English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ მერაბ ხოხობაია
მდგრადი ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარების ორგანიზაციული და კონცეპტუალური ასპექტები

ანოტაცია. სამეცნიერო ლიტერატურაში ტურისტული დანიშნულების ადგილის მდგრადი განვითარების სხვადასხვა კონცეპტუალური მიდგომებია განხილული. ტურისტული დანიშნულების ადგილი კოპლექსური და რთული სისტემაა, შესაბამისად, დაგეგმვის პროცესში უნდა გავითვალისწინოთ ტურისტული დანიშნულების ადგილის სპეციფიკური მახასიათებლები, ასევე, წინააღმდეგობები რომელიც განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით. ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარებაში  განსაკუთრებული როლი აკისრია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს. მათი ჩართულობა დაგეგმვის პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეფექტიანი შედეგების მიღწევის თვალსაზრისით. არსებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ თანამშრომლობის პლატფორმის მომზადება არის საკმაოდ რთული და პრობლემატური. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია განვითარებადი ქვეყნების კონტექსტში, რომლებსაც ნაკლები გამოცდილება გააჩნიათ ამ თვალსაზრისით. სტატიაში განხილულია ტურისტული დანიშნულების ადგილის დაგეგმვის კონცეპტუალური ასპექტები. გაანალიზებულია ინტეგრირებული მიდგომები, რომელიც ხელს უწყობს ტურისტული დანიშნულების ადგილების ეფექტიან განვითარებას. 

საკვანძო სიტყვები: მდგრადი განვითარება, ინტეგრირებული დაგეგმვა, თანამშრომლობის პლატფორმა 

შესავალი 

ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მისი სისტემური შეფასება და სტრატეგიული განვითარების მიმართულებების იდენტიფიკაცია. აღნიშნული პროცესი საკმაოდ მრავალმხრივია და იგი მოითხოვს პროცესში სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების აქტიურ მონაწილეობას, როგორიცაა: ადგილობრივი რეზიდენტები, კერძო და საჯარო სექტორის ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ. (Dwyer Larry, Kim Chalwon, 2010).  უნდა აღინიშნოს, რომ დაგეგმვის და განვითარების პროცესი განგრძობადია და იგი უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოების სოციალურ, ეკონომიკურ, გარემოსთან დაკავშირებულ მისწრაფებებს და ხედვებს. ტურისტული დანიშნულების ადგილის კატეგორიებში მოიაზრება უნიკალური სპეციფიკური მახასიათებლების მქონე ადგილები: ეროვნული პარკი, დაცული ტერიტორია, სპეციალური ტურისტული დანიშნულების ადგილები და ა.შ. ტურისტულ დანიშნულების ადგილებს (ქვეყანა, მაკრო რეგიონი, ადმინისტრაციული ერთეული, მუნიციპალიტეტი, ქალაქი და ა.შ) მისი შინაარსის და მასშტაბის გათვალისწინებით შესაძლებელია ქონდეს განსხვავებული ფიზიკური და შინაარსობრივი რელიეფი (Charles R. Goeldner, J. R. Brent Ritchie, 2012).

მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ დანიშნულების ადგილებზე მოქმედება განხორციელდეს მკაფიოდ ფორმულირებული პოლიტიკის პირობებში. ამ მიმართულებით აუცილებელია პოლიტიკის ფორმულირების ფუნდამენტური სტრატეგიული ასპექტების დაზუსტება. პოლიტიკა შესაძლებელია მოიცავდეს გარკვეულ ფაზობრივ პრინციპებს, როგორიცაა, დეფინიციის, ანალიტიკური, საოპერაციო და დანერგვის ეტაპი. დეფინიციის ფაზა მოიცავს იმ ფილოსოფიური ფუნდამენტური ასპექტების შეფასებას თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ტურისტული დანიშნულების ადგილი. იგი წარმოადგენს ერთგვარ ვექტორს შემდგომი მოქმედებების განხორციელების მიზნით. ანალიტიკურ ფაზაში ფაქტობრივი გარემოებების და ფუნდამენტური მიგნებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს პოტენციური სტრატეგიების იდენტიფიკაცია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ტურისტული დანიშნულების ადგილის ტრანსფორმაციას. საოპერაციო ნაწილი მოიცავს სისტემის მომზადებას ცვლილებისკენ რომელიც ერთგვარი წინაპირობაა იმპლემენტაციის ფაზის (Ritchie and Crouch, 2012). აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით პროცესი არის საკმაოდ რთული და მრავალმხრივი რასაც განაპირობებს ტურისტული დანიშნულების ადგილის კომპლექსურობა.

