English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ მედეა შაფათავა.
რეტროეკონომიკის ფენომენის სოციალური ასპექტები. სიღარიბისეკონომიკა, გამომწვევი მიზეზებიდა თანამედროვე პრობლემები

ანოტაცია. გამომდინარე მოცემულობიდან, რომ რეტროეკონომიკის ფენომენი პოსტ-საბჭოთა სივრცის უმეტეს ქვეყნებში დეკადების მანძილზე დაძლეულ ვერ იქნა, მისი წარმოქმნის ფაქტორების და სოციალურ-ეკონომიკური მიზეზ-შედეგობრიობის შესწავლა დღემდე მიმდინარეობს. ამას ერთვის ის ფაქტი, რომ რეტროეკონომიკა დამახასიათებელია არა მარტო განვითარებადი, არამედ მაღალგანვითარებული ქვეყნებისთვისაც. ეკონომიკურ ასპექტებთან ერთად, მნიშვნელოვანია რეტროეკონომიკის იმ ზემოქმედების და ეფექტების შესწავლა, რომლებიც მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე ახდენენ ზეგავლენას. სიღარიბის ეკონომიკა წარმოადგენს იმ ერთ-ერთ ხილულ „თეთრ ლაქას“, რომლის პრობლემატიკის განხილვას ეძღვნება მოცემული ნაშრომი.

საკვანძო სიტყვები: რეტროეკონომიკა, სიღარიბის პრობლემა, განათლება, ცოდნაზე დაფუძნებული განვითარება. 

შესავალი: რეტროეკონომიკის თეორიის შემქმნელის, ვლადიმერ პაპავას მიერ ამ ფენომენის წარმოქმნის 5 ძირითადი ფაქტორი სახელდება (Papava, 2017; Папава, 2017):

  1. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. როდესაც ახალი ტექნოლოგიური ცოდნის მიღება-გავრცელების შეზღუდვა ზრდის მის არასანქციონირებულ გამოყენებას. სანქციონირებული ტექნოლოგიების გამოყენება ძვირია  ეკონომიკურად სუსტად განვითარებულ ქვეყნებში და ამ მიზეზით კომპანიები იყენებენ მოძველებული ტექნოლოგიებს;
  2. ეკონომიკის მონოპოლიზაცია, როდესაც მონოპოლიების მიერ ახალი ტექნოლოგიების შესყიდვა ხდება არა გამოყენებისათვის, არამედ სხვა კომპანიების მიერ მისი გამოყენებისგან დაცვის მიზნით. ამ ტექნოლოგიების გამოყენება მოგვიანებით შესაძლებელი ხდება, მაგრამ ისინი ხშირად მოძველებულია;
  3. საერთაშორისო კონკურენციის ლიდერების ქცევა - კონკურენციის თავიდან აცილების მიზნით, ლიდერები ხშირად ყიდიან არა უახლეს, არამედ მეორად და გამოყენებულ ტექნოლოგიებს. ამ მიზეზით განვითარებად ქვეყნებში  გროვდება მოძველებული პროდუქცია და ინოვაციური საწარმოების სიმწირეა;
  4. განათლების დაბალი დონე - როდესაც გარკვეული ტექნოლოგიების გამოყენებისათვის ქვეყანაში არ არის შესაბამისი პროფესიული დონის კადრები, რომლებსაც გააჩნიათ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ცოდნა. საუბარია არა მარტო უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების ადამიანურ რესურსზე, არამედ საშუალო განათლების არადამაკმაყოფილებელ დონეზეც;
  5. ზომბიეკონომიკა. როდესაც ფინანსური კრიზისის შედეგად დაზარალებული  ფირმები და მათთან დაკავშირებული ბანკები ფუნქციონირებას აგრძელებენ სახელმწიფოს მიერ გაცემული სამთავრობო გარანტიის საფუძველზე აღებული საბანკო კრედიტებით.

თუ პირველი 4 ფაქტორი რეტროეკონომიკის წარმოქმნას ხელს უწყობს შედარებით დაბალგანვითარებულ ქვეყნებში, მეხუთე ფაქტორი არსებობს განვითარების ნებისმიერი დონის ქვეყნებში.

რატომ გვაინტერესებს რეტროეკონომიკის დახასიათება?

