English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ერეკლე ზარანდია
ადგილობრივი თვითმმართველობის პოტენციური შემოსავლების განვითარება საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მაგალითზე

გაფართოებული რეზიუმე 

გეოგრაფიული ადმინისტრაციული ერთეულით, სოფელი არის ყველაზე მცირე, მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში მყოფი ერთეული და სავსებით ლოგიკურია, როცა ქვეყანაში ყველაზე პატარა ტერიტორია მდიდარია,  ქვეყანაც მდიდარია. კვლევითი პროექტის თემა არის საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის განვითარება მოგვცემს შეუქცევად ეკონომიკურ პროცესს. საქართველოს ეკონომიკური პროგრესი დამოკიდებულია ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებაზე. ამ პროცესის წინაპირობა არის საკითხის გამოკვლევა და კვლევის ეფექტიანობაზეა დამოკიდებული განვითარების ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და დანიშნულება მდგომარეობს იმაში, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ადგილობრივი საზოგადოების წინაშე არსებულ პრობლემათა დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება, საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვის შესაძლებლობა და საკუთარ თანასაზოგადოების ბედზე პასუხისმგებლობა. ამავე დროს, ეს ვერ ჩამოყალიბდება, თუ სწორად არ გაიმიჯნა ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების  უფლებები, მოვალეობები და ვალდებულებები.

სწორედ მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში არის თვითმმართველობის დამოუკიდებლობის უმთავრესი გარანტი და თვითმმართველობის განხორციელების შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რაც უფრო მეტი მოქალაქეა  ჩართული თვითმმართველობის ეფექტიან  განხორციელებაში, მით უფრო მაღალია თვითმმართველობის განხორციელების ხარისხი.

საქართველოში თვითმმართველობის განვითარების მიზნით, დღემდე ჩატარებული რეფორმების უმთავრესი ნაკლი თვითმმართველობის ჩამოყალიბების პროცესში თვითმმართველობის მთავარი სუბიექტის – მოსახლეობის ინტერესთა ჯგუფების  არასაკმარისად გათვალისწინებაა. ამიტომაც თვითმმართველობის ორგანოები კვლავინდებურად დამოკიდებულნი არიან უფრო მეტად ცენტრალურ ხელისუფლებაზე  და არა იმ ინტერესების რეალიზაციაზე, რაც არის მათი არსებობის საფუძველი.

თვითმმართველობის სფეროში ჩატარებული რეფორმების ხარვეზები განპირობებულია იმითაც, რომ ეს რეფორმები იგეგმება და ნორმატიულ შინაარსს იძენს საქართველოში ამ პროცესის მიმდინარეობის სიღრმისეული შესწავლისა და მეცნიერულად გააზრების გარეშე. სამწუხაროდ, საქართველოში ძალზედ მწირია მეცნიერული შრომები ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ხოლო მუნიციპალური სამართალი, მხოლოდ ჩამოყალიბების ეტაპზეა. 

ამ პრობლემის გადასაწყვეტად მარტივი გზის ძიება და ევროპის განვითარებული ქვეყნების თვითმმართველობის მოდელების ინდენტურად  გადმოტანა  ვერ იქნება შედეგის მომტანი. ევროპის ქვეყნებში თვითმმართველობები შეიქმნა ბუნებრივი გზით, მოსახლეობის თვითორგანიზების ინსტიტუციური გაფორმებით. საქართველოში არის რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა. თვითმმართველობის ჩამოყალიბება და რეფორმირება ხდება „ზემოდან“ საკანონმდებლო აქტების მიღებითა და მათი ცვლილებებით.

ასეთი მდგომარეობა დამახასიათებელია ყველა პოსტსაბჭოური ქვეყნისათვის, რომელთაც 70 წელზე მეტი მოუწიათ ზეცენტრალიზებული მართვის პირობებსა და ტოტალიტარულ რეჟიმში ცხოვრება. აქედან გამომდინარე, აქტუალურია ადგილობრივი თვითმმართველობებში არსებული პრობლემების მეცნიერული შესწავლა და შესაბამისი გზების დასახვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უშუალოდ საქართველოს მაგალითზე ჩატარებული მეცნიერული კვლევები, სხვა პოსტ-კომუნისტური ქვეყნების ჭრილში.

ოცდახუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკისკენ ტრანსფორმაცია დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველო საბაზრო ეკონომიკათა რიგს მიეკუთვნება. თუმცა, როგორც ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში აქტუალობას არ კარგავს ინსტიტუციურ ცვლილებათა აქტიური პროცესი. ერთის მხრივ, საბჭოთა ეპოქის შემდეგ შეიქმნა ფორმალური ინსტიტუტები, რომლებიც მეტ-ნაკლებად პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს და მოქმედებენ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. მეორეს მხრივ, დროში ნელ-ნელა იცვლება არაფორმალური ინსტიტუტები, რომელთაც შედარებით დიდი დრო სჭირდებათ ტრანსფორმაციისათვის.

მსგავსად ფორმალური ინსტიტუტებისა, არაფორმალურ ინსტიტუტებსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ქვეყნის განვითარებაზე. სწორად აქ იკვეთება ხშირად განვითარებად ქვეყნებში პრობლემა, არსებული არაფორმალური ინსტიტუტების შეუთავსებლობით ფორმალურ ინსტიტუტებთან და ეკონომიკურ პროცესებთან.

 ხსენებული პრობლემა მოიცავს საზოგადოების და ბიზნესის ირაციონალურ მოლოდინებს, მოქმედი ფორმალური ინსტიტუტების არაეფექტიანობას, ადამიანების ნდობის ხარისხს საჯარო თუ კერძო ორგანიზაციების მიმართ, საზოგადოებრივ დამოკიდებულებას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გზის მიმართ, საბაზისო ეკონომიკურ განათლების დონეს, მოსახლეობის წარმოდგენებს ეკონომიკურ ცხოვრებაში საკუთარი და სახელმწიფოს როლის შესახებ.