 

წყარო: Edgell David, Swanson Jason R, Tourism Policy and Planning, Yesterday, Today and Tomorrow,

2nd edition, Routledge 2013 

ზემოთ აღნიშნული საკითხების ეფექტიანად მიღწევისათვის აუცილებელია გარკვეულ ფაქტორთა ანალიზი და შეფასება. ამ მიმართულებით ედგელი და სვანსონი (Edgell David, Swanson, 2013) მიიჩნევენ რომ პროცესების წარმატებულად ადმინისტრირებისათვის საჭიროა კვლევების განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით. სწორედ მეცნიერული ანალიზის, კვლევის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება პოლიტიკის ძირითადი დეტერმინანტების განსაზღვრა, რომელიც უზრუნველყოფს ტურისტული დანიშნულების ადგილის მდგრად განვითარებას.  კვლევის პროცესში უნდა მოხდეს ეკონომიკური, გარემოს დაცვის, სოციალური, ადამიანური, ფინანსური რესურსების და სხვა ფაქტორების გაანალიზება. მსგავსი მიდგომა საშუალებას მოგვცემს ობიექტურად შევაფასოთ არსებული მდგომარეობა.

უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის პოლიტიკის სტრუქტურა და შინაარსი განსაზღვრავს ტურიზმის პოლიტიკის არსს, ხოლო თავად პოლიტიკის ფორმულირების პროცესი მოიცავს ეტაპებს, როდესაც ხდება პოლიტიკის სტრუქტურის ფორმირება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ფორმულირების პროცესი დინამიკურია, ამიტომ მაქსიმალური ეფექტის მისაღებად საჭიროა სხვადასხვა მიდგომების, მეთოდების გამოყენება. ასევე, ტურიზმის პოლიტიკა უნდა განვიხილოთ როგორც ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი. ტურიზმის პოლიტიკის ფარგლებში უნდა მოხდეს ფილოსოფიის, ტურიზმის განვითარების ხედვების ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ფუნდამენტური ბაზისი როგორც მაკრო, ასევე, მიკრო დონეზე. მთლიანობაში მეთოდოლოგიური ასპექტები საშუალებას გვაძლევს სიღრმისეულად შევხედოთ მიმდინარე პროცესებს რომლის საფუძველზე უნდა მოხდეს კონკრეტული განვითარების ხედვების ჩამოყალიბება (Khokhobaia Merab, 2015). 

მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური ასპექტები 

მდგრადი ტურიზმის განვითარების საკითხი ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარების კონტექსტში   ფრაგმენტული და კომპლექსურია. ვინაიდან, იგი მოიცავს სამ საკვანძო მიმართულებას: ეკონომიკური მდგრადობა, ეკოლოგიური მდგრადობა და კულტურული მდგრადობა.  მდგრადი ტურიზმის განვითარების გამოწვევების შესწავლა მოითხოვს კომბინირებული მიდგომების გამოყენებას, რადგან ტურისტული დანიშნულების ადგილი  სწრაფად ცვალებადი დინამიკური სისტემაა.