საბჭოთა კავშირის რღვევის პირობებში უმთვრესი გამოწვევა, რაც მოსახლეობის წინაშე დადგა, არა მხოლოდ სახელმწიფოს რღვევით გამოწვეული პროცესები იყო, რომლებმაც სრულიად გააშიშვლეს საბჭოთა სისტემის მანკიერებები, არამედ Homo Sovieticus-ის ეკონომიკურ ადამიანად - Homo Economicus-ად გარდაქმნა. თუ პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები სახელმწიფოს მიერ იმართებოდა, ადამიანის, მისი სოციალური ყოფის და თვითგარდაქმნის შესაძლებლობები თავად მისი ადაპტაციის უნარზე იყო დამოკიდებული ცვლილებების პერიოდში (Бузгалин, 1994, сс. 250-253). საბჭოთა რეალობის ნგრევისას, ეკონომიკურ, და არა მარტო, პროცესებში, უპირატესი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, წამყვანი პოზიციები დაიკავეს  ჩრდილოვანი სექტორიდან გადმობარგებულმა საქმოსნებმა (Papava, Khaduri, 1997). რა თქმა უნდა, ტრანსფორმაციის ბუნებრივი პროცესების ალგორითმი დაირღვა და მუტაციის რეჟიმში გადაიზარდა. ამ პერიოდში სუსტი და ხშირად კი, შესაბამისი და აუცილებელი ინსტიტუციების არ-არსებობის ანდა გაუქმების პირობებში შენარჩუნდა ხელსაყრელი გარემო კორუფციის, პროტექციონიზმისა და მეკრთამეობისათვის (მაგალითად, Papava, 2000, p. 57-62; Shevardnadze et al., 2000; Tanzi, 1999; Грей и др., 2004 сс. 11-37). დაშლილი სსრკ-ს ქვეყნებში მიმდინარე ტრანსფორმაციების რთულ პროცესებს ძველი და ახალი ბარიერები და ე.წ. ხაფანგები შეექმნათ, რითაც კიდევ უფრო გაღრმავდა მანკიერი პრაქტიკები (მაგალითისათვის, ისეთი არაფორმალურ „ინსტიტუციები“, როგორებიცაა იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი კრიმინალური ავტორიტეტები, მაფია, რეკეტი  და ა.შ.). რა თქმა უნდა, ცალკე არ დარჩა შემოსავლების მკვეთრად მზარდი უთანაბრობის პრობლემა, რომლის მართვის და ან რეგულირების არც თეორიული, არც პრაქტიკული ცოდნა არ არსებობდა, ზუსტად ისევე, როგორც არ არსებობდა მბრძანებლური ეკონომიკიდან თავისუფალ ბაზარზე გადასვლის თეორია (პაპავა, 2002, გვ. 32-36, Papava, 2021, pp. 222-227).

