ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
ჟურნალი ნომერი 3 ∘
ვახტანგ ჩქარეული ∘
ეკონომიკური თავისუფლების ძირითადი ასპექტები და მისი გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე (პრაქტიკული კვლევა საქართველოს მაგალითზე) ვრცელი რეზიუმე თავისუფლება თანაბრად მნიშვნელოვანი წინაპირობაა წარმატების მიღწევისათვის როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ თუ ბიზნეს საქმიანობაში. იგი წარმოადგენს თითოეული ჩვენგანის მთავარ მოთხოვნილებას და გააჩნია სასიცოცხლო მნიშვნელობა ადამიანისეული, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარებისთვის. როდესაც ადამიანები ზეგავლენის ქვეშ ექცევიან გადაწყვიტილების მიღების პროცესში, მათ უმცირდებათ არჩევანი, ეკონომიკური თავისუფლება კი მისი მთავარი იდეიდან გამომდინარე მიისწრაფვის ინდივიდის გაძლიერებისაკენ მრავალი არჩევანის მინიჭების გზით. ეკონომიკური თავისუფლების რაიმე დადგენილი განსაზღვრება სამეცნიერო ლიტერატურაში არ არსებობს, თუმცაღა Heritage Foundation-ი მას შემდეგნაირად განმარტავს: “... სახელმწიფოს ჩარევის (იძულების) არარსებობა წარმოების, დისტრიბუციის ანდა საქონლისა და მომსახურების მოხმარების პროცესში საჭიროების გარდა, რომელიც შესაძლებელია წარმოიშვას მოქალაქეების უფლებების ანდა თვით თავისუფლების განმტკიცების აუცილებლობით. შეგვიძლია განვიხილოთ მრავალი ფაქტორი, რომელთაც მოსალოდნელია რომ გავლენა ექნებათ მთლიანად ეკონომიკური თავისუფლების დონეზე. ეკონომიკური თავისუფლება კი უპირველეს ყოვლისა გულისხმობს არჩევანის თავისუფლებას, ნებაყოფლობით თანამშრომლობას, ჯანსაღ კონკურენციასა და კერძო საკუთრების უფლებას. ზოგადად, ინდივიდი შესაძლებელია მიჩნეულ იქნას როგორც ეკონომიკურად თავისუფალი, თუ იგი აკმაყოფილებას ორ უმთავრეს წინაპირობას: 1) არ არის შეზღუდული არჩევანში და 2) მისი არჩევანი არ ზღუდავს სხვა ადამიანის იგივე უფლებას. ყველაფერი ამის შემდგომ დაფუძნებულია ამ პრინციპებზე. მოდით განვიხილოთ ის ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჯანსაღი ეკონომიკური თავისუფლების გარემოს ჩამოყალიბებას. საკუთრების უფლება. წარმოუდგენელია წაახალისო მცირე და საშუალო ბიზნესი ეფექტიანი სამართლებრივი ნორმების გარეშე, რომლებიც იცავენ მათ უფლებებს (მათ შორის უპირველეს ყოვლისა საკუთრების უფლებას). თუკი ადამიანებს არ შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ მათი საკუთრება, ეს ცხადია შეამცირებს მათ შესაძლებლობებსა და მოტივაციას განახორციელონ ინოვაციური იდეები. კორუფციის განთავისუფლება. კორუფცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო იარაღს რესურსების ეფექტიანად განაწილების წინააღმდეგ. გარდა ამისა საზოგადოება კარგავს რწმენას ხელისუფლების მიმართ, რომ მას შეუძლია წარმართოს ეკონომიკური აქტივობები ხალხის სასარგებლოდ. კვლევების უმეტესობა ცხადყოფს, რომ კორუფციის არსებობა ამცირებს კერძო ინვესტიციებს დონეს. ფისკალური თავისუფლება. ფისკალური თავისუფლება უპირველეს ყოვლისა ზომავს საგადასახადო ტვირთის ზომას. მაღალი საგადასახადო ტვირთი კი პირდაპირ ზემოქმედებს ადამიანთა სტიმულებზე თავი შეიკავონ ბიზნეს აქტივობებისგან. იგი ასევე ამცირებს ინვესტიციების დონეს ქვეყანაში, ვინაიდან არავის აქვს სურვილი აკეთოს ბიზნესი მაღალი საგადასახადო ტვირთის პირობებში. ბიზნესის თავისუფლება. ნებისმიერი ინდივიდი რომელსაც გააჩნია სურვილი დაიწყოს ახალი საქმიანობა, ეძებს ისეთ ადგილს, სადაც ზემოხსენებულ კრიტერიუმებთან ერთად ყველაზე მარტივი იქნება ბიზნესის კეთება. აქედან გამომდინარე ბიზნესის თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტია ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. თუკი ინვესტორს აქვს არჩევანი ქვეყნებს შორის, ცხადია ის ამჯობინებს საკუთარი რესურსების წარმართვას იმ ქვეყანაში სადაც ბიზნესის დაწყება და შენარჩუნება მინიმალურ ფულად და ადამიანისეულ რესურსებთან იქნება დაკავშირებული. სამუშაო ძალის თავისუფლება. სამუშაო ძალის თავისუფლება არის კომპონენტი, რომელიც პირდაპირ უწყობს ხელს რესურსების ყველაზე ეფექტიან განაწილებას. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულებს ერთის მხრივ, თავისუფლად შეეძლოთ მოლაპარაკებების წარმოება დამსაქმებლებთან, ხოლო მეორეს მხრივ ყოველგვარი გავლენის, მითითების ანდა ძალდატანების გარეშე შეეძლოთ გადაწყვეტილების მიღება თუ სად, რა ფასად და რამდენი ხნით სურთ საკუთარი სამუშაო ძალის გაყიდვა. ნებისმიერმა შეზღუდვამ შრომის ბაზარზე (მაგალითად მინიმალური ხელფასის დაწესება) შეიძლება მარტივად მიგვიყვანოს კორუფციისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის წახალისებისკენ. მონეტარული თავისუფლება. მონეტარული თავისუფლება შედგება ორი ძირითადი ქვე-კომპონენტისაგან. პირველი, ეს არის ინფლაციის დონე ბოლო სამი წლის განმავლობაში, ხოლო მეორე კი, ფასების კონტროლი. ფასების სტაბილურობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ეკონომიკური აგენტებისათვის რათა დაგეგმონ მომავალი სამეწარმეო თუ სხვა ტიპის საქმიანობა. ბაზრის თავისუფლება. ბაზრის თავისუფლების იდეა მდგომარეობს საერთაშორისო ვაჭრობაში. ქვეყნებს გააჩნიათ შეფარდებითი უპირატესობანი სხვადასხვა დარგებში, რაც მათ აძლევთ შესაძლებლობას დადონ ეფექტიანი და მომგებიანი გარიგებები ერთმანეთთან. თუკი ბაზარი ჩაკეტილია იმპორტის ანდა ექსპორტისთვის, ეს უპირველეს ყოვლეს მიგვიყვანს ფასების ზრდისა და კონკურენციის შესასტებისკენ, რაც პირველ რიგში აზარალებს მომხმარებელს. მას შემდეგ, რაც ჩამოვაყალიბეთ ეკონომიკური თავისუფლების თეორიული საფუძვლები საჭიროა მისი პრაქტიკული გავლენის ჩვენება ეკონომიკურ განვითარებაზე, ამ უკანსკნელის მთავარი ინდიკატორი კი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გახლავთ. პრაქტიკული კვლევა განხორციელებულია საქართველოს მაგალითზე და მოიცავს 1995-2016 წლების პერიოდს. აღებული გვაქვს ხუთი მაჩვენებელი, რომლებსაც გამოვიყენებთ ეკონომეტრიკული მოდელის ასაგებად (დეტალურად იხილეთ ინგლისურენოვან სრულ ვერსიაში). ესენია: ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელი, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-თან მიმართებაში, რეალური მშპ, რეალური დანახარჯები განათლებაზე და წლიური ინფლაციის დონე. კვლევამ საქართველოს მაგალითზე გვაჩვენა ეკონომიკური თავისუფლების დადებითი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე. კავშირი იმდენად მდგრადია ამ ორ პარამეტრს შორის, რომ თუკი ადგილი ექნება რაიმე შოკს t პერიოდში, რომელიც იწვევს “წონასწორული” მდომარეობის დარღვევას, t+1 პერიოდში იგი შემცირდება 0.26-ჯერ, t+2 პერიოდში 0.262-ჯერ და დროდადრო გაქრება. |