English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ბორის გითოლენდია
საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისა და შემდგომი თავსებადობის გზები

რეზიუმე

ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვნად გააღრმავა ურთიერთობა ევროკავშირთან, რომელიც ამ დროისთვის განმტკიცებულია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიაში არსებული, ყველაზე მძლავრი და ყოვლისმომცველი ე.წ. „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების“ ხელშეკრულებით, რომლის გაფორმებით საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები თვისობრივად ახალ, ისტორიულად უპრეცედენტო დონეზე გადავიდა. „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ VI კარი ეხება ტრანსპორტსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს და ის პირველ რიგში, ტრანსპორტის სფეროს მოდერნიზებასა და ევროპული სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს.  წარმოდგენილ სტატიაში განხილულია საქართველოს სატრანსპორტო სისტემის  ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისა და შემდგომი თავსებადობის გზები და რეკომენდაციის სახით შემოთავაზებულია კონკრეტული წინადადებები. სტატია მომზადებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტის (N YS-2016-41) საფუძველზე. 

საკვანძო სიტყვებიტრანსპორტი, სტანდარტი,ინფრასტრუქტურა,რეგულაციები, რეკომენდაციები, საქართველოს ტრანსპორტი

შესავალი

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, როლს და პოლიტიკურ და კულტურულ პროგრესს ოდითგანვე განაპირობებდა მისი გეოგრაფიული მდებარეობა, კერძოდ, კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების აუზებთან მოსაზღვრეობა და ის უმოკლესი სავაჭრო ხიდი, რომელიც ამ ტერიტორიაზე გადიოდა და აკავშირებდა აზიასა და ევროპას. საბჭოთა იმპერიის პერიოდში კავკასიის რესპუბლიკების ეკონომიკა, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მხოლოდ ქვეყნის განაპირა, ჩიხურ და/ან ქვეყნისშიდა დანიშნულების ობიექტებს მიეკუთვნებოდნენ და პრაქტიკულ ღირებულებას არ წარმოადგენდნენ დანარჩენი მსოფლიოს ეკონომიკური განვითარებისა და გლობალური ინტეგრაციის თვალსაზრისით.

ბუნებრივია საგარეო ეკონომიკური კავშირების სრულყოფა, ყოველი ქვეყნის ეკონომიკური ეფექტურობის ზრდის უდიდესი რეზერვია. საგარეო ეკონომიკური კავშირების კონტექსტში ევროკავშირის ბაზარი, სხვადასხვა უპირატესობებიდან გამომდინარე, მიმზიდველია საქართველოსათვის. ასევე თუ გავითვალისწინებთ იმ ღონისძიებათა კომპლექსის სიდიდესა და მნიშვნელობას, რომელსაც ტრანსპორტი უზრუნველყოფს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაში, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სატრანსპორტო სისტემის სრული მოდერნიზაცია და ევროპულ და საერთაშოროსო სტანდარტებთან ადაპტირება, რეგიონალური ინტეგრაციის ჭრილში, შეიძლება გახდეს ეკონომიკის შემდგომი განვითარებისა და ეროვნული გრძელვადიანი მიზნების მიღწევის საკვანძო წერტილი და მძლავრი ინსტრუმენტი.

 ეკონომიკური გლობალიზაციის გაღრმავების პირობებში, ქვეყნებს შორის კავშირი წარმოუდგენელია განვითარებული და საერთაშორისო სტანდარტების სატრანსპორტო სისტემის გარეშე. სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოს გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს გლობალურ სამყაროში ქვეყნის როლის ახლებური გააზრება და მისთვის დამატებითი საერთაშორისო ფუნქციის შეძენის აუცილებლობა, ეს კი სხვადასხვა საკითხებთან ერთად შეუძლებელია მიღწეულ იქნეს საქართველოში ყველა სახის მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებული ტრანსპორტის და მისი ევროპულ სისტემებთან ურთიერთთავსებადობის გარეშე. ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ უზარმაზარი უპირატესობებიდან გამომდინარე, ცნობილია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის წინაპირობას გარკვეული ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების გატარება წამოადგენს, დაწესებულია მთელი რიგი კრიტერიუმები, რისი დაკმაყოფილების გარეშე ევროკავშირის წევრობა და რეგიონალური ინტეგრაცია შეუძლებელია.