განხილვა:გასული საუკუნის მიწურულს პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მცდარი განვითარების მთავარი მიზეზი არა მხოლოდ მოძველებული ეკონომიკურ-მატერიალური ბაზა, შესაბამისი რუტინა და ეკონომიკური თეორიის არ-არსებობა იყო. მიზეზი თავად საბჭოთა ადამიანი იყო, ვინაიდან Homo Sovieticus-ის, და მის შემდგომ კი Homo Transformaticus-ის აზროვნების გარდაქმნა ყველაზე რთული ამოცანა აღმოჩნდა (Papava, 2005 p. 51-57).  ამ ფაქტმა საბაზრო ეკონომიკის განვითარებისათვის აუცილებელ პროცესებს გადაულახავი, ხელოვნური ბარიერები შეუქმნა და მცდარად განვითარებული პროცესების უკან სწორედ არშემდგარი კრებსითი Homo Economicus და მისი კერძო ინტერესები იდგა. განსხვავებული, თუმცა კი მსგავსი გზებით, მათი გავლენა პროცესებზე სულ უფრო ზრდადი ხდებოდა (Hax et al., 1996, pp. 66-67). ტრანსფორმაციების დეკადების მანძილზე სხვადასხვა გზებით გამდიდრებული პირები მოგვევლინნენ ასევე კრებით ფენომენად, რომელსაც განვითარებული ქვეყნების საზოგადოებამ „ოლიგარქები“ უწოდა. ეს ტერმინი ნახსენებია ჯერ კიდევ პლატონისა და არისტოტელეს ნაშრომებში, თუმცა პოსტ-საბჭოთა სივრცისათვის ოლიგარქია ახალ საზოგადოებრივ ფენად ჩამოყალიბდა (Guriev, Rachinsky, 2005). ოლიგარქების სიმდიდრის წარმომავლობა, მათ მიერ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენისა და კონტროლის მასშტაბები განსხვავებულია. მათი მსგავსება სიმდიდრის დაგროვების სქემაშია: ისინი უშუალოდ სახელმწიფოების მმართველი პირების წრეში ტრიალებდნენ და მათი მხარდაჭერით სარგებლობდნენ, რაც ხელს უწყობდა ლობიზმს, პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის შესაძლებლობას და შემდგომ კი - პროცესებზე ნაწილობრივ ან არცთუ ისე იშვიათად- სრულ კონტროლს. უამრავი ოლიგარქი თავად ჩაუდგა სახელმწიფოს სათავეში (Kuper, 2023).  რეტროეკონომიკის არსებობას ხელს უწყობდა ყველა ის ფაქტორი, რომელიც ჩამოვთვალეთ ზევით და ეკონომიკური განვითარების პროცესის შემაფერხებელი ე.წ. ინსტიტუციური ხაფანგები, რომლებიც არსებობდა სსრკ-ს პერიოდში და ტრანსფორმაციების პროცესში, რა თქმა უნდა, არსად გაქრა. ინსტიტუციურ ხაფანგში იგულისხმება არაეფექტიანი, მაგრამ მდგრადი ინსტიტუცია, მიღებული ნორმად. არაეფექტიან მდგრად ნორმას (არაეფექტიან ინსტიტუციას) პირობითად დაარქვეს ინსტიტუციური ხაფანგი (Полтерович, 1999). ქვეყნების გარდამავალ პერიოდში ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის და ინსტიტუციონალური ხაფანგების გარდა, ჩამოყალიბდა ე.წ. პიროვნების მოწყვლადობას (პირობითად დავარქვათ) ხაფანგი. ინდივიდუალურ დონეზე ეს ხაფანგი გარდაუვლად „ბლოკავს“ პიროვნებას განვითარებისგან, გამომდინარე ადამიანის დაბალი შემოსავლიდან და შესაბამისად, არ-არსებული დანაზოგიდან. პიროვნებას არ გააჩნია სახსრები თვითგანვითარებაში ინვესტირების მოსახდენად ან რაიმე საქმიანობის წამოსაწყებად. ამიტომ ის ე.წ. დახურულ წრეშია ჩაკეტილი (“locked-in”). ამგვარად, წარმოიქმნება მოწყვლადი საზოგადოებრივი ფენა. რომელსაც ამ ეტაპზე დავარქმევ ღარიბ ფენას. ღარიბი ფენის ე.წ. ხაფანგი შემდეგი სქემით მუშაობს: დაბალი შემოსავლები/დაბალი დანაზოგები → დაბალი ინვესტირება ადამიანისეულ კაპიტალში → შრომის დაბალი მწარმოებლურობა → მაღალი მოწყვლადობა, დაკავშირებული არაფორმალურ სამსახურებთან და არასტაბილურ სამუშაო ტრაექტორიასთან. არაფორმალურ სამსახურში შეგვიძლია გავაერთიანოთ ის კომპანიები, რომლებიც შემოსავლების დაფარვის მიზნით არ აფორმებენ ინდივიდებთან კონტრაქტებს და ადამიანი გარდა დაბალი შემოსავლისა, მოკლებულია სოციალური უზრუნველყოფის ისეთ ასპექტებს, როგორიცაა, მაგალითად, საპენსიო დანაზოგი და/ან ჯანმრთელობის დაზღვევა. შინაარსობრივად მოცემული ხაფანგის საკითხი ახლოსაა ე.წ. „სიღარიბის მანკიერ წრეებთან“ (vicious circle of poverty), რომლებიც დახასიათებულია განვითარების კეინსიანურ მოდელებში, მაგალითისათვის, ლეიბენსტაინის კვაზისტაბილური წონასწორობის თეორიაში, „კაპიტალის უკმარისობის მანკიერი წრე“ ნურქსეს მიხედვით, „ჩამორჩენილობის წრე“ კნალის მიხედვით და ა.შ. (Нуреев, 2001). ხოლო ჩვენს რეტროეკონომიკურ პოსტ-საბჭოთა სინამდვილეში მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ხილული თეთრი ლაქა  და გავაერთიანოთ „ღარიბების ეკონომიკის“ სათაურის ქვეშ. რეტროკონომიკაში მოძველებული ტექნოლოგიების გამო ინოვაციის და კონკურენტუნარიანი საქონლის და მომსახურების წარმოება/მიწოდება შეზღუდულია ან ძალიან მცირე მასშტაბებშია წარმოდგენილი. ამ მიზეზით, რეტროეკონომიკის არსებობა ხანგრძლივდება დროში, ვინაიდან ბაზარზე მოქმედ სუბიექტებს არ გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა და შესაძლებლობა, დანერგონ სიახლეები და ამ გზით თავი დააღწიონ ტექნოლოგიურ, ინსტიტუციურ და ე.წ. პიროვნების მოწყვლადობის ხაფანგებს (Melguizo et al, 2017). ამგვარად, რეტროეკონომიკასთან ერთად ადგილი აქვს სიღარიბის, ან ღარიბების ეკონომიკის ფუნქციონირებას. არის გარემოებები და მონაცემები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ვამტკიცოთ, რომ „ღარიბების ეკონომიკა“ მხოლოდ პოსტ-საბჭოთა მანკიერებას არ წარმოადგენს და მხოლოდ რეტროეკონომიკის მიერ გამოწვეული პირდაპირი და ირიბი „დეფექტი“ არაა. ეს მარტივია, თუ გადავხედავთ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მიხედვით სიღარიბის მანკიერებასთან და სოციალურ უთანაბრობასთან ბრძოლის მასშტაბებს. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში სიღარიბის ხილულმა პრობლემამ მბრძანებლური ეკონომიკის რღვევისას და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისას იჩინა თავი, ხოლო შემდგომ მისი საბოლოოს დაძლევა ვერ მოხერხდა, ვვარაუდობ, რომ სიღარიბის ფენომენი თავისუფალი ბაზრის ერთ-ერთი მახასიათებელიცაა. თავისუფალი ბაზარი, მართალია, პარეტო-ოპტიმალურია, მაგრამ მის პირობებში საზოგადოებაში შემოსავლების და კეთილდღეობის გადანაწილების უთანაბრობა დიდი ხანია, მსჯელობის საგანია. განვიხილოთ განვითარებული ქვეყნების მიერ სიღარიბის დაძლევის მიზნით მოქმედი რამდენიმე ორგანიზაცია (გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ მსგავს პრობლემატიკაზე მომუშავე უამრავი ორგანიზაცია არსებობს და მათი სრული სიის წარმოჩენა ძალიან მოცულობითია): გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP), ეკონომიკური განვითარებისა და კოოპერაციის ორგანიზაცია (OECD), ევროსაბჭო (და მისი მდგრადი განვითარების სტრატეგია), მსოფლიო ბანკის სიღარიბისა და უთანაბრობის პლატფორმა (Worldbank.org) და უამრავი სხვა. ნიშანდობლივია, რომ ევროპის მდგრადი განვითარების ინდიკატორების სიაში ერთ-ერთი მთავარი თემაა გლობალური პარტნიორობა და განვითარების ოფიციალური დახმარების სიაში საქართველო ჯერ ისევ დახმარების მიმღები ქვეყნების სიაშია - ზედა შუა შემოსავლის ქვეყნებს შორის, რომლებიც არ არიან ყველაზე დაბალგანვითარებულები (OECD.org).)სში შე

ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით ნათლად ჩანს განვითარებული ქვეყნების კოეფიციენტის თანაფარდობა დაბალგანვითარებულ ქვეყნებთან, რაც პირდაპირ ბმაშია ტექნოლოგიურ პროგრესთან. ტოპ-სამეულს შვეიცარია, ისლანდია და დანია წარმოადგენენ, ხოლო ბოლო სამ ადგილს მალი, ნიგერია და სუდანი (UNDP.org). შესაბამისად,

მავალირა არის უთანაბრობისა და სიღარიბის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მთავარი მიზანი: ნებისმიერი სახელმწიფოსათვის  პირველ რიგში მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მდგრადი განვითარება გულისხმობს ღირსეული საარსებო პირობების შექმნას მოსახლეობის ყველა ფენისათვის. ეს საკითხი გაეროს განვითარების პროგრამის პრიორიტეტების ათეულშია.  მათ შორისაა შემცირებული უთანაბრობა როგორც ქვეყნებს შიგნით, ასევე ქვეყნებს შორის (SDGS.UN.org).  სიღარიბის გლობალურ პლატფორმაზე (PIP) უთანაბრობის და სიღარიბის მონაცემები ძირითადად გამოითვლება მსყიდველობითი პარიტეტის ინდექსის მიხედვით (PPP). ეს ინდექსი უამრავი ეკონომისტის (და აგრეთვე ჩემი მოკრძალებული აზრითაც), არასრული და არა ყოვლისმომცველია. სიღარიბის გლობალური პლატფორმის პროგრამების და დღის წესრიგის ფარგლებში, მინიმალური შემოსავლების გადახედვა და სიღარიბის საზღვრების პერიოდული კორექტირება ხდება (Castaneda et al, 2022). მთავარი შეკითხვა, რომლის დასმაც პრინციპულია: არის თუ არა ყველა ამ ორგანიზაციის მიერ შექმნილი დღის წესრიგი და გეგმები საკმარისი აბსოლუტური სიღარიბის და თავად სიღარიბის ეკონომიკის, ანუ დახურულ წრეზე მოძრავი ალგორითმის აღმოსფხვრელად? ვფიქრობ, რომ არა. გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომ საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა - სიღარიბე - დღის წესრიგის უცვლელი საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბის აღმოფხვრის ასეუ;ობით პროგრამები და გზები არსებობს, მისი საბოლოო დამარცხება მსოფლიოს ერთ-ერთ დაუძლეველ გამოწვევადაა ქვეული. ჩვენს მიერ ზემოთაღწერილი ურთიერთდამოკიდებულება რეტროეკონომიკასა და ღარიბების ეკონომიკის პარალელურ სიბრტყეში თანარსებობაზე კიდევ ერთ ილუსტრაციას იძენს.