მეთოდოლოგიური პერსპექტივით ინსტრუმენტად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ტრანსდისციპლინური კვლევის კონცეფცია, რომელიც წარმოადგენს ეფექტიან ინსტრუმენტს სოციალურად რელევანტური და კომპლექსური საკითხების შესწავლის თვალსაზრისით.  ტურისტული დანიშნულების ადგილი წარმოადგენს თავის მხრივ კომპლექსურ სისტემას. შესაბამისად, ტრანსდისციპლინური კვლევა ეფუძნება კონცეფციას - ,,მეცნიერება საზოგადოებასთან ერთად“, რომელიც  გულისხმობს სამეცნიერო და პრაქტიკული (experiential) ცოდნის ინტეგრირებას. ტრანსდისციპლინური მიდგომა  კონცეპტუალური ბაზისიდან გამომდინარე საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ აქტორები სხვადასხვა პერსპექტივით. შესაბამისად აღნიშნული  პარადიგმა  და აქტორების მაღალი ჩართულობა განაპირობებს არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე ეფექტიან კონცენტრაციას. აღნიშნული მიდგომის ფარგლებში მიღებულ შედეგებს და გენერირებულ ცოდნას ფუნქციური თვალსაზრისით აქვს შემდეგი პრაქტიკული ღირებულება: 1. კონცენტრირებულია არსებული მდგომარეობის ანალიტიკაზე 2. სისტემური მიდგომების გამოყენებით ფოკუსირებულია ტურისტულ დანიშნულების ადგილებზე არსებულ გამოწვევებზე; 3. ორიენტირებულია განვითრების სცენარების შემუშავებაზე და არსებული რეალობის შეცვლაზე (Christian Pohl, 2010 ).

ტრანსდისციპლინური მიდგომის ფარგლებში ტურისტულ დანიშნულების ადგილებზე არსებული პრობლემების გადაჭრისათვის შესაძლებელია  გამოვიყენოთ ცოდნის სხვადასხვა ტიპები. მაგალითად, როგორიცაა: სისტემური ცოდნა - რომლის მიზანია თუ როგორ გავუმკლავდეთ გაურკვევლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. გაურკვევლობა   შესაძლოა გამოწვეული იყოს  პრობლემის სირთულით.  მიზნობრივი ცოდნა - რომელიც ეხება  და დაკავშირებულია ცვლილებების განხორციელებასთან. მის საფუძველზე ხდება ცვლილებების საჭიროების განსაზღვრა. ტრანსფორმაციული ცოდნა - აღნიშნულ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ არსებული პრაქტიკა, ტექნოლოგიები, რეგულაციები. იგი მოიცავს საკითხების საკმაოდ ვრცელ სპექტრს  რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს არსებული პრაქტიკის შეცვლა და განვითარების ახალი ხედვების ჩამოყალიბება (Khokhobaia, 2018).

საკითხის სირთულიდან გამომდინარე, თეორიულ კონტექსტში ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარების შესწავლის მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ზოგადი სისტემის თეორია (General System Theory).  როგორც, ლუდვიგ ფონ ბერტალანფი (Ludwig von Bertalanffy, 1968)აღნიშნავს, სისტემა არის ურთიერთდაკავშირებული ელემენტების კომპლექსი, რომლებიც ურთიერთქმედებენ გარემოსთან. ტურისტული დანიშნულების ადგილი როგორც სისტემა შედგება სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებული ელემენტებისაგან. შესაბამისად, სისტემური ანალიზი აუცილებელია სისტემის ელემენტების იდენტიფიკაციის და მათი ურთიერთდამოკიდებულების შესწავლის მიზნით. აღნიშნული მიდგომა, ერთი მხრივ, საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ სისტემის ჰიპოთეტური მახასიათებლები, ხოლო მეორე მხრივ, იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაპირობას პოლიტიკის დაგეგმვის და სისტემის გრძელვადიან დინამიკაში სრულყოფის თვალსაზრისით. სისტემის არსებობისათვის მნიშვნელოვანია გარკვეული ელემენტების სიმრავლე, ასევე აუცილებელია, რომ ელემენტებს შორის არსებობდეს გარკვეული დამოკიდებულებები და კავშირები.  ცხადია, რომ ტურისტული დანიშნულების ადგილის რელიეფი არაერთგვაროვანია და ამ სისტემაში არსებულ ელემენტებს შორის არსებობს გარკვეული კავშირები. ვინაიდან მთლიან სისტემაში შესაძლოა არსებობდეს სუბ სისტემებიც, მნიშვნელოვანია მოხდეს სისტემის ელემენტების დეკომპოზიცია. აღნიშნული საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ არსებული სისტუაციის სწორი დიაგნოსტიკა და დავგეგმოთ გარემოსთან მიმართებით კონკრეტული ცვლილებები, რომელიც პოზიტიურად აისახება როგორც ცალკეულ სისტემაზე, ასევე, მთლიანობაში ტურისტულ დანიშნულების ადგილზე (Parsons, 1991).

