English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ვლადიმერ პაპავა ვახტანგ ჭარაია
მსოფლიოს შედარებით ღარიბი ქვეყნებისათვის ინფლაციის მაჩვენებლის მოდიფიკაციის აუცილებლობის შესახებ და საქართველოს გამოცდილება

ვრცელი რეზიუმე

ინფლაციის მაჩვენებელი სრულად ვერ ასახავს მოსახლეობის ღარიბი ნაწილის მოლოდინს, რადგანაც საქონლის ზოგიერთი ჯგუფი (მაგალითად, ელექტრონიკა, ავტომობილები, ავეჯი, სასტუმრო და რესტორნის მომსახურება, და სხვ.) არ ასახავს მცირეშემოსავლიანი მოსახლეობის პრობლემებს. 

მხოლოდ ინფლაციის მაჩვენებლის გამოყენებით შესაძლოა არ იქნეს მიღებული მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი გადაწყვეტილებები.

ამ ვითარებაში იბადება ლოგიკური კითხვა, თუ რა პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას, როცა ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის სამიზნე მხოლოდ ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა, რაც `ინფლაციის თარგეთირების~ სახელითაა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს (2009 წლიდან), ისევე, როგორც მისი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების (თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი და სხვა), ცენტრალური ბანკები უკვე წლებია ახორციელებენ ''ინფლაციის თარგეთირებას''.

ცენტრალური ბანკები, რომლებიც ''ინფლაციის თარგეთირების'' გზას დაადგნენ, ხშირად ამართლებენ ამ გადაწყვეტილებას და ამბობენ, რომ მათ არათუ მიაღწიეს მათთვის სასურველ მიზანს (ფასების სტაბილურობას), არამედ ამით ხელი შეუწყვეს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას, როგორც, მაგალითად, აცხადებს კანადის ცენტრალური ბანკი. ის, რომ ''ინფლაციის თარგეთირების'' მიმდევარ ქვეყნებში ინფლაციის საშუალო დონე შედარებით დაბალი იყო, როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში, სპეციალური კვლევებითაც დასტურდება.

აღსანიშნავია, რომ ''ინფლაციის თარგეთირებას'' ანგარიშგასაწევი მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მაგალითად, ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი თითქმის დარწმუნებულია, რომ ეს სისტემა შეიცვლება, რადგან განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკები უძლურნი არიან მართონ ინფლაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში იმპორტირებულია. The Bank for International Settlements-ი ეწინააღმდეგება უშუალოდ ''ინფლაციის თარგეთირებას'', რომელიც ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა ფინანსურ სტაბილურობას. ''ინფლაციის თარგეთირება'' არ ითვალისწინებს ფინანსურ ციკლებს და შედეგად ვიღებთ ზედმეტად ექსპანსიურ და ასიმეტრიულ მონეტარულ პოლიტიკას. საყურადღებოა, რომ ''ინფლაციის თარგეთირება'' არაერთ კითხვას აჩენდა მისი შემოღების დღიდანვე. კერძოდ, ინფლაციის მოთოკვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოხერხდა არა 1990-იან წლებში, ''ინფლაციის თარგეთირების'' შემოღების შედეგად, არამედ ის უკვე 1980-იანი წლებში დაღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა და მასში დიდი წვლილი მიუძღვის გლობალიზაციას და ჩინეთის მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციას (და არა - ''ინფლაციის თარგეთირებას'').

ფაქტია, რომ საქართველოსთვის ისევე, როგორც სხვა განვითარებადი და, განსაკუთრებით კი, ღარიბი, იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის, დამახასიათებელია ისეთი პრობლემები, რომელთაც მარტო ინფლაციის მაჩვენებელი სრულად ვერ ასახავს. კერძოდ, საქართველოსთვის დამახასიათებელია ის, რომ: ა) სამომხმარებლო კალათის 80% იმპორტირებული პროდუქციაა, ამიტომ ინფლაციაც ხშირ შემთხევაში ასევე იმპორტირებულია; ბ) სახეზეა დოლარიზაციის მაღალი დონე (საქართველოში 2016 წლის ბოლოსათვის 70%-ზე მაღალია).

ქვეყნებში, სადაც ექსპორტი რამდენჯერმე აღემატება იმპორტს, აშკარაა, რომ აუცილებელია არა მარტო ინფლაციის ტრადიციული მაჩვენებლის, არამედ მხოლოდ იმპორტული საქონლითა და მომსახურებით შედგენილი სამომხმარებლო კალათის საფუძველზე ფასების ინდექსის (იმფლაციის) გაანგარიშებაც.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ სამომხმარებლო კალათაში შედის არაერთი ისეთი საქონელი და მომსახურება (როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი წარმოების), რომელსაც, როგორც წესი, ნაკლებშემოსავლიანი ადამიანები არ იძენენ, ამიტომ არა მარტო ინფლაციის, არამედ მასთან ერთად აღებული იმფლაციის მაჩვენებელიც კი ვერ დააკმაყოფილებს იმ მიზანს, რომ შეფასდეს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ფასების დინამიკა მოსახლეობის ღარიბი ნაწილისათვის მნიშვნელოვან სფეროებში.

ეკონომიკურ პრაქტიკაში სულ უფრო ფართო ადგილს იკავებს აგრარული ინფლაციის (ანუ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ფასების საშუალო დონის ზრდა), ანუ აგფლაციის მაჩვენებელი. ტერმინი აგფლაცია შედარებით ახალია და მისი შემოღება 2006-2007 წლებში ხილზე, კვერცხზე, მარცვლეულ კულტურებსა და სხვა საკვებ პროდუქტებზე ფასების მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდებოდა. აგფლაციის მაჩვენებლის გაზომვა ძალზე მნიშვნელოვანია განვითარებად, განსაკუთრებით კი, ღარიბ ქვეყნებში, რომელთათვისაც დამახასიათებელია კვების ძირითადი პროდუქტების გაძვირება (მაგალითად, ინდოეთში).

აგფლაციის (აგრარული ინფლაციის) მაჩვენებლის გამოყენების არეალი შეზღუდულია, რადგანაც ის არ ასახავს ფასების ცვლილებას მკურნალობასა და კომუნალურ მომსახურებაზე.

სტატიაში განხილულია მანფლაციის ახალი სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც ასახავს ფასების ცვლილებას მკურნალობაზე, კომუნალურ მომსახურებასა და საკვებ პროდუქტებზე.

მანფლაციის გაანგარიშებისათვის გამოყენებული უნდა იყოს ინფლაციის გაანგარიშებისათვის განკუთვნილი სამომხმარებლო კალათიდან მკურნალობის, კომუნალური მომსახურების და საკვები პროდუქტების შესაბამისი პარამეტრები. უკანასკნელი კომპონენტი იმავდროულად გამოიყენება აგფლაციის გასაანგარიშებლად.

საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად არის შესაძლებელი ''ინფლაციური თარგეთირების'' არსებული პრაქტიკის გაფართოება და ინფლაციის მაჩვენებელთან ერთად, განსაკუთრებით განვითარებად და შედარებით ღარიბ ქვეყნებში, განხილულ იქნეს იმფლაციის, აგფლაციის და მანფლაციის მაჩვენებლები, კვლევის ცალკე საგანია.

საკვანძო სიტყვები: ინფლაცია, ინფლაციის თარგეთირება, იმფლაცია, აგფლაცია, მანფლაცია.