განვითარებული ქვეყნების სიღარიბის ილუსტრაციისათვის მაგალითად გამოდგება ერთ-ერთი ამერიკული კვლევა, რომლის მიხედვით, ბავშვის ეკონომიკური მდგომარეობა ხშირადაა დამოკიდებული მშობლების ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

 თაობებით გადასული სიღარიბე პირდაპირი შედეგია სისტემის იმ „რასიზმის“ (სწორედ ამ სიტყვას იყენებენ მკვლევარები) და იმ საზოგადოებრივი მარგინალიზაციის (ტერმინი დაცულია), რომელიც ღარიბ ფენაში უქმნის დაბრკოლებებს კერძო პირებს, ოჯახებს და საზოგადოებას, რათა ისინი ეკონომიკურ მეინსტრიმს ჩამორჩნენ. თუ ამაზე ღიად საუბრობს ამერიკული მეცნიერული საზოგადოება, თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ბარიერები და დაბრკოლებები, ის სიღარიბის მანკიერი წრეები და ცალკე აღებული „ღარიბთა ეკონომიკა“ - რომელსაც ამ თემის დასაწყისში რეტროეკონომიკის და განვითარებადი, ტრანსფორმაციებში მყოფი ქვეყნების მანკიერებად ავსახავთ, არა მხოლოდ განვითარებადი ქვეყნების სენია. განვითარებული ქვეყნის დაბალშემოსავლიანი საზოგადოებრივი ფენის შეძლებულთა ფენისგან ზემოთაღნიშნული მარგინალიზაცია და ამ განსხვავებული ცხოვრების წესის მიხედვით საზოგადოებების ერთმანეთისგან დაშორება,  ნამდვილად ხილული პრობლემაა. თუ თაობებზე გარდამავალი სიღარიბე აღიარებულია და მაღალგანვითარებული ქვეყნისათვის დადასტურებული და მიღებული ფაქტია, ბუნებრივია, რომ ამ დახურული წრედის გარღვევა განვითარებადი და ღარიბი ქვეყნებისათვის მოცემულ ეტაპზე დაუძლეველ საკითხად დარჩება (Pathak, 2021). თავად სიღარიბის დახურული წრე რეტროეკონომიკაში შეგვიძლია გარკვეული ხარისხის ე.წ. ხაფანგს  მივაკუთვნოთ, ლიტერატურაში გამოყენებული ტერმინით Path dependence (Liebowitz, Margolis, 1995).

რა კავშირშია ადამიანის კეთილდღეობა მისი განვითარების ინდექსთან? თუ ჩვენ გავყვებით თვალსაჩინო კვლევას ადამიანის განვითარების გაზრდილ ინდექსსა და მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლების ურთიერთდამოკიდებულების კავშირზე ხანგრძლივ ისტორიულ ჭრილში, ((1870–2020 წლები), სადაც ავტორები ადამიანის განვითარებას საზღვრავენ ოთხი მონაცემის მიხედვით: ჯანსაღი ცხოვრება, ცოდნა, ცხოვრების ღირსეული დონე და სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლება (იხ. სქემა #1 დანართში)) (Prados de la Escosura, 2021, Bolt, van Zanden, 2023), ამ კვლევით ნათლად დავინახავთ, რომ ქვეყნების მიხედვით მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლების ზრდა არ არის აუცილებელი, აისახოს ადამიანური განვითარების ინდექსზე. მაგალითისათვის, არაბეთის ქვეყნები: გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი და კატარი, მოსახლეობის ერთ სულზე მნიშვნელოვანი შემოსავლის ზრდის მიუხედავად, ადამიანური განვითარების ინდექსით ჩამორჩებიან ისეთ ქვეყნებს, სადაც მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლები უფრო დაბალია: მაგალითად, ნორვეგია, შვეიცარია, აშშ, სინგაპური და ა.შ. რაც დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლის დათვლის მეთოდოლოგიაც არ არის სრულყოფილი.