თავის მხრივ, ევროკავშირის ტრანსპორტის პოლიტიკა ამჟამად იმყოფება განვითარების გარდატეხის პერიოდში. მისი მომავალი დამოკიდებულია ტრანსპორტის რაციონალურ გამოყენებაზე, გადაზიდვების მულტიმოდალურ განვითარებაზე, კონკურენციის ამაღლებაზე, ეფექტურობაზე, მგზავრების გადაყვანის კომფორტზე და სისწრაფეზე, ტრანსპორტზე შემოთავაზებული მომსახურებების გაუმჯობესებაზე, გარემოზე ტრანსპორტის მავნებელი გავლენის შემცირებაზე. დღევანდელი მოთხოვნები, ევროკავშირის სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მოკლედ შეიძლება ფორმულირებულ იქნას შემდეგი სტანდარტების სახით:  ეფექტიურობა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა. 

სწორედ ამიტომაც, საქართველოსთვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება უნდა იყოს და არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ამოცანა, მითუმეტეს ეს აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ფაქტობრივად, საქართველოს მიზანია ტრანსპორტის ინტეგრაცია ევროპულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, მისი აღიარება ევროპული სატრანსპორტო სისტემის განუყოფელ ნაწილად. თავის მხრივ ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, გააღრმავოს თანამშრომლობა ყველა, მათშორის, ტრანსპორტის სფეროში.

სტატია მომზადებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტის საფუძველზე (N YS-2016-41).

ძირითადი ნაწილი: როგორც ცნობილია, სპეციალური პროგრამების მხარდაჭერით (როგორიცაა მაგალითად, TRASECA და INOGATE და სხვა), ბოლო ოცწლეულის მანძილზე ევროკავშირმა, ევროპის ცალკეულმა სახელმწიფოებმა და ევროპულმა კომპანიებმა უზრუნველყვეს მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარება საქართველოში ყველა სატრანსპორტო სახეობის და ზოგადად, სატრანსპორტო სისტემის და ენერგეტიკული პროექტების შექმნის, განახლებისა და მოდერნიზებისათვის. ასევე, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვნად გააღრმავა ურთიერთობა ევროკავშირთან, რომელიც ამდროისთვის განმტკიცებულია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიაში არსებული, ყველაზე მძლავრი და ყოვლისმომცველი ე.წ. „საქართველო-ევროკავშირისასოცირების“ ხელშეკრულებით (შეთანხმებას ოფიციალურად ეწოდება „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთი მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს და მეორე მხრივ, საქართველოს შორის“.), რომლის ნაწილიცაა "ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება" (DCFTA). ხელშეკრულების გაფორმებით საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები თვისობრივად ახალ, ისტორიულად უპრეცედენტო დონეზე გადავიდა.

ასოცირების შეთანხმება ასევე მოიცავს „ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას“, რომელიც ადგენს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს საქართველოსა და ევროკავშირს შორის და შეიცავს იმ ძირითად ეკონომიკურ და სავაჭრო მექანიზმებს, რომელიც, პირველ რიგში, საქართველოსთვის არის სასარგებლო და მომგებიანი.

საქართველომ აიღო ვალდებულებები, რომ დასახული მიზნის მისაღწევად უზრუნველყოფს რეფორმებს ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტრანსპორტის სფეროში ევროკავშირის საერთო ევროპული სატრანსპორტო პოლიტიკის სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.

საქართველოსა და ევროგაერთიანებას შორის დადებული „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ VI კარი ეხება ტრანსპორტის კუთხით თანამშრომლობას. ხელშეკრულებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ტრანსპორტი და მასთან დაკავშირებული საკითხები. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელშეკრულება,  პირველ რიგში, ტრანსპორტის სფეროს მოდერნიზებას და ევროპული სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს.

სპეციალური ლიტერატურისა და წყაროების  დამუშავების შემდეგ სტატიაში წარმოვადგენთ ზოგიერთ რეკომენდაციასა და ხედვას საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისა და შემდგომი თავსებადობის გზების მიმართულებით:

1.  პირველ რიგში დასახული მიზნის მიღწევისათვის აუცილებელია საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს პოლიტიკური ნება და სურვილი აქტიურად იმუშაოს არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე, ტრანსპორტის სახეობების ყველა დონეზე სათანადო ფინანსირებაზე, სატრანსპორტო პოლიტიკის, ევროკავშირის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, დარგის კოორდინირებული განვითარებისა და სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების განხორციელებაზე. ამ მხრივ, დღევანდელი მდგომარეობით, ყველაზე მნიშვნელოვანია „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება“, სადაც საქართველო იღებს ვალდებულებას განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვდეს საერთაშორისო სამართლებრივ და ტექნიკურ ინსტრუმენტებს სხვადასხვა, მათ შორის ტრანსპორტის სფეროში.