ასევე, თეორიული პერსპექტივით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიდგომა  ე.წ ,,სტეიკჰოლდერის თეორიაა“.  ტურიზმის ინდუსტრია და ტურისტული დანიშნულების ადგილი გამოირჩევა დაინტერესებული მხარეების სიმრავლით. შესაბამისად მათ სინქრონიზებულ მოქმედებაზეა დამოკიდებული პოზიტიური ეკონომიკური შედეგების დაგენერირება. სტეიქჰოლდერების კავშირებში დინამიკურობის შენარჩუნება შესაძლოა გახდეს კონკურენტული უპირატესობის მიღწევის წყარო (Jones, Harrison and Jones 2018). ვინაიდან ტურიზმის ინდუსტრია აქვს ფრაგმენტული ხასიათი ცალკეული ტურისტული პროდუქტების შექმნა და მიწოდება მიზნობრივი ჯგუფებისათვის მეტწილად დამოკიდებულია დაინტერესებული ჯგუფების კოოპერაციაზე. შესაბამისად, ,,სტეიკჰოლდერის თეორიის” პრიზმაში შესაძლებელია მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის იდენტიფიკაცია რომელიც მონაწილეობს აღნიშნულ პროცესში.

ტურისტული დანიშნულების ადგილის მდგრადი განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია დაგეგმვის და განვითარების პროცესში გავითვალისწინოთ სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები, რომელსაც მოაქვს კონკრეტული შედეგები: 1. უფრო მეტი შესაძლებლობები ჩნდება რომ ფოკუსი გაკეთდეს სტრატეგიული მიმართულებების იდენტიფიკაციაზე. აღნიშნულის მიღწევაში თითოეული ჩართული სუბიექტის კონტრიბუცია არის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი. ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ტურისტული დანიშნულების ადგილი არის კომპლექსური და ხშირ შემთხვევაში მრავალმხრივი მიმართულების მქონე სისტემა.  2. აქტიური კოლაბორაცია საშუალებას იძლევა მოხდეს ტურისტული დანიშნულების ადგილის ხედვის იდენტიფიკაცია, რომელიც განსაზღვრავს მომავალთან დაკავშირებულ საკითხებს. 3. შესაძლებელია განისაზღვროს კონკრეტული როლები და პასუხისმგებლობები პარტნიორული თვალსაზრისით, რასაც მოყვება ორმხრივი პოზიტიური შედეგები. 4. კოორდინაცია მნიშვნელოვანია რესურსების სწორად განაწილების თვალსაზრისითაც, რომელიც საშუალებას გვაძლევს რესურსების პერსპექტივით შევაფასოთ თუ სად ვიმყოფებიდ დროის კონრეტულ ეტაპზე და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ ეფექტიანი შედეგების მისაღწევად. 5. სტრუქტურული თვალსაზრისით ჩნდება ახალი ორგანიზაციული სისტემის ფორმირების შესაძლებლობები, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც სხვადასხვა პროდუქტების და სერვისების შექმნას, ასევე, მარკეტინგს და სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან პროდუქტების ეფექტიან მიწოდებას (PATA, 2024).