საზოგადოების ფენებს შორის უთანაბრობის გაზომვის შედარებით ახალი ინდექსებია: მსოფლიოს უთანაბრობის ინდექსი (WID), რომელიც 2015 წლიდან იზომება და იგი მოჰყვა 2011 წელს შექმნილ მსოფლიოს ტოპ-შემოსავლების მონაცემთა ბაზის შექმნას  (WTID). ამ ინდექსის წარმოშობა უკავშირდება საიმონ კუზნეცის  (Kuznets, 1953), ენტონი ატკინსონისა და ალან ჰარისონის ნაშრომებს (Atkinson, Harrison, 1978), რასაც ამ საკითხისადმი ყურადღების გამახვილება მოჰყვა. უთანაბრობის გამზომი ინდექსების დახასიათებისას, არ შეიძლება არ ვახსენოთ სიღარიბის ინდექსის შემქმნელი არტურ ოკუნი, რომლის კანონი (Okun’s Law) საყურადღებო და სამომავლო კვლევებისათვის საინტერესოა: მისი თეორიით, უმუშევრობის მაჩვენებლის ყოველი 1%-ით მატებისას, ქვეყნის მთლიანი სამამულო პროდუქტის მაჩვენებელი დაახლოებით დამატებით 2%-ით დაბალი იქნება, ვიდრე პოტენციური მთლიანი სამამულო პროდუქტი (Okun, 1962). .ტორი

თუ ჩვენ პოსტ-საბჭოთა რეტროეკონომიკის ახალ მანკიერებად ოლიგარქოკრატიის ფენომენის ნეგატიურ გავლენას ვახასიათებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ არც განვითარებულ ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებია სრულიად თავისუფალი. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ისეთი მანკიერი  მოვლენა, როგორიცაა, ე.წ. თეთრი საყელოების ეკონომიკური დანაშაულების კრიმინალური ფენომენი (“White Collar Crime”), (Sutherland, 1983, pp. 199-258), სადაც ნათლად იკვეთება უმაღლესი რანგის პირების გავლენა მთლიანად ეკონომიკაზე გარკვეული ინსტიტუციიდან. მსგავსი მოვლენები სხვა დასახელებებითაც გვხვდება: მაგალითად, იაპონური დანგოია და ბიუროკრატიული ტიპის ხაფანგები სამთავრობო იერარქიის სხვადასხვა დონეებზე (Hax et al., 1996, pp. 66-69), აგრეთვე იტალიური მაფიის მაგალითი (Klein, 2021, Vallone, 2021) და უამრავი სხვა.

დასკვნა

უდავოა, რომ განვითარებადი და დაბალგანვითარებული ქვეყნების მსგავსად, მაღალგანვითარებული ქვეყნების შესაძლებლობების გათვალისწინებით, სიღარიბის და საზოგადოებაში უთანაბრობის პრობლემის საბოლოო დაძლევა ვერ მოხერხდა. იგივე სახის იდენტურობა იკვეთება რეტროეკონომიკასა და სიღარიბის ეკონომიკას შორის. ორივე არსებობს როგორც ღარიბ, ასევე მდიდარ ქვეყნებშიც. გამოსავალი რეტროეკონომიკიდან და მისი სატელიტი სიღარიბიდან ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირებაშია. არის თუ არა ამ საკითხში სახელმწიფოს როლი გადამწყვეტი? უდაოდ: ცოდნის კერების შექმნა, ცოდნის მიღების და მისი გამოყენების მოტივაცია სახელმწიფოდან უნდა გამომდინარეობდეს, მთლიანად ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფუნქციობირებაც. განათლების დონის გაუმჯობესება პირდაპირ ბმაშია საზოგადოებრივი უთანაბრობის გაუმჯობესებასთან (Walker et al. 2019). განათლება და მეცნიერება ისეთივე აქტივია, როგორც სხვა მატერიალური აქტივები და ქვეყნის წინსვლა, დოვლათის შექმნა შეუძლებელია განათლების მყარი საძირკველის გარეშე. (Sulpasso, 2024).

სინამდვილეში სიღარიბის ეკონომიკა არავისთვისაა სასურველი განხილვის თემა, ვინაიდან ის აფერმკრთალებს ეკონომისტების მიღწევებს (Deaton, 2016). მასში მოქმედი სუბიექტები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენას არ და ვერ ახდენენ და ამგვაარად, უხილავები რჩებიან, მდიდარი ფენის გავლენიანი წარმომადგენლებისგან განსხვავებით. ამიტომაც დავარქვი მათ „თეთრი ლაქა“.

ვფიქრობ, რომ ღარიბების ეკონომიკის უფრო დაკვირვებით დანახვა აუცილებელია. უპირველესად, უთანაბრობის შემცირების მიზეზით, რაც სიღარიბის ზღვრულ მაჩვენებლებს შეარბილებს. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ რეტროეკონომიკის პირობებში არსებულ კრებით Homo Transformaticus-ს გარდაქმნისთვის პირველ რიგში ესაჭიროება ინტელექტუალური ტრანფორმაცია, რისთვისაც მას ესაჭიროება შესაბამისი განათლება და ცოდნაზე დაფუძნებული განვითარება. საზოგადოების და ცოდნის ეკონომიკა აერთიანებს 5 მთავარ განზომილებას: გარემო, სამოქალაქო საზოგადოება, მთავრობა, უნივერსიტეტები და ინდუსტრია. კარაიანისისა და კემპბელის მიერ მოხდა ერთიანი, ცოდნაზე დაფუძნებული 5-სფეროიანი ინტეგრალური მოდელის შეთავაზება თეორიაში, რომლის სახელია EUTOHA (Emerging Unified Theory of Helix Architectures) (Carayannis, Campbell, 2022). ეს მოდელი თანამედროვე რეალობაში წარმოადგენს ყველაზე სრულყოფილ ჩარჩოს, რომელიც   ყველაზე სრულყოფილად წარმოაჩენს მთლიანი საზოგადოების ურთიერთქმედების ალგორითმების ერთიანობას. თუმცა უკანასკნელ პერიოდში გაგვაჩნია უძლიერესი შესაძლებლობა ხელოვნური ინტეელექტის უსაზღვრო შესაძლებლობების სახით (Miao et al, 2021). 

ლიტერატურა:

1.პაპავა ვ., 2002. პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქართველოს ეკონომიკა, თბილისი, „პდპ“,  526 გვ.

2. Atkinson A., Harrison A., 1978. Distribution of Personal Wealth in Britain. Cambridge University Press. 330 p.

3. Bolt, J.,  J. L. van Zanden, 2023. Maddison Project Database. Economics, Econometrics and Finance, Dataset. <https://research.rug.nl/nl/datasets/maddison-project-database-2023>.

4. Carayannis E., Campbell D., 2022. Towards an Emerging Unified Theory of Helix Architectures (EUTOHA): Focus on the Quintuple Innovation Helix Framework as the Integrative Device, Triple Helix, Brill.com/thj, Vol. 9, pp. 65-75, <https://www.semanticscholar.org/reader/fe8734158e214350dbe9c1e4ce42ec654371f3b4>.

5. Castaneda A., Diaz-Bonilla C., Fujs T., Jany H., Jolliffe, D., Lakner, Ch., Mahler,D., Minh Cong N., Schoch, M., Kofi T., Mendoza V., Celmira M., 2022. Update to the Poverty and Inequality Platform (PIP): What’s New (English). Global Poverty Monitoring Technical Note; no. 24 Washington, D.C. : World Bank Group.

6. Deaton A., 2016. Measuring and Understanding Behavior, Welfare, and Poverty. American Economic Review, Vol. 106, No. 6. Pp. 1221–1243.

7. Guriev S., Rachinsky A., 2005. The Role of Oligarchs in Russian Capitalism. Journal of Economic Perspectives, Vol. 19, No. 1, pp. 131–150.

8. Hax H., Klenner W., Kraus W., Matsuda T., Nakamura T., 1996. Economic Transformation in Eastern Europe and East Asia. A Challenge for Japan and Germany. Springer-Verlag. Berlin-Heidelberg, Springer, 142 p.

9. Klein D., 2021. Expert: Italian Mafia Has Mastered Complex Economic Schemes. Organized Crime and Corruption Reporting Project, April, <https://www.occrp.org/en/daily/14254-expert-italian-mafia-has-mastered-complex-economic-schemes>.

10. Kuper S., 2023.  From Putin to Musk: The Making of a Modern-Day Oligarch. Financial Times, October 27, <https://www.ft.com/content/1da1da6b-9410-4ab5-a295-f3a9e48f9977>.

11. Kuznets S., 1953. Shares of Upper Income Groups in Income and Savings. National Bureau of Economic Research. N

12. Liebowitz S.,Margolis S., 1995. Path Dependence, Lock-In, and History. Journal of Law Economics and Organization, Vol. 11, No. 1, pp. 205-226.

13. Melguizo A., Nieto-Parra S., Perea J., 2017. No Sympathy for the Devil! Policy, Priorities to Overcome the Middle-Income Trap in Latin America. Working Paper, No. 340. Paris, OECD Development Centre, <https://www.oecd-ilibrary.org/development/no-sympathy-for-the-devil_26b78724-en>.

15. Miao F., Holmes W., Huang R., Zhang H., 2021. AI and Education. Guidance for Policy-Makers. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization, <unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000376709/PDF/376709eng.pdf.multi>.

16. OECD, 2022. DAC List of ODA Recipients, <https://www.oecd.org/en/topics/sub-issues/oda-eligibility-and-conditions/dac-list-of-oda-recipients.html#list-updates>.

17. Okun, Arthur M. ‘‘Potential GNP: Its Measurement and Significance.” In: Proceedings of the                        Business and Economic Statistics Section of the American Statistical Association. Alexandria, VA: American Statistical Association, 1962, pp. 89-104.

18. Papava V., 2000. Economic Approach to the Restriction of Corruption in Georgia. Georgian Economic Trends, No. 3-4, pp. 51-55.

19. Papava V., 2005. Necroeconomics. The Political Economy of Post-Communist Capitalism. New-York-Lincoln-Shanghai. iUniverse, 201 p. 

20. Papava V., 2017. Retroeconomics – Moving from Dying to Brisk Economy. Journal of Reviews on Global Economics, No. 6, pp. 455-462.

21. Papava V., 2021. Becoming European. Challenges for Georgia in the Twenty-First Century. Bloomington, Universe, 285 p.

22. Papava V.,  Khaduri N., 1997. On the Shadow Political Economy of the Post-Communist Transformation. An Institutional Analysis. Problems of Economic Transition, Vol. 40, No. 6, pp. 15-34.

23. Pathak A., 2021. Using Holistic, Multigenerational Strategies to Alleviate Poverty. The Center of American Progress. Report. Part of a series Holistic, Multigenerational Approaches to Poverty Alleviation. <https://www.americanprogress.org/article/using-holistic-multigenerational-strategies-alleviate-poverty/>.

24. Prados de la Escosura, L., 2021. Augmented Human Development in the Age of Globalization, Economic History Review.

25. PIP, the World Bank, 2024. Poverty and Inequality Platform, <https://pip.worldbank.org/home>.

26. Shevardnadze K., Chechelashvili R., Chocheli V., Khaduri N., 2000. Papava Indexes of Tax Corruption. Tbilisi, Imperial, 16 p.

27. SDGS.UNDP. Department of Economic and Social Affairs. Sustainable Development <https://sdgs.un.org/goals#implementation>.

28. Sulpasso U., 2024. Criticisms Point out of Diversity, which is the Strength, and Forget Culture, Which is the Real Growth Engine. Eurasia Review. News and Analysis. <https://www.eurasiareview.com/09062024-the-europe-that-exists-oped/>.

29. Sutherland E.H., 1983.  White Collar Crime: The Uncut Version. New Haven and London. Yale University Press. 290 p.

30. Tanzi V., 1999. Uses and Abuses of Estimates of the Underground Economy. The Economy Journal, Vol. 109, No. 456, pp. 338-347.

31. UNDP.  Country Insight. Human Development Insights, <https://hdr.undp.org/data-center/country-insights#/ranks>.

32. Vallone M., 2021. Insight: Mafias and the Pandemic; the Changing Face of the Fight Against Organised Crime in Italy. AML Intelligence, Anti-Financial Crime & Financial Crime Compliance, August, <https://www.amlintelligence.com/2021/08/insight-mafias-and-the-pandemic-the-changing-face-of-the-fight-against-organised-crime-in-italy/>.

33. Walker J., Pearce C., Boe K., Lawson M., 2019. The Power of Education to Fight Inequality. How Increasing Educational Equality and Quality is Crucial to Fighting Economic and Gender Inequality. Oxfam Briefing paper. Oxfam GB, Oxford, UK.

34. Бузгалин А. В., 1994. Переходная экономика: курс лекций по политической экономии. Москва, Таурус, 471 с.

35. Грей Ш., Хеллман Д., Райтерман Р., 2004. Коррупция в отношениях между предприятиями и государством в странах Европы и Центральной Азии в 1999–2002 годах. Москва, Издательство «Весь Мир», 2004, 116 с.

36. Нуреев Р. М., 2001. Экономика Развития. Модели становления рыночной экономики. Москва, Инфра – М, 192 с., <http://library.asue.am/open/3013.pdf>.

37. Папава В. Г., 2017. О ретроэкономике. Вопросы экономики, № 10, cc. 148-159.

38. Полтерович В. М., 1999. Институциональные ловушки и экономические реформы. Экономика и математические методы, Т. 35, № 2, сс. 3-20, <http://mathecon.cemi.rssi.ru/vm_polterovich/files/ep99001.pdf>. 

 

დანართი #1.