ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ჟურნალი ნომერი 1 ∘
იოსებ არჩვაძე ∘
თაობათაშორისი ურთიერთობები, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ფაქტორი (საქართველოს კონტექსტი) რეზიუმე ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურა და განათლებულობაა. სხვათანაბარ პირობებში, რაც უფრო მეტი განათლებული და კვალიფიციური შრომისუნარიან ასაკში მყოფი ადამიანია ქვეყანაში, მით უფრო მეტია მისი ეკონომიკური ზრდის პოტენციალი. ამის გამო განსაკუთრებით საყურადღებოა ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მონაწილეობა დასაქმებისა და ეკონომიკური დოვლათის ფორმირებაში ასაკობრივი ნიშნით, აგრეთვე ის, თუ რამდენად შეესაბამება ამ ასაკობრივი ჯგუფების შექმნილი დოვლათი მათ მიერ ფაქტობრივად მოხმარებულს, როგორია თანაფარდობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დოვლათის განაწილებასა და საბოლოო მოხმარებას შორის. საქართველო მიეკუთვნება ტრადიციულ ფასეულობებზე დამყარებულ საზოგადოებას, სადაც მაღალია თაობათაშორისი კულტურულ-ემოციური, ყოფითი, მატერიალური და ეკონომიკური კავშირები, უფროსებისაგან უმცროსი თაობის წარმომადგენლებისათვის და პირიქით, უმცროსებისაგან უფროსებისადმი გაწეული შიდა ოჯახური და ოჯახთაშორისი დახმარების მასშტაბები. ამ დახმარებას აქვს მრავალი ასპექტი - გენდერული, ასაკობრივი, საგანმანათლებლო, პროფესიული, ტერიტორიული და სხვ. საკვანძო სიტყვები:ახალგაზრდათაობა, ასაკობრივი ჯგუფები, ეიჯიზმი, თაობათაშორისი კავშირები. შესავალი თანამედროვე საქართველოში შრომის ბაზრისა და დასაქმების ასპექტში დაბალი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისათვის, ერთი შეხედვით, საკმაოდ მძიმე სურათი ყალიბდება: მათ შორის უმუშევრობის დონე საშუალოზე უფრო მაღალია (2016 წლის მონაცემებით, ასაკის მიხედვით: 15-19 წწ. - 31.9%, 20-24 წწ. - 30.0%; 25-29 წწ. - 21.6%, საშუალოდ ეკონომიკაში - 11.8%[1]). მაგრამ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან 25-29 წლიანები, ანუ ის კონტინგენტი, რომელმაც სულ ახლახან მიიღო უმაღლესი განათლება და ჩაერთო ეკონომიკურ საქმიანობაში, ხარისხობრივი ფაქტორის გათვალისწინებით (დასაქმების პროფილითა და ანაზღაურებით) მაინც შედარებით ყველაზე უკეთაა უზრუნველყოფილი - დაქირავებით დასაქმებულებზე მოდის ამ ასაკობრივი ჯგუფის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ნახევარზე მეტი (50.2%), მაშინ როდესაც საშუალოდ ეროვნულ მეურნეობაში ეს მაჩვენებელი არ აღემატება 37.3%-ს; ყოველ 100 თვითდასაქმებულზე ამ ასაკობრივ ჯგუფში (25-29 წწ.) მოდის 180 დაქირავებით დასაქმებული, მაშინ როდესაც საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 74-ია. ფაქტი ისაა, რომ დასაქმების პრობლემა არის და რჩება ახალგაზრდა თაობის უპირველეს გამოწვევად, მაგრამ უკვე დასაქმებული ახალგაზრდებისთვის დასაქმების ხარისხობრივი მაჩვენებლები (იმის გათვალისწინებით, რომ დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება აღემატება თვით დასაქმებულების შრომის ანაზღაურებას), მნიშვნელოვნად აჭარბებს სხვა ასაკობრივი ჯგუფების შესაბამის მაჩვენებლებს. აღსანიშნავია, რომ 1990-იანი წლების შემდეგ მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა ყველაზე მაღალი შემოსავლის მიღების მხრივ დასაქმებულთა ასაკმა: თუ 1990-იან წლებში ყველაზე მაღალი შემოსავლის მიღებას ახერხებდნენ 45-55წწ. ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობა[2], 2010-იანი წლებისთვის - უკვე 25-29წლიანები. ეს კარგად დაადასტურა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, კასპი) მოსახლეობის შერჩევითმა კვლევამ.[3] აღნიშნული კვლევით, 25-29 წწ. ასაკობრივ ჯგუფში საშუალო შემოსავალი თითქმის 1.2-ჯერ აღემატება საშუალო შემოსავალს, ხოლო 45 წელს გადაცილებულთა შემოსავალი - პირიქით, თითქმის ¼-ით ჩამორჩება მას. 1990-იანი წლების დასაწყისში საშუალო შემოსავლებს 30 წლამდე ახალგაზრდების შემოსავლები ჩამორჩებოდა 10-30 პროცენტით, ხოლო 45 წელზე უფროსი ადამიანების კი, პირიქით - 2.2-ჯერ აღემატებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მაღალი შემოსავლის მისაღებად დასაქმებულთა ოპტიმალური ასაკი ბოლო ათწლეულებში მკვეთრად (დაახლოებით 15-20 წლით) შემცირდა და დღეისათვის 30 წელს უახლოვდება. ცხრილი 1 დასაქმებულთა საშუალო თვიური შემოსავალი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით
ზემოაღნიშნული აიხსნება იმ გარემოებით, რომ ახალგაზრდები, როგორც წესი, უფრო იოლად ახერხებენ ადაპტირებას საბაზრო ეკონომიკასთან, მათი მობილურობა, ინფორმაციული ტექნოლოგიების და უცხო ენების ცოდნა მათ გარემოებებისადმი უფრო იოლად ადაპტირებადს და შრომით ბაზარზე მაღალ კონკურენტუნარიანს ხდის. მაგალითად, 20 წლამდე დასაქმებულ ახალგაზრდებს, ფაქტობრივად, შეუძლებელია ჰქონდეთ არათუ სრული, არამედ არასრული უმაღლესი (საბაკალავრო) განათლება. მიუხედავად ამისა, ანაზღაურება მათ თითქმის საშუალო დონეზე აქვთ (94.5%). ზოგადი კანონზომიერებაა, რომ განათლებას უფრო მაღალი შემოსავალი მოაქვს. - უმაღლესი განათლების მქონეთა შემოსავლები (1068.3 ლარი) აღემატება: 21%-ით შემოსავლების საშუალო დონეს (883.4 ლარი), 46%-ით - საშუალო განათლების მქონეთა შემოსავლებს (733.7 ლარი) და 84%-ით - არასრული განათლების მქონეთა შემოსავლებს (581.4 ლარი). ამ ფონზე სტუდენტები (მათ კატეგორიაში შედის არასრული უმაღლესი განათლების მქონე პირებიც) საშუალო შემოსავალზე 8.3 %-ით მეტ შემოსავალს იღებენ (956.4 ლარი). შეიძლება მთელი კატეგორიულობით ითქვას – მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების დონე ახალგაზრდებში დაბალია, ხოლო უმუშევრობის დონე - მაღალი, შემოსავალი და მდგომარეობა, ვინც ახერხებს სამუშაოს შოვნას და მუშაობის დაწყებას, საშუალო დასაქმებულის შემოსავლებზე და მატერიალურ მდგომარეობაზე უკეთესია. ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები საკმაოდ მაღალ კორელაციაშია საქართველოს მასშტაბით მიღებულ მონაცემებთან. კითხვაზე: თუ რამდენად უზრუნველყოფს ოჯახის მთლიანი შემოსავალი ოჯახის მოთხოვნილებებს, მხოლოდ 3.6%-მა აღნიშნა - თავისუფლად, 9.3%-მა - საკმარისად, 44.8%-მა - მეტ-ნაკლებად; რესპონდენტთა 42.2%-თვის შემოსავალი ვერუზრუნველყოფსოჯახის მოთხოვნილებებს. ფაქტობრივად, ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობის 3.6% - მდიდარია, 9.3% - შეძლებული, 44.8% - საშუალო შემოსავლების მქონე, ხოლო 42.2% - ღარიბი და ღატაკი. ამ ასპექტით, მათი შემოსავალი, ვინც თვლის, რომ ოჯახის მოთხოვნილებებს მათი მიმდინარე შემოსავლები თავისუფლად უზრუნველყოფს (თვეში 2000 ლარი), ოჯახების ფაქტობრივ საშუალო შემოსავალს დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ოჯახების მიმდინარე მოთხოვნილებების თავისუფლად დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია, რომ საშუალო შემოსავლები აღემატებოდეს ფაქტობრივ საშუალო შემოსავლებს 2.5-ჯერ. ანალოგიური პრინციპით მიდგომის შემთხვევაში, ოჯახის მოთხოვნილებების საკმარისად დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია, რომ მიმდინარე შემოსავლები ფაქტობრივს ჭარბობდეს არანაკლებ 1.8-2.0-ჯერ. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით შინამეურნეობათა 3/4-ზე მეტი არ არის კმაყოფილი საკუთარი შემოსავლებით. ეს უკმაყოფილება ყურადსაღებია იმ პირობებში, როდესაც შინამეურნეობების შემოსავლები, როგორც წესი, ყალიბდება რამდენიმე წყაროსგან; იგი მიანიშნებს იმასაც, რომ, მიუხედავად მათი მრავალფეროვნებისა, ეს წყაროები არათუ ცალ-ცალკე, არამედ ერთადაც ვერ უზრუნველყოფს შინამეურნეობათა სასურველი შემოსავლის დონეს. საქართველოს ქალაქებში საკმაოდ მაღალია ხელფასზე მყოფ ოჯახთა წილი (68%). მაგრამ რამდენადაც მიმდინარე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ოჯახებს ფაქტობრივზე ჯერადად მეტი შემოსავლები სჭირდებათ, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ხელფასი ვერ ასრულებს მის ძირითად ეკონომიკურ ფუნქციას. ეს დასტურდება იმითაც, რომ ყოველი მეათე ოჯახი იღებს ფულად დახმარებას ახლობლებისაგან, ხოლო ყოველი მეშვიდე - უცხოეთში შრომით მიგრანტად მყოფი ოჯახის წევრისა და ახლობლისგან. ამასთან, ბიზნესიდან შემოსავალი აქვს მხოლოდ ყოველ მეექვსე შინამეურნეობას (17.1%), რაც საბაზრო ურთიერთობათა განვითარებისა და მასში შინამეურნეობათა ჩართულობის არადამაკმაყოფილებელ დონეზეც მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვა ქალაქებში ჩატარდა, შეიძლება ითქვას, რომ მათგან, ვინც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებითაა დაკავებული (ასეთი კი ყოველი მეოთხე შინამეურნეობაა - 24.1%), 21% აწარმოებს ბაზარზე სარეალიზაციოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. ოჯახებისათვის აღნიშნული სახის შემოსავალი ფაქტობრივად ისეთივე ინტენსივობისაა, როგორიც უძრავ-მოძრავი ქონების გაქირავება. საქართველო იყო და რჩება უპირატესად ტრადიციული ტიპის თაობათაშორისი ურთიერთობის მქონე საზოგადოებად. კვლევამ დაადასტურა, რომ საკუთარ მშობლებთან ცხოვრობს მოსახლეობის 43.2%. ასაკის მატებასთან ერთად ეს მაჩვენებელი მცირდება. დ თუ 20 წლამდე ახალგაზრდებში იგი 77.1%-ია, 20-დან 24 წლამდე ახალგაზრდებში - უკვე 65.4%, 25-დან 40 წლამდე ასაკის მოსახლეობაში - ფაქტობრივად ერთსა და იმავე დონეზეა (41-45%), რის შემდეგაც იგი მკვეთრად ეცემა და 45 წელს გადაცილებულებში მხოლოდ 24.3%-ია. მშობლებისაგან ცალკე ცხოვრების სურვილის შესაძლებლობას გამოკითხული მოსახლეობის ორი მესამედი (66.8%) ამა თუ იმ ხარისხით უკავშირებს ფინანსურ მდგომარეობას. აღნიშნულ მაჩვენებელს ოდნავ ჩამორჩება დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა, რასაც განაპირობებს სამუშაო (64.5%) და საცხოვრებელი პირობები (64.7%). დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას გამოკითხულები ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში პოზიტიურად განიხილავენ. მათი რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ ცალკე ცხოვრების შემთხვევაში მდგომარეობა გაუუმჯობესდებათ, 7.4-ჯერ აღემატება მათ რაოდენობას, ვინც პირიქით მიიჩნევს (შესაბამისად, 34.0% და 4.6%). დასაქმებასთან დაკავშირებით ეს სხვაობა კიდევ უფრო მაღალია - 10.4-ჯერ (17.6% და 1.7%). ამასთან, მიუხედავად პოზიტიური, ოპტიმისტური მოლოდინისა, შედარებით მოკრძალებულია ცალკე ცხოვრების დაწყების შემთხვევაში პოზიტიური მოლოდინები (შესაბამისად, 25.8% და 17.7%). ბოლო დრომდე ქართული ოჯახი ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნების ქვაკუთხედს წარმოადგენდა. ამასთან, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ და მოსახლეობის მდგომარეობის გაუარესებამ აქაც შეიტანა გარკვეული კორექტივი. - გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 2.6% უწევს ყოველნაირ დახმარებას მშობლებს, მაშინ როდესაც თითქმის მესამედი - 32.2% - არავითარ დახმარებას არ უწევს მათ. თითქმის ამდენივე - 31.3% - მხოლოდ მორალური დახმარებით კმაყოფილდება, ხოლო ფინანსური და მატერიალური დახმარების გამცემთა რაოდენობა 1/5-ს (20.6%) არ აღემატება. ბუნებრივია, დახმარების მასშტაბები და დიაპაზონი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ბოლო პერიოდში ხელფასებისა და ზოგადად, შემოსავლების პიკური მაჩვენებელის მიმღებთა ასაკი, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საკმაოდ გაახალგაზრდავდა და ეს ასაკობრივი ჯგუფი (30 წლამდე) „ორმაგი პრეფერენციის“ რეჟიმში მოექცა. - ერთი მხრივ, მათი შრომის ანაზღაურება საშუალო ანაზღაურების ეკვივალენტური ან მასზე მაღალია, მეორე მხრივ კი, ტრადიციული ურთიერთობების გამო, მაღალია ამ ასაკობრივი ჯგუფის მიმართ უფროსი თაობის წარმომადგენლების (არა მხოლოდ მშობლების, არამედ ბებია-ბაბუების) დახმარების მასშტაბებიც. ამასთან, აღნიშნულ ურთიერთობებს გარკვეული სპეციფიკა მაინც ახასიათებს, მათ შორის გენდერული ასპექტით. მაგალითად, თუ ვერ დახმარების მაჩვენებელი ფაქტობრივად თანაბარია გენდერული ნიშნით (მშობლებს ვერ ეხმარებიან მამაკაცების 31.5% და ქალების 32.6%), ფინანსური დახმარების კუთხით მშობლებისადმი დახმარება მამაკაცებში თითქმის სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში (შესაბამისად, 17.8% და 6.3%). მატერიალურიდაფიზიკურიდახმარების მასშტაბები გენდერული ნიშნით თითქმის თანაბარია, ხოლო ემპათიის - მორალური მხარდაჭერის ხარისხი - ქალებში გაცილებით მეტად (თითქმის 1.7-ჯერ უფრო მეტი სიხშირით) ვლინდება, ვიდრე მამაკაცებში (შესაბამისად, 36.7% და 22.1%). ბუნებრივია, ასაკის მატებასთან ერთად მცირდება მშობლების შვილებისადმი დახმარების, და, მის საპირისპიროდ, იზრდება შვილების მშობლებისადმი დახმარების მასშტაბები. დ 20 წლამდე ახალგაზრდებიდან გამოკითხულთა თითქმის 2/3 ვერავითარ ფინანსურ დახმარებას ვერ უწევს მშობლებს (თვითონ არიან დასახმარებლები!), 20-24-წლიანებში ეს მაჩვენებელი უკვე მხოლოდ 43.8%-ია და 45 წელს გადაცილებულებში კი - მხოლოდ მეოთხედი (25.3%). სამაგიეროდ, შვილების ასაკის მატების პარალელურად, იზრდება მათ მიერ მშობლების მიმართ განხორციელებული დახმარების მასშტაბები და ინტენსივობა: თუ 25 წლამდე გამოკითხულებში მშობლებისათვის ფინანსური დახმარების შემთხვევები უმნიშვნელოა (1.3%), 40 წლის ზემო ასაკის ადამიანებში ეს მაჩვენებელი 14.0%-ს აღემატება. ფიზიკური დახმარების ინტენსივობა იზრდება 7.5%-დან 20-24 წლიანებში 16.2%-მდე 45 წელს გადაცილებულებში. ფაქტობრივად, ასაკის ცვალებადობასთან ერთად არ იცვლება ფიზიკური დახმარების ინტენსივობა, ხოლო თინეიჯერობის ასაკს გადაცილებულთა შორის ასევე საკმაოდ სტაბილურია მორალურიმხარდაჭერის მასშტაბიც (33.0%<), რომელიც ოდნავ მცირდება მხოლოდ 45 წლის ასაკს გადაცილებული რესპონდენტებისათვის - ისიც, როგორც წესი, მშობლების გარდაცვალების მიზეზით. ცხრილი 2 შვილების მიერ მშობლებისადმი გაწეული დახმარება შვილების ასაკის მიხედვით
ფულად ფორმაში გამოხატული შვილების მიერ მშობლებისადმი დახმარების მასშტაბები საგრძნობია - თვეში 110.9 ლარი[4]. ამასთან, მშობლებისადმი მამაკაცების მიერ გაწეული დახმარება 1.5-ჯერ აღემატება ქალების მიერ გაწეულ დახმარებას (შესაბამისად 135.1 ლარიდა 90 ლარი), რაც ასახავს კიდეც ხელფასებში გენდერული განსხვავების არსებულ დონეს. სხვაობა შეინიშნება ტერიტორიული ნიშნითაც. კერძოდ, თბილისელების მიერ გაწეული დახმარება თითქმის 2-ჯერ აღემატება ქუთაისელების მიერ გაწეულ დახმარებას (შესაბამისად, 139.2 ლარი და 71.5 ლარი)[5], ისევე, როგორც უმაღლესი განათლების მქონეთა დახმარების მოცულობა არასრული განათლების მქონე ადამიანთა მიერ გაწეულ დახმარებას (161.1 ლარი და 66.7 ლარი). კიდევ უფრო დიდია განსხვავება დასაქმებული და უმუშევარი შვილების მიერ მშობლებისადმი დახმარების შესაძლებლობაში - დასაქმებულები ამისათვის 2.3-ჯერ და უფრო მეტ სახსრებს გამოყოფენ უმუშევრებთან შედარებით (შესაბამისად, 149.1 და 63.9 ლარი). დახმარების გაწევის შესაძლებლობა პიკს აღწევს 35-39 წლის პირთა შორის (142.6 ლარი), რომლის შემდეგაც ის თანდათან კლებულობს (40-44 წლის ასაკობრივი ჯგუფის დონორებში დახმარების სიდიდე 133.1 ლარია, ხოლო 45 წელს გადაცილებულებში კი - მხოლოდ 89.0 ლარი). შვილებში მშობლებისადმი ფინანსური დახმარება ყველაზე მაღალია 35-39 წლის ასაკში, ხოლო ყველაზე მაღალი წილი საკუთარ შემოსავლებთან - 40-44 წლის ასაკში. ოჯახების მიერ ტრადიციული ურთიერთობებისა და დახმარებების შენარჩუნებაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ყოველი მეორე ადამიანი მშობლებს ეხმარება ყოველდღიურ რეჟიმში ან ამ უკანასკნელთა მოთხოვნის და შესაბამისად. ამავე დროს, საკმაოდ მაღალია მათი რიცხვიც, ვინც მხოლოდ კვირაში ერთხელ (16.9%) ან ყოველთვიურად (29.9%) ახერხებს მშობლებისადმი დახმარებას. სხვადასხვა თაობის წარმომადგენლების დახმარების პროცესი ორმხრივი ხასიათისაა. - დახმარების ნაკადები მიემართება როგორც უმცროსი თაობის წარმომადგენლებისაკენ უფროსი თაობის წარმომადგენლებისაგან, ისე პირიქითაც. მოსახლეობის თითქმის 3/5 მშობლებისაგან იღებს დახმარებას - ფინანსურს (33.9%) და მატერიალურს (21.7%). ამასთან, თუ შევადარებთ დახმარების ნაკადების ინტენსივობას და სიდიდეს, აღმოვაჩენთ, რომ მშობლების მიერ შვილებისადმი გაწეული დახმარების ინტენსივობა საგრძნობლად აღემატება შვილების მიერ მშობლების დახმარების ინტენსივობას, რაზეც ქვემოთ მოყვანილი გრაფიკი იძლევა წარმოდგენას.
გრაფიკი 1 ბუნებრივია, მოყვანილი მონაცემები ახდენს იმის დემონსტრირებას, უპირატესად თუ როგორი სახის დახმარებას უწევენ მშობლები შვილებს ან პირიქით. თანაც, დახმარება არ არის ერთადერთი სახეობის - იგი, როგორც წესი, რამდენიმენაირია. თაობათაშორისი ასაკობრივი სხვაობის გათვალისწინებით, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ გარკვეული ასაკიდან მშობლების თაობის წარმომადგენლები უფრო ნაკლებ შემოსავალს იღებენ, ვიდრე იმავე პერიოდში მათი შვილების თაობის წარმომადგენლები. შესაბამისად, საბოლოო შემოსავლებისა და მოხმარებისათვის განკარგვითი რესურსები შვილების თაობას უფრო მეტი აქვს, ვიდრე ეს ფიქსირდება პირველადი განაწილებისასჩამოყალიბებული შემოსავლების დროს. ასევე, მშობლების შემოსავლებთან შვილებისათვის გაწეული დახმარების წილი გაცილებით მაღალია, ვიდრე პირიქითი პროცესებისას.
გრაფიკი 2 ასაკთან მიმართებაში შვილებისაგან მშობლებისადმი დახმარება - დადებით, ხოლო მშობლებისაგან შვილებისათვის გაწეული დახმარება - უარყოფითი კორელაციაშია. - 35-39 წლიანი შვილებისათვისაც კი დახმარების მასშტაბი მშობლების ხარჯებში უფრო მაღალია, ვიდრე პირიქით (მშობლებისადმი დახმარება ამ ასაკის შვილების ხარჯებში). ამასთან, 24 წლამდე ასაკის შვილებთან მიმართებაში, მშობლებიდან მათთვის გაწეული დახმარების მოცულობა საგრძნობლად აღემატება ოჯახის თითოეულ წევრზე საშუალო შემოსავლების სიდიდეს. კერძოდ, ოჯახის წევრთა საშუალო რაოდენობიდან გამომდინარე, მის ერთ წევრზე ოჯახის შემოსავლების დაახლოებით 27 პროცენტი მოდის, მაშინ როდესაც ფაქტობრივი მოხმარება ოჯახის ყოველ 20 წლამდე წევრზე, შიდაოჯახური ტრანსფერტების გამო - 39%, ხოლო 20-დან 24 წლამდე წევრზე - 30%-ია. ბუნებრივია, რომ რაც უფრო მატულობს რეციპიენტის ასაკი, მით უფრო ნაკლებ დახმარებას იღებს ის საკუთარი მშობლებისაგან. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ქვემოთ მოყვანილ გრაფიკიდან.
გრაფიკი 3 ეკონომიკური ლოგიკიდან და კანონზომიერებიდან გამომდინარე, ყველაზე გულუხვი დახმარება სტუდენტების მიმართაა გამოხატული (358.1 ლარი), ყველაზე ნაკლები კი - შრომითი საქმიანობით დაკავებულების - დაქირავებით დასაქმებულებისა (134.1 ლარი) და თვითდასაქმებულების (126.7 ლარი) მიმართ. შვილებისა და მშობლების ერთობლივი თანაცხოვრებისას, ოჯახის მატერიალურ უზრუნველყოფაში მხოლოდ მშობლების წვლილი გაცილებით მაღალია, ვიდრე მხოლოდ შვილებისა (შესაბამისად, 31% და 1%). ამასთან, შეუდარებლად მაღალია მხოლოდ მეუღლეების წვლილი, რომელიც თითქმის 2/3-ს აღწევს (62.5%). იმისდა მიხედვით, თუ ვის როლში გამოდიან მშობლები და შვილები - დონორების (დახმარების გამღებების) თუ რეციპიენტების (დახმარების მიმღებების), რამდენადმე განსხვავდება დახმარების სიხშირის მასშტაბები, თუმცა როგორც მშობლების, ისე შვილების კატეგორიაში გამოკითხულთა მესამედი დახმარებას შესაბამისი თხოვნის საფუძველზე ასრულებს და საკმაოდ მცირეა მათი წილი, ვინც ასეთ დახმარებას წელიწადში ერთხელ მაინც ახერხებს. ცხრილი 3 მშობლებისა და შვილების ურთიერთ დახმარების სიხშირე (პროცენტი)
საქართველოს ეკონომიკურად აქტიურ ასაკში მყოფი მოსახლეობის თითქმის 2/3-ს (63.4%) ბებია-ბაბუა გარდაცვლილი ჰყავს. დანარჩენების აბსოლუტური უმრავლესობა (85.2 პროცენტი), როგორც წესი, ამა თუ იმ პერიოდულობით არა მარტო ნახულობს საკუთარ ბებია-ბაბუას, არამედ მათ საკუთარ მეგობრებსაც აცნობს. ამასთან, შვილიშვილების 1/3 (32.7%) არავითარ დახმარებას არ უწევს საკუთარ ბებია-ბაბუას; 13.5% ბებია-ბაბუას ეხმარება ფინანსურად ან მატერიალურად. დანარჩენები შემოიფარგლებიან ფიზიკური ან მორალური დახმარებით. შვილიშვილების მიერ ბებია-ბაბუებისათვის გაწეული დახმარების საშუალო თვიური ღირებულება შეადგენს 57.4 ლარს. ასეთი სახის ყველაზე დიდი დახმარება უმაღლესი განათლების მქონე შვილიშვილებისგან ხორციელდება (74.6 ლარი). ბებია-ბაბუების 28.4% ვერავითარ დახმარებას ვერ უწევს თავიანთ შვილიშვილებს. 30.2% უწევს ფინანსურ, 12.9% - მატერიალურ დახმარებას; დანარჩენები შემოიფარგლებიან ფიზიკური ან მორალური მხარდაჭერით. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი წარმოაჩენს შვილიშვილებისა, ერთი მხრივ, და ბებია-ბაბუის, მეორე მხრივ, ურთიერთდახმარების ხასიათსა და ინტენსივობას. ცხრილი 4 შვილიშვილებისა და ბებია-ბაბუის ურთიერთდახმარების ხასიათი (პროცენტი)
ხანდაზმულებზე ზრუნვაზე პასუხისმგებლობას მხოლოდ სახელმწიფოზე გადაკისრებას სამართლიანად მიიჩნევს მოსახლეობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი (1.7%). აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ ეს შვილებისა და შვილიშვილების (35.4%), ან თანაბრად სახელმწიფოსა, ერთი მხრივ, და შვილებისა და შვილიშვილების, მეორე მხრივ (63.0%), მოვალეობაა. როგორც მოყვანილი მონაცემები ადასტურებს, მიუხედავად მთელი რიგი, მათ შორის ეკონომიკური ხასიათის სირთულეებისა, საქართველოში თაობათაშორისი კავშირი მაინც საკმაოდ მყარია და გამოიხატება ორმხრივი მხარდაჭერით (უფროსებისაგან - უმცროსი თაობის წარმომადგენლებისა და პირიქით). თანაც, იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ მშობლებისა და შვილების დამოკიდებულებით, საკმაოდ მყარია კავშირი ბებია-ბაბუასა, ერთი მხრივ, და შვილიშვილებს შორის, მეორე მხრივ. ამასთან, ბუნებრივია, რომ მშობლებსა და შვილებს შორის ეკონომიკური კავშირები და დახმარების მასშტაბები და ინტენსივობა უფრო მაღალია, ვიდრე ბებია-ბაბუასა და შვილიშვილებს შორის, რაც წარმოჩენილია მე-5 ცხრილში. ცხრილი 5 თაობათაშორისი დახმარების ინტენსივობა და საშუალო თვიური ღირებულება (პროცენტი)
მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, რომ შვილებისაგან მშობლებისადმი გაწეული დახმარების ფულადი გამოხატულება 1.9-ჯერ აღემატება მათმიერვე ბებია-ბაბუებისათვის გაწეული დახმარების ღირებულებას; ასევე, მშობლების მიერ შვილებისათვის გაწეული დახმარების სიდიდე მნიშვნელოვნად თითქმის 2.7-ჯერ აღემატება ბებია-ბაბუების მიერ შვილიშვილებისათვის გაწეულ დახმარებას. ზოგადად, ფინანსური და მატერიალური დახმარების მოცულობა მშობლებისადმი დაახლოებით 1.5-ჯერ უფრო ინტენსიურია, ვიდრე ბებია-ბაბუებისადმი (შესაბამისად, 20.6% და 13.5%); ასევე, საგრძნობია უპირატესობა მატერიალურ და ფინანსურ დახმარებაში მშობლებისა შვილებისადმი, იმავე მიზნით ბებია-ბაბუების მიერ გაწეულ დახმარებასთან შედარებით (შესაბამისად, 55.6% და 43.1%). ამასთან, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა თაობაში უფროსებისადმი ფიზიკური დახმარების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჭარბობს უფროსი თაობის მიერ ახალგაზრდა თაობისადმი ანალოგიური მხარდაჭერის მაჩვენებელს (დაახლოებით, 4-ჯერ). დასკვნა ამრიგად, სახეზეა რიგი კანონზომიერებები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისას, კერძოდ: - საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება თაობათაშორისი ეკონომიკური და ემოციური კავშირები; შინამეურნეობათა დიდი ნაწილი წარმოდგენილია ორი და მეტი თაობით; - ეკონომიკური დახმარების მასშტაბებს აქვს ორმხრივი, ურთიერთსაპირისპირო ვექტორები - დახმარების ნაკადები მიემართება როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებიდან უმცროსი თაობის წარმომადგენლებისაკენ, ისე საპირისპირო მიმართულებითაც; - ეკონომიკური დახმარების მოცულობა უფროსი თაობის წარმომადგენლებიდან უმცროსი თაობის წარმომადგენლების მიმართ მცირდება რეციპიენტების (დახმარების მიმღებების) ასაკის მატებასთან ერთად, მაშინ როდესაც უმცროსი თაობის წარმომადგენლებიდან უფროსი თაობის წარმომადგენლების მიმართ დახმარების სიდიდე იზრდება რეციპიენტების ასაკის მატებასთან ერთად; - დახმარების სიდიდე უფროსი თაობის წარმომადგენლებიდან უმცროსი თაობის წარმომადგენლებზე ჯერადად აღემატება დახმარების სიდიდეს საპირისპირო მიმართულებით; 25 წლამდე ასაკის მოსახლეობის ფაქტობრივი მოხმარება არა მარტო აღემატება ამ ასაკობრივი ჯგუფის მიერ მიღებულ შემოსავლებს, არამედ ოჯახების საშუალო სულადობრივი მოხმარების მაჩვენებლებსაც. საქართველოს მოსახლეობის და შინამეურნეობების რიცხოვნობის გათვალისწინებით, უფროსი თაობის წარმომადგენლებიდან უმცროსი თაობის წარმომადგენლებზე ნებაყოფლობით გადაცემული რესურსების მოცულობა წელზე გაანგარიშებით აღემატება 1.1 მილიარდ ლარს, რაც მთლიანი ფულადი სახსრების თითქმის 10 პროცენტს შეადგენს; - ორმხრივი ეკონომიკური კავშირები და დახმარების ღირებულება შვილებსა და მშობლებს შორის უფრო ინტენსიური და ჯერადად დიდია, ვიდრე შვილიშვილებსა და ბებია-ბაბუას შორის; - შემოსავლების სიდიდის მიხედვით მაქსიმალურ ასაკობრივ ინტერვალს აქვს მკაფიოდ გამოხატული შემცირების ტენდენცია; 1990-იან წლებთან შედარებით აღნიშნული სიდიდე შემცირდა დაახლოებით 15-20 წლით; - ადგილი აქვს პირველადი შემოსავლების გადანაწილებას უფროსი თაობის წარმომადგენლებიდან უმცროსი თაობის წარმომადგენლების სასარგებლოდ; ამასთან, აღნიშნულ პროცესს გარკვეულად ანიველირებს ის გარემოება, რომ, ჯერ ერთი, მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს შიდა ოჯახური მოხმარებით, და მეორე, სახელმწიფოს მიერ სოციალური დახმარების ცალკეული კომპონენტების (მაგ., ჯანდაცვის) მნიშვნელოვანი ნაწილი მიემართება უფროსი თაობის წარმომადგენლების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, დღევანდელ პირობებში აშკარად იკვეთება ახალგაზრდა თაობის დომინირება მოსახლეობის პირველადი შემოსავლების გამოყენებაში, რის კომპენსირებას უფროსი თაობის წარმომადგენლები გარკვეულწილად, თუმცა არასრულად, „ახერხებენ“ კოლექტიური მოხმარების სოციალურ პაკეტში (ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა) საკუთარი წილის მაქსიმიზაციით. გამოყენებული ლიტერატურა
6. ილიაუნის დემოგრაფიის ინსტიტუტის მიერ თბილისში, ქუთაისსა და კასპში 2013 წელს ჩატარებული კვლევის – „ოჯახისსოციალურ-დემოგრაფიულიმოდერნიზაციისთავისებურებანი“ –მასალები. 7. Evandrou et al., 2016 – Evandrou, M., Falkingham. J., Gomez-leon M., Vlaghantoni, A. (2016). Intergenerational flows of support between parents and adult children in Britain. Journal Aging & Society. Gambridge Univerity Press. pp. 1-31. 8. Mzia Shelia. 2017. Ageing of Population in a Transitional Society: Case of Georgia a Institute of Demography. - European Journal of Social and Human Sciences, 4(2). 9. Sulaberidze, 2016 – Sulaberidze A. (2016). Economic Transformation of the Family at the Transitional Stage in Georgia. Problems of Demography and Sociology. Collection of works. Tbilisi. pp. 102-107. [1] სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. [2]იხ. მოსახლეობის ინდივიდუალური შემოსავლების ზოგიერთი ტენდენციის შესახებ. - ი. არჩვაძე. ეკონომიკა დრო. თბილისი, 2000, გვ. 114-116. [3] იხ. ილიაუნის დემოგრაფიის ინსტიტუტის მიერ თბილისში, ქუთაისსა და კასპში 2013 წელს ჩატარებული კვლევის – „ოჯახისსოციალურ-დემოგრაფიულიმოდერნიზაციისთავისებურებანი“ – მასალები. [4]თუმცა ეს 1.7-ჯერ ნაკლებია მშობლების მიერ შვილებისადმი ყოველთვიურად გაწეულ დახმარებაზე (189.0 ლარი). [5]ბიზნესსექტორის მიხედვით, ხელფასი თბილისში 1.7-ჯერ აღემატება იმერეთის ანალოგიურ მაჩვენებელს, რომელიც დიდწილად ქუთაისითაა წარმოდგენილი. - იხ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინტერნეტგვერდის შესაბამისი („ბიზნესსექტორი“) განყოფილება. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||