English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ გიორგი ბერულავა
მომსახურების დარგების რეფორმირება და სამრეწველო საწარმოების საექსპორტო საქმიანობის გაუმჯობესება: გარდამავალი ეკონომიკების მქონე ქვეყნების მაგალითზე

ვრცელი რეზიუმე

ექსპორტირება წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობის მნიშვნელოვან სახეობას, რომელიც ხელს უწყობს მწარმოებლურობის ზრდასა და ცხოვრების დონის ამაღლებას. აღმოსავლეთაზიური “ვეფხვების” გამოცდილება ადასტურებს, რომ საექსპორტო საქმიანობის ზრდა ჩამორჩენილი ბაზრის მქონე ქვეყნებში უნდა განიხილებოდეს როგორც ქვეყნის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი [The World Bank, 1996]. სხვა სიტყვებით, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების  ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა საექსპორტო საქმიანობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა,  რომელიც მათ უნდა გადაჭრან თავიანთი ეკონომიკური განვითარების გზაზე.

წინამდებარე ნაშრომში ფოკუსირებულია გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში მომსახურების დარგების გავლენა საექსპორტო საქმიანობაზე. არსებული კვლევების თანახმად, საექსპორტო საქმიანობის გაუმჯობესებამ შეიძლება გარკვეული მოგება მოუტანოს გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. ექსპორტის ზრდამ შეიძლება გაზარდოს ინდივიდუალური ფირმების მწარმოებლურობა “ექსპორტის პროცესში შესწავლის” გზით, ანდა ხელი შეუწყოს დამატებით მაღალტექნოლოგიური პროდუქტების იმპორტს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას.

თუმცა ურთიერთკავშირი მწარმოებლურობა-ექსპორტი ბოლო წლებში ძალიან ინტენსიურად შეისწავლებოდა, ამ ურთიერთობების ზოგიერთი ასპექტი ბოლომდე  ჯერ კიდევ არ გამოკვლეულა. მაგალითად, მელიცის [Melitz, 2003]; მიერ ინიცირებული სამეცნიერო ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ეძღვნება ჰეტეროგენური ფირმების საქმიანობის შესწავლას, ვარაუდობს, რომ ექსპორტიორები უფრო მაღალწარმოებლური ფირმები არიან. ამდაგვარი მიდგომის საფუძველში დევს იმის დაშვება, რომ არსებობს ფიქსირებული დანაზოგები, რომლებიც დაკავშირებულია გაყიდვებთან საექსპორტო ბაზრებზე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მაღალმწარმოებლურ ფირმებს შეუძლიათ ექსპორტის განხორციელება, მაშინ როცა ნაკლებ მწარმოებლური საწარმოები იმუშავებენ მხოლოდ შიდა ბაზარზე. ამ კვლევებში საექსპორტო ბაზრებზე დამოუკიდებლად გამავალი ფირმების მაღალი მწარმოებლურობა განიხილება როგორც ამ ფირმის გონივრული პოლიტიკის შედეგი. ამისდა მიუხედავად, ფირმის მაღალი მწარმოებლურობის მიღწევა ასევე შეიძლება იმ გარე ფაქტორების გავლენით, რომლებიც მისი უშუალო კონტროლის ქვეშ არ არის. მწარმოებლურობაზე გავლენის მქონე ექსპორტსა და გარეფაქტორების ურთიერთობების ბოლო ემპირიული კვლევები ძირითადად თავმოყრილია ბიზნესკლიმატის გავლენაზე. მაგალითად, კლარკმა [Clarke, 2005] აფრიკელი ექსპორტიორების კვლევისას აღმოაჩინა, რომ თვით საწარმოს მახასიათებლებად დამატებით, სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებული ცვლადები ასევე ახდენენ გავლენას საექსპორტო საქმიანობაზე. კერძოდ, ავტორი ამტკიცებს, რომ რესტრუქციული სავაჭრო და საბაჟო რეგულირება, ასევე არაეფექტური საბაჟო ადმინისტრირება შეიძლება უარყოფითად მოქმედებს საწარმოს სურვილზე, დაკავდეს საექსპორტო საქმიანობით. ბელჩინმა და ედვარდსმა [Balchin and Edwards, 2008] დაადგინეს, რომ ბიზნესკლიმატი მჭიდრო კავშირშია აფრიკის სამრეწველო საწარმოთა საექსპორტო საქმიანობასთან. მწარმოებელთა საექსპორტო საქმიანობაზე ბიზნეს კლიმატის და ინფრასტრუქტურული გარემოს გავლენის ემპირიული მტკიცებულებები შეიძლება მოიძებნოს რიგ სხვა ნაშრომებშიც [Dollar et.al., 2006; Iwanow and Kirkpatrick, 2008].