მთლიანობაში აღნიშნული პროცესების წარმართვა შეუძლებელია კვლევების გარეშე. რომელმაც უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიმღები პირები რელევანტური მონაცემებით. შესაბამისად, ამ პროცესში მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას კომბინირებული მიდგომები და მეთოდები. რაც მოკლევადიან და გრძელვადიან დინამიკაში დაგვეხმარება ტურისტული დანიშნულების ადგილის როგორც სისტემის დეტალურ ანალიზში და შეფასებაში. 

დასკვნა

ტურისტული დანიშნულების ადგილების განვითარება აქტუალური საკითხია როგორც განვითარებული, ასევე, განვითარებად ქვეყნებისათვის. შესაბამისად, ამ მიმართულებით ცალკეული თეორიული და პრაქტიკული ხასიათის მიდგომების გამოყენება საშუალებას გვაძლევს ეფექტიანად განვახორციელოთ პოლიტიკა რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული. აღნიშნულ პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურად ჩართულობის უზრუნველყოფა. შედეგების ეფექტიანად მიღწევისათვის მნიშვნელოვანია კონცეპტუალური ჩარჩოების გამოყენება რომელიც უნდა ადაპტირდეს კონკრეტულ ტურისტულ დანიშნულების ადგილთან. ვინაიდან სისტემური მსგავსება არ მოიცავს კონტექსტუალურ ნაწილს, რადგან სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ასპექტები იმპერატივია ამ პროცესში. აღნიშნული კი განსხვავებულია ცალკეული ქვეყნების და ტურისტული დანიშნულების ადგილების პრიზმაში.

ტრანსფორმაციის მიზნით აუცილებელია მოვახდინოთ არსებული სიტუაციის სწორი დიაგნოსტიკა, რომელიც მიღწევადია კომბინირებული მიდგომების და ინსტრუმენტების გამოყენებით. რომელიც მოიცავს როგორც  თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ კომპონენტებს. მთლიანობაში პროცესში სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების  ჩართულობა შედეგიანია, იგი უზრუნველყობს პროცესის გამჭვირვალობას და ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარებაში თანამონაწილეობას. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Bertalanffy L., (1968), General System Theory, Foundations, Development, Applications, George Braziller, lnc. pp.31-40
  2. Christian Pohl, Gertrude Hirsch Hadorn Translated by Anne B. Zimmermann, Principles for Designing Transdisciplinary Research, Proposed by the Swiss Academies of Arts and Sciences.
  3. Dwyer Larry, Kim Chalwon, Destination Competitiveness: Determinants and Indicators, University of Western Sydney Australia 2010, pp.369-408
  4. Edgell David, Swanson Jason R, Tourism Policy and Planning, Yesterday, Today and Tomorrow, 2nd edition, Routledge 2013
  5. Freeman, R.D., Harrison, J.S. & Zyglidopoulos, S. (2018). Stakeholder Theory: Concepts and Strategies. Cambridge University Press
  6. Goeldner Charles R, J.R Ritchie Brent, Tourism, Principles, Practices, Philosophies, John Wiley Inc, 2012
  7. Jones, T.M. & Harrison, J.S. (2019). “Sustainable wealth creation: applying instrumental stakeholder theory to the improvement of social welfare,”
  8. Khokhobaia Merab, Tourism Policy Challenges in Post-Soviet Georgia, International Journal of Social, Behavioral, Educational, Economic, Business and Industrial Engineering Vol:9, No. 3, 2015, pp.986-989.
  9. Khokhobaia Merab, Transdisciplinary Research for Sustainable Tourism Development, Journal of International Management Studies, JIMS, Volume 18, Number 2, 2018, pp.21-26.
  10. Merab Khokhobaia, Transdisciplinary Research Methodology for the Tourist Destination Development, International Scientific Conference, Globalization Challenges in Economics and Business, 2018
  11. Parsons T., (1991), The Social Systems, by Routledge & Kegan Paul Ltd, pp.1-15
  12. Ritchie Brent J.R, Crouch Geoffrey I, The Competitive Destination, A Sustainable Tourism Perspective
  13. https://www.pata.org/blog/destinations-communities-destination-planning