადოების მსოფლმხედველობით ცვლილებებზე, ისე, სახელმწიფოთა მთავრობების კოორდინირებულ ქმედებებზე. თავის მხრივ, სამომავლო პერსპექტივების დასახვა უნდა დაეყრდნოს ისტორიული გამოცდილების და თანამედროვე ვითარების სიღრმისეულ ანალიზს.

მაღალი შედეგების მიღწევა შესაძლებელი იქნება კვლევებში კროს-დისციპლინური და მულტი-დისციპლინური მიდგომების გამოყენებას, რაც შექმნის მყარ საფუძველს პრობლემათა მრავალმხრივ შესწავლისა და შედეგზე ორიენტირებული სწორი დასკვნების გამოტანისათვის. აღნიშნული თვალსაზრისით, ავტორები გამოხატავენ თანამშრომლობისათვის მზაობას და მადლიერებით მიიღებენ ნებისმიერ შენიშვნასა თუ მოსაზრებას. 

ლიტერატურა

  1. ღავთაძე გ. (2015) სახელმწიფო მმართველობის სრულყოფისა და სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები საქართველოში, ჟურნალი “უნივერსიტეტის მოამბე”, #1(5), აწსუ, ქუთაისი, (219-232), ხელმისაწვდომია: https://moambe.atsu.edu.ge/ge/publication/ 156-saxelmwifo-mmartvelobis-srulyofisa-da-samoqalaqo-tanamsr om lobis-garrmavebis-perspeqtivebi-saqartvelosi;
  2. ღავთაძე გ., მარჯანიძე ი. (2021) ეკონომიკური და პოლიტიკური რეკონსტრუქციის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული მომავლისათვის, შრომების კრებული: „Covid-19: ვირუსოლოგიური იმპერატივი, ადამიანის უფლებრივი, ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები“, გვ. 220-239, თბ., საქართველო;
  3. Boni Michal 2008: How to build the strategic orientation in governance? The future of regions in perspective of global changes, regional development forum, Ministry of Regional Development, vol. 3, part 1, Warsaw, 2008;
  4. Djakons Ed. R., Lukianenko D., 2020: Intellectual Challenges to Economic Globalism, Riga, ხელმისაწვდომია: https://www.isma.lv/images/Monographs/Intellectual_Challenges_to_Economic_Globalism_Monograph.pdf
  5. Jaime PalomeraTheodora Vetta, Moral economy: Rethinking a radical concept, Sage Journals, Vol. 16 No. 4, ხელმისაწვდომია: https://journals.sagepub.com/doi/full/10.1177/1463499616678097
  6. Thomas R. Bates, 1975: Gramsci and the Theory of Hegemony, Journal of the History of Ideas, Vol. 36, No. 2 (Apr. - Jun., 1975), pp. 351-366 (16 pages), Published By: University of Pennsylvania Press, ხელმისაწვდომია: https://www.jstor.org/stable/2708933
  7. International monetary fund, World economic outlook: The great lockdown, Ch. 1, Global prospects and policies, April 2020, ხელმისაწვდომია: https://www/imf.org/en/Publications/WEO/Issues/2020/04/14/weo-april-2020


[1] Საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „რამდენად უზრუნველყოფს ევროკავშირი მორალურ პროგრესს?”, 17-18.12.22, პოზნანი, პოლონეთი