მიუხედავად იმისა, რომ თეორიის თანახმად, მომსახურების სფეროს უკეთესმა ფუნქციონირებამ შეიძლება გაზარდოს გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოთა ექსპორტი (როგორც ინტენსიური, ასევე ექსტენსიური ასპექტით) ამ ორ ფაქტორს შორის ემპირიული კავშირი არასაკმარისადაა შესწავლილი. უფრო მეტიც, ამ სფეროში არსებული კვლევები ეყრდნობა აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნების მონაცემებს. ამავე დროს, გარკვეული ნაკლოვანებები არსებობს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში საექსპორტო საქმიანობის შემსწავლელ კვლევებში. შევეცდებით, ჩვენს ნაშრომში ეს ნაკლი გამოვასწოროთ, ყურადღება გავამახვილოთ მომსახურების სფეროს ეფექტურ ფუნქციონირებასა და სამრეწველო საწარმოების საექსპორტო საქმიანობის ურთიერთობათა შესწავლაზე გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში.

ლიტერატურის გაცნობა საშუალებას გვაძლევს, ძირითადი საკვლევი ჰიპოთეზა შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: მომსახურების დარგების ფუნქციონირების გაუმჯობესება დადებითად და სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას როგორც საექსპორტო ბაზრებზე გასვლის გადაწყვეტილებაზე (ექსტენსიური ასპექტი), ასევე საექსპორტო საქმიანობის ინტენსიურობაზე (ინტენსიური ასპექტი).

მომსახურების სფეროს გავლენის შეფასება მწარმოებლების საექსპორტო საქმიანობაზე ხორციელდება პანელური მიკროდონეების არაბალანსირებული რეგრესიის მოდელის ბაზაზე. პანელური მონაცემები აღებულია საწარმოთა გამოკითხვების მონაცემთა ბაზებიდან (საქმიანი გარემოს და საწარმოთა საქმიანობის კვლევათა პანელური მონაცემები (BEEPS))[1]. ნაშრომში მომსახურების სფეროს საქმიანობის ეფექტურობის შესაფასებლად გამოყენებულია ცვლადების ორი კატეგორია. ცვლადების პირველი ჯგუფი წარმოდგენილია სუბიექტური მაჩვენებლებით, რომლებიც ემყარება ფირმის მენეჯერების მიერ იმ პრობლემების შეფასებებს, რომლებსაც მათ ბიზნესს უქმნის შემდეგი დარგები: ტელეკომუნიკაციები, ელექტროენერგეტიკა და ფინანსები. ცვლადების მეორე ჯგუფი წარმოდგენილია რეფორმირების ინდექსებით EBRD [EBRD, 2009], რომლებიც ასახავს მომსახურებათა ვაჭრობის საერთო ლიბერალიზაციას.

პანელური რეგრესიის მოდელის შეფასებისას შეიძლება წამოიჭრას გარკვეული პრობლემები. ჯერ ერთი, რადგანაც ექსპორტის ინტენსიურობა წარმოადგენს უკვეც ცვლადს, მოდულის შეფასებისას ჩნდება პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია შერჩევის გადაადგილებასთან. მეორე პრობლემას შეხება აქვს ცვლადი მომსახურების შესაძლო ენდოგენურობასთან, ასევე ზოგიერთ სხვა დამოუკიდებელ ცვლადებთან. შერჩევის გადაადგილების პრობლემის გადასაწყვეტად ამ ნაშრომში გამოიყენება შეფასების ორბიჯიანი პროცედურა [Heckman, 1979; Helpman et. al, 2008; Shepotulo, 2009]. პირველ ეტაპზე ყალიბდება ექსპორტის შესაძლებლობების განმსაზღვრელი მოდელი. მეორე ეტაპზე იქმნება შერჩევის გადაადგილება, კორექტირდება გამოთვლილი ინდივიდუალური ალბათობების ანდა მილსის შებრუნებული კოეფიციენტის, როგორც პანელური რეგრესიის განტოლებაში დამატებითი დამოუკიდებელი ცვლადის სახით ჩართვით. ცვლადი მომსახურებების, რომელთა კორელაცია შესაძლებელია ინდივიდუალური სპეციფიკური ეფექტით, ენდოგენურობის პრობლემის გადასაწყვეტად, ექსპორტის ინტენსიურობის განტოლება ფასდება ჰაუსმან ტეილორის პროცედურის გამოყენებით [Hausman and Taylor, 1981].

ნაშრომის ძირითად შედეგს წარმოადგენს იმ ფაქტის წარმოჩენა, რომ მომსახურების სფეროს საქმიანობის გაუმჯობესება ხელს უწყობს გადამამუშავებელი მრეწველობის საექსპორტო საქმიანობის გაუმჯობესებას. კერძოდ, კვლევის პროცესში დადგინდა, რომ ელექტროენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციების დარგის არაეფექტური საქმიანობის შემთხვევაში წინააღმდეგობების და შეზღუდვების შემცირება ასტიმულირებს გადამამუშავებელი მრეწველობის საექსპორტო საქმიანობას. ანალოგიურად, ტელეკომუნიკაციების, ელექტრო-ენერგეტიკის, სარკინიგზო და საგზაო ტრანსპორტის, წყლის დისტრიბუციის და საბანკო სექტორის სფეროებში ლიბერალიზაციის რეფორმების გატარება იწვევს მწარმოებელთა საექსპორტო საქმიანობის გაფართოებას. ანალიზის შედეგები მოწმობს, რომ მომსახურების სფეროს რეფორმირება შედარებით სერიოზულ გავლენას ახდენს მეწარმეთა  საექსპორტო საქმიანობის ინტენსიურობაზე, ვიდრე მათ საექსპორტო ბაზარზე გასვლის გადაწყვეტილებაზე.

მოცემულ ნაშრომში განხილულია აგრეთვე ფირმის სპეციფიკური ფაქ-ტორების გავლენა მის საექსპორტო საქმიანობაზე. არსებული კვლევების შედეგების თანახმად აღმოვაჩენთ, რომ ინოვაციები, ინვესტიციები კვლევებსა და განვითარებაში, უცხოური კაპიტალი, მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება და ფირმის ზომა საექსპორტო საქმიანობაში გადამამუშავებელი სექტორის საწარმოთა წარმატების ძირითადი ფაქტორია გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება ზრდის გადამამუშა¬ვებელი ფირმის კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზრებზე და ამით სტიმულს აძლევს მათი საექსპორტო საქმიანობის ინტენსივობას.

ასევე დიდ როლს თამაშობს ფირმის ზომა და უცხოური კაპიტალი. ყველა ეს ფაქტორი დადებითად მოქმედებს არა მარტო მწარმოებელთა გადაწყვეტილებაზე საექსპორტო ბაზარზე გასვლის შესახებ, არამედ მათი საექსპორტო საქმიანობის ინტენსიურობაზეც. მსხვილ ფირმებს გააჩნიათ უპირატესობები ფინანსური რესურსების მოპოვების საქმეში, რომლებიც აუცილებელია უცხოურ ბაზრებზე სადისტრიბუციო ქსელების შესაქმნელად. გარდა ამისა, მსხვილ ფირმებს გააჩნიათ მეტი საშუალებები გლობალური კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად. ეს მომენტი განსაკუთრებით აქტუალურია გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის. უცხოური კაპიტალი, თავის მხრივ, აადვილებს მოწინავე მმართველობითი ცოდნის, გამოცდილების და ტექნოლოგიების ტრანსფერტს, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად. ასევე ნათელია, რომ ვაჭრობის გაადვილება, მარეგულირებელი გარემოს ხარისხი, კონკურენციის დონე, ევროკავშირის წევრობა ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ექსპორტზე.

კვლევის შედეგები სავაჭრო პოლიტიკის სფეროში ზოგიერთ რეკომენდაციას უდევს საფუძველად. ჯერ ერთი, ეს შედეგები აჩვენებს, რომ მომსახურების ეფექტური დარგი არის სტრატეგიული და მწარმოებელთა საექსპორტო საქმიანობის ბოლომდე არ გამოყენებული რესურსი, რომელიც პოლიტიკოსების ხელშია. საწარმოო დარგების საექსპორტო საქმიანობის სტიმულირებისათვის ხელისუფლებამ ფოკუსირება უნდა მოახდინოს მომსახურების სფეროს შემდგომ ლიბერალიზაციასა და რეფორმირებაზე. ეს რეფორმები მიმართული უნდა იყოს გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოთათვის მომსახურებების ადეკვატური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და ამით მათთვის ბიზნესის წარმოების დანახარჯების შემცირებაზე.

დასასრულ, კვლევის შედეგები წარმოადგენს ინფორმაციას პოლიტიკოსებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოთა საექსპორტო საქმიანობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შემუშავების მიზნით. 



[1] https://www.enterprisesurveys.org/