ყველა მიმართულებით შედეგების მიღწევის ხარისხი მთლიანად დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის უნარზე, შეძლოს რეკომენდაციებისა და პრიორიტეტული რეფორმების განახორციელება საერთაშორისო და ევროპული ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.

2. იმისათვის, რომ ტრანსპორტის ევროპულ სისტემებთან ურთიერთთავსებადობის საკითხები გადაწყდეს და საქართველოს სატრანსპორტო სისტემა აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო სტრანსპორტო ქსელში, საჭიროა საქართველომ განავითაროს სათანადო საკანონმდებლო ბაზა, განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს სხვადასხვა, მათ შორის, ტრანსპორტის სფეროში და მოხდეს შესაბამისი კანონების, ნორმატიული აქტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და  მარეგულირებელი წესების ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზება.

ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის თავს ახლავს დანართები, რომელშიც მოცემულია ევროკავშირის კონკრეტული სამართლებრივი აქტები და მათთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების ვადები, რას საქართველომ უნდა შეასრულოს შეთანხმებული ვადების მიხედვით. საუბარია ტრანსპორტის ოთხი ძირითადი დარგის - საავტომობილო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და საჰაერო ტრანსპორტის სფეროებში არსებული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზიციასა და მათი აღსრულების მექანიზმების შექმნაზე. საქართველოს სატრანსპორტო საქმიანობა სამართლებრივად აუცილებლად თავსებადი უნდა იყოს ამ სფეროს საერთაშორისო კანონმდებლობასთან.  

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საქართველომ შექმნას ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიული ეროვნული დოკუმენტი - საქართველოს ტრანსპორტის ეროვნული პოლიტიკის შესახებ ე.წ. ”ეროვნული სატრანსპორტო სტრატეგია“, სადაც იქნება ჩამოყალიბებული  ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხედვა სატრანსპორტო სექტორში არსებული გამოწვევების გათვალსიწინებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობა ამჟამად მუშაობს აღნიშნული დოკუმენტის შექმნაზე.

3. ყურადღება უნდა მიექცეს საერთო საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. კერძოდ:

- საჭირო საგზაო ინფრასტრუქტურული ღონისძიებები უნდა მოიცავდეს საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს;

- უნდა კონტროლდებოდეს გზების დიზაინისა და მახასიათებლების დაახლოვება საერთაშორისო სტანდარტებთან;

- აუცილებელია დაზიანებული და შემდგომ რეაბილიტირებული მონაკვეთების მონიტორინგი, სახიდე გადასასვლელებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების აღდგენითი და სარეკონსტრუქციო სამუშაოების უწყვეტად გაგრძელება.

- ავტომაგისტრალებისა და გზების გასწვრივ განლაგებულ კომერციულ და სერვისულ ობიექტებთან მისასვლელი მეორეხარისხოვანი და რაიონულ ცენტრთან მისასვლელი საავტომობილო გზების, ძირითად საკურორტო, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან და მოსაზღვრე ქვეყნებთან მისასვლელი გზების და საბაზისო ინფრასტრუქტურის შემდგომი სრული რეაბილიტაცია და განვითარება და ა.შ.

4. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს აქტიური მუშაობა საქართველოს გზებზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესის მიმართულებით.

- სასწრაფოდ უნდა იქნეს შემოღებული ავტომანქანების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება ყველა სახეობის ტრანსპორტისათვის, რათა ყველა ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა ევროსტანდარტებთან მაქსიმალურად მოვიდეს შესაბამისობაში.

- საერთაშორისო ლოგისტიკურ სისტემებში მეტი ჩართულობისა და ურთიერთთავსებადობის უზრუნველსაყოფად საჭიროა საქართველოს საავტომობილო პარკის მოდერნიზაცია და მომსახურების ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა.

- საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილი უნდა იყოს ბორტული დიაგნოსტირებისა და მოძრაობის რეჟიმების აღმრიცხველი ე.წ. ტახომეტრებით, მოძრაობის და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მაღალეფექტიანი მოწყობილობებით, გაბარიტული, წონითი და ტექნიკური უნიფიცირების სხვა საშუალებებით (აღნიშნული საკითხი ამჟამად საქართველოს კანონმდებლობთ უკვე რეგულირებულია).

- ევრორეგულაციებით ტექნიკური პირობების შესრულებისას ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა საავტომობილო ტრანსპორტის, კერძოდ, სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების (9-ზე მეტი ადამიანი) ავტომობილებზე სიჩქარის შეზღუდვის მოწყობილობასთან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულება. რეგულირებას და კონტროლს უნდა დაექვემდებაროს ტვირთის წონაც და სახიფათო ტვირთების გადაზიდვები (აღნიშნული საკითხი ამჟამად საქართველოს კანონმდებლობთ რეგულირებულია).

- განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას.

5. ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს სატრანსპორტო სისტემის დაახლოებისა და ადაპტირების სტრატეგიის წარმატებით განხორციელების მიზნით მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს სოციალური ასპექტები, რომლებიც ეხება ტრანსპორტის ყველა დარგში მომუშავეთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას. კერძოდ:

- მნიშვნელოვანია სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების, მატარებლის მემანქანეების, პილოტებისა და მეზღვაურების წინასაკვალიფიკაციო გადამზადების, სერთიფიცირების ღონისძიებების გატარება და შემდგომი განვითარების პროფესიული ტრენინგების ხელშეწყობა.

- სისტემაში დასაქმებულთა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შრომითი პირობების, სამუშაო და დასვენების სავალდებულო დროისა და საათების მკაცრი დაცვა და მონიტორინგი.

- მნიშვნელოვანია შემოღებულ იქნას საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მარშრუტებზე მძღოლების წინასამარშრუტო  - ალკოჰოლზე და ნარკოლოგიურ ნივთიერებებზე შემოწმების მოთხოვნა.

- აუცილებელია სხვადასხვა კატეგორიის მართვის მოწმობების გაცემისას სატრანსპორტო საშუალების მართვის ტესტების მოთხოვნების მიახლოება ევროპულ სტანდარტებთან და საატესტო დამატებითი ღონისძიებების მკაცრი კონტროლი.

- გადასაჭრელია საკითხები მგზავრთა უფლებების და ვალდებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებების შესახებ.

6. დღეისათვის ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და მისი სატრანსპორტო სფეროში განთავსება. შესაბამისი გამოკვლევისა და დასაბუთების შემდეგ, ხელი უნდა შეეწყოს სათანადო სტანდარტის ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობას სასაზღვრო ტერიტორებზე, საავტომობილო და სარკინიგზო სადგურებსა და აეროპორტების მიმდებარედ, ასევე - კომპლექსურად თავმოყრილი სამრეწველო ობიექტების (ქარხნების) არეალში.

7. ხელი უნდა შეეწყოს სარკინოგზო ტრანსპორტის სატვირთო გადაზიდვების მომსახურების გაუმჯობესებას საზღვრის გადაკვეთის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხების ჩათვლით.

რკინიგზის ტრანსპორტის ევროსტრანდარტებთან მიახლოებისა და მულტიმოდალურობის ხელშეწყობის მიზნით აუცილებელია:

ინფრასტრუქტურული და ტექნიკური ღონისძიების გატარება, რათა რკინიგზას უფრო მძიმე ტვირთების სწრაფი ტრანსპორტირების საშუალება მიეცეს.

- მნიშვნელოვანია დაზიანებული რელსების, მოძრავი შემადგენლობისა და ვაგონების განახლება,  ხიდებზე და გვირაბებში დრენაჟის სისტემის გამყარება.

- საქართველოს რკინიგზაში არსებული ძველი სადისპეჩერო სისტემის ახალი ციფრული საკომუნიკაციო და სასიგნალო სისტემით შეცვლა, რაც გააუმჯობესებს კომუნიკაციას და უზრუნველყოფს  მატარებლების უფრო მობილურ და დროულ გადაადგილებას.

- აუცილებელია უწყვეტად ჩატარდეს შიდა მაგისტრალებისა და ელექტრომომარაგების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ღონისძიებები.

ამ ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ტექნიკური და უსაფრთხოების პირობები და ურთიერთთავსებადობა ერთიანი ევროპული სარკინიგზო ზონასთან, რათა მოხდეს ბაზრის გახსნა და ინფრასტრუქტურაზე დაშვება. ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით აუცილებელია რკინიზგის ინფრასტრუქტურაზე კომპანიების დაშვებისთვის ტარიფების დადგენა.

8. საქართველოს სატრანსპორტო სისტემა წარმოუდგენელია საზღვაო პორტების განვითარების გარეშე. საზღვაო ტრანსპორტის განვითარებისათვის:

- საჭიროა საზღვაო ინფრასტრუქტურის მენეჯმენტის სტანდარტების კიდევ უფრო მეტად მიახლოება საერთაშორისო წესებისა და კონვენციების შესაბამისობასთან.

- შეიზღუდოს დოკუმენტაციის რაოდენობა, გაიზარდოს მისი ინფორმაციული მომცველობა, მოხდეს გადაწყვეტილებათა მიღების დროის შემცირება და ხარისხის ამაღლება.

- განხორციელდეს პორტის სახელმწიფო კონტროლისა და სადროშო პოლიტიკის მოთხოვნების, აგრეთვე, ტანკერების უსაფრთხოების შესახებ ,,საზღვაო გარემოს დაცვის კომიტეტის‘‘ რეზოლუციებისა და „საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის‘‘ (IMO) შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნათა ეფექტიანი და მკაცრი მონიტორინგი.

- საქმიანობის კონტროლის მიზნით კარგი იქნება პორტებში ამოქმედდეს შიდა აუდიტორების  სისტემა, რომელიც ყოველ წელს ჩაატარებს შესაბამის ანალიზს.

9. რაც შეეხება ავიაციის მიმართულებით გასატარებელ კონკრეტულ ღონისძიებებს, საჰაერო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ეტაპობრივი დაახლოება ექცევა „ერთი მხრივ, ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს შორის და მეორე მხრივ, საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ” შეთანხმების მოქმედების ქვეშ, შესაბამისად:

-  უნდა დაჩქარდეს ავიაციის სფეროში არსებული მარეგულირებელი სისტემის საერთაშორისო ნორმებთან დაახლოვების ტემპი.

- მკაცრად კონტროლდებოდეს უსაფრთხოების საკითხები.

- წახალისდეს ქართული ავაიკომპანიების შიდა ფრენები განსაკუთრებით ტურისტულად აქტიურ ზონებში.

- მნიშვნელოვანია განხორციელდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების მუდმივი კონტროლი ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციის განხორციელების პროცესში.

10. დღეს ევროპული სტანდარტის სტრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური და უმთავრესი მოთხოვნაა გარემოზე ყველა სახეობის ტრანსპორტის უარყოფითი ზემოქმედების შემცირება და მდგრადი ტრანსპორტის განვითარება. ამ მიმართულებით ევროდირექტივების გათვალისწინებით, ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა, საქართველოში განვითარდეს მდგრადი სატრანსპორტო სისტემები, რომლებიც მოიცავს ტრანსპორტის ყველა ტიპს. განსაკუთრებით ხელი უნდა შეეწყოს ეკოლოგიურად სუფთა, ეფექტურ და უსაფრთხო სატრანსპორტო სისტემების უზრუნველყოფას.

ჰაერის სისუფთავის ხარისხი და ჰაერის დაბინძურებაში ტრანსპორტის წილის შემცირება მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოსთვის. მდგრადი განვითარება არა მხოლოდ კონკრეტული პრობლემების დაძლევას, არამედ კონკრეტული მიდგომების დანერგვასაც გულისხმობს. კერძოდ:

- უნდა მოხდეს საწვავის ხარისხის მკაცრი კონტროლი.

- მწვანე ტრანპორტის განვითარებისა და მდგრადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა.

- ძირითადი სატრანსპორტო საშუალებებისა და სატრანსპორტო ინფასტრუქტურისა და ლოჯისტიკურ ცენტრებში ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრება.

- სხვადასხვა გზებით შესაძლებელია წახალისდეს ტრანსპორტის სფეროში ჩართული ბიზნესის სოციალურ და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით სასარგებლო საქმიანობა და ა. შ.

წინამდებარე ნაშრომში ზოგადი და კონკრეტული საკითხების ანალიზი საშუალებას იძლევა აღინიშნოს, რომ საქართველოს სატრანსპორტო სისტემის სრულყოფისა და მისი ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პრობლემები აქტუალურია როგორც პოლიტიკური და  ეკონომიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.

დასკვნა

მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესები და განვითარების ტემპი საქართველოს განვითარების შესაძლებლობებს კარდინალურად ცვლის და სწრაფად პროგრესირებას მოითხოვს. განსაკუთრებით იზრდება საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების როლი. დღეს, როგორც არასდროს, ყველა დარგში მნიშვნელოვანია საერთაშორისო ეკონომიკური სისტემებისა და სტანდარტების ერთიანი წესის შემუშავება და მისი დანერგვა-გატარება თითოეული ქვეყნის ეკონომიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი, სხვადასხვა პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალური და ისტორიულ-კულტურული ასპექტებიდან გამომდინარე, რთული და ძნელად შესაგუებელია და სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული ტემპებით ვითარდება, თანამედროვე მსოფლიოს დღეს მაინც ახასიათებს ის, რომ ქვეყნები და ხალხები გლობალური სივრცეში ადაპტირებისაკენ მაინც განუხრელად მიიწევენ. დღეს, ყველასათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო პროცესებში ჩართვა  და სრული გლობალური ინტეგრაცია.  

ამ მოძრაობას გვერდს ვერ აუვლის საქართველოც, რომელიც მიუხედავათ უამრავი პრობლემისა, თანამედროვე გლობალიზაციის აქტიური სუბიექტია. ეს როლი განსაკუთრებით მაღალია გეო-პოლიტიკურ კონტექსტში. საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია გამოკვეთა საქართველოს გეოსტრატეგიულმა - ევროპა-აზიის გზასაყარზე მდებარეობამ. ამასთან, საქართველო განუხრელად მიისწრაფვის ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისაკენ და ერთგულია დასავლური ღირებულებებისა. 

კვლევის შედეგად ვასკვნით, რომ ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს სატრანსპორტო სისტემის დაახლოებისა და ადაპტირებისათვის მნიშვნელოვანია განხორციელდეს სატრანსპორტო დარგის კომპლექსური მოდერნიზაცია ზემოთაღნიშნული რეკომენდაციების შესაბამისად.

 მიგვაჩნია, რომ რეკომენდირებული ღონისძიებების განსახორციელებლად უმთავრესად საჭიროა მთავრობის ნება და პრაქტიკული ხელი, რათა ქვეყანამ შეძლოს აღებული ვალდებულებების შესრულება, რაც პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის. დღევანდელი მდგომარეობით უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები იდგმება, მაგრამ სასურველია ტემპი იყოს უფრო აქტიური, ამ შემთხევაში ვგულისხმობთ კონკრეტული რეგულაციების და სტანდარტების დანერგვის და ამოქმედების ხშირ გადავადებას, ფრაგმენტულ და დროში გაწერილ პროცედურებს, მაგალითად, ტექნიკური დათვალიერებებისა და სხვა აქტუალური საკითხების ირგვლივ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, გააღრმავოს თანამშრომლობა ყველა, მათ შორის, ტრანსპორტის სფეროში და ცდილობს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის იმ დონეზე მოწყობას, რომ დაჩქარდეს მისი ინტეგრირება განვითარებულ ევროპულ სატრანსპორტო სისტემაში. ამ მიზნის მიღწევისათვის საჭიროა საქართველომ განავითაროს სათანადო საკანონმდებლო ბაზა, სათანადო სტანდარტის ტრანსპორტი და სატრანსპორტო მომსახურება.

ევროკავშირთან თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებულია საერთო ღირებულებების ერთგულებაზე საქართველოს მხრიდან და ქვეყნის უნარზე, განახორციელოს ევროკავშირთან ერთად დასახული პრიორიტეტები საერთაშორისო და ევროპული ნორმების და პრინციპების შესაბამისად. ამ ურთიერთობების განვითარების ტემპი მთლიანად იქნება დამოკიდებული  საქართველოს მონდომებასა და იმ კონკრეტულ წარმატებებზე, რომლებსაც ქვეყანა აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესში მიაღწევს. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. სამთავრობო პროგრამა „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“  - საქართველოს მთავრობა ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2016-2019 წლებისათვის;
  2. I. Lashkhi , T. Pataraia, G. Gabrielashvili, A. Imnaishvili - Pproject of  Open Society Georgia Foundation–  “Georgian Railway LLC – Drafting an Analytical Report”.;
  3. Office of the State Minister of Georgia on European andEuro-Atlantic Integration - “Georgia’s Progress Report on Implementationof the ENP Action Plan and the EaP Roadmaps” - 2014;
  4. European Commission, Directorate-General for Communication Citizens information - THE EUROPEAN UNION EXPLAINED - „Transport“  - 2014;
  5. ASSOCIATION AGREEMENT between the European Union and the European Atomic Energy Community and their Member States, of the one part, and Georgia, of the other part - Official Journal of the European Union - 2014;
  6. http://europa.eu/pol/trans/index_en.htm
  7. http://www.economy.ge
  8. http://eeas.europa.eu/georgia/pdf/quick_guide_eu_ge_aa_en.pdf
  9. http://www.enpi-info.eu/maineast.php?id=272&id